მთავარი,სიახლეები

მოქალაქეები შევაჩვიეთ სიღარიბეს, უმოქმედობას – ღარიბაშვილი

22.11.2021
მოქალაქეები შევაჩვიეთ სიღარიბეს, უმოქმედობას – ღარიბაშვილი

დღეს, 22 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს არსებული სოციალური პოლიტიკის შედეგია ის, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები არ ეძებენ სამუშაოს სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით.

„ზრდასრული შრომისუნარიანი ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას. რეალურად დღეს შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს სამუშაო იმის შიშით, რომ სახელწიფომ არ მოუხსნას დახმარება. არ არის დაინტერესებული იმით, რომ გაიუმჯობესოს საყოფაცხოვრებო პირობები, ეს, რა თქმა უნდა, ეს კატასტროფაა, “-ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ახალ სოციალურ პოლიტიკას რამდენიმე კვირაში წარმოადგენს.

„მაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი. ახალ სოციალურ ხედვას რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ. ჩვენ წარმოგიდგენთ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა, გაჯანსაღებული ახალი სისტემით“, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები, “- ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, ასეთი სამუშაო ადგილები იქნება ათასობით თითოეული ქალაქისთვის და მუნიციპალიტეტისთვის. „ჩვენ წარმოვადგენთ აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის ქვეყნებშია დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებულია, რომ ეს არის სწორი ხედვა,“- ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. „აქედან მინიმუმ 200 ათასი ადამიანი არის შრომისუნარიანი, რომლებიც დღევანდელი სოციალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული სამუშაოს დასაწყებად, რადგან თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს შეუწყდება სოციალური დახმარება ან თუ სეზონური სამუშაოებია ბაზარზე, არ არის დაინტერესებული სამუშაოთი.“-ამბობს ის.

ღარიბაშვილის თქმით, ის დახმარება, რომელსაც დღეს სოციალურად დაუცველები იღებენ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. „ამის გარდა კი მათ შეუძლიათ მოიძიონ სხვა სამუშაოც, 2-3 სამუშაო ადგილიც შეუძლიათ მათ ამის პარალელურად რომ იშოვონ, რომ ტელევიზორიც იყიდონ, ბინებიც გაარემონტონ და სახლებიც შეიძინონ,“- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, ახალი სოციალური პროგრამა 2022 წლის იანვრიდან დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: