ყველაზე უკეთ სოფლის პრობლემების შესახებ თავად სოფლის მოსახლეობამ იცის, ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელიც სოფლის მოსახლეობის მოსაზრებებია.
სწორედ იმ მიზნით, რომ მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების საქმეში ჩართულიყო, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს 900 ათასი ლარი გამოყო მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამისთვის. შესაბამისად, მოქალაქეებმა ყველა სოფლიდან დაწერეს თავიანთი სოფლებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო დაფინანსდა ის 81 პროექტი, რომლებსაც ყველაზე მეტმა ადამიანმა, ქედის მცხოვრებმა მისცა ხმა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ამ პროცესში ჩართული იყო „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” [GIZ] მხარდაჭერით და ქედის მერიას სამოქალაქო ბიუჯეტირების განხორციელებაში ეხმარებოდა.
- 81 გამარჯვებული იდეა ქედის სოფლებში, რომლებიც მალე იქცევა რეალობად
მონაწილეობითი ბიუჯეტირება გულისხმობს ამა თუ იმ სოფლის, ქალაქის, დაბის მოსახლეობის ჩართულობასა და თანამონაწილეობას ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” საერთო ძალისხმევით, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი ნაყოფიერად წარიმართა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა სამიზნე ჯგუფი: მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თუ ადგილობრივი მოსახლეობა.
ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებმა 232 იდეა წარმოადგინეს პროექტში. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა დაახლოებით 5 000-მა ადამიანმა მიიღო. გამოვლინდა 81 გამარჯვებული იდეა, რაც საბოლოოდ რეალობად უნდა იქცეს.
- მხარს ვუჭერთ მსგავსი პროექტების განხორციელებას რუსთავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ონის, სენაკისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში
როგორც აკბარ მოჰაბიტი ამბობს, ქედაში განხორციელებული პროექტი წარმატებულად შეგვიძლია შევაფასოთ, რადგან პროცესმა აჩვენა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისა და მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობის, პირდაპირი კომუნიკაციის კარგი მაგალითი.
აკბარ მოჰაბიტი საქართველოს კომპონენტის ხელმძღვანელია პროგრამიდან GIZ-ი, იგივე „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში”. მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს პარტნიორების დახმარებით მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში.
„როგორც ვიცით, რეგიონებში ცხოვრების დონე, ქალაქთან შედარებით, დაბალია, სერვისებთან წვდომის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ქედის გარდა ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავსი პროექტების განხორციელებას რუსთავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ონის, სენაკისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
იმისთვის, რომ მსგავს პროექტებს მხარი დავუჭიროთ მთიანი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მათი მხრიდან უნდა დავინახოთ დაინტერესება. მას შემდეგ, რაც დავინახავთ მუნიციპალიტეტების მხრიდან მზაობას პროცესის წარმართვაზე, რა თქმა უნდა, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათგან მომდინარე ინიციატივებს. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც ვხელმძღვანელობთ.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეთა თანასწორობის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია”, – ამბობს აქბარ მოჰაბიტი.
პროგრამა „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში” ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების მხარდამჭერია 2019 წლიდან. ქედის მუნიციპალურმა ადმინისტრაციებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ პროექტის მიმართ.
- ახალგაზრდები აწვდიდნენ მოქალაქეებს ინფორმაციას და ეხმარებოდნენ იდეის პროექტად ქცევაში
კამპანია კარდაკარის პრინციპით ახალგაზრდები ხვდებოდნენ მოქალაქეებს და აწვდიდნენ ინფორმაციას მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ.
სამომავლოდ იგეგმება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების წახალისება, როგორიცაა ელექტრონული მმართველობა, გენდერული ბიუჯეტირება, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე და ბევრი სხვა მიმართულება, რაშიც გერმანული მხარე აქტიურად აპირებს თანამშრომლობას საქართველოსთან.
კარდაკარ ინფორმირებამ აჩვენა მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის მნიშვნელობა. ამ გამოცდილებას მსგავსი პროექტების განხორციელებისას გამოიყენებენ სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
პროცესმა სხვადასხვა სახის საჭიროება გამოკვეთა, მათ შორის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოვლინდეს მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო ინტერესები, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ინტერესებისთვის ერთობლივი მუშაობა.
კარდაკარის კამპანია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ იყო ორგანიზებული.
„ჩვენი როლი იყო მედიაკამპანია და კარდაკარის ორგანიზება. შედეგი მიღწეულია – ქედაში მცხოვრებმა ყველა ოჯახმა მიიღო ინფორმაცია პროგრამის შესახებ. 15 მობილიზატორი პროექტს აცნობდა მოსახლეობას და ამავდროულად უწევდნენ კონსულტაციებს, ეხმარებოდნენ პროექტების რეგისტრირების პროცესში.
შედეგი არის პროექტების არჩევნებში მონაწილეობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და მოსახლეობის შეფასება პროგრამაზე”, – ამბობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დირექტორი ასლან ჭანიძე.
ქედის მუნიციპალიტეტში შარშან მონაწილეობითი ბიუჯეტირების მხოლოდ ორი პილოტური პროგრამა განხორციელდა ორ ადმინისტრაციულ ერთეულში და გამოყოფილი თანხა შეადგენდა 300 ათას ლარს. წელს კი ეს თანხა ბევრად მეტია.
ქედის მერს, ლევან გორგილაძეს მიაჩნია, რომ პროექტი მდგრადია და შესაძლოა მომავალ წელს მონაწილეობითი ბიუჯეტი გაიზარდოს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება 2021 წლის იდეები.
„წელს 900 ათასი ლარი გადანაწილდა ქედის 64 დასახლებულ პუნქტში. მნიშვნელოვანი იყო მისი სწორად განხორციელება, როგორც პილოტური პროექტის. ამაში ძალიან დაგვეხმარნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მონაწილეობითი ბიუჯეტირება მოსახლეობის ჩართულობის ყველაზე კარგი ფორმაა. ვფიქრობ, ეს პროექტი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება. მომავალი წლისთვის მილიონზე მეტია გამოყოფილი ამისთვის”, – ამბობს ლევან გორგილაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი.
___
მასალა მომზადებულია პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.