კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული.
სააგენტოს განმარტებით, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას აფერხებს, არ არსებობს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბახუსევის შეგრძნებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული.
ამავდროულად, „სინოფარმით“ აცრისას მოსახლეობას მედპერსონალისგან ეძლევა რეკომენდაცია, რომ მოერიდოს ალკოჰოლის მიღებას ვაქცინის მეორე დოზის მიღებამდე.
NCDC: გარდა ამისა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში; იგი წარმოადგენს რისკის ფაქტორს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
ცნობით, დადგენილია კავშირი ალკოჰოლის მძიმე მოხმარებასა და პნევმონიასთან, ფილტვების ინფექციებთან და სხვა რესპირატორულ მდგომარეობებთან, რაც ხელს უწყობს COVID 19-ის გართულებებს.
რაც შეეხება მარიხუანის მოხმარებას აცრამდე ან ვაქცინაციის შემდგომ დღეებში, ინფორმაცია მხოლოდ უცხოურ წყაროებში იძებნება. კანადური სამთავრობო ორგანიზაცია
BC Centre for Disease Control – ImmunizeBC-ი წერს, რომ მარიხუანის მოხმარების შემთხვევაშიც კი, კოვიდ19-ის ვაქცინა თქვენთვის უსაფრთხოა.
“თუმცა, როცა უშუალოდ ასაცრელად მიხვალთ,
BC Centre for Disease Control – ImmunizeBC-ი გირჩევთ, ფხიზელი იყოთ. ეს არა იმიტომ, რომ მარიხუანამ შესაძლოა შეაფერხოს ვაქცინის მოქმედება, არამედ იმიტომ, რომ მედმუშაკს სჭირდება თქვენი ინფორმირებული თანხმობა ვაქცინის გაკეთებამდე. მარიხუანამ კი შეიძლება შეაფერხოს (შეამციროს) თქვენი უნარი სრულყოფილად გაიაზროთ ჯანმრთელობის შესახებ უნარი და დასვათ შეკითხვები”.
მარიხუანის მოხმარებისა და COVID-19 ვაქცინების ეფექტურობის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. არსებობს მტკიცებულებები, რომ ზოგადად კანაფის მოწევას შეუძლია უარყოფითი შედეგები იქონიოს ადამიანის რესპირატორულ სისტემასა და იმუნურ კომპეტენციაზე, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია COVID-19 ვაქცინის მიღება იმისთვის, რომ თავი დაიცვათ ვირუსისგან, თუ ეწევით, წერს ImmunizeBC-ი.
ამერიკულ ტელეარხ
CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში სტენფორდის ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი ენ ლიუ საუბრობს ზოგადად მოწევის მავნე ზეგავლენაზე, რადგან თამბაქოს მწეველები Covid 19-ის გართულებების განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. მისივე თქმით, ზოგადად მოწევას კონკრეტული ზეგავლენა აქვს სისხლძარღვებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ხოლო პანდემიისას გამოჩნდა, რომ სისხლძარღვებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები კოვიდით გამოწვეული გართულებების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
„მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანასა და კოვიდის ვაქცინის ეფექტის შესახებ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, დიდი ალბათობით ის ვერ მოახდენს გავლენას ვაქცინის მიერ განვითარებულ იმუნურ პასუხზე”, – თქვა იანგმა.
რაც შეეხება უფრო მძიმე ნარკოტიკებს, როგორიცაა კოკაინი ან ექსტაზი, ენ ლიუ ამბობს, რომ ვაქცინასთან მიმართებაში მათი ზემოქმედების შესახებ ჯერ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
სიგარეტი – აკრძალვა
ამავე თემაზე: