მთავარი,სიახლეები

„ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ – წიგნი სულხან სალაძის კოლექციის მიხედვით

15.05.2021 • 1908
„ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ – წიგნი სულხან სალაძის კოლექციის მიხედვით

გამოიცა „ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ – თბილისის შესახებ ევროპული გრავიურების პირველი ალბომი, რომელიც აერთიანებს ჩანახატებს 1673 წლიდან XIX საუკუნის ბოლომდე. ალბომში სულხან სალაძის კოლექციაში დაცული ასამდე გრავიურაა თავმოყრილი.

ალბომში შეტანილი გრავიურები ძველი თბილისის ხედების გარდა ქალაქს, მის მცხოვრებთა ყოფას და ეთნიკურ მრავალფეროვნებასაც ასახავს. მათი დიდი ნაწილი უნიკალურია და საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ბევრი მათგანი ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა, თუმცა ავტორის თქმით, მას არ აქვს პრეტენზია, რომ ეს ალბომი სრულად მოიცავს თბილისზე არსებულ გრავიურებს: „არის სხვა გრავიურებიც“.

ალბომი ორენოვანია [ქართულ-ინგლისური] და ის საინტერესო წყარო იქნება ყველასთვის, ვისაც ძველი თბილისის ისტორია აინტერესებს.

გრავიურებს შორისაა ჟან შარდენის მოგზაურობის ფერადი ჩანახატი თბილისზე:

„ალბომი იწყება თბილისის ყველაზე ძველი გრავიურით, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული. 1673 წელს შესრულებული თბილისის ჩანახატი საქართველოში ერთადერთია, ეს არის  ჟან შარდენის მოგზაურობის ფერადი ჩანახატი. რა თქმა უნდა, ის დაბეჭდვის შემდეგაა გაფერადებული და გამოცემულია 1686 წელს ლონდონში მოზეს პიტის მიერ“.

გრავიურები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სულხან სალაძემ სხვადასხვა აუქციონებსა და უშუალოდ გამყიდველებთან მოლაპარაკების გზით შეიძინა:

„ძალიან საინტერესოა მეცხრამეტე საუკუნის გრავიურები 20-30-იანი წლების ჩათვლით, როცა თბილისი ჯერ კიდევ ისაა, რაც ერეკლეს დროინდელ ქალაქს უკავშირდება. გრავიურებს თან ერთვის მათი აღწერა – ვის მიერ არის შესრულებული ჩანახატები, რომელ წელს და ვის მიერ არის დაბეჭდილი და ასე შემდეგ. ბევრი ინფორმაცია არც არის დაცული, თუმცა კვლევების შედეგად მათი სისტემატიზაცია მაინც მოხერხდა“.

კოლექციონერის თქმით, ალბომი მოიცავს გრავიურებს ქალაქის ხედებით და ასევე გრავიურებს, რომელიც ასახავს იმდროინდელი თბილის ყოველდღიურ ცხოვრებას.

„მნიშვნელოვანი გარდატეხა, რამაც დიდწილად შეუწყო ხელი თბილისზე გრავიურების რაოდენობის ზრდას, ზოგადად, მსოფლიოში და თბილისთან დაკავშირებით, ეს იყო მეცხრამეტე საუკუნის 40-იანი წლები. ამ დროს ევროპაში ჩნდება ილუსტრირებული პრესა. ილუსტრირებულ პრესაში ძალიან მალე – 40-იანი წლების ბოლოს თბილისის პირველი გრავიურები დაიბეჭდა. ამის შემდეგ შეუქცევადად მიდის პროცესი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მეცხრამეტე საუკუნის 60-70 -იან წლებში სრულდება – ამის შემდგომ უკვე ფოტოგრაფია იკიდებს ფეხს“, – გვიყვება სულხან სალაძე.

თბილისთან დაკავშირებული გრავიურების მოძიებისას სულხან სალაძე პოულობდა გრავიურებს საქართველოს სხვა ქალაქების შესახებაც, მის კოლექციაში ინახება გრავიურები ბათუმის და ქობულეთის შესახებ:

„მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლებზე მუშაობის დროს შევხვდი საოცარ გრავიურებს ქობულეთზე და ჩემს კოლექციაში არის ასევე გრავიურები ბათუმზე.“

ალბომის ავტორი ამბობს ასევე, რომ გრავიურებზე მუშაობისას მას არ გამოუყენებია რუსული წყაროები, რაც მეტ-ნაკლებად საზოგადოებისთვის ცნობილია:

„მე მსურს საზოგადოებას ვაჩვენო, რომ რუსეთს იქით, სადაც ნამდვილი ევროპა იყო, იქაც ბევრი რამ იცოდნენ საქართველოზე.“

სულხან სალაძე სამომავლოდ ჯერ საქართველოს გრავიურების, შემდეგ კი კავკასიის ქვეყნების გრავიურების გამოცემას გეგმავს. ის გეგმავს ასევე გრავიურების გამოფენას – დაინტერესებულ ადამიანებს ორიგინალების ნახვის საშუალება რომ მისცეს.

„ძველი თბილისის ევროპული გრავიურები“ გამოცემლობა „არტანუჯმა“ დაბეჭდა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: