კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ოქსფორდის პროფესორი ფიჭვნარზე, სადაც სასტუმროს აშენებენ: კავკასიაში ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია

14.05.2021 • 18009
ოქსფორდის პროფესორი ფიჭვნარზე, სადაც სასტუმროს აშენებენ: კავკასიაში ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია

მაიკლ ვიკერსი ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორია. მან ქობულეთის ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციის მოსაწყობად 100 000 აშშ დოლარი დაფინანსება მოიპოვა და ნაქალაქარზე მუშაობის შესაძლებლობა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მისცა. ქართულ-ბრიტანული ექსპედიცია 1998 წელს დაიწყო და 13 წელი გაგრძელდა.  მკვლევარი ახლაც საქართველოში იმყოფება, მან „ბათუმელებთან“ ფიჭვნარის ნაქალაქარის მნიშვნელობაზე და მისი სრულად შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთავრობამ გაასხვისა, შპს „Green Resort“ აქ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

  • ატონო მაიკლ, ვიცით, რომ თქვენ პირადად იკვლევდით ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიას, როდის და როგორ მიიპყრო ამ ადგილმა თქვენი ყურადღება, რატომ გადაწყვიტეთ დაგეწყოთ მისი შესწავლა?

ეს ადგილი სამოცდაათიანი წლებიდან იყო არქეოლოგების დაკვირვების ქვეშ. 1988 – 89  წლებშიც აქ  აწარმოებდნენ გათხრებს, შეიძლება უფრო ადრეც. 90 – იან წლებში გართულებული სიტუაციების გამო აქ პრობლემები შეექმნათ არქეოლოგებს, მუშაობა გახდა შეუძლებელი. ამ დროს ასლან აბაშიძისთვის პრიორიტეტული იყო გონიოს არქეოლოგიური ზონა და ამირან კახიძისთვის [არქეოლოგი] იყო ძალიან გულდასაწყვეტი, რომ ფიჭვნარი იყო მივიწყებული და მიტოვებული.

როდესაც ჩამოვედი და შევხვდი ამირანს, მან გამიზიარა თავისი წუხილი და მთხოვა დახმარება. თავიდან ვიფიქრე, რომ ძალიან რთული იქნებოდა თანხის მოძიება. მაშინ ამ ტერიტორიაზე არც სინათლე იყო, არც წყალი, რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ამ იდეას დაეთანხმა „ოქსფორდი“ და საკმაოდ იოლად მოვიპოვეთ ფული ექსპედიციის ხარჯებისთვის. ბევრი სტუდენტი იყო „ოქსფორდიდან“, დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც აქ სამუშაოდ სიამოვნებით ჩამოდიოდნენ.

13 წლის განმავლობაში ქართული მხარე და უცხოელი სტუდენტები აქ ერთად თანამშრომლობდნენ,  იყო ძალიან სასიამოვნო ურთიერთობები, თითქოს ერთგვარად ასახავდა კიდევაც იმ  ანტიკურ პერიოდს, როდესაც კოლხები და ძველი ბერძნები თანაცხოვრობდნენ. დაახლოებით 100 ათასი დოლარამდეა აქ დახარჯული, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ადგილობრივ ეკონომიკასაც.

ჩვენ აქ გვაქვს ორი სამაროვანი, ერთი არის ბერძნული, ანუ ის ხალხი, ვინც აქ ჩამოდიოდა და აქ არც ისე შორს იყვნენ დამარხული კოლხებისგან. როგორც ჩანს, ბერძნები ძალიან კარგად იყვნენ მიღებული ამ  არემარეში. მათ შორის დაკრძალვის წესებში არის ისეთი განსხვავებები, რაც გვაძლევს საშუალებას ზუსტად ვთქვათ, რომელი იყო კოლხური სამაროვანი და რომელი ბერძნული. ასე იყო ჩვენს ექსპედიციაშიც, უცხოელი სტუდენტები და სხვა სპეციალისტები ძალიან კეთილმოსურნედ მიიღეს ადგილობრივებმა და გვქონდა ძალიან სასიამოვნო თანამშრომლობა.

13 წლის მუშაობის შედეგია ის პუბლიკაციები, რომლებიც შესრულდა ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად, ეს არის ის შვიდი ტომი, რამაც დიდი პოპულარიზაცია გაუწია ფიჭვნარს, ისინი აღმოჩნდა უცხოურ უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში, ასევე ბათუმის მუზეუმში ძალიან დიდი რაოდენობით მასალა წავიღეთ და შევავსეთ ის არაჩვეულებრივი კოლექცია, რომელიც დღეს ინახება ბათუმის მუზეუმში.

  • გვითხარით სამაროვანის მნიშვნელობაზე, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ასევე საერთაშორისო დონეზე.

თავისთავად ის, რომ ფიჭვნარი მნიშვნელოვანია ეს არის ის, რომ აქ ჩანს ყველაზე უფრო კარგად ბერძნულ – კოლხური ურთიერთობები. კოლხეთი ეს უძველესი ცივილიზაცია იყო, მას ჰქონდა თავისი სამეფო, თავისი კულტურა, ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი ამისი არის ვანის არქეოლოგია, რომელიც შეიძლება უფრო ფუფუნების საგნებში აისახა, მაგრამ ფიჭვნარში გვაქვს საშუალება დავაკვირდეთ ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვეულებრივ აღებ-მიცემობაში ჩართული ხალხის ურთიერთობას და ეს არ უნდა დაიკარგოს. ფიჭვნარის მნიშვნელობა არის ის, რომ შევუნარჩუნოთ ჩვენს მომავალ თაობას, მათ საშუალება მივცეთ, კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა ამის შესახებ, რომ უფრო დახვეწილი სამეცნიერო თუ ტექნიკური საშუალებებით ამოიღონ ინფორმაცია აქედან. ამხელა ტერიტორია თუ მოექცა დეველოპერების ხელში და ეს დაიკარგა, ეს იქნება ძალიან გულდასაწყვეტი და საქართველოს ისტორიისათვის დიდი დანაკლისი, თუ ეს არ შევინარჩუნეთ.

  • რა შეიძლება გაკეთდეს მის გადასარჩენად, როცა ტერიტორიის დიდი ნაწილი გასხვისებულია და მას ძეგლის სტატუსიც მოუხსნეს, ვინ რა უნდა გააკეთოს მის გადასარჩენად?

არის რამდენიმე გზა, აქედან ორს გამოვყოფდი. პირველი არის ის, რომ დეველოპერებს აქვთ პასუხისმგებლობა, გადაიხადონ იმის თანხა, რომ ასეთ მნიშვნელოვან  ადგილებში არქეოლოგიური გათხრები დააფინანსონ, სანამ დაიწყება სერიოზული მშენებლობები. ეს არის უფრო რეალისტური გზა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს შეთანხმებას. მეორე არის ის, რომ მოვიძიოთ ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ჩადებენ ფულს იმაში, რომ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდეს, მაგრამ ახლა შეიძლება უფრო გართულდეს ახალი პარტნიორის მოძებნა. ამ შემთხვევაში უფრო საკანონმდებლო ხაზს უნდა გაყვეთ, ნაქალაქარის საზღვრები უნდა დადგინდეს,  ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც ვხედავთ არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელების პერსპექტივას, ისინი უეჭველად უნდა იყოს დაცული.

ეს მართლა უძვირფასესი ადგილია, ასეთი მთელს კავკასიაში არ არის და არც სხვაგან არ არის. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ ვხედავთ როგორ მოდიოდნენ ბერძნები, ვაჭრობდნენ, ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ აქ. ეს სრულიად უნიკალური ადგილია. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ გავაკეთოთ ისტორიული მუზეუმი, სადაც შესაძლებელია გამოიფინოს მასალები. დეველოპერებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის საშუალება, მაგრამ იმ ფარგლებში, რასაც დაუწესებს კანონი, მეცნიერებს კი უნდა მიეცეთ კვლევების ჩატარების საშუალება..

ფიჭვნარის ბერძნული ნეკროპოლისი. ძვ.წ V საუკუნე. წითელფიგურული ზარისებრი კრატერი ზევსისა და ფრთოსანი ირისის გამოსახულებით. [ ფოტო: ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი]

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: