Batumelebi | რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები – Batumelebi
RU | GE  

რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები

CIU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა განახლებული მეთოდების შესახებ

ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ ტურისტული ინტერესი შეუქცევადად იმატებდა. საქართველო ტურისტულ რუკებზე საოცნებო მიმართულებად უფროდაუფრო ხშირად სახელდებოდა მსოფლიოში უამრავი ადამიანის მიერ.

2019 წელს პანდემიამდე საქართველოში 9 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ქვეყნის სერვისის ექსპორტის შემოსავლიდან დაახლოებით 71% ტურიზმზე მოდის. მშპ-ში წილმა კი 8.1%-ს მიაღწია.

თუმცა 2020 წელმა ყველაფერი შეცვალა. გასაკვირი არცაა, რომ პანდემიამ სწორედ ტურისტულ ინდუსტრიას დაარტყა როგორც საქართველოში, ისე – მთელ მსოფლიოში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, გივი ყუფარაძის თქმით, საერთაშორისო ტურიზმი ფაქტობრივად მთლიანად გაჩერდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტურიზმის ბიზნესში ასეთი კრიზისი ჯერ არ ყოფილა.

„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურობების რიცხვმა 74% -ით დაიკლო. მოთხოვნის უპრეცედენტო შემცირებისა და მოგზაურობის ფართო შეზღუდვების გამო ტურისტული დანიშნულების ადგილებმა 2020 წელს 1 მილიარდით ნაკლები ტურისტი მიიღეს, ვიდრე წინა წელს“, აღნიშნავს გივი ყუფარაძე.

მისი თქმით, ასეთი კოლაფსის გამო, ტურიზმის შემოსავლების მოცულობამ 1.3 ტრილიონი აშშ დოლარით დაიკლო. კრიზისმა რისკის ქვეშ დააყენა 100 – 120 მილიონამდე პირდაპირი სამუშაო ადგილი, რომელთა უმეტესობა მცირე და საშუალო საწარმოებში იყო შექმნილი.

„უარესი მდგოამრეობაა საქართველოში“, აღნიშნავს ყუფარაძე. „ჩვენთან კლება კიდევ უფრო დიდი იყო –  81.3%. 2020 წელს  2019 წელთან შედარებით საქართველოში 7,61 მლნ-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა“, ამბობს ის.

გამოწვევები ქართულ ტურიზმში

თუმცა პრობლემებს ქართულ ტურიზმში მხოლოდ პანდემია არ ქმნის. გივი ყუფარაძის თქმით, არის მთელი რიგი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, რომლებიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას აფერხებს. პირველ რიგში, ესაა საერთაშორისო კონკურენტუნარიანი სამკურნალო ტურისტული პროდუქტების სიმცირე; გაუმართავი ჰიგიენური თუ კომუნალური ინფრასტრუქტურა; გაუმართავი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც საინფორმაციო ცენტრებთან ერთად ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ენის არცოდნასაც გულისხმობს; არსებული ტურისტული პროდუქტის დისტრიბუციის ეფექტური არხების სიმცირე და სხვა პრობლემები.

თუმცა მიუხდავად ამ ყველაფრისა, საქართველოს მიმართ ინტერესი მთელ პლანეტაზე იზრდება.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ქართული ტურიზმი სწორად ვითარდება“, ამბობს გივი ყუფარაძე. „2020 წლამდე მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებდა მიწოდებას და სწორედ ამის შედეგია ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში განხორციელებული მილიარდიანი ინვესტიციები, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის წინაშე დავდექით, სადაც მოთხოვნა, ფაქტობრივად, აღარაა“ – აღნიშნავს გივი ყუფარაძე.

საიდან უნდა დაიწყოს სექტორმა გაჯანსაღება

გივი ყუფარაძის აზრით, პირველ რიგში, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად, უნდა მოახერხოს და ქვეყანს ტურიზმისთვის უსაფრთხო, COVID-Free ქვეყნის იმიჯი უნდა შეუქმნას. მასიური ვაქცინაცია, პანდემიის მასშტაბების შემცირება არის პირველი ნაბიჯები, რითაც საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯი აღდგება.

გარდა ამისა, პროფესორის აზრით, მნიშვნელოვანია ტურიზმის იმ სახეების განსაზღვრა, რომლებიც ყველაზე უფრო სწრაფად გამოვლენ სტაგნაციის მდგომარეობიდან.

„ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმს. მიმაჩნია, რომ ტურიზმის ეს სახე ყველაზე უფრო მომზადებულია სწრაფი აღდგენისა და გადატვირთვისთვის“, აღნიშნავს ყუფარაძე.

მართლაც, პატარა ჯგუფები, რომლებიც ძირითადად ბუნებაში გადაადგილდებიან და რომლებიც ძირითადად გაბედული, რისკიანი მოგზაურებით არიან დაკომპლექტებულები, შესაძლოა ტურიზმის ხელახალი გამოღვიძების ერთ-ერთ რეალურ მიმართულებად იქცეს. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო ხელს შეუწყობს სექტორს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით.

რა უნდა გააკეთოს ტურიზმმა სტაგნაციის პერიოდში

იმისათვის, რომ სექტორი გადარჩეს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში ლოკომოტივის როლის შესრულება შეძლოს, საჭიროა არსებული ხარვეზების გამოსწორება და არსებული მიდგომების გადახალისება.

სწორედ ამისათვის აქტიურად მუშაობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU), უნივერსიტეტი, რომელიც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე მუდმივად ნერგავს განახლებულ, თანამედროვე მიდგომებს. CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლალი მიქელაძის თქმით, ტურიზმის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით.

„ლექტორს უხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება მიზნებისა და სასურველი შედეგების მისაღწევად“, აღნიშნავს ლალი მიქელაძე.

ლალი მიქელაძე, რომელიც რომულო დელ ბიანკოს საერთაშორისო ორგანიზაცია-ფონდ „Life Beyond Tourism”-ის ექსპერტია, მუდმივად ეცნობა იტალიელი კოლეგების საუკეთესო გამოცდილებას და CIU-ში მუდმივად ნერგავს სწავლების წარმატებულ მაგალითებსა და მეთოდებს.

„უნივერსიტეტებში აქცენტირებულია ინტეგრირებული სწავლება საკლასო ოთახში და მის გარეთ. ეს ერთ-ერთი ასპექტია, რომელსაც ფლორენციის უნივერსიტეტები ძალიან აფასებენ. დიდი აუდიტორიების ნაცვლად ლექციები გარეთ, ქალაქის ისტორიულ ქუჩებში, ტაძრებსა და მუზეუმებში მიმდინარეობს. აი, ეს არის ის მეთოდი, რომლის დანერგვაც ჩვენ დავიწყეთ ჩვენს პროგრამაში და მომავალში კიდევ უფრო გავზრდით ამ მეთოდის გამოყენების მოცულობას და ხარისხს“, აღნიშნავს მიქელაძე.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, ამ პერიოდში ლექცია-სემინარები ამ პროგრამაზეც სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმებზე ტარდება. თუმცა გააქტიურებულია სასწავლო კურსებთან დაკავშირებული ონლაინ შეხვედრები, დებატები, ბიზნეს-სექტორთან შეხვედრები და მსგავსი აქტივობები.

გარდა საველე მუშაობისა, სტუდენტს უწევს საერთაშორისო ტუროპერატიულ თუ დაჯავშნის სისტემებთან მუშაობა; ღონისძიების ორგანიზება და სხვა პრაქტიკული აქტივობები. რაც შეეხება სტაჟირებასა და სამომავლო დასაქმებას, CIU ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში ახორციელებს სტუდენტთა დასაქმებას საქართველოს HoReCa სექტორის წამყვან კომპანიებში.

ასე რომ, მანამ, სანამ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, მომავალ ტუროპერატორებს და ტურისტულ სექტორში ჩართულ სხვადასხვა მომავალ პროფესიონალებს არაჩვეულებრივი შანსი აქვთ, დახვეწონ და გაიმდიდრონ ცოდნა ამ სფეროში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU), რათა პოსტპანდემიურ პირველ ტურისტულ სეზონს კიდევ უფრო მეტად მომზადებულები შეხვდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი