შშმ პირებს სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ეტლი, ყურსასმენი ან სხვა აუცილებელი ნივთები ადგილზე არ მიეწოდებათ. მაგალითად, თუ შშმ პირი სოფელში ცხოვრობს, ის იძულებულია ნივთის მისაღებად თბილისში ან ბათუმში ჩავიდეს და ჩამოიტანოს.
ამ პრობლემაზე „ბათუმელებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი ესაუბრა.
„მაგალითად, ქედაში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შშმ შვილი ჰყავს და ორივეს სჭირდება ეტლი.
ეტლი რომ აიღოს, ამისთვის ბათუმში უნდა ჩამოვიდეს და ჩამოიტანოს. ქედის მუნიციპალიტეტი არ ეხმარება ტრანსპორტირებაში. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანისთვის დამატებითი ხარჯია ბათუმში ჩასვლა, ბავშვებსაც ვერ ტოვებს და ამდენი ხანია ამის გამო ვერ იღებს ეტლებს.
სოფლიდან ჩამოსვლა და ორი ეტლის ატანა კიდევ ცალკე ხარჯია, რადგან ტრანსპორტი უნდა იქირაო. ამ პროცესში შუამავალი რგოლის ფუნქციას მუნიციპალიტეტი ან სხვა რომელიმე უწყება არ ასრულებს.
წელიწადში დაახლოებით 100 შშმ პირია, ვინც დროულად ვერ იღებს ადგილზე მისთვის აუცილებელ ნივთებს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
დეას თქმით, იყო შემთხვევა, როცა 30-ლარიანი ყავარჯნის ასაღებად შშმ პირს თბილისში უწევდა ჩასვლა. „წარმოიდგინეთ, გზაში უნდა დახარჯოს მინიმუმ 60-70 ლარი, რომ ჩამოიტანოს 30-ლარიანი ყავარჯენი. ეს რეალურია? ბოლოს მე დამიკავშირდა ჯანდაცვის სამინისტრო და მთხოვა, რომ დავხმარებოდი“, – ამბობს დეა.
მისი თქმით, შშმ პირებისთვის შეძენილი ნივთები, იქნება ეს მექანიკური ეტლის, სმენის აპარატების, ყავარჯნების თუ სხვა მნიშვნელოვანი ნივთების ტრანსპორტირება არ არის გათვალისწინებული შესყიდვის ბიუჯეტში. ეს პრობლემა ძირითადად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით შეძენილ აღჭურვილობებს ეხება.
„ელექტრო ეტლების ადგილზე მიწოდების და მორგების საკითხი მოგვარებულია, თუმცა მექანიკური ეტლების შემთხვევაში მიწოდების თანხა არ არის გათვალისწინებული“, – გვეუბნება დეა.
როგორც დეა ამბობს, ანალოგიური პრობლემაა სმენის აპარატების შესყიდვის დროსაც.
„მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრს აქვს სმენის პრობლემა, ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა აპარატს და მე ჩავიტანე თბილისში გასასწორებლად, მივიტანე პაციენტის გარეშე და აუდიოგრამით ხვეწნა-ხვეწნით გავასწორებინე, რისთვისაც 3 დღე დამჭირდა.
ახლა წარმოიდგინეთ შშმ პირი, რომელიც არ მუშაობს და 100-ლარიანი პენსიის პირობებში უნდა წავიდეს თბილისში: შეიძლება ექიმმა იმ დღეს ვერ მიიღოს, უნდა დარჩეს 2-3 დღე და დაბრუნდეს უკან. ეს ხომ დიდი ხარჯია ამ ადამიანისთვის, არა?
წესით, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ რეგიონებში ადგილზე უნდა ხორციელდებოდეს სერვისი – სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო კონვენციით, ასევე შშმ პირთა კანონით ვალდებულია, სახლთან ახლოს მომაწოდოს სერვისი.
შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და რეგიონში გაცემულ ვაუჩერზე დაამატოს 20-30 ლარი, მწარმოებელმა ადგილზე რომ მიაწოდოს პროდუქცია შშმ პირს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
დეას თქმით, ძალიან ბევრი შშმ პირი უმუშევარია, ამიტომ 40, 60 ლარი მათთვის რთული მოსაძიებელია.
„გასულ წელს აჭარაში 20 შშმ პირს დასჭირდა სერვისების მიწოდება და იგივე მდგომარეობაა ყოველ წელს.
ჩვენ აჭარაში გვაქვს ის პრივილეგია, რომ აჭარის პროგრამები გვეხმარება სხვადასხვა სერვისის შევსებაში, მაგრამ ქუთაისს, ზუგდიდს ან სხვა რეგიონს ხომ არ აქვს იგივე პრივილეგიები, არა? სხვა რეგიონებში მცხოვრებ შშმ პირებს, ყველას თბილისში უწევს ამ აუცილებელი ნივთებისთვის ჩასვლა და ჩამოტანა“, – გვეუბნება დეა.
დეას თქმით, გამოსავალი ერთია – ან მუნიციპალიტეტებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე ცენტრალური პროგრამით შეძენილი ნივთების ადგილზე მიწოდება, ან ცენტრალური ბიუჯეტიდან შესყიდვის თანხას უნდა დაემატოს ადგილზე მიწოდების ხარჯი.
სახელმწიფო აუდიტის მასალების მიხედვით, საქართველოში ხე-ტყის უკანონო ჭრების შედეგად, 2017-2019 წლებში ქვეყანას 20 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.
ხე-ტყის უკანონო ჭრა არა მარტო ართულებს ტყის დაცვას, საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეყნის ეკოსისტემას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველ მეორე დღეს გვხვდება სოციალურ ქსელებში, რომელსაც გარემოზე ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. თუმცა აუდიტის დასკვნები ნათლად აჩვენებს, რომ ტყის მართვის, მონიტორინგისა და დაცვის სისტემური ხარვეზებია ქვეყანაში.
აუდიტის სამსახური წერს, რომ გარემოს ზედამხედველობის სამსახური მისი მრავალფუნქციური დატვირთვისა და ადამიანური რესურსების ნაკლებობის გამო მხოლოდ ტყეში შესასვლელ-გამოსასვლელ გზებს აკონტროლებს, რომელთა შორის მანძილი 30 კმ-ია. „შედეგად, არ არის უზრუნველყოფილი ტყის სრულყოფილი კონტროლი“, – ამბობს აუდიტი.
აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ტყეებს სრულად უნდა აკონტროლებდნენ ტყის მცველები. „ამავდროულად, ფიზიკურ დაცვასთან ერთად უნდა გამოიყენებოდეს სხვადასხვა დაცვითი და სამეთვალყურეო ტექნიკა.
არის რისკები, რომ სათანადოდ ვერ ხორციელდება სოციალური ჭრების ფარგლებში გამოყოფილი ტყეების მონიტორინგიც არასაკმარისი რესურსების გამო, რაც ზრდის ხე-ტყვის უკანონოდ მითვისების შესაძლებლობებს და ეკოსისტემების დაზიანების რისკებს. შესაბამისად, ამცირებს მისაღებ შემოსავლებსაც“, – ამბობს აუდიტი.
სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით წერს აუდიტი, რომ 2017-2019 წლებში 20 მილიონი ლარის ზიანი მიადგა სახელმწიფოს.
დასკვნის მიხედვით, ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ ჩატარებულა ტყეების სისტემური ინვენტარიზაცია, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია ტყის გრძელვადიანი და რაციონალური გამოყენების გეგმაზე.
მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირებული სოფლების რიცხვი იმატებს, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გათბობის ძირითად წყაროს მაინც შეშა წარმოადგენს.
აუდიტი მიიჩნევს, რომ ხარვეზებია ტყეკაფების გამოყოფის სისტემაშიც, რადგან მოსახლეობა არ ითვისებს გამოყოფილ რესურს სრულად. „თუმცა, კვლევების მიხედვით, რეალური მოხმარება მნიშვნელოვნად აღემატება გამოყოფილ რესურსს“, – წერს აუდიტი. – ეს აჩენს რისკს, რომ მოსახლეობა შეშის მოსაპოვებლად არალეგალურ გზებს მიმართავს.
ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ლიცენზიანტები სათანადოდ არ ასრულებენ სალიცენზიო პირობებს. ამის გამოც 2017-2019 წლებში გარემოს 5,2 მლნ ლარის ზიანი მიადგა. გაუქმდა ორი ლიცენზიაც ამავე პერიოდში გამოვლენილი მძიმე დარღვევების გამო.
თუმცა, როგორც აუდიტი წერს, გარემოზე მიყენებული ზიანისთვის გადახდილი ჯარიმის თანხები არ იხარჯება ტყის ფართობების აღსადგენად.
ამავე დასკვნაში წერია, რომ საჯარო დაწესებულებების მიერ სააგენტოსთვის საშეშე რესურსების დაუსაბუთებელი მოთხოვნა ქმნის რესურსების არარაციონალური გამოყენების რისკებს.
მაგალითად, ზოგიერთი სკოლა, ალტერნატიული ენერგორესურსების შემთხვევაშიც კი, პრიორიტეტს მაინც შეშას ანიჭებდა.
აუდიტი ამბობს, რომ საქართველოში ხე-ტყის ჭრის შედეგად ნარჩენი მერქნული რესურსით ბიოსაწვავის წარმოების პოტენციალი არსებობს, მისი გამოყენება 2020 წელს დაიწყო კიდეც, თუმცა მხოლოდ კახეთსა და ქვემო ქართლის გარკვეულ სატყეო მონაკვეთები მოიცვა. აუდიტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ბიოსაწვავის გამოყენება. ეს ხელს შეუწყობს როგორც ტყის რესურსების განვითარებას, ასევე შეამცირებს იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოხმარებას.
თუმცა, მერქნული რესურსების რეალიზაციის მიზნით გამოცხადებული აუქციონების 37 პროცენტი ჩაიშალა. „აუქციონზე განმეორებით რეალიზაციის შემთხვევებში გასაყიდი მასალის ხარისხისა და ფასის კლების ერთ-ერთი მიზეზია სააგენტოს მიერ ბაზარზე მოთხოვნილზე მეტი რესურსის დამზადება, რაც არასისტემურ მიდგომაზე მიუთითებს“, – წერია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტი რეკომენდაციას აძლევს გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებებს შეიმუშაონ ეფექტური გეგმა ტყის რესურსების დაცვაზე. უზრუნველყონ ტყის ყველა უბანზე შესაბამისი რაოდენობის პერსონალის განაწილება, სტრატეგიულ ლოკაციებზე გამოიყენონ შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა და შესაბამისი საკითხების დასარეგულირებლად, ნორმატიულ დოკუმენტებში შეიტანონ ცვლილებები, შესაბამისი უწყებების ჩართულობით შეიმუშაონ სტრატეგია და აღნიშნული მიმართულების ხელშემწყობი პროგრამები.
_____________________________
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/ივანიშვილის ხის გადასატანად გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი ქობულეთში.
ავტორი: ცირა გოდერძიშვილი, პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედა
__
მოგმართავთ თხოვნით, რათა გაასაჯაროოთ ინფორმაცია პატიმრობაში მყოფი ჩემი შვილის შესახებ: მის, ანუ პაციენტ გიორგი ოქროპირიძის უფლებებს მუდმივად არღვევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, თამთა დემურიშვილი – მას არ უწევენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას.
სამედიცინო დაუხმარებლობა პაციენტისთვის/მით უფრო პატიმრისთვის, რომელსაც აქვს გადატანილი მძიმე ოპერაციები ღვიძლზე, ფილტვზე და ორი ძირითადი ორგანო აქვს დაზიანებული, არის არასათანადო მოპყრობა. წამებაა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. შესაბამისად, ირღვევა პაციენტ/პატიმრის ფუნდამენტური უფლებები, როგორც შიდა კანონმდებლობა (პაციენტის უფლებების შესახებ კანონი და ჯანმრთელობის შესახებ კანონი), ასევე ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი.
გიორგი ოქროპირიძის საქმეები არის ევროპულ სასამართლოში და დასრულებულია მათზე კომუნიკაცია. სავარაუდოდ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მის მიმართ სამედიცინო დეპარტამენტის მხრიდან რეპრესიული მიდგომების, რაც წამების ტოლფასია.
გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – 2012 წლის მაისში, სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის მიერ, პეჰატოლოგიურ კლინიკა “ჰეპაში” ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, აქვს ღვიძლის ფიბროზის -2 სტადის F-2… 2021 წლის აპრილსა და მაისში ჩატარებული რენტგენოგრაფიისა და ულტრაბგერითი გამოკვლევებით, ნაოპერაციევი ღვიძლის მარჯვენა წილის24 მმ გადიდება დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ ღვიძლის ამ ზომით გადიდება სახიფათოა გიორგის ჯანმრთელობისთვის, თანაც ციხის პირობებში. ასევე ნაოპერაციევ ფილტვზე დაუდგინდა სისხლძარღვოვანი სურათი – ჰილუსები გაძლიერებული, უსტრუქტურო, ფიბროზული, ასევე გულის ჩრდილის საზღვრები მცირედ გადიდებული. ეს ყველაფერი დოკუმენტურად დასტურდება.
უყურადღებობამ და არასწორმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის დამძიმება. პენიტენციურ სისტემაში არ არის ისეთი დანადგარი, რომლითაც შეიძლება ღვიძლის შრეობრივი გამოკვლევა, რის შემდგომაც გიორგის პირადი ექიმი, რომელიც მას ჰყავს ქალაქის ტიპის კლინიკაში, დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას. ეს ექიმი მასთან შედიოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ფრანგული აპარატი-ელასტოგრაფი არის მხოლოდ ფრანგულ კლინიკა „ჰეპაში“.
მე ეს ერთი შვილი მყავს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუზიანა წლების წინ 45 დღით შიმშილობამ და მოშიმშილის მიმართ არაადეკვატურმა, არასათანადო სამედიცინო დახმარებამ.
2021 წლის 12 აგვისტოს მივმართე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსს და ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს თამთა დემურიშვილს. ვითხოვდი გადაყვანაზე ნებართვის გაცემის, რათა პაციენტ/პატიმრის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახის სახსრებით სასწრაფო და აუცილებელი ელასტოგრაფია და სხვა ეფექტური გამოკვლევები ჩაგვეტარებინა ქართულ-ფრანგულ ჰეპატოლოგიურ კლინიკა „ჰეპაში“.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პენიტენციურმა სამედიცინო დეპარტამენტმა – სახელმწიფომ თავისი ხარჯით უნდა მოახდინოს პატიმრის ეტაპირება ქალაქის კლინიკაში აუცილებელ გამოკვლევაზე ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით. თუმცა, ჩვენი სახსრებითაც კი არ მოგვცა ამის უფლება თამთა დემურიშვილმა, რითაც დაარღვია პაციენტის უფლებები.
თუ შეიძლებოდა 2010-2012 წლებში გ.ოქროპირიძის აუცილებელი და გადაუდებელი გამოკვლევების ჩატარება, რატომ არ შეიძლება დღეს – 2021 წელს? რაზე გვეუბნება თამთა დემურიშვილი უარს?! ნუთუ სტრასბურგში ჩივილის გამო ახდენს ზეწოლას?! ის, რაც შეიძლება სხვა პატიმრებისთვის – რატომ არ შეიძლება ჩემი გიორგისთვის???? არასათანადო, არაადამიანურ საპატიმრო პირობებში პაციენტის მოთავსება, რამდენად ადეკვატურია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს? სახელმწიფოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს პაციენტის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება მის მიერ არჩეულ პროფილურ კლინიკაში მის მიერ არჩეული ექიმთან!
2021 წლის 18 აგვისტოს მივიღე თ.დემურიშვილისგან პასუხი, რომ თურმე განიხილავს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს გადაყვანას… რას თვლის საჭიროებად უცნობია, არ მომეცა უფლება ჩემი ხარჯით ჩამეტარებინა კვლევები, რათა ჩემი შვილის პირად ექიმს დროულად დაენიშნა მკურნალობის კურსი.
არა – ეს უფრო უარის წერილია:
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში N01/228062 წერილით შემოსული, თქვენი 2021 წლის 12 აგვისტოს განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში მის ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენი წერილი რეფერალის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციის მიზნით, ეგზავნება N6 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მთავარ ექიმს. ამასთან, სამედიცინო მომსახურება გაეწევა რიგითობის შესაბამისად.“
ეს ბლანკეტური წერილია და არ ემსახურებოდა პაციენტის უფლებების დაცვას, ამიტომ 15 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, თამთა დემურიშვილს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს განმეორებით მოვთხოვე, ჩემი შვილისთვის ქალაქის ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში, სახელმწიფოს ხარჯებით ჩაეტარებინათ აუცილებელისასწრაფო და სამედიცინო გამოკვლევები – ღვიძლის გადიდების გამო მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ). ფილტვის დაზიანების, ტკივილის გამო, ასევე მოვითხოვე სახელმწიფოსგან ქართულ-ფრანგულ ჰეპატოლოგიურ კლინიკა „ჰეპაში“ ფიბროსკანით ელასტოგრაფიის ჩატარება შემდგომი მკურნალობისთვის.
2021 წლის 22 ოქტომბერს პენიტენციური სამედიცინო სამსახურის უფროსისგან მივიღე ცინიკური, ბლანკეტური პასუხი, რომ რატომ არ ვითხოვ კტ-ს (გულმკერდის და მუხლის ღრუს კომპიუტერული გამოკვლევის) საკუთარი ხარჯით ჩატარებას, ანუ მითხრა ჩვენ არ ჩაგიტარებთ სახელმწიფოს ხარჯით არაფერსო!
გამოდის, რომ პატიმარ/პაციენტს, რომელსაც აქვს ღვიძლის მძიმე დიაგნოზი, ფილტვის დაზიანების პრობლემები, სახელმწიფო თურმე არ არის ვალდებული ჩაუტაროს ქალაქის ტიპის კლინიკაში ადეკვატური გამოკვლევები, რათა ამ დიაგნოზების საფუძველზე პაციენტის პირადმა ექიმმა შეეძლოს მისთვის მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა!
მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 31 აგვისტოს, პაციენტი/პატიმრის მიმართ სამედიცინო დაუხმარებლობის, არასათანადო მოპყრობის, პაციენტის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო მივმართე სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას. 15 ოქტომბერს გაიგზავნა წერილი თ.დემურიშვილთან.
დრო მიდის და შესაძლოა დროულმა დაუხმარებლობამ მძიმე შედეგები გამოიწვიოს…
[toggle title=”კოდექსის რომელი მუხლები ირღვევა გიორგი ოქროპირიძის მიმართ”]
გ.ოქროპირიძის მიმართ ირღვევა საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების“ შესახებ მონიჭებული გ.ოქროპირიძის უფლებები, კერძოდ:
მუხლი 5
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
მუხლი 7
პაციენტს უფლება აქვს მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
მუხლი 8
პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი.
მუხლი 46
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველაუფლებით.
ასევე ირღვევა კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ – მე-14 მუხლი:
„პაციენტს აქვს უფლება აირჩიოს ან შეცვალოს სამედიცინო პერსონალი და, ან სამედიცინო დაწესებულება ….“
ასევე დარღვეულია კანონის“ პატიმრობის შესახებ“ მუხლი 119, კერძოდ:
„მუხლი 119. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვისსფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად.“
ასევე ვინაიდან პენიტენციურ სამსახურს არ აქვს კტ – კომპიუტერული ტომოგრაფიის და ღვიძლის ელასტოგრაფიის გაკეთების შესაძლებლობა ფიბროსკანით, რაც აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის და შემდგომი მკურნალობისთვის, ამიტომ კანონი პატიმრობის შესახებ ცალსახად ადგენს 121 მუხლის მე-2 პუნქტით პაციენტის გაყავანის შესაძლებლობას სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებაში – საავადმყოფოში, შესაბამისად გ.ოქროპირიძის მიმართ პენიტენციურმა სამედიცინო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ დაარღვია პატიმრობის შესახებ კანონის 121 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:
თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლებაგაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორისსაავადმყოფოში.“
[/toggle]
ჩემი ავადმყოფი შვილი არასათანადო პირობებშია განთავსებული – ნუთუ ეს საწოლია ევროპული სტანდარტების ციხის შეესაბამება, პატიმარს არ აქვს არც კარადა პირადი ნივთებისთვის, ნუთუ ხანგრძლივი დროით შესაძლებელია ბეტონის იატაკზე ცხოვრება, როცა პაციენტ/პატიმარს აქვს დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა? ამ საწოლზე, თუ ამას საწოლი ჰქვია – შეიძლება იწვეს ღვიძლის და ფილტვის დაზიანებით პაციენტ-პატიმარი?! ეს არასათანადო მოპყრობაა!
ნუთუ მხოლოდ ევროპულ სასამართლოში ჩივილის გზით არის შესაძლებელი პატიმარ/პაციენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების რეალიზება?! დრო მიდის, ვითხოვ სახელმწიფოსგან ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ქალაქის ტიპის კლინიკებში მითითებული კვლევების ჩატარებას, დასკვნების CD დისკზე ჩაწერასა და გადმოცემას!
დამეხმარეთ – ადამიანის უფლებების დამცველებო, არასამთავრობოებო, დროული რეაგირებაა საჭირო! ნუთუ ამდენი წამება სტრასბურგში ჩივილის გამო?! ის, რაც შეიძლება სხვა პატიმრისთვის, არ შეიძლება ჩემი შვილისთვის?! რისთვის იწერება პაციენტის უფლებების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონები?!
___
მთავარი ფოტო: 2016 წელი. გიორგი ოქროპირიძის საკანი. ის ამ დროისთვის სხვა საკანში ჰყავთ გადაყვანილი
დღეს, 23 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ბანერი გამოფინეს წარწერით – #FREESAAKASHVILI – „თავისუფლება სააკაშვილს“.
„ჩვენ დღეს სიმბოლურად გადმოვფინეთ ბანერი, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და ხუთ საათზე ბათუმში, ვარდების სკვერში, ვიკრიბებით, სადაც ღონისძიება გაგრძელდება“ – განაცხადა ფეისბუქზე პირდაპირ ჩართვაში ბონდო თედორაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
მან აღნიშნა, რომ 23 ნოემბერს, როგორც „ვარდების რევოლუციის“ თარიღს, ვერ წაშლიან:
„ჩვენ მიშას თაობა ვართ წარმოდგენილი და ყველაფერი კარგად გვახსოვს, სად ვცხოვრობდით და შემდეგ სად ვიცხოვრეთ. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში კი არა, ქართველ ხალხთან ერთად უნდა იბრძოდეს ქვეყნის ისევ უკეთესი მომავლისკენ.
ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა კი არ დააპაუზა, უკან წაიყვანა, ისევ საბჭოთა კავშირისკენ. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული“ – ამბობს ბონდო თედორაძე.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავი აქცია გაიმართა გორში, სადაც მოქალაქეებმა ფურცლები მიიტანეს, წარწერით – „მადლობა“. მათ ასევე წითელი და თეთრი ბუშტები გაუშვეს და ქოლგები წარწერით – FreeMisha გაშალეს.
დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვით აქციას გამართავენ„ვარდების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით.
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს გერმანულ გამოცემა BILD-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც საუბარია ელჩის საქართველოში საქმიანობასა და მისი მეუღლის თანამშრომლობაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.
„ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ყველას თავისუფლად შეუძლია შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
აღნიშნულ გამოცემაში დაბეჭდილ სტატიაში ქნირში პროსახელისუფლებო განწყობების მქონე დიპლომატად არის მოხსენებული. ასევე ხაზგასმულია, რომ მისი მეუღლე „ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტში მუშაობს, რაც დიპლომატს მის პროფესიულ საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტს უქმნის.
სტატიას გამოეხმაურა გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ევა მარია ქნირშის კონტრაქტი ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტთან, მის ქმარს, ჰუბერტ ქნირშს, რომელიც გერმანიის ელჩია საქართველოში, ინტერესთა კონფლიქტს უქმნის.
45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ბავშვი, ბულგარეთში, ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ „როისტერსი“წერს.
გამოცემის ცნობით, ავტობუსში ძირითადად მაკედონიელი ტურისტები იმყოფებოდნენ.
7-მა ადამიანმა ცეცხლწაკიდებული ავტობუსიდან გადმოხტომა მოახერხა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბულგარეთის შს სამინისტრო აცხადებს, რომ დაიღუპა 45 ადამიანი და ეს ყველაზე საზარელი ავარიაა ბულგარეთის ისტორიაში.
ბულგარეთის შს მინისტრის, ბაიკო რეშკოვის თქმით, ადამიანები ავტობუსში დაიწვნენ. „საზარელი სურათია, ასეთი არასდროს მინახავს“ – განაცხადა მინისტრმა.
ავტობუსში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ავტობუსი შეეჯახა შლაგბაუმს ან ხანძრამდე, ან ხანძრის გაჩენის შემდეგ.
ავარია ბულგარეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 45 კილომეტრის დაშორებით მოხდა, ღამის 2 საათზე. ტურისტები მაკედონიაში ბრუნდებოდნენ სტამბოლში ექსკურსიის შემდეგ.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ნოემბრის 21 საათიდან 24 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან იწვიმებს.
აჭარის მაღალ მთაში ზოგან თოვაა მოსალოდნელი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0- 5 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 25 ნოემბერს ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, მომდევნო 2 დღეს კი, 26-27 ნოემბერს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, სეზონურ გრიპზე უფასო აცრა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1-ელ დეკემბრამდე.
„22 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა.
NCDC-ის განმარტებით, ამ ზამთარს გრიპისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია. სეზონურ გრიპს კაცობრიობა ვაქცინაციის წყალობით 1940-იანი წლებიდან მართავს.
წლევანდელ სეზონზე გრიპის ვაქცინა საქართველოში 60-80 ლარი ღირდა.
23 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5085 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩატარდა 51 440 ტესტი კოვიდზე.
ამავე პერიოდში კოვიდით გარდაიცვალა 62 პაციენტი.
22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9,89%, ბოლო 14 დღის – 9,11%, ბოლო 7 დღის – 8,97%.
საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების 47 884 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, მათგან 6 588 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 815 შემთხვევა, აჭარაში – 202, იმერეთში – 997, ქვემო ქართლში – 330, შიდა ქართლში – 497, გურიაში – 122, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 427, კახეთში – 358, მცხეთა-მთიანეთში – 139, სამცხე-ჯავახეთში – 152, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 46.
ლერმონტოვის ქუჩაზე #96დ კორპუსს უზარმაზარი ბზარები აქვს. ხუთსართულიან სახლში ექვსი სადარბაზოა. ყველაზე დიდი და ღრმა ბზარები მესამე სადარბაზოშია, რომლის ყველა სართულზეც მიშენებული აქვთ მცხოვრებლებს აივნები, ლოჯიები და დამატებითი სველი წერტილები.
ლერმონტოვის ქუჩა 96 დ
სადარბაზოს გარდა ბზარები გაჩნდა ბინების ოთახებში, ყველა სართულზე. საგანგაშო ბზარები აქვს კორპუსის მიშენებულ, საკმაოდ მოზრდილ ნაწილს.
სახლის მესამე სადარბაზო.
„ცუდ დღეში ვართ, დაძინების გვეშინია. მეშინია სარეცხის გაფენის, ბავშვების აივანზე გაშვების. მერიამ გადაგვამისამართა ცხელ ხაზზე, მოვიდა კაცი და გვკითხა, ვინ და როდის ააშენა. თქვენი აშენებულია ეს და როგორც ააშენეთ ისე დაანგრიეთო, – გვითხრა და წავიდა.
რა ვიცით ახლა ჩვენ ამის დანგრევა. ქვევიდან დავიწყოთ თუ ზევიდან? პარაშუტით გამოვეკიდოთ ცაში და ისე მოვანგრიოთ შუა სართულები?“ – ამბობს კორპუსის მცხოვრები, თამარ ჯაყელი.
სახლის კედლის საყრდენი
სამხარაულის ექსპერტიზას კორპუსის მცხოვრებლებმა შარშან, 2020 წელს მიმართეს.
დასკვნაში წერია, რომ:
„საცხოვრებელი სახლის II ბლოკზე განხორციელებული მიშენებების ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ მათი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. არსებული სახით მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს გარკვეული ღონისძიებების გატარება მიშენებების გასამაგრებლად, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დეტალური კვლევა, რომლის შედეგის მიხედვითაც უნდა დამუშავდეს სათანადო პროექტი, მის საფუძველზე უნდა განისაზღვროს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების რენტაბელურობა. რენტაბელურობის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება დამუშავებული პროექტით სარეაბილიტაციო- გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე“.
სამხარაულის ექსპერტიზის ეს დასკვნა კორპუსის მცხოვრებლებმა 2020 წლის მაისში მიიღეს, მას შემდეგ, როგორც ისინი გვიყვებიან, ცდილობენ შეხვდნენ მერიის წარმომადგენლებს, მაგრამ უშედეგოდ.
ეს სახლის მიშენებულ ნაწილში განთავსებული ოთახის კედელია.
„ერთი წლის წინ გაკეთდა დასკვნა, მერიაში გვინდოდა შესვლა არჩილ ჩიქოვანთან. კორონავირუსის გამო გვეუბნებოდნენ, რომ ვერ მიგვიღებდნენ. მერე საარჩევნოდ თვითონ მოვიდა ჩვენს უბანში.
ვლამობდით თქვენთან მოხვედრას 3 თვე და ახლა თქვენი თავი აქ გვარგუნა ღმერთმა-მეთქი, ვუთხარი. ვაჩვენეთ ეს სახლი.
კი ქალბატონო ბევრია ასეთი სახლიო, გვიპასუხა. მაგრამ ეს მშველის მე რამეში?“ – ამბობს თამარ ჯაყელი.
მესამე სადარბაზოში მეორე სართულის მცხოვრები, მარინა ავჯიშვილი ამბობს, რომ ბზარებმა მას შემდეგაც მოიმატა, რაც მათ კორპუსს გვერდით მაღალსართულიანი სხვა კორპუსი ააშენეს.
სახლებში დაბზარულია აბაზანის ფილებიც.
„კორპუსის მშენებლობა დაიწყეს აქვე, ძალიან ახლოს და ისეთი ხმა იყო როცა საძირკველს თხრიდნენ, გვეგონა ვფეთქდებოდით – სახლი ირწეოდა. დაბზარულია ჩემი სახლიც. მეშინია, მაგრამ რა ვქნა, წასასვლელი არსად მაქვს, ყველას თავისი ბინა ძლივს ჰყოფნის. ეს მიშენებები 90-იანი წლებიდან გვაქვს, მაგრამ აქამდე სახლს ბზარები არ ჰქონდა, ბოლო 3 წელია გაღრმავდა.
ავარიული სახლის გვერდით მიშენებული ახალი, მრავალსართულიანი კორპუსი.
„დაგვეხმარონ სადარბაზოს, კორპუსის გამაგრებაში და თუ საჭირო იქნება, გაგვასახლონ დროებით. არ ვითხოვთ ახალ სახლებს. უბრალოდ, გვეშინია ერთ დღეს არ ჩამოინგრეს სახლი და აქ არ ჩავიხოცოთ“, – ამბობს კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები მარინა კახიძე.
პანდემიის პირობებში მოხუცებულებს კომუნიკაციის ნაკლებობა, შიში, სტრესი აქვთ და ემოციურად განსაკუთრებულად უჭირთ. მსგავს მდგომარეობას კი, ზოგიერთი ხანდაზმულის შემთხვევაში, მათ მიმართ ფიზიკური ძალადობაც (14%) ემატება. ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალ კვლევაში წერია, რომელშიც განხილულია საქართველოში მცხოვრებ (მათ შორის, ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში მყოფ) ხანდაზმულებზე კოვიდ პანდემიის ზეგავლენა.
ხანდაზმულების, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციარების, ემოციური მდგომარეობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ უფრო დამძიმდა – ამოქმედდა მნახველების დაშვების შეზღუდვა, რამაც შიშისა და სტრესის ფაქტორი უფრო გაამძაფრა. გადაადგილების შეზღუდვა, რასაკვირველია, უარყოფითად აისახება ბენეფიციარების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გამძაფრდა მარტოობის, შფოთვისა და გარიყულობის შეგრძნებები, იმატა სტრესმა.
აღინიშნა, რომ ხანდაზმულების ერთ ნაწილში, ჩაკეტილობის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობა დამძიმდა, გამძაფრდა სიკვდილის შიში – „ზოგიერთს აქვს პანიკური შიში სიკვდილის. სულ ითხოვენ სასწრაფოს გამოძახებას, არადა არაფერი სჭირთ“ (ქალი, ქუთაისის პანსიონის ბენეფიციარი).
ხანდაზმულების მცირე ნაწილის აზრით, იზოლაციის პირობებში ცხოვრების რიტმის შენელება ნაკლებ ფიზიკურ აქტივობაშიც გამოიხატება. ეს მათი წუხილის მიზეზია – „მოძრაობა ჯანმრთელობაა, კაცმა 1 კილომეტრი მაინც უნდა გაიაროს დღეში, აქ მარტო ეზოში თუ გახვალ“ (კაცი, ქარელის 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულების ბენეფიციარი).
24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში აქტივობების მრავალფეროვნება, პანდემიის პირობებში, შემცირდა. გაუქმდა ყველა ტიპის გასვლითი ღონისძიება (მაგალითად, ექსკურსიები), ღონისძიებები აღარც ადგილზე ტარდება (მაგალითად, კონცერტები, სპექტაკლები). ბენეფიციარებს აღარ აქვთ შესაძლებლობა უშუალოდ შეხვდნენ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს. შეზღუდვების პირობებში აქტივობები ერთფეროვანია, რაც გამოიხატება ტელევიზიით საინფორმაციო, გასართობი გადაცემებისა და სერიალების ყურებაში, ასევე წიგნებისა და პრესის კითხვაში.
„პანდემიამდე ძალიან ადრე ვდგებოდი. ახლა გვიან ვდგებით, აღარ ვიწუხებ თავს, რადგან ქალაქში ვეღარ გავდივართ. მთელი დღე ვარ ოთახში, ვუყურებ რამეს, საკვებს ვამზადებ და ასე. ჩვენთან არავინ მოდის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ შემოქმედება, ვერც ჩვენ ვდგამთ სპექტაკლებს, ვართ იზოლირებული ყველანაირად“ (ქუთაისის პანსიონის ბენეფიციარი).
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც სპეციალისტებმა შეიმუშავეს, მუნიციპალიტეტების/ხელისუფლების მიერ მარტოხელა ხანდაზმულების საჭიროებების შესწავლას ეხება. კიდევ ერთი რეკომენდაციაა, ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში სრულფასოვნად ამოქმედდეს ბენეფიციარებისთვის პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება. გარდა ამისა, ზრუნვის დაწესებულებებში საჭიროა ისეთი ტრენინგების ორგანიზება, რომლებიც პერსონალს დაეხმარება როგორც საკუთარი, ისე ბენეფიციარების სტრესის მართვაში.
„ბენეფიციარების სტრესს ხელი შეუწყო ტელევიზიამ, პრესამ, პროპაგანდამ, სადაც ამბობდნენ, რომ ამა და ამ სახელმწიფოში პერსონალმა მიატოვა ბენეფიციარები და შემდეგ გარდაცვლილები იპოვეს და ა.შ. ჩვენს ბენეფიციარებსაც ჰქონდათ მსგავსი შიშები, რომ ანალოგიური მოხდებოდა ჩვენთანაც“ (თბილისის პანსიონატის წარმომადგენელი).
ზრუნვის დაწესებულებების წარმომადგენლებში გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ყოველდღიურად, საათობით უწევდათ ბენეფიციარებისთვის იმის ახსნა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდათ და მათ არავინ მიატოვებდა.
კვლევაში წერია, რომ ხანდაზმულების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობისა და მათ სოციალური ინტეგრაციის გარდა, კოვიდი უარყოფითად აისახა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც, რადგან საქართველოში ხანდაზმულების უმრავლესობა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გაცემულ პენსიაზეა დამოკიდებული, ნაწილი კი – სოციალურ და დევნილთა შემწეობაზე.
„ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსმა, ვახტანგ თურმანიძემ პოლიციის განყოფილებაში, პოლიციელების თვალწინ მაგინა, უკანონოდ დაკავებას მიპირებდა და ირიბად სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ალექსანდრე მეკეიძე, რომელსაც ადვოკატად მუშაობის გამოცდილება აქვს.
მოქალაქის თქმით, პოლიციის განყოფილების უფროსს 19 ნოემბერს შეხვდა და იმ საქმის გამოძიების შედეგით დაინტერესდა, სადაც თვითონ დაზარალებულია. ალექსანდრე მეკეიძე ამბობს, რომ პასუხის მიღების ნაცვლად, პოლიციის განყოფილების უფროსმა მასზე იძალადა.
„მოვიკითხე 12 აგვისტოს ჩემზე ჯგუფური ძალადობის შემთხვევა, რაზეც დაწყებულია გამოძიება,“ – გვიყვება ალექსანდრე მეკეიძე. – „ზაფხულში ტაქსისტად მუშაობა დავიწყე და იმ საღამოს მგზავრებთან შელაპარაკება მომიხდა თანხის გამო, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური დაზიანებებიც, რაზეც ექსპერტიზა ჩამიტარდა…
იმის მიუხედავად, რომ ეს შემთხვევა ქუჩაში, ვიდეოსათვალთვალო კამერის წინ მოხდა და ე.წ. ოქროს მოწმეც, ერთ-ერთი მგზავრი მე მივიყვანე პოლიციის განყოფილებაში, პოლიციამ არ გამოიძია არაფერი. საქმის გამომძიებელი მალხაზ ცეცხლაძე მუდმივად თავს მარიდებდა, არ მპასუხობდა და ამიტომ ვარჩიე პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში მისვლა,“ – გვითხრა ალექსანდრე მეკეიძემ.
მოქალაქის თქმით, პოლიციის ხელმძღვანელის მხრიდან მის მიმართ ძალადობას სხვა პოლიციელებიც შეესწრნენ.
„პოლიციის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ თურმანიძემ მითხრა, დაგაკავებო,“ – განაგრძობს პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ამბის თხრობას ყოფილი ადვოკატი. – „ვუთხარი, რომელი მუხლით მაკავებ-მეთქი და ადმინისტრაციულის 173-თიო. რას ითვალისწინებს ეს მუხლი, თუ იცით-მეთქი. ეს მუხლი ითვალისწინებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობის გაწევას. ღმერთს მადლობა, ეს შემადგენლობა არ არსებობდა… კიდევ კარგი, პოლიციელებმაც უკანონო ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს.
მერე მითხრა, დაკავება კი არა, მოკვლის უფლებაც მაქვს მეო, ანუ ირიბად დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით,“ – აღნიშნა ალექსანდრე მეკეიძემ „ბათუმელებთან“.
პოლიციის განყოფილებიდან გამოსული ალექსანდრე მეკეიძე შსს-ს გენერალურ ინსპექციას დაუკავშირდა, სახალხო დამცველს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შემთხვევებს იძიებს. ამ უწყებიდან ალექსანდრე მეკეიძემ დღეს, 22 ნოემბერს მიიღო პასუხი: „არ გამოიკვეთა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ნიშნები“.
იგივე უთხრეს „ბათუმელებსაც“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრში ალექსანდრე მეკეიძის საქმეზე. აქ დამატებით აღნიშნეს, რომ ალექსანდრე მეკეიძესთან გასაუბრებისას არ გამოიკვეთა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ნიშნები, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარა არ წარმოადგენს სამსახურის ქვემდებარე დანაშაულს, რის გამოც მოწოდებული ინფორმაცია გადაიგზავნა საქართველოს პროკურატურაში.
„ამასთან, ალექსანდრე მეკეიძე უთითებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე და ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისთვის მიეწოდა შსს-ს გენერალურ ინსპექციას,“ – მოგვწერეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრიდან.
რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა მოქალაქის და შემდეგ უკვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართვას? – შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ კითხვით მივმართეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
სახალხო დამცველის აპარატმა ამ შემთხვევის შესწავლა უკვე დაიწყო.
„მეკეიძეს გადაეცით, თუ რამე აინტერსებს, მოგვმართოს წერილობით და პასუხს გავცემთ“, – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსი ვახტანგ თურმანიძე, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით.
პოლიციის განყოფილების უფროსს განვუმარტეთ, რომ არსებობს საზოგადოების ინტერესიც, როცა მოქალაქე ამბობს, რომ მასზე პოლიციელმა იძალადა.
„მსგავსი ფაქტი არ მახსენდება, რაც ახსენეთ,“ – დაგვემშვიდობა ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსი.
„ოცნება“, რომელიც ახლა ჩიხშია მოქცეული, იტყვის, რომ თავმჯდომარე ოპოზიციიდან აირჩიეს, ნახეთ, როგორი დემოკრატიულია საკრებულოო,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან რეზო ხარაზი გახარიას პარტიის დღევანდელ განაცხადზე, რომლის მიხედვით საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა არავის აქვს და ე.წ. გადამწყვეტი ხმა „გახარიას საქართველოსთვის“ ეკუთვნის, საკრებულოს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ.
იგივე ვითარებაა ბათუმის საკრებულოში – ახალი მოწვევის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთი დეპუტატის გარდაცვალების შემდეგ, უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ აქვს.
ენმ-ს დეპუტატი რეზო ხარაზი ფიქრობს, რომ გახარიას კანდიდატურას საკრებულოში „ოცნება“ დაუჭერს მხარს და „ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“.
არჩევნების შედეგები შეჯამებულია, გამოცემულია შემაჯამებელი ოქმიც, ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ცნობილია, თუმცა ცესკო ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებას ჯერ არ ჩქარობს. ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასაც წინა მოწვევის საკრებულო აპირებს, სადაც უმრავლესობა „ოცნებას“ აქვს.
„სახელებს არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნებების განხილვამდე არ დავდივართ… გამოუვალი სიტუაციაა და სხვა ალტერნატივა არ არის,“ – მიიჩნევს აკაკი გვიანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. ის დარწმუნებულია, რომ საკრებულო მას დაუჭერს მხარს, ან მისსავე თანაგუნდელს – ნინო ბაციაშვილს, რადგან სხვა შემთხვევაში კრიზისი შეიქმნება და ხელახლა არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო.
ამავე პარტიიდან საკრებულოში შესულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია უკვე დატოვა და თქვა, რომ „კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობა“. ნინო ბაციაშვილის თქმით, მას საკრებულოს თავმჯდომარეობის გამოცდილება არ აქვს. აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა, თავად აპირებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარეობას.
„კანდიდატურა უნდა წარადგინოს საკრებულოს სამმა წევრმა, საინტერესოა, ვინ იქნება მესამე წევრი, ვინც კანდიდატს დაასახელებს,“ – აღნიშნავს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან.
რეზო ხარაზი არ გამორიცხავს, რომ ისე არ განვითარდეს მოვლენები, როგორც დღეს ეს გახარიას პარტიამ დააანონსა და რაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. ამ შემთხვევაში ადრე თუ გვიან რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
„ნათლად გამოჩნდა ამ არჩევნებზე ყველასთვის, რომ ამ ქალაქში საზოგადოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციას. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციიდან. გახარიას პარტიამ ღიად უნდა თქვას, მხარს უჭერენ ოპოზიციას თუ არა. ეს განაცხადი [გახარიას პარტიის განაცხადი] ჰგავს ვაჭრობას და სავაჭროდ არ გვაქვს საქმე. ჩემი აზრით, ღიად უნდა თქვან, რა მიმართულებით მიდიან,“ – ამბობს რეზო ხარაზი.
„რეალურად ჩვენ ვცადეთ კონსენსუსის მიღწევა და ვაცხადებდით, რომ თანამდებობა არ გვინდა, ჩვენთვის მთავარი იყო და არის ბალანსის მიღწევა… რადგან ეს არ გამოვიდა, დღეს ჩვენ ისევ კომპრომისულ ვარიანტს ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს: გამოუვალი სიტუაციაა, ფაქტია, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეთანხმდებიან,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე.
რეზო ხარაზი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რეალურად საქმე განცხადებებს მიღმა არ წასულა და არავითარი კონსულტაციები პარტიებს შორის არ გამართულა.
„ხომ უნდა დაგველაპარაკა ამ საკითხებზე, არ ისურვეს ჩვენთან ერთად ლაპარაკი,“ – გვიპასუხა რეზო ხარაზმა, როცა მას ვკითხეთ, შესაძლოა თუ არა გახარიას პარტიის წარმომადგენელს დაუჭიროს მხარი.
გახარიას პარტიის წარმომადგენელი ამჯერად უკვე ღიად აფიქსირებს იმას, რომ „ლელოს“ წარმომადგენელს არ დაუჭერს მხარს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. ამ დრომდე „ნაცმოძრაობა“ ამბობდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ირაკლი კუპრაძეს უჭერს მხარს.
„არ გამოვა მხარი დავუჭიროთ კუპრაძეს და საკრებულო გახდეს მთლიანად „ნაცური“, ან „ოცნების“… „ლელოს“ შეთანხმებული კანდიდატები ჰყავდა „ნაცმოძრაობასთან“ არჩევნებზე.
ჩვენი მიზანია ბალანსის შექმნა, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდეს ერთპარტიული ძალაუფლება,“ – განმარტავს აკაკი გვიანიძე.
„არ ვარ გარკვეული ამ საკითხებში, არც გახარიას პარტიის განაცხადი მომისმენია,“ – გვიპასუხა ასლან ბალაძემ, რომელიც ბათუმის ახალი საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“ და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. მისი თქმით, ამ საკითხებზე წინასწარ, საკრებულოს შეკრებამდე ვერ ისაუბრებს.
„შეიკრიბება საკრებულო და მერე ვნახავთ ერთად ყველაფერს,“ – გვითხრა ასლან ბალაძემ.
___
დაზუსტება: სტატიის თავდაპირველ ვერსაში მოცემული იყო აკაკი გვიანიძის ციტატა ამ სახით: „არ გამოვა ირაკლი კუპრაძე ავირჩიოთ, რადგან შეთანხმებული კანდიდატები ჰყავდათ „ნაცმოძრაობასთან“ არჩევნებზე… ჩვენი მიზანია ბალანსის შექმნა, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდეს ერთპარტიული ძალაუფლება,“ – განმარტავს აკაკი გვიანიძე.
სტატიაში ამჟამად მოცემულია ციტატა სრულად, რადგან აკაკი გვიანიძემ მიიჩნია, რომ პირველადი ვერსიით მკითხველს შეექმნებოდა აღქმა, თითქოს ირაკლი კუპრაძის მხარდაჭერა პიროვნულად არის მიუღებელი გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვის.
20 წლის მარიამ გვეტაძე პროფესიულ კოლეჯში ლოკომოტივის მართვის პროგრამაზე სწავლობს.
მატარებლით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა, იმ დღიდან, როცა გრძელ ლიანდაგზე მოსრიალე ვაგონები დაინახა. მოეწონა მწყობრში ჩამდგარი ბორბლების მონოტონური ჟღერადობაც. მარიამი ამბობს, რომ მას შემდეგ სულ მემანქანეობაზე ფიქრობს.
იყო პერიოდი, როცა მხატვრობაზე ან არქიტექტორობაზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ბავშვობის შთაბეჭდილებებმა სძლია.
ამბობს, რომ მისი არჩევანი ოჯახში გაუკვირდათ.
„არ მოეწონათ, ეს პროფესია რომ ავირჩიე. დედა ახლაც წინააღმდეგია, არ უნდა, რომ ამ პროფესიას მივყვე, მაგრამ… თავისი შვილი ექიმად წარმოედგინა და აღარ მოეწონა, მემანქანის პროფესია რომ ავირჩიე“ – გვეუბნება მარიამი.
მისი აზრით, მშობლების დამოკიდებულებას სტერეოტიპები განსაზღვრავს: „მიაჩნიათ, რომ ეს არ არის ქალის პროფესია.“ .
მშობლები ეკონომისტები ჰყავს, არც ნათესავები ჰყოლია ამ პროფესიის, ასე რომ მარიამი პირველი მემანქანე იქნება ოჯახში.
„როგორც ვიცი, ადრე, დაახლოებით 30-იან წლებში, საქართველოში გვყავდა ქალი მემანქანეები, რომლებიც ორთქლმავლებს მართავდნენ, მაგრამ მას შემდეგ ქალი ამ პროფესიაში არ გვყოლია. ამიტომ ხშირად მეუბნებიან, რომ პირველი ქალი ვარ, ვინც ლოკომოტივის წამყვანი პროფესია ავირჩიე“- გვეუბნება მარიამი.
მარიამი პრაქტიკულ მეცადინეობაზე
ყველაზე მეტად მეგობრები უჭერენ მხარს, დარწმუნებული არიან, რომ მარიამი თავს კარგად გაართმევს არჩეულ პროფესიას.
პირველ წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა და აქაც ტრანსპორტი და სარკინიგზო საქმე აირჩია. მშობლებთან არც ეს არჩევანი შეუთანხმებია. „სანამ ეროვნული გამოცდების შედეგები არ ვნახე, მანამდე არ მითქვამს“ – ამბობს მარიამი.
მეორე წელს კი, პარალელურად, პროფესიულ კოლეჯში, ლოკომოტივის მართვის პროგრამაზეც მოხვდა.
პირველ წელს თეორიული კურსი გაიარა, ახლა კი პრაქტიკულ ნაწილს გადის.
„უნივერსიტეტის ლექციებზე დასწრების პრობლემა არ მაქვს, ორივე საქმეს ვახერხებ, რადგან სწავლა ონლაინ არის. კოლეჯში დილით მოვდივარ და დაახლოებით 3-4 საათი პრაქტიკულ სასწავლო პროცესს გავდივარ.
მინიმუმ ორიდან ათ წლამდე შეიძლება მოგიწიოს თანაშემწედ მუშაობა, პირდაპირ მემანქანედ არავინ დაგსვამს, კარგადაც რომ მართავდე. პრაქტიკა და გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია“ – გვეუბნება ის.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მარიამი მემანქანის პროფესიის გაგრძელებას აპირებს.
მარიამი მართვის პულტთან
„როცა დეპოში მივედი, მეგონა, რომ აქაც სტერეოტიპულად დამხვდებოდნენ და მეტყოდნენ, ეს ქალის საქმე არ არის, მაგრამ პირიქით მოხდა. ძალიან გაუხარდათ, კეთილგანწყობილნი არიან და ძალიან მეხმარებიან ყველაფერში,“ – ამბობს მარიამი.
მემანქანე დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყოს. ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი ლიანდაგებს, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას, რამე არ გამოვიდეს მწყობრიდან.
„თუნდაც ადამიანმა ან რაიმე ცხოველმა არ გადაგირბინოს წინ. ასეთ შემთხვევაში სიგნალი უნდა მისცე, თუ ვერ გაიგონა, დამუხრუჭება გიწევს, რაც საკმაოდ სახიფათოა. მთელი დაძრული შემადგენლობა უცებ უნდა გააჩერო. თუ ეს ვერ მოხერხდა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა,“ – ამბობს მარიამი.
შთაბეჭდილებების მიუხედავად, მატარებელი არასდროს დაუხატავს, არც სათამაშო მატარებელი ჰქონია ბავშვობაში, თუმცა ახლა ყოველდღე ხვდება ბავშვობის ოცნებას და ელოდება იმ დროს, როცა თანაშემწის სავარძლიდან მემანქანის სავარძელზე გადაინაცვლებს.
მარიამი პროფესიულ განათლებაში წლის სტუდენტად დასახელდა
მარიამი თავისი არჩევანის გამო პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებულიც გახდა.
ერთადერთი, რაზეც პანდემიას ვემადლიერები, დროის შეგრძნების გამახვილებაა. მთელი ეს კოვიდწლები დრო თითქოს შენელდა. ამ ბოლო ხანს, საერთოდაც, შედედდა და რომ არ მეზარებოდეს, ხელითაც შევეხებოდი. ასე მგონია. და მაინც არაფრის დრო არ მრჩება. აი, ახლაც მთხოვეს, წიგნებზე დაწერეო და ავფორიაქდი. მოკლედ დავწერ, თორემ ვერ ვასწრებ, დედლაინების ბარიკადებიდან თავი ვერ ამომიწევია-მეთქი.
დროით დავიწყე და ამითვე გავაგრძელებ, მივაბამ წიგნებს, ასე ვთქვათ. ან რა მიბმა უნდა, უმაგისოდ რომელი წიგნია? თუმცა რაკი ბლოგია და არა სამეცნიერო ნაშრომი, ვეცდები, უბრალოდ, მაგალითები მოვიყვანო და ფუნდამენტურ ანალიზზე თავი არ ავიტკივო. თანაც, შორიდან უნდა დავიწყო, ჰომეროსის ოდებიდან.
ამ 34 ოდიდან (რომლებიც ჰომეროსს კი მიეწერება, მაგრამ კაცმა არ იცის რეალური ავტორი), ერთია ჩემი საყვარელი – მეხუთე ოდა. ჯერ ერთი, აფროდიტეს, ესე იგი მთლად სიყვარულს ეძღვნება და მეორეც: ჩემს საყვარელ თემას – უკვდავებას – ეხება.
ამ ოდაში აღწერილია ეოსის თხოვნა ზევსისადმი, რომ, გინდა თუ არა, უკვდავება მიანიჭოს მის შეყვარებულს, ტიტანს. უდავოდ დასაფასებელი თხოვნაა და შეუსრულა კიდეც ზევსმა, მაგრამ ფრიალა ეოსს დაავიწყდა მთავარი: მარადიული ახალგაზრდობა, რის გარეშეც უკვდავება სასჯელად იქცევა ხოლმე. ასეც მოხდა და ტიტანმა მართლაც მარადიულად იცხოვრა, ოღონდ თან ბერდებოდა – წელკავი, კატარაქტა, ოსტეოქონდროზი, ყველაფერი, ყველაფერი ემართებოდა; სიკვდილი უნდოდა, მაგრამ რას მოკვდებოდა?! იწვა და შეყვარებულს და თავბედს ერთდროულად იწყევლიდა.
ეს ამბავი ჯეიმს მეთიუ ბარიმ თავის რომანში რევერსულად ასახა და მიიღო ისეთი გადასარევი პერსონაჟი, როგორიცაა პიტერ პენი. მის უკვდავებაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ რაკი მუდმივად ახალგაზრდაა და არასოდეს ბერდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც მოკვდება (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს).
და პეპი? ძვირფასი ასტრიდის პეპი გრძელიწინდაც ხომ ტიტანის მითოსის შებრუნებული ვერსიაა, მაგრამ პიტერ პენისგან (და მით უმეტეს, ტიტანისგან) განსხვავებით, ის და მისი რამდენიმე მეგობარი აბებს სვამენ, რომ არ გაიზარდონ და სულ ბავშვები იყვნენ. არგუმენტიც მშვენიერი აქვთ: დიდებს სიხარული არ აქვთ, სამაგიეროდ, აქვთ ვირული სამუშაო, უგემოვნებო ტანსაცმელი აცვიათ და გადასახადების გადახდა უწევთო.
მართალია ადამიანი, ვერ შეედავები.
ტიტანის მითოსი ამელი ნოტომის „მკვლელის ჰიგიენაშიც“ რევერსულად გრძელდება და არსებითად, პიტერ პენის და კიდევ უფრო, პეპის იდეალს აირეკლავს. მთავარი გმირი პრეტექსტატ ტაში და მისი თანატოლი, 14 წლის ბიძაშვილი გადაწყვეტენ, აღარ გაიზარდონ, რადგან მიიჩნევენ, რომ მოწიფულობა უდიდესი ბოროტებაა. ფიცსაც დადებენ, სასიკვდილო ფიცს: ვინც მას დაარღვევდა (ანუ გაიზრდებოდა), მას მეორე მოკლავდა. დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ნოტომის პერსონაჟებს ეს ამბავი არ გამოუვიდათ, მათგან განსხვავებით, გიუნტერ გრასის „თუნუქის დოლის“ გმირი მართლაც შეწყვეტს ზრდას საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე და პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას.
ზემოთ დასახელებულებმა გადასარევმა გოგო-ბიჭებმა გააჩერეს თავიანთი პერსონალური დრო. გააჩერეს თავიანთი ყოფნა დროში. მაგრამ არის ერთი კარგი წიგნი, რომლის პერსონაჟები, არც მეტი, არც ნაკლები, თავად დროს ამუხრუჭებენ – მართალია, წარმოსახვითად, მაგრამ მაინც. დაგლას კაუპლენდის “თაობა X”-ის პერსონაჟები იგონებენ ქვეყანას, სახელად ტექსლაჰომა. ამ ქვეყანაში მუდმივად 1974 წელია. ცოტა არ იყოს, საქართველოსავითაა – აქ ხომ 2012 წლის შემდეგ სულ 2012 წელია.
თითქოს დავამთავრე ჩემი სახელდახელო მოგონებები წიგნებისა და დროის შესახებ, რომ „დორიან გრეის პორტრეტი“ გამახსენდა. მაგის ხსენების გარეშე არაფერი იქნება, რადგან, თუ რამეზეა, სწორედ დროის გაჩერების აუტანელ სურვილზეა ეს ტექსტიც.
რასაკვირველია, სხვაც ბევრია ისეთი წიგნი, რომელიც დროის ინტერპერსონალურ აღქმას ეხება (ვთქვათ, ფოლკნერი. კვენტინი რომ საათს დაამტვრევს, მარტო ეგ ღირს ერთ რამედ), მაგრამ ზოგი რამე არ გამახსენდა, ზოგიც პატარა ბლოგისთვის მებევრა, ზოგი კიდევ დროის კარგვაა. თუმცა, პრუსტი, ალბათ, არ დამეთანხმებოდა, ხელოვნების ნაწარმოები, ზოგადად, დაკარგული დროის აღდგენის ერთადერთი საშუალებააო, ასე ფიქრობდა.
დიდი შანსია, პრუსტი უფრო მართალი იყოს, ვიდრე მე. თანაც, თუ ერთ ადამიანს მაინც გავუჩინე ჩამოთვლილ წიგნებთან მიბრუნების (ან მათი ხელახლა აღმოჩენის) სურვილი, კიდევ უფრო მართალი ყოფილა.
შინაური ცხოველების, რეგისტრირებული კატის და ძაღლის მიტოვება შესაძლოა ადმინისტრაციულად დასჯადი გახდეს.
კანონპროექტი დღეს, 22 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით გააცნო.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოში კომპანიონი ცხოველების – ძაღლებისა და კატების უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული მეპატრონის მიერ.
ცვლილებას კანონში „მოქალაქეების“ მიერ მომზადებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ კანონპროექტი ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლს ემატება მე-4 და მე-5 ნაწილები, რომელთა მიხედვითაც, რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, მეპატრონე იურიდიული ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას- 1 500 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, დოკუმენტის მიხედვით, გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მეპატრონე იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე კი 3 000 ლარით დაჯარიმდება.
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-ი თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი 2021 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.
საქართველოში ბიზნეს ინტერნეტბანკი პირველად 2012 წელს სწორედ თიბისიმ შექმნა და დღემდე იგი არის საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი ბანკი ბიზნესისთვის. თავისი არსებობის მანძილზე ბიზნეს ინტერნეტბანკი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა სხვადასხვა კატეგორიაში.
„თიბისისმიზანიაგაუმარტივოსადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება. სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად გაერთიანდა ჩვენი გუნდი, რომელსაც ამოძრავებს ამბიცია, რომ საუკეთესო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისებს და ჩვენ მიერ დანერგილიმომსახურების სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას – ციფრულტრანსფორმაციას. Global Finance-ისჯილდოკიდევერთხელადასტურებს, რომთიბისის ბიზნესინტერნეტბანკი ლიდერია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონში, არამედ ახლა უკვე მსოფლიოშიც. მადლობასვუხდიგუნდს, რომელმაც დაუღალავი შრომითსაუკეთესოშედეგებიმოუტანათიბისის,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად იკვლევს და სწავლობს, რა მომსახურება სჭირდება ბიზნესს მათი ყოველდღიური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად. ეს აღნიშნული ჯილდო ამ მუდმივი გაუმჯობესების და მომხმარებელზე ზრუნვის შედეგია.
წელს თიბისიმ Global Finance-ის კიდევ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, თიბისის კორპორატიული მობაილ ბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2021 წელს საუკეთესოდ დასახელდა. თიბისი, ასევე, აღიარეს ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად და საუკეთესო ინტეგრირებულ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; ასევე თიბისი დასახელდა საუკეთესო ონლაინ პორტალად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
თიბისიმ 2019 წელსაც მოიპოვე მსოფლიო აღიარება, როდესაც GLobal Finance-მა თიბისის მობაილბანკისაცალო სეგმენტისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.
ჟურნალი Global Finance-ი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 34 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში. Global Finance-ი რეგულარულად აჯილდოვებს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.
2022 წლის გაზაფხულზე თურქეთში, შავ ზღვაში, გაზსადენის მშენებლობა იწყება.
ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა განაცხადა.
შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენის შესახებ წელს, ივნისში გახდა ცნობილი.
ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვების პირველ ეტაპზე ზღვის ფსკერზე დამონტაჟდება სპეციალური სისტემა ბუნებრივი გაზის მოსაპოვებლად, მეორე ეტაპზე მოეწყობა სისტემა ზღვიდან ხმელეთზე გადასატანად, მესამე ეტაპზე კი – მილსადენი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ზღვაში და ხმელეთზე დამონტაჟებულ სისტემებს შორის.
წინასწარი გათვლებით, თურქეთი 2023 წლიდან აპირებს შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვების დაწყებას.
„მომავალი წლის ბიუჯეტი კანონმდებლობის და რეგლამენტის სრული დაცვით იქნება მიღებული ისეთი სახით, როგორსაც ამას მხარს უჭერს ჩვენი ქალაქის უმრავლესობა და მოსახლეობა,“ – აღნიშნა დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან. ის დღეს შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას, როგორც არჩეული მერი.
მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს იმაზეც, რომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას წინა მოწვევის საკრებულო აპირებს.
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთი დეპუტატის გარდაცვალების შემდეგ უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ აქვს.
არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან გამართავს, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუმცა მან თავი აარიდა კითხვას: რატომ უნდა დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეულია?
„ახლა დროა ყველა ერთად კონსტრუქციულ რეჟიმში, ჩვენი ქალაქის მომავალი 4 წლის პერსპექტივის და გეგმების შეჯამების თვალსაზრისით, დავსხდეთ, ეს კონსულტაციები, იცით თქვენ და არაერთგზის გვითქვამს, რომ არის დაწყებული.
დარწმუნებული ვარ, ბათუმის საკრებულო ამ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც მას ნდობა გამოუცხადა ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ძალიან ღირსეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ძალიან ეფექტური იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში,“ – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.
ბათუმის ახლად არჩეული მერი გამორიცხავს ზეწოლას მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან, გადაბირების მიზნით, საკრებულოს ოპოზიციის წევრებზე.
„ბუნებრივია, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამორიცხულია, „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი ტიპის რაიმე ჩარევა,“ – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
„ეს ახალი პრობლემა არ არის, ეს ყოველთვის იყო. სოფლის „მარშუტკაში“ ასეთი რაღაცები ხშირად ხდებოდა, ამიტომ ქალებს დაჰქონდათ „ბულავკები“, თავის დასაცავად.
როგორც კი მაგას შენიშნავდნენ, დაარჭობდნენ და დაუტოვებდნენ. ძალიან ბევრჯერ მომისმენია ჩემს ბავშვობაშიც“, – ამბობს 42 წლის მერი ხულოდან.
იგი ამბობს, რომ ამ მეთოდით ქალები სოფლის ავტობუსებში კაცების უხამსი და არასასურველი შეხებისგან იცავდნენ თავს.
ქინძისთავი, როგორც იარაღი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებშიც ცნობილია. ქინძისთავი სექსუალური შევიწროების, უჩინარი დისკრიმინაციის ასევე ჩუმი და უჩინარი პასუხია ქალებისგან, რომლებიც მოძალადის მხილებას ვერ ახერხებენ.
მერი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ავტობუსში სექსუალური შევიწროება შენიშნა.
„პირველად სოფლის ავტობუსში შემხვდა ასეთი რამ. სოფლიდან მოვდიოდით მე და დედა. ყვითელი ავტობუსი იყო. ფეხზე ვიდექით. პატარა ვიყავი, ალბათ I ან II კლასში. რაღაც უხერხული მოძრაობები შევნიშნე კაცს, შევხედე და დავინახე სიშიშვლე, მაშინ კარგად ვერც მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ შევცვალე ადგილი და დედაც გავწიე იქეთ. არაფერი ამიხსნია, დედამ ვერ შეამჩნია“, – იხსენებს მერი.
მერი ამბობს, რომ ძველ დროსთან შედარებით ახლა სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. ამბობს, რომ მოძალადე ახლა ხმამაღლაც შეუძლია ამხილოს, თუმცა რამდენიმე წლის წინ, ქობულეთის „მარშუტკაში“ ეს ვერ მოახერხა. იფიქრა, რომ არავინ დაუჯერებდა.
„ავტობუსით მივდიოდით მე და ჩემი უმცროსი და. ავტობუსი გაჩერდა და ამოვიდა კაცი, მგონი ცოლ-შვილთან ერთად, ვიღაც ქალი და ბავშვი ახლდა. ხალხმრავლობა იყო. ვიგრძენი, რომ უხეშად მედებოდა ეს კაცი, დავხედე და ამოღებული ჰქონდა… ძალიან უხერხული სიტუაცია იყო. ჩემი და წინ გადავსვი, მეც გავეცალე. ისეთი სიტუაცია იყო, რომ ვერ ვთქვი. რატომ? შემრცხვა… თან დამალა უცებ. მერე ვინ დამიჯერებდა, ეს ისეთი ბრალდებაა…“, – გვიყვება მერი.
ის, რომ სექსუალური შევიწროება ღირსების შემლახველია, შევიწროების მსხვერპლთა რეაქციიდანაც ჩანს – ქალები ცდილობენ უბრალოდ განერიდონ მოძალადეს, ნაცვლად იმისა, რომ ხმამაღლა ამხილონ.
მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ისურვეს ჩვენმა რესპონდენტებმა ამ თემაზე საუბრისას გამოჩენა, სწორედ სირცხვილის, უხერხულობის განცდაა და იმის შიშია, რომ შესაძლოა, რაიმე მიზეზით, ეს კვლავ მათ დაჰბრალდეთ.
სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ქალიც და კაციც, თუმცა, ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სტატისტიკური მონაცემებით,უმრავლეს შემთხვევაში, სექსუალური შევიწროების მსხვეპლები სწორედ ქალები და გოგოები არიან.
საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური შევიწროება ძირითადად ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება. ეს, უმეტესად, სხვადასხვა ფიზიკური ფორმის სექსუალური ხასიათის ქცევაში გამოიხატება. ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების უმრავლესობა დღისით ხდება.
სექსუალურ შევიწროებას ბევრი ფორმა აქვს – უხამსი შეძახილების, შეთავაზებების, კომენტარების, ჟესტებისა და არასასურველი შეხების ჩათვლით.
მიიჩნევა, რომ სექსუალურად ძირითადად ახალგაზრდა ქალებს ავიწროებენ, თუმცა, რეალურად, შევიწროების მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის, ჩაცმულობის, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური სტატუსის მქონე ქალი, როგორც ქალაქში, ისე სოფლად; როგორც საჯარო სივრცეში, ისე სამსახურში ან სახლში.
მეორე წელია არასამთავრობო/სათემო ორგანიზაცია „იდენტობა იუსი“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, აჭარის მაღალმთიანეთში სხვადასხვა ასაკის ქალებს ხვდება და მათთან ერთად განიხილავს სექსუალური შევიწროების, ნაადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებს.
„იდენტობა იუსის“ ბათუმის ოფისის თანამშრომელი, ბელა შანავა ჰყვება, რომ სექსუალურ შევიწროებაზე სასაუბროდ მათი გუნდი აჭარის 20 სოფელში დაახლოებით 200-მდე ქალს შეხვდა.
ბელამ გვითხრა, რომ ქალების უმრავლესობა შეხვედრის დაწყებამდე მაქსიმალურად იკავებდა თავს საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისგან. თუმცა, როგორც კი ცოტათი გაიშლებოდა დისკუსია, აღმოჩნდებოდა, რომ მათგან რამდენიმეს მაინც ერთხელ ან რამდენჯერმე თავად გამოუცდია სექსუალური შევიწროება, ან შესწრებიან სხვა ქალების შევიწროების ფაქტებს.
„თავიდან ისინი აღნიშნავდნენ, რომ ამგვარი გამოცდილებები მათთვის უცხოა. იყო შემთხვევები, როცა ამბობდნენ, რომ თუ ქალი თავად არ პროვოცირებს, იგი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ვერ გახდებაო.
დისკუსიის განვითარებასთან ერთად ისინი იხსენებდნენ სექსუალური შევიწროების ფაქტებს, მეტწილად ტრანსპორტში. კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებდნენ ამ შემთხვევებზე, ისინი აღნიშნავენ, რომ დუმილს ამჯობინებენ.
ქალები ირიბად აღიარებენ, რომ მოძალადის მხილებისგან თავს იკავებენ, რადგან არ ჰყოფნით გამბედაობა და რცხვენიათ. თუმცა ამბობს, რომ ეს აუცილებელია და მოძალადე უნდა დაისაჯოს.
ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქალებს, განსაკუთრებით სოფლად, სექსუალური შევიწროების საკუთარ გამოცდილებაზე საუბრის ჯერ კიდევ რცხვენიათ, ამიტომ ისინი ხშირად საუბრობენ სხვების გამოცდილებებზე“, – ამბობს ბელა შანავა.
მან ასევე გვითხრა, რომ შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდა ქალები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, თითქოს სექსუალური შევიწროებისგან თავის დასაცავად ქალები უნდა გაურბოდნენ საჯარო სივრცეებს ან უნდა ატარებდნენ ნაკლებად გამომწვევ სამოსს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა შედარებით უფროსი ასაკის ქალები, გოგონების დაცვის საშუალებად მათ სახლის გარეთ, მეგობრებთან ერთად სიარულის შეზღუდვას მიიჩნევდნენ, განსაკუთრებით საღამოს საათებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სექსუალური შევიწროება რეალურად ზღუდავს და აძევებს ქალებსა და გოგონებს საჯარო სივრცეებიდან.
„ქინძისთავის, როგორც სექსუალური შევიწროებისგან თავდაცვის იარაღის შესახებ, ჩვენთანაც ისაუბრეს რამდენიმე სოფელში.
შედარებით უფროსი ასაკის ქალები ჰყებოდნენ, რომ მათი ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდშიც, სოფლის ავტობუსებში ხალხმრავლობისას, კაცების უხამსი, არასასურველი შეხებისგან თავის დასაცავად სწორედ „ბულავკები“ დაჰქონდათ და იყენებდნენ კიდეც”, – ამბობს ბელა შანავა.
სექსუალური შევიწროების ყველაზე მეტი შემთხვევა სოფელში მცხოვრებმა ქალებმა და ახალგაზრდა გოგონებმა სწორედ ავტობუსში გაიხსენეს.
მათი ნაამბობის თანახმად, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ქალები შეესწრნენ სხვა ქალების შევიწროების ფაქტებს, მაგრამ უხერხულობის გამო ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ქალებმა მოძალადე ბიჭებს აიძულეს დაეტოვებინათ მიკროავტობუსი.
„ასევე მოვისმინეთ შევიწროების შემთხვევები, როცა ბაბუის ან მამის ტოლა კაცები აშტერდებოდნენ მოზარდ გოგონებს მკერდზე” – ჰყვება ბელა შანავა.
დეტალური მონაცემები სექსუალური შევიწროების შესახებ საქართველოში არ არსებობს, თუმცა გაეროსა და საქსტატის მიერ მასშტაბური კვლევისფარგლებში გამოკითხული ქალებიდან ყოველმა მეხუთემ განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია, ხოლო გამოკითხულთა 4%-ს – ადევნება.
„იდენტობა იუსის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, აქტივისტი მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ სექსუალურ შევიწროებაზე ქალების დუმილს კონკრეტული მიზეზი აქვს:
„ის, რაც ქალებს არამარტო სექსუალური შევიწროების, არამედ სხვა, მტკივნეული და შემაწუხებელი მოვლენების დროსაც აჩუმებს ხოლმე, პატრიარქატი და სექსისტური კულტურაა, რომელიც ხასიათდება ტენდენციით, ქალებს თავსდამტყდარი ცუდი ამბები ისევ ქალებს დააბრალოს, კაცების დანაშაულზე კი თვალი დახუჭოს, აპატიოს ან „კაცობაში“ ჩაუთვალოს.
როდესაც ქალი სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ხმას ვერ იმაღლებს, მას შეიძლება ეშინოდეს იმის, რომ საზოგადოება ისევ მას გაკიცხვას – „ალბათ შენ მისცემდი საბაბს“; თუკი შევიწროება სამსახურში ხდება, შეიძლება ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის; ან, რადგანაც ქალები მალავენ ასეთ ამბებს, შეიძლება მიიჩნიოს, რომ ეს მხოლოდ მას დაემართა და რცხვენია, ამ დროს კი სექსუალური შევიწროების შემთხვევები კატასტროფულად მაღალია“.
42 წლის მერი ხულოს მუნიციპალიტეტიდან სექსუალური შევიწროების სხვა შემთხვევებსაც იხსენებს, რომელთა შესახებაც დღემდე მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანისთვის მოუყოლია. „ეს ამბები უკვე დიდობაში გავუზიარე რამდენიმე ადამიანს, ვისთანაც მოყოლა შეიძლებოდა. მეზობელს, ნათესავს და კლასელს ვერ მოვუყვებოდი, ყველა გამცემდა, შემომხედავდნენ ცუდი თვალით. ვერანაირად ვერ მოვყვებოდი“, – ამბობს მერი.
სექსუალური შევიწროება საქართველოში დასჯადი 2019 წლის 10 მაისიდან გახდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა. იმავე წელს, სექსუალური შევიწროების 19, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 24 ფაქტი იქნა იდენტიფიცირებული.
2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლებიც განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
დღეს, 22 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს არსებული სოციალური პოლიტიკის შედეგია ის, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები არ ეძებენ სამუშაოს სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით.
„ზრდასრული შრომისუნარიანი ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას. რეალურად დღეს შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს სამუშაო იმის შიშით, რომ სახელწიფომ არ მოუხსნას დახმარება. არ არის დაინტერესებული იმით, რომ გაიუმჯობესოს საყოფაცხოვრებო პირობები, ეს, რა თქმა უნდა, ეს კატასტროფაა, “-ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ახალ სოციალურ პოლიტიკას რამდენიმე კვირაში წარმოადგენს.
„მაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი. ახალ სოციალურ ხედვას რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ. ჩვენ წარმოგიდგენთ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა, გაჯანსაღებული ახალი სისტემით“, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები, “- ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, ასეთი სამუშაო ადგილები იქნება ათასობით თითოეული ქალაქისთვის და მუნიციპალიტეტისთვის. „ჩვენ წარმოვადგენთ აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის ქვეყნებშია დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებულია, რომ ეს არის სწორი ხედვა,“- ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. „აქედან მინიმუმ 200 ათასი ადამიანი არის შრომისუნარიანი, რომლებიც დღევანდელი სოციალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული სამუშაოს დასაწყებად, რადგან თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს შეუწყდება სოციალური დახმარება ან თუ სეზონური სამუშაოებია ბაზარზე, არ არის დაინტერესებული სამუშაოთი.“-ამბობს ის.
ღარიბაშვილის თქმით, ის დახმარება, რომელსაც დღეს სოციალურად დაუცველები იღებენ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. „ამის გარდა კი მათ შეუძლიათ მოიძიონ სხვა სამუშაოც, 2-3 სამუშაო ადგილიც შეუძლიათ მათ ამის პარალელურად რომ იშოვონ, რომ ტელევიზორიც იყიდონ, ბინებიც გაარემონტონ და სახლებიც შეიძინონ,“- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, ახალი სოციალური პროგრამა 2022 წლის იანვრიდან დაიწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის ფარგლებში ონლაინკაზინოებთან მიმართებაში კანონში ცვლილებები შევა – გაიზრდება გადასახადები და აიკრძალება რეკლამა.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 22 ნოემბერს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე.
„1 მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინკაზინოების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები, ყოველდღე თამაშობენ ონლაინკაზინოში, აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1 მილიარდ 500 მილიონ ლარს.
ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან, პირველ ეტაპზე წარმოვადგენთ, ბატონი მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რაც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა დღეს არის უცხოური კომპანიები და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში. აქედან დიდი ნაწილი, 99 პროცენტი, არიან გაჭირვებული მოქალაქეები, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.
პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი.
მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 1851 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 22 012 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 55 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა, აჭარაში – 83, იმერეთში – 350, ქვემო ქართლში – 84, შიდა ქართლში – 104, გურიაში – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთში -115, კახეთში – 92, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 47, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -16.
21 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.25% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.97%.
სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი ვერცერთ ნაწილში ვერ შესრულდა. 2021 წლის 9 თვის შედეგებით, შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი შესრულებულია 78.1%-ით, ანუ გეგმის შესრულებას 57 მილიონ 799 700 ლარი დააკლდა. გადასახდელების ფაქტობრივი მაჩვენებელი კი, 9 თვის გეგმის 74 %-ია და 65 მილიონ 207 000 ლარით ჩამორჩება გეგმურ მაჩვენებელს.
გარდა ამისა, 2021 წლის 9 თვეში, ბიუჯეტში ნაშთის სახით არსებული თანხა კიდევ 21 მილიონ 007 000 ლარით გაიზარდა და 42 მილიონ 678 300 ლარს მიაღწია.
ბიუჯეტის გეგმა შეუსრულებელია შემოსავლების ნაწილშიც. კერძოდ: საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლების მოცულობამ 198 მილიონ 464 400 ლარი, ანუ წლიური გეგმის − 65.3%, ხოლო 9 თვის გეგმის 86.4% შეადგინა.
უფრო მეტი სიზუსტით რომ დავასახელოთ ციფრები, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილ თავისივე ანგარიშში წერს:
2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 264 მილიონ 663 500 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 206 მილიონ 833 800 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 78,1 პროცენტია.
აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტრო გარღვევებს ბიუჯეტში პანდმიის გარდა კიდევ რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით ხსნის, თუმცა სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, ეს მონაცემები საბიუჯეტო პარამეტრების არასათანადო განსაზღვრაზე მიუთითებს.
შემოსავლები
აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშგების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლები 198 მილიონ 464 400 ლარი, ანუ წლიური გეგმის − 65.3%, ხოლო 9 თვის გეგმის 86.4% შეადგინა. 2021 წლის 9 თვეში მიღებული შემოსავალი, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11,212.7 ათასი ლარი ნაკლები, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე – 22მილიონ 440 800 ლარით მეტია.
2021 წლის 9 თვეში საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებულია 191 მილიონ 789 600 ლარი, რაც წლიური გეგმის − 66.1%, ხოლო 9 თვის გეგმის 87.1%-ია და 16.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე და 9.1 პროცენტული პუნქტით – 2020 წლის მაჩვენებელზე.
რესპუბლიკურ ბიუჯეტში 2021 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობა არ შეცვლილა და 290 მლნ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი განმარტებით, ბიუჯეტის ცვლილება ქვეყანაში დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა, თუმცა აღნიშნული ცვლილებით საშემოსავლო გადასახადის გეგმა არ შეცვლილა, ხოლო ფაქტობრივი შესრულება კი მნიშვნელოვნად ჩამორჩა გეგმურ მაჩვენებელს“, – გამარტავს აუდიტორი.
სხვა შემოსავლები
2021 წლის 9 თვის მდგომარეობით, „სხვა შემოსავლების“ მუხლით მობილიზებული სახსრების ოდენობამ 6 მილიონ 674 900 ლარია, რაც წლიური გეგმის − 47.9%, ხოლო 9 თვის გეგმის 70.9%-ია. ამასთან, არ შესრულებულა „სხვა შემოსავლების“ არც ერთი კომპონენტის გეგმური მაჩვენებელი და მათი შესრულება 3.9%-დან, 61.9 %-მდე მერყეობს.
გადასახდელები
2021 წლის 9 თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობამ 185 მილიონ 826 800 ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 74 %-ია და 17.1 და 22.2 პროცენტული პუნქტებით ნაკლებია 2019 და 2020 წლების მაჩვენებლებზე. რესპუბლიკურ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2021 წლის გადასახდელების გეგმა 85 მილიონ 747.9 ათასი ლარით გაიზარდა, თუმცა 9 თვის შედეგებით გეგმის შესრულებას 65 207 000 ლარი დააკლდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე
წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების წლიური გეგმა [414 მილიონ 221 900 ლარი) სრულად იქნება ათვისებული, წლის ბოლო სამი თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებელი 76 მილიონ 131.7 ათას ლარს გაუტოლდება, რაც წლის პირველი ცხრა თვის ფაქტობრივი გადასახდელების საშუალო მაჩვენებელს [20,647.4 ათასი ლარი)] 72.9 %-ით, ანუ 3.7-ჯერ გადააჭარბებს.
შემოსავლების სტრუქტურაში უდიდესი წილი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, რაც მთლიანი შემოსავლების 95.4%-ია. ხაზინის მონაცემებით, 2021 წლის 9 თვეში საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებულია 191,789.6 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის − 66.1%, ხოლო 9 თვის გეგმის 87.1% – ეს 16.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, ხოლო 9.1 პროცენტული პუნქტით -2020 წლის მაჩვენებელზე.
სამინისტროს განმარტება
იგივე პერიოდის ანგარიშში, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოს თავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარუდგინა, მოცემულია რამდენიმე განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შესრულდა ბიუჯეტი. სამინისტრო ბიუჯეტის გარღვევების მიზეზად უმეტესწილად პანდემიას ასახელებს.
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შუშები ჩაამსხვრიეს.
შემთხვევა დღეს, 21 ნოემბერს, მოხდა.
„მოვედით ოფისში და დაგვხვდა მინები დამსხვრეული. ოფისში არავინ იყო. ქვები ეყარა ოფისში, პატარა კენჭებიც არ არის“ – გვითხრა ლაშა კილაბერიამ, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
მისივე თქმით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო – ნივთის დაზიანება/განადგურება.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ ქვეყნის ყველაზე დიდი, ძველი ვულკანის აქტივობა შეინიშნება.
ვულკანი ჰასანის მთაზე 10 000 წლის წინ იყო აქტიური, მაგრამ სპეციალისტები შიშობენ, რომ ახლახან მომხდარმა მიწისძვრებმა შესაძლოა ვულკანი გააღვიძოს. სპეციალისტებმა აქტივობა დააფიქსირეს მთის მაგმის ფენებში.
ჰასანის მთა აქსარაის პროვინციაში მდებარეობს. მისი სიმაღლე 3253 მეტრია.
სპეციალისტები გამორიცხავენ ვულკანის მოულოდნელად ამოფრქვევის შესაძლებლობას და აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ ვულკანის აქტივობას თვალი ადევნონ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის ღირებულება 4,311 ათასი აშშ დოლარია.
სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 2,206 ტონით (35%), ხოლო ღირებულება – 856 ათასი აშშ დოლარით (25%) გაიზარდა.
2021 წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში (3,089 ტონა), სომხეთში (3,052 ტონა), უკრაინაში (2,172 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (9.9 ტონა).
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ნოემბრის 21 საათიდან 22 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 23 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 24 ნოემბერს კი – დროგამოშვებით წვიმა.
21 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3 357 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 34 361 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 76 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარაში – 106, იმერეთში – 621, ქვემო ქართლში – 173, შიდა ქართლში – 242, გურიაში – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთში -260, კახეთში – 253, მცხეთა-მთიანეთში – 85, სამცხე-ჯავახეთში – 83, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -24
20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.01%.
ბათუმის მერია დელფინარიუმთან ახლოს, ლერმონტოვისა და ხინიკაძის კვეთაში მდებარე შენობისა და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის პირობიანი აუქციონის წესით გაყიდვას გეგმავს. ამის თაობაზე ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტებთან ერთად მერიიდან საკრებულოში უკვე გადააგზავნეს. გასაყიდი ქონების საწყისი ფასი 6 მილიონ 870 800 ლარია.
ქონების საპრივატიზებო ნუსხაში შესატანად მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. საკრებულო ამ საკითხს 25 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.
გასაყიდად გამზადებული შენობა და მასთან დაკავშირებული ნაკვეთი ბევრი ინვესტორისთვის იქნება მიმზიდველი – ქალაქის ცენტრში ზღვასთან, ტბასთან და ცენტრალურ პარკთან ახლოს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ დრომდე გასაყიდად გამზადებული შენობის ერთი ნაწილით ბათუმის საზღვაო აკადემია სარგებლობდა, თუმცა მერისთან დადებულ უზურფრუქტის ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ივლისში გაუვიდა.
გასაყიდი ნაკვეთის ფართობი 2821 კვ.მეტრია, ხოლო შენობა 3267,74 კვ.მეტრი. რა იქნება აუქციონის პირობა ჯერ არ ვიცით, რადგან დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში ეს ინფორმაცია შეტანილი არ არის.
ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გასაყიდად მომზადებული ქონების გვერდით სახელმწიფოს ეკუთვნის კიდევ რამდენიმე შენობა შიდა ეზოთი, აქედან ერთი შენობის ფასადი რუსთაველის ქუჩის მხარესაა, ხოლო მეორე გრიბოედოვის ქუჩის მხარეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ამ ქონების გასხვისებასაც გეგმავს და დაინტერესებულმა ინვესტორმა ეს იცის, ის სამომავლოდ მიიღებს კვარტალს ზღვასთან, ტბასთან და ცენტრალურ პარკთან ახლოს, რაც გასაყიდ ქონებას დამატებით ხიბლს სძენს.
გასაყიდი ქონების გვერდით ტერიტორია, გრიბოედოვის #1- რუსთაველის #53 სახელმწიფო კომპანიას, შპს „აქტივების განვითარების ფონდს ეკუთვნის“ და ჯამში მისი ფართობი 18 286 კვ.მეტრია. ტერიტორია აერთიანებს რამდენიმე შენობას, შიდა ეზოს, სპორტულ მოედანსა და აუზს – აქ ბათუმის საზღვაო აკადემია ფუნციონირებს უკვე მრავალი წელია.
___
მთავარი ფოტო: შენობა, რომელიც გასაყიდ მიწის ნაკვეთზე დგას
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯები შეისწავლა, ანგარიში გუშინ, 19 ნოემბერს გამოქვეყნდა და ასახავს გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მონაცემებს.
ანგარიშის ერთი ნაწილი საბიუჯეტო ორგანიზაციების სამივლინებო ხარჯებს ეხება და საკმაოდ კრიტიკულია.
2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ 208 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეულია 1 მილიონ 185 349 ლარის ხარჯი. შერჩევის საფუძველზე აუდიტს 129 ერთეულის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის გაწეული ხარჯი შეუსწავლია. ეს ხარჯი 809 707 ლარია, საიდანაც 424 902 ლარი საწვავზეა დახარჯული.
აუდიტორის ინფორმაციით, 11 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 63 შემთხვევაში,
ცალკეული უწყების შესაბამისი უფლებამოსილი პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ფარგლებს გარეთ და დახარჯულია ჯამში 2 864 ლიტრი – 6 465 ლარის ღირებულების საწვავი.
ანგარიშის მიხედვით ამ შემთხვევებზე, შესაბამისმა უწყებებმა აუდიტორს დოკუმენტური დადასტურება ვერ წარუდგინეს სამსახურებრივი ავტომანქანების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.
ანგარიშში ვკითხულობთ ასევე, რომ 2020 წელს გზების დეპარტამენტის მიერ პლასტიკური ბარათებით (VIP ბარათები) ჯამში გახარჯულია 1168 ლიტრი – 2656 ლარის ღირებულების საწვავი. დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ 1 314 ლარის ღირებულების [535 ლიტრი] საწვავის ხარჯვაზე არ არის წარმოდგენილი სამსახურებრივი საჭიროებისთვის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, ორ შემთხვევაში ბარათით საწვავის ჩასხმა დასტურდება აჭარის ფარგლებს გარეთ.
აუდიტის შეფასებით, ეს გარემოებები მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯვის პროცესში
არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს და წარმოშობს არასამსახურებრივი დანიშნულებით საწვავის გამოყენების რისკებს.
„ამასთან, მნიშვნელოვანია ანგარიშში იდენტიფიცირებულ ხარვეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მხარჯავ დაწესებულებებში ისეთი კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად, ეკონომიურად და მიზნობრივად ხარჯვას“, – ნათქვამია ანგარიშში.
სამივლინებო ხარჯვის კონტროლის გაძლიერებაზე აუდიტი ადრეც წერდა: