მთავარი,სიახლეები

რატომ არ მიულოცა მთავრობამ მუსლიმებს ბაირამის დღესასწაული

14.05.2021 • 5096
რატომ არ მიულოცა მთავრობამ მუსლიმებს ბაირამის დღესასწაული

გუშინ, 13 მაისს მუსლიმები მარხვის დასრულების დღესასწაულს, რამადან ბაირამს აღნიშნავდნენ. განსხვავებით მართლმადიდებლური დღესასწაულებისგან, მუსლიმებს ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაული არ მიულოცა არც საქართველოს პრეზიდენტმა და არც პარლამენტის თავმჯდომარემ. მათ ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაცია მილოცვის შესახებ არ იძებნება.

მუსლიმ მოსახლეობას რამადან-ბაირამი მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და, ასევე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერებმა.

რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარა მუსლიმი სასულიერო ლიდერები, კაბინეტში შეხვდა და ისე მიულოცა მათ დღესასწაული. სასულიერო ლიდერებთან შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეც.

„კომიკური სცენა იყო,“ – ასე აფასებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)-ის გამგეობის წევრი მარიამ ღავთაძე პრემიერის შეხვედრას სასულიერო ლიდერებთან.

„როგორ შეიძლება დღესასწაული, რომელსაც ეს ადამიანები აღნიშნავენ სამლოცველოში, შენ აი, ამ ფორმით მიულოცო მათ და ასე აღნიშნო. ესეც ალბათ რაღაც პოლიტიკური პოპულიზმის ნაწილია, რომ უმცირესობების სამლოცველოში არ მისვლით უმრავლესობა არ გააღიზიანონ და ა.შ.

ის, რომ მრგვალი, ოფიციალური მაგიდის გარშემო, ფეხზე მდგომები აღნიშნავენ რელიგიურ დღესასწაულს ადამიანები, ალბათ პირდაპირი განაცხადია, რა მნიშვნელობას ანიჭებს ამ მოქალაქეებს ან რელიგიურ მრავალფეროვნებას მთავრობა.

ასევე, ისიც საკითხავია, ის შემადგენლობა რაც ესწრებოდა და მიწვეული იყო პრემიერთან შეხვედრაზე, რამდენად ასახავდა  სრულიად საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას. მე ვთვლი, რომ ასეთი ფორმით მილოცვას, სჯობს საერთოდ არ იყოს მილოცვა. ვფიქრობ, ეს უფრო მასხრად აგდების ფორმაა,“ – ამბობს მარიამ ღავთაძე.

მისივე თქმით, მაშინ როცა „ხელისუფლება მუსლიმებს აიძულებს ღია ცის ქვეშ, მიწაზე ილოცონ, სრულიად დისკრიმინაციულად მეჩეთს არ აშენებინებს, რომელიც იმ თავდასხმას, რომელიც ხდება ამ ადამიანებზე, არ იძიებს და მეორეს მხრივ ფორმალურად, მთავრობაში, გაპრიალებული მაგიდის გარშემო აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულს, აბსოლუტურად პარალელური სამყაროა, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს“.

ღარიბაშვილის შეხვედრა მუსლიმ ლიდერებთან

პრობლემურს უწოდებს პრემიერთან გამართულ შეხვედრას პლატფორმა „სალამის“ წევრი ქამრან მამადლი.

„თავისთან მიიპატიჟა და არასადღესასწაულო განწყობა შეიქმნა. ასე ვთქვათ „კაბინეტში დაიპატიჟა“ სასულიერო ლიდერები, იქ მიულოცა და არ მიულოცა მოსახლეობას. სამწუხაროა, რომ არცერთმა უწყებამ არ აღნიშნა ეს დღესასწაული,“ – ამბობს ქამრან მამადლი.

პლატფორმა „სალამის“ წევრი „ბათუმელებთან“ საუბარში აქცენტს აკეთებს იმ მუნიციპალიტეტების ქცევაზე, სადაც ეთნიკური  უმცირესობები ცხოვრობენ და ამბობს, რომ ამ ქალაქების ოფიციალურმა ორგანოებმაც კი არ ჩათვალეს საჭიროდ მილოცვა. სწორედ ამიტომ, 13 მაისის საღამოს სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს ონლაინ საპროტესტო აქცია – სამადლობელი მილოცვა იმ ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი, რომლებმაც მოსახლეობას რამადანის დღესასწაული არ მიულოცეს.

„გილოცავთ რამადანს და მადლობას გიხდით მოქალაქეებისათვის ყურადღების თანაბარი „გადანაწილებისათვის“ –  წერია საპროტესტო/მისალოც გზავნილებში მუნიციპალიტეტების მიმართ.

ახმეტა, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, ქობულეთი, წალკა – ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც მცხოვრებმა აქტივისტებმა გააპროტესტეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა დამოკიდებულება მუსლიმი მოსახლეობისადმი.

ქამრან მამადლი ამბობს, რომ არსებითად პრობლემურია სახელმწიფოს და ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ.

„ეს მოვლენა, რაც მოხდა, აქტივისტების პოზიტიური პროტესტი – მილოცვა მუნიციპალიტეტების მიმართ, იყო იმის შედეგი, რომ მუნიციპალიტეტებმა არ მიულოცეს მუსლიმ თემს რამადან-ბაირამი.

საინტერესოა ის, რომ ზუსტად რამოდენიმე დღის წინ რელიგიური დღესასწაულები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა მიულოცა მოსახლეობას სოციალურ ქსელებში, რაც არსებითად გვაფიქრებინებს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ხშირად ორიენტირებული არიან არა ადგილზე მცხოვრები ადამიანების საჭიროებებზე, არამედ ვიწრო ეთნიკური ხედვებიდან ამოდიან ხოლმე საკუთარი სამუშაოს განხორციელების დროს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება თვითმმართველობის იდეას, რადგან თვითმმართველობა გულისხმობს ადგილზე მცხოვრები ადამიანების საჭიროების გათვალისწინებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქამრან მამადლიმ.

მისივე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მიმართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობებისაკენ.

„მესმის, რომ რაღაცნაირად მივეჩვიეთ იმას, რომ ცენტრში უმცირესობების საჭიროებები არ არის გათვალისწინებული. თუმცა ცენტრალურ დონეზე ხელოვნური ფორმატები მაინც არსებობს, როგორც აი, მაგალითად, პრემიერის თავის კაბინეტში მილოცვა იყო სასულიერო ლიდერების მიმართ. ეს რაღაც მომენტში კვაზი მილოცვის სახეს ატარებს. თუმცა ადგილზე ეს ყველაფერი არ ხდება და სამწუხაროა, რომ თვითონ თვითმმართველობების სამუშაო პროცესი არაინკლუზიურია.

ყველაზე მთავარი რაც ამ პროცესებმა დაგვანახა, არის ის, რომ  არა მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტს აქვს ეს პრობლემა, არამედ – სხვა მუნიციპალიტეტებსაც. საინტერესოა ის, რომ ამ აქციის შემდეგ დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიულოცა გარდაბნის მუნიციპალიტეტს რამადან-ბაირამი,“ – ამბობს პლატფორმა „სალამის“ წევრი.

  • რას ამბობენ მუნიციპალიტეტებში

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამდენიმე მუნიციპალიტეტს, სადაც მცხოვრებმა მუსლიმებმა პროტესტი გამოთქვეს მისალოცი ტექსტების არ გამოქვეყნების გამო.

მარიამ სოლოღაშვილმა, გარდაბნის მერიის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ რამადანის არ მილოცვა მუსლიმებისათვის ტექნიკური ხარვეზია.

„ჩვენ ყოველთვის ვულოცავთ რამადან ბაირამს.  გარდაბნის მერის გვერდზეც იდო მისალოცი. მუნიციპალიტეტის გვერდს რაც შეეხება, უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი იყო. უბრალოდ ვერ გამოქვეყნდა, რაღაცა პრობლემა ჰქონდა გვერდს“ – უთხრა მარიამ სოლოღაშვილმა „ბათუმელებს“.

„ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს. თუმცა ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ოფიციალურ გვერდზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე დაიდო მილოცვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

წალკის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური რამადან ბაირამის არ მილოცვას ავადმყოფობით ხსნის. პრესსამსახურის თანამშრომელმა ირმა თავართქილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ავად იყო და ამიტომ ვერ შეძლო მილოცვის განთავსება.

„ახალი ვარ ამ სამსახურში. ავად ვიყავი. არ მქონდა ახლოს ტექნიკური საშუალება, რომ მილოცვა გამომექვეყნებინა,“ – ამბობს ირმა თავართქილაძე.

  • ხელისუფლების დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობებისადმი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)-ის გამგეობის წევრი მარიამ ღავთაძე სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური უმცირესობებისადმი დამოკიდებულებას აფასებს, როგორც სისტემურ მიდგომას, რომელიც წლებია არ იცვლება.

„ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პრობლემა. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების პრობლემა, რომელიც ასევე ვრცელდება და გაზიარებული არის ადგილობრივი ხელისუფლების მიერაც.

თვითმმართველობები იმ რეგიონებშიც კი, რომელიც მრავალფეროვანია კულტურულად, ეთნიკურად, რელიგიურად, ვერ პასუხობენ ამ მრავალფეროვნებას.

ეს პირველ რიგში მიუთითებს სახელმწიფოს გულგრილ დამოკიდებულებაზე მოქალაქეების ნაწილის მიმართ.  მოქალაქეების ვერ აღქმაზე, არ დაფასებაზე, რაც ყოველდღიურ პოლიტიკაში ძალიან კარგად ჩანს.

თუნდაც რომ ავიღოთ შარშანდელი და წლევანდელი წელი, დამოკიდებულება სახელმწიფოსი დომინანტური ჯგუფის მიმართ,  მისთვის მინიჭებული პრივილეგიები, მოლაპარაკებები, შეღავათები და მეორე მხრივ – დამოკიდებულება სხვა რელიგიური ჯგუფებისა და კონფესიების მიმართ, ეს იყო დეკლარირებულად დისკრიმინაციული,“ – ამბობს მარიამ ღავთაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფოს დამოკიდებულება კარგად ჩანს მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე, სადაც გამოქვეყნებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

„ქვემო ქართლის, მარნეულის, ბოლნისის მუნიციპალიტეტების ვებგვერდები რომ ნახოთ, არც კი არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია უმცირესობების ენაზე. ესეც მიანიშნებს იმაზე, რამდენად არასრულფასოვან მოქალაქეებად აღიქვამს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს.

ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო და საგანგაშო, როცა სახელმწიფო ერთის მხრივ უგულებელყოფს მოქალაქეების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, და მეორეს მხრივ – არღვევს და ლახავს მათ უფლებებს,“ – ამბობს მარიამ ღავთაძე.

კითხვაზე, თუ რატომ რჩებიან ხშირად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რელიგიური უმცირესობები, მარიამ ღავთაძე ასე პასუხობს:

„ორი მიზეზია – ერთი არის, რომ რომ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის (ასე ფიქრობს ყოველშეთხვევაში) მისთვის მომგებიანი არის მხოლოდ დომინანტური ჯგუფებთან ჰქონდეს მჭიდრო კავშირები, ის ასიამოვნოს, მას მიანიჭოს პრივილეგიები და პარალელურად შეზღუდოს უმცირესობის უფლებები. სწორედ ასე იქცევა სახელმწიფო და თვლის, რომ ეს მისთვის პოლიტიკურად მომგებიანია. პოპულიზმი შეიძლება ვუწოდოთ ამას.

და მეორე – ალბათ არ ცოდნა. ხელისუფლებას არ აქვს არანაირი მგრძნობელობა ამ საკითხისადმი და ვერ აფასებენ იმ კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელიც აქვს საქართველოს ტრადიციულად“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: