დადასტურდა კოვიდის 260 ახალი შემთხვევა, 15 ადამიანი გარდაიცვალა

21 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 059 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 2 819 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 683 მძიმე პაციენტია.

4 949 ადამიანი ვირუსზე მკურნალობს საკუთარ სახლში. 

20 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.62%.

აჭარაში კოვიდის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 21 ივნისი

დღეს, 21 ივნისის მონაცემებით,  აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 206 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 222 ინფიცირებული.

ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 21 ივნისის 22 საათიდან 22 ივნისის 21 საათამდე  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 22-23 ივნისს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ჭოროხისპირას მთავრობა ამჯერად 39 790 კვ.მ მიწას ყიდის – აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების გაყიდვას აგრძელებს. ამჯერად 5 ელექტრონულ აუქციონზე 6 ნაკვეთი იყიდება. ნაკვეთების საერთო ფართობი 39 790 კვადრატული მეტრია, გასაყიდი საწყისი ფასი კი, ჯამში 4 698 000 ლარი. ყველა ნაკვეთი პირობით იყიდება.

პირობები იდენტურია – მომავალმა მყიდველმა თითოეულ ნაკვეთებზე დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობა უნდა აამოქმედოს და პროფილი მინიმუმ 15 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.

აუქციონები დაწყებულია და 2021 წლის 8 ივლისს დასრულდება.

[highlight color=”red”]აუქციონი 1[/highlight]: ერთ ლოტად იყიდება 5 744 კვ.მ და 7 898 კვ.მ  მიწის ნაკვეთები, რომელთა საწყისი გასაყიდი ფასი 1 610 000 ლარია. ვაჭრობის ბიჯია 40 ათასი ლარი.

აუქციონის მიხედვით, ამ ნაკვეთებზე მდებარეობს ელექტროგადამცემი ბოძები, ნაკვეთები ნაწილობრივ დაჭაობებულია და მათზე სამშენებლო ნარჩენებია განთავსებული.

  • ნაკვეთების მომავალმა მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უნდა შეძლოს ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი „სამრეწველო ზონა 1“-ის შესაბამისი საწარმოს/წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას [გარდა ინერტული მასალების წარმოებისა,] მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა/ნაგებობის ექსპლუატაციაში გადაცემა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, საწარმოს/წარმოების ხაზის, ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • დასაქმებულთა თანაფარდობის და საწარმოს პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;
  • აღნიშნულ პროექტში არაუგვიანეს 48 თვის ვადაში არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

[highlight color=”red”]აუქციონი 2[/highlight]: 640 ათას ლარადაა გამოტანილი აუქციონზე 5 420 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ვაჭრობის ბიჯი კი 15 ათასი ლარია.

[highlight color=”red”]აუქციონი 3[/highlight]: 6 699 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასია 791 ათასი ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 17 ათასი ლარი.

[highlight color=”red”]აუქციონი 4[/highlight]: ელექტრონულ აუქციონზე 7 012 კვ.მ მიწის ნაკვეთი 828 ათას ლარად იყიდება. ვაჭრობის ბიჯი კი 175 ათასი ლარია.

[highlight color=”red”]აუქციონი 5[/highlight]: 829 ათას ლარად იყიდება 7 017 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც ვაჭრობის ბიჯი 175 ათასი ლარია.

ეს ნაკვეთებიც [აუქციონები: 2-5] ნაწილობრივ დაჭაობებულია და მათზე განლაგებულია სამშენებლო ნარჩენები.

თითოეული ამ ნაკვეთის მომავალმა მყიდველმა კი [ყოველი ნაკვეთისთვის] უნდა შეასრულოს შემდეგი ძირითადი პირობები:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში შეძლოს „სამრეწველო ზონა 1“-ის შესაბამისი საწარმოს/წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას [გარდა ინერტული მასალების წარმოებისა] მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა/ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში გადაცემა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, საწარმოს/წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას (გარდა ინერტული მასალების წარმოებისა), ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეები;
  • დასაქმებულთა თანაფარდობის და საწარმოს პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;
  • აღნიშნულ პროექტში არაუგვიანეს 48 თვის ვადაში არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
ფოტოები აუქციონიდან

მიმდინარე წლის მარტში, ასევე ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ, 8 491 კვ.მ მიწა 1 მილიონ ლარად, ხოლო მეორე ნაკვეთი – 4 409 კვ.მ –  470 ათას ლარად იყიდებოდა.

პირველი ნაკვეთი 1 მილიონ 25 ათას ლარად [ანუ 1 ბიჯით]  შპს „აის ლენდ ჯორჯიამ“ იყიდა, ხოლო მეორე ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.

ტერიტორიაზე, სადაც ეს ნაკვეთები იყიდება, გზებს ბათუმის მერია მოაწყობს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება 13 588 887 ლარზე შპს New Road-თან აქვს გაფორმებული.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული გზების მოწყობის მიზანი სამრეწველო ზონის განვითარებაა.

გზების მშენებლობაზე ტენდერი მერიას 18 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

 

 

ბათუმი აღარ იქნება ადგილი, სადაც შეიძლება მოიზიდო ტურისტები – მამუკა ხაზარაძე 

„ლელოს“ ლიდერს, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე გავლენიანი ბიზნესმენი იყო, ბათუმის განაშენიანებაზე ვკითხეთ. დეპუტატის პროგნოზი ბათუმის მცხოვრებთა პერსპექტივაზე არ არის სახარბიელო. ნახეთ რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძე მილიონერი ბიზნესმენის ახირებაზე, რომელიც ბათუმის ძველ ბულვარში 17-სართულიან შენობას აშენებს. როგორ უნდა შეაჩერონ ქალაქებმა გავლენიანი პირების ახირებები და თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ რა ელით ამ ქალაქებში მცხოვრებთ. „ბათუმელების“ კითხვებს მამუკა ხაზარაძე პასუხობს.

  •  ბატონო მამუკა, თქვენ დაწერეთ ფეისბუქის პირად გვერდზე ფრაზა – როცაავაშენოთმიტინგები აჯობებსარ ავაშენოთმიტინგებს, მაშინ ქვეყანა დაიწყებს აღორძინებას. დღეს ჩვენს ქვეყანაშიარ ავაშენოთმიტინგები სჭარბობს. თქვენთვის ეს რაზე მიუთითებს?

როცა ადამიანებს აქვთ პროტესტი „არ ავაშენოთ“, ამას აქვს თავისი მიზეზი  – ცუდად აშენებას ჯობია არ ააშენო. მე მესმის ამ ადამიანების. ბევრი მიზეზის გამო, კორუფციის, სიხარბის, ბევრი კვადრატული მეტრის გამო, საზოგადოებრივი სივრცეების მოპარვის ხარჯზე და ასე შემდეგ ჩვენ ვერ, არ დავამკვიდრეთ თანამედროვე მიდგომებით მშენებლობის სტანდარტი, სადაც დაცულია ადამიანების უფლებები. არ აქვს მნიშვნელობა ეს მშენებლობა იქნება ჰიდრო თუ უბრალოდ საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი.

ჩემს სტატუსში მიწერია ისიც, როგორ უნდა აშენდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთელი კონტექსტი ვნახოთ. ავაშენოთ უმაღლესი სტანდარტით, რადგან მეორეჯერ ვერ დავუბრუნდებით მშენებლობებს. იმდენად შეიძლება გაფუჭდეს ყველაფერი, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელი იქნება, კორპუსებს ხომ ვეღარ დავანგრევთ.

  • ბათუმში „არ ავაშენოთ“ აქციები ხშირად იმართება, ბოლო პერიოდში უმეტად ეს უკავშირდება „ამბასადორის“ მშენებლობას ბულვარში.

რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს: ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც უარს იტყვის ამ დანაშაულებრივ მიდგომაზე, რაც თუნდაც ბათუმში ხდება ბოლო წლებში. ვერავინ შემაცვლევინებს აზრს, რომ ისე როგორც შენდება, კარგია ბათუმის მომავლისთვის, როგორც მიდის ბულვარის თემა, ბეტონის კედლის შენება ზღვის მიმართულებით, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა ექნება მომავალში.

პრობლემა იქნება უძრავი ქონების ფასთან მიმართებაშიც, რაც პირდაპირ იმოქმედებს მცხოვრებლებზე, ვისაც რაიმე ქონება გააჩნია. უძრავი ქონების განვითარება ისე უნდა მოხდეს, რომ მისი ღირებულება გაიზარდოს და არ დაეცეს წლების განმავლობაში.

განაშენიანება როგორც მიდის, ევროპული გამოცდილების გარეშე, ზღვის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე, ეს დიდ დაღს ასვამს და მომავალშიც დაასვამს ბათუმს. ეს აღარ იქნება საინტერესო ადგილი, სადაც შეიძლება მოიზიდო ტურისტები, რომლებიც აქ ფულს დახარჯავენ.

შენობა, რომელსაც არ აქვს პარკინგი, გამწვანების ზონა, რომელიც ეფარება სხვა ინვესტორს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ იმ იმედით ააშენა დაბალსართულიანი, რომ ჰქონდა გარანტია, წინ არავინ არაფერს ჩაუდგამდა… ფაქტია, რომ ამ მთავრობამ და წინა მთავრობამაც ამით ხელი მოითბო, ამას „აპრავებდნენ“ – ვაშენებთ, ხომ არ ვანგრევთო. უნდა ვაშენოთ, მაგრამ ხარისხიანად და სტანდარტებით, ეს არის პირველი ამოცანა.

  • გადაწყვეტილების მიმღებნი ამ კრიტიკაზე აცხადებენ, რომ ისინი კანონის მიხედვით მოქმედებენ. 

თბილისი და ბათუმი კარგი მაგალითია და შეიძლება ძალიან ბევრი მსგავსების ნახვა – ორი ქალაქია, სადაც ინტენსიურად მიდის მშენებლობა და ძირითადად იგივე კომპანიები მოქმედებენ ორივე ქალაქში. საკანონმდებლო ორგანოში შემოსულია პროექტი სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით თბილისში, რომელიც მე სერიოზულად გავაპროტესტე.

თუ ამნისტია შეეხება რიგით მოქალაქეს, რომელმაც ლოჯი მიაშენა რამდენიმე წლის წინა – კი ბატონო, შეიძლება პატიება, მაგრამ კომპანიები, რომლებმაც მიიტაცეს საზოგადოებრივი მიწა, სახელმწიფოს სკვერი, სარეკრეაციო ზონა, რვა სართულის ნაცვლად 15 სართული ააშენეს და დღეს ითხოვენ ამნისტირებას…

მოვითხოვე ასი კომპანიის სია და ინფორმაცია – რა დაარღვიეს, რა ჯარიმა დაეკისრათ, რა უნდა ვაპატიოთ, არიან თუ არა იმ კომპანიების სიაში, ვისაც სახელმწიფო  პანდემიის დროს დაეხმარა. გარდა ამისა, სად არის ჩამკეტი მექანიზმი, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდება, 12 000 შემთხვევაზე გვაქვს საუბარი, მე მხოლოდ 100 ყველაზე მსხვილი მაგალითი მოვითხოვე, როდესაც ამ სიას ნახავთ, მიხვდებით, რომ სერიოზულ კორუფციასთან გვაქვს საქმე.

  • თქვენი აზრით, მაგ სიაში კონკრეტული სახელები და გვარები გამოიკვეთება?

რა თქმა უნდა და თუ გამოიკვეთება, რომ ინტენსიური დარღვევები გვაქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში… ეს საკმაოდ დიდი კორუფციული სქემაა, როცა იცი, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული იქნება ეს [ამნისტიის] პროექტი. აი, ეს არის პრობლემა. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისზე როცა გაიტანენ, შემდეგ შეიძლება მთელ ქვეყანაზე გაავრცელონ ეს ყველაფერი.

  • რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა, რომ საზოგადოებრივი სივრცეები ვეღარ მიიტაცონ, ვეღარ ააშენონ უკანონოდ და ქაოსურად?

ცხადია, მარტო მიტინგი და ბულვარი გადავარჩინოთ არ არის საკმარისი, ამას სისტემური მიდგომა სჭირდება, ასევე პარლამენტში ლობირება, კანონმდებლობა, პრესკონფერენციები, პრობლემების შექმნა. იმ ხალხის იდენტიფიკაციაა საჭირო, ვინც ამას ხელს აწერს, ეს ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხება. ამას ემატება უზარმაზარი კორუფცია და შედეგად ვიღებთ დამახინჯებულ ქალაქებს, ჯანმრთელობის გაუარესებას, ქალაქი, სადაც არ ხდება განიავება, სატრანსპორტო მოძრაობის ისე აწყობა, რომ გამონაბოლქვი არ იყოს.

  • ამბობთ, რომ ნების არარსებობასთან გვაქვს საქმე და საკანონმდებლო ცვლილებებით ამას ვერ მოვაგვარებთ?

ჩვენ ვიხდით ფულს ისეთი სამსახურისთვის, როგორიც არის ზედამხედველობა. როგორ შეიძლება სართულები დააშენოს ვიღაცამ, თუ მერიის სამსახური არის თავის დონეზე. გამორიცხულია, ფანჯარა შეცვალო ბათუმის ისტორიულ ნაწილში, იმ წუთშივე მოვარდება ზედამხედველობა, გაიძულებთ, რომ ეს ფანჯარა მოხსნათ, მაგრამ არ ეხებიან კომპანიებს. ჩვენ პირიქით გავაკეთეთ, თუ შეგვეძლო აგვეშენებინა 1 ჰექტარზე, ავაშენეთ მის 20 პროცენტზე, ვთქვით, რომ 80 პროცენტს ვაჩუქებთ ქალაქს. ჩვენ ამით შევქმენით პრეცედენტი. აი, ამ პროექტმა აიღო ლონდონში საუკეთესო დეველოპმენტის ჯილდო. როგორც ბიზნესმენებმა ძალიან ბევრი წავაგეთ, დათვლა ჩვენც ვიცით. სამაგიეროდ შევქმენით პრეცედენტი, რომ ადამიანს, რომელმაც იყიდა იქ ბინა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ექნება ის ხედი.

  • როგორც კანონმდებელმა მითხარით, როგორ შეიძლება ეს გამოცდილება კანონმდებლობაში განვავრცოთ ისე, რომ არც ინვესტორი დაზარალდეს და არც ქალაქი?

ბულვარის შემთხვევაში, ბულვარი ვისია? – თქვენია, ჩემია, არ აქვს მნიშვნელობა, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ბულვარი ისევე მიყვარს, როგორც თქვენ, ხომ არ შევეჯიბრებით. ჩვენი ამოცანა თუ არის  ბულვარის გადარჩენა, მაშინ ჩემი და თქვენი ხელმოწერის გარეშე იქ არაფერი არ უნდა შეიცვალოს – ეს არის კულტურული მემკვიდრეობა და გვეკუთვნის ჩვენ, საზოგადოებას. თუ ვინმე კანონს არღვევს ჩვენი არჩეული ან სხვისი არჩეული, ის უნდა გამოვააშკარაოთ, არავის რომ არ მოუვიდეს აზრად კულტურულ მემკვიდრეობას შეეხოს ისე, რომელიც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს.

  • ისევ საზოგადოების აქტიურობასთან მივედით?

საზოგადოების აქტიურობა ერთია და მეორე დაცვა იურიდიულად, უამრავი მექანიზმი არსებობს, რომ დაიცვა შენი უფლებები. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ ეს არ გააკეთე და ერთ პრეცედენტზე არ ჩაკეტე, ხვალ ბულვარი აღარ გვექნება – სხვა ნებისმიერი იტყვის, ამას თუ ააშენებინეთ, მეც მაქვს იქ მიწა, კაფე მქონდა და ახლა მინდა, რომ მეც ავაშენო 16 სართულიო.

არც ერთ ზღვისპირა ქალაქში არ კეთდება ისე, რომ წინა რიგებში არის მაღალსართულიანი და უკანა რიგებში – დაბალსართულიანი [კორპუსები]. იმიტომ ხარ ხელისუფალი, რომ უნდა უთხრა – ამ სივრცეში თუ მოგეცი 50-სართულიანის აშენების უფლება, შენ პრაქტიკულად ზღვას კეტავ. რა ქნას იმან, ვინც ერთ კილომეტრში ცხოვრობს ზღვიდან.

თუ დღეს აშენებ 50-სართულიანს და ბინას ყიდი 25 000 დოლარად, დაბალი რომ აგეშენებინა, იმავე ბინას გაყიდდი 100 000  დოლარად. ვისაც უნდა ზღვის ხედი, მან უნდა გადაიხადოს ძვირი. მიწოდება უნდა იყოს ლიმიტირებული, თუ არ მაქვს ამდენი ფული, მეორე ზოლში ვიყიდი. ჩვენ იმიტომ ვიგონებთ ყველაფერს საწინააღმდეგოს, რომ მენტალურად კორუმპირებული მთავრობა გვყავს. ადამიანზე არ ფიქრობს, თავის თავზეც არ ფიქრობს. აქ ფულს რომ აკეთებს, ოჯახი მიყავს და ნიცაში ასვენებს, მერე აქ ჩამოდის და გვიკითხავს მორალს, რომ ამას არაფერი არ ეშველება.

ბათუმში აქციაზე 7 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დღეს, 20 ივნისს, ბათუმში, აჭარის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ 7 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. დაკავებულები არიან ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები. დაკავებულებს შორისაა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ქობულეთში, ბონდო თედორაძე.

დღევანდელ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლა სცადეს. პოლიციამ მათ უთხრა, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ. დღევანდელი აქციის მონაწილეები მათი ოჯახის წევრების, 14 აპრილს დაკავებული 7 პირის, ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

14 აპრილს დაკავებული რეზო წულუკიძის მეუღლე, ნარი ფუტკარაძე აცხადებს, რომ დღეს აქციაზე დაპირისპირებისას მის დაზე პოლიციელმა იძალადა – ნეკნები ჩაუმტვრია… ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა [ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას აქვე მოგაწვდით].

____

ბრალდებული ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში 12 აპრილს მონაწილეობდნენ. მათ სწორედ იმ დღეს მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით.

ყველაზე საინტერესო მონაკვეთი, რაც „წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში შეიძლება იპოვოთ ისაა, როცა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი აღწერს, როგორ სცემეს ის და მისი კოლეგები რიონის ხეობაში მყოფმა ძმებმა. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე დააკავეს შვიდივე პირი.  16 აპრილს ქუთაისი სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

14 აპრილს დაკავებულები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში პროვოკაცია მოუწყო და პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან.

____

ვრცლად ამავე თემაზე:

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ბათუმში

ბათუმში, აჭარის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. მიზეზი აქციის მონაწილეების გადაწყვეტილება გახდა – ისინი აჭარის მთავრობის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ. აქციას ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ. პოლიციამ მათ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა.

ბრალდებულ ძმებს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, დაკავებულები კი ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან.

დღევანდელ აქციაზე ბათუმში მინიმუმ 4 პირია დაკავებული, ერთ-ერთ მონაწილეს კი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის დახმარება დასჭირდა. ცუდად გახდა ახალგაზრდა ქალი, რომლის დის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქალი შეუძლოდ გახდა და წაიქცა, მას პოლიციელებმა ფეხებით სცემეს.

აქციის მონაწილეები დაკავებული ძმების – ჭელიძეების, წულუკიძეების და ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ჯერ ავტომანქანებით მოაწყვეს მსვლელობა ბათუმის ქუჩებში, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლას გეგმავენ. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას არ მისცემენ.

აქციაზე არიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

 

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

ბათუმში წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები აქციას მართავენ

ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები დღეს, 20 ივნისს, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ჯერ ავტომანქანებით მოაწყვეს მსვლელობა ბათუმის ქუჩებში, შემდეგ კი, აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლას გეგმავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას არ მისცემენ.

აცია ბათუმში / 20.06.2021

შვიდივე ბრალდებული რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ 14 აპრილს დააკავეს, ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან. ბრალდებულებს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. დაზარალებულები კი, „უძლიერესი მამაკაცების ფედერაციის“ ხელმძღვანელი პირია და კიდევ რამდენიმე საჯარო მოხელე.

აცია ბათუმში / 20.06.2021

ამ საქმეში რამდენიმე გარემოებაა, რაც პოლიტიკურ ინტერესზე აჩენს კითხვებს. დაკავებულები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები არიან და ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

აცია ბათუმში / 20.06.2021

ბრალდებულებს შორისაა ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ფირუზ წულუკიძე. მან 2020 წლის 15 ივნისს თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა მას პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან – კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. ამ დროს ფირუზ წულუკიძის ძმა რეზო წულუკიძე და მისი მეგობარი – ელდარ ანთაძე სხვა საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ თორნიკე რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.

დღეს თორნიკე რიჟვაძე ყველა კითხვას, რაც ამ საქმის ირგვლივ ჩნდება, იცილებს და აქცენტი სასამართლოზე გადააქვს – „მართლმსაჯულების განხორციელებაში მე ვერ ჩავერევი“. თორნიკე რიჟვაძემ უპასუხოდ დატოვა ჯემალ ჭელიძეც, რომელიც დაკავებული ძმები ჭელიძეების მამაა. ის ეტლსაა მიჯაჭვული და ეტლი მან საჯაროდ აჭარის მთავრობის სახლის წინ მას შემდეგ დატოვა, როცა აჭარის მთავრობაში მისი სოციალური გასაჭირის მოსმენის სურვილიც კი არავინ გამოთქვა. რამდენიმე დღის შემდეგ ჯემალ ჭელიძეს მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ და ეტლი დაუბრუნეს.

 

ამ თემაზე:

რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს

ცესკო ადმინისტრაციული შენობების გარემონტებაში 1,6 მილიონს დახარჯავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადმინისტრაციული შენობების გარემონტებისთვის ჯამში 1 674 500 ლარის დახარჯვას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. თანხმობისთვის ცესკომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები თვენახევარში უნდა დასრულდეს.

ცესკოს განცხადებით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება აუცილებელია „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების სათანადო დონეზე ორგანიზებისთვის“.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის, საარჩევნო ადმინისტრაციაში [ცესკოში, საოლქო საარჩევნო კომისიებში] კომისიის წევრთა რაოდენობა იზრდება 17 ერთეულამდე, რაც მოითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობების ინფრასტრუქტურის მორგებას ახალ რეალობასთან. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ცესკოსა და საოლქო კომისიების დონეზე ადმინისტრაციას ემატება 370, ხოლო საუბნო კომისიების დონეზე – 19 000 ახალი თანამშრომელი.

ცესკოს შემთხვევაში, დამატებით კომისიის წევრების [მათ შორის ერთი ხელმძღვანელი პირის] განთავსება მოითხოვს არსებული სამუშაო ოთახებიდან თანამშრომელთა გადაყვანას ალტერნატიულ სივრცეებში და მათთვის ახალი სამუშაო ოთახების მოწყობას. კომისიის წევრებისათვის გამოყოფილი სივრცეები მოითხოვს გატიხვრისა და სამუშაო ოთახების მოწყობასთან დაკავშირებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას. საკანონმდებლო რეალობიდან გამომდინარე სამუშაო ოთახების ახალი გადანაწილების გამო ცესკო იძულებულია საარჩევნო პერიოდში მოქმედი კონტაქტცენტრი [ცენტრში მუშაობს 25-30 ოპერატორი] გადაიტანოს და მოაწყოს ცესკოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ სხვა სივრცეში“ – აღნიშნულია ცესკოს განაცხადში.
ცესკოს ინფორმაციით, საოლქო კომისიების შემთხვევაში, დამატებით კომისიის 5-5 წევრის განთავსება „მოითხოვს ისედაც მცირე ფართობის მქონე საოლქო კომისიების ადმინისტრაციულ შენობებში ალტერნატიული სივრცეების გამოყოფას და ახალი სამუშაო ოთახების მოწყობას, ხოლო სამუშაო ოთახების ახალი გადანაწილება თავის მხრივ საჭიროებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას“.
სად უნდა ჩატარდეს სამუშაოები [საორიენტაციო თანხის მითითებით] ნახეთ ცხრილში:
წყარო: ცესკო
 

ქობულეთში ცენტრალური პარკის სრული განახლება იგეგმება

ქობულეთის მერია ქალაქის ცენტრალური პარკის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რომლითაც უნდა დადგინდეს, თუ რამდენი ლარით გამოაცხადებს მერია კონკურსს ცენტრალური პარკის ესკიზის, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესაძენად.

სწორედ ამ დოკუმენტების საფუძველზე ჩატარდება პარკის განახლების სამუშაოები, რომლის დაწყებაც მიმდინარე სეზონზე აღარ მოესწრება.

ქობულეთის ცენტრალური პარკი

„საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ქ. ქობულეთის ცენტრალურ პარკს, რომელსაც გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი. მოძველებულია ინფრასტრუქტურა და საჭიროებს განახლებას. ტერიტორია გამოირჩევა მიმზიდველი ბუნებრივი ლანდშაფტითა და მდებარეობით, რაც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს კონკურსში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა დაპროექტებისას. ცენტრალური პარკის სამხრეთი ტერიტორია აუთვისებელია, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი და საჭიროებს დაგეგმვას. საპროექტო ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც ერთ კონცეფციაში მოქცეული ტურისტული ატრაქცია, სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების მქონე ლოკაციებით. პროექტი უნდა მოიცავდეს, როგორც არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე ახალი
ხედვის განვითარებას.“ – აღნიშნულია ქობულეთის მერიის განაცხადში.

ქობულეთის ცენტრალური პარკი / 2021 წელი

კონკურსის ერთ-ერთი პირობა იქნება ის, რომ ცენტრალური პარკის განახლების პროექტის განხორციელების დროს მაქსიმალურად შენარჩუნდეს იქ არსებული ნარგავები და ხე-მცენარეები.

ქობულეთის ცენტრალური პარკი

„პროექტირებისას, ძირითადი დეტალები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და გათვალისწინებული უნდა იქნეს შემსყიდველის რეკომენდაციები. პროექტის ავტორი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობის გაწევა უზრუნველყოს დამატებითი ანაზღაურების გარეშე.“- ესეც მერიის საკონკურსო მოთხოვნაა.

ქობულეთის ცენტრალური პარკი

კონკურსს მერია ფასის დაზუსტების შემდეგ გამოაცხადებს. მანამდე კი, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, თავიანთი შეთავაზება წერილობითი სახით, ქობულეთის მერიას ელექტრონულად მიაწოდონ არაუგვიანეს 2021 წლის 25 ივნისისა.

„შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში – ლარში დღგ-ს გარეშე. წარმოდგენილი შემოთავაზება, სავარაუდო ღირებულებასთან ერთად, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავარაუდო ვადაზე“ – აზუსტებს მერია.

ცენტრალური პარკის დაპროექტებაზე გამოსაცხადებელი კონკურსის ძირითადი მოთხოვნები იხილეთ ქვემოთ:

„ქობულეთის ცენტრალური პარკის მოდერნიზაციის კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის შესაბამისად დოკუმენტაციის შემუშავება (მიწოდება) მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს არაუმეტეს 120 კალენდარული დღის განმავლობაში, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან“ – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.

საპროექტო ტერიტორიის, ანუ ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორიის ფართობი 46 845 კვ.მ-ია.

ზღვისპირას მდებარე პარკის გაგრძელებაზე კი, კომპანია „კრისტალ ბილდინგზე“ აჭარის მთავრობის მიერ საკუთრებაშია გადაცემული საერთო ჯამში 71 523 კვადრატული მეტრი მიწა: ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ ძველი შენობების ჩათვლით და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც მთლიანობაში 24 678 კვადრატული მეტრით მეტია ქობულეთის ცენტრალური პარკის ფართობზე. ამ მიწის გასხვისების საკითხს საგამოძიებო სამსახური სწავლობდა.

ქობულეთის ცენტრალური პარკი – აეროხედი ზღვიდან / ფოტოები: ქობულეთის მერიის პრესსამსახური

 

 

აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 20 ივნისი

20 ივნისის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 49 პაციენტი; პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, სულ გამოჯანმრთელებულია 42 757 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში მკურნალობს 211 პირი, მათგან 59 მძიმე პაციენტია.

აჭარაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 12 პირი.

რეგიონის კლინიკურ სასტუმროებში 217 პირია მოთავსებული, 1 131 პირი კი თვითიზოლაციაშია.

ამავე თემაზე:

საქართველოში კოვიდის 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

 

საქართველოში კოვიდის 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

20 ივნისის მდგომარეობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 408 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  358 881-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.78 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.66%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 911 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 344 748-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 160 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 283 შემთხვევა, აჭარაში – 36, იმერეთში – 52, ქვემო ქართლში – 51, შიდა ქართლში – 23, გურიაში – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 22, კახეთში – 31, მცხეთა-მთიანეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 947, მათგან 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 476, აჭარაში – 211, იმერეთში – 387.

20 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში მძიმე პაციენტია 668, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 59, იმერეთში -137.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში – 115, აჭარაში – 12, იმერეთში – 12.

589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის, 344 – თბილისში, 217- აჭარაში.

5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 556 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3403, პირი, აჭარაში – 1 131, იმერეთში – 1 059.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 20 ივნისის 21 საათიდან 21 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი,
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო;

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი,
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 22-23 ივნისს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ვინ აბარებს ბათუმში სისხლს – „თვეში საშუალოდ 1200 დონორი გვყავს, მაგრამ დეფიციტი მაინც გვაქვს“

ბათუმში არსებული სისხლის ბანკი “ჰემა 2012” სისხლითა და სისხლის კომპონენტებით გამუდმებით ამარაგებს როგორც აჭარის რეგიონში, ასევე გურიასა და ფოთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს. სისხლი არ იყიდება, იგი უანგაროდ გაიცემა საჭიროებისამებრ კლინიკებზე. სისხლის ბანკის ხელმძღვანელი მთავარი ექიმ-ტრანსფუზიოლოგი ბეჟან ბერიძე ამბობს, რომ დღეში მათთან თვეში საშუალოდ 1000-1200 დონორის სისხლი მზადდება, მაგრამ დეფიციტი მაინც იქმნება.

  • ბატონო ბეჟან, ვის შეუძლია გახდეს დონორი?

დონორი შეუძლია გახდეს ნებისმიერი პირი 18-დან 65 წლის ასაკში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მისგან ავიღოთ სისხლი.

სისხლის ბანკი: სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 65 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, მისი გაკეთებიდან გასული უნდა იყოს ერთი წელი, სისხლის აღება არ შეიძლება ორსულისა და მეძუძური დედისთვის. დონორს ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ჰქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში) არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში.

დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალებში, 65 კგ-ზე მეტი კაცებში, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (სისხლის გაღების შემდგომ, ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია). განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ. ადამიანისგან სისხლის აღება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდგომ.

  • ვისთვის გროვდება სისხლი?

გამზადებული სისხლი მიეწოდება სხვადასხვა სტაციონარში მყოფ ავადმყოფებს, ვისაც სჭირდება სისხლის გადასხმა. ჩვენგან სისხლი გადის მხოლოდ სტაციონარის დაკვეთის საფუძველზე, კლინიკა შემოდის მოთხოვნით, გააქვს სისხლი უფასოდ და დებს იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებსაც ეს სჭირდებათ. სისხლი ფასიანი არ არსებობს, იგი უფასოა. ჩვენი სისიხლის ბანკი ემსახურება აჭარას, ფოთს, გურიას და თბილისსაც, ყველგან, სადაც საჭიროება არის.

  • რამდენი დონორი გვყავს და საკმარისია თუ არა ეს?

ყოველდღიურად მინიმუმ 50 დონორული სისხლი გვჭირდება, მაქსიმალურად თუ ვერა, მიახლოებით რომ დაკმაყოფილდეს სტაციონარების მოთხოვნები. თვეში საშუალოდ 1000-1200 დონორის სისხლი მზადდება ჩვენთან, მაგრამ დეფიციტი მაინც გვექმნება, საჭიროა თვეში 1500 [დონორი]. მაგრამ ესეც შემთხვევების რაოდენობაზეა დამოკიდებული – ავარიებს, დამწვრობებსა და ასეთ კრიტიკულ შემთხვევებს ვერ გაითვალისწინებ წინასწარ.

გვინდა, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული სისხლის გაღებაში მოსახლეობა – მოხალისეები, დაწესებულებები, რადგან სისხლი ჭარბი არასდროს არ არის. ეს ასეა არამარტო ჩვენს რეგიონში, მთლიანად ქვეყანაში. სჭირდება ამას მოსახლეობის მხარდაჭერა, თანადგომა, განსაკუთრებით ახალგაზრდების. შეიძლება მათი აქტიურობით იქამდეც მივიდეთ, რომ ეს დეფიციტი, რაც დღეს გვაქვს, აღმოიფხვრას და შეივსოს.

  • რა კომპონენტები მზადდება სისხლის დამუშავების შედეგად?

მზადდება სამი კომპონენტი – ერითროციტი, თრომბოციტი და პლაზმა. ძალიან დიდი მოთხოვნაა თრომბოციტებზე. რაც შეეხება პლაზმას, იგი მოიხმარება ძალიან მცირე რაოდენობით. 1200 დონორული სისხლიდან შეიძლება პლაზმა მოიხმარონ მაქსიმუმ შემთხვევათა 5%-ში , ანუ 20 დონორული პლაზმა, დანარჩენი ჩვეულებრივად გროვდება მარაგის სახით და შემდეგ მიდის გადამუშავებაზე სამედიცინო პრეპარატების დასამზადებლად.

  • ყველაზე დეფიციტური სისხლის ჯგუფი რომელია?

ყოველთვის ჭირს რეზუსუარყოფითი სისხლი – განსაკუთრებით მეოთხე რეზუსუარყოფითი სისხლი.

  • შეიცვალა მიდგომა უანგარო დონაციის მიმართ ბოლო წლებში?

ბოლო 4-5 წელია ძალიან დიდი წინსვლა და პროგრესია ამ მხრივ. უახლოეს წლებში საერთოდ არ იყო მოხალისე დონორი, დღეს 70%-ზე მეტი მოხალისე, უანგარო დონორია ჩვენთან. მათი რაოდენობა თანდათან იზრდება. დანარჩენი 30% დონორებისა არიან პაციენტების ნათესავები, მაგალითად, როცა კლინიკიდან მოდის მოთხოვნა, კარდიოქირურგიული ოპერაციის დროს, ერთ ავადმყოფს სჭირდება 5-8 დონორის სისხლი. ეს მაშინ, როცა არის თრომბოციტებზე მოთხოვნა. თრომბოციტებზე მინიმუმ 10 დონორული  სისხლი სჭირდება ერთ ავადმყოფს და ეს შეიძლება განმეორდეს რამდენჯერმე.  ყოფილა შემთხვევა, ერთ პიროვნებას გადასხმია თრომბოციტები, რომელიც 160 ადამიანის სისხლისგან იყო დამზადებული. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთხოვთ დახმარებას და თავადაც მაქსიმალურად გვეხმარებიან ნათესავები.

  • ადამიანებს ხშირად აშინებთ სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურები. რას ეტყვით მათ?

ჩვენთან შემოსვლიდან ჯამში ამაზე იხარჯება 15 წუთი, დონორი შემოდის და 15 წუთში თავისუფალია, ამ დროში მისგან მიღებულია სისხლის სრული დოზა. გარდა ამისა, სისხლის დონაციას აქვს ორი დანიშნულება – პირველი და მთავარი მიზანია, რომ ვეხმარებით ადამიანებს და მართლა ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია სიცოცხლის გადარჩენა; და მეორე, სისხლის დონაცია სასარგებლოც კია დონორისთვის, ამის შედეგად უმჯობესდება იმუნიტეტი. დონაციიდან ორი თვის განმავლობაში ორგანიზმი ასივე პროცენტით აღიდგენს დონორის მიერ გაცემულ სისხლს, როგორც რაოდენობრივად, ისე შემადგენლობით. ახალი სისხლის უჯრედების შემოსვლა თავისთავად ნიშნავს იმუნიტეტის გაძლიერებას.

 ამაზე დიდი ქველმოქმედება მგონი სხვა არც არსებობს, ადამიანს  დაეხმარო შენი ცოცხალი ორგანიზმის ნაწილით.

  • ბოლო პერიოდში მოთხოვნა სისხლზე მომატებულია?

დიახ, დღეს, ზოგადად, გაზრდილია სისხლზე მოთხოვნა და ამის მიზეზად მედიცინის პროგრესი მიმაჩნია. დღეს ძალიან ბევრი კარდიოქირურგიული ოპერაცია ტარდება, რომელიც სისხლის გადასხმის გარეშე ვერ მიმდინარეობს.

ბობოყვათში საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს

დღეს, 19 ივნისს, ბობოყვათში მოქალაქეებმა რკინიგზის ლიანდაგი გადაკეტეს, რის გამოც 4 ადამიანი პოლიცამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავა.

აქციის მონაწილები სანაპირო ზოლში დაახლოებით 28 ჰექტარი მიწის საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ. მათი განცხადებით, აღნიშნული მიწები მათი მამაპაპისეული საკუთრებაა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მთავრობა სანაპირო ზოლში ამ მიწების გასხვისებას აპირებს და ისინი ამის უფლებას ხელისუფლებას არ მისცემენ.

აქციის მონაწილეებს საპროტესტო აქცია 8 ივნისსაც ჰქონდა ბობოყვათში, დღეს კი პროტესტის ნიშნად რკინიგზა გადაკეტეს.

აღნიშნული მიწის ნაკვეთები აჭარის მთავრობამ აუქციონზე გაიტანა, ინვესტიციის განხორციელების პირობებით. მიწის ნაკვეთების საწყისი ღირებულება ჯამში 48 მლნ ლარია, ხოლო ბიჯი – 480 ათასი ლარი. აუქციონი უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს.

პედაგოგი მესტიიდან, რომელიც 5 საგანს ასწავლის – მოსწავლეთა შეფასების სისტემა შესაცვლელია 

გიორგი ტერუნაშვილი მესტიაში, სოფელ კალის საჯარო სკოლაში ისტორიას, გეოგრაფიას, სამოქალაქო განათლებას, ჩვენს საქართველოს და ქართულ ენას ასწავლის. „დღე და ღამე გასწორებული მაქვს“, – გვეუბნება მასწავლებელი, რომელიც 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შეარჩიეს. რატომ ასწავლის 5 საგანს და რა ხარვეზებს ხედავს განათლების სისტემაში – პედაგოგი ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, 5 საგნის სწავლება ალბათ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, როგორ ართმევთ თავს?

დღედაღამეს ვასწორებ, რადგან 29 საათი მაქვს, ძალიან დატვირთული ვარ. მაღალმთიან რეგიონებში კადრების დეფიციტია, ამიტომ მომიწია ამდენი საგნის სწავლება.

  • პედაგოგებს თავიანთ საგნებში სთხოვენ კომპეტენციის დადასტურებას, ყველა საგანი ჩაბარებული გაქვთ?

უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს ისტორიაში და სამოქალაქო განათლებაში. დაწყებით საფეხურზეც ვასწავლი ჩემს სადამრიგებლო მესამე კლასს ქართულს. რა თქმა უნდა, დაწყებითი საფეხური ცოტათი სპეციფიკურია, თუმცა გადამზადება გავიარე, მეგობრები დამეხმარნენ და თავს ვართმევ.

  • ვინ წარგადგინათ ეროვნულ ჯილდოზე?

ჩემმა კოლეგებმა, 2019 წლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრმა თამარ ადამიამ და გიორგი ჭაუჭიძემ გამიწია რეკომენდაცია, რომელიც ამავე წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია.

გიორგი ტერუნაშვილი, მასწავლებელი მესტიიდან
  • სკოლაში დიდი ხანია ასწავლით?

15 წელია მასწავლებელი ვარ. თავიდან თბილისის 51-ე სკოლაში ვასწავლიდი, 2001 წელი იყო და ის დროა, როცა მასწავლებლის ხელფასი იმდენად დაბალი იყო, რომ გზის ფულადაც კი არ მყოფნიდა. 2009 წელს ჩავერთე პროექტში „ასწავლე საქართველოსთვის“ და სამუშაოდ ხულოში, სოფელ ბაკოს საჯარო სკოლაში წავედი.

ზოგადად, აჭარაში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, ძალიან საყვარელი მოსწავლეები მყავდა. რაც მთავარია, მათ მაღიარეს და მიმიღეს. უბედნიერესი ვარ, როცა ყოფილი მოსწავლეები ახლაც მეხმიანებიან.

  • რა არის თქვენი, როგორც მასწავლებლის ძლიერი მხარე?

ალბათ ის, რომ ძალიან კარგად გამომდის საგანთა ინტეგრაცია. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ პარალელები, კურიკულუმი დროსთან თანხვედრაში უნდა იყოს. როცა ქართულში ისწავლება, მაგალითად, „შუშანიკის წამება“, ისტორიაში უნდა ვასწავლოთ ვთქვათ, ვახტანგ გორგასალი და უბრალოდ თემა კი არ უნდა ვასწავლოთ, ისტორიული კავშირები უნდა გავაკეთოთ, ისტორიული და ლიტერატურული წყაროების ანალიზი უნდა გავაკეთოთ, მოსწავლეს უნდა შეეძლოს დაინახოს, რა პროცესს რა მოჰყვა ან რა შეიძლება მოჰყვეს. ისტორიული პროცესები როგორ აისახება ეკონომიკურ პროცესებზე, გეოგრაფიას როცა ვასწავლით, ვთქვათ, სამოქალაქოში მსჯელობის თემა იყო გარემოს დაბინძურება, მდგრადი განვითარება და შედეგების ანალიზი.

  • როცა არ მიჰყვება თემები ერთმანეთს, თქვენ გაქვთ უფლება, რომ საკითხები გადაადგილოთ?

ძირითადად მიჰყვება ხოლმე თემები, თუმცა რომც არ დაემთხვეს, მასწავლებელი თავისუფალია არჩევანში. შემიძლია გადავაადგილო საკითხები, თემები.

  • მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, რომ თითოეული გაკვეთილის გეგმა უნდა გაიწეროს. თქვენ როცა 5 საგანს ასწავლით, ახერხებთ ყველა საგანში გეგმის გაწერას?

გეგმის გაწერა და ატვირთვა რომ სავალდებულო იყოს, ეს ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა და უაზრობაც, რადგან ძალიან რუტინული და შრომატევადი საქმეა.

ყოველდღიურ მონახაზს, რა თქმა უნდა, აკეთებ, მაგრამ ის, რომ საჩვენებელი გეგმები დაწერო და ატვირთო, რითაც სხვები იხელმძღვანელებენ, ეს წარმოუდგენელია. მე, პირადად, გაკვეთილების ჩატარების გარდა სკოლის დირექტორსაც ვეხმარები და ამას დამატებითი შრომა სჭირდება.

კალის სკოლა. გიორგი ტერუნაშვილი მოსწავლეებთან.
  • ბევრს საუბრობენ მოსწავლეების შეფასების სისტემის ხარვეზებზე. თქვენი აზრით, როგორ უნდა შეფასდეს ბავშვის ცოდნა?

ჩემი აზრით, ძალიან კარგია განმავითარებელი შეფასება, რომელიც მოსწავლეს იმასაც აჩვენებს, რა ხარვეზები აქვს და როგორ უნდა გამოასწოროს. ეს შეფასება ემყარება სოლოტაქსონომიას, რომელიც მოსწავლის კოგნიტურ დონეებს ამოწმებს. მაგალითად, ცოდნა რა დონეზეა, ანალიზი რა დონეზეა, ინფორმაციის მიღება, გააზრება, გამოყენება როგორ ხდება. ყოველთვის ვცდილობ ისე დავგეგმო აქტივობები, რომ ყველა ამ ეტაპებს მოიცავდეს.

თუმცა მარტო მაღალ სააზროვნო უნარებზე ვერ ავაგებთ ტესტს, რადგან თუ მოსწავლე ცოდნის დონეს ვერ აკმაყოფილებს, ის ანალიზს და შეფასებას ვერ გაგიკეთებს.

ტაქსონომია გვაძლევს შესაძლებლობას, ბავშვის ცოდნა გავზომოთ კომპლექსურად და არა ერთი კონკრეტული უნარი.

  • რას შეცვლიდით სისტემაში?

მიუხედავად იმისა, რომ ეთიკა ყველა საგანშია ჩაშლილი და ცალკე საგნად აღარ ისწავლება, ვფიქრობ, მაინც საჭიროა ნებისმიერი საგნის ინტეგრაცია სამოქალაქო ღირებულებებთან. ეს იქნება კარგი მიღწევა, თუკი ამას შეძლებს საგანმანათლებლო საზოგადოება და კიდევ,  შესაცვლელია მოსწავლეთა შეფასების სისტემა. ეს მართლაც დიდი პრობლემაა სკოლებში.

მე როცა ტესტებს ვაკეთებ, აუცილებლად ვითვალისწინებ, რომ ტესტი იყოს ობიექტური, გამჭვირვალე, ვალიდური, სანდო. მაგალითად, დავალების პირობა აუცილებლად იყოს მოსწავლისთვის კარგად გასაგები. რუბრიკა ისე უნდა იყოს აგებული ან ტესტი შედგენილი, რომ მოსწავლემ ზუსტად უნდა იცოდეს, რაში ეწერება ნიშანი და რა სჭირდება იმისთვის, რომ ხარვეზები გამოასწოროს. სამწუხაროდ, ბევრი მასწავლებელი არ იყენებს რუბრიკებს და არც ტესტებს ადგენს ამ პრინციპით, სადაც ყველა პირობა იქნება დაცული. ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ საჭიროა. მე კონსულტანტ-მასწავლებელიც ვარ და სხვა მასწავლებლების დახმარებაც მევალება, ამიტომ ჩემს სკოლაში გარკვეული შედეგები გვაქვს ამ მხრივ.

  • ღირებულებები ახსენეთ, ისიც თქვით, რომ აჭარაში მუშაობდით, მაღალმთიან სოფელში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია. ხშირია შემთხვევა, როცა აჭარლების დისკრიმინაცია ხდება მათი აღმსარებლობის გამო. ხშირად გაქვთ დისკუსია ადამიანის უფლებებზე?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რა თქმა უნდა, ისეთი დროც იყო, როცა განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა თითქმის არ ხდებოდა, შემდეგ შეიცვალა გარემოება და თითქოს დავიწყეთ განსხვავებულის მიღება, ჩავწერეთ კანონებში, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფით ცხოვრებაში ხშირად ეს მაინც გვავიწყდება და მაინც ვაწყდებით განსხვავებული ადამიანების სხვადასხვა ფორმით დისკრიმინაციას.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებებს მასწავლებელიც პატივს სცემდეს და ბავშვებს ასწავლიდეს. მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანი როლმოდელია ბავშვისთვის, მისგან ბევრს იღებენ მოსწავლეები, ამიტომ რას ასწავლის და როგორი დამოკიდებულება აქვს პედაგოგს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სოციალური განვითარების ყველაზე მაღალი დონე ინკლუზიაა. ეს გულისხმობს იმას, რომ განსხვავებულობა ფორმალურად კი არ უნდა აღიარო, არამედ რეალურად უნდა ჩართო საზოგადოების ნაწილი ქვეყნის ცხოვრებაში და მიიღო თანასწორად.

ღირებულებების თემაზე ბევრს ვმუშაობ ხოლმე. ხშირად ვაჩვენებ ბავშვებს ფილმებს და ვმსჯელობთ. ერთხელ ვაჩვენე ფილმი ბავშვების ტრეფიკინგზე, ჩაგვრაზე და იმაზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტები რეალურად მჩაგვრელები არიან და ამის რომანტიზება რომ არ უნდა მოხდეს. ხშირად ვესაუბრები და ვცდილობ კონკრეტული მაგალითებით დავანახო ტოლერანტობის სიკეთე და სიქველე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჯანსაღი სამოქალაქო ღირებულებები ჰქონდეთ.

  • თუმცა არის მოსაზრება, რომ სკოლებში ნაციონალიზმს უფრო ასწავლიან, ვიდრე ტოლერანტობის სიკეთეს.

ეროვნულობა და პატრიოტიზმი, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, თუმცა გლობალიზაციის ეპოქაში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ვერ გავექცევით. მაშინ ბევრი სიკეთის გარეშე დავრჩებით. სწორი მიდგომის შემთხვევაში კი, ჩვენი ეროვნული ფასეულობების ინტეგრირებას მოვახდენთ.

  • როგორი სოფელია კალა, მასზეც მოგვიყევით.

კალას თემი რამდენიმე პატარა სოფლად იყოფა. კალაში საშუალო სკოლაა, თუმცა წელს პირველი, მეშვიდე და მეცხრე კლასები არ გვყავდა. შარშან ერთი ოჯახი გადმოვიდა თბილისიდან და 4 მოსწავლე შეგვემატა.

სოფელი ძალიან ლამაზია არა მარტო გეოგრაფიულად, ადამიანებიც საოცრად კარგები არიან. რაც სვანებზე ანეკდოტები მსმენია, ყველაფერი ტყუილი ყოფილა, იმდენად შეგნებული და დახვეწილი ხალხია. ძალიან მაღალი სოციალური შეგნებით გამოირჩევა ეს ხალხი.

მოსწავლეებთან ერთად სოფელ კალაში.
  • გაგიჭირდათ პანდემიაში სწავლა?

წელს არ ჩავკეტილვართ, წინა წელს იყო სირთულეები, რადგან სანამ ალღოს ავუღებდით ციფრულ პლატფორმებს, მარტი-აპრილი გავიდა. წელს დიაგნოსტიკური ტესტები ჩავატარეთ და არ იყო საგანგაშო მდგომარეობა.

გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს, ახალი, უნიკალური საბავშვო წიგნებით. სკოლაში მხოლოდ ერთი კომპიუტერია და ისიც დირექტორის კაბინეტში. თუმცა, მოსწავლეებს ჩემი კომპიუტერის გამოყენების უფლებას ვაძლევ, ზოგს თავისი აქვს. რაღაც ვიზუალური რესურსები გვაქვს გეოგრაფიაში, ისტორიაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესია მეტი რომ გვქონდეს.

ბევრი ამბობს, რომ არ გაამართლა დისტანციურმა სწავლებამ, რადგან მასწავლებლის და ბავშვისთვის ემოცია, განწყობა პირდაპირ უკეთ აღიქმება. ზოგადად, ცნობილია, რომ ადამიანი ვერბალურად გადმოცემული ინფორმაციის მხოლოდ 7 პროცენტს აღიქვამს, დანარჩენს კი ჟესტებით, ტემბრით, ემოციით და ასე შემდეგ. როცა პირისპირ ხვდები მოსწავლეს, ცხადია, უფრო მეტი ემოცია გაქვს და უფრო მეტ ინტერესს იწვევს მასში.

ჩემი მიზანია ბავშვებს შემოქმედებითობა ვასწავლო, რადგან ეს არ არის მხოლოდ განსაკუთრებულ ნიჭზე დამოკიდებული. შემოქმედებითობა დასწავლადია. ამისთვის აქტიურად ვიყენებ მორფოლოგიურ მატრიცას, გონებრივი იერიშის სხვადასხვა ვარიაციას და ძალიან ხალისით ასრულებენ ხოლმე ასეთ დავალებებს ბავშვები. გარდა ამისა, მინდა ბავშვებს ისტორია ვასწავლო იმისთვის, რომ მომავლის პროგნოზირება შეძლონ. სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბდეთ და სწორად განსაზღვრონ პოლიტიკურ მოვლენაში რა არის პოზიტიური ან ნეგატიური და რატომ.

  • სკოლის გარე აქტივობებიც გაქვთ ალბათ არა?

სოციალურ პროექტებში მთელი თემი გვყავს ჩართული, პრეზენტაციებსაც კი ესწრებიან ხოლმე. ალკოჰოლის, თამბაქოს მავნებლობაზე, თვითმმართველობის საკითხებზე როცა ვმართავთ პრეზენტაციებს, უფროსებიც მოდიან.

ბავშვები მოსახლეობას მათი უფლებების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, თუ რა უნდა მოითხოვონ ადგილობრივი თვითმმართველობისგან, რესპონდენტებადაც ჰყავთ ხოლმე უფროსები, როცა რაოდენობრივ ან თვისობრივ კვლევებს ატარებენ.

რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას აღარ გიბრუნებენ – იურისტის განმარტება

რა დრო დასჭირდება სასამართლო განხილვას და მერე გადაწყვეტილების აღსრულებას, როცა ბინა გააქირავე და უკან ვეღარ იბრუნებ? – „ბათუმელები“ 2021 წლის 17 ივნისს წერდა შემთხვევის შესახებ, როცა მოქალაქემ ბინა 4 წლის წინ გააქირავა, ხოლო დამქირავებელი ქირას აღარ იხდის და არც ბინის დაცლას აპირებს.

რა უნდა გაითვალისწინო, ვიდრე ბინას აქირავებ? – კითხვებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე პასუხობს.

  • პაატა, რა დაიცავდა ამ შემთხვევაში მესაკუთრეს, რომელმაც 4 წლის წინ გააქირავა ბინა და უკან ვეღარ იბრუნებს? მას არც ქირის ფულს უხდიან.

ქირავნობის ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. ამ შემთხვევაში მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ. ზოგადად, უმჯობესია ხელშეკრულების წერილობით გაფორმება, თუმცა ესეც არ ნიშნავს იმას, რომ თუ პირი არ გადაიხდის ქირას, ავტომატურად გამოასახლებ [ბინიდან].

გამოსახლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც პოლიცია ასახლებს ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე და გამოძიებაა დაწყებული, ანუ, მაგალითად, ადამიანი შეიჭრა ბინაში. თუ გამოძიება არაა დაწყებული და ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეა პირი ბინაში, ან ბინათსარგებლობის სხვა ხელშეკრულებაა, იპოთეკა და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, მესაკუთრემ უნდა მიმართოს სასამართლოს გამოსახლების მოთხოვნით.

  • თუკი მესაკუთრე შევა თავის ბინაში, რომელიც გაქირავებული აქვს და ამ დროს მიმართავდა პოლიციას, როგორ უნდა იმოქმედონ სამართალდამცველებმა? 

პოლიცია ადამიანს ვერ გაასახლებს და ამ გადაწყვეტილებას პოლიციელი ვერ მიიღებს. ასეთი ვითარება, რაც დაასახელეთ, ბინაში შეჭრად ვერ შეფასდება, რადგან მას წინ უსწრებს ზეპირი, ან წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო.

  • შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შეიძლება პირს მიენიჭოს ნაქირავებ ბინაში გაჩერების უფლება? 

ქირავნობის ხელშეკრულება დამქირავებელს ანიჭებს ცხოვრების უფლებას, ის არ წარმოშობს საკუთრების უფლებას. შესაბამისად, ხელშეკრულებას როცა უმთავრდება ვადა, სრულდება ეს ურთიერთობებიც.

ხელშეკრულება წყდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი არ იხდის ქირის ფულს. ხელშეკრულება დამქირავებელსაც იცავს, როცა ის კეთილსინდისიერად იხდის ქირის ფულს და არ არღვევს შეთანხმების პირობებს. ხელშეკრულებაში შეიძლება იყოს გათვალისწინებული სანქციები, რა უნდა ხდებოდეს მსგავს ვითარებაში, როცა დამქირავებელი ასრულებს თავის ვალდებულებებს და მოულოდნელად გამქირავებელი ითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას. ამ დროს შესაძლოა მას უბრუნდებოდეს, მაგალითად, ბოლო თვის ქირის ფული.

ზეპირი ხელშეკრულებაც ხელშეკრულებაა, ის არაა კანონმდებლობის გარეთ. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს იმის მტკიცება, თუ რა იყო შეთანხმება. გამქირავებელს ასევე აქვს წინასწარი შეტყობინების ვალდებულება დამქირავებელთან, როცა ის ვადაზე ადრე წყვეტს ხელშეკრულებას.

  • თუკი საკუთრებას ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერი და მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდება სასამართლოში, რა არის სასამართლო დავის საგანი, რას არკვევს ამ დროს მოსამართლე? 

დავის საგანი არის გამოსახლება, რომ მესაკუთრეს თავისუფალ მდგომარეობაში ჩაჰბარდეს ბინა. მსგავსი სასარჩელო მოთხოვნები უმეტეს შემთხვევაში კმაყოფილდება, რადგანაც მესაკუთრეს მიაქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება შეწყვეტილია და ძირითადად ესაა.

ამ დროს ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა დავის საგანი შეიძლება იყოს ის, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან გადახდილ ქირაზე, ან მაგალითად, ვალუტის კურსი შეიცვალა და ეს გახდა დავის საგანი. მსგავსი გარემოებები უნდა შეაფასოს სასამართლომ.

  • რა დრო სჭირდება ამ ტიპის საქმის განხილვას და შესაძლებელია თუ არა მისი გასაჩივრება?  

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გადატვირთულია სასამართლო. ჩვენს მოცემულობაში ცნობილია, რომ სასამართლო ხშირად გადატვირთულია და ირღვევა საქმის განხილვის ვადები. თითქმის ყველა საქმეზე ჩვენ გვაქვს ვადების დარღვევა.

ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეიძლება ზემდგომ ინსტანციაში, რაც დავის დასრულებას კიდევ უფრო ახანგრძლივებს.

  • რა  ხდება აღსრულების ეტაპზე? როცა სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდება, მესაკუთრეს რა დრო დასჭირდება ბინის დასაბრუნებლად?

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ჩაჰბარდეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ამის შემდეგ აღმასრულებელმა ნებაყოფლობით შესრულებაზე უნდა გაუგზავნოს წინადადება დამქირავებელს, რომ დაცალოს ბინა. ამას აქვს თავისი პროცედურა – უნდა განუსაზღვროს დრო და ასე შემდეგ.

თუ დამქირავებელი ნებაყოფლობით არ დაცლის ბინას, შემდეგ ხდება უკვე იძულებით გამოსახლება.

მსგავსი საქმეების სასამართლო განხილვის დროს მესაკუთრე იხდის ბაჟის, ასევე ფარავს ადვოკატის ხარჯებს. შეუძლია მას ამ თანხის დაბრუნებაც მოსთხოვოს დამქირავებელს? 

კი, რა თქმა უნდა. ამას არეგულირებს კანონმდებლობა და იმ მხარის ხარჯებს, ვისი სასარჩელო მოთხოვნებიც დაკმაყოფილდა, იღებს მეორე მხარე იმის პროპორციულად, რა პროპორციულობითაც მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

  • შეიძლება მესაკუთრემ მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც?

კი, მას შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გადახდაც, რის აღებაც შეეძლო ამ სასამართლო განხილვის დროს. სასამართლო დავის საგანი შეიძლება იყოს ასევე ნივთების დაზიანება, თუკი ასეთს აქვს ადგილი.

  • როგორ შეიძლება ამ ყველაფრისგან თავი დაიზღვიოს მესაკუთრემ, რომელიც ბინას აქირავებს? 

ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს, არის ის, რომ წერილობით გააფორმოს ხელშეკრულება და გარკვეული ტიპის სანქციები გაიწეროს ხელშეკრულებაში. სხვა მექანიზმი, რომ სასამართლოს გარეშე მოხდება გამოსახლება, არ არსებობს.

წერილობითი ხელშეკრულების არსებობა ამარტივებს მტკიცების ტვირთს. ეს გულისხმობს იმას, რომ თუკი სადავოა, მაგალითად, რა იყო ქირის ოდენობა, რა ვადით გაფორმდა ხელშეკრულება და ასე შემდეგ. ეს არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამტკიცებელია სასამართლოში. წერილობითი ხელშეკრულების პირობებში კი, იოლია ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

პაატა დიასამიძე

დანაგვიანებული ტერიტორია საბავშვო ბაღის მიმდებარედ ბათუმში

ბათუმში, აღმაშენებლის 16 ნომერში, იქ სადაც მე-10 საბავშვო ბაღი მდებარეობს, ასე გამოიყურება ბაღის მიმდებარე ტერიტორია. სწორედ აქ თამაშობენ და გადაადგილდებიან  სხვა ბავშვებიც, რადგან ტერიტორიაზე პატარა ატრაქციონიცაა დამონტაჯებული.

ტერიტორიაზე განთავსებული სკამები დაზიანებულია, იქვე ყრია მეტალის და საყოფაცხოვრებო თუ სხვა ნარჩენები. ფოტოები „ბათუმელებს“ მკითხველმა მიაწოდა.

აღმაშენებლის 16 ნომერში არსებული ტერიტორია დანაგვიანებულია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს და ჰკითხა, არის თუ არა, აღნიშნული სამსახურის მოვალეობა, ბაღის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება?

აღნიშნულ სამსახურში გვეუბნებიან, რომ დაზიანებულ სკამებს მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო გაიტანს. რაც შეეხება დასუფთავებას, აღნიშნულ სამსახურში გვეუბნებიან რომ ტერიტორია შიდა ეზოა, „ შიდა ეზოები კი კვირაში ერთხელ ლაგდება, ამიტომ ეს ტერიტორიაც მომდევნო კვირაში დალაგდება“-გვეუბნებიან „სანდასუფთავებაში“.

ნარკოტიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

პოლიციის ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს ერთი ადამიანი, რომელსაც დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

„დაკავებულია 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში“.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 147 აბი და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. გ.შ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 18 საბრძოლო ვაზნა“-აცხადებს პოლიცია.

კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში

აჭარაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღეს 19 ივნისს.

აჭარაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 11 პაციენტი, კლინიკა 19 პაციენტმა დატოვა.

გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 48 პაციენტი.

აჭარის კოვიდკლინიკებში სულ მკურნალობს 180 პაციენტი.

კოვიდ სასტუმროშია 177 ადამიანი.

19 ივნისის მონაცემებით, აჭარაში ვაქცინაცია ჩაიტარა  23 217 ადამიანმა.

შეამოწმე, კომფორტულია შენთან ერთად მუშაობა? [ტესტი]

საერთო სივრცის განაწილება სამსახურში არცთუ მარტივი ამბავია. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში გრძნობს თავს კარგად. ერთს რომ სცივა, სხვას ცხელა, ვინც კართან ზის, იმას ფანჯარასთან ჯდომა ურჩევნია, ფანჯარასთან მყოფისთვის ყრუ კედლებში მუშაობაა საოცნებო სამუშაო გარემო და ა.შ.

მოკლედ რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ საერთო წესებზე შეთანხმება ყოველთვის შეიძლება.

შეავსეთ ტესტი და შეამოწმეთ რამდენად კომფორტული თანამშრომელი ხარ?

რას ნატრობდნენ 1892 წელს ქედელები – „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილი

1892 წლის აგვისტოში, როცა საქართველოში ქოლერის ეპიდემია მძვინვარებდა, 38 წლის ზაქარია ჭიჭინაძე ქედაში ჩავიდა.

ამ მოგზაურობიდან ერთი თვის შემდეგ მან გაზეთ „ივერიაში“ წერილი გამოაქვეყნა ქედის, როგორც მაშინ უწოდებდნენ – ქვედა აჭარის შესახებ.

ქვედა აჭარაში 72 სოფელია, „კაცი გაჰკვირდება ამათის ქართული ენითო“ – წერს და იქვე დასძენს:

„ეს ამდენი ქართველი ხალხი, ეს ამდენი სოფლები ჩვენგან სრულიად უყურადღებოდ არის დატოვებული და ამათთვის ცისა და დედამიწის მეტი პატრონი არავინ არ არის“. 

ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარის სოფლებში ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები და ბროშურები ჩაიტანა დასარიგებლად. პარასკევს, ჯუმა დღეს ჯამესთან მისულა და წიგნები მიუტანია.

„ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილი რამდენიმე წინადადებით აცოცხლებს 1892 წლის აგვისტოს პარასკევ დღეს ქედაში:

„პარასკევობით აქ პატარა იარმურკობა [ბაზრობა] იცის და 500-ზე მეტი სოფლის კაცი შემოდის, ყველა ქართულად მოლაპარაკე.

პარასკევ დღეს ჯამესთან მივედი, წიგნები მივიტანე. ხალხს ძრიელ გაეხარდა, ნამეტნავად ყმაწვილებს. ხალხში ბევრი აღმოჩნდა ქართულის წიგნის მცოდნე.

მარტო იმ დღეს ქედის ჯამეზედ და თვრამეტ სოფელში წაიღეს 1700 ეგზ. სხვა-და-სხვა წიგნი, სახელდობრ: ზვარს, ორცვას, მერისში, ზუზნაფელში, დოლოგანს, კაკაძეს, ალიქოღლის, წოიანის, კონტაურს, ვაიოს, საღორეთს, კვაშტას, მახუნცეთს, ბზუ-ბზუს, გულებს, ქვემო მახუნცეთსა და რამდენსამე სხვა სოფელში.

წიგნის წამღებნი უმეტესად მამასახლისები იყვნენ და ყველამ იცოდა ქართული კითხვა.

მაგალითად: ქედას ბეგის შარუაშიძეების ცხრა ძმათ ყველამ იციან ქართული კითხვა, ასევე ამათმა შვილებმა და ესენი სხვებსაც ასწავლიან; ასევე იციან ბეგებმა ბეჟანოღლებ-პირფარეშისძეთა და მრავალმა სხვამ.

ამათა სთქვეს: თქვენ შემდეგ ჰნახავთ აქ ქართული ანბანის მოფენასო“, – წერს ზაქარია ჭიჭინაძე.

ზაქარია ჭიჭინაძე

იგი განსაკუთრებით გაახარა იმან, რომ ქართულად წერა-კითხვა მუსლიმმა სასულიერო პირებმაც იცოდნენ:

„ამათ ძრიელ გაეხარდათ ქართულის წიგნების ნახვა, ნამეტნავად მუჰამედის ცხოვრება და ლოცვები. დღეის შემდეგ კარგად ვისწავლითო, რადგან წიგნები ვიშოვეთო. ეს მოლები არიან: მოლა სულეიმან ბერიძე, მოლა ჰუსეინ ჩიკოიძე, მოლა ალი დიასამიძე, მოლა აბდულ დიასამიძე, მოლა ჰასან ჩიპურტანიძე“.

„ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ იმაზეც, თუ როგორ ნატრობენ ქედაში სკოლის გახსნას და დარდობენ, იმედია უპატრონოდ არ დაგვტოვებენო.

„ამ  დღეებში ქედაში ლაპარაკი იყო და ყველამ დიდად ინატრა სასწავლებელი. თვით ბეგებმაც ინატრეს. ჩვენ ქართველების დიდი იმედი გვქონდაო და იმედია, რომ ეს ფუჭად არ ჩაგვივლის, ჩვენს მდგომარეობას ყურადღებას მოაქცევთ და ქედაში სკოლაში დაგვიარსებთო.

მთელის ქვედა აჭარის 72 სოფელი იხვეწება, რომ გვიპატრონეთ და სკოლა გაგვიმართეთო, სკოლას შეშას ჩვენ მივცემთო“.

ქედაში სკოლის საჭიროებაზე „ივერიაში“ 1892 წელს სხვა წერილიც გამოქვეყნდა, თუმცა სკოლა „ქვედა აჭარაში“, დაბა ქედაში მხოლოდ 11 წლის შემდეგ, 1903 წელს გაიხსნა.

_________

ციტატები ზაქარია ჭიჭინაძის „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილიდან ქვეყნდება სტილის დაცვით. 

ფოტოზე: ბაზარში მიმავალი აჭარლები. ფოტოს ფრაგმენტი წიგნიდან „უცნობი ძველი აჭარა“. ფოტოს ნეგატივი დაცულია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. 

უნდა შევთანხმდეთ ერთიან და უპარტიო კანდიდატზე – მამუკა ხაზარაძე ბათუმის მერის არჩევნებზე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ბათუმის მერობის ერთიან კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეს კანდიდატი უნდა იყოს უპარტიო და ყველასთვის მისაღები. ამ და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

  • ბატონო მამუკა, განიხილავთ ოპოზიცია მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელებას, მაგალითად ბათუმში?

თბილისში ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და დიდი სურვილი მაქვს, რომ ბათუმშიც მივაღწიოთ ამას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ უპარტიო ადამიანი, რომელიც ამ თემებზე არამარტო იმსჯელებს, არამედ იბრძოლებს. შეიძლება ჩვენ აქამდე არ ვუყურებდით ამ ადამიანს, როგორც პოლიტიკურ ადამიანს, მაგრამ ვუყურებთ როგორც პრინციპულს.

ეს მისი ცხოვრების წესი უნდა იყოს, უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ კაცის გამოცდილება და ცხოვრების წესი მას სხვა საშუალებას არ მისცემს და ჩამკეტი მექანიზმი ამისა, რომ სხვა რამეს არ გააკეთებს ისიც არის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ გეგმაზე, სტრატეგიაზე, ყველაფერზე, რასაც ეს კოალიცია ბათუმს მოუტანს, თუ ბათუმზე ვსაუბრობთ, ან თბილისს მოუტანს. სხვანაირად აზრს კარგავს პროპორციული არჩევნების თემა, კოალიციური მთავრობა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ვილაპარაკოთ ადამიანის პრობლემაზე, თქვენ სხვა პარტიაში ხართ მე სხვა პარტიაში, მაგრამ რატომ ვართ? – ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს, ათიდან ხუთ საკითხში ვნახავთ თანხვედრას, უნდა ვნახოთ… იმიტომ. რომ სხვა შემთხვევაში დაზარალდება პარტია.

ამავე დროს ეს პრაქტიკულად პროპორციული არჩევნებია, ჩვენ მაჟორიტარების არჩევის მახინჯი სისტემა უნდა დავამთავროთ, ამის დამთავრების ყველაზე კარგი საშუალება არის შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელმაც 43-პროცენტიანი ჩამკეტი შემოიტანა. მოქალაქე, რომელიც მოვა არჩევნებზე, არამარტო ადგილობრივ არჩევნებს უნდა მისცეს ხმა, არამედ იმის საშუალება მისცეს ქვეყანას, რომ მომავალ წელს ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები. ეს მოგვცემს განვითარების სწრაფ ბერკეტს, რადგან იძულებულები იქნებიან პოლიტიკური პარტიები ნახონ პარტნიორები.

ეს ურტყამს კორუფციას – რთული იქნება შეთანხმდნენ მინისტრები „ხელი ხელს დაბანს“ პრინციპით, რადგან ბევრი ბარიერი ჩნდება. ბიზნესისთვისაც ნათელი ხდება, რომ რომელიმე პარტიასთან კი არ უნდა დაალაგოს [ურთიერთობები], რადგან ის არ იქნება ერთპიროვნული მმართველი, არამედ უნდა დაალაგოს კანონთან. აქ უნდა მივიდეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე უნდა მოხდეს შეთანხმება მაჟორიტარებზე.

  • სხვა პარტიები თანახმა არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას არჩევნებში ჰყავდეს მერის საერთო და უპარტიო კანდიდატი?

დიახ, მე ვესაუბრე პოლიტიკურ პარტიებს, ყველას არა, მაგრამ ვესაუბრე ბევრს, მათ ლიდერებს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ხმამაღლა გვაქვს ნათქვამი, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ეს არის სხვა პარტია. თქვენ რა გგონიათ, „ლელოს“ არ ჰყავს თბილისის მერობის კანდიდატი? – არაერთი, მაგრამ ჩვენთვის დღეს თბილისის პრობლემის გადაჭრაა მნიშვნელოვანი და არა ჩვენი მონაწილეობა. ამის დრო არ არის ახლა.

ვინ არიან ახალი მოსამართლეები, რომლებიც ბათუმში დანიშნეს

ბათუმში ორი ახალი მოსამართლე გაამწესეს – კოტე ჭილაია და ლევან ყოლბაია. ისინი სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 ივნისს მიიღო – ქვეყნის მასშტაბით 46 მოსამართლე გაამწესეს.

კოტე ჭილაია სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ დრომდე მას მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. 2003 წლიდან ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა გამომძიებლად, 2009 წლიდან კი, შემოსავლების სამსახურის ოფიცერი იყო.

2018 წელს კოტე ჭილაიას ოფიციალური წერილი მიუწერია მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისთვის. კოტე ჭილაია წერს, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია და აქვს გამომძიებლად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები, როგორც სისხლის სამართლის, ისე საერთო სპეციალიზაციით. კოტე ჭილაია თეა წულუკიანს მთავარი პროკურორის კანდიდატად წარდგენას სთხოვდა.

რა უპასუხა თხოვნას თეა წულუკიანმა? – პასუხის მისაღებად თავად მოსამართლეს დავუკავშირდით.

„რა ინფორმაციაც არის საჭირო, დადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – გვითხრა მოსამართლემ.

2017 წლიდან 2 წლის განმავლობაში კოტე ჭილაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი იყო.

ჯერ უცნობია, როგორი მოსამართლე იქნება კოტე ჭილაია, თუმცა მოსამართლედ გამწესებამდე ერთი დღით ადრე ნათლულისგან სიგელი მიუღია – „ყველაზე მზრუნველი ნათლია“.

ეს სიგელი მოსამართლის ფეისბუქგვერდზე ვიპოვეთ.

რაც შეეხება გაანთლებას: კოტე ჭილაიას 1997 წელს დასრულებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი. მის ბიოგრაფიაში არაფერი წერია სამეცნიერო ხარისხის შესახებ.

მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არც ლევან ყოლბაიას აქვს. ისიც სისხლის სამართლის საქმეების განხილვას შეუდგება ბათუმში. ლევან ყოლბაიაც ისტორიკოს-იურისტია, თუმცა მას დოქტორის ხარისხი აქვს – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მიმართულებით.

ბათუმში მოსამართლედ გამწესებამდე ლევან ყოლბაია საჯარო სამსახურის ბიუროში მუშაობდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურისტად.

2014-2015 წლებში ლევან ყოლბაია აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტად მუშაობდა, მანამდე კი იგი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ლევან ყოლბაია იყო მოსამართლის თანაშემწეც – 2001 წლიდან 2005 წლამდე იგი აფხაზეთის სასამართლოს თანამშრომელი იყო და მივლინებით თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, ბათუმში გამწესებული ორივე მოსამართლის რეკომენდატორი ვახტან თორდიაა, რომელიც ე.წ. სასამართლო კლანის ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან მურუსიძესთან დაახლოვებული პირია. ვახტანგ თორდია 2017 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ბათუმში გამწესებული ახალი მოსამართლეები კი, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ ვახტანგ თორდიასთან: კოტე ჭილაია ვახტანგ თორდიას რეფერენტი იყო, ხოლო ლევან ყოლბაია თორდიას თანაშემწედ მუშაობდა.

მოსამართლეობას თბილისში გააგრძელებს ვიოლეტა ფორჩხიძე. ის ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. ვიოლეტა ფორჩხიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადავიდა.

ბულვარში ნაგვის დაყრისთვის 80 ლარით დაჯარიმდებით

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იმ აკრძალვების ნუსხას აქვეყნებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში პირს ფულადი ჯარიმები დაეკისრება. კერძოდ, ბულვარის ტერიტორიაზე აკრძალულია ნაგვის დაყრა, სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ქვეითებისთვის განკუთვნილ გზაზე და ქვეითების მოძრაობა ველო ბილიკზე.

ბულვარის ადმინისტრაციის თანახმად:

[checklist]

  • 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანება იწვევს პირის დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით
  • მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 50 ლარი.
  • ველობილიკზე ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია
  • ელექტრომობილით, მოტოციკლითა და კვადროციკლით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება აკრძალულია (დასაშვებია დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით)
  • ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით

[/checklist]

იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში, რომლებსაც ქვეითებისთვის განკუთვნილ ბილიკზე გადასვლა ეკრძალებათ, არ შედის სქროლი, რომელიც ასევე ელექტროა.

„მოზარდებთან ამ თემებზე საუბარი სასიცოცხლოდ აუცილებელია“ – დისკუსიები ქობულეთსა და ქედაში

„სკოლის ადრეული წლებიდანვე აუცილებელია ვისაუბროთ მრავალფეროვნებაზე, მულტიკულტურულ გარემოზე, რომელიც ქმნის ქვეყანას, სახელმწიფოს და სადაც უმცირესობის წარმომადგენელი თავს სრულფასოვან მოქალაქედ უნდა მიიჩნევდეს… სამოქალაქო ცნობიერება და კანონის უზენაესობაზე დამყარებული ურთიერთობა კი სწორედ სასკოლო კედლებში უნდა იწყებოდეს“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, ორგანიზაცია „საერთაშორისო  გამჭირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი.

მალხაზ ჭკადუა, ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობრივი ვალდებულებების  შესახებ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში ქობულეთის №5 და დაბა ქედის საჯარო სკოლებში მოსწავლეებს შეხვდა. ორივე შეხვედრა, ინტერაქტიული და მრავალფეროვანი კითხვა-პასუხით გამოირჩეოდა.

დისკუსია ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში

ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში, სადაც 75 ბოშა ბავშვი სწავლობს, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებული პრობლემური დამოკიდებულების განხილვას დაეთმო.

ამ თემებზე საუბრის იდეა ამავე სკოლის დირექტორს, ნარგიზ ჭინჭარაძეს ეკუთვნის.

დისკუსია ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში

შეხვედრის შესახებ თავის მოსაზრებას გვიზიარებს მალხაზ ჭკადუა: „სკოლის ადრეული წლებიდანვე აუცილებელია ვისაუბროთ მრავალფეროვნებაზე, მულტიკულტურულ გარემოზე, რომელიც ქმნის ქვეყანას, სახელმწიფოს და სადაც უმცირესობის წარმომადგენელი თავს სრულფასოვან მოქალაქედ უნდა მიიჩნევდნენ. უპირველესად სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც მოქალაქეებს, განსხვავებების მიუხედავად, ღირსეული ცხოვრების, დამოკიდებულების, რეალიზაციისა და გამოხატვის საშუალება ექნებათ.“

დისკუსია ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში

მალხაზ ჭკადუას თქმით, სკოლა, დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად, ზემოთ აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების პოლიტიკის გამტარებელი და პრაქტიკაში დამნერგავი უნდა იყოს: „ამიტომაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ვისაუბროთ მოზარდებთან ამ თემებზე“.

დისკუსია ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში

შეხვედრის მონაწილე მოსწავლეების აქტიურობით გამოირჩეოდა დაბა ქედის საჯარო სკოლაში გამართული დისკუსიაც. აქ  სასაუბრო თემა სამოქალაქო პროტესტებსა და მოქალაქეობრივ ვალდებულებებს შეეხო. მონაწილეებმა არაერთი კითხვა დასვეს და თავიანთი მოსაზრებები გამოხატეს.

დისკუსია დაბა ქედის საჯარო სკოლაში

დაბა ქედის საჯარო სკოლაში დისკუსიისთვის შერჩეული თემის იდეა სკოლის პედაგოგს, მზიური შავაძეს ეკუთვნის.

დისკუსია დაბა ქედის საჯარო სკოლაში

მზიური შავაძე აღნიშნულ თემაზე საუბრის საჭიროებას ამგვარად ხსნის: „დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლებები მჭიდროდაა დაკავშირებული მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასთან. საზოგადოება თანხმდება ძირითად პრინციპებზე, უფლებებზე, პროცედურებასა და სამართლებრივ ნორმებზე, რომელიც მათი მშვიდობიანი თანაარსებობისთვისაა აუცილებელი. საზოგადოების მიერ კანონების ცოდნა-გააზრება ზრდის ამ კანონების მხარდაჭერას, ამცირებს უცოდინრობით გამოწვეული დარღვევის ალბათობას. ჩვენც, ისე როგორც სხვა სასკოლო საზოგადოებას, გვჭირდება მოქალაქეობრივი კულტურის ამაღლება და ხელშეწყობა.“

მალხაზ ჭკადუას თქმით, „აქტიური მოქალაქეობა ცარიელ ადგილზე არ აღმოცენდება: თუ სკოლა, საზოგადოება, სამოქალაქო ჯგუფები მუდმივად არ ვისაუბრებთ იმ საჭიროებებზე, რაც ხელისუფლების მუდმივ კონტროლს, მეტ ჩართულობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას ეხება“.

დისკუსია დაბა ქედის საჯარო სკოლაში

„სამოქალაქო განათლებისა თუ სხვა საგნების სწავლა-სწავლების პროცესში ამ საკითხებს მოსწავლეები ეხებიან, ამასთან, აუცილებელია მათთან ხშირი სტუმრობა არსებული პრაქტიკის გამოწვევებისა და სამოქალაქო პერსპექტივების გაზიარების კუთხით. ამავდროულად, სასიცოცხლოდ აუცილებელია მათ მოვუსმინოთ, მათში პირდაპირ აირეკლება არსებული განწყობები და ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეებისგან იმდენივეს ვსწავლობთ, რამდენის გაზიარებისა და გადმოცემის საშუალებას ვაძლევთ. ამიტომ, ხშირად უნდა მოვუსმინოთ და ვიფიქროთ, რითი შეგვიძლია მათი ცოდნისა და შესაძლებლობების გამრავალფეროვნება“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

ქობულეთისა და ქედის საჯარო სკოლებში შეხვედრები დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ მსგავსი შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავს რეალურ დროში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემების ანალიზს, მათი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში დისკუსიები ასევე გაიმართა:
მთავარი ფოტო: დისკუსია ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

როგორ შეაფასებენ იმ მოსწავლეებს, ვინც სკოლას აცდენდა – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წელს, მე-12 კლასის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს სასწავლო საათების რაოდენობის 30 პროცენტი, შემაჯამებელი ან კომპლექსური დავალებების საფუძველზე შეფასდებიან.

ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი ან კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ.

„შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა“, – წერია ბრძანებაში.

ამავე ბრძანების მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელს, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლე (გარდა მე-12 კლასის მოსწავლეებისა) ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმის 34-ე მუხლის შესაბამისად. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლე შეფასდება სემესტრის განმავლობაში, სხვადასხვა კომპონენტში მიღებული შეფასების ჯამით.

„იმ შემთხვევაში, თუ საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლის (გარდა მე-12 კლასის მოსწავლეებისა) შეფასება ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მაშინ მოსწავლე ფასდება ერთ შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე“, – ნათქვამია ბრძანებაში.

მაშველებმა ურეკსა და ქობულეთში 2 ადამიანი გადაარჩინეს – შავ ზღვაზე შტორმია

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მაშველება დღეს 18 ივნისს, ურეკსა და ბათუმში ორი ადამიანი გადაარჩინეს. პირველი შემთხვევა ურეკში დაფიქსირდა, სადაც  არასრულწლოვანი იმყოფებოდა ზღვაში, ნაპირიდან 15 მეტრის დაშორებით და გამოსვლას ვერ ახერხებდა. მეორე შემთხვევაც დღეს მოხდა, 112-ში ზარი ქობულეთიდან შევიდა.

„მოქალაქე შევიდა ზღვაში და მისი თანმხლები პირები ვეღარ პოულობდნენ, ითხოვდნენ მაშველების დახმარებას. მაშველები წყალში გასაბერი ნავით შევიდნენ და მოქალაქე ნაპირიდან  დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

მამაკაცი წყლიდან უკვე გამოყვანილია უვნებლად. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“-აცხადებს საგანგებო სამსახური.

ამავე წყაროს ცნობით, დღეს 18 ივნისს საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება შტორმი.

„უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. მოსახლეობას ვაფრთხილებთ რომ არ შევიდნენ ზღვაში.

კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად“-აცხადებს საგანგებო სამსახური.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.

გერმანიაში ცუდ პირობებში დასაქმებულებს ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ – საელჩო

გერმანიის საელჩო გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

„საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ.

პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.

გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით:

„ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის.“

გერმანიის საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საელჩომ დღეს, 18 ივნისს გაავრცელა.

______________

ამავე თემაზე: 

ქართველების შრომა გერმანიაში, სატაცურის მინდვრებში

ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკი – ჩარტერული რეისები ნოემბრამდე შესრულდება

ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ოპერირებას.

ავიაკომპანია ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს 18 ივლისიდან იწყებს.

ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა) გეგმავს.

ბათუმში შაბათ-კვირა მზიანი იქნება, ზღვის წყალი 20 გრადუსამდე გათბა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 18 ივნისის 21 საათიდან 19 ივნისის 21 საათამდე  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 20-21 ივნისს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დადასტურდა კოვიდის 671 ახალი შემთხვევა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

18 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 2 825 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 659 მძიმე პაციენტია.

5633 ადამიანი ვირუსზე მკურნალობს საკუთარ სახლში. 

17 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.50%.

კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა ბათუმში | 18 ივნისი

18 ივნისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, მართვით სუნთქვაზეა 9 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 65 ადამიანი.

18 ივნისის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 191 პაციენტი.

56 253 ლარის ოქრო სარფიდან მალულად შემოჰქონდათ

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, „სარფი“-ს საბაჟო-გამშვები პუნქტის  გავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავების გამოყენებით, საქართველოში მალულად შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 508.66 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება  56 253 ლარს აღემატება“-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

ბათუმში 4 მანქანა მოხვდა ავარიაში, დაშავებულია 1 ადამიანი

ავტოავარია მოხდა ბათუმში დღეს, 17 ივნისს, გიორგი ბრწყინვალისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში.

თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომაქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულია ერთი ადამიანი.

ადგილზე მუშაობს პოლიცია.

„ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

დიდი ფული, შეუსრულებელი ვალდებულებები და შეღავათები – შპს „ალმა“

პოლიტიკური პარტიების 2020 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“  საპარალამენტო არჩევნებზე სარეკლამო ბილბორდების ბეჭდვა-განთავსებისთვის ჯამში 900 000 ლარზე მეტი დახარჯა. აქედან ნახევარი მილიონი ლარის დაკვეთა  შპს „ალმამ“  მიიღო, ხოლო 341 000 ლარი ბანერების ბეჭდვა-განათავსებაზე „აუთდორ ჯი“-მ. ორივე „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა. მთავარი დაკვეთა კომპანიებს გასულ წელს, საარჩევნოდ, ძირითადად „ოცნებიდან“ ჰქონდათ.

შპს „ალმა“ ბათუმის მერიის ერთ-ერთი გრძელვადიანი მოიჯარეა. კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

კომპანიას ასევე უფლება აქვს, ბათუმის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ექსკლუზიურად განათავსოს რეკლამა.

პანდემიის პირობების გათვალისწინებით, კომპანიამ 2021 წლის მარტში მერიისგან გარკვეული შეღავათები მოითხოვა და მიიღო კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არც თუ ისე ჯეროვნად ასრულებს და ამის შესახებ მისი ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე არაერთხელ წერდა მედია.

გასულ  წელს კომპანიის მიმართ პრეტენზიები ოპოზიციასაც ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში, გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ „ალმამ“ მუნიციპალურ ავტობუსზე სარეკლამო ბანერის განთავსებისთვის არარეალური ფასი – 800 აშშ დოლარი მოთხოვა.

„ალმას“  მოსაცდელები ბათუმში

„ამინდში კარგია, წვიმის დროს ამ მოსაცდელისთვის თავის შეფარებას აზრი არ აქვს, მაინც დასველდები. ამბობდნენ ტელეფონის დასამუხტი წერტილები ექნებაო, აქვს, მაგრამ არ მუშაობს. ბევრ ადგილზე შევამოწმე, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი არსად არ მუშაობს“, – ასე აღწერენ მოქალაქეები ბათუმში დამონტაჟებულ მოსაცდელებს. მათგან უმეტესობას შედარებით მოსწონს „ახალი შავი ფერის“ მოსაცდელების დიზაინი, თუმცა მიიჩნევენ, რომ ფუნქციურად კომფორტული არ არის.

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებში გვითხრეს, რომ  შეცდომის გამოსწორებას ბოლო წლებში ცდილობდნენ: „თავდაპირველად „ალმამ“  დაპირებული ადაპტირებული მოსაცდელების ნაცვლად ბათუმში არაადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟება დაიწყო, შემდეგ კი განაცხადეს, რომ ამ შეცდომას გამოასწორებდნენ.

დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული მოსაცდელები ეტლით მოსარგებლისთვის მისაწვდომია, თუმცა ყველგან არა. როცა ვსაუბრობთ შშმ პირებისთვის მოსაცდელის მისაწვდომობაზე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შშმ პირი მხოლოდ ეტლით მოსარგებლე არ არის და ის თანაბრად მისაწვდომი უნდა იყოს უსინათლოებისთვის. გვპირდებოდნენ ხმოვანი ტაბლოების დამონტაჟებასაც, თუმცა ასეთი ტაბლოები ბევრგან დამონტაჟებული არ არის, ან არ მუშაობს“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

თომა კაკაბაძის ინფორმაციით, ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირების უფლებების დაცვაზე მუშაობენ, ორი მოსაცდელის დამონტაჟებას უსინათლოთა კავშირის  შენობასთან უკვე წლებია ითხოვენ უშედეგოდ.

ბათუმის მერიის პასუხი კითხვაზე ასრულებს თუ არა „ალმა“ ვალდებულებებს 

ბათუმის  მერიის პასუხი ზემოთ მითითებულ კითხვაზე არაერთგვაროვანია. მერია ერთი მხრივ პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, თუმცა მეორე მხრივ ამ პასუხში ჩანს, რომ მერია აღიარებს „ალმას“ მუშაობის ნაკლოვანებებს ბათუმში, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.

„შპს ,,ალმა” ექსპლუატაციას უწევს ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ 100 მოსაცდელს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 35 ახალი მოსაცდელის სამონტაჟო სამუშაოები. პარალელურად ხორციელდება არსებული მოსაცდელების ახლით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მოსაცდელების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც მერიის, ასევე, შპს ,,ალმას” მიერ. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება შესაბამისი სარემონტო სამუშაოები. ახალი მოსაცდელები აღჭურვილია თარიღისა და დროის მაჩვენებელი ციფრული ტაბლოებითა და ტელეფონის დასამუხტით, რომელთა ამოქმედებაც მოსაცდელების ახლით ჩანაცვლებისა და დამატებითი მოსაცდელების მოწყობის დასრულების შემდეგ, ერთიანად მოხდება“, – ეს პასუხი მოგვაწოდეს მერიიდან.

„ალმა“ პანდემიის დროს მიღებულ ზარალზე

2021 წლის მარტში ბათუმის მერიამ შპს „ალმასგან“ წერილი მიიღო, სადაც კომპანიის დირექტორი, გიორგი ტრაპაიძე წერდა, რომ პანდემიის გამო დაზარალდა და შეღავათებს ითხოვდა. ზარალის დასადასტურებლად კომპანიამ მერიას ექსპერტიზის დასკვნაც კი წარუდგინა.

„ალმას“ განმარტებით, ის პანდემიის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო დაზარალდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას უფლების გადაცემის მთელი პერიოდისთვის წინასწარ, სრულად აქვს გადახდილი უფლების გადაცემის საფასური 4 მილიონ 100 000 ლარი, მათ შორის იმ პერიოდისთვის, როდესაც ბათუმის ავტოტრანსპორტი ვერ უწევდა შპს „ალმას“  მომსახურება, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, [მერიისგან] დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 156 461 ლარს…“ – წერს შპს „ალმას“ დირექტორი.

საბოლოოდ კომპანიამ ბათუმის მერიას მოსთხოვა, ან თანხა დამიბრუნე, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადა გამიგრძელე; ექსპერტის შეფასებით 55 თვით  მეკუთვნის გაგრძელება, მაგრამ ამდენს არ ვითხოვ და 18 თვით გაგრძელებაზეც თანახმა ვარო. ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა ბათუმის მერიამ, კომპანის ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა.

აქვე უნდა ითქვას, რომ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე რეკლამის ექსკლუზიურად განთავსებაზე უფლება კომპანიამ ასევე პანდემიის პირობებში, 2020 წლის 27 აგვისტოს მიიღო.

ალმას მასშტაბი

„ბათუმელები“ კომპანიას დაუკავშირდა. ჩვენ გვაინტერესებდა გაუუქმდა თუ არა კომპანიას კონტრაქტები მუნიციპალური ავტობუსების გაჩერების გამო [პანდემიის პერიოდში], კიდევ რამდენი მოსაცდელის დამონტაჟება/ჩანაცვლებას აპირებენ და როდის იქნება მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები სრულად შესრულებული.

დაპირების მიუხედავად, „ალმამ“საბოლოო ჯამში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

„ალმას“ ინფორმაციით, დღეისათვის კომპანიის 400-მდე ბილბორდი აქვს მთელ საქართველოში. 10-მდე მონიტორი თბილისში, 1000-მდე ავტობუსის მოსაცდელი საქართველოში. რეკლამის ექსკლუზიურად განთავსების უფლება თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში.

Exit mobile version