მთავარი,სიახლეები

20 ათასზე მეტი მოქალაქე კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს – პეტიცია

14.05.2021 • 2326
20 ათასზე მეტი მოქალაქე კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს – პეტიცია

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძეა.

პეტიციის ტექსტში წერია, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული.

„კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  მაღაზიებსა და სხვა მსგავს არეებში) უშუალოდ კომენდანტის საათის დაწყების წინ, ვიდრე ეს იქნებოდა კომენდანტის რეჟიმის არარსებობის პირობებში.

საზოგადოებრივ სივრცეებში დისტანცირების მოთხოვნის მკაცრი დაცვა, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევინციისათვის, კავშირში არ არის კომენდანტის საათთან. პირიქით, საკომენდანტო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მისი ამოქმედების დროის მოახლოებისას, დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

ამავე ტექსტში საუბარია იმაზე, რომ „ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის“.

„უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას ფატალობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ზრდა ფიქსირდება. მით უფრო, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებლების 35%-ს უკვე აქვს გადატანილი ვირუსი, ხოლო მათგან 68%-მა არ იცოდა ამის შესახებ“.

პეტიციის ავტორის აზრით, უნდა გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ უნდა გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია.

„დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, მოვითხოვთ კომენდანტის რეჟიმის გაუქმებას, რაც კი არ გააუარესებს არსებულ ვითარებას, არამედ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ სივრცეებში ადამიანთა კონცენტრაციის შემცირებას და აღარ მოგვევლინება ვირუსის გავრცელების პირდაპირ ხელისშემწყობ ფაქტორად“, – ნათქვამია პეტიციაში.

ამ დროისთვის პეტიციაზე კომენდანტის საათის მოთხოვნით 20 496 ადამიანს აქვს ხელი მოწერილი. პეტიციის ავტორები მინიმუმ 25 ათასი ხმის შეგროვებას აპირებენ.

ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი გასული წლის 28 ნოემბერს გამოცხადდა. საკოორდინაციო საბჭო კი აცხადებს, რომ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, კომენდანტის საათის მოხსნა ამ ეტაპზეც არ განიხილება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: