საქართველოში კოვიდის 968 ახალი შემთხვევაა, 16 ადამიანი გარდაიცვალა

16 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 742 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 16  ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარაში – 71, იმერეთში – 95, ქვემო ქართლში – 58, შიდა ქართლში – 28, გურიაში – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 75, კახეთში – 49, მცხეთა-მთიანეთში –  21, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

15 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.90%.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 17 086 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმეა 912 ადამიანის მდგომარეობა.

668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 12 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 71 ახალი შემთხვევა | 16 მაისი

16 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 465 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 6  ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 258 ადამიანი იმყოფება.

16 მაისის მონაცემებით, აჭარაში 3354 ადამიანია აცრილი კოვიდზე – „ფაიზერით, 2245 – „ასტრაზენეკათი“, ხოლოდ 2511 – „სინოფარმით“.

აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

აჭარის მთავრობამ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ორი წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.  უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ კომისიის თავმჯდომარეს პარმენ ჯალაღონიას და მდივანს სოფიო კახაძეს. ორივე მათგანს შეუძლია ისევ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა, რადგან კანონმდებლობით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ორი ვადით მუშაობა შესაძლებელია.

პარმენ ჯალაღონია და სოფიო კახაძე უმაღეს საარჩევნო კომისიაში 2016 წელს შევიდნენ, კანონმდებლობით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადა მათ ივნისში ეწურებათ.

ვადის გასვლის შემდეგ კომისიის წევრი ტოვებს კომისიას ან ხელახლა მონაწილეობს კონკურში კომისაში მეორე ვადით შესვლის მიზნით.

კონკურსის გამოცხადების თაობაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბრძანება 13 მაისს გამოსცა, [#739 ] ხოლო კონკურსი 14 მაისს გამოაცხადეს.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

კონკურსის პირობების მიხედვით დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს საკონკურსო განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

კანდიდატის სახელი და გვარი, განათლება; სამეცნიერო ხარისხი [თუ აქვს]; მისამართი [საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შესაბამისად]; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი.

განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და ასევე, მას უნდა დაერთოს:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი.
  • უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი.
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.
  • კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია (cv).
  • არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
  • ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.

საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 28 მაისის ჩათვლით აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სამდივნოში [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული შენობა, მის: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9].

მთავრობის ინფორმაციით:

„თუ 29 მაისამდე ვადაში არ მოხდება თითოეული ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გაგრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება თითოეული ვაკანსიაზე 2 კანდიდატის წარდგენა.“

 

შოკში ვიყავი, როცა 50 ოჯახი დავკარგე – ახალგაზრდა მეფუტკრე ქედიდან [ვიდეო]

სოფელი გარეტყე მაღალ მთებზეა შეფენილი. მაისის ამ დროს ტყეში აკაციისა და შქერის სურნელი ტრიალებს. მეფუტკრეები მალე მაისის თაფლს მოიწევენ, რომელიც სწორედ ამ ყვავილების ნექტარით ამზადებს ფუტკარი.

სკას დასტრიალებს ახალგაზრდა მეფუტკრე გიორგი ლამპარაძეც, რომელიც ქედაში, სოფელ გარეტყეში ცხოვრობს. 15 წლის იყო, როცა მეფუტკრეობით დაინტერესდა და გადაწყვიტა, რომ მათზე იზრუნა. თუმცა გასულ წელს არ გაუმართლა და წლების ნაშენები ოჯახები დაეღუპა.

გიორგი ლამპარაძე, მეფუტკრე ქედიდან

„შოკში ვიყავი, რადგან 50-60 ოჯახი დავკარგე. ძალიან განვიცადე, დიდი სტრესი იყო ეს ჩემთვის“, – გვეუბნება გიორგი. ფუტკრების ოჯახის დაღუპვით გიორგიმ დაახლოებით 40 ათასი ლარი იზარალა, რადგან ერთ ტონაზე მეტ მოსავალს ელოდა. თუმცა იმედგაცრუებას სძლია და ბიზნესის თავიდან დაწყებაზე დაიწყო ფიქრი.

„როცა საქმე გიყვარს, ადვილად ვერ ელევი“, – გვეუბნება ის. ფინანსურ ზარალს კორონავირუსის პანდემია დაემატა, მეფუტკრემ ოჯახების შეძენაში დახმარება მთავრობას სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ბოლოს მაინც მოახერხა 16 ოჯახის შეძენა.

ოქტომბერში გიორგის ფუტკრის 60-მდე ოჯახი დაეღუპა, თუმცა ოჯახები თავიდან შეიძინა

„საქმე ისე მიდის, გულს რომ გაუხარდება, მუშაობენ და ვნახოთ რას მოგვიტანს. ძლიერი ოჯახები მყავს და კარგი ღალიანობის დროს 200-300 კილომდე შეიძლება ავიღო“, – გვეუბნება მოზუზუნე სკებთან მოფუსფუსე მეფუტკრე. ოჯახი იზრდება და ეს ახარებს. თვის ბოლოს მაისის თაფლსაც ელის, ბევრს არა, მაგრამ ეს მისი ბიზნესის ახალი სიცოცხლეა.

ვარვა – ფუტკრის ყველაზე საშიში მტერი

ფუტკარს ყველაზე მეტად სწორედ ეს მწერი ებრძვის. მეფუტკრეები მას ფუტკრის ტკიპას ეძახიან. ვარვა ფუტკარს ყვავილზე მუშაობის დროს აეკიდება ხოლმე, ასე აღწევს სკაში და მრავლდება.

გარეტყეში 15-მდე ოჯახი ცხოვრობს და უმრავლესობას ჰყავს ფუტკარი, თუმცა გასული წლის ოქტომბერში გიორგის მსგავსად მათაც იზარალეს. „სადღაც 400-მდე ოჯახი მარტო ამ სოფელში დაეღუპათ. ისე კი, ქვეყნის მასშტაბით, ასი ათასი ოჯახია დაღუპული“, – ამბობს გიორგი.

„ახალი კარგად მუშაობს, მაისის ბოლოს შესაძლოა 1 სკიდან 3-4 კილო თაფლი ავიღო“, – ამბობს მეფუტკრე

ამბობს, რომ ვარვას შესაწამლად სტანდარტით დაშვებულ პრეპარატს იყენებს, თუმცა ზოგჯერ მაინც არ აქვს შედეგი. „მე მჟაუნას მჟავას რომე ეძახიან ის პრეპარატი გამოვიყენე. ამის გამოყენების დროს, სკაში ბარტყები არ უნდა იყონ. ამ მდგომარეობამდე ვეღარ მივიყვანე სკა“, – გვეუბნება ის. მისი აზრით, ვარვასთან ბრძოლაში მეფუტკრეებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფრო მეტად უნდა დაეხმაროს, რადგან ახლა ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ვარვაა.

ფუტკრის ოჯახი, გიორგის საფუტკრე მეურნეობიდან

„ფუტკარს ფუტკარივით მშრომელი პატრონი სჭირდება, რომ ამრავლოსო“, – ამბობს გიორგი. მისი თქმით, სკა – ერთი პატარა სახელმწიფოა, რომელზეც უნდა იზრუნო, რომ არ გაუჭირდეს, ზამთარში საკვები არ მოაკლდეს, არ შესცივდეს. არც ძლიერი სიცხე ჰყვარებია ფუტკარს, რადგან თუ სიცხეში სკა საკმარისად არ განიავდა, შესაძლოა დაიღუპოს.

პანდემიამ თაფლის რეალიზაციას პრობლემები შექმნა

ფუტკრების ახალ ოჯახებს გიორგი იმედით უყურებს. გეგმაში აქვს, რომ 3-4 ტონამდე თაფლი აწარმოოს, რადგან მისი თაფლით გასულ წელს არაბებიც დაინტერესდნენ. „სინჯი გავაგზავნე საუდის არაბეთში და მოეწონათ. ჩემი საფუტკრის მოსანახულებლად აპირებენ ჩამოსვლას, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი, ველოდებით საზღვრების გახსნას.

ძირითადად, თაფლი თურქეთის ბაზარზე გამაქვს, რა თქმა უნდა, ნაცნობების დახმარებით. თვითონ თურქებს მიაქვთ ხოლმე. მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბაზარიც ჩვენთვის, უფრო მეტი სტიმული იქნება“, – გვეუბნება მეფუტკრე.

გიორგი ფუტკარაძე ახალშეძენილ სკებთან

დაახლოებით ორ კვირაში აკაცია ყვავილობას დაასრულებს და ფუტკარი წაბლის ყვავილზე მუშაობას დაიწყებს. „წაბლის თაფლი ყველაზე მეტად თურქებს მოსწონთ, არაბებს კი ორივე მოეწონათ, – წაბლისაც და მაისისაც. ჩემი აზრით, სასარგებლო თვისებები მაისის თაფლს უფრო აქვს, რადგან ძალიან ბევრი ყვავილებისგან მზადდება“, – ამბობს გიორგი.

მეფუტკრე თაფლთან ერთად მომხმარებლებს ფუტკრის რძესაც სთავაზობს.

„კაცები ზრუნავენ“ კამპანიის ფარგლებში „მამების სკოლა“ იხსნება

პირველად საქართველოში „მამების სკოლა“ იხსნება. სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. „მამების სკოლა“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით გაიხსნება, კამპანიის ფარგლებში – „კაცები ზრუნავენ“.

“მამების სკოლის” პროგრამა  დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ და ასევე იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა.

სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებული მამები მონაწილეობას ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეძლებენ.

„მამების სკოლა“ რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

● როგორ შევარჩიოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
● როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების
დროს;
● როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;
● როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
● როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
● როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
● რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

„მამების სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართული. სკოლაში ჩართულ მამებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან პედიატრებს, გინეკოლოგებს, ბავშვთა ფსიქოლოგებს და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს, რათა ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი მამა იყოს აქტიურად ჩართული შვილების აღზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კაცები თანაბრად ინაწილებდნენ ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმის პასუხისმგებლობას, რადგან ჰარმონიული საზოგადოების შექმნის საფუძველი სწორედ ასეთი ცვლილებებია. ცვლილებები, რომელიც ადამიანებს საზიანო სოციალური ნორმებისგან და სტერეოტიპებისგან ათავისუფლებს“, – ამბობს ლელა ბაქრაძე, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

„მამების სკოლის“ ერთ-ერთი პირველი პარტნიორი თბილისში „გაგუას კლინიკა“ იქნება.

„ჩვენმა გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად პოზიტიურ გავლენას ახდენს მამების ჩართულობა ანტენატალურ მეთვალყურეობასა და მშობიარობის პროცესში და როგორ აისახება გართულებების სიხშირეზე. გაგუას კლინიკა გახდა პარტნიორი აღნიშნული პროექტის, რომელიც გაზრდის მამების ჩართულობას, ხელს შეუწყობს სოციალურ ცვლილებას და გაუადვილებს ოჯახებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გავლას“, – აცხადებს დავით გაგუა, კლინიკის გენერალური დირექტორი.

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული – ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.

„მამების სკოლა“ დაფუძნდა პროგრამის ფარგლებში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად”, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.

„ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ – წიგნი სულხან სალაძის კოლექციის მიხედვით

გამოიცა „ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ – თბილისის შესახებ ევროპული გრავიურების პირველი ალბომი, რომელიც აერთიანებს ჩანახატებს 1673 წლიდან XIX საუკუნის ბოლომდე. ალბომში სულხან სალაძის კოლექციაში დაცული ასამდე გრავიურაა თავმოყრილი.

ალბომში შეტანილი გრავიურები ძველი თბილისის ხედების გარდა ქალაქს, მის მცხოვრებთა ყოფას და ეთნიკურ მრავალფეროვნებასაც ასახავს. მათი დიდი ნაწილი უნიკალურია და საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ბევრი მათგანი ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა, თუმცა ავტორის თქმით, მას არ აქვს პრეტენზია, რომ ეს ალბომი სრულად მოიცავს თბილისზე არსებულ გრავიურებს: „არის სხვა გრავიურებიც“.

ალბომი ორენოვანია [ქართულ-ინგლისური] და ის საინტერესო წყარო იქნება ყველასთვის, ვისაც ძველი თბილისის ისტორია აინტერესებს.

გრავიურებს შორისაა ჟან შარდენის მოგზაურობის ფერადი ჩანახატი თბილისზე:

„ალბომი იწყება თბილისის ყველაზე ძველი გრავიურით, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული. 1673 წელს შესრულებული თბილისის ჩანახატი საქართველოში ერთადერთია, ეს არის  ჟან შარდენის მოგზაურობის ფერადი ჩანახატი. რა თქმა უნდა, ის დაბეჭდვის შემდეგაა გაფერადებული და გამოცემულია 1686 წელს ლონდონში მოზეს პიტის მიერ“.

გრავიურები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სულხან სალაძემ სხვადასხვა აუქციონებსა და უშუალოდ გამყიდველებთან მოლაპარაკების გზით შეიძინა:

„ძალიან საინტერესოა მეცხრამეტე საუკუნის გრავიურები 20-30-იანი წლების ჩათვლით, როცა თბილისი ჯერ კიდევ ისაა, რაც ერეკლეს დროინდელ ქალაქს უკავშირდება. გრავიურებს თან ერთვის მათი აღწერა – ვის მიერ არის შესრულებული ჩანახატები, რომელ წელს და ვის მიერ არის დაბეჭდილი და ასე შემდეგ. ბევრი ინფორმაცია არც არის დაცული, თუმცა კვლევების შედეგად მათი სისტემატიზაცია მაინც მოხერხდა“.

კოლექციონერის თქმით, ალბომი მოიცავს გრავიურებს ქალაქის ხედებით და ასევე გრავიურებს, რომელიც ასახავს იმდროინდელი თბილის ყოველდღიურ ცხოვრებას.

„მნიშვნელოვანი გარდატეხა, რამაც დიდწილად შეუწყო ხელი თბილისზე გრავიურების რაოდენობის ზრდას, ზოგადად, მსოფლიოში და თბილისთან დაკავშირებით, ეს იყო მეცხრამეტე საუკუნის 40-იანი წლები. ამ დროს ევროპაში ჩნდება ილუსტრირებული პრესა. ილუსტრირებულ პრესაში ძალიან მალე – 40-იანი წლების ბოლოს თბილისის პირველი გრავიურები დაიბეჭდა. ამის შემდეგ შეუქცევადად მიდის პროცესი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მეცხრამეტე საუკუნის 60-70 -იან წლებში სრულდება – ამის შემდგომ უკვე ფოტოგრაფია იკიდებს ფეხს“, – გვიყვება სულხან სალაძე.

თბილისთან დაკავშირებული გრავიურების მოძიებისას სულხან სალაძე პოულობდა გრავიურებს საქართველოს სხვა ქალაქების შესახებაც, მის კოლექციაში ინახება გრავიურები ბათუმის და ქობულეთის შესახებ:

„მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლებზე მუშაობის დროს შევხვდი საოცარ გრავიურებს ქობულეთზე და ჩემს კოლექციაში არის ასევე გრავიურები ბათუმზე.“

ალბომის ავტორი ამბობს ასევე, რომ გრავიურებზე მუშაობისას მას არ გამოუყენებია რუსული წყაროები, რაც მეტ-ნაკლებად საზოგადოებისთვის ცნობილია:

„მე მსურს საზოგადოებას ვაჩვენო, რომ რუსეთს იქით, სადაც ნამდვილი ევროპა იყო, იქაც ბევრი რამ იცოდნენ საქართველოზე.“

სულხან სალაძე სამომავლოდ ჯერ საქართველოს გრავიურების, შემდეგ კი კავკასიის ქვეყნების გრავიურების გამოცემას გეგმავს. ის გეგმავს ასევე გრავიურების გამოფენას – დაინტერესებულ ადამიანებს ორიგინალების ნახვის საშუალება რომ მისცეს.

„ძველი თბილისის ევროპული გრავიურები“ გამოცემლობა „არტანუჯმა“ დაბეჭდა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა აჭარაში – 15 მაისის მონაცემები

15 მაისის მონაცმებით დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების  92 -ახალი შემთხვევა  გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა – 87 პაციენტი, ჯამში დღემდე გამოჯანმრთელებულდა – 39 611 პაციენტი.

15 მაისის მდგომარეობით კლინიკა დატოვა -35-მა პაციენტმა. კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვიაზე] – 5 პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს – 456 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -277 ონლაინ კლინიკაში – 619. გარდაიცვალა 1 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით დღეს, 15 მაისს კორონავირუსის 1576 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 584 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 % . topcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 44 278 ტესტი.

საქართველოში კორონავირუსის 1576 შემთხვევა დაფიქსირდა – 15 მაისის მონაცემები

დღეს, 15 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1576 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 584 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 % . topcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 44 278 ტესტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 739 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 329 407-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 426 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა, აჭარა – 92, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 51, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 77, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 367, აჭარაში – 469, იმერეთში – 528. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 92, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 4, იმერეთში – 13. 729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 365 – თბილისში, 332- აჭარაში. 12 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 58, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 6 ოქტომბრიდან – 14 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 657 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 711 პირი, აჭარაში – 1 732, იმერეთში – 1 401.

„მეამა ქოლექთის“ ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია

მალე დაიჯერებ, რომ სიყვარული ერთი ყლუპით ნამდვილად არსებობს – “მეამა” ყავის მოყვარულებისთვის ბათუმში განსხვავებული კონცეფციის ორ ე.წ. Takeaway ობიექტს – “მეამა ქოლექთს” ხსნის. აქ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ “მეამას” ყავისა და ჩაის არომატული კოქტეილები, ასევე კაფსულის ყავის 17  უნიკალური გემო.

მეამა ქოლექთის გამორჩეული ვიზუალური კონცეფცია არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის და იქ კაფსულის ყავისა თუ ყავის კოქტეილების მოყვარულებს შესანიშნავ გემოებთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურებასაც სთავაზობს.

“მეამა ქოლექთში” მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს ისეთი სასმელები, როგორიცაა: მარწყვის ლატე, ცივი ყავა კარამელით, ციტრუსის, შოკოლადისა და ბანანის სინთეზი ყავასთან, კენკრის ცივი ჩაის  კოქტეილი და ჩიზქეიქის კაპუჩინო.

მომხმარებელი, ინოვაციური ციფრული მენიუს საშუალებით ეცნობა სასმელების არჩევანს, მათ ინგრედიენტებსა და საბოლოო ვიზუალს. “მეამა ქოლექთში” ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია თავისი ფავორიტი ყავის, ჩაისა თუ კოქტეილის აღმოჩენა.

ობიექტები მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ორ მისამართზე – 6 მაისის პარკთან და კინოთეატრ აპოლოსთან გაიხსნა. უახლოეს მომავალში ამ ობიექტებს ბათუმში კიდევ ორი ახალი მეამა ქოლექთი და ასევე, მეამას ბრენდული სივრცე შეემატება.

გამოცადე სიყვარული ერთი ყლუპით, უკვე ბათუმშიც.

ოქსფორდის პროფესორი ფიჭვნარზე, სადაც სასტუმროს აშენებენ: კავკასიაში ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია

მაიკლ ვიკერსი ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორია. მან ქობულეთის ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციის მოსაწყობად 100 000 აშშ დოლარი დაფინანსება მოიპოვა და ნაქალაქარზე მუშაობის შესაძლებლობა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მისცა. ქართულ-ბრიტანული ექსპედიცია 1998 წელს დაიწყო და 13 წელი გაგრძელდა.  მკვლევარი ახლაც საქართველოში იმყოფება, მან „ბათუმელებთან“ ფიჭვნარის ნაქალაქარის მნიშვნელობაზე და მისი სრულად შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთავრობამ გაასხვისა, შპს „Green Resort“ აქ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

  • ატონო მაიკლ, ვიცით, რომ თქვენ პირადად იკვლევდით ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიას, როდის და როგორ მიიპყრო ამ ადგილმა თქვენი ყურადღება, რატომ გადაწყვიტეთ დაგეწყოთ მისი შესწავლა?

ეს ადგილი სამოცდაათიანი წლებიდან იყო არქეოლოგების დაკვირვების ქვეშ. 1988 – 89  წლებშიც აქ  აწარმოებდნენ გათხრებს, შეიძლება უფრო ადრეც. 90 – იან წლებში გართულებული სიტუაციების გამო აქ პრობლემები შეექმნათ არქეოლოგებს, მუშაობა გახდა შეუძლებელი. ამ დროს ასლან აბაშიძისთვის პრიორიტეტული იყო გონიოს არქეოლოგიური ზონა და ამირან კახიძისთვის [არქეოლოგი] იყო ძალიან გულდასაწყვეტი, რომ ფიჭვნარი იყო მივიწყებული და მიტოვებული.

როდესაც ჩამოვედი და შევხვდი ამირანს, მან გამიზიარა თავისი წუხილი და მთხოვა დახმარება. თავიდან ვიფიქრე, რომ ძალიან რთული იქნებოდა თანხის მოძიება. მაშინ ამ ტერიტორიაზე არც სინათლე იყო, არც წყალი, რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ამ იდეას დაეთანხმა „ოქსფორდი“ და საკმაოდ იოლად მოვიპოვეთ ფული ექსპედიციის ხარჯებისთვის. ბევრი სტუდენტი იყო „ოქსფორდიდან“, დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც აქ სამუშაოდ სიამოვნებით ჩამოდიოდნენ.

13 წლის განმავლობაში ქართული მხარე და უცხოელი სტუდენტები აქ ერთად თანამშრომლობდნენ,  იყო ძალიან სასიამოვნო ურთიერთობები, თითქოს ერთგვარად ასახავდა კიდევაც იმ  ანტიკურ პერიოდს, როდესაც კოლხები და ძველი ბერძნები თანაცხოვრობდნენ. დაახლოებით 100 ათასი დოლარამდეა აქ დახარჯული, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ადგილობრივ ეკონომიკასაც.

ჩვენ აქ გვაქვს ორი სამაროვანი, ერთი არის ბერძნული, ანუ ის ხალხი, ვინც აქ ჩამოდიოდა და აქ არც ისე შორს იყვნენ დამარხული კოლხებისგან. როგორც ჩანს, ბერძნები ძალიან კარგად იყვნენ მიღებული ამ  არემარეში. მათ შორის დაკრძალვის წესებში არის ისეთი განსხვავებები, რაც გვაძლევს საშუალებას ზუსტად ვთქვათ, რომელი იყო კოლხური სამაროვანი და რომელი ბერძნული. ასე იყო ჩვენს ექსპედიციაშიც, უცხოელი სტუდენტები და სხვა სპეციალისტები ძალიან კეთილმოსურნედ მიიღეს ადგილობრივებმა და გვქონდა ძალიან სასიამოვნო თანამშრომლობა.

13 წლის მუშაობის შედეგია ის პუბლიკაციები, რომლებიც შესრულდა ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად, ეს არის ის შვიდი ტომი, რამაც დიდი პოპულარიზაცია გაუწია ფიჭვნარს, ისინი აღმოჩნდა უცხოურ უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში, ასევე ბათუმის მუზეუმში ძალიან დიდი რაოდენობით მასალა წავიღეთ და შევავსეთ ის არაჩვეულებრივი კოლექცია, რომელიც დღეს ინახება ბათუმის მუზეუმში.

  • გვითხარით სამაროვანის მნიშვნელობაზე, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ასევე საერთაშორისო დონეზე.

თავისთავად ის, რომ ფიჭვნარი მნიშვნელოვანია ეს არის ის, რომ აქ ჩანს ყველაზე უფრო კარგად ბერძნულ – კოლხური ურთიერთობები. კოლხეთი ეს უძველესი ცივილიზაცია იყო, მას ჰქონდა თავისი სამეფო, თავისი კულტურა, ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი ამისი არის ვანის არქეოლოგია, რომელიც შეიძლება უფრო ფუფუნების საგნებში აისახა, მაგრამ ფიჭვნარში გვაქვს საშუალება დავაკვირდეთ ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვეულებრივ აღებ-მიცემობაში ჩართული ხალხის ურთიერთობას და ეს არ უნდა დაიკარგოს. ფიჭვნარის მნიშვნელობა არის ის, რომ შევუნარჩუნოთ ჩვენს მომავალ თაობას, მათ საშუალება მივცეთ, კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა ამის შესახებ, რომ უფრო დახვეწილი სამეცნიერო თუ ტექნიკური საშუალებებით ამოიღონ ინფორმაცია აქედან. ამხელა ტერიტორია თუ მოექცა დეველოპერების ხელში და ეს დაიკარგა, ეს იქნება ძალიან გულდასაწყვეტი და საქართველოს ისტორიისათვის დიდი დანაკლისი, თუ ეს არ შევინარჩუნეთ.

  • რა შეიძლება გაკეთდეს მის გადასარჩენად, როცა ტერიტორიის დიდი ნაწილი გასხვისებულია და მას ძეგლის სტატუსიც მოუხსნეს, ვინ რა უნდა გააკეთოს მის გადასარჩენად?

არის რამდენიმე გზა, აქედან ორს გამოვყოფდი. პირველი არის ის, რომ დეველოპერებს აქვთ პასუხისმგებლობა, გადაიხადონ იმის თანხა, რომ ასეთ მნიშვნელოვან  ადგილებში არქეოლოგიური გათხრები დააფინანსონ, სანამ დაიწყება სერიოზული მშენებლობები. ეს არის უფრო რეალისტური გზა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს შეთანხმებას. მეორე არის ის, რომ მოვიძიოთ ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ჩადებენ ფულს იმაში, რომ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდეს, მაგრამ ახლა შეიძლება უფრო გართულდეს ახალი პარტნიორის მოძებნა. ამ შემთხვევაში უფრო საკანონმდებლო ხაზს უნდა გაყვეთ, ნაქალაქარის საზღვრები უნდა დადგინდეს,  ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც ვხედავთ არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელების პერსპექტივას, ისინი უეჭველად უნდა იყოს დაცული.

ეს მართლა უძვირფასესი ადგილია, ასეთი მთელს კავკასიაში არ არის და არც სხვაგან არ არის. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ ვხედავთ როგორ მოდიოდნენ ბერძნები, ვაჭრობდნენ, ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ აქ. ეს სრულიად უნიკალური ადგილია. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ გავაკეთოთ ისტორიული მუზეუმი, სადაც შესაძლებელია გამოიფინოს მასალები. დეველოპერებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის საშუალება, მაგრამ იმ ფარგლებში, რასაც დაუწესებს კანონი, მეცნიერებს კი უნდა მიეცეთ კვლევების ჩატარების საშუალება..

ფიჭვნარის ბერძნული ნეკროპოლისი. ძვ.წ V საუკუნე. წითელფიგურული ზარისებრი კრატერი ზევსისა და ფრთოსანი ირისის გამოსახულებით. [ ფოტო: ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი]

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები

CIU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა განახლებული მეთოდების შესახებ

ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ ტურისტული ინტერესი შეუქცევადად იმატებდა. საქართველო ტურისტულ რუკებზე საოცნებო მიმართულებად უფროდაუფრო ხშირად სახელდებოდა მსოფლიოში უამრავი ადამიანის მიერ.

2019 წელს პანდემიამდე საქართველოში 9 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ქვეყნის სერვისის ექსპორტის შემოსავლიდან დაახლოებით 71% ტურიზმზე მოდის. მშპ-ში წილმა კი 8.1%-ს მიაღწია.

თუმცა 2020 წელმა ყველაფერი შეცვალა. გასაკვირი არცაა, რომ პანდემიამ სწორედ ტურისტულ ინდუსტრიას დაარტყა როგორც საქართველოში, ისე – მთელ მსოფლიოში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, გივი ყუფარაძის თქმით, საერთაშორისო ტურიზმი ფაქტობრივად მთლიანად გაჩერდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტურიზმის ბიზნესში ასეთი კრიზისი ჯერ არ ყოფილა.

„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურობების რიცხვმა 74% -ით დაიკლო. მოთხოვნის უპრეცედენტო შემცირებისა და მოგზაურობის ფართო შეზღუდვების გამო ტურისტული დანიშნულების ადგილებმა 2020 წელს 1 მილიარდით ნაკლები ტურისტი მიიღეს, ვიდრე წინა წელს“, აღნიშნავს გივი ყუფარაძე.

მისი თქმით, ასეთი კოლაფსის გამო, ტურიზმის შემოსავლების მოცულობამ 1.3 ტრილიონი აშშ დოლარით დაიკლო. კრიზისმა რისკის ქვეშ დააყენა 100 – 120 მილიონამდე პირდაპირი სამუშაო ადგილი, რომელთა უმეტესობა მცირე და საშუალო საწარმოებში იყო შექმნილი.

„უარესი მდგოამრეობაა საქართველოში“, აღნიშნავს ყუფარაძე. „ჩვენთან კლება კიდევ უფრო დიდი იყო –  81.3%. 2020 წელს  2019 წელთან შედარებით საქართველოში 7,61 მლნ-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა“, ამბობს ის.

გამოწვევები ქართულ ტურიზმში

თუმცა პრობლემებს ქართულ ტურიზმში მხოლოდ პანდემია არ ქმნის. გივი ყუფარაძის თქმით, არის მთელი რიგი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, რომლებიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას აფერხებს. პირველ რიგში, ესაა საერთაშორისო კონკურენტუნარიანი სამკურნალო ტურისტული პროდუქტების სიმცირე; გაუმართავი ჰიგიენური თუ კომუნალური ინფრასტრუქტურა; გაუმართავი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც საინფორმაციო ცენტრებთან ერთად ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ენის არცოდნასაც გულისხმობს; არსებული ტურისტული პროდუქტის დისტრიბუციის ეფექტური არხების სიმცირე და სხვა პრობლემები.

თუმცა მიუხდავად ამ ყველაფრისა, საქართველოს მიმართ ინტერესი მთელ პლანეტაზე იზრდება.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ქართული ტურიზმი სწორად ვითარდება“, ამბობს გივი ყუფარაძე. „2020 წლამდე მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებდა მიწოდებას და სწორედ ამის შედეგია ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში განხორციელებული მილიარდიანი ინვესტიციები, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის წინაშე დავდექით, სადაც მოთხოვნა, ფაქტობრივად, აღარაა“ – აღნიშნავს გივი ყუფარაძე.

საიდან უნდა დაიწყოს სექტორმა გაჯანსაღება

გივი ყუფარაძის აზრით, პირველ რიგში, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად, უნდა მოახერხოს და ქვეყანს ტურიზმისთვის უსაფრთხო, COVID-Free ქვეყნის იმიჯი უნდა შეუქმნას. მასიური ვაქცინაცია, პანდემიის მასშტაბების შემცირება არის პირველი ნაბიჯები, რითაც საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯი აღდგება.

გარდა ამისა, პროფესორის აზრით, მნიშვნელოვანია ტურიზმის იმ სახეების განსაზღვრა, რომლებიც ყველაზე უფრო სწრაფად გამოვლენ სტაგნაციის მდგომარეობიდან.

„ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმს. მიმაჩნია, რომ ტურიზმის ეს სახე ყველაზე უფრო მომზადებულია სწრაფი აღდგენისა და გადატვირთვისთვის“, აღნიშნავს ყუფარაძე.

მართლაც, პატარა ჯგუფები, რომლებიც ძირითადად ბუნებაში გადაადგილდებიან და რომლებიც ძირითადად გაბედული, რისკიანი მოგზაურებით არიან დაკომპლექტებულები, შესაძლოა ტურიზმის ხელახალი გამოღვიძების ერთ-ერთ რეალურ მიმართულებად იქცეს. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო ხელს შეუწყობს სექტორს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით.

რა უნდა გააკეთოს ტურიზმმა სტაგნაციის პერიოდში

იმისათვის, რომ სექტორი გადარჩეს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში ლოკომოტივის როლის შესრულება შეძლოს, საჭიროა არსებული ხარვეზების გამოსწორება და არსებული მიდგომების გადახალისება.

სწორედ ამისათვის აქტიურად მუშაობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU), უნივერსიტეტი, რომელიც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე მუდმივად ნერგავს განახლებულ, თანამედროვე მიდგომებს. CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლალი მიქელაძის თქმით, ტურიზმის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით.

„ლექტორს უხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება მიზნებისა და სასურველი შედეგების მისაღწევად“, აღნიშნავს ლალი მიქელაძე.

ლალი მიქელაძე, რომელიც რომულო დელ ბიანკოს საერთაშორისო ორგანიზაცია-ფონდ „Life Beyond Tourism”-ის ექსპერტია, მუდმივად ეცნობა იტალიელი კოლეგების საუკეთესო გამოცდილებას და CIU-ში მუდმივად ნერგავს სწავლების წარმატებულ მაგალითებსა და მეთოდებს.

„უნივერსიტეტებში აქცენტირებულია ინტეგრირებული სწავლება საკლასო ოთახში და მის გარეთ. ეს ერთ-ერთი ასპექტია, რომელსაც ფლორენციის უნივერსიტეტები ძალიან აფასებენ. დიდი აუდიტორიების ნაცვლად ლექციები გარეთ, ქალაქის ისტორიულ ქუჩებში, ტაძრებსა და მუზეუმებში მიმდინარეობს. აი, ეს არის ის მეთოდი, რომლის დანერგვაც ჩვენ დავიწყეთ ჩვენს პროგრამაში და მომავალში კიდევ უფრო გავზრდით ამ მეთოდის გამოყენების მოცულობას და ხარისხს“, აღნიშნავს მიქელაძე.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, ამ პერიოდში ლექცია-სემინარები ამ პროგრამაზეც სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმებზე ტარდება. თუმცა გააქტიურებულია სასწავლო კურსებთან დაკავშირებული ონლაინ შეხვედრები, დებატები, ბიზნეს-სექტორთან შეხვედრები და მსგავსი აქტივობები.

გარდა საველე მუშაობისა, სტუდენტს უწევს საერთაშორისო ტუროპერატიულ თუ დაჯავშნის სისტემებთან მუშაობა; ღონისძიების ორგანიზება და სხვა პრაქტიკული აქტივობები. რაც შეეხება სტაჟირებასა და სამომავლო დასაქმებას, CIU ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში ახორციელებს სტუდენტთა დასაქმებას საქართველოს HoReCa სექტორის წამყვან კომპანიებში.

ასე რომ, მანამ, სანამ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, მომავალ ტუროპერატორებს და ტურისტულ სექტორში ჩართულ სხვადასხვა მომავალ პროფესიონალებს არაჩვეულებრივი შანსი აქვთ, დახვეწონ და გაიმდიდრონ ცოდნა ამ სფეროში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU), რათა პოსტპანდემიურ პირველ ტურისტულ სეზონს კიდევ უფრო მეტად მომზადებულები შეხვდნენ.

კონკურსი მშენებლებისთვის – მთავრობა დევნილებს ბინებს უყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, გამოცხადებულია კონკურსი მენაშენეებისგან ბინების შესყიდვაზე – იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.

სააგენტოს განცხადებით, საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართობები განთავსებული უნდა იყოს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ოღონდ, ბათუმში ამ კონკურსის ფარგლებში, მხოლოდ 2 ბინას შეიძენენ – სააგენტოს აქვს ვალდებულება, ორ კონკრეტულ დევნილ ოჯახს გადასცეს ბინა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს ვალდებულება სააგენტოს სასამართლომ დააკისრა.

სააგენტოს განცხადებით, 1 კვ.მ-ის მაქსიმალური ფასი ქალაქების მიხედვით უნდა იყოს:

  • ბათუმსა და ქუთაისში – მაქსიმუმ 470 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
  • თბილისში – მაქსიმუმ 550 დოლარის ექვივალენტი ლარში

ექვივალენტი გამოითვლება ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის არსებული კურსით. ბინების შეთავაზებისას ქუთაისსა და თბილისში მდებარე ბინებზე რაიმე შეზღუდვა რაოდენობრივად არ არის.

„კომისია გადაწყვეტილების მიღებისთვის არსებით პირობად მიიჩნევს საკონკურსო წინადადების დაბალ ფასს, უძრავი ქონების მიწოდების ვადას, სამუშაო გამოცდილებას, სააგენტოსთან არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დროულ შესრულებას, მისაწოდებელი უძრავი ქონების მოცულობას და/ან მეწარმის კეთილსინდისიერებას.

„შემოთავაზებული საკონკურსო წინადადება, გარდა ქ. ბათუმში განთავსებული საცხოვრებელი ფართებისა, შესაძლებელია შეიცავდეს ერთოთახიან, ოროთახიან, სამოთახიან და ოთხოთახიან საცხოვრებელ ფართ(ებ)ს, რომელთა კვადრატულობებია: ერთოთახიანი – 30-40 კვ/მ, ოროთახიანი – 50- 60 კვ/მ, სამოთახიანი – 70-80 კვ/მ და ოთხოთახიანი – 90- 100 კვ/მ.

ქ. ბათუმში განთავსებული საკონკურსო წინადადებ(ები)ა უნდა შეიცავდეს მხოლოდ 2 ერთოთახიან საცხოვრებელ ფართობს, რომელთა კვადრატულობაა 30- 40 კვ/მ“, – აღნიშნულია საკონკურსო განაცხადში.

საცხოვრებელი ბინების მიწოდების საორიენტაციო ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეა [„მოწოდების ვადაში მენაშენემ უნდა განახორციელოს, ტექნიკური პირობების შესაბამისად, უძრავი ქონების დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება, და სხვა პროცედურები, შესაბამისი უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით.“]

საკონკურსო წინადადებები კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში“ ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში დალუქული კონვერტით უნდა წარადგინონ.

საკონკურსო წინადადების მიღება მთავრდება 2021 წლის 13 ივლისს.

17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე

შსს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების გასამართი ადგილი უცვლელი დარჩა.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“-აცხადებს შსს.

შსს წერს, რომ სამინისტრო დაიცავს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და კანონით გარანტირებულ სხვა უფლებებს.

რატომ არ მიულოცა მთავრობამ მუსლიმებს ბაირამის დღესასწაული

გუშინ, 13 მაისს მუსლიმები მარხვის დასრულების დღესასწაულს, რამადან ბაირამს აღნიშნავდნენ. განსხვავებით მართლმადიდებლური დღესასწაულებისგან, მუსლიმებს ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაული არ მიულოცა არც საქართველოს პრეზიდენტმა და არც პარლამენტის თავმჯდომარემ. მათ ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაცია მილოცვის შესახებ არ იძებნება.

მუსლიმ მოსახლეობას რამადან-ბაირამი მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და, ასევე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერებმა.

რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარა მუსლიმი სასულიერო ლიდერები, კაბინეტში შეხვდა და ისე მიულოცა მათ დღესასწაული. სასულიერო ლიდერებთან შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეც.

„კომიკური სცენა იყო,“ – ასე აფასებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)-ის გამგეობის წევრი მარიამ ღავთაძე პრემიერის შეხვედრას სასულიერო ლიდერებთან.

„როგორ შეიძლება დღესასწაული, რომელსაც ეს ადამიანები აღნიშნავენ სამლოცველოში, შენ აი, ამ ფორმით მიულოცო მათ და ასე აღნიშნო. ესეც ალბათ რაღაც პოლიტიკური პოპულიზმის ნაწილია, რომ უმცირესობების სამლოცველოში არ მისვლით უმრავლესობა არ გააღიზიანონ და ა.შ.

ის, რომ მრგვალი, ოფიციალური მაგიდის გარშემო, ფეხზე მდგომები აღნიშნავენ რელიგიურ დღესასწაულს ადამიანები, ალბათ პირდაპირი განაცხადია, რა მნიშვნელობას ანიჭებს ამ მოქალაქეებს ან რელიგიურ მრავალფეროვნებას მთავრობა.

ასევე, ისიც საკითხავია, ის შემადგენლობა რაც ესწრებოდა და მიწვეული იყო პრემიერთან შეხვედრაზე, რამდენად ასახავდა  სრულიად საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას. მე ვთვლი, რომ ასეთი ფორმით მილოცვას, სჯობს საერთოდ არ იყოს მილოცვა. ვფიქრობ, ეს უფრო მასხრად აგდების ფორმაა,“ – ამბობს მარიამ ღავთაძე.

მისივე თქმით, მაშინ როცა „ხელისუფლება მუსლიმებს აიძულებს ღია ცის ქვეშ, მიწაზე ილოცონ, სრულიად დისკრიმინაციულად მეჩეთს არ აშენებინებს, რომელიც იმ თავდასხმას, რომელიც ხდება ამ ადამიანებზე, არ იძიებს და მეორეს მხრივ ფორმალურად, მთავრობაში, გაპრიალებული მაგიდის გარშემო აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულს, აბსოლუტურად პარალელური სამყაროა, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს“.

ღარიბაშვილის შეხვედრა მუსლიმ ლიდერებთან

პრობლემურს უწოდებს პრემიერთან გამართულ შეხვედრას პლატფორმა „სალამის“ წევრი ქამრან მამადლი.

„თავისთან მიიპატიჟა და არასადღესასწაულო განწყობა შეიქმნა. ასე ვთქვათ „კაბინეტში დაიპატიჟა“ სასულიერო ლიდერები, იქ მიულოცა და არ მიულოცა მოსახლეობას. სამწუხაროა, რომ არცერთმა უწყებამ არ აღნიშნა ეს დღესასწაული,“ – ამბობს ქამრან მამადლი.

პლატფორმა „სალამის“ წევრი „ბათუმელებთან“ საუბარში აქცენტს აკეთებს იმ მუნიციპალიტეტების ქცევაზე, სადაც ეთნიკური  უმცირესობები ცხოვრობენ და ამბობს, რომ ამ ქალაქების ოფიციალურმა ორგანოებმაც კი არ ჩათვალეს საჭიროდ მილოცვა. სწორედ ამიტომ, 13 მაისის საღამოს სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს ონლაინ საპროტესტო აქცია – სამადლობელი მილოცვა იმ ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი, რომლებმაც მოსახლეობას რამადანის დღესასწაული არ მიულოცეს.

„გილოცავთ რამადანს და მადლობას გიხდით მოქალაქეებისათვის ყურადღების თანაბარი „გადანაწილებისათვის“ –  წერია საპროტესტო/მისალოც გზავნილებში მუნიციპალიტეტების მიმართ.

ახმეტა, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, ქობულეთი, წალკა – ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც მცხოვრებმა აქტივისტებმა გააპროტესტეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა დამოკიდებულება მუსლიმი მოსახლეობისადმი.

ქამრან მამადლი ამბობს, რომ არსებითად პრობლემურია სახელმწიფოს და ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ.

„ეს მოვლენა, რაც მოხდა, აქტივისტების პოზიტიური პროტესტი – მილოცვა მუნიციპალიტეტების მიმართ, იყო იმის შედეგი, რომ მუნიციპალიტეტებმა არ მიულოცეს მუსლიმ თემს რამადან-ბაირამი.

საინტერესოა ის, რომ ზუსტად რამოდენიმე დღის წინ რელიგიური დღესასწაულები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა მიულოცა მოსახლეობას სოციალურ ქსელებში, რაც არსებითად გვაფიქრებინებს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ხშირად ორიენტირებული არიან არა ადგილზე მცხოვრები ადამიანების საჭიროებებზე, არამედ ვიწრო ეთნიკური ხედვებიდან ამოდიან ხოლმე საკუთარი სამუშაოს განხორციელების დროს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება თვითმმართველობის იდეას, რადგან თვითმმართველობა გულისხმობს ადგილზე მცხოვრები ადამიანების საჭიროების გათვალისწინებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქამრან მამადლიმ.

მისივე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მიმართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობებისაკენ.

„მესმის, რომ რაღაცნაირად მივეჩვიეთ იმას, რომ ცენტრში უმცირესობების საჭიროებები არ არის გათვალისწინებული. თუმცა ცენტრალურ დონეზე ხელოვნური ფორმატები მაინც არსებობს, როგორც აი, მაგალითად, პრემიერის თავის კაბინეტში მილოცვა იყო სასულიერო ლიდერების მიმართ. ეს რაღაც მომენტში კვაზი მილოცვის სახეს ატარებს. თუმცა ადგილზე ეს ყველაფერი არ ხდება და სამწუხაროა, რომ თვითონ თვითმმართველობების სამუშაო პროცესი არაინკლუზიურია.

ყველაზე მთავარი რაც ამ პროცესებმა დაგვანახა, არის ის, რომ  არა მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტს აქვს ეს პრობლემა, არამედ – სხვა მუნიციპალიტეტებსაც. საინტერესოა ის, რომ ამ აქციის შემდეგ დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიულოცა გარდაბნის მუნიციპალიტეტს რამადან-ბაირამი,“ – ამბობს პლატფორმა „სალამის“ წევრი.

  • რას ამბობენ მუნიციპალიტეტებში

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამდენიმე მუნიციპალიტეტს, სადაც მცხოვრებმა მუსლიმებმა პროტესტი გამოთქვეს მისალოცი ტექსტების არ გამოქვეყნების გამო.

მარიამ სოლოღაშვილმა, გარდაბნის მერიის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ რამადანის არ მილოცვა მუსლიმებისათვის ტექნიკური ხარვეზია.

„ჩვენ ყოველთვის ვულოცავთ რამადან ბაირამს.  გარდაბნის მერის გვერდზეც იდო მისალოცი. მუნიციპალიტეტის გვერდს რაც შეეხება, უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი იყო. უბრალოდ ვერ გამოქვეყნდა, რაღაცა პრობლემა ჰქონდა გვერდს“ – უთხრა მარიამ სოლოღაშვილმა „ბათუმელებს“.

„ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს. თუმცა ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ოფიციალურ გვერდზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე დაიდო მილოცვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

წალკის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური რამადან ბაირამის არ მილოცვას ავადმყოფობით ხსნის. პრესსამსახურის თანამშრომელმა ირმა თავართქილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ავად იყო და ამიტომ ვერ შეძლო მილოცვის განთავსება.

„ახალი ვარ ამ სამსახურში. ავად ვიყავი. არ მქონდა ახლოს ტექნიკური საშუალება, რომ მილოცვა გამომექვეყნებინა,“ – ამბობს ირმა თავართქილაძე.

  • ხელისუფლების დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობებისადმი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)-ის გამგეობის წევრი მარიამ ღავთაძე სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური უმცირესობებისადმი დამოკიდებულებას აფასებს, როგორც სისტემურ მიდგომას, რომელიც წლებია არ იცვლება.

„ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პრობლემა. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების პრობლემა, რომელიც ასევე ვრცელდება და გაზიარებული არის ადგილობრივი ხელისუფლების მიერაც.

თვითმმართველობები იმ რეგიონებშიც კი, რომელიც მრავალფეროვანია კულტურულად, ეთნიკურად, რელიგიურად, ვერ პასუხობენ ამ მრავალფეროვნებას.

ეს პირველ რიგში მიუთითებს სახელმწიფოს გულგრილ დამოკიდებულებაზე მოქალაქეების ნაწილის მიმართ.  მოქალაქეების ვერ აღქმაზე, არ დაფასებაზე, რაც ყოველდღიურ პოლიტიკაში ძალიან კარგად ჩანს.

თუნდაც რომ ავიღოთ შარშანდელი და წლევანდელი წელი, დამოკიდებულება სახელმწიფოსი დომინანტური ჯგუფის მიმართ,  მისთვის მინიჭებული პრივილეგიები, მოლაპარაკებები, შეღავათები და მეორე მხრივ – დამოკიდებულება სხვა რელიგიური ჯგუფებისა და კონფესიების მიმართ, ეს იყო დეკლარირებულად დისკრიმინაციული,“ – ამბობს მარიამ ღავთაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფოს დამოკიდებულება კარგად ჩანს მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე, სადაც გამოქვეყნებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

„ქვემო ქართლის, მარნეულის, ბოლნისის მუნიციპალიტეტების ვებგვერდები რომ ნახოთ, არც კი არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია უმცირესობების ენაზე. ესეც მიანიშნებს იმაზე, რამდენად არასრულფასოვან მოქალაქეებად აღიქვამს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს.

ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო და საგანგაშო, როცა სახელმწიფო ერთის მხრივ უგულებელყოფს მოქალაქეების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, და მეორეს მხრივ – არღვევს და ლახავს მათ უფლებებს,“ – ამბობს მარიამ ღავთაძე.

კითხვაზე, თუ რატომ რჩებიან ხშირად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რელიგიური უმცირესობები, მარიამ ღავთაძე ასე პასუხობს:

„ორი მიზეზია – ერთი არის, რომ რომ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის (ასე ფიქრობს ყოველშეთხვევაში) მისთვის მომგებიანი არის მხოლოდ დომინანტური ჯგუფებთან ჰქონდეს მჭიდრო კავშირები, ის ასიამოვნოს, მას მიანიჭოს პრივილეგიები და პარალელურად შეზღუდოს უმცირესობის უფლებები. სწორედ ასე იქცევა სახელმწიფო და თვლის, რომ ეს მისთვის პოლიტიკურად მომგებიანია. პოპულიზმი შეიძლება ვუწოდოთ ამას.

და მეორე – ალბათ არ ცოდნა. ხელისუფლებას არ აქვს არანაირი მგრძნობელობა ამ საკითხისადმი და ვერ აფასებენ იმ კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელიც აქვს საქართველოს ტრადიციულად“.

ელგუჯა ბაგრატიონი 1000 ლარით დააჯარიმეს სასაფლაოზე შესვლის მცდელობისთვის

უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი 1000 ლარით დააჯარიმეს. ის პოლიციელებმა 2 მაისს ადმინისტრაციული წესით მაშინ დააკავეს, როცა საფლავზე შესვლას აპირებდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო. 2 მაისს კი, უმაღლესი საბჭოს წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა სასამართლომ.

„საერთოდ არ იყო მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომ მე რამე წინააღმდეგობას ვუწევდი პოლიციას. მხოლოდ სამი პოლიციელი წარმოადგინეს მოწმედ, მათი ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ,“ – უთხრა ელგუჯა ბაგრატიონმა „ბათუმელებს“.

ელგუჯა ბაგრატიონი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააჯარიმეს.

2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით საფლავზე გასვლა პანდემიის მიზეზით აკრძალული იყო. ელგუჯა ბაგრატიონმა სასაფლაოზე შესვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა იქ კონკრეტული მოქალაქეები არ შეუშვეს, მათ შორის, 12 თებერვალს გარდაცვლილი 25 წლის მეხანძრე-მაშველის – თორნიკე კიპაროიძის ქვრივი. ელგუჯა ბაგრატიონი ჟურნალისტებს ელოდა, რომ კამერების თვალწინ შესულიყო სასაფლაოზე. დეპუტატი ზუსტად ამ დროს დააკავეს.

26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაზე ბრალი მის სიძესაც წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს, მ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქმე ეხება 26 წლის ყაზახეთის მოქალაქის, ასელ აიტპაევას საქმეს, რომელიც 5 მაისს დაიღუპა თბილისში, პოლიციის ვერსიით მან თავი მოიკლა.

პროკურატურის ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით  ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.

მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის  პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ყაზახეთის მოქალაქე მ.მ. ასელ აიტპაევას სიძე იყო. მედიის ცნობით, იგი საქართველოში აღარ იმყოფება.

აქამდე ასელ აიტპაევას საქმეზე გაუპატიურებისა და თვითმკველელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული იყო მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ბესო თ.

8 მაისს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ ქალი ესაუბრება ვინმე ბესოს, რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებს და ფანჯრიდან გადახტომისკენ მოუწოდებს.

„მდუღარე წყალს გადაგასხამ… ვითომ ფანჯრიდან გინდოდა გადახტომა.. რატომ არ გადახტი? მიდი…“ – ისმის რუსულენოვან ჩანაწერში.

თბილისში იმყოფებოდა ასელ აიტპაევას დედა აისუ აიტპაევა, რომელმაც განაცხადა, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. იგი მიიჩნევს, რომ მისი შვილი მოკლეს  და გვამი ფანჯრიდან გადააგდეს.

მეტი ამ თემაზე: 

„განვიხილავთ ტრეფიკინგის ვერსიასაც“ — რა ვიცით ამ დრომდე ასელ აიტპაევას საქმეზე

5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იმ 5 მიზეზის შესახებ გვამცნობს, რის გამოც სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია.

თუკი აბიტურიენტი ხარ, ალბათ საკმარისი დროც კი არ გაქვს იმაზე დასაფიქრებლად, თუ რატომაა სტუდენტობის წლები საუკეთესო ადამიანის ცხოვრებაში. სტუდენტობა ხომ ის გარდამავალი პერიოდია, როდესაც საკმარისად დიდი ხარ იმისთვის, რომ საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობები აიღო და, შესაბამისად, უფრო მეტი თავისუფლებაც დაიმსახურო.

რა განაპირობებს ამ წლების ჯადოსნურობას?
YouTube video player

ნამდვილად საინტერესო სწავლა

შენ მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდი იმისთვის, რომ საოცნებო პროფესიას დაუფლებოდი. ახლა კი, როცა შატალოს ეტაპი უკან მოიტოვე, შეგიძლია, მშვიდად აარჩიო ის საგნები, რაც თვლი, რომ გამოგადგება და მართლა გაინტერესებს. შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე სწავლის პროცესი ყველაზე ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.

უნივერსიტეტი იმის მიხედვით შეარჩიე, თუ რა კურიკულუმი აქვს გათვალისწინებული შენთვის საინტერესო სპეციალობებზე; რის სწავლებას აპირებს და რა ნაწილი უჭირავს სასწავლო გეგმაში თეორიას და პრაქტიკას. როგორც წესი, ამ ტიპის ინფორმაციას სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით მოიპოვებ.

მეგობრები

ბავშვობის მეგობრებს, რომლებთანაც პატარაობის მოგონებები გაერთიანებს, ახლა ის უახლოესი ადამიანებიც ემატებიან, რომლებთან საერთო ინტერესები, სფერო და ჰობი დაგაკავშირებს. ეს კი არანაკლებ მჭიდრო კავშირია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუკი სკოლაში შენი სამეგობრო მეტნაკლებად ერთ უბანში ცხოვრობდით, ახლა თითოეული შენი ჯგუფელი შეიძლება ქვეყნის სხადასხვა კუთხიდან იყოს. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დაუსრულებელ ექსკურსიებს და წვეულებებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ლექტორები

ალბათ პირველი კურსის პირველ სემესტრში ყველას ეშლება და ლექტორს მაინც „მასწ“-ს ეძახის. თუმცა ეს დამოკიდებულება სულ მალე იცვლება. პირველ რიგში, ჩვენი კულტურული თავისებურებების თუ სტერეოტიპების გათვალისწინებით, ლექტორი და სტუდენტი გაცილებით უფრო თანასწორები ხდებიან; დამოკიდებულებები აშკარად შეცვლილია.

გარდა ამისა, ყველა პრესტიჟული უნივერსიტეტი ცდილობს, ისეთი ადამიანები მოიზიდონ ლექტორებად, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლექტორი შენი პოტენციური დამსაქმებელი ან რეკომენდატორია.

თავისუფლების შეგრძნება

სტუდენტობა ის პერიოდია, როდესაც მეამბოხეობა ყველაზე მეტად არის გამართლებული და მეტიც, წახალისებულიც კი. ამ პერიოდში არამხოლოდ საკუთარ კარიერას იწყობ, არამედ ეცნობი თანამოაზრეებს, ნელ-ნელა ხდები სოციალურად აქტიურიც. განსაკუთრებით მეოცნებეებს კი თავი ხშირად წარმოუდგენიათ ბერტოლუჩის „მეოცნებეების“ გმირებად. რაც ცუდი სულაც არ არის.

პირიქით, ზუსტად ამ პერიოდში ყალიბდება ცხოვრებისეული ღირებულებები და ფასეულობები, რაშიც სტუდენტს უნივერსიტეტიც ეხმარება.

სწორად შერჩეული უნივერსიტეტი

დაბოლოს, რისგან შედგება თქვენთვის სტუდენტობა? რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პროცესი, რომ თამამად ვთქვათ – სტუდენტობა 100%-ით? პასუხი მარტივია: მრავალფეროვანი და ბედნიერი სტუდენტობა; საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები; გაცვლითი პროგრამები დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება; დასაქმება სწავლის პარალელურად; გადახდის მოქნილი სისტემა; სტიპენდიები და გრანტები – ამიტომაც აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (115), ისარგებლე უპირატესობით და გამოსცადე შენი 100%-იანი სტუდენტობა!

20 ათასზე მეტი მოქალაქე კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს – პეტიცია

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძეა.

პეტიციის ტექსტში წერია, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული.

„კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  მაღაზიებსა და სხვა მსგავს არეებში) უშუალოდ კომენდანტის საათის დაწყების წინ, ვიდრე ეს იქნებოდა კომენდანტის რეჟიმის არარსებობის პირობებში.

საზოგადოებრივ სივრცეებში დისტანცირების მოთხოვნის მკაცრი დაცვა, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევინციისათვის, კავშირში არ არის კომენდანტის საათთან. პირიქით, საკომენდანტო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მისი ამოქმედების დროის მოახლოებისას, დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

ამავე ტექსტში საუბარია იმაზე, რომ „ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის“.

„უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას ფატალობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ზრდა ფიქსირდება. მით უფრო, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებლების 35%-ს უკვე აქვს გადატანილი ვირუსი, ხოლო მათგან 68%-მა არ იცოდა ამის შესახებ“.

პეტიციის ავტორის აზრით, უნდა გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ უნდა გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია.

„დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, მოვითხოვთ კომენდანტის რეჟიმის გაუქმებას, რაც კი არ გააუარესებს არსებულ ვითარებას, არამედ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ სივრცეებში ადამიანთა კონცენტრაციის შემცირებას და აღარ მოგვევლინება ვირუსის გავრცელების პირდაპირ ხელისშემწყობ ფაქტორად“, – ნათქვამია პეტიციაში.

ამ დროისთვის პეტიციაზე კომენდანტის საათის მოთხოვნით 20 496 ადამიანს აქვს ხელი მოწერილი. პეტიციის ავტორები მინიმუმ 25 ათასი ხმის შეგროვებას აპირებენ.

ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი გასული წლის 28 ნოემბერს გამოცხადდა. საკოორდინაციო საბჭო კი აცხადებს, რომ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, კომენდანტის საათის მოხსნა ამ ეტაპზეც არ განიხილება.

მამიდამ მოვლის სანაცვლოდ ძმისშვილს ბათუმში სახლი მისცა, მაგრამ ის მარტო დატოვეს

„სასამართლო მოვუგე, მაგრამ ძმისშვილი ისევ მირეკავს და მემუქრება: ხომ იცი, რამდენ ვინმეს ვიცნობ, მთავრობის კაცი ვარ, საერთოდ ქუჩაში დაგტოვებო,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ნათელა ბრუნჯაძე. ის 70 წლის მარტოხელა ქალია და პენსიით ირჩენს თავს. ნათელა ბრუნჯაძემ სასამართლო დავა თავის ძმისშვილს – გენადი ჩხაიძეს მოუგო იმის მიუხედავად, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულება ოფიციალურად არ არსებობდა. ეს ხელშეკრულება გულისხმობს შეთანხმებას, როცა ადამიანი უძრავი ან სხვა ქონების მიღების სანაცვლოდ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე უვლის.

ნათელა ბრუნჯაძე შიშობს, რომ საკუთარ სახლს ვეღარ დაიბრუნებს, რადგან ძმისშვილი, ვისთანაც დავა აქვს, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორია, „არჩევნებზე, როგორც სპორტსმენი, ხელისუფლებას ეხმარება“ და „გავლენები აქვს“.

გენადი ჩხაიძე მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ნათელა ბრუნჯაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება მას შემდეგ უჭირს, როცა 2016 წელს ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ დაწყებულა კონფლიქტი მამიდას და ძმისშვილს შორისაც.

„სულ აქტიური ვიყავი, რესტორნებში მზარეულად ვმუშაობდი, მერე ვვაჭრობდი, ერთ დღეს, მოულოდნელად, ფეხები გამიჩერდა, მხოლოდ ქვედა კიდურებს ვამოძრავებდი,“ – გვიყვება ნათელა ბრუნჯაძე. – „მანამდეც არ იჩენდა გენადი ყურადღებას, მაგრამ არ ვიმჩნევდი, ოპერაციის დროს კი, საერთოდ არ მომხედა, თბილისში რომ ჩამოვიდა მანქანით, ის ფულიც მე გადამახდევინეს, ოპერაციაზე და წამლის ფულზე აღარ მაქვს ლაპარაკი… ვუთხარი, რომ ჩემი სახლი უნდა დაებრუნებია ან ფული მოეცა. არ მინდოდა, უპატრონოდ სიკვდილი…“, – ჰყვება ნათელა ბრუნჯაძე.

ნათელა ბრუნჯაძე

ნათელა ბრუნჯაძეს მანამდე კერძო სახლი და მიწის ნაკვეთი [242 კვ.მ.] ჰქონია ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე. 2013 წელს ძმისშვილი მამიდას ხელშეკრულების დადების გარეშე შეუთანხმდა, რომ მოუვლიდა, სანაცვლოდ კი, სახლი გენადი ჩხაიძეს დარჩებოდა.

„რჩენის ხელშეკრულების გაფორმებაც მინდოდა, მაგრამ მაგას 1000 ლარი უნდა და ძმისშვილმა მითხრა, რად გვინდა ამდენი ხარჯი, აგერ ვარო“ – იხსენებს ნათელა ბრუნჯაძე 2013 წლის დეტალებს, როცა საკუთარ ძმისშვილს რეესტრში გაჰყვა უძრავი ქონების გადასაფორმებლად. დოკუმენტების მიხედვით ნათელა ბრუნჯაძის უძრავი ქონება 2013 წელს გადავიდა გენადი ჩხაიძის საკუთრებაში – ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი 1000 ლარია. მამიდას სახლი და მიწის ნაკვეთი კი, ძმისშვილს 45 ათას ამერიკულ დოლარად გაუყიდია და სხვადასხვა ქონება შეუძენია, მათ შორის, პატარა ბინა აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე ნათელა ბრუნჯაძე მარტო ცხოვრობს.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ვიდრე ნათელა ბრუნჯაძე სასამართლოს მიმართავდა ძმისშვილის წინააღმდეგ, გენადი ჩხაიძეს მამიდას გაყიდული სახლისგან ნაყიდი ქონება, მათ შორის, ავტომანქანა ლექსუს GX470 თავისი ცოლის სახელზე გადაუფორმებია. მოსამართლეს გენადი ჩხაიძემ უთხრა, რომ მამიდას სახლი პატიოსნად იყიდა და შემდეგ კეთილსინდისიერად გაყიდა, რჩენის ხელშეკრულება კი, საერთოდ არ არსებობდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ რეალურად უძრავი ქონების დავასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დარღვევასთან.

„სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნათელა ბრუნჯაძეს და გენადი ჩხაიძეს შორის 2013 წლის 18 მარტს დაიდო სამისდღეშიო ხელშეკრულება, რომლითაც მარჩენალმა იკისრა სარჩენის რჩენის ვალდებულება, ხოლო სარჩენი მარჩენალს გადასცემდა საკუთრებაში უძრავ ქონებას, მდებარე ბათუმში, გ. ბრწყინვალეს 152-ბ-ში. მარჩენალი ვალდებული იყო ერჩინა სარჩენი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე გენადი ჩხაიძის მტკიცებას, რომ 2013 წლის 18 მარტს ნათელა ბრუნჯაძესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხეს მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ის არ გადასულა საცხოვრებელ ბინაში. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნათელა ბრუნჯაძე განაგრძობდა აღნიშნულ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას,“ – ვკითხულობთ სასამართლო გადაწყვეტილებაში.

მოსამართლე სალიხ შანიძემ ყურადღება გაამახვილა სახლის ფასზე – რა ფასად იყიდა იგი გენადი ჩხაიძემ და შემდეგ რამდენად გაყიდა:

„ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 1000 ლარით, შემდეგ კი, აღნიშნული სადავო ქონება გასხვისებული იქნა 45 ათას აშშ დოლარად, რაც ასევე მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა“, – წერს მოსამართლე.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ისარგებლა გენადი ჩხაიძესთან პროკურატურაში შედგენილი გასაუბრების ოქმითაც – ვიდრე ნათელა ბრუნჯაძე სამოქალაქო წესით ძმისშვილს სასამართლოში უჩივლებდა, 2018 წელს მას პროკურატურისთვის მიუმართავს. პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიება არ დაუწყია, თუმცა გენადი ჩხაიძეს გამომძიებლებთან გასაუბრების დროს დაუდასტურებია, რომ ბინის სანაცვლოდ მამიდა ბოლომდე უნდა ერჩინა და მან სწორედ ამ პირობით გადაიფორმა სახლი გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე.

„2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მე ვუვლიდი კიდეც, ოპერაციაც გავუკეთე,“ – უთქვამს გამომძიებლისთვის გენადი ჩხაიძეს, თუმცა სხვა მოწმეებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ოპერაციის ფულიც 2016 წელს თავად ნათელა ბრუნჯაძემ გადაიხადა.

„მოპასუხე გენადი ჩხაიძემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მისი ფულადი სახსრებით დაიფარა როგორც ოპერაციის, ასევე სხვა სამკურნალო პროცედურების და მედიკამენტების საფასური…“ – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ასევე მიიჩნია, რომ გენადი ჩხაიძეს და თეა სანიკიძეს [ცოლი] შორის 2018 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებები მოჩვენებით დადებული გარიგებებია და ესეც უნდა გაბათილდეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, გენადი ჩხაიძემ ნათელა ბრუნჯაძეს უნდა გადაუხადოს 45 ათასი დოლარი, ასევე ბაჟი 3 ათასი ლარი და ადვოკატების ხარჯი – 1045 ლარი.

მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც „როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გენადი ჩხაიძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა აპელაცია პირველ ინსტანციას დაეთანხმა. ახლა ჯერი საკასაციო სასამართლოზეა.

დაიწყო თუ არა გამოძიება ან წინასაგამოძიებო მოქმედებები ნათელა ბრუნჯაძის საქმეზე? – ვიკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებიდან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„როგორ გეკადრებათ, მაგას როგორ ვიზამდი,“ – კატეგორიულად უარყოფს მუქარას გენადი ჩხაიძე, რომელსაც ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით.

რა არგუმენტით მიიჩნევს, რომ სასამართლო დავა უნდა მოიგოს? ეხმარებოდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ? – ამ კითხვების დასმის შემდეგ გენადი ჩხაიძემ გვითხრა, რომ კითხვებს ვერ უპასუხებს, რადგან საჭესთან ზის და არ იცის, როდის შეძლებს საუბარს.

გენადი ჩხაიძე – ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორი

შესაძლებლობები CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტის ყოველდღიურობას რუტინას ძნელად თუ უწოდებ. თუკი ამ ფაკულტეტზე სწავლას გადაწყვეტ, უნდა იცოდე ისიც, რომ საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პერიოდში აუდიტორიაში ყველაზე ნაკლებად მოგიწევს ყოფნა. სამაგიეროდ, შენი „აუდიტორია“ ვენახი, ლაბორატორია და ღვინის მარნები გახდება.

YouTube video player

„იმისათვის, რომ შეისწავლო მსოფლიოში აღიარებული კონცეფცია „ღვინო მიწიდან სუფრამდე“, აუცილებელია, პირველ რიგში, ისწავლო ვენახის დაგეგმვა“ – აღნიშნავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი.

ვენახის დაგეგმვა კი CIU-ში პირველივე კურსიდან იწყება. მომავალმა მეღვინემ აუცილებლად უნდა შეისწავლოს ესა თუ ის მიკროზონა და მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები; გააშენოს ვენახი ისე, რომ მისი მოვლა და შემდეგ მოსავლის აღებაც წინასწარ იყოს განსაზღვრული.

რას ნიშნავს კონცეფცია „ღვინო მიწიდან სუფრამდე“? ესაა პირველ რიგში ვაზის მოვლისა და ყურძნის მოყვანის ძირითადი აგროტექნოლოგიური მეთოდების დაუფლება; დაავადებებისა და მათ წინააღდმეგ დაგეგმილი ღონისძიებების შესწავლა; ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება; საქართველოსა და მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში დანერგილი ტრადიციებისა და თანამედროვე, ინოვაციური მიდგომების გაცნობა; ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ფიზიკური, ქიმიური შედგენილობისა და დარგში გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ანალიზის მეთოდების ათვისება.

თანამედროვე მიდგომებთან ერთად CIU-ში დამწყები მეღვინეები უნიკალური, ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიასაც სწავლობენ; გარდა ამისა, აქვე აუცილებელია ხარისხის მენეჯმენტის მართვის სწავლაც; ღვინის დაყენებასთან ერთად მისი შეფუთვა და მსოფლიო ბაზარზე სათანადო წარდგენა,  დაბოლოს, ცხადია ღვინის დეგუსტაციის ხელოვნების დაუფლებაც.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროგრამები თეორიულ და მრავალფეროვან პრაქტიკულ კომპონენტთან ერთად, გამორჩეულია საქართველოში. ფაკულტეტის თანამედროვე ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში სტუდენტები პირველივე კურსიდან ეუფლებიან უმაღლესი ხარისხის ღვინის დაყენების ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებს“, აღნიშნავს ოლანი გოცირიძე.

როგორ გადიან პრაქტიკას მევენახეობისა და მეღვინეობის დამწყები სპეციალისტები CIU-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს უნიკალურ სასწავლო-კვლევით ბაზას სთავაზობს.

მევენახე-მეღვინეთა ახალი, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებისათვის უნივერსიტეტმა განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. დღეისათვის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტების განკარგულებაშია:

[checklist]

  • უნიკალური არქიტექტორული ნაგებობა სამი განსხვავებული ეთნოგრაფიული ტიპის მარანით, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ ქვევრსა და ისტორიული ღირებულების მქონე ფუნქციონალური დანიშნულების ექპონატებს;
  • საკოლექციო ამპელოგრაფიული ნაკვეთი 100-ზე მეტი ვაზის ენდემური ჯიშით;
  • საგანმანათლებლო სივრცე თეორიული და პრაქტიკული სწავლებისათვის, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილ ენოქიმიის, მევენახეობის, ვაზისა და ღვინის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიებს, ექსპერიმენტული კვლევის, ღვინის დეგუსტაციის კაბინეტებს.
  • 25 ჰა ტერიტორიაზე მდებარე ღვინის საწარმო  თავისი ვენახებით.

[/checklist]

ეს ყველაფერი CIU-ში გატარებულ საბაკალავრო თუ სამაგისტრო საფეხურს დაუვიწყარ და წარუშლელ გამოცდილებად აქცევს.

„ცალკე ყურადღებას იმსახურებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სადეგუსტაციო კაბინეტიც, რომელიც ჩვენს სტუდენტებს განსაკუთრებით მოსწონთ. აქ შესაძლებელია სხვადასხვა ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასება, ღვინის ხარისხის, ზადისა და დაავადებების ამოცნობაში დახელოვნება“, ამბობს გოცირიძე.

მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია ისიც, რომ სულ მალე დღის სინათლეს იხილავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დამზადებული ღვინოებიც, რომლის დაყენებაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც პერსონალს, ისე – სტუდენტებსაც.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამორჩეულია პრესტიჟული ღვინის ფესტივალების მიმართულებითაც. აღსანიშნავია 2019 წელს გამართული „ქართული ღვინის ფესტივალი“, სადაც CIU გენერალური სპონსორი იყო. უნივერსიტეტმა თავის სტენდზე სტუდენტური ხაზით შექმნილი ღვინოები წარმოადგინა, რომლებმაც ქართველ და უცხოელ სტუმართა შორის დიდი მოწონება დაიმსახურეს – „საფერავი“; „ვარდისფერი საფერავი“; „რქაწითელი“; „ქვევრის რქაწითელი“; „თავკვერი“; „ციცქა ცოლიკოური“; „კაბერნე სოვინიონი“; „ველური ვაზი“.

აღნიშნული ფესტივალის პარტნიორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელსაც. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც გლობალური პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, თავიანთი პროდუქცია 50-მდე მარანმა წარმოადგინა, მათ შორის კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  ქვევრის ღვინოებით წარდგა: თავკვერი; შავკაპიტო; საფერავი; რქაწითელი; გორული მწვანე/ჩინური.

სასკოლოსაგანმანათლებლო პროექტები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამორჩეულია სასკოლო-საგანმანათლებლო მიმართულებითაც. უკანასკნელ პერიოდში გაიმართა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ზამთრისა და გაზაფხულის ონლაინ სასკოლო ბანაკები, რომელშიც მონაწილეობას X, XI და XII კლასის მოსწავლეები იღებდნენ. ბანაკის ფარგლებში მოსწავლეები სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან, მათ შორის, ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისგან, მევენახეობა-მეღვინეობის ძირითადი მიმართულებებისა და ბრენდინგის შესახებ ეუფლებოდნენ ცოდნას, გამარჯვებულები კი სოლიდური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საერთაშორისო გამოცდილება

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამების სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებასაც. ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ღვინის წარმოებაში წამყვანი ქვეყნების კერძო მარნებთან თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ მხრივ, განსაკურებული და აღსანიშნავია ესპანეთთან თანამშრომლობა.

გარდა ამისა, სულ ახლახანს CIU გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის წევრი გახდა. აკადემია, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე უნივერსიტეტია გაერთიანებული, მიზნად ისახავს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამების შესაბამისად, ღვინის ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით კვლევებისა და სასწავლო პროგრამები განხორციელებას.

აკადემია უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებაში. პრაქტიკები, მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები, აკადემიის სპეციალისტების ჩართულობა ენოტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნაში – უნივერსიტეტს აქამდე არნახულ შესაძლებლობებს უხსნის წინ.

გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ხოსე ანტონიო ვიდალის თქმით, ორგანიზაციის წევრობა კსუ-ს შესაძლებლობას მისცემს, იყოს მთავარი საერთაშორისო ღონისძიებების, გამოფენა-ბაზრობების, ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიის სექტორის ფორუმების მონაწილე.

ამის შედეგად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი არამხოლოდ ახალ ეტაპზე გადავა, არამედ – პერსონალსა და სტუდენტებს კიდევ უფრო მეტად გზას გაუხსნის საერთაშორისო ასპარეზზე.

8000-წლიანი მოსავლის მქონე ქვეყნის ღვინის ისტორიაც კიდევ უფრო გაიშლება დედამიწის თითოეულ კუთხეში; ყველგან, სადაც ჭიქა ღვინო კულტურის განუყოფელი ნაწილია.

გაიგე რას ნიშნავს 100%-ანი სტუდენტობა CIU-ში

აირჩიე  115, გახდი ჩვენი სტუდენტი და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით!

YouTube video player

დადასტურდა 1390 ახალი შემთხვევა, 18 პაციენტი გარდაიცვალა – კოვიდი საქართველოში

14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1390 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარაში – 117, იმერეთში – 168, ქვემო ქართლში – 54, შიდა ქართლში – 41, გურიაში – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში –  19, სამცხე-ჯავახეთში – 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.35%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.40%.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 16 074 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია – 896.

730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.

აჭარაში კოვიდის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 14 მაისი

14 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 451 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 4  ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 287 ადამიანი იმყოფება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მაისის 21 საათიდან 15 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით,  მომდევნო 2 დღეს – 15-17 მაისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

დიდი ოდენობით „ჰეროინის“ შენახვაზე 27 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ნ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს, – წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წარმატებული სტუდენტობა და წარმატებული დასაქმება – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთონ: აირჩიონ უმაღლესი სასწავლებლები და ის პროფესიები, რომელთა დაუფლებაც სურთ.

უმაღლესი სასწავლებლის არჩევისას უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ის, თუ როგორ მოახერხებს კურსდამთავრებული შემდეგ წარმატებით დასაქმებას; ექნება თუ არა ის უნარ-ჩვევები, რაც დასჭირდება მას პირველ სამსახურში. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად მოახერხებს უნივერსიტეტი ისეთი კადრების მომზადებას, როგორსაც შრომითი ბაზარი დღეს ითხოვს. თანამედროვე გამოწვევები დღეს უნივერსიტეტებს ახალ დღის წესრიგს კარნახობენ.

YouTube video player

აღსანიშნავია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციურ და შრომის ბაზარზე დღეს მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო  პროგრამები რეგულარულად ადაპტირდება დარგში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად. უნივერსიტეტი ყოველთვის ითვალისწინებს, შრომითი ბაზარის მოთხოვნებს. სწორედ ამ ფაქტორების ანალიზის საფუძველზე იქმნება ახალი პროგრამები, სადაც გათვალისწინებულია დამსაქმებელთა მოთხოვნები.

აქედან გამომდინარე, კსუ-ს კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია. ისინი შრომის ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან და, შესაბამისად, კვალიფიკაციით დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელიც მაღალია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტით აღწევს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ დონეს. პირველ რიგში, ამას უზრუნველყოფს კარიერული განვითარების სამსახური, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც სტუდენტებისთვის დასაქმების ხელშეწყობაა. ტრენინგები, მასტერკლასები, პროფილური დასაქმების ფორუმები, შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან – ეს და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგულარულად ტარდება. შესაბამისად, წარმატებული და მოტივირებული სტუდენტი თავისთვის საჭირო ინფორმაციას ყოველთვის მარტივად მიიღებს.

გარდა ამისა, კავკასიის საერთაშროსიო უნივერსიტეტს 200-ზე მეტ ორგანიზაციასთან აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად კსუ-ს სტუდენტები პრაქტიკას და სტაჟირებას პარტნიორ კომპანიებში აუცილებლად გაივლიან.

აღსანიშნავია უნივერსიტეტის შიდა დასაქმების მიმართულება, რითაც უკვე CIU-ს მრავალმა კურსდამთავრებულმა თუ სტუდენტმა ისარგებლა. ისინი აქტიურად გადიან სტაჟირებასა და პრაქტიკებს უნივერსიტეტის კვლევით ცენტრებში, ლაბორატორიებსა თუ სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე, შემდეგ კი მათი ინტერესების გათვალისწინებით წარმატებით საქმდებიან.

CIU-ს წარმატებული სტუდენტების შესახებ ინფორმაცია პერმანენტულად ახლდება უნივერსიტეტის ვებ-საიტსა და სოციალურ ქსელებში. აბიტურიენტებს უნიკალური შანსი აქვთ, პირადად ადევნონ თვალი და რეალური წარმოდგენა შეიქმნან უნივერსიტეტის და მისი დასაქმების პოლიტიკის შესახებ.

თუკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შენი საბოლოო არჩევანია, გილოცავ!

კიდევ ერთხელ, აუცილებლად გადახედე უნივერსიტეტის უნიკალურ შემოთავაზებებს აბიტურიენტებისთვის და აირჩიე 115!

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

დღეს დილით ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ინფორმაცია შს სამინისტროში დაადასტურეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. სხვა დეტალების შესახებ შს სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს.

გარდაცვლილია სავარაუდოდ ცოლ-ქმარი. კაცის ცხედარი იპოვეს ქუჩაში, ქალის – სახლში.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, 115-ე მუხლი: „თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) გენდერის ნიშნით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“.

წელს 3 თვეში 206 მილიონი აშშ დოლარის ავტომანქანა შემოიტანეს – საქართველო

2021 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 206 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარის მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა.

ეს მაჩვენებელი 17,7 მილიონი დოლარით ნაკლებია პანდემიამდე ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 223,9 მილიონი აშშ დოლარის მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა იყო შემოტანილი.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პანდემიამდე, 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 2021 წლის პირველ სამ თვეში 22,3 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა ავტომანქანების ექსპორტიც.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან 113,6 მილიონი აშშ დოლარის მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა გაიტანეს, ხოლო 2021 წლის იმავე პერიოდში – 91,2 მილიონი აშშ დოლარის.

2021 წლის იანვარ-მარტში შემოტანილი ავტომანქანებიდან 81 პროცენტზე მეტი მსუბუქი ავტომანქანა იყო. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან  გატანილი ავტომანქანების 94,7 პროცენტი იყო მსუბუქი.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის პირველ სამ თვეში იმპორტირებულია 167 771 200 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომანქანა, ხოლო ამავე პერიოდში ქვეყნიდან გატანილია 86 435 700 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომანქანები.

საქართველოში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა, პანდემიის გამო, გადავადებული იყო 2021 წლის პირველ მარტამდე, თუმცა ეს ვადა მთავრობამ 2021 წლის პირველ ივნისამდე გადაწია.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით კი, „გადასახადებისგან თავის არიდებისა და არაკანონიერი ქმედებების აღკვეთის მიზნით, რათა არ მოხდეს განსაბაჟებელი სატრანსპორტო საშუალებების დაშლა/დანაწევრება და შემდგომში მისი ავტონაწილებად რეალიზაცია, აუცილებელია განხორციელდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მკაცრი მონიტორინგი.“

ამ თემაზე:

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

მთავარი ფოტო: ბათუმის პორტი /გაფორმების ეკონომიკური ზონა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ღარიბი, ნაცემი და დასჯილი დიაკონი ჭყონდიდის ეპარქიიდან [ვიდეო]

მარტვილში, წაჩხურუს მონასტრის დიაკონი, ანანია კალანდია იმ სასულიერო პირებს შორისაა, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დასაჯა და მსახურება აუკრძალა. დიაკონი იხსენებს დასჯის ძირითად მიზეზს – წაჩხურუდან აბაშაში უნდა ჩასულიყო წირვაზე დასასწრებად, ანუ 40 კილომეტრის გავლა დაავალეს, მან კი ეს ვერ შეძლო, რადგან ავტომანქანა არ აქვს, თანაც 7 ოპერაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის გულზე.

დიაკონი „ბათუმელებს“ უყვება, რომ რამდენიმე მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. მისთვის ემოციურადაც და ფიზიკურადაც მძიმეა ის დაპირისპირება, რომელიც მეორე თვეა ჭყონდიდის ეპარქიაშია. ბზობის დღესასწაულზე, სალხინოს მონასტერში მომხდარი დაპირისპირების დროს, დიაკონს სცემეს კიდეც.

დიაკონი სოციალურად დაუცველია და სასულიერო პირთა იმ მცირე წრეს მიეკუთვნება, ვისაც სიღარიბეში უწევს ცხოვრება.

ნაცემი, ღარიბი და დასჯილი დიაკონი

53 წლისაა, ორი შვილი ჰყავს. საეკლესიო სასჯელის დადებამდე წაჩხურუს მამათა მონასტრის დიაკვანი იყო. ცხოვრებითაც სოფელ წაჩხურუში ცხოვრობს. მსახურებდა ახლომდებარე ტაძრებში, სადაც დიაკვნის თქმით, მონასტრის წინამძღვარს დაჰყავდა.

დიაკონი „ბათუმელებს“ საეკლესიო სასჯელის დადების მიზეზებს უყვება და ამბობს, რომ უსამართლოდ დაისაჯა. ანანია კალანდიას თქმით, ორი თვის წინ, ეპარქიაში ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა იმ ტაძრებში მსახურება დაავალა, სადაც თავად აღავლენდა წირვას.

„ვუთხარი, მეუფეო ავად ვარ. მანქანა არ მყავს, არც იმის საშუალება მაქვს, რომ დავიქირაო. ვერ შევძლებ გამოყოლას ყველა ტაძარში. თან ჩემი სამედიცინო დასკვნები დავულაგე, ავუხსენი ჩემი სიტუაცია – ასე მითხრა, „მერე რა არის, თუ წირვაზე მოკვდები, უფრო ადვილად ცხონდებიო“, –  იხსენებს ანანია კალანდია.

დიაკვანი ამბობს, რომ 25 წელია ეკლესიაშია და წელს პირველად მოხდა ისე, როცა აღდგომას მსახურების გარეშე დარჩა.

თუთუნისგან 35 ათას ლარს ველოდებით – ახალგაზრდა წყვილი ქედიდან

სათბურებში დათესილი თამბაქო უკვე ამოვიდა. ამ მწვანე ნერგების ნაწილს ბერიძეების ოჯახი აქვე, ნაკვეთში გადარგავს, ნაწილს კი გაყიდის.

თამბაქოს მეურნეობა აჭარის სოფლის მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მას შემდეგ, რაც სიგარეტი გაძვირდა და მწეველთა უმეტესობა თამბაქოს მიეტანა, მისი ფასიც გაიზარდა. ფასზე იმოქმედა პანდემიამაც. საუკეთესო ხარისხის კილოგრამ თამბაქოს გადამყიდველები 70, 80, 85 და 90 ლარადაც იბარებენ.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აბუქეთაში მცხოვრები რამაზ ბერიძე ამბობს, რომ 4 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული თამბაქოსგან შარშან 20, 25 ათასი ლარი გამოიმუშავა. წლევანდელი მოსავლისგან ის უფრო მეტს ელის.

ხათუნა ბერიძე, მეთამბაქოე ქედიდან.
რამაზ ბერიძე, მეთამბაქოე ქედიდან

წონიარისის თემის სოფელი აბუქეთა დაბა ქედიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ახალგაზრდა წყვილი – 39 წლის ხათუნა და რამაზ ბერიძეები ცენტრალურ გზასთან ახლოს ცხოვრობენ. მათი სახლი მდინარე აჭარისწყალს გადაჰყურებს. მართალია, ოჯახს მცირე სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვს, სულ 5000 კვადრატული მეტრი, მაგრამ რაც ერთ ოჯახს სჭირდება, ყველაფერი მოჰყავთ. მათ შორის ლობიო, მწვანილი, კიტრი, პომიდორი და სხვა ბაღჩეული.

ადგილი, სადაც თამბაქო აქვთ დარგული ბერიძეებს, დამრეცია, გაგიკვირდებათ კიდეც, რომ აქ ვინმეს ფეხის მოკიდება შეუძლია, არამცთუ რამის დარგვა ან მიწის დამუშავება. თუმცა ხათუნა გვეუბნება, რომ ასეთ ფერდობზე მუშაობას უბრალოდ მიჩვევა სჭირდება:

„მე მარტო ვერაფერს შევძლებ, დიდი შრომა სჭირდება თამბაქოს: სათბურების გაკეთება, სადაც მერე ნედლ ფოთლებს გააშრობ, მერე უნდა დაჭრა, მოხალო, გაყიდო, იქამდე მიწა მუშავდება, საჭიროა დახვნა, ნაკვეთის გასუფთავება, დასარგავი ადგილების დახაზვა მწკრივზე.

ვინაწილებთ საქმეს მე და ჩემი ქმარი. მეხმარება მიწის დამუშავებაში. აქვს საკუთარი საჭრელი დაზგა და არამარტო ჩვენს თამბაქოს, სხვის თამბაქოსაც ჭრის. ამაშიც ფულს უხდიან, ყველას არ აქვს დაზგა. დატვირთული გრაფიკი აქვს ჩემს ქმარს, ავტოსახელოსნოშიც მუშაობს. რა დროც რჩება, თამბაქოს ახმარს“, – ამბობს ხათუნა ბერიძე.

თამბაქოს სანერგე

მისივე თქმით, წონიარისში თამბაქოს მოყვანა იმ ოჯახებმაც დაიწყეს, რომლებსაც აქამდე ეს კულტურა არ მოჰყავდათ,  მიზეზი ბაზარზე თამბაქოს დიდი მოთხოვნა და მაღალი, მზარდი ფასია.

წონიარისის ახლომახლო, როგორც ბერიძეები გვეუბნებიან, არაერთი ნაკვეთია, რომელთაც წლობით არ ამუშავებდნენ. პატრონები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობდნენ კორონავირუსის აფეთქებამდე, პანდემიაში სოფელში დაბრუნდნენ, დაამუშავეს ნასვენები მიწა და თამბაქო დათესეს.

თუ კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკა შეაფერხა და გააუარესა ადამიანთა უმრავლესობის ფინანსური მდგომარეობა, წონიარისში პირიქით: თამბაქოს ფასის გაძვირებამ გლეხებს მეტი შემოსავალი მოუტანა. ხათუნა ამბობს, რომ ეუხერხულება კიდეც ამაზე აქცენტის გაკეთება, როცა მთელ ქვეყანაში ეკონომიკური ფონი დამძიმებულია, მაგრამ მათი რეალობა არის ის, რომ მეთამბაქოეების შემოსავალი პანდემიის პირობებში გაიზარდა.

წონიარისში, ისევე როგორც ქედის სხვა სოფლებში, ძირითადად ჩხავერის ჯიშის ვენახი აქვთ. რამაზ ბერიძე ამბობს, რომ ყურძენს ქედის ღვინის სახლს აბარებს ყოველ შემოდგომაზე და ოჯახისთვის ესეც შემოსავლის წყაროა, არა ისეთი, როგორიც თამბაქო, მაგრამ მაინც.

სოფელი წონიარისი

რამაზ ბერიძე ამბობს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ საკუთარ თამბაქოს ეწევა და სიგარეტი არასდროს მოუწევია. ზუსტად არ იცის რა ჯიშისაა თამბაქო, რაც ყოველწლიურად მოჰყავს, მაგრამ აჭარაში ძირითადად ორი ჯიშის თამბაქოა გავრცელებული: ტრაბზონის და სამსუნის ჯიშები.

ბერიძეების ოჯახი პანდემიის შემდეგ ტურისტების მიმოსვლის გახშირებასაც ელის. სახლი ისე გაარემონტეს, რომ ზაფხულობით სავარაუდო ტურისტებისთვისაც გათვალეს.

ბოლო ტურისტები აპრილში ჰყავდათ ისრაელიდან სულ რაღაც 2 დღით.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მძიმე შრომა უწევს ცოლ-ქმარს, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ არასდროს დატოვებს აქაურობას. ამბობს ასევე, რომ მისი შრომა თავისუფალია, არ არის ანგარიშვალდებული არავისთან და კარგადაც გამოიმუშავებს.

ბერიძეების თამბაქოს სანერგე მეურნეობა სოფელ წონიარისში

„მარტივი არ არის. განსაკუთრებით იმ დროს, როცა გამხმარი თუთუნი უნდა დაალბო. მერე წვიმაში სათითაოდ უნდა გაფინო ფოთლები, მერე უნდა გააშრო და ა.შ. მაგრამ თავისუფალი ვარ, როცა მინდა მაშინ ვიმუშავებ ჩემს ნაკვეთზე, თუ დილით დასვენება მირჩევნია და საღამოს, ჩრდილში მინდა ვიშრომო, ასეც ვიზამ. როდის რა ვქნა და რა გავაკეთო მთლიანად ჩემი გადასაწყვეტია. საკუთარ ჯანმრთელობასაც ვუფრთხილდები და არც საქმეს ვაფუჭებ.

შრომა, რაც თამბაქოს სჭირდება, ნამდვილად ღირს. მე და ჩემი ქმარი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შვილებმა შეძლონ სწავლა, იცხოვრონ ისე, როგორც მოესურვებათ და სადაც მოესურვებათ, მაგრამ მე და ჩემი ქმარი სულ აქ ვიქნებით. გვიყვარს აქაურობა, აქ ვგრძნობთ, რომ ჩვენი სამყოფელია. თან ეს სახლი ისეთი ნაშრომია, ჩემი ქმრის მშობლების აშენებული. რემონტი ძლივს გავაკეთეთ და ხომ წარმოგიდგენიათ აშენება რა იქნებოდა?“ – ამბობს ხათუნა.

ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ აღდგება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში  დღეს, 13 მაისს დილის 08:00 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება გამოწვეულია გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებით.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ  14 მაისის 18:00 საათამდე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

„სიძულვილი მცენარეა, რომელსაც მორწყვა წლების განმავლობაში სჭირდება“ – ისრაელელი ისტორიკოსი

თანამედროვე ისრაელელი ისტორიკოსი იუვალ ნოახ ჰარარი სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე კონფლიქტს.

„ძალიან ვწუხვარ ძალადობის გამო, რომელმაც მსოფლიოს ის ნაწილი მოიცვა, რომელსაც მე სახლს ვუწოდებ.

ეს ძალადობა არ არის ბუნებრივი კატასტროფა ან სპონტანური ემოციური აფეთქება. სიძულვილი არის მცენარე, რომელსაც დათესვა და მორწყვა წლების განმავლობაში სჭირდება და ფართომასშტაბიანი ძალადობა ყოველთვის ადამიანის გათვლილი გადაწყვეტილებების შედეგია.

ზოგი ფიქრობს, რომ მას შეუძლია საკუთარი ინტერესების გატარება სიძულვილის, ძალადობისა და სიკვდილის გზით. ისინი ამას პოლიტიკას უწოდებენ. ეს ასევე ცნობილია კაცობრიობის მსხვერპლშეწირვის სახელით“ – წერს ისტორიკოსი.

იუვალ ნოახ ჰარარი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორის მსოფლიო ბესტსელერის – „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“, რომელიც გასულ წელს ქართულ ენაზეც ითარგმნა.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/541667/

 

შეიძლება ალკოჰოლის ან/და მარიხუანის მიღება ვაქცინაციის შემდეგ?

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული.

სააგენტოს განმარტებით, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას აფერხებს, არ არსებობს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბახუსევის შეგრძნებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული.

ამავდროულად, „სინოფარმით“ აცრისას მოსახლეობას მედპერსონალისგან ეძლევა რეკომენდაცია, რომ მოერიდოს ალკოჰოლის მიღებას ვაქცინის მეორე დოზის მიღებამდე.

NCDC: გარდა ამისა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში; იგი წარმოადგენს რისკის ფაქტორს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დადგენილია კავშირი ალკოჰოლის მძიმე მოხმარებასა და პნევმონიასთან, ფილტვების ინფექციებთან და სხვა რესპირატორულ მდგომარეობებთან, რაც ხელს უწყობს COVID 19-ის გართულებებს.
რაც შეეხება მარიხუანის მოხმარებას აცრამდე ან ვაქცინაციის შემდგომ დღეებში, ინფორმაცია მხოლოდ უცხოურ  წყაროებში იძებნება. კანადური სამთავრობო ორგანიზაცია BC Centre for Disease Control – ImmunizeBC-ი წერს, რომ მარიხუანის მოხმარების შემთხვევაშიც კი, კოვიდ19-ის ვაქცინა თქვენთვის უსაფრთხოა.
“თუმცა, როცა უშუალოდ ასაცრელად მიხვალთ, BC Centre for Disease Control – ImmunizeBC-ი გირჩევთ, ფხიზელი იყოთ. ეს არა იმიტომ, რომ მარიხუანამ შესაძლოა შეაფერხოს ვაქცინის მოქმედება, არამედ იმიტომ, რომ მედმუშაკს სჭირდება თქვენი ინფორმირებული თანხმობა ვაქცინის გაკეთებამდე. მარიხუანამ კი შეიძლება შეაფერხოს (შეამციროს) თქვენი უნარი სრულყოფილად გაიაზროთ ჯანმრთელობის შესახებ უნარი და დასვათ შეკითხვები”.
მარიხუანის მოხმარებისა და COVID-19 ვაქცინების ეფექტურობის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. არსებობს მტკიცებულებები, რომ ზოგადად კანაფის მოწევას შეუძლია უარყოფითი შედეგები იქონიოს ადამიანის რესპირატორულ სისტემასა და იმუნურ კომპეტენციაზე, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია COVID-19 ვაქცინის მიღება იმისთვის, რომ თავი დაიცვათ ვირუსისგან, თუ ეწევით, წერს ImmunizeBC-ი.
ამერიკულ ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში სტენფორდის ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი ენ ლიუ საუბრობს ზოგადად მოწევის მავნე ზეგავლენაზე, რადგან თამბაქოს მწეველები Covid 19-ის გართულებების განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. მისივე თქმით, ზოგადად მოწევას კონკრეტული ზეგავლენა აქვს სისხლძარღვებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ხოლო პანდემიისას გამოჩნდა, რომ სისხლძარღვებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები კოვიდით გამოწვეული გართულებების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
„მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანასა და კოვიდის ვაქცინის ეფექტის შესახებ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, დიდი ალბათობით ის ვერ მოახდენს გავლენას ვაქცინის მიერ განვითარებულ იმუნურ პასუხზე”, – თქვა იანგმა.
რაც შეეხება უფრო მძიმე ნარკოტიკებს, როგორიცაა კოკაინი ან ექსტაზი, ენ ლიუ ამბობს, რომ ვაქცინასთან მიმართებაში მათი ზემოქმედების შესახებ ჯერ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
სიგარეტი – აკრძალვა
ამავე თემაზე:

რა საგნებს ირჩევენ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცნობილია 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით. საუბარია მესამე და მეოთხე საგნებზე.

ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა წელს, ისევე როგორც შარშან, ისტორია და მათემატიკა აირჩია. ყველაზე ცოტა აბიტურიენტმა აირჩია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფიზიკა, ქიმია და ლიტერატურა.

მონაცემები ასე გამოიყურება:

  • ისტორია აირჩია 22 200 – მდე აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა – 12 900 – მდე აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია – 3000 – მდე აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია – 700 – მდე აბიტურიენტმა;
  • ზოგადი უნარები – 4 100 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა – 800 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია – 2300 – მდე აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა – 200 – მდე აბიტურიენტმა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 50 – ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტები წელსაც სამ სავალდებულო საგანს (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ისტორია ან მათემატიკა) აბარებენ.

ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებლად სავალდებულოა ოთხი გამოცდა, ხოლო რაც შეეხება დამატებით საგნებს, კონკრეტულ პროგრამაზე თითოეული საგანი უმაღლესმა სასწავლებელმა თავად განსაზღვრა.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ითხოვს დამატებით არჩევით საგანს, სავალდებულოა ოთხივე საგანში ბარიერის დაძლევა.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმელი და-ძმა, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ, სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს

მარიამი, ჯანი და აზიფე  სკოლაში აუცილებლად ისწავლიან – ირწმუნება განათლების სამინისტრო. ეს ის სამი ბავშვია, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ. მათი ისტორია საზოგადოებას „ბათუმელებმა“ გააცნო.

9, 11 და 16 წლის ბავშვები ვერ სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებით – მიიღონ საბაზო განათლება. ბავშვების დედა ამბობს, რომ სკოლებს ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით ორჯერ მიმართა, თუმცა სათანადოდ ვერ მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ უნდა მოქცეულიყო.

„უმცროსი ანუ ცხრა წლის ბავშვი უკვე დარეგისტრირდა და სექტემბრიდან სკოლაში ივლის. 11 წლის ჯანისთან  დისციპლინური კომისია მუშაობს, რომელიც დაადგენს რომელ კლასში უნდა დაჯდეს ბავშვი, თუმცა, ჩათვალეთ, რომ  ჯანი უკვე სკოლაშია,“- გვითხრეს საქართველოს განათლების სამინისტროში.

რაც შეეხება 16 წლის მარიამს,  სამინისტროს ინფორმაციით, მასთან მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი მუშაობს და ასევე მოზარდის დედას, როგორც ბავშვის იურიდიულ წარმომადგენელს, სთხოვეს ხელმეორედ მიმართოს სკოლას ბავშვის ჩასარიცხად.

რადგან მარიამს მეორე კლასის შემდეგ სკოლაში არ უვლია, ქართულ სკოლაში კი არასდროს, სტანდარტი ითვალისწინებს მისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას, რომელიც მას აკადემიური ჩამორჩენის დაძლევაში დაეხმარება.

„როგორც ვიცით, უკვე შემუშავებულია რამდენიმე კურიკულუმი, ეს არის სპეციალურად სკოლის მიღმა ბავშვებისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დაგვიანებით შევიდნენ სკოლაში და თუ საჭირო გახდება, ინდივიდუალურადაც იმუშავებს სპეციალისტი ყველა ბავშვთან. მათთან იმუშავებენ სოციალური მუშაკებიც,“- გვითხრეს სამინისტროში.

შეეძლო თუ არა სკოლას თავიდანვე დაეკვალიანებინა და არა 9-10 წლის შემდეგ? – სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მათი კომპეტენცია არ არის.

„იუსტიციას უნდა მიაკითხოს მშობელმა, რადგან იქიდან იწყება ნებისმიერი საქმის წარმოება. შესაბამისად, იქ დააკვალიანებდნენ,“ – გვიპასუხეს სამინისტროში.

მარიამი, ჯანი და აზიფე ონდერები თავდაპირველად თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ, თუმცა მათი მშობლები დაქორწინებიდან რამდენიმე წელში საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ბავშვებიდან მხოლოდ მარიამია საქართველოს მოქალაქე, ჯანი და აზიფე კი თურქეთის მოქალაქეები არიან. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ბავშვები საჯარო სკოლაში არ მიიღეს.

მარიამის შემთხვევაში კი, როგორც დედა ამბობდა, სკოლამ მიღებაზე უარი მშობელს იმ მოტივით უთხრა, რომ მან ვერ წარმოადგინა თურქულ სკოლაში ორწლიანი სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. დედის თქმით, მარიამი თურქულ სკოლაში არაოფიციალურად იყო ჩარიცხული და შესაბამისად, სკოლა ვერ მისცემდა დოკუმენტს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 10 ათასზე მეტი 16 წლამდე ბავშვია, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. აქედან კი, სულ ცოტა, 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას სახელმწიფო ვერ ახერხებს.

_______________

ამავე თემაზე:

და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ [Video]

 აჭარაში 20 მილიონის დასახარჯად ტენდერი ხელახალა გამოაცხადეს

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელახლა გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ჯამში 20 მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს. წინა ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ტენდერის პირობით, გამარჯვებულმა ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და სამშენებლო სამუშაოებიც თავად უნდა შეასრულოს. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის პერიოდში უნდა დასრულდეს.

ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 21 მაისს დაიწყება და 24 მაისს დასრულდება. ტენდერის მიხედვით, სამუშაოები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ტენდერის ფარგლებში, აჭარაში პროექტები შემდეგ ადგილებში განხორციელდება:

  • ბათუმი – მწვანე კორიდორი გმირთა ხეივანში [ჟიული შარტავას გამზირი];
  • ქობულეთი – ქობულეთის სანაპირო ზოლი [მდ. აჭყვიდან მდ. კინტრიშამდე];
  • ხელვაჩაური – მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკვერი და ბავშვთა გასართობი ადგილები;
  • ქედა – ქედის ცენტრალური ტერიტორია [ადმინისტრაციული ცენტრი];
  • შუახევი – კულტურის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია;
  • ხულო – მემედ აბაშიძის ქუჩა, რუსთაველის და ტბელ აბუსერიძის ქუჩები.

ფონდმა ელექტრონული ტენდერი „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა. ფონდის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული ადგილები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, რომელშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერებიც მონაწილეობდნენ.

ხომ არ არის ეს პროგრამა თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველზე შესაძლო ზემოქმედება; რამდენად შეესაბამება ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსგავსი პროექტის განხორციელება თვითმმართველობის პრინციპებს და ხომ არ არის ეს ცენტრის ჩარევა თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში? – ამ საკითხებზე ვრცლად წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში: 500 მილიონი ცენტრიდან რეგიონებში არჩევნების წინ — რას ნიშნავს მთავრობის გეგმა.

ამავე თემაზე:

რაში დახარჯავს აჭარა 20 მილიონ ლარს, პროგრამა – „განახლებული რეგიონები“

თორნიკე რიჟვაძე „სინოფარმით“ აიცრა

აჭარის მთავრობის თამჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს, 13 მაისს, „სინოფარმით“ აიცრა. თორნიკე რიჟვაძემ აცრა ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში გაიკეთა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში 12 მაისის მდგომარეობით სულ აიხრა 6901 ადამიანი, მათ შორის, ფაიზერით – 3282,  ასტრაზენეკათი – 1923, სინოფარმით – 1696.

13 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stop.gov.ge-ს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 444 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 3  ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 342 ადამიანი იმყოფება.

Exit mobile version