ვინ არიან ბათუმის მერობის კანდიდატები – მოკლედ

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის მერობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა. წელს ბათუმის მერობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს, მათგან 8 – სხვადასხვა პარტიამ წარადგინა, 2 კი დამოუკიდებელი კანდიდატია.

ვინ არიან ბათუმის მერობის კანდიდატები? – „ბათუმელები“ გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას მათზე, ვისაც აქვს სურვილი, გახდეს ქალაქ ბათუმის არჩეული მერი.

კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით.

  • გიორგი კირთაძე – ოპოზიციური ერთობა [საარჩევნო ნომერი 5]

გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ბათუმის მერობის კანდიდატად იგი ოპოზიციურმა ერთობამ წარადგინა, რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“.

გიორგი კირთაძე 2010-2013 წლებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. იგი პროფესიით ეკონომისტია.

  • ბონდო გუგულაძე – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ [საარჩევნო ნომერი 8]

ბონდო გუგულაძე 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო შუახევის სოფლებში – ტბეთსა და გოგაძეებში.

  • ირაკლი მიქელაძე – „საქართველოსთვის“ – გახარიას პარტია [საარჩევნო ნომერი 25]

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრია. 2017 წელს, როცა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, იგი თვეების განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა და იღებდა ბენზინისა და ტელეფონის ხარჯებსაც, რისთვისაც 16 450 ლარი დაიხარჯა ჯამში. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან 1800 ლარი დააბრუნა ქალაქის ბიუჯეტში.

2019 წელს ირაკლი მიქელაძემ დატოვა „ქართული ოცნება“, რის მიზეზადაც ოჯახური მდგომარეობა დაასახელა, 2021 წელს კი შეუერთდა გიორგი გახარიას პარტიას.

  • ანჟელიკა ზახაროვა – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ [საარჩევნო ნომერი 30]

ზახაროვა პრორუსული ორგანიზაციის, „სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ პრეზიდენტია. მისი ქმარი, რამაზ გოგიძე ე.წ „უკვდავი პოლკის“ ხელმძღვანელია საქართველოში. ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს ფონდ „რუსკი მირსა“ და სხვა პუტინისტურ, პრორუსულ ორგანიზაციებთან.

აქცია-მსვლელობა „უკვდავი პოლკი“ რუსეთის ფედერაციასა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში 9 მაისს აღინიშნება. მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

  • ედნარ ბაგრატიონი – სახე+ [საარჩევნო ნომერი 40]

ედნარ ბაგრატიონი გასულ წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობდა და ახალდაფუძნებულ პარტიას, „სახე +“ -ს წარმოადგენდა.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მან აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შედეგების გასაპროტესტებლად შიმშილობის აქცია დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ „ახალ პარტიებს საქართველოში შანსს არ აძლევენ“, ამიტომაც პოლიტიკურ ამინდს ძირითადად ორი პარტია – „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის, სოციალური ფონი კი უცვლელი რჩება.

  • არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ [საარჩევნო ნომერი 41]

არჩილ ჩიქოვანი ამჟამად ბათუმის მერობის მოვალეობის შემსრულებელია. იგი პროფესიით იურისტია.

2013 წლამდე ის სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა, 2013 -2017 წლებში კი ჯერ აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ მას გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ჩააბარეს.

2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა, არჩილ ჩიქოვანი მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნეს. მას შემდეგ კი, რაც ქალაქის არჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა, არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

  • გიორგი ფუტკარაძე – „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ [საარჩევნო ნომერი 45]

გიორგი ფუტკარაძე ბიზნესმენია. მისი სახელი საზოგადოებისთვის 2020 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ის არ დაემორჩილა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და არ დახურა საკუთარი ფიტნესკლუბი.

მაშინ გიორგი ფუტკარაძე 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიების დაწყებაზეც გააფრთხილეს.

  • რამაზ ადაძე  – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ [საარჩევნო ნომერი 50]

რამაზ ადაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ხულოს რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე, აჭარის განათლების სამინისტროში და ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დირექტორად.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი მონაწილეობდა, როგორც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „მწვანეთა პარტიიდან“.

  • გია ხალვაში – დამოუკიდებელი კანდიდატი, საინიციატივო ჯგუფი [საარჩევნო ნომერი 51]

გია ხალვაში საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. იგი დამოუკიდებელი კანდიდატია.

  • კახაბერ ცისკარიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი, საინიციატივო ჯგუფი [საარჩევნო ნომერი 52]

მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე, იგივე კახუჩელა, მეორედ იყრის კენჭს ბათუმის მერის პოსტზე. იგი ბათუმის მერობის კანდიდატი იყო 2017 წელსაც.

____________________

2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმში სულ 147 776 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

თუ არჩევნების შედეგად ათიდან ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. მათგან გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეორე ტურში მეტ ხმას მოაგროვებს.

კოვიდზე აცრის ლატარიაში აჭარაში ფული 16-მა პირმა მოიგო

ლატარია „აიცერი და მოიგეში“ დღეს, 15 სექტემბერს, აჭარაში 16-მა ადამიანმა მოიგო თანხა.

ბათუმში ერთმა ადამიანმა მოიგო 500 ლარი, 11-მა კი – 100 ლარი.

100 ლარი მოიგო ასევე ორმა პირმა ქობულეთში, შუახევსა და ქედაში კი – თითო-თითომ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება მთავრობამ 13 სექტემბერს დაიწყო.

ყოველდღიურად თამაშდება 100-დან 500-მდე ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000-მდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბერს ტელეეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.

მოიგე თუ არა თანხა, ამის გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე. 

 

პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქორიძე ფაილების საქმეზე

რა უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების გავრცელების შემდეგ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს, საზოგადოების პასუხი იმ უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე, რომელსაც სავარაუდოდ სუსი ახორციელებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ჟურნალისტი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე საუბრობს.

  • ბატონო ზვიად, ინტერნეტში აიტვირთა ათასობით ფარული ჩანაწერი, ფაილები, სადაც კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრებაა ასახული – ფოტოები, პირადი ნომრები, მათი სექსუალური და სხვა სახის ურთიერთობები, ტელეფონის ნომრები. ამჯერად რა ხდება საქართველოში? 

რეალურად, ეს ახალი პროცესი არ არის, რადგან, სამწუხაროდ, აქამდეც აკეთებდნენ მსგავს ჩანაწერებს ჩვენს ქვეყანაში და ეს პროცესი გრძელდება.

შევარდნაძის მმართველობის დროსაც ხდებოდა მსგავსი რამ და გვახსოვს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს გადაჰყვა მაშინ უშიშროების მინისტრი, მისი იმპიჩმენტი მოეწყო 90-იან წლებში. აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ მმართველობას არ ჰქონდა ნება, შეეჩერებინა ეს პროცესი. პირიქით, ტექნოლოგიურად და მეთოდოლოგიურად განავითარა.

აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც განაცხადი ჰქონდა ამ ყველაფრის შეცვლაზე, არაფერი არ გააკეთა მემკვიდრეობის შესაცვლელად. იმ მასალებით, რომლებიც გუშინ გამოქვეყნდა, იკვეთება, რომ უკანონო თვალთვალი უფრო მასშტაბურია.

  • თქვენი აზრით, ამ ჩანაწერებს სუსი აკეთებს დამოუკიდებლად, თუ პროცესში ჩართულია ვინმე სხვა?

მე ამ პოზიციაზე ვრჩებოდი 2013 წელსაც, როცა საუბარი იყო ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალების გავრცელებაზე და ახლაც ამ პოზიციაზე ვარ, რომ სხვას არავის აქვს ამის რესურსი გარდა მთავრობისა. არ შეიძლება ამდენ ადამიანს, წლობით, ამ მოცულობის ინფორმაციის მისაღებად უსმენდეს ვინმე კერძო პირი ან რაღაც ბიზნესსტრუქტურა.

  • ვთქვათ, ამას აკეთებს სუსი და მობილიზებულია ამისთვის სახელმწიფო რესურსი. რატომ გახადეს ეს ხელმისაწვდომი?

მე ამაზე ველოდი ძალიან მკვეთრ რეაქციას არა მხოლოდ ოპოზიციიდან, რომელიც ასეთ დროს უნდა იყოს უფრო მოქნილი და მკაცრი, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალისგანაც, რომელსაც დღესვე უნდა მოეწვია საგანგებო სესია, დღესვე მოეწვიათ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უშუალო ზედამხედველი და მაკონტროლებელი საქართველოს პარლამენტია.

სწორედ პარლამენტმა უნდა აიღოს ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაიბაროს სუსის ხელმძღვანელი რაც შეიძლება მალე. მან ძალიან კონკრეტული და კვალიფიციური პასუხები უნდა გასცეს დეპუტატებს. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტს არ აქვს, ზედამხედველობის გარეშეა დარჩენილი სუსი და ის რას აკეთებს ამ წუთას, არავინ იცის.

  • რატომ არის სუსი კონკრეტული მოქალაქეების თვალთვალით დაკავებული, ეს ხომ არ არის ამ სტრუქტურის ძირითადი ფუნქცია?

2013-2014 წლებში, როცა დაიწყო მსგავსი პროცესები, უშუალოდ მე ვიყავი ერთ-ერთი თანაავტორი იმ კანონპროექტის, რომელიც შევიტანეთ საქართველოს პარლამენტში. მაშინ ძალიან საინტერესო ექსპერტიზებიც მივიღეთ ევროპელი კოლეგებისგან. საუბარი იყო იმაზე, რომ შექმნილიყო კონტროლის მრავალმხრივი მექანიზმი მოსასმენ ტექნოლოგიებზე. თუ მოსასმენი აპარატურა უმართავად აღმოჩნდა მთავრობის ხელში, რა თქმა უნდა, ამას მთავრობა გამოიყენებს ბოროტად.

მთავრობა გაზარმაცდება და ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი საქმის გამოძიებისას იმთავითვე მიმართავს მოსასმენ ტექნოლოგიებს. ყველა ქვეყნის კანონმდებლობით, მოსმენა არის უკანასკნელი და გამოუვალი ნაბიჯი – სხვა ყველა მექანიზმი უნდა ჰქონდეს გამოძიებას გამოყენებული და მან უნდა დაუსაბუთოს მოსამართლეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ფარული თვალთვალი, მიყურადება და რატომ არ არის საკმარისი ყველა სხვა არსებული მექანიზმის გამოყენება იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს გამოძიებამ.

დღეს ვის ხელშია ფარული თვალთვალის და მიყურადების ტექნიკური სისტემა? – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში. მაგალითად, თუ შსს გადაწყვეტს, რომ საჭიროა გამოიყენოს ფარული მოსმენა და მიყურადება კონკრეტულ ადამიანზე და აიღებს ლეგალურად სასამართლოს ნებართვას, უნდა მივიდეს სუსში და დაიწყოს ჩაწერა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლეგალურად მოიპოვებს გამოძიებაზე კონტროლის უფლებას. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა.

ამიტომ ვსაუბრობდით ჩვენს კანონპროექტში ორი გასაღების პრინციპზე, რომელიც დააზღვევდა უკანონო მოსმენებს. ეს გასაღები უნდა ყოფილიყო სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშ და მეორე მხრივ, შესაძლებელია ეს ყოფილიყო ომბუდსმენი ან პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი. სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.

  • გავრცელებულ ფაილებში არსებობს მონაცემები კონკრეტული პირების უცხო ქვეყნის სასარგებლოდ აგენტობაზე. ამ ტიპის ინფორმაციის ასე ღია ფორმით განთავსება ვის ინტერესებში შედის?

ხელისუფლებას აქვს ცდუნება, რომ მოუსმინოს ყველას, თუმცა არ აქვს კონტროლის არანაირი მექანიზმი ამ პროცესზე. დღეს  ჩვენ არ გვაქვს კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიული სქემა, როცა ხელისუფლება დაყოფილია და ერთმანეთს აკონტროლებს. როცა ხელისუფლება ვერ უძლებს ცდუნებას და მოწოდებულია, რომ უკონტროლობის პირობებში იმუშაოს, ეს ხელისუფლება მიისწრაფვის დიქტატურისკენ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა მოქალაქე მოაქციოს თავისი ლუპის ქვეშ.

თავის ყურადღებას, პირველ რიგში, ის მიმართავს იმ აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც რაღაცას ცვლიან ჩვენს საზოგადოებაში. ასეთები არიან მღვდელმთავრები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები. ამ ადამიანების მიმართ გაათმაგებულია მთავრობის ყურადღება და ინტერესი.

აქ ასევე ლაპარაკია ხარჯებზეც, რადგან თუ უსმენ 10 ადამიანს და ღირს რაღაც X თანხა, 10 ათასი ადამიანის შემთხვევაში ბევრად იზრდება ეს ხარჯი. უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი არ არის ღია და არ ვიცით რა რესურსი მიდის ამაზე. მეორე მხრივ, ეს უზარმაზარი ინფორმაციის ბაზა რჩება მის ხელში და მერე ამას იყენებს როგორც უნდა.

პრობლემაა ის, რომ უსმენ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, თუმცა ამაზე რეაქცია არ აქვთ. მაშინ, როცა ამ ადამიანების მიმართ უნდა დაიწყოს ლეგალური დევნა და თვალთვალი, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდა ხელისუფლებას.

  • თუ სამართლებრივი რეაგირება არ უნდათ, მაშინ რისთვის სჭირდებათ ამ ამბების დაარქივება და შეგროვება?

ჩვენ არ ვიცით, რა სამუშაო გასწიეს იმ პირებთან, ვისზეც შეაგროვეს ინფორმაცია, როგორ მიაწოდეს მათ ეს ინფორმაცია, რომ იციან მათ შესახებ, რომ არიან რუსეთის აგენტები, ან შეიძლება არც უთხრეს და გააგრძელეს მუშაობა. შეიძლება პირიქით, ძალიანაც აწყობთ, რომ რუსეთის აგენტები იყვნენ სწორედ იმ პოზიციებზე, სადაც ისინი იმყოფებიან. ეს გაცილებით უფრო სახიფათო ტენდენციაა.

როდესაც ასეთი ინფორმაცია დევს, ის აუცილებლად გარეთ გამოჟონავს. მე არ ვარ იმ აზრზე, რომ სუს-ის პირადი შემადგენლობა მზად იყო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გარეთ გამოეყარა. თუმცა, ეს არის ინფორმაცია, რომელიც არ გაძლევს საშუალებას გაჩუმდე. ინფორმაციას აქვს ძალიან მკაცრი კანონი – თუ არსებობს ინფორმაცია, ის გარეთ უნდა გამოვიდეს.

ამას გააკეთებდა ვიღაც გაბრაზებული თანამშრომელი, ვიღაც ჩაფიქრებული თუ „მაღალ მატერიებზე“ მოფიქრალი ადამიანი – არ ვიცი, რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს.

  • ძირითადად წინასაარჩევნოდ აქვეყნებენ მსგავს ფაილებს. თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერები თითს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერენ და აცხადებენ, რომ მათ უნდათ სახელმწიფოს შერყევა.

იმისათვის, რომ კობახიძემ ან თუნდაც ღარიბაშვილმა ეს განცხადება გააკეთოს, მას მინიმუმ პარლამენტში უნდა ჰყავდეს დაბარებული და დაკითხული სუსის უფროსი პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტზე და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან გაავრცელეს.

ძნელად წარმომიდგენია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის შტაბში ასეთი ტიპის აპარატურა დგას. თუ „ქართულ ოცნებას“ იმის ხაზგასმა უნდა, რომ  სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა ეს სისტემა ან შესაძლოა დღესაც მუშაობდნენ სუსში ძველი თანამშრომლები და მათ მოახერხეს ამის გარეთ გამოტანა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამოუკიდებელ, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სტრუქტურად კი არ ყალიბდება საქართველოში, არამედ პოლიტიკურ ბატალიებშია ჩართული.

ჩვენ არ ვიცნობთ ამ უწყების შიდა ორგანიზაციულ მოწყობას, ეს უნდა იყოს ცნობილი საქართველოს პარლამენტის წევრისთვის. აბა, რისთვის ვირჩევთ პარლამენტს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს უკვე მოსმენილი ჰქონდეს ლილუაშვილის განმარტება, რა მოხდა სუს-ში. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ეს სუსის ჩანაწერები და თუ არ არის, მაშინ პასუხი უნდა იყოს – საიდან არის მოპოვებული. თუ სუსის მიერ არის უკანონოდ მოპოვებული, რატომ მოიპოვებდა სუსი, თუ კანონიერად მოიპოვებდა, მაშინ როგორ შეიძლება ის გზა-შარაზე აღმოჩნდეს და თუ მოიპოვებდა უკანონოდ, ვინ არის ამის გამო დასჯილი.

უკანონოდ მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება განადგურებას. ეს იცის ყველა ოფიცერმა, ყველა გამომძიებელმა. ეს იცის სპეცსამსახურის ნებისმიერმა თანამშრომელმა. ამიტომ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, აქვს პოლიტიკური ნება თუ არა იმისა, რომ სახელმწიფო გადაარჩინოს, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკის მართვით ქართული სახელმწიფო დააყენა სერიოზული დარტყმის ქვეშ. დღეს, პრაქტიკულად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის რეპუტაცია განულებულია. ეს არის სახელმწიფოსთვის ძალიან სერიოზული საფრთხე.

პრაქტიკულად ნებისმიერი მოქალაქე დაუცველია, რადგან მას შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში უთვალთვალებდეს, უსმენდეს სახელმწიფო უწყება. გაცილებით უფრო სახიფათოა, თუ კერძო უწყება ახერხებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამას ვერ ამჩნევს.

თუმცა მე მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ეს ინფორმაცია არ შეიძლება მოიპოვოს სხვა ვინმემ ამ მოცულობით, ამ ოდენობით, ამდენი ადამიანის შესახებ, გარდა უსაფრთხოების სამსახურისა, რადგან ადრე გავრცელებული ჩანაწერებიც მოპოვებული იყო ოფიციალურ სტრუქტურებში. როცა ასეთი ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვება და არქივდება, აუცილებლად გამოვა მზის შუქზე.

  • თუ არ დაკითხავს პარლამენტი სუსის ხელმძღვანელს, არ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ პროცესებში ჩართული იყო მმართველი პარტია?

დააბრალო ყველაფერი ოპონენტს, ეს უკვე გავლილია – ქრესტომათიული ამბავია, როგორ გადაწვა ჰიტლერმა რაიხსტაგი და დააბრალა კომუნისტებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს ყველაფერი ამ ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რა გააკეთა სუსმა იმისთვის, რომ ეს აღკვეთილიყო. რა გააკეთა გამოძიებამ იმისთვის, რომ ეს აღკვეთილიყო, რატომ აცადა მათ არალეგალურად ეთვალთვალათ საქართველოს ეკლესიის მეთაურებისთვის, როგორ ახერხებდა ამას „ნაცმოძრაობა“ ისე, რომ ეს იყო შეუმჩნეველი სუს-ისთვის?

აქ არის კონკრეტული ამოცანა – „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, ყველა სხვა პარტიის, რომ ყველა დეპუტატი უნდა იყოს ერთ პოზიციაზე. ეს არის დღეს სახელმწიფოს გამოცდა – უნდა გამოვიდნენ და მოითხოვონ სუსის ხელმძღვანელის დეტალური ანგარიში.

  • საზოგადოების პასუხი როგორი უნდა იყოს ამ ამბავზე, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებიც გახდნენ უკანონო თვალთვალის სამიზნე?

უნდა  მოსთხოვონ პარლამენტს, რომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუ საქართველოს პარლამენტი დღეს არ არის იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ორგანო, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას სუსის საქმიანობაზე, საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მაშინ ამ პარლამენტის პოლიტიკური გადარჩენის შანსი აღარ არის. ეს პარლამენტი უნდა დამთავრდეს.

ბუნებრივია, ეს მიგვიყვანს სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისამდე. ამიტომაც ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა არა თვალთმაქცობით, კეკლუცობით, არამედ ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს ეს პროცესი. გადაჰყვებიან ამას კონკრეტული თანამდებობის პირები, ვინმე აღმოჩნდება საპატიმრო დაწესებულებაში თავისი გულგრილობის თუ სამსახურებრივი დანაშაულის გამო, აღმოჩნდება ვინმე იმიტომ, რომ მსგავსი რამ შეასრულა, იმიტომ, რომ ეს იყო სხვა ქვეყნის დავალება, არ ვიცი.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, ვართ სახელმწიფო თუ არა. თუ ვამბობთ, რომ ვართ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ სახელმწიფოს წინაშე, მაშინ ჩვენ ყველამ ერთად ეს უნდა მოვითხოვოთ. ამ პროცესზე კი არ უნდა ვიქილიკოთ, კი არ უნდა ვილაღობოთ და ვიშაყიროთ კონკრეტული ეპისკოპოსი რა საქმით არის დაკავებული, ან კონკრეტული ადამიანები კარგები არიან თუ ცუდები, ეს არ არის დღეს განხილვის საგანი, დღეს განხილვის საგანია, ზუსტად გაირკვეს ამ ინფორმაციების წყარო.

ასეთი სერიოზული დარტყმა ძნელია მიაყენო სახელმწიფო სტაბილურობას, რადგან პრაქტიკულად ყველა ადამიანს გაუჩნდება უნდობლობა  და შიში სახელმწიფოს სტრუქტურების მიმართ. ეს არ შეიძლება.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სამოქალაქო კომიტეტები, უნდა ავიკლოთ დეპუტატები კითხვებით, უნდა მივიდეთ პარლამენტთან და მოვთხოვოთ დროულად მოიწვიონ საგანგებო სესია და არ დაიშალონ, ვიდრე არ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ვიდრე არ შექმნიან მექანიზმს კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის და ამ მასალების დროული ჩაკეტვის.

ეს პროცესი არც ბიძინა ივანიშვილის კერძო პოლიტიკური ინტერესია და არც მიხეილ სააკაშვილის. ეს არის პოლიტიკური ინტერესი, რომელიც აქვს კრემლს და რომელსაც ძალიან კარგად ახორციელებს. ძალიან მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს იმ აქტორების როლი, რომლებმაც ეს დავალება შეასრულეს.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ პროცესებს კრემლი მართავდეს?

ცალსახად. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქტი, ჩვენ არ უნდა დავინახოთ აქ ბელეტრისტიკა. თუ ვინმემ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესით, გამოდის, რომ ისიც რუსულ თამაშს თამაშობს.

ერთადერთი, ვისაც დღეს უნდა საქართველოს სახელმწიფოს დასუსტება, ეს არის რუსეთი. ამიტომ თუ დგას დღის წესრიგში კონკრეტული ეპისკოპოსების აგენტურული საქმიანობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ლეგალურად გამოძიებული და დადგენილი.

თუ რომელიმე ეპისკოპოსს აქვს სექსუალური მიზანსწრაფვები, ეს საერთოდ არ არის სახელმწიფოს საქმე. სახელმწიფომ დროზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაწყვიტოს თავისი საკონსტიტუციო შეთანხება ეკლესიასთან. დატოვოს ეკლესია იქ, სადაც არის და აკეთოს ეკლესიამ ის, რაც უნდა.

თუ ეპისკოპოსს უნდა, რომ აკეთოს ის, რასაც უვრცელებენ და მრევლსაც უნდა, რომ ეს აკეთოს ეპისკოპოსმა, ეს არავის საქმე არ არის. მაგრამ თუ დგება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, მაშინ ეკლესიამ და სახელმწიფომ უნდა გაწყვიტონ შეთანხმება.

„მეზობელმა ქუჩაზე ასფალტი ამოტეხა და ღობეს ავლებს“ – გოროდოკში მცხოვრებლები

„მეზობელმა ახლადაგებული ასფალტი ჩამოჭრა, ღობეს აწყობს შუა გზაზე და უგზოდ დაგვტოვა,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც ბათუმში, სვიშევსკის პირველ შესახვევში ცხოვრობენ. აქ ასფალტი ბათუმის მერიამ დაახლოებით ერთი თვის წინ დააგო.

გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის პირველ შესახვევში 17 ოჯახი თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს. ახალი მეზობელი მერაბ ანთაძე კი, აქ დაახლოებით 8 წლის წინ გამოჩნდა. მას გზის ასფალტირებულ საფარზე ღობის მოსაწყობად ბოძები უკვე ჩამოუსხამს, თუმცა სამუშაოები დღეს, 15 სექტემბერს შეჩერებული დაგვხვდა.

„თავიდან იყიდა ადგილი ავტოფარეხისთვის, მერე გაფართოვდა, საცხოვრებელიც ააშენა და დაირეგისტრირა საკუთრებად. ჩვენ ამდენი წელია ვითხოვთ დაკანონებას და არაფერი,“ – გვიყვებიან სვიშევსკის შესახვევში მცხოვრები ადამიანები.

„დაახლოებით 7 წელია გადის აქ ეს გზა, ასფალტი კი ახლა დაიგო… არის მეორე გზაც, მაგრამ იქედან შორია,“ – უყვება „ბათუმელებს“ რამინ კეკელიძე. – „პრობლემაა ისიც, რომ შეიძლება მეორე გზაც ჩაგვიკეტონ და საერთოდ ჩიხში მოვექცეთ, რადგან გზა, საიდანაც ახლა შემოვდივართ, გამოივლის დასახლებულ ადგილს და მათ რეალურად არ სჭირდებათ გზა ჩვენამდეც მოდიოდეს. ამ ნაწილში, სადაც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, წესით წლების წინ გზა არ იყო საერთოდ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამინ კეკელიძემ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მერაბ ანთაძის საკუთრების ირგვლივ მუნიციპალური საკუთრება ფიქსირდება, ხოლო გზა რეგისტრირებული არ არის.

მერაბ ანთაძე შინ არ დაგვხვდა. მეზობლების თქმით, ის აქ არ ცხოვრობს და იშვიათად ჩნდება. მასთან ვერც ამ დასახლების რწმუნებულმა, ანზორ დავითაძემ დაგვაკავშირა. ბათუმის მერის რწმუნებულის თქმით, ტერიტორიის მესაკუთრე, სადაც გზა გადის, მერაბ ანთაძეა და სამეზობლო დავა სასამართლომ უნდა განიხილოს.

თუ ქუჩა მერაბ ანთაძის საკუთრებაში გადის, რატომ დააგო იქ ასფალტის საფარი მერიამ? – ვკითხეთ მერიის რწმუნებულს.

„ეს მეზობლების თხოვნით გავაკეთეთ. გზა ოფიციალურად არ არის, მაგრამ რადგან ადამიანები სარგებლობენ და მესაკუთრეც წინააღმდეგი არ იყო, ჩვენ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას -„ბალადას“ ვთხოვეთ ეკონომიის ხარჯზე ეს პატარა მონაკვეთი დაეგო. პროექტი არ ითვალისწინებდა ასფალტის დაგებას ამ დასახლებაში, მაგრამ რადგან გვთხოვეს, დავაგეთ. შემდეგ მეზობლებს ჰქონდათ კონფლიქტი მერაბ ანთაძესთან და მან ნაჩუქარი მიწა უკან წაიღო.

ჩვენ გვქონდა თანხმობა მერაბ ანთაძისგან, რომ ასფალტი დაგვეგო, მაგრამ წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. დანარჩენი სასამართლო განხილვის საგანია,“ – გვითხრა ბათუმის მერიის რწმუნებულმა, ანზორ დავითაძემ.

ადგილობრივების თქმით კი, რწმუნებულის ნათქვამი არ არის სიმართლე, რეალურად გზა მიისაკუთრა მოქალაქემ და მას ის არასდროს დაუთმია.

ჩამოჭრილი გზა სვიშევსკის შესახვევში, ბათუმი

 

 

ენერგოეფექტურობა – ყველა ოჯახის საზრუნავი გაძვირებული ენერგომატარებლების პირობებში

ელექტროენერგია და გაზი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ძვირდება. შესაბამისად, ყველა ვზრუნავთ იმაზე, როგორ გავხადოთ უკვე აშენებული სახლი ენერგოეფექტური, ან როგორ ავაშენოთ ენერგოეფექტური სახლი.

თბოიზოლაცია საჭიროა როგორც თბილი, ისე მკაცრი კლიმატის პირობებში – თავი უნდა დავიცვათ როგორც სიცხისგან, ისე სიცივისგან.

წარმოებული სითბოს დანაკარგი ძველ კორპუსებში 30-40%-ს შეადგენს. ტრადიციული სამშენებლო მასალები ვერ ინარჩუნებს სითბოს. სწორედ ამიტომ დგება თბოიზოლაციის აუცილებლობა.

თბოიზოლაციის დანიშნულებაა: შექმნას შენობაში კომფორტული მიკროკლიმატი, შეამციროს სითბოს დანაკარგი და შეზღუდოს ზედმეტი სიცხის შემოსვლა გარედან.

თბოიზოლაციას დადებითი გვერდითი ეფექტიც აქვს – ის ხმასაც ახშობს და შენობაში, სადაც ეს მასალაა გამოყენებული, გარედან ნაკლებად აღწევს ზედმეტი ხმაური. ეს კი უფრო მყუდროსა და კომფორტულს ხდის შენობას საცხოვრებლად.

თბოიზოლაციის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა მასალა გამოიყენება კედლებსა და ჭერზე. ასევე, განსხვავებული მასალები გამოიყენება ინტერიერისა და ექსტერიერის მხრიდან.

თბოსაიზოლაციო მასალების შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის გამძლეობასა და ეფექტიანობას. ეს ისეთი მასალაა, რომელიც ათწლეულები უნდა ემსახუროს შენობას.

IZOCAM სამშენებლო მასალების ამ სეგმენტში ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია და პროდუქციის ფართო არჩევანით არის წარმოდგენილი სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ „ნოვაში. აქ ნახავთ როგორც ტიხრის მინაბამბებსა და ქვაბამბებს, ისე ჭერის დასათბუნებელ თბოსაიზოლაციო პანელებს, რულონებს, მათ შორის ფოლგით და ფოლგის გარეშე. მოკლედ, აქ იმდენად დიდი არჩევანია, რომ შეუძლებელია,  სასურველი მასალა ვერ შეარჩიოთ.

ყველაფერს ყველგან ვერ გამოიყენებთ, მასალების ნაირსახეობა იმიტომ არსებობს, რომ მათ სპეციფიკური დანიშნულება აქვს. მაგალითად, დაუშვებელია ფასადის თბოიზოლაციის ინტერიერში გამოყენება და პირიქით. ამიტომ, თუ თქვენ თავად აპირებთ საჭირო მასალის შერჩევასა და შეძენას, „ნოვას“ კონსულტანტები ყველა აუცილებელ რჩევას მოგცემენ და ზუსტად იმ მასალას შეგარჩევინებენ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს იდეალურად შეესაბამება.

გარდა თბოიზოლაციისა, აქვე შეგიძლიათ ხმის საიზოლაციო მასალებიც შეიძინოთ.

ენერგოეფექტურობის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის მხოლოდ კედლებისა და ჭერის დათბუნება. გათბობის ხარჯების შემცირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მილების იზოლაციას. გათბობის მილები, რაც არ უნდა მაღალი ხარისხის პლასტიკატისგან იყოს დამზადებული, მაინც ცხელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიატორში მოხვედრამდე გზაში წყალი გარკვეულ ტემპერატურას დაკარგავს. მართალია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ფიზიკის ერთ-ერთი ჭეშმარიტება, რომ სამყაროში ენერგია არ იკარგება, მაგრამ ჩვენ გათბობის ქვაბსა და სისტემას სამყაროს გასათბობად ნამდვილად არ ვყიდულობთ და ვამონტაჟებთ სახლში.

შესაბამისად, გათბობის მილების დამონტაჟებამდე აუცილებელია მათი შეფუთვა სპეციალური საიზოლაციო მასალებით, რომლებიც „ნოვაში“, ასევე, IZOCAM-ის სახელით არის წარმოდგენილი და ხანგრძლივი მომსახურების ყველა მახასიათებელი და თვისება აქვს.

ასე რომ, თუ ჯერ არ მიგიქცევიათ ყურადღება თქვენი სახლის ენერგოეფექტურობისადმი, კარგად აწონ-დაწონეთ, რამდენად წაგებიანია გათბობასა და გაგრილებაში გაწეული დანახარჯების 30-40%-ით ჰაერში გასროლა და დაიწყეთ ზრუნვა უკეთეს, ეკონომიურ მომავალზე – თბოიზოლაციაში გაწეულ დანახარჯებს ეკონომია აუცილებლად მალე აგინაზღაურებთ.

„ქართული ოცნების ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი“ – წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, სავარაუდოდ სუს-ის გავრცელებულ ფაილებზე დასმულ შეკითხვაზე ამბობს, რომ ეს ღალატის ფაქტია „ქართულ ოცნებაში“.

„ქართული ოცნების პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი, ამიტომ ის პოლიტიკური ავანტიურა, რაც არის წამოწყებული, მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის – იყავით ფრთხილად, იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და მე არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა, პროფესიონალიზმით თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, ვისაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი.

ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ.

და, ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

________________

რა ხდება? 

13 სექტემბერს საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.

სისტემურობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ფაილები, სავარაუდოდ, სუსიდან არის გაჟონილი და 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თარიღდება.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

გამოძიება იმუშავებს ვერსიაზე, ხომ არ არის ამაში ჩართული გახარია – ღარიბაშვილი „ფაილების საქმეზე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ე.წ. „სუსის ფაილების“ საქმეში განიხილება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ან  ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ჩართულობა.

„გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშილმა.

მან აღნიშნა, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მას მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა.

„ძალიან დიდ ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდათ, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მსურს, რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ეს ფალსიფიკაციაა, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

_________________

რა ხდება? 

13 სექტემბერს საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.

სისტემურობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ფაილები, სავარაუდოდ, სუსიდან არის გაჟონილი და 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თარიღდება.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

ბათუმში უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსთან მერობის კანდიდატმა პოლიცია გამოიძახა

„ქალაქის შუაგულში 7, მაღალსართულიანი, ყაზარმული ტიპის კორპუსი უკანონოდ შენდება ისე, რომ არჩილ ჩიქოვანმა თითქოს არაფერი იცის,“ – აცხადებს ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი ბათუმში გიორგი კირთაძე. მან დღეს, 15 სექტემბერს, გოგოლის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს, ასევე პოლიციას ელოდება.

„ინსპექცია ახლა აპირებს ადგილზე მოსვლას. დაგვიდასტურეს, რომ ნებართვა გაცემული არ არის… ისე აშენდა ამდენი კორპუსი, მერიამ ვერაფერი გაიგო.

ეს არის გაურკვეველი ტიპის ნაგებობები და უცნობია, მშენებელი აქ რის გაკეთებას გეგმავს, აივნებიც კი არ აქვს ნაგებობებს…

ვინ იქნება ეს გალიფა , ჩინური ჯგუფი, რომელიც არის შემოსული, არ ვიცით. 2011 წელს აქ გაიცა ნებართვა იმაზე, რომ ავტოსადგურის გვერდით უნდა აშენებულიყო სავაჭრო ცენტრი, მაგრამ აქ შენდება ყაზარმები,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ მშენებლობა უკანონოა და მშენებლობის შეჩერებაზე დადგენილება გამოსცეს. ინსპექციის პრესცენტრში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, როდის დააჯარიმეს მშენებელი და რა ღონისძიებას მიმართეს, როცა რეალურად მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა.

ინფორმაციის განახლება: ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის ინფორმაციით, ინსპექციამ „მეტრო ტერმინალის“ მიმართ გოგოლის #11-ში უნებართვოდ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის სამართალწარმოება პირველ ივნისს მშენებლობის დაწყებისთანავე დაიწყო, მითითების შეუსრულებლობის გამო კი, დაჯარიმდა 6 ათასი ლარით.

„კომპანიას დაევალა მშენებლობის შეცერება და და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა [დემონტაჟი]. მას შემდეგ 6-ჯერ დაჯარიმდა მშენებლობის შუჩერებლობის გამო 5 ათასი ლარით. ვინაიდან დადგენილებები გასაჩივრებულია კომპანიის მიერ სასამართლოში, შესაბამისად აღსრულებაში გადაიგზავნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,“ – აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოწდებულ ინფორმაციაში.

გიორგი კირთაძე „მეტრო ტერმინალის“ უკანონო მშენებლობაზე

აირჩიეთ და გაიაქტიურეთ “სილქფესტის” შეთავაზებები შეუზღუდავად

15 სექტემბერს სილქფესტი მომხმარებელს სამ პაკეტს თავაზობს.  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალება აქვთ სხვადასხვა პირობით, დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტები გაიაქტიურონ, აირჩიონ შერეული კომბინაცია ან მთელი თვით ულიმიტოდ ისაუბრონ. 

კომბინაციით *202# სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებელი ჩაირთავს:

[checklist]

  • 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად
  • 8 GB  ინტერნეტი  – 8 ლარად
  • ულიმიტო სასაუბრო – 10 ლარად

[/checklist]

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. 

სასაუბრო წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე, გარდა გლობალსელის და ასანეტის, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრების მიმართულებებზე. თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე  15 თეთრი; 

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.

წარმატებული სპორტსმენები უმაღლესში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან – სამინისტრო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები – ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამოხატავს აღნიშნული სპორტსმენების მიმართ პატივისცემას და მადლიერებას.

„როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის გატანსა და ღირსების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მიზნის მიღწევა თითოეული სპორტსმენისგან უდიდეს ფიზიკურ შრომასა და ძალისხმევას, მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშსა და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მათი თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის სასახელოდ, გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი და  დასაფასებელია.

შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს, მათ შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით ხელშეწყობა ჰქონდეთ,“-ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.

დააკავეს 14 წლის მოზარდი, რომელსაც 3 თანატოლის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დააკავეს 2007 წელს დაბადებული ლ.მ., რომელსაც არასრულწლოვნების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს თბილისში დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებულ გ.მ.-ს.

პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – წერს შსს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში კოვიდის 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა

15 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კოვიდის დიაგნოზით 661 პირს მკურნალობენ, მათგან 24 ადამიანი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

14 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.32%.

გარდაიცვალა 60 ადამიანი, დადასტურდა კოვიდის 2515 ახალი შემთხვევა | 15 სექტემბერი

15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ჩატარდა 32 207 ტესტი კოვიდზე.

ბოლო 24 საათში გამოჯანმთელდა 2829 ადამიანი.

14 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.32%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარაში – 159, იმერეთში – 393, ქვემო ქართლში – 151, შიდა ქართლში – 143, გურიაში – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 251, კახეთში – 338, მცხეთა-მთიანეთში – 61, სამცხე-ჯავახეთში – 64, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25.

სასიყვარულო სამკუთხედებია გაშიფრული, შესაძლოა ვიდეოც ახლდეს – თეოლოგი ფარულ ფაილებზე 

„ვის შესახებაც მაქსიმუმი გავიგეთ, გამოეთიშებიან პროსახელისუფლებო კამპანიას და ოპოზიციას მიემხრობიან,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ინტერვიუს დროს ვკითხეთ, როგორ აისახება სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილები ხელისუფლებისა და სასულიერო პირების ურთიერთობაზე. თეოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალებიც არსებობს.

„ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს ჰკითხა, რა გავლენა ექნება სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებს პოლიტიკურ პროცესებზე.

  • ბატონო მირიან, თქვენი დაკვირვებით, ვის ინტერესებში შედიოდა წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდოდ სუსის ფაილების გასაჯაროება? 

ცოტა ძნელი გასარკვევია ეს. როგორც ამ ფაილების გამომტანი პიროვნების წერილიდან ჩანს, არაა გამორიცხული, ეს იყოს მართლაც უბრალოდ ადამიანური ისტორია პიროვნებისა, რომელიც იყო მიჩენილი მისაყურადებლად  ეკლესიაზე და მან საბოლოოდ ეს ვერ დაიტია, მიხვდა, რომ უსამართლობას ემსახურებოდა, გამოვიდა, გამოიტანა ინფორმაცია და თავი მოიკლა. ასეთი რამეებიც ხდება ხოლმე. შესაძლოა, რომ ამ ფაილების გამომტანს ჰქონოდა პოლიტიკური სიმპათიებიც. ამ ვითარებაში ფაილების გასაჯაროვება უფრო აჩვენებს იმას, რომ არსებობდა პოლიტიკური გათვლაც.

  • ყველა ეს ფაილი დაკავშირებულია ეკლესიასთან. რა პოლიტიკური გათვლა შეიძლება იყოს სასულიერო პირების მიზანში ამოღება? 

თუ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ჯაშუშები, ვიცით, რომ ჯაშუში, როგორც წესი, მიჩენილი კონკრეტულ სეგმენტზე. შესაძლებელია, რომ ვინც ეს მასალები გამოიტანა, მას ხელთ ჰქონდა მხოლოდ ამ სეგმენტზე არსებული მასალები, შესაძლოა ის მიმაგრებული იყო საეკლესიო პირების მოსმენაზე. ფაქტია, რომ ეს მასალები აქვთ აკურატულად დამუშავებული ფაილების დასახელებით და ასე შემდეგ. აქ საეკლესიო ტერმინებსაც ვხდებით, მაგალითად, „მრუშობა“ ჰქვია ერთ-ერთ ფაილს, მედიის თანახმად. ფაილები სავარაუდოდ დიდწილად შეიცავენ საჯარო ან ნახევრად საჯარო ინფორმაციასაც. ბევრია ე.წ. ღია ხაზით მონათხრობი ამბებიც, მათ შორის, მედიაში გაჟღერებული ცნობებიც, რომელიც უბრალოდ დააარქივეს. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ არსებობს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციაც.

ამ ეტაპზე სასულიერო პირების რეაქცია არის იგნორი. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არის ჭორი და მონაგონი. მათ არ აქვთ შიში, რომ ეს გახდება მრევლის პროტესტის მიზეზი. როგორც საქართველოს მთავრობამ გამოშიგნა თვითმმართველობა ყველგან და ხალხი  პოლიტიკური პროცესისგან გათიშა, იგივე პროცესი მიმდინარეობს ეკლესიაშიც. მან ფსონი დადო არა მრევლის რიგით წევრებზე, არამედ ნახევრად ლეგალური საქმიანობით გამდიდრებულ ელიტურ ოჯახებზე, ადგილობრივ ბიზნესმენებზე, ოლიგარქებზე, ჩინოვნიკებზე. ეს ხალხია ეკლესიის შემოსავლის ძირითადი წყარო. ვინაიდან ადგილობრივი მრევლი ფინანსურად არ არის საინტერესო, მათ ანგარიშს საერთოდ არც უწევენ.

ერთადერთი, რასაც შეიძლება აღშფოთება მოჰყვეს, ეს არის კადრები. სადღეისოდ ჩვენ ვართ ვიზუალურ ეფექტებზე აგებული კულტურა და საზოგადოება.

  • უშვებთ, რომ არსებობს კადრები ამ ფაილების პარალელურად, რაც შეიძლება ასევე გაავრცელონ? 

 

ფაილები, რაც გასაჯაროვდა, ძირითადად არის პირადი ცხოვრების ამსახველი ამბები, სასიყვარულო სამკუთხედებია გაშიფრული და გასაგებია, რომ ამას შესაძლოა კადრებიც ახლდეს.

ტრაგედია არის ის, რომ ჩამოვყალიბდით პირადი ცხოვრების ტერორზე აწყობილ ყოფით კულტურად, რაც ცალსახად საშინელებაა. ვფიქრობ, თუ ადამიანებს, მათ შორის, იერარქებს აქვთ სექსი, ეს ცუდი კი არა, კარგია. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ერთ რაღაცას მაინც აკეთებენ სწორად და მთელი სამყარო არ სძულთ.

გამოდის, რომ ვიღაც მაინც უყვართ და ვიღაცას ისინიც უყვარს, მაგრამ რაც ამ ფაილებიდან ჩანს, ეს სექსუალური თავგადასავლებიც აგებულია იერარქიულ და ეკონომიკური სარგებლიანობის პრინციპზე. ეს არ არის გულწრფელი სიყვარულის გამოხატვა, რომელსაც შეიძლება თანაუგრძნო… პირიქით, როგორც ჩანს, სასულიერო იერარაქს ჰყავს საყვარელი, შემდეგ ის სძალავს თანხას ან ელის დაწინაურებას იერარქიულ კიბეზე და ა.შ., ანუ ამ მხრივაც კი სრულიად გულისამრევი და გაუბედურებული ამბავია.

ჩვენს იერარქებში გულწრფელი სიყვარულისა და ეროსის ადგილიც კი არ არის.

  • რა შეიძლება მოჰყვეს კადრების გავრცელებას? შესაძლოა იგივე რეაქცია მივიღოთ, რაც, მაგალითად, ციხის ცნობილი კადრების შემთხვევაში მოხდა? 

თუ კადრებიც გავრცელდება, მაშინ საპატრიარქოს მოუწევს რეაგირება, რასაც ამ ეტაპზე არ აპირებს. ასევე უბრალოდ ადამიანებსაც სავარაუდოდ ექნებათ რეაქცია ამაზე, თუმცა გააჩნია, რა დევს კადრებში. თუ გახსოვთ, ციხის კადრებამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია პატიმრების წამებაზე წერილობით, სახალხო დამცველის ანგარიშებში მოხვდა არაერთი ფაქტი მაგალითად, მაგრამ საზოგადოებას რეაქცია ჰქონდა მხოლოდ კადრებზე.

ახლაც გააჩნია, რა არის კადრებში: თუ აჩვენებენ, რომ იერარქს აქვს სექსუალური თანაცხოვრება დედაოებთან ან მორჩილებთან, ამაზე არავის არ ექნება რეაქცია. ეს ყველამ ისედაც იცის ფაქტობრივად. როგორც ჩანს, მოთვალთვალეთა მიერ სასულიერო პირების იდენტიფიცირება არის გაკეთებული ჰომოსექსუალობის მიხედვითაც. ვერავინ დამაჯერებს, რომ შესაბამისი კადრებიც არ აქვთ. თუმცა საზოგადოებას შეიძლება  სასულიერო პირების გეი ურთიერთობების ან პედოფილიის ამსახველ კადრებზე ჰქონდეს რეაქცია.

  • თქვენი აზრით, რამდენად შეცვლის ეს ფაქტი სასულიერო პირების ურთიერთობას ხელისუფლებასთან? მათ ექნებათ შიში, რომ ახალი, უფრო დიდი „კომპრომატი“ არ დაიდოს, თუ დაუპირისპირდებიან ხელისუფლებას, რომელმაც მორალურად დააზიანა?  

შესაძლოა წვრილი სამღვდელოება, ვისაც აქამდე ეგონა, რომ არ უსმენდნენ და უყურადებდნენ, განაწყენდეს, მაგრამ დიდმა იერარქიამ ისედაც იცის, რომ მათ  უსმენენ. თუ უფრო მეტი ფაქტი გასაჯაროვდება, მაშინ მათ თავისუფლად უნდა იგრძნონ, წესით, თავი.

წინა ხელისუფლებაც ყველას უსმენდა, მაგრამ ეკლესიასთან მიმართებაში მეტწილად ემხრობოდა მათი მოთაფვლის, მოსყიდვის პოლიტიკას. ამ ხელისულებამ განიზარახა ეკლესია იაფფასიან მსახურად გაიხადოს და ეს გამოუვიდა კიდეც. სასულიერო იერარქიები ადრე პარტიულ ყრილობაზე წასვლას თაკილობდნენ, დღეს კი, მთელი სამღვდელოება ეპისკოპოსიდან დაწყებული, მცირე ხარისხის სამღვდელოებით დასრულებული, ესწრებიან პარტიულ ყრილობებს, მათ შორის, ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც, როგორც ვიცი, არ არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ფსონს დებს არა მოთაფვლაზე და მოსყიდვაზე, არამედ დაშინებაზე, მაგრამ თუ დასაშინებელი აღარაფერია, მაშინ ისინი გათავისუფლდებიან.

  • გამოდის, რომ „ოცნებას“ არ აწყობდა ამ ფაქტების გასაჯაროება? 

კი, ეს არ აწყობდა ხელისუფლებას, ეს იყო გაჟონვა „ოცნების“ კონტროლს მიღმა.

  • ოპოზიციას რატომ შეიძლება აწყობდეს ამ ფაილების გასაჯაროება? 

ოპოზიცია დიდად არ განსხვავდება ამ მხრივ ხელისუფლებისგან. ცნობილია, რომ ეკლესიის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ მხოლოდ „რესპუბლიკელებს“ და კიდევ სულ რამდენიმე პოლიტიკოსს.

საქმე ის არის, რომ ბოლო დროს პოლიტიკურ თამაშში  „ოცნებამ“ ეკლესია სრული ძალით ჩართო.

შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ოპოზიციის ხელი იკვეთებოდეს ამ პროცესში…. ჩემი აზრით, ახლა სამღვდელოების ნაწილი, ვისზეც ალბათ კიდევ ბევრი რამ არის გასაგები, კიდევ უფრო მეტი გააფთრებით ჩაერთვება პროსახელისუფლებო საარჩევნო პროცესში, ხოლო ვის შესახებაც მაქისიმუმი გავიგეთ, გამოეთიშებიან სამთავრობო კამპანიას და სავარაუდოდ ოპოზიციას მიემხრონ. ამ მხრივ თუ შევხედავთ, ეს ყველაფერი შესაძლოა უფრო ოპოზიციის წისქვილზე ასხამდეს წყალს.

  • ამ ფაილების მოპოვება ოპოზიციიდან ვის შეეძლო ყველაზე მეტად, თქვენი აზრით?

არ ვიცი. ლოგიკურია, რომ წინა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებიც შეეცდებოდნენ სუსის აგენტების გადმობირებას, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, ამას გამოიყენებდა მაშინ წინა არჩევნებზე, რომელიც უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა იყო.

  • გახარია? 

საინტერესოა. არ არის გამორიცხული, რადგან თვითონ გახარია იყო ამ სტრუქტურების შეფი ახლო წარსულში და ესეც დასაშვებია.

  • გათვლა რა შეიძლება იყოს: თუ სასულიერო იერარქიები აღარ იქნებიან ხელისუფლების სამსახურში, ამით რა სარგებელს მიიღებს ოპოზიცია? 

აქამდე არსებობდა უსიტყვო შეთანხმება, რომ საპატრიარქოს გავლენებს ყველა პარტია ინაწილებდა. იერარქიის ცენტრი იყო სახელისუფლებო, მაგრამ პატარა იერარქები, ეპისკოპოსები საკუთარ სიმპათიებს გამოხატავდნენ. ყველა პარტიას მხარდაჭერის თავისი წილი ჰქონდა.

მოცემულ მომენტში ხელისუფლებამ მთლიანად გადაყლაპა საპატრიარქო და ეკლესია, როგორც მხარდაჭერის რესურსი. ამ ეფექტის გაუვნებელყოფა ყველა პარტიას უნდა აწყობდეს წესით, რადგან ხელისუფლებას გამოეცლება ერთ-ერთი მძლავრი მხარდამჭერი და ოპოზიცია გამოთავისუფლებული რესურსის ათვისებას შეეცდება.

ცოტა ნაწყენიც ვარ, რომ არ მოვხდი ამ ჩანაწერებში, როგორც თეოლოგი (ხუმრობით). ალბათ იმიტომ არ მოვხვდი, რომ ყოველთვის პირდაპირ ვამბობ სათქმელს და სექსუალური ცხოვრებითაც მათთვის საინტერესო ალბათ არ ვარ. მეორე მომენტია ის, რომ ევროპული ანგარიშები მაქვს და გერმანიაში ვცხოვრობ. აქ ასე იოლი არაა საქართველოდან ვინმემ მომიყურადოს. გერმანიაში განსაკუთრებით რთულია პირად ცხოვრებაზე წვდომა და რეაულურად დიდი შიში აქვთ, რომ პირადი მონაცემები შეიძლება ვინმემ დევნისთვის გამოიყენოს.

  • შეიძლება თუ არა ამ ფაილების გასაჯაროება რაიმე ფორმით აწყობდეს რუსეთს? 

როგორც გასაჯაროებული მასალებიდან ჩანს, ფაილებში სხვადასხვა ინფორმაციაა მოცემული რუსეთის შესახებ, ვისთან თანამშრომლობენ სასულიერო პირები, თუმცა ეს ცალკე საკვლევი თემაა… რეალურად ჩვენ გვაქვს საპატრიარქო და გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ჩვენ ვართ რუსეთის პოლიტიკური აგენტების ხელში ეკლესიური თვალსაზრისით. ამას სუსიც ამბობს და მეტი ვინღა უნდა გვითხრას? ერთადერთი, რაშიც შეიძლება უშუალოდ აწყობდეს რუსეთის ეს პროცესი, არის მეუფე შიო, რომელზეც ამ ფაილებში სავარაუდოდ ბევრი არც არაფერია ნათქვამი. შესაძლოა, რუსეთს აწყობდეს იმის ჩვენება, რომ ეკლესიის შიგნით  “უმწიკვლო“ მხოლოდ პატრიარქის მოსაყდრეა, ხოლო ყველა დანარჩენი ყველა გაფუჭებულია.

  • პატრიარქზეც არაფერია ნათქვამი ამ ჩანაწერებში 

არ არის გამორიცხული პატრიარქის და მისი უშუალო გარემოცვის მიმართ არსებობდეს  მიყურადების გაცალკევებული განყოფილება და ამ მხრივ ცალკე ფაილები ექნება სუსს, რომელიც გასაჯაროების ჟამს ჯერ კიდევ ელოდება.

_______________

რა ხდება? 

13 სექტემბერს საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ბმულზე ასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.

სისტემურობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ფაილები, სავარაუდოდ, სუსიდან არის გაჟონილი და 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თარიღდება.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა“ აჭარის საკრებულოებში სიები წარადგინა

14 სექტემბერს ბათუმში „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა“ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოში პარტიის კანდიდატები წარადგინა.

სიაში 3 ქალია.

ბათუმის საკრებულოში პარტიის კანდიდატები არიან: ბექა დიასამიძე – აჭარის რეგიონში „სტრატეგია აღმაშენებელის“ ხელმძღვანელი. იგი სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატია კახაბრის, აღმაშენებლისა და ურეხის დასახლებაში; კახა საგინაძე; თამარ ჯორბენაძე; გიორგი მიქელაძე; დავით ბერიძე; მერი ჩიბურდანიძე; ომარ დავითაძე და გიორგი ტარიელიძე.

ხელვაჩაურის საკრებულოში „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა“ წარადგინა ნანა სურმანიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი შარაბიძეების ოლქში, სიის პირველი ნომერი;

ქობულეთში – დავით მანელიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატი ბობოყვათში, სიის პირველი ნომერი ქობულეთის საკრებულოში;

ქედაში – თამაზ ბერიძე, სიის პირველი ნომერი და რეზო ნაკაშიძე;

შუახევში – ნოდარ ბერიძე;

ხულოში – ზაზა ვანაძე, ედნარ შანთაძე და გოჩა ხოზრევანიძე – დიოკნისის და რიყეთის მაჟორიტარობის კანდიდატი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

ბათუმში, რუსთაველზე, 2 კორპუსს ააშენებენ კერძო სახლების ნგრევის ხარჯზე 

ბათუმში, რუსთაველის #21-ში არსებული სახლების ნგრევის ხარჯზე შპს „გრინკო“ კორპუსის მშენებლობას გეგმავს. პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ 2019 წელს განიხილა და შეითანხმა. საბჭოს სხდომაზე დაფიქსირებული ინფორმაციით, პროექტის სიმაღლე 40 მეტრია.

კომპანიამ რუსთაველის #21-ში, 978 კვ.მ-ზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების თაობაზე მერიას მიმართა. დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.

რუსთაველის #21-ში სამშენებლოდ მოაზრებულ ტერიტორიაზე ორი ორსართულიანი სახლია გზის პირას, ხოლო მათ უკან ბარაკული ტიპის ერთსართულიანი სახლებია.

ბათუმი რუსთაველის #21
რუსთაველის #21
ბათუმი, რუსთაველის #21

მერიაში განმარტავენ, რომ „კომპანიის მიზანი ბარაკული ტიპის ამორტიზებული საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა, მცხოვრებეთა სოციალური პირობების გაუმჯობესება და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში – ზღვისპირა პარკის მიმდებარედ უსახური ობიექტების თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობით ჩანაცვლებაა.“

აქვს თუ არა კომპანიას ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ სახლები ნამდვილად ამორტიზებულია, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

რუსთაველის #20-ში არსებული შენობის ათვისების ხარჯზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავს ასევე შპს „ორიქსი“. კომპანიამ მერიას ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადების თაობაზე მიმართა და დაწყებულია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება.

კომპანია რუსთაველის #20-ში 1041 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. სამშენებლოდ მოაზრებული ტერიტორია სასტუმრო „ინტურისტს“ ესაზღვრება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტი ითვალისწინებს ასევე ამ სახლის უკან გამწვანებული ეზოსა და ერთსართულიანი შენობების ათვისებას [სადაც ადრე რესტორანი „ტალღა“ იყო].

მერიის განმარტებით: ინიციატორის მიერ დასახელებული განვითარების მიზანია 8-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაა, რაც უზრუნველყოფს საპროექტო კომპლექსის ვიზუალურ, მოცულობით, არქიტექტურულ და ქალაქგეგმარებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოცემული ადგილის განვითარებას, რისთვისაც საჭიროა განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გადამეტება. დაინტერესებული პირი განმარტავს, რომ პროექტირების განხორციელების მთავარი მიზანი არის აღნიშნული კვარტალის არქიტექტურული იერ-სახის სრულყოფა და არსებული ამორტიზებული შენობის ნაცვლად ახალი ესთეტიკური ვიზუალის მქონე სასტუმროს მშენებლობა.

ბათუმი, რუსთაველის #20

შპს ORIX – ის ასივე პროცენტის მფლობელი ბათუმში სასტუმრო „ჰილტონის“ მფლობელი კომპანია შპს „ანურიაა“. შპს „ანურიას“ რუსეთის მოქალაქე კლიმენტი ქასრაძე ფლობს, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ანზორ ბოლქვაძე მუქარაზე: „მაგას ტელეფონი დარჩა ჩართული, ვუთხარი, ნუ იგინები-მეთქი“

„ეს არ იყო მუქარა,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე რამაზ შავაძის შესახებ, რომელმაც დღეს, 14 სექტემბერს ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის დეპუტატი პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე მუქარაში დაადანაშაულა. რამაზ შავაძე ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარობის კანდიდატია ხულოს სოფლებში – რიყეთსა და დიოკნისში. მისი თქმით, ანზორ ბოლქვაძე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა.

„როცა საუბარი მასთან დავასრულე, მაგას ტელეფონი დარჩა ჩართული, ლაპარაკობდა მისით, მაგას რა აქვს გაკეთებულიო და დედა შემაგინა… მომეშალა ნერვები, დავურეკე და ვუთხარი, მასეთი ლაპარაკისთვის ვინმე თავს გაგიჭეჭყავს-მეთქი. ადგა და ეს გამოიყენა, აფიორა ადამიანია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ანზორ ბოლქვაძე.

ანზორ ბოლქვაძის თქმით, ის მაჟორიტარობის კანდიდატს არ დამუქრებია.

„ეს არ არის მუქარა. მაგას რა აქვს დასამუქრებელი, ან ცხოვრებაში ვის დავემუქრე? დედის დაგინებას მე არავის არ ვაპატიებ… მუქარა რომ ყოფილიყო, ცხვირი უკანა მხარეს ექნებოდა და ყურები ქვედა მხარეს,“ – აღნიშნა ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“.

ანზორ ბოლქვაძე ასევე ადასტურებს, რომ 2009 წელს ჩართული იყო რამაზ შავაძის გათავისუფლების პროცესში. ამ დროს რამაზ შავაძე დიოკნისის გამგებელი იყო.

„დავეხმარე კიდეც და ეს იუკადრისა… მე პროკურატურას მივწერე, კანონიერების ფარგლებში დაეხმარეთ-მეთქი და დაეხმარენ,“ – დასძინა ანზორ ბოლქვაძემ.

ღორჯომში სპორტული დარბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, 2021 წლის 14 სექტემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ღორჯომში სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

სპორტული დარბაზის რენდერი
სპორტული დარბაზის რენდერი

პროექტით გათვალისწინებულია საჭიდაო დარბაზისა და  მაგიდის ჩოგბურთის სექციის მოწყობა.

შესყიდვის ღირებულება შეადგენს 875 537 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

წინადადებების მიღება სრულდება 2021 წლის 07 ოქტომბერს.

ტენდერთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=419758&lang=ge

„იჩივლეთ ყველამ“ – იურისტები ფარული ჩანაწერების ფიგურანტებს ურჩევენ პროკურატურას მიმართონ

იურისტები ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ფარული ჩანაწერების ფიგურანტ ყველა პირს მოუწოდებენ მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება უკანონო ფარულ მიყურადებაზე.

„სახელმწიფო ქმნის თვალთვალის სისტემას, ცდილობს ცენზურის და თვითცენზურის დამკვიდრებას. ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს ეკისრება. არ უნდა დაუშვან, რომ ეს შემთხვევები არის რიგითი ხარვეზი და მოცემულობა. უნდა დააფიქსირონ თავიანთი სამართლებრივი პროტესტი, მოითხოვონ გამოძიება. იმისათვის, რომ ამ სისტემასაც კი, რომელსაც არ ენდობიან, სამართლიანი საპასუხო ნაბიჯებით აღარ უნდა დარჩეს შანსი, გააგრძელოს ადამიანების კონტროლი.

ახლა დარღვევების რეაგირების გარეშე დატოვება ნიშნავს  კონტროლის სისტემის გამოკვებას და გაძლიერებას. ამიტომ ვთხოვ ჟურნალისტებს იდავონ,  ახლა უმოქმედობა ნიშნავს სისტემის გაძლიერებას,“ – ამბობს ნათია კაპანაძე, კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის კოორდინატორი.

13 სექტემბერს სავარაუდოდ სუსიდან ინტერნეტში ასობით ფაილმა გამოჟონა, რომელშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების და სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი და ტელეფონის ნომრები.

იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ ერთგვარი მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ახლა მოქალაქეებმა იმოქმედონ, არის ის, რომ თავად მიმართონ წერილობით სამართალდამცავებს და გამოძიების დაწყება მოითხოვონ.

„ჩვენ უამრავი ადამიანის სახელი გავიგეთ, ვინც ამ ჩანაწერებში ფიგურირებს – ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. პოლიტიკოსები – მოქმედი თუ ყოფილი.

მათ შეუძლიათ, რომ თავად მიმართონ წერილობით და მოითხოვონ გამოძიების დაწყება. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ადგება და ამ კონკრეტულ შემთხვევას გამოიძიებს. ამის მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ, რომ აქ სისტემურ დანაშაულზე ვლაპარაკობთ.

უფრო ეს არის მექანიზმი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შემდგომში საერთაშორისო მექანიზმები ჩავრთოთ ამ პროცესში. ამისათვის ქვეყანაში გავლილი უნდა გვქონდეს ეტაპები.

ასევე, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენთვის სულ ერთი არ არის, ისინი ამ საქმეებს როგორ უყურებენ – გამოიძიებენ თუ არ გამოიძიებენ.

რეზონანსის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მექანიზმი იყოს გამოყენებული – ერთი მხრივ, სამართლებრივი ქვეყნის შიგნით, მეორე – უკვე ქვეყნის გარეთ,“ – ამბობს სულხან სალაძე.

საქართველოს პროკურატურამ დღეს, ფარული მიყურადების მასალების გავრცელებიდან 24 საათზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, განაცხადა, რომ  გამოძიება დაიწყო „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე,  სსსკ-ის158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.

იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ ამის მიუხედავად მნიშვნელოვანია, ფიგურანტებმა მაინც მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს.

„ეს სწორი კვალიფიკაციისთვისაა მნიშვნელოვანი. მოქალაქეებს უკეთ შეუძლიათ იმ მუხლებით მოითხოვონ გამოძიება, რომელიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.

მხოლოდ კერძო კომუნიკაციის დარღვევაზე არ არის საუბარი, სხვა უფრო მნიშვნელოვანი დარღვევებიც არის, ამიტომ უნდა მიმართონ მოქალაქეებმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით,“ – ამბობს სულხან სალაძე.

ნათია კაპანაძე, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის კოორდინატორი ამბობს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება დაცულია შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობით. ამასთან, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით დადგენილია, რომ ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს დაკითხული მოწმედ, მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქციის შესრულებისას მედიას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ მისი სამუშაო მასალები, წყაროების კონფიდენციალობა დაცულია სახელმწიფოს არაკანონიერი თვალთვალისაგან.

„ბათუმელებთან“ საუბარში ნათია კაპანაძე ევროსასამართლოს პრეცედენტულ განცხადებას იხსენებს:

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში  – Goodwin v. the United Kingdom – ხაზი გაუსვა ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს საიდუმლოდ დაცვის მნიშვნელობას მედიის თავისუფლებისთვის.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა პრესის თავისუფლებისთვის, როგორც ეს ასახულია მთელი რიგი ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პროფესიული ქცევის კოდექსებში და განმტკიცებულია ჟურნალისტური წყაროების შესახებ რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტით.

ამგვარი დაცვის გარეშე წყაროებს შეიძლება ხელი შეეშალოთ, დაეხმარონ პრესას საზოგადოების ინფორმირებაში საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. შედეგად, პრესის, როგორც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი დარაჯის, როლი შეიძლება დაკნინდეს და ხელყოფილ იქნეს პრესის უნარი, უზრუნველყოს ზუსტი და სანდო ინფორმაცია“.

იგეგმება საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელება – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიცია, კერძოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელევიზიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას.

ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს მათი გავრცელება.

კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან, ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ ნაციონალური მოძრაობა და მისი თანამზრახველები გახდებიან.

სამართალდამცავებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველა ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებას ფეისბუქზე გამოეხმაურა ნიკა გვარამია, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი.

„ზუსტად 2 საათზე ვიყავი ჩართვაზე. სტუდიაში იყვნენ ინგა გრიგოლია და ვახო სანაია.

ეთერში მოვყევი, რაზე მსჯელობდა გუშინ ქართული ოცნება: ამ საშინელ ვითარებაში, რომელშიც ჩავარდნენ, საინფორმაციო გადაფარვის შესაძლებლობად განიხილეს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება ანონიმური წყაროს მეშვეობით. ზუსტად ერთ საათში ამას მოჰყვა მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომლითაც ეს დაადასტურა, ოღონდ იქვე დააყოლა, რომ ამას ოპოზიცია იზამს უცხოეთში,“ – წერს ნიკა გვარამია და იქვე მიმართავს მამუკა მდინარაძეს:

„ამ ბოდვაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ყველაფრის მომსმენ, გადამღებ, გამომქვეყნებელი ვინაა ამ ქვეყანაში ყველამ იცის. უკრაინული ვიკილიქსების და ჰაკიმ ფაშებიც ყველას ახსოვს. მაგ სისულელეებს, ჯობია ის გვითხარი, ვის დროს გადაღებულ კადრებზე ლაპარაკობ? ხომ არ გამომრჩა და ხომ არ თქვი, ჩვენ მიერ გადაღებულ სექსებს გამოაქვეყნებენ, ოღონდ გამომქვეყნებელი ჩვენ არ ვართო? თუ ეგეც სააკაშვილმა გადაიღო ჭოგრიტით კიევიდანო, ეგ თქვი და გამომრჩა? იქნებ ახალი ბრიფინგით ჩააზუსტო“.

რა ხდება? 

13 სექტემბერს საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ბმულზე ასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.

სისტემურობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ფაილები, სავარაუდოდ, სუსიდან არის გაჟონილი და 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თარიღდება.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

რას ამბობს ღარიბაშვილი ფაილების გავრცელებაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 14 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების გავრცელებაში.

„ეს ადამიანები აწყობენ ასეთ დესტაბილიზაციას და ცდილობენ მუდმივი პროვოკაციებით ჩვენი ხალხის დაძაბვას. მაგრამ ეს არ არის 90-იანი წლები, როცა კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას. ეს არ არის 2003 წელი და არ ეგონოს და ილუზია არ ჰქონდეს ვიღაცას.

…ყოველ დღე ასმენინებენ თავიანთი პროვოკაციული ტელევიზიებით ასეთ უშინაარსო, გაუგებარ, არავისთვის საინტერესო შეთხზულ ისტორიებს.

…ეს არის მტრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მტრობაა, როცა მიზანმიმართულად ცდილობ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ასეთ ბინძურ პროვოკაციას რომ გეგმავ,“ – თქვა ღარიბაშვილმა.

13 სექტემბერს საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ბმულზე ასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.

სისტემურობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ფაილები, სავარაუდოდ, სუსიდან არის გაჟონილი და 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თარიღდება.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – აცხადებს პროკურატურა.

მათივე განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

„მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები.

ასევე ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან“, – აცხადებს პროკურატურა.

ფარულ ჩანაწერებზე ხელი მიუწვდება თითქმის ყველა მედიასაშუალებას.

___

შეგახსენებთ, რომ  ფარული ჩანაწერების ფაილები, სახელწოდებით „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”, გუშინ, 13 სექტემბერს, გავრცელდა ინტერნეტში.

ბმულზე ასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.

გამომგზავნად  მითითებულია ჰაკიმ ფაშა.

ტერაბანკის შეღავათიანი სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებისთვის

ტერაბანკი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის მონაწილეებისთვის შეღავათიანი ბიზნესსესხების შეთავაზებას იწყებს. შეთავაზება ექსპორტისა და იმპორტის ჩანაცვლების საგრანტო თანადაფინანსებაზე ვრცელდება, რომელიც სააგენტომ 1 სექტემბრიდან წამოიწყო.

ინიციატივის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ კომპანიებს, რომლებიც ტერაბანკის შეღავათიანი ბიზნესსესხით ისარგებლებენ, გირაოში 60%-მდე თანამონაწილეობას სთავაზობს. ამას გარდა, პროგრამაში ჩართული პირები სააგენტოსგან სესხის მთლიან პერიოდში მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილობრივ სუბსიდირებასაც მიიღებენ. შეთავაზება 300-მდე ბიზნესმიმართულებისთვისაა განკუთვნილი.

60-მდე ბიზნესმიმართულებას კი „აწარმოე საქართველოში“ სესხის 15%-ს დამატებით სპეციალური გრანტით დაუფინანსებს. ამავდროულად, პროგრამის მონაწილეები გირაოს თანამონაწილეობითა და პროცენტის ნაწილობრივი სუბსიდირებითაც ისარგებლებენ.

 „ახალი ბიზნესის დაწყების ან უკვე არსებულის გაფართოების მიზნით, სახელმწიფო გრანტები ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა და მათ ჩვენი ბიზნესკლიენტები ხშირად მიმართავენ ხოლმე. სააგენტოთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში მრავალი მიმართულების საინტერესო პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ვფიქრობთ, რომ ამ ახალი ინიციატივითა და ჩვენი შეღავათიანი ბიზნეს სესხებით კიდევ არაერთი საინტერესო იდეა იქცევა რეალობად“, – აცხადებენ ტერაბანკში.

ექსპორტისა და იმპორტის ჩანაცვლების საგრანტო თანადაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ვებგვერდზეა www.enterprisegeorgia.gov.ge/ka შესაძლებელი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

მოსწავლეები და მასწავლებლები 20GB ინტერნეტით 10 ლარად ისევ ისარგებლებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამ მობილურ ოპერატორს – „მაგთიკომს“, „ვიონ საქართველოსა“ და „სილქნეტს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის შედეგადაც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტპროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტპაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია.

„დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად, 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინგაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის“, – მიაჩნიათ სამინისტროში.

სამინისტროს განცხადებით, შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა) საჭიროა პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ აღნიშნული პაკეტის გააქტიურება. პაკეტის მოქმედების ვადა 30 დღეა, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება.

ვებგვერდი – www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ქედაში მოსახლეობა 900 ათასი ლარის პროექტების განხორციელებას იწყებს

ყველაზე უკეთ სოფლის პრობლემების შესახებ თავად სოფლის მოსახლეობამ იცის, ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელიც სოფლის მოსახლეობის მოსაზრებებია.

სწორედ იმ მიზნით, რომ მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების საქმეში ჩართულიყო, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს 900 ათასი ლარი გამოყო მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამისთვის. შესაბამისად, მოქალაქეებმა ყველა სოფლიდან დაწერეს თავიანთი სოფლებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო დაფინანსდა ის 81 პროექტი, რომლებსაც ყველაზე მეტმა ადამიანმა, ქედის მცხოვრებმა მისცა ხმა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ამ პროცესში ჩართული იყო „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” [GIZ] მხარდაჭერით და ქედის მერიას სამოქალაქო ბიუჯეტირების განხორციელებაში ეხმარებოდა.

  • 81 გამარჯვებული იდეა ქედის სოფლებში, რომლებიც მალე იქცევა რეალობად

მონაწილეობითი ბიუჯეტირება გულისხმობს ამა თუ იმ სოფლის, ქალაქის, დაბის მოსახლეობის ჩართულობასა და თანამონაწილეობას ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში. 

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” საერთო ძალისხმევით, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი ნაყოფიერად  წარიმართა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა სამიზნე ჯგუფი: მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თუ ადგილობრივი მოსახლეობა

ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებმა 232 იდეა წარმოადგინეს პროექტში. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა დაახლოებით 5 000-მა ადამიანმა მიიღო. გამოვლინდა 81 გამარჯვებული იდეა, რაც საბოლოოდ რეალობად უნდა იქცეს.  

  • მხარს ვუჭერთ მსგავსი პროექტების განხორციელებას რუსთავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ონის, სენაკისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში

როგორც აკბარ მოჰაბიტი ამბობს, ქედაში განხორციელებული პროექტი წარმატებულად შეგვიძლია შევაფასოთ, რადგან პროცესმა აჩვენა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისა და მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობის, პირდაპირი კომუნიკაციის კარგი მაგალითი. 

აკბარ მოჰაბიტი საქართველოს კომპონენტის ხელმძღვანელია პროგრამიდან GIZ-ი, იგივე „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში”. მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს პარტნიორების დახმარებით მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში.

„როგორც ვიცით, რეგიონებში ცხოვრების დონე, ქალაქთან შედარებით, დაბალია, სერვისებთან წვდომის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ქედის გარდა ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავსი პროექტების განხორციელებას რუსთავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ონის, სენაკისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.

იმისთვის, რომ მსგავს პროექტებს მხარი დავუჭიროთ მთიანი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მათი მხრიდან უნდა დავინახოთ დაინტერესება. მას შემდეგ, რაც დავინახავთ მუნიციპალიტეტების მხრიდან მზაობას პროცესის წარმართვაზე, რა თქმა უნდა, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათგან მომდინარე ინიციატივებს. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც ვხელმძღვანელობთ.

მონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეთა თანასწორობის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია”, – ამბობს აქბარ მოჰაბიტი.

აქბარ მოჰაბიტი საქართველოს კომპონენტის ხელმძღვანელია პროგრამიდან GIZ-ი, იგივე „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში”

პროგრამა „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში” ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების მხარდამჭერია 2019 წლიდან. ქედის მუნიციპალურმა ადმინისტრაციებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს  ამ პროექტის მიმართ. 

  • ახალგაზრდები აწვდიდნენ მოქალაქეებს ინფორმაციას და ეხმარებოდნენ იდეის პროექტად ქცევაში             

კამპანია კარდაკარის პრინციპით ახალგაზრდები ხვდებოდნენ მოქალაქეებს და აწვდიდნენ ინფორმაციას მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ.

სამომავლოდ იგეგმება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების წახალისება, როგორიცაა ელექტრონული მმართველობა, გენდერული ბიუჯეტირება, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე და ბევრი სხვა მიმართულება, რაშიც გერმანული მხარე აქტიურად აპირებს თანამშრომლობას საქართველოსთან.

კარდაკარ ინფორმირებამ აჩვენა მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის მნიშვნელობა. ამ გამოცდილებას მსგავსი პროექტების განხორციელებისას გამოიყენებენ სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 

პროცესმა სხვადასხვა სახის საჭიროება გამოკვეთა, მათ შორის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოვლინდეს მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო ინტერესები, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ინტერესებისთვის ერთობლივი მუშაობა.

კარდაკარის კამპანია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ იყო ორგანიზებული.

„ჩვენი როლი იყო მედიაკამპანია და კარდაკარის ორგანიზება. შედეგი მიღწეულია – ქედაში მცხოვრებმა ყველა ოჯახმა მიიღო ინფორმაცია პროგრამის შესახებ. 15 მობილიზატორი პროექტს აცნობდა მოსახლეობას და ამავდროულად უწევდნენ კონსულტაციებს, ეხმარებოდნენ პროექტების რეგისტრირების პროცესში. 

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამაში წარმოდგენილი პროექტებისთვის ხმის მიცემის პროცესი ქედაში

შედეგი არის პროექტების არჩევნებში მონაწილეობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და მოსახლეობის შეფასება პროგრამაზე”, – ამბობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დირექტორი ასლან ჭანიძე.

ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელი

ქედის მუნიციპალიტეტში შარშან მონაწილეობითი ბიუჯეტირების მხოლოდ ორი პილოტური პროგრამა განხორციელდა ორ ადმინისტრაციულ ერთეულში და გამოყოფილი თანხა შეადგენდა 300 ათას ლარს. წელს კი ეს თანხა ბევრად მეტია. 

ქედის მერს, ლევან გორგილაძეს მიაჩნია, რომ პროექტი მდგრადია და შესაძლოა მომავალ წელს მონაწილეობითი ბიუჯეტი გაიზარდოს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება 2021 წლის იდეები.

„წელს 900 ათასი ლარი გადანაწილდა ქედის 64 დასახლებულ პუნქტში.  მნიშვნელოვანი იყო მისი სწორად განხორციელება, როგორც პილოტური პროექტის. ამაში ძალიან დაგვეხმარნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მონაწილეობითი ბიუჯეტირება მოსახლეობის ჩართულობის ყველაზე კარგი ფორმაა. ვფიქრობ, ეს პროექტი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება. მომავალი წლისთვის მილიონზე მეტია გამოყოფილი ამისთვის”, – ამბობს ლევან გორგილაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი.

ლევან გორგილაძე – ქედის მუნიციპალიტეტის მერი

___

მასალა მომზადებულია პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე

მთავარ პრობლემად უწყლობას და ხილის საწარმოების არქონას ასახელებს ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი შუახევში როინ ზოიძე. ის მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს და ამიტომაც აწუხებთ ამ დრომდე შუახევის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა.

როგორ აპირებს წყლის პრობლემის მოგვარებას მერობის კანდიდატი, რა ფინანსებით და როდის? – როინ ზოიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო როინ, თქვენი აზრით, რა არის შუახევში ყველაზე დიდი პრობლემა და როგორ წარმოგიდგენიათ მისი მოგვარება? 

პრობლემები არის ძირითადად უწყლობა, ასევე სოფლის მეურნეობა – უხვი მოსავალია და რეალიზაცია არ არის, ხილი არის ძალიან ბლომად და ნიავდება, არ არის მიმღები პუნქტები. ამას სჭირდება ძირეული ცვლილებები. ფერმერმა უნდა ჩააბაროს ხილი. ასევე არის მესაქონლეობა, მაგრამ რეალიზებას ვერ უკეთებენ რძეს, ყველს, ხორცს.

  • თქვენ როგორ დაეხმარებით გლეხს ამ პრობლემების მოგვარებაში? 

ძირეული ცვლილებებია საჭირო, რომ მთავრობის ხელშეწყობით მოხდეს ბიზნესსა და ფერმერზე დახმარება. ცენტრალური ხელისუფლება უნდა დაგვეხმაროს.

  • ახლა მერის სავარძელში რომ იჯდეთ, კონკრეტულად თქვენ რას შეცვლიდით

მოვთხოვდი ხელისუფლებას, რომ აუცილებლად გაიხსნას რამდენიმე მიმღები პუნქტი, მერე თამბაქოს მიმღები პუნქტი უნდა გაიხსნას, ასევე ხორცი, ყველი, კარაქი უნდა ბარდებოდეს ადგილზე.

შუახევს აქვს პოტენციალი ძალიან დიდი, რომ ტურიზმის განვითარება მოხდეს. ტურიზმის განვითარება დაწყებული იყო 2012 წლამდე ღომაზე და გომარდულზე. კიდევ არის რამდენიმე ღირშესანიშნავი ადგილი, სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენ ტურისტები მოვიზიდოთ. მოვა ტურისტი და გლეხი ადგილზე რასაც მოიყვანს, ტრანსპორტი, რაც სჭირდება ბათუმში ჩასატანად, იმას დაზოგავს და ტურისტი ადგილზე შეისყიდის მოყვანილ პროდუქტს.

ტურიზმი თუ განვითარდება, ამით გლეხი და ფერმერი საშუალებას ნახავს, რომ ოჯახი არჩინოს. ამას პლუს რაიონები იცლება, სოფლები იცლება. დღეს სოფლებში სკოლაში 10, 15 მოსწავლეა, 20 მოსწავლე თუ არის სოფელში, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. როცა მოსავალს ფასი ექნება, სოფლიდან აღარ წავა არავინ. როცა ხელისუფლება შეუწყობს ხელს, სოფლის მეურნეობა აღორძინდება.

  • მაგალითად, კურორტ გომარდულისთვის რას აკეთებს დღეს მერია და თქვენ რას გააკეთებთ? 

გომარდულზე და ღომას მთაზე იყო დაწყებული სამუშაოები და არ არის დასრულებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, არც სასტუმროა, არც კოტეჯები.

  • რა თანხა დასჭირდება ამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და სად ნახავთ ამ ფულს? 

ამისთვის საჭიროა ხელისუფლების ძირეული ცვლილებები, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით დავეხმაროთ რაიონს. უნდა მოგვცეს სუბსიდია ან ტრანსფერი. შესაძლებელია სასტუმრო რამდენიმე კერძო პირმა გააკეთოს, მაგრამ ინფრასტრუქტურა არის ხელისუფლების გასაკეთებელი.

რა თანხაც შუახევშიც იხარჯება, ნახევარზე მეტი მიდის ჯიბეებში, კორუფციის დიდი ნიშნები არსებობს, 20 თუ 25 მილიონი იყო დახარჯული წყლის მოსაყვანად შუახევის რაიონში და დღეს შუახევის დონეზე მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ჩვენ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვალთ და ამის შემდეგ გაკეთდება ყველაფერი.

  • კორუფციის კონკრეტული ფაქტები შეგიძლიათ დაასახელოთ? 

მე ხშირი შეხება არ მქონია, აქ არ ვმუშაობდი, მაგრამ არიან კომპეტენტური პირები, რომლებიც გასცემენ მაგ ციფრებზე პასუხს. არ ვარ მაგ საქმეში ჩახედული და ვერ გავცემ მაგაზე პასუხს.

  • გაქვთ გეგმა შემუშავებული, რა ფორმით ჩართავთ მოქალაქეებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? 

აუცილებლად მოსახლეობა უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში და მოქალაქემ უნდა იცოდეს თითოეული კაპიკი რაში იხარჯება. დახარჯული ფული უნდა აისახებოდეს თითოეული ჩვენგანის ოჯახებზე.

ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გვექნება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ვივლით კარდაკარ და მოსახლეობის პრობლემებს მივიტანთ გულთან, მოსახლეობა გვეტყვის, მის სოფელში რა არის გასაკეთებელი. ჩვენი შესაძლებლობით, რაც რომ შეგვიძლია, მუნიციპალიტეტს დავუდგებით გვერდში. არც ერთი კაპიკი არ დაიხარჯება მოსახლეობის გარეშე.

  • ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს, თუკი თქვენ 24-საათიან რეჟიმში მოსახლეობასთან აპირებთ ურთიერთობას? 

მუდმივად ვიქნებით მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში, არ ვიქნებით კაბინეტებში გამოკეტილი, არ ვიქნებით იმათთან გარიგებული, ვინც მუშაობს ტენდერებში და „ატკატების“ სახით რომ ორი კაპიკი ჯიბეში ჩავიდოთ.

  • ისევ აღნიშნეთ კორუფცია და „ატკატები“. იქნებ კონკრეტულად უთხრათ ამომრჩეველს, რაზე გაქვთ ინფორმაცია? 

გითხარით, რომ დახარჯულია 20 თუ 25 მილიონი და შუახევის დონეზე წყლის დიდი პრობლემაა. როცა გაწვიმდება, ყანებს რწყავენ მაშინ, დანარჩენი არაფერი გაკეთებული არ არის, არის ყველაფერი უხარისხო, მაგის ფაქტებიც არის. რა თანხაც არის დახარჯული, მისი ნახევარიც არ არის გაკეთებული. მაგალითად, ფურტიოში, ნიგაზეულში, ბუთურაულში, ნენიაში, ჩანჩხალოში არის დიდი ფული დახარჯული და წყალი საერთოდ არ მოედინება.

  • იქნებ პროფესიონალიზმის პრობლემაა? 

ვისი ბრალია მერე? ხელისუფლების ბრალია ესეც. რატომ ჩაიბარეს, ამდენი ფული როცა ჩაურიცხეს?… არაპროფესიონალიზმის პრობლემა იმდენად არ დგას, რამდენი პრობლემაც დგას ხელისუფლების, რომელმაც გამოაცხადა ტენდერი და ჩაიბარა სამუშაოები, რაც ხარისხიანად შესრულებული არ არის.

თანხა არ არის რეალურად დახარჯული, ეს წავიდა კონკრეტული ჩინოვნიკების ჯიბეში.

  • თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს შუახევის ბიუჯეტი. რა გზებით? 

დღეს ადამიანი ექიმთან რომ მივიდეს, იმის ჯიბის ფულიც კი არ აქვს. ჩვენი ხელისუფლება კი, აგარაკებს, ბინებს ყიდულობს, ყველა კვარტალში მანქანებს იცვლიან და ხალხი ახსენდებათ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. არჩევნები ჩაივლის და ხალხთან აღარ მიდიან…

  • ქონება, რომელიც მუნიციპალიტეტშია, უნდა იყოს თუ არა მუნიციპალური საკუთრება? რა გზებით წარმოგიდგენიათ ამის მიღწევა? 

შუახევის რაიონში რომ მოსახლეობამ იგრძნოს თავი ძალიან კარგად, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ფერმერებს. ამისათვის საჭიროა, რომ გაიხსნას მიმღები პუნქტები და ხელისუფლებამ შეღავათები უნდა გააკეთოს გადასახადებზე. უყურადღებოდ არის რაიონი მიგდებული.

  • კონკრეტულად რას შეცვლით მუნიციპალურ ქონებასთან დაკავშირებით? 

იქნება მაქსიმალური ყურადღება ჩვენს რაიონში მცხოვრებზე…

[აქ როინ ზოიძესთან სატელეფონო საუბარი შეწყდა და მასთან ხელახლა დაკავშირება ვეღარ მოვახერხეთ. მერობის კანდიდატს ტელეფონით მაშინ ვესაუბრეთ, როცა ის შუახევში ხვდებოდა მოსახლეობას].

კოლეჯი „გოლდენ სიი“ 2021-2022 სასწავლო წლისათვის სტუდენტების მიღებას აცხადებს

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს. კოლეჯში სტუდენტები მისაღები გამოცდების გარეშე, გასაუბრების საფუძველზე მიიღებიან, მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

[checklist]

  • მზარეული
  • კონდიტერი
  • ბუღალტერი
  • მასაჟისტ-რეაბილიტატორი
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები(აიტი)

[/checklist]

სწავლება, სპეციალობების მიხედვით, 6-დან 9 თვის განმავლობაში დუალურ რეჟიმში წარიმართება, რაც თეორიულ მეცადინეობასთან ერთად დასაქმების ადგილზე სამუშაო პრაქტიკას გულისხმობს.

შერჩეული ნაკადი სასწავლო პრაქტიკას გაივლის ჰოლდინგ „მეტროს“ მფლობელობაში არსებულ შემდეგ ბრენდებში: Sky tower, Legend, Euphoria, Intourist, The Grand Gloria Hotel,  Jrw Welmond Hotel Spa Casino, Windham Batumi, Colosseum Marina Hotel, Piazza Batumi.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. საუკეთესოები ადგილზე დასაქმდებიან.

დააკლიკეთ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა


დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 19 06 53; 599 52 34 03
იხილეთ საიტი: goldensea.ge
მისამართი: ქ.ბათუმი, დ.თავდადებულის 49

ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დააანონსა. ასევე, გაეცნო ჩაქვის ძალოსნობის ახალი ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას.

„ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროგრესი ხელშესახებია. უკვე გაისად ვგეგმავთ, რომ დასრულდეს და  შევიდეს ექსპლუატაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძალოსანს ჰქონდეს ღირსეული პირობები როგორც მოსამზადებლად, ასევე საერთაშორისო შეჯიბრების გამართვის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში განვახორციელებთ. ძალიან მალე იგეგმება რაგბის ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის შენობა მოიცავს სავარჯიშო და საკონფერენციო დარბაზებს, მოსასვენებელ სივრცეს და სასტუმრო ზონას.

ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებზე.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურა აჭარაში შენდებოდეს ყველა მუნიციპალიტეტში თანაბრად, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტული ტურიზმის განვითარებას.

,,მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქობულეთში ავაშენოთ ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსი. პროექტი უკვე დასრულებულია. წლის ბოლოსთვის დასრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა. ეს იყო ქობულეთელების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რაც გავითვალისწინეთ. ავუშენებთ ძალიან თანამედროვე სპორტ კომპლექსს, რომელიც ახალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ამ მუნიციპალიტეტს. დაახლოებით, 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისთვის“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომპლექსის პროექტირებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა უკვე განხორციელდა. სპორტული კომპლექსის პროექტი ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის  მინი მოედანს, 3 დარბაზს და სხვა სივრცეებს. გარდა ამისა საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურ საფარიანი და ქვიშის საფარიანი 2 მოედანი მოეწყობა.

ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები
ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები
ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები
ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები

აცრილი ხართ კოვიდზე? შემოაწმეთ, მოიგეთ თუ არა თანხა

დღეს, 14 სექტემბერს, გამოქვეყნდა  „აიცერი და მოიგეს“ გათამაშების გამარჯვებულთა პირველი ნაკადის სია.

გათამაშება კოვიდზე აცრილი მოქალაქეებისთვის 13 სექტემბერს დაიწყო.

აცრილ მოქალაქეებს გათამაშების საიტზე შეუძლიათ ყოველდღე შეამოწმონ პირადი ნომრით მოხვდნენ თუ არა გამარჯვებულებს შორის. გამარჯვებულთა სია ყოველ დღე, 12 საათზე განახლდება.

დღეს გამოვლინდა ყოველდღიური გათამაშების გამარჯვებული 160 აცრილი ადამიანი. 10-მა აცრილმა მოიგო 500-500 ლარი, 150-მა აცრილმა კი — 100-100 ლარი. აღნიშნული ოდენობის გამარჯვებული 31 დეკემბრის ჩათვლის ყოველდღიურად გამოვლინდება.

გარდა ამისა,  კვირაში ერთხელ 1 აცრილი მოიგებს 10 000 ლარს, 3 აცრილი — 5 000 ლარს, 4 აცრილი — 1 500 ლარს, 9 აცრილი — 1000 ლარს.

31 დეკემბერს კი 1 აცრილი მოიგებს 100 000 ლარს.

ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშება საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ლატარიის კომპანია ატარებს.

„თავი გაგეჭეჭყება“ – პარლამენტის წევრის სავარაუდო მუქარა ოპოზიციური ერთობის კანდიდატს

„დამირეკა და მითხრა თავი გაგეჭეჭყებაო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ დიოკნისსა და რიყეთში ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ შავაძე ანზორ ბოლქვაძის შესახებ. ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში.

ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, მას ანზორ ბოლქვაძე გუშინ, 13 სექტემბერს, ესაუბრა ტელეფონზე და დღეს, 14 სექტემბერს, ხულოში დაიბარა „სალაპარაკოდ“.

„ტელეფონზე ვისაუბრეთ, შემდეგ თვითონ გადმომირეკა და დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შენ მე შემაგინე, გავიგონეო, მაგრამ არ შემიგინებია,“ – გვიყვება რამაზ შავაძე.

ხულოს საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მუქარამდე ის თავად დაუკავშირდა ანზორ ბოლქვაძეს.

„გავიგე, თურმე ხალხში ლაპარაკობს, მე დავიხსენი მაგი და ასე დააფასაო,“ – გვიყვება რამაზ შავაძე. – „2009 წელს დიოკნისის გამგებელი ვიყავი და დამაკავეს, წინასწარ პატიმრობაში ვიყავი, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას მედავებოდნენ. შემდეგ გამამართლეს… ამას იბრალებს, რომ მე ვქენიო. მე მაგის მერე გამგებლად აღარ მიმუშავია. ახლაც მაჟორიტარი ვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“, – ამბობს რამაზ შავაძე.

რამაზ შავაძემ დღეს დილით პარტიულ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მას ანზორ ბოლქვაძე კანდიდატურის მოხსნას სთხოვს. „ბათუმელებთან“ საუბრის დროს კი განმარტა, რომ ასეთი საუბარი მას პარლამენტართან არ ჰქონია.

„მითვლის ვიღაცების პირით, მოხსნას კანდიდატურაო,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ რამაზ შავაძემ.

„ბათუმელებმა“ სცადა ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებაც. დეპუტატი ჯერჯერობით სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

განახლება: „ბათუმელებს“ დაუკავშირდა ანზორ ბოლქვაძე. მან გვითხრა, რომ ის რამაზ შავაძეს არ დამუქრებია.

„ვუთხარი, ნუ იგინები, თორემ ვინმე თავს გაგიჭეჭყავს-მეთქი. ეს არ არის მუქარა. დედა შემაგინა და რა უნდა მექნა? ვინც დედას შემაგინებს, ყველას პასუხს მოვთხოვ… ტელეფონი დარჩა მაგას ჩართული და მესმოდა, რას ამბობდა ჩემზე“, – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

ანზორ ბოლქვაძე ადასტურებს, რომ ის 2009 წელს ჩართული იყო რამაზ შავაძის სასამართლო პროცესშიც, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტა, რა ფორმით მოახერხა ყოფილი გამგებლის გათავისუფლება.

 

ბათუმში 16 სექტემბრამდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 სექტემბრის 21 საათიდან 15 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, 16 სექტემბერს ზოგან, 17 სექტემბერს კი ყველგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 220 ახალი შემთხვევა

დღევანდელი, 14 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კოვიდის დიაგნოზით 664 პირს მკურნალობენ, მათგან 29 ადამიანი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

13 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.44%.

დადასტურდა 3221 ახალი შემთხვევა, 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  3221 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37717 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

გასულ 24 საათში 2990 ადამიანი გამოჯანმრთელდა კოვიდისგან.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარაში – 220, იმერეთში – 498, ქვემო ქართლში – 194, შიდა ქართლში – 279, გურიაში – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 339, კახეთში – 272, მცხეთა-მთიანეთში – 93, სამცხე-ჯავახეთში – 46, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 42.

13 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.44%.

 

ეს არის ავღანური სამოსი და კულტურა – აქცია twitter-ზე

ცნობილი ავღანელი ქალი ბაჰარ ჯალილი, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობდა, სოციალურ ქსელ twitter-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ქალების ტანისამოსს ჰეშთეგით – ეს არის ავღანეთის კულტურა.

ბაჰარ ჯალილიმ ეს აქცია მას შემდეგ წამოიწყო, რაც მსოფლიო მედიამ გამოაქვეყნა ავღანელი ქალების ფოტო უნივერსიტეტიდან. ამ ფოტოზე ქალები შემოსილნი არიან შავი სამოსით და სახეც დაფარული აქვთ.

#ავღანელიქალები #არშეეხოჩემსტანსაცმელს – #ავღანეთისკულტურა – ეს ჰეშთეგები ასობით ქალის ფოტოს აერთიანებს. ქალები პოსტავენ საკუთარ ფოტოებს, რომელზეც ტრადიციულ ავღანურ სამოსში არიან გამოწყობილები და ამ ფორმით აპროტესტებენ თალიბანის სურვილს, ქალები ბურკის ქვეშ მოაქციოს.

ავღანელი ქალები ტრადიციულ ავღანურ სამოსში
“მე და ჩემი ქმარი ამაყები ვართ იმით, რომ გვაცვია ტრადიციული ავღანური სამოსი ჩვენს ქორწილში,” – წერს ავღანელი სტუდენტი ქალი, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს.

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ ქალების უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. მაგალითად, 8 სექტემბერს თალიბებმა ქალებს, რომლებიც მშვიდობიან აქციას მართავდნენ, მათრახებითა და ხელკეტებით სცემეს.

ხელისუფლებაში მოსვლისას თალიბანმა თქვა, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”. თუმცა, მას შემდეგ, დაჯგუფებამ ყველა დასაქმებულ ქალს, გარდა ჯანდაცვის სექტორის მუშაკებისა, მოუწოდა სახლებში დარჩენილიყვნენ, სანამ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გამოკეთდება.

ქალების მუშაობას თალიბანი ასევე უსაფრთხოების საბაბით ზღუდავდა 90-იან წლებში, როცა დაჯგუფება პირველად მოვიდა ავღანეთის ხელისუფლების სათავეში.

ნეტგაზეთი | თალიბებმა ქალ დემონსტრანტებს მათრახებითა და ხელკეტებით სცემეს ქაბულში (netgazeti.ge)

ბათუმის მერობის უფულო და უმუშევარი კანდიდატი

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად უმუშევარი გია ხალვაში, ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. ამბობს, რომ კამპანიის საწარმოებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვს, ამიტომ ამომრჩეველს თავის ხედვებს სოციალური ქსელით უზიარებს. რას ფიქრობს კონკურენტებზე, ქალაქის განვითარებასა და უმცირესობების უფლებებზე – ამ თემებზე მას „ბათუმელები“ ესაუბრა.

  •  ბატონო გია, რატომ გადაწყვიტეთ იყაროთ კენჭი ამ არჩევნებზე?

იმიტომ, რომ ბათუმში ვცხოვრობ უკვე 20 წელია და ის პრობლემები, რაც მე მაწუხებს, მთელ ქალაქს აწუხებს. გადავწყვიტე, რომ ამ პრობლემებს მოვაგვარებ.

  • შეგიძლიათ ჩამოთვალოთ პრობლემები, რომლებიც თქვენი აზრით არის ქალაქში და როგორ აპირებთ მათ მოგვარებას?

პირველი გამოწვევა ბათუმელებისთვის არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ბინა. როგორც ვიცით, „იაფი სახლის“ პროექტზე 20 ათასამდე ბათუმელმა შეიტანა განცხადება, თუმცა აქედან მხოლოდ 200 ადამიანი აარჩია მერიამ და იქედან კიდევ 40 ადამიანს მისცემენ [ბინას].

აქედან გამომდინარე, ამ გამოწვევის წინაშე ადამიანები დგანან. მე ვპირდები ბათუმელებს, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებ, რადგან მოგვარებადია.

გვახსოვს ალბათ შემთხვევა, როცა ბათუმის მერიამ საბინაო ფონდში არსებული ბინები კომერციულ ფასად გაყიდა. ამიტომ, ადამიანებს, ვისაც აქვთ გარკვეული შემოსავალი, მაგრამ ვერ ახერხებენ ბინის ყიდვას, მათ უნდა შეეძლოთ შეღავათიან ფასად ბინის შეძენა.

შემდეგი პრობლემა არის პარკირება და საავტომობილო კოლაფსი, ამაზე არაერთი განცხადება მქონდა გაკეთებული და სასამართლოც მოვუგე მერიას ჯარიმებთან დაკავშირებით. დღეს ყოველი გამოწერილი ჯარიმა არის უკანონო, ამიტომ თუ მერი ვიქნები, ყველა ჯარიმას გავაუქმებ და ეს გადასახადიც გაუქმდება, სანამ არ იქნება პარკირების ზონები მოწყობილი.

  • „უნდა მოგვარდეს“ – ამას თქვენი ოპონენტებიც იტყვიან, კონკრეტული ხედვა გაქვთ, როგორ უნდა მოგვარდეს?

მაგალითად, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 6000 აპარტამენტია და მხოლოდ 600 საპარკინგე ადგილია გათვალისწინებული. მშენებელი იქნება ვალდებული, რომ ეზოები და პარკინგი ჰქონდეს ყველა შენობას. მეორე, როცა ასეთი ქაოტური მშენებლობები მიდის და სახლი სახლზე იდგმება, ეს უნდა შეჩერდეს. თუმცა რაზეც ნებართვაა გაცემული, მასზე ვერ მოვახდენთ სხვა რეაგირებას, მაგრამ ახალი მშენებლობების შემთხვევაში პირობა უნდა იყოს, ააშენოს კორპუსი იქ, სადაც ქალაქი გაიზრდება. აუთვისებელი ტერიტორია სადაცაა. ხედები თუ უნდათ, ზღვის ხედი შეიძლება ჰქონდეთ ბათუმგორიდანაც.

ძალიან ჩაბეტონებული ქალაქი გამოდის, ამიტომ ეს მშენებლობები რაღაც ეტაპზე უნდა შეჩერდეს. ისეთ ზონაში, სადაც აპროტესტებენ „ამბასადორის“ მშენებლობას, ასეთი მშენებლობები არ უნდა მიდიოდეს.

  • რეკრეაციული ზონების რაოდენობის მომატება როგორ წარმოგიდგენიათ, სად შეიძლება კიდევ მისი მოწყობა?

ძველი შენობები სადაც არის, იმას თუ ავიღებთ, ამ ადგილებში შესაძლებელია ჩანაცვლება გამწვანების. ბევრი რამ შეიძლება გავაკეთოთ.

პლაჟებს რაც შეეხება, გასხვისება არ უნდა მოხდეს. ყველა ბათუმელს უნდა შეეძლოს თავისუფლად გადავიდეს სანაპიროზე და არ იყოს ის კომერციულად დატვირთული.

ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც ჰქვია „გაატარე დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად“. ეს გულისხმობს იმას, რომ ბათუმთან ახლოს რომელიმე ტერიტორია უნდა გახდეს რეკრეაციული, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ მოაწყონ პიკნიკები, გავიდნენ და დაისვენონ.

  • ქალაქის რომელ ტერიტორიაზე წარმოგიდგენიათ ასეთი სივრცის მოწყობა?

ქალაქში არა, ქალაქთან ახლოს. მაგალითად, ჭოროხის განაპირა ტერიტორიაზე არის შესანიშნავი ადგილები, მახოს ხიდის მიმდებარედ ასევე.

  • ეს ადგილები არ არის ბათუმის საზღვრებში.

რაღაც ნაწილი ჭოროხის განაპირა ტერიტორიის არის ბათუმის საზღვრებში. ამიტომ როცა ის ნაწილი განვითარდება, მეზობელი მუნიციპალიტეტიც იზრუნებს ამ საკითხზე.

  • ბათუმის ბიუჯეტი თუ იცით რამდენია და რამდენად სწორად იხარჯება თქვენი აზრით?

60 მილიონამდე არის, როგორც ვიცი ბიუჯეტი. ბათუმს სჭირდება შემოერთებულ ტერიტორიებზე საკანალიზაციო სისტემების მოგვარება და ამ ბიუჯეტიდან შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ასევე ასაშენებელია საბავშვო ბაღები და სკოლებიც.

  • პოლიციელი მერი რამდენად მისაღები იქნება ამომრჩევლისთვის, როგორ ფიქრობთ.

მერი ქალაქზე უნდა ზრუნავდეს და პოლიციელი მერი არაერთი გვყოლია, მათ შორის ამჟამინდელი მერი [არჩილ] ჩიქოვანიც პოლიციელია.

  • მოგწონთ მერე ის, რომ არჩილ ჩიქოვანი პოლიციელია?

არჩილი ჩემი ძველი კოლეგაა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ როგორც მერი, არ არის დამოუკიდებელი. მე დამოუკიდებელი ვიქნები, რადგან ხალხის არჩეული ვიქნები.

  • თქვენ სხვადასხვა აქციაზე ჩნდებოდით ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან ერთად. ამ პარტიის წევრი იყავით, თუ მხოლოდ აქციებზე ჩნდებოდით მათთან ერთად?

მე ნაციონალურ მოძრაობას ჩავერთე 2017 წელს, რაცა პოლიციიდან წამოვედი. ოფიციალურად წევრი არ ვყოფილვარ, ამიტომ ამ ეტაპზე ამ პარტიასთან არაფერი არ მაკავშირებს. იმ პერიოდში, როცა მათთან მისვლა გადავწყვიტე, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია იყო, მაშინ უსამართლობის გრძნობა მქონდა ძალიან მაღალი და ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკური ბრძოლა მათთან ერთად გამეგრძელებინა. თუმცა დრო გავიდა, შეხედულებები შეიცვალა. რომ გითხრათ, რომ რამე კონფლიქტი გვქონდა, არა.

  • თქვენი ოპონენტების უკან დგას საკმაოდ ძლიერი პარტიები ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით. როგორ აპირებთ მათთან კონკურენციაში შესვლას?

ჩემი უპირატესობა არის ის, რომ ბათუმელებს ვთავაზობ იმ პირობებს, რასაც ჰქვია კომფორტული ბათუმი, მაქვს ამის გეგმა და ხედვები. თუ ბანერების სიმრავლე წყვეტს არჩევნების მოგებას, მაშინ ხალხის დაკვეთა რა არის?

  • თქვენ რამდენი ბანერი გაქვთ?

არც ერთი. სოციალური ქსელით ვურთიერთობ ამომრჩეველთან. რა ვქნა აბა, სხვა საშუალებები არ მაქვს.

  • თქვენს რეიტინგს როგორ ამოწმებთ, თუკი არც ამომრჩეველს ხვდებით და ვერც ფინანსებს ხარჯავთ კამპანიის საწარმოებლად? 

დღის განმავლობაში ვხვდები რამდენიმე ადამიანს და მაქვს მათთან საუბარი. ფინანსები არ მაქვს. მცირე თანხას ვხარჯავ გადაადგილებაში. არსად არ ვმუშაობ, ჩემი მეუღლე მუშაობს, მცირე ბიზნესი აქვს და ამით ვარსებობთ.

  • როგორც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნეთ. რითი არსებობს ეს ორგანიზაცია?

დიახ მაქვს, მაგრამ მხოლოდ ორი ადამიანი ვმუშაობთ. მე და ანზორ გუბაევი.

  • ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მინდა გკითხოთ. თუკი გახდებით მერი, ექნებათ შესაძლებლობა მუსლიმებს, რომ ააშენონ მეჩეთი? ალბათ იცით ამ მეჩეთის ისტორია, რადგან წლებია ითხოვენ მუსლიმები ნებართვას, თუმცა მერია არ აძლევს.

ბათუმელები თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ უნდა აშენდეს მეჩეთი…

  • თქვენ ამბობთ, რომ მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი?

მთლად ამ ჭრილში ვერ გავალთ, მაგრამ თუკი იქნება შესაძლებლობა, უნდა აშენდეს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მუსლიმებს უნდა შეეძლოთ ლოცვა და ჰქონდეთ თავისი სამლოცველო. ვფიქრობ, არ უნდა სჭირდებოდეთ მათ ამ პროცესის გავლა, უსამართლობას ვხედავ ამ ამბავში. თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს.

  • რადგან უფლებებზე ვსაუბრობთ, ლგბტ თემზეც მინდა გკითხოთ. მაგალითად, ამ ადამიანებს თუ უნდა ჰქონდეთ მსვლელობის უფლება და უნდა მიეცეთ თუ არა თვითგამოხატვის შესაძლებლობა ქუჩაში?

აღლუმის ჩატარება აგრესიას იწვევს საზოგადოებაში, თუმცა ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება და ამას ვერავინ ვერ შეუზღუდავს. მე ალბათ ვურჩევდი მათ, რომ საჯარო მსვლელობა არ ჩაატარონ, რადგან ბევრ ადამიანში იწვევს აგრესიას. პირადად მე საერთოდ არ მაქვს აგრესია ამ თემის მიმართ და ვმეგობრობ ბევრ ისეთ ადამიანთან, რომლებიც ამ თემის წევრები არიან.

რა არის უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზი და როდის უნდა მიმართოს წყვილმა ექიმს

„ბათუმელებთან“ პროფესორი ივანე მგალობლიშვილი უშვილობის გამომწვევ, გავრცელებულ მიზეზებზე, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს.

  • ბატონო ივანე, რა ფაქტორები განაპირობებს უშვილობას და ყველაზე ხშირად უშვილობის გამომწვევ რა მიზეზებთან გქონიათ საქმე თქვენს საექიმო პრაქტიკაში?

პირველ რიგში გეტყვით, რომ უშვილობა, იგივე უნაყოფობა ეხება როგორც ქალს, ისე მამაკაცს, ამდენად ეს წყვილის პრობლემაა. გამომწვევი ფაქტორები კი შესაბამისად იყოფა მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიით განპირობებულ ფაქტორებად.  ჩემს საექიმო პრაქტიკაში და ზოგადად, მსოფლიოში, უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზია ჰორმონალური დარღვევები და დახურული საშვილოსნოს მილები. 3-დან 1 უშვილო ქალს საშვილოსნოს მილები დახურული აქვს და ამასთან არ აქვს არანაირი სიმპტომი. მამაკაცის შემთხვევაში კი ჰორმონალური და გენეტიკური ფაქტორი სჭარბობს.

ცხადია, ინფექციებიც უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ინფექციები მილებსა და მცირე მენჯის ღრუში შეხორცებებს იწვევს.

საინტერესო სტატისტიკა არსებობს იმის შესახებაც, რომ თუ ქალი პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ დიდხანს იცავს თავს ორსულობისგან, დროთა განმავლობაში მას ნაკლები შანსი აქვს დაორსულების. რეპროდუქციული სისტემა ასე მუშაობს: თუ ხშირი და მუდმივი თავდაცვაა ორსულობისგან, შემდეგ უკვე ბუნებრივად იკეტება სისტემა, იხურება ან ვიწროვდება მილები.

  • როდის უნდა მიმართოს წყვილმა უშვილობის მიზეზით ექიმს?

გააჩნია ასაკს, 35 წლამდე ქალმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ 1 წელი რეგულარული სქესობრივი კონტაქტის მიუხედავად არ დადგა ორსულობა. 35 წლის ზემოთ ეს პერიოდი 6 თვემდე მცირდება. ყველამ ვიცით, რომ ასაკის მატებასთან ერთად შვილოსნობის ფუნქცია ქვეითდება. და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ენდოკრინული დარღვევა გაქვს, არც 6 თვის გასვლას უნდა დაელოდო და მალევე უნდა გაესაუბრო რეპროდუქტოლოგს.

  • უშვილობის მიზეზის დასადგენად პირველ რიგში რა მეთოდს მიმართავთ?

სამწუხაროდ, ჩვენს კულტურაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ უშვილობის შემთხვევაში პირველად ქალი მიმართავს ექიმს და კაცი ამისგან თავს იკავებს. არადა, როგორც გითხარით, მამაკაცთა უშვილობა ბოლო პერიოდში პროცენტულად წინ უსწრებს ქალების უშვილობას.

მამაკაცისთვის სპერმოგრამა და ქალისთვის ფერტილოსკოპია – პირველი ნაბიჯია, რომლითაც ვიწყებთ უშვილობის მიზეზის დადგენას.

აუცილებელია კაცს ჩაუტარდეს სპერმოგრამა, რაც უმარტივესია და კვლევის შედეგი ერთ საათშია. ექიმი პარალელურად აფასებს ქალის რეპროდუქციულ სისტემას და საჭიროების შემთხვევაში უკეთდება ფერტილოსკოპია.

ხშირად მომისმენია პაციენტებისგან, ყველას ფერტილოსკოპიას უნიშნავთ და ეს როგორ შეიძლებაო და აქვე ვუპასუხებ მათაც და დანარჩენებსაც, რომ ქალმა, რომელიც მკურნალობს უშვილობაზე, უნდა იცოდეს მიზეზი, ლოგიკურია, რომ  ამ მიზეზის დადგენის შემდეგ უნდა დავიწყოთ მკურნალობა. ფერტილოსკოპია სწორედ ამ მხრივ არის უნიკალური პროცედურა, რომ მისი ჩატარების შემდეგ ქალმა იცის უშვილობის მიზეზი. 1 საათში ზუსტად იცის აქვს თუ არა პრობლემა მას და თუ აქვს, რა არის ეს პრობლემა. აქვე ვიტყვი, რომ არის რიგი პათოლოგიებისა, რომლებიც ფერტილოსკოპიის ჩატარების დროს შეიძლება მოგვარდეს (მაგ. პოლიპის მოცილება, მილების გამტარიანობის აღდგენა, პოლიკისტოზური საკვერცხეების დრილინგი).

რიგი პათოლოგიების შემთხვევაში, პროცედურის შემდეგ პაციენტს ვამისამართებთ უკვე სხვა რეპროდუქციულ განყოფილებებში. რაც მთავარია, პაციენტს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია თავისი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

  • რა მეთოდები არსებობს უშვილობის სამკურნალოდ და რა სიახლეებია ამ მხრივ მსოფლიო მედიცინაში?

ქალის უშვილობის შემთხვევაში, მას მერე რაც დადგინდება უშვილობის მიზეზი, როგორც უკვე ვახსენეთ, ვიყენებთ მინიმალურად ინვაზიურ მეთოდებს უშვილობის მკურნალობისას, ეს არის აბსოლუტურად  ახალი მიმართულება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც.

ფერტილოსკოპიის მიმართულების ლიდერები ჯერჯერობით არიან ბელგია, ჰოლანდია და საფრანგეთი. ფერტილოსკოპია გულისხმობს მინიატურულ ოპერაციებს, საშვილოსნოზე, მილებზე. ჩვენ დღეს ამ მეთოდით გვაქვს მილების რეკონსტრუქციის საშუალებაც კი.  შეგვიძლია გავხსნათ დაკეტილი ან შევიწროებული მილები, ეს დიდი პრობლემა იყო ყოველთვის.

შედარებით უფრო რთული შემთხვევებში კი გამოიყენება ლაპაროსკოპია (მიომექტომია, საშვილოსნოს მილის ამოკვეთა, საკვერცხის ამოკვეთა და ა.შ).

დღეს ასევე ფართოდ გავრცელებული მეთოდია ინვიტრო ანუ ხელოვნური  განაყოფიერება.

მამაკაცის უშვილობა ქალის უშვილობისგან განსხვავებით რთულად იკურნება. დღეს ეს პრობლემა ნამდვილად უდგას მედიცინას.

ხანდახან ერთადერთი გამოსავალი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებია.

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება წყვილის, როგორც ქალის, ისე მამაკაცის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ. ექიმთან ერთად წყვილი წყვეტს, თუ რა მეთოდის გამოყენებით გააგრძელოს მკურნალობა.

  • რამდენად რთულ ოპერაციად მიიჩნევა დახურული ან დავიწროებული მილების გახსნა ან გაფართოება და როგორ ხდება ამ პრობლემის დიაგნოსტირება?

დახურული ან დავიწროვებული მილების გახსნა დღეს მხოლოდ რეკონსტრუქციული ფერტილოსკოპიის დროს არის შესაძლებელი. არც ერთი სხვა მანიპულაცია ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ექიმები ვმუშაობთ ერთი ინსტრუმენტით მხოლოდ, შევდივართ საშვილოსნოს ღრუში, მილებში და ვაგვარებთ პრობლემას, ეს არატრავმული ოპერაციაა, არ არის აუცილებელი ნარკოზი და არ საჭიროებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას. პაციენტი იმ დღესვე გაეწერება სახლში და ორსულობის დაგეგმვა მომდევნო ციკლიდანვე შესაძლებელია. ეს ძალიან ეფექტური ოპერაციებია ბუნებრივი ორსულობის უნარის აღსადგენად.

ერთი ოპერაციისას, ერთ საათში, შეიძლება აღვადგინოთ მილების გამტარიანობა, მოვაგვაროთ საშვილოსნოს ღრუსა და ყელის არხის პრობლემები. შევაფასოთ საკვერცხეები და მცირე მენჯის ღრუ.

  • აიწია თუ არა შვილოსნობის ასაკმა მედიცინის წინსვლის პარალელურად?

დიახ, შედარებით და ეს იმითაა გამოწვეული, რომ ხშირად ქალები საქართველოშიც უკვე მოგვიანებით გეგმავენ ფეხმძიმობას და საწყის ეტაპზე მეტ ყურადღებას უთმობენ კარიერასა და სწავლას.

თუმცა რაც უფრო ახალგაზრდაა წყვილი, უფრო ეფექტურია დახმარება უშვილობის დროს. კვერცხუჯრედების რაოდენობა საკვერცხეში მცირდება ასაკის მატებასთან ერთად და ამიტომ აქვს ასაკს დიდი მნიშვნელობა.

  • რა მიიჩნევა საუკეთესო ასაკად ფეხმძიმობისა და დედობისთვის?

დაორსულებისთვის ოპტიმალური ასაკი 25 წლიდან აითვლება. 25 წლის შემდეგ  კვერცხუჯრედების რაოდენობა იკლებს. თვეში ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება და თუ არ მოხდა მისი განაყოფიერება, კვერცხუჯრედი იღუპება.

  • რამდენად მაღალია უშვილობის მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში?

საერთო სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიო ოჯახების 15-17%  უშვილოა. დაახლოებით ეს რიცხვებია საქართველოშიც.

  • რა უნდა გაითვალისწინოს წყვილმა, სანამ შვილის ყოლას დაგეგმავს, რა აუცილებელი კვლევებია საჭირო მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავის ასარიდებლად?

როგორც გითხარით, ორი რამ არის ამისთვის საჭირო: მამაკაცმა უნდა ჩაიტაროს სპერმოგრამა და ქალმა საჭიროების შემთხვევაში ფერტილოსკოპია.


18 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს (ბაუ) ექიმი რეპროდუქტოლოგი და მეან-გინეკოლოგი, პროფესორი ივანე მგალობლიშვილი ეწვევა მისივე კლინიკის ექიმებთან ერთად.

ექიმები კონსულტაციას გაუწევენ მსურველებს და ჩაატარებენ ულტრაბგერით კვლევებს. კონსულტაციაზე ჩაწერა შეუძლიათ ქალებსა და მამაკაცებს, მათ, ვისაც აწუხებს:

  • უშვილობა
  • რეპროდუქციული დარღვევები
  • რეპროდუქციული სისტემის ანომალიები
  • წყვილებს, რომლებიც დაქორწინებას გეგმავენ
  • ორსულებს, რომლებსაც ულტრაბგერითი კვლევა სჭირდებათ

ბათუმში და თბილისში პროფესორ ივანე მგალობლიშვილის კლინიკის ექიმებთან კონსულტაციაზე ჩასაწერად მსურველებმა დარეკეთ ნომრებზე: (032) 230 00 90 ან (+995) 599 74 22 47

მის: ბათუმი, ბაუ – საერთაშორისო ჰოსპიტალი. გენერალ ასლან აბაშიძის ქ. №14

     თბილისი, პროფ. ივანე მგალობლიშვილის კლინიკა „დომინანტი“, ალ.ყაზბეგის 14ბ

Exit mobile version