მთავარი,სიახლეები

კონკურსი მშენებლებისთვის – მთავრობა დევნილებს ბინებს უყიდის

14.05.2021
კონკურსი მშენებლებისთვის – მთავრობა დევნილებს ბინებს უყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, გამოცხადებულია კონკურსი მენაშენეებისგან ბინების შესყიდვაზე – იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.

სააგენტოს განცხადებით, საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართობები განთავსებული უნდა იყოს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ოღონდ, ბათუმში ამ კონკურსის ფარგლებში, მხოლოდ 2 ბინას შეიძენენ – სააგენტოს აქვს ვალდებულება, ორ კონკრეტულ დევნილ ოჯახს გადასცეს ბინა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს ვალდებულება სააგენტოს სასამართლომ დააკისრა.

სააგენტოს განცხადებით, 1 კვ.მ-ის მაქსიმალური ფასი ქალაქების მიხედვით უნდა იყოს:

  • ბათუმსა და ქუთაისში – მაქსიმუმ 470 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
  • თბილისში – მაქსიმუმ 550 დოლარის ექვივალენტი ლარში

ექვივალენტი გამოითვლება ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის არსებული კურსით. ბინების შეთავაზებისას ქუთაისსა და თბილისში მდებარე ბინებზე რაიმე შეზღუდვა რაოდენობრივად არ არის.

„კომისია გადაწყვეტილების მიღებისთვის არსებით პირობად მიიჩნევს საკონკურსო წინადადების დაბალ ფასს, უძრავი ქონების მიწოდების ვადას, სამუშაო გამოცდილებას, სააგენტოსთან არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დროულ შესრულებას, მისაწოდებელი უძრავი ქონების მოცულობას და/ან მეწარმის კეთილსინდისიერებას.

„შემოთავაზებული საკონკურსო წინადადება, გარდა ქ. ბათუმში განთავსებული საცხოვრებელი ფართებისა, შესაძლებელია შეიცავდეს ერთოთახიან, ოროთახიან, სამოთახიან და ოთხოთახიან საცხოვრებელ ფართ(ებ)ს, რომელთა კვადრატულობებია: ერთოთახიანი – 30-40 კვ/მ, ოროთახიანი – 50- 60 კვ/მ, სამოთახიანი – 70-80 კვ/მ და ოთხოთახიანი – 90- 100 კვ/მ.

ქ. ბათუმში განთავსებული საკონკურსო წინადადებ(ები)ა უნდა შეიცავდეს მხოლოდ 2 ერთოთახიან საცხოვრებელ ფართობს, რომელთა კვადრატულობაა 30- 40 კვ/მ“, – აღნიშნულია საკონკურსო განაცხადში.

საცხოვრებელი ბინების მიწოდების საორიენტაციო ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეა [„მოწოდების ვადაში მენაშენემ უნდა განახორციელოს, ტექნიკური პირობების შესაბამისად, უძრავი ქონების დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება, და სხვა პროცედურები, შესაბამისი უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით.“]

საკონკურსო წინადადებები კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში“ ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში დალუქული კონვერტით უნდა წარადგინონ.

საკონკურსო წინადადების მიღება მთავრდება 2021 წლის 13 ივლისს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: