„სასამართლო მოვუგე, მაგრამ ძმისშვილი ისევ მირეკავს და მემუქრება: ხომ იცი, რამდენ ვინმეს ვიცნობ, მთავრობის კაცი ვარ, საერთოდ ქუჩაში დაგტოვებო,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ნათელა ბრუნჯაძე. ის 70 წლის მარტოხელა ქალია და პენსიით ირჩენს თავს. ნათელა ბრუნჯაძემ სასამართლო დავა თავის ძმისშვილს – გენადი ჩხაიძეს მოუგო იმის მიუხედავად, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულება ოფიციალურად არ არსებობდა. ეს ხელშეკრულება გულისხმობს შეთანხმებას, როცა ადამიანი უძრავი ან სხვა ქონების მიღების სანაცვლოდ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე უვლის.
ნათელა ბრუნჯაძე შიშობს, რომ საკუთარ სახლს ვეღარ დაიბრუნებს, რადგან ძმისშვილი, ვისთანაც დავა აქვს, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორია, „არჩევნებზე, როგორც სპორტსმენი, ხელისუფლებას ეხმარება“ და „გავლენები აქვს“.
გენადი ჩხაიძე მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ნათელა ბრუნჯაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება მას შემდეგ უჭირს, როცა 2016 წელს ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ დაწყებულა კონფლიქტი მამიდას და ძმისშვილს შორისაც.
„სულ აქტიური ვიყავი, რესტორნებში მზარეულად ვმუშაობდი, მერე ვვაჭრობდი, ერთ დღეს, მოულოდნელად, ფეხები გამიჩერდა, მხოლოდ ქვედა კიდურებს ვამოძრავებდი,“ – გვიყვება ნათელა ბრუნჯაძე. – „მანამდეც არ იჩენდა გენადი ყურადღებას, მაგრამ არ ვიმჩნევდი, ოპერაციის დროს კი, საერთოდ არ მომხედა, თბილისში რომ ჩამოვიდა მანქანით, ის ფულიც მე გადამახდევინეს, ოპერაციაზე და წამლის ფულზე აღარ მაქვს ლაპარაკი… ვუთხარი, რომ ჩემი სახლი უნდა დაებრუნებია ან ფული მოეცა. არ მინდოდა, უპატრონოდ სიკვდილი…“, – ჰყვება ნათელა ბრუნჯაძე.
ნათელა ბრუნჯაძეს მანამდე კერძო სახლი და მიწის ნაკვეთი [242 კვ.მ.] ჰქონია ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე. 2013 წელს ძმისშვილი მამიდას ხელშეკრულების დადების გარეშე შეუთანხმდა, რომ მოუვლიდა, სანაცვლოდ კი, სახლი გენადი ჩხაიძეს დარჩებოდა.
„რჩენის ხელშეკრულების გაფორმებაც მინდოდა, მაგრამ მაგას 1000 ლარი უნდა და ძმისშვილმა მითხრა, რად გვინდა ამდენი ხარჯი, აგერ ვარო“ – იხსენებს ნათელა ბრუნჯაძე 2013 წლის დეტალებს, როცა საკუთარ ძმისშვილს რეესტრში გაჰყვა უძრავი ქონების გადასაფორმებლად. დოკუმენტების მიხედვით ნათელა ბრუნჯაძის უძრავი ქონება 2013 წელს გადავიდა გენადი ჩხაიძის საკუთრებაში – ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი 1000 ლარია. მამიდას სახლი და მიწის ნაკვეთი კი, ძმისშვილს 45 ათას ამერიკულ დოლარად გაუყიდია და სხვადასხვა ქონება შეუძენია, მათ შორის, პატარა ბინა აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე ნათელა ბრუნჯაძე მარტო ცხოვრობს.
კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ვიდრე ნათელა ბრუნჯაძე სასამართლოს მიმართავდა ძმისშვილის წინააღმდეგ, გენადი ჩხაიძეს მამიდას გაყიდული სახლისგან ნაყიდი ქონება, მათ შორის, ავტომანქანა ლექსუს GX470 თავისი ცოლის სახელზე გადაუფორმებია. მოსამართლეს გენადი ჩხაიძემ უთხრა, რომ მამიდას სახლი პატიოსნად იყიდა და შემდეგ კეთილსინდისიერად გაყიდა, რჩენის ხელშეკრულება კი, საერთოდ არ არსებობდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ რეალურად უძრავი ქონების დავასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დარღვევასთან.
„სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნათელა ბრუნჯაძეს და გენადი ჩხაიძეს შორის 2013 წლის 18 მარტს დაიდო სამისდღეშიო ხელშეკრულება, რომლითაც მარჩენალმა იკისრა სარჩენის რჩენის ვალდებულება, ხოლო სარჩენი მარჩენალს გადასცემდა საკუთრებაში უძრავ ქონებას, მდებარე ბათუმში, გ. ბრწყინვალეს 152-ბ-ში. მარჩენალი ვალდებული იყო ერჩინა სარჩენი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე გენადი ჩხაიძის მტკიცებას, რომ 2013 წლის 18 მარტს ნათელა ბრუნჯაძესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხეს მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ის არ გადასულა საცხოვრებელ ბინაში. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნათელა ბრუნჯაძე განაგრძობდა აღნიშნულ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას,“ – ვკითხულობთ სასამართლო გადაწყვეტილებაში.
მოსამართლე სალიხ შანიძემ ყურადღება გაამახვილა სახლის ფასზე – რა ფასად იყიდა იგი გენადი ჩხაიძემ და შემდეგ რამდენად გაყიდა:
„ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 1000 ლარით, შემდეგ კი, აღნიშნული სადავო ქონება გასხვისებული იქნა 45 ათას აშშ დოლარად, რაც ასევე მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა“, – წერს მოსამართლე.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ ისარგებლა გენადი ჩხაიძესთან პროკურატურაში შედგენილი გასაუბრების ოქმითაც – ვიდრე ნათელა ბრუნჯაძე სამოქალაქო წესით ძმისშვილს სასამართლოში უჩივლებდა, 2018 წელს მას პროკურატურისთვის მიუმართავს. პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიება არ დაუწყია, თუმცა გენადი ჩხაიძეს გამომძიებლებთან გასაუბრების დროს დაუდასტურებია, რომ ბინის სანაცვლოდ მამიდა ბოლომდე უნდა ერჩინა და მან სწორედ ამ პირობით გადაიფორმა სახლი გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე.
„2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მე ვუვლიდი კიდეც, ოპერაციაც გავუკეთე,“ – უთქვამს გამომძიებლისთვის გენადი ჩხაიძეს, თუმცა სხვა მოწმეებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ოპერაციის ფულიც 2016 წელს თავად ნათელა ბრუნჯაძემ გადაიხადა.
„მოპასუხე გენადი ჩხაიძემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მისი ფულადი სახსრებით დაიფარა როგორც ოპერაციის, ასევე სხვა სამკურნალო პროცედურების და მედიკამენტების საფასური…“ – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ ასევე მიიჩნია, რომ გენადი ჩხაიძეს და თეა სანიკიძეს [ცოლი] შორის 2018 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებები მოჩვენებით დადებული გარიგებებია და ესეც უნდა გაბათილდეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, გენადი ჩხაიძემ ნათელა ბრუნჯაძეს უნდა გადაუხადოს 45 ათასი დოლარი, ასევე ბაჟი 3 ათასი ლარი და ადვოკატების ხარჯი – 1045 ლარი.
მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც „როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გენადი ჩხაიძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა აპელაცია პირველ ინსტანციას დაეთანხმა. ახლა ჯერი საკასაციო სასამართლოზეა.
დაიწყო თუ არა გამოძიება ან წინასაგამოძიებო მოქმედებები ნათელა ბრუნჯაძის საქმეზე? – ვიკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებიდან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
„როგორ გეკადრებათ, მაგას როგორ ვიზამდი,“ – კატეგორიულად უარყოფს მუქარას გენადი ჩხაიძე, რომელსაც ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით.
რა არგუმენტით მიიჩნევს, რომ სასამართლო დავა უნდა მოიგოს? ეხმარებოდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ? – ამ კითხვების დასმის შემდეგ გენადი ჩხაიძემ გვითხრა, რომ კითხვებს ვერ უპასუხებს, რადგან საჭესთან ზის და არ იცის, როდის შეძლებს საუბარს.