მთავარი,სიახლეები

შოკში ვიყავი, როცა 50 ოჯახი დავკარგე – ახალგაზრდა მეფუტკრე ქედიდან [ვიდეო]

15.05.2021 • 7695
შოკში ვიყავი, როცა 50 ოჯახი დავკარგე – ახალგაზრდა მეფუტკრე ქედიდან [ვიდეო]

სოფელი გარეტყე მაღალ მთებზეა შეფენილი. მაისის ამ დროს ტყეში აკაციისა და შქერის სურნელი ტრიალებს. მეფუტკრეები მალე მაისის თაფლს მოიწევენ, რომელიც სწორედ ამ ყვავილების ნექტარით ამზადებს ფუტკარი.

სკას დასტრიალებს ახალგაზრდა მეფუტკრე გიორგი ლამპარაძეც, რომელიც ქედაში, სოფელ გარეტყეში ცხოვრობს. 15 წლის იყო, როცა მეფუტკრეობით დაინტერესდა და გადაწყვიტა, რომ მათზე იზრუნა. თუმცა გასულ წელს არ გაუმართლა და წლების ნაშენები ოჯახები დაეღუპა.

გიორგი ლამპარაძე, მეფუტკრე ქედიდან

„შოკში ვიყავი, რადგან 50-60 ოჯახი დავკარგე. ძალიან განვიცადე, დიდი სტრესი იყო ეს ჩემთვის“, – გვეუბნება გიორგი. ფუტკრების ოჯახის დაღუპვით გიორგიმ დაახლოებით 40 ათასი ლარი იზარალა, რადგან ერთ ტონაზე მეტ მოსავალს ელოდა. თუმცა იმედგაცრუებას სძლია და ბიზნესის თავიდან დაწყებაზე დაიწყო ფიქრი.

„როცა საქმე გიყვარს, ადვილად ვერ ელევი“, – გვეუბნება ის. ფინანსურ ზარალს კორონავირუსის პანდემია დაემატა, მეფუტკრემ ოჯახების შეძენაში დახმარება მთავრობას სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ბოლოს მაინც მოახერხა 16 ოჯახის შეძენა.

ოქტომბერში გიორგის ფუტკრის 60-მდე ოჯახი დაეღუპა, თუმცა ოჯახები თავიდან შეიძინა

„საქმე ისე მიდის, გულს რომ გაუხარდება, მუშაობენ და ვნახოთ რას მოგვიტანს. ძლიერი ოჯახები მყავს და კარგი ღალიანობის დროს 200-300 კილომდე შეიძლება ავიღო“, – გვეუბნება მოზუზუნე სკებთან მოფუსფუსე მეფუტკრე. ოჯახი იზრდება და ეს ახარებს. თვის ბოლოს მაისის თაფლსაც ელის, ბევრს არა, მაგრამ ეს მისი ბიზნესის ახალი სიცოცხლეა.

ვარვა – ფუტკრის ყველაზე საშიში მტერი

ფუტკარს ყველაზე მეტად სწორედ ეს მწერი ებრძვის. მეფუტკრეები მას ფუტკრის ტკიპას ეძახიან. ვარვა ფუტკარს ყვავილზე მუშაობის დროს აეკიდება ხოლმე, ასე აღწევს სკაში და მრავლდება.

გარეტყეში 15-მდე ოჯახი ცხოვრობს და უმრავლესობას ჰყავს ფუტკარი, თუმცა გასული წლის ოქტომბერში გიორგის მსგავსად მათაც იზარალეს. „სადღაც 400-მდე ოჯახი მარტო ამ სოფელში დაეღუპათ. ისე კი, ქვეყნის მასშტაბით, ასი ათასი ოჯახია დაღუპული“, – ამბობს გიორგი.

„ახალი კარგად მუშაობს, მაისის ბოლოს შესაძლოა 1 სკიდან 3-4 კილო თაფლი ავიღო“, – ამბობს მეფუტკრე

ამბობს, რომ ვარვას შესაწამლად სტანდარტით დაშვებულ პრეპარატს იყენებს, თუმცა ზოგჯერ მაინც არ აქვს შედეგი. „მე მჟაუნას მჟავას რომე ეძახიან ის პრეპარატი გამოვიყენე. ამის გამოყენების დროს, სკაში ბარტყები არ უნდა იყონ. ამ მდგომარეობამდე ვეღარ მივიყვანე სკა“, – გვეუბნება ის. მისი აზრით, ვარვასთან ბრძოლაში მეფუტკრეებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფრო მეტად უნდა დაეხმაროს, რადგან ახლა ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ვარვაა.

ფუტკრის ოჯახი, გიორგის საფუტკრე მეურნეობიდან

„ფუტკარს ფუტკარივით მშრომელი პატრონი სჭირდება, რომ ამრავლოსო“, – ამბობს გიორგი. მისი თქმით, სკა – ერთი პატარა სახელმწიფოა, რომელზეც უნდა იზრუნო, რომ არ გაუჭირდეს, ზამთარში საკვები არ მოაკლდეს, არ შესცივდეს. არც ძლიერი სიცხე ჰყვარებია ფუტკარს, რადგან თუ სიცხეში სკა საკმარისად არ განიავდა, შესაძლოა დაიღუპოს.

პანდემიამ თაფლის რეალიზაციას პრობლემები შექმნა

ფუტკრების ახალ ოჯახებს გიორგი იმედით უყურებს. გეგმაში აქვს, რომ 3-4 ტონამდე თაფლი აწარმოოს, რადგან მისი თაფლით გასულ წელს არაბებიც დაინტერესდნენ. „სინჯი გავაგზავნე საუდის არაბეთში და მოეწონათ. ჩემი საფუტკრის მოსანახულებლად აპირებენ ჩამოსვლას, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი, ველოდებით საზღვრების გახსნას.

ძირითადად, თაფლი თურქეთის ბაზარზე გამაქვს, რა თქმა უნდა, ნაცნობების დახმარებით. თვითონ თურქებს მიაქვთ ხოლმე. მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბაზარიც ჩვენთვის, უფრო მეტი სტიმული იქნება“, – გვეუბნება მეფუტკრე.

გიორგი ფუტკარაძე ახალშეძენილ სკებთან

დაახლოებით ორ კვირაში აკაცია ყვავილობას დაასრულებს და ფუტკარი წაბლის ყვავილზე მუშაობას დაიწყებს. „წაბლის თაფლი ყველაზე მეტად თურქებს მოსწონთ, არაბებს კი ორივე მოეწონათ, – წაბლისაც და მაისისაც. ჩემი აზრით, სასარგებლო თვისებები მაისის თაფლს უფრო აქვს, რადგან ძალიან ბევრი ყვავილებისგან მზადდება“, – ამბობს გიორგი.

მეფუტკრე თაფლთან ერთად მომხმარებლებს ფუტკრის რძესაც სთავაზობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: