განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმელი და-ძმა, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ, სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს

13.05.2021
ბათუმელი და-ძმა, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ, სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს

მარიამი, ჯანი და აზიფე  სკოლაში აუცილებლად ისწავლიან – ირწმუნება განათლების სამინისტრო. ეს ის სამი ბავშვია, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ. მათი ისტორია საზოგადოებას „ბათუმელებმა“ გააცნო.

9, 11 და 16 წლის ბავშვები ვერ სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებით – მიიღონ საბაზო განათლება. ბავშვების დედა ამბობს, რომ სკოლებს ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით ორჯერ მიმართა, თუმცა სათანადოდ ვერ მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ უნდა მოქცეულიყო.

„უმცროსი ანუ ცხრა წლის ბავშვი უკვე დარეგისტრირდა და სექტემბრიდან სკოლაში ივლის. 11 წლის ჯანისთან  დისციპლინური კომისია მუშაობს, რომელიც დაადგენს რომელ კლასში უნდა დაჯდეს ბავშვი, თუმცა, ჩათვალეთ, რომ  ჯანი უკვე სკოლაშია,“- გვითხრეს საქართველოს განათლების სამინისტროში.

რაც შეეხება 16 წლის მარიამს,  სამინისტროს ინფორმაციით, მასთან მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი მუშაობს და ასევე მოზარდის დედას, როგორც ბავშვის იურიდიულ წარმომადგენელს, სთხოვეს ხელმეორედ მიმართოს სკოლას ბავშვის ჩასარიცხად.

რადგან მარიამს მეორე კლასის შემდეგ სკოლაში არ უვლია, ქართულ სკოლაში კი არასდროს, სტანდარტი ითვალისწინებს მისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას, რომელიც მას აკადემიური ჩამორჩენის დაძლევაში დაეხმარება.

„როგორც ვიცით, უკვე შემუშავებულია რამდენიმე კურიკულუმი, ეს არის სპეციალურად სკოლის მიღმა ბავშვებისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დაგვიანებით შევიდნენ სკოლაში და თუ საჭირო გახდება, ინდივიდუალურადაც იმუშავებს სპეციალისტი ყველა ბავშვთან. მათთან იმუშავებენ სოციალური მუშაკებიც,“- გვითხრეს სამინისტროში.

შეეძლო თუ არა სკოლას თავიდანვე დაეკვალიანებინა და არა 9-10 წლის შემდეგ? – სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მათი კომპეტენცია არ არის.

„იუსტიციას უნდა მიაკითხოს მშობელმა, რადგან იქიდან იწყება ნებისმიერი საქმის წარმოება. შესაბამისად, იქ დააკვალიანებდნენ,“ – გვიპასუხეს სამინისტროში.

მარიამი, ჯანი და აზიფე ონდერები თავდაპირველად თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ, თუმცა მათი მშობლები დაქორწინებიდან რამდენიმე წელში საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ბავშვებიდან მხოლოდ მარიამია საქართველოს მოქალაქე, ჯანი და აზიფე კი თურქეთის მოქალაქეები არიან. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ბავშვები საჯარო სკოლაში არ მიიღეს.

მარიამის შემთხვევაში კი, როგორც დედა ამბობდა, სკოლამ მიღებაზე უარი მშობელს იმ მოტივით უთხრა, რომ მან ვერ წარმოადგინა თურქულ სკოლაში ორწლიანი სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. დედის თქმით, მარიამი თურქულ სკოლაში არაოფიციალურად იყო ჩარიცხული და შესაბამისად, სკოლა ვერ მისცემდა დოკუმენტს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 10 ათასზე მეტი 16 წლამდე ბავშვია, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. აქედან კი, სულ ცოტა, 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას სახელმწიფო ვერ ახერხებს.

_______________

ამავე თემაზე:

და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ [Video]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: