ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ქინძისთავი – უჩინარი იარაღი სოფლის ავტობუსში სექსუალური შევიწროებისგან თავის დასაცავად

22.11.2021 • 13305
ქინძისთავი – უჩინარი იარაღი სოფლის ავტობუსში სექსუალური შევიწროებისგან თავის დასაცავად

„ეს ახალი პრობლემა არ არის, ეს ყოველთვის იყო. სოფლის „მარშუტკაში“ ასეთი რაღაცები ხშირად ხდებოდა, ამიტომ ქალებს დაჰქონდათ „ბულავკები“, თავის დასაცავად.

როგორც კი მაგას შენიშნავდნენ, დაარჭობდნენ და დაუტოვებდნენ. ძალიან ბევრჯერ მომისმენია ჩემს ბავშვობაშიც“, – ამბობს 42 წლის მერი ხულოდან.

იგი ამბობს, რომ ამ მეთოდით ქალები სოფლის ავტობუსებში კაცების უხამსი და არასასურველი შეხებისგან იცავდნენ თავს.

ქინძისთავი, როგორც იარაღი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებშიც ცნობილია. ქინძისთავი სექსუალური შევიწროების, უჩინარი დისკრიმინაციის ასევე ჩუმი და უჩინარი პასუხია ქალებისგან, რომლებიც მოძალადის მხილებას ვერ ახერხებენ.

მერი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ავტობუსში სექსუალური შევიწროება შენიშნა.

„პირველად სოფლის ავტობუსში შემხვდა ასეთი რამ. სოფლიდან მოვდიოდით მე და დედა. ყვითელი ავტობუსი იყო. ფეხზე ვიდექით. პატარა ვიყავი, ალბათ I ან II კლასში. რაღაც უხერხული მოძრაობები შევნიშნე კაცს, შევხედე და დავინახე სიშიშვლე, მაშინ კარგად ვერც მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ შევცვალე ადგილი და დედაც გავწიე იქეთ. არაფერი ამიხსნია, დედამ ვერ შეამჩნია“, – იხსენებს მერი.

მერი ამბობს, რომ ძველ დროსთან შედარებით ახლა სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. ამბობს, რომ მოძალადე ახლა ხმამაღლაც შეუძლია ამხილოს, თუმცა რამდენიმე წლის წინ, ქობულეთის „მარშუტკაში“ ეს ვერ მოახერხა. იფიქრა, რომ არავინ დაუჯერებდა.

„ავტობუსით  მივდიოდით მე და ჩემი უმცროსი და. ავტობუსი გაჩერდა და ამოვიდა კაცი, მგონი ცოლ-შვილთან ერთად, ვიღაც ქალი და ბავშვი ახლდა. ხალხმრავლობა იყო. ვიგრძენი, რომ უხეშად მედებოდა ეს კაცი, დავხედე და ამოღებული ჰქონდა… ძალიან უხერხული სიტუაცია იყო. ჩემი და წინ გადავსვი, მეც გავეცალე. ისეთი სიტუაცია იყო, რომ ვერ ვთქვი. რატომ? შემრცხვა… თან დამალა უცებ. მერე ვინ დამიჯერებდა, ეს ისეთი ბრალდებაა…“, – გვიყვება მერი.

ის, რომ სექსუალური შევიწროება ღირსების შემლახველია, შევიწროების მსხვერპლთა რეაქციიდანაც ჩანს – ქალები ცდილობენ უბრალოდ განერიდონ მოძალადეს, ნაცვლად იმისა, რომ ხმამაღლა ამხილონ.

მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ისურვეს ჩვენმა რესპონდენტებმა ამ თემაზე საუბრისას გამოჩენა, სწორედ სირცხვილის, უხერხულობის განცდაა და იმის შიშია, რომ შესაძლოა, რაიმე მიზეზით, ეს კვლავ მათ დაჰბრალდეთ.

Newspaper Batumelebi · სექსუალური შევიწროება სოფლად – ნატო, 27 წლის, შუახევიდან

სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ქალიც და კაციც, თუმცა, ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სტატისტიკური მონაცემებით, უმრავლეს შემთხვევაში, სექსუალური შევიწროების მსხვეპლები სწორედ ქალები და გოგოები არიან.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური შევიწროება ძირითადად ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება. ეს, უმეტესად, სხვადასხვა ფიზიკური ფორმის სექსუალური ხასიათის ქცევაში გამოიხატება. ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების უმრავლესობა დღისით ხდება.

სექსუალურ შევიწროებას ბევრი ფორმა აქვს – უხამსი შეძახილების, შეთავაზებების, კომენტარების, ჟესტებისა და არასასურველი შეხების ჩათვლით.

მიიჩნევა, რომ სექსუალურად ძირითადად ახალგაზრდა ქალებს ავიწროებენ, თუმცა, რეალურად, შევიწროების მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის, ჩაცმულობის, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური სტატუსის მქონე ქალი, როგორც ქალაქში, ისე სოფლად; როგორც საჯარო სივრცეში, ისე სამსახურში ან სახლში.

მეორე წელია არასამთავრობო/სათემო ორგანიზაცია „იდენტობა იუსი“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, აჭარის მაღალმთიანეთში სხვადასხვა ასაკის ქალებს ხვდება და მათთან ერთად განიხილავს სექსუალური შევიწროების, ნაადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებს.

„იდენტობა იუსის“ ბათუმის ოფისის თანამშრომელი, ბელა შანავა ჰყვება, რომ სექსუალურ შევიწროებაზე  სასაუბროდ მათი გუნდი აჭარის 20 სოფელში დაახლოებით 200-მდე ქალს შეხვდა.

ბელამ გვითხრა, რომ ქალების უმრავლესობა შეხვედრის დაწყებამდე მაქსიმალურად იკავებდა თავს საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისგან. თუმცა, როგორც კი ცოტათი გაიშლებოდა დისკუსია, აღმოჩნდებოდა, რომ მათგან რამდენიმეს მაინც ერთხელ ან რამდენჯერმე  თავად გამოუცდია სექსუალური შევიწროება, ან შესწრებიან სხვა ქალების შევიწროების ფაქტებს.

„თავიდან ისინი აღნიშნავდნენ, რომ ამგვარი გამოცდილებები მათთვის უცხოა. იყო შემთხვევები, როცა ამბობდნენ, რომ თუ ქალი თავად არ პროვოცირებს, იგი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ვერ გახდებაო. 

დისკუსიის განვითარებასთან ერთად ისინი იხსენებდნენ სექსუალური შევიწროების ფაქტებს, მეტწილად ტრანსპორტში. კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებდნენ ამ შემთხვევებზე, ისინი აღნიშნავენ, რომ დუმილს ამჯობინებენ.

ქალები ირიბად აღიარებენ, რომ მოძალადის მხილებისგან თავს იკავებენ, რადგან არ ჰყოფნით გამბედაობა და რცხვენიათ. თუმცა ამბობს, რომ ეს აუცილებელია და მოძალადე უნდა დაისაჯოს.

ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქალებს, განსაკუთრებით სოფლად, სექსუალური შევიწროების საკუთარ გამოცდილებაზე საუბრის ჯერ კიდევ რცხვენიათ, ამიტომ ისინი ხშირად საუბრობენ სხვების გამოცდილებებზე“, – ამბობს ბელა შანავა. 

მან ასევე გვითხრა, რომ შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდა ქალები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, თითქოს სექსუალური შევიწროებისგან თავის დასაცავად ქალები უნდა გაურბოდნენ საჯარო სივრცეებს ან უნდა ატარებდნენ ნაკლებად გამომწვევ სამოსს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა შედარებით უფროსი ასაკის ქალები, გოგონების დაცვის საშუალებად მათ სახლის გარეთ, მეგობრებთან ერთად სიარულის შეზღუდვას მიიჩნევდნენ, განსაკუთრებით საღამოს საათებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სექსუალური შევიწროება რეალურად ზღუდავს და აძევებს ქალებსა და გოგონებს საჯარო სივრცეებიდან.

ქინძისთავის, როგორც სექსუალური შევიწროებისგან თავდაცვის იარაღის შესახებ, ჩვენთანაც ისაუბრეს რამდენიმე სოფელში.

შედარებით უფროსი ასაკის ქალები ჰყებოდნენ, რომ მათი ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდშიც, სოფლის ავტობუსებში ხალხმრავლობისას, კაცების უხამსი, არასასურველი შეხებისგან თავის დასაცავად სწორედ „ბულავკები“ დაჰქონდათ და იყენებდნენ კიდეც”, – ამბობს ბელა შანავა.

სექსუალური შევიწროების ყველაზე მეტი შემთხვევა სოფელში მცხოვრებმა ქალებმა და ახალგაზრდა გოგონებმა სწორედ ავტობუსში გაიხსენეს.

მათი ნაამბობის თანახმად, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ქალები შეესწრნენ სხვა ქალების შევიწროების ფაქტებს, მაგრამ უხერხულობის გამო ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ქალებმა მოძალადე ბიჭებს აიძულეს დაეტოვებინათ მიკროავტობუსი.

„ასევე მოვისმინეთ შევიწროების შემთხვევები, როცა ბაბუის ან მამის ტოლა კაცები აშტერდებოდნენ მოზარდ გოგონებს მკერდზე”  – ჰყვება ბელა შანავა.

დეტალური მონაცემები სექსუალური შევიწროების შესახებ საქართველოში არ არსებობს, თუმცა გაეროსა და საქსტატის მიერ მასშტაბური კვლევის ფარგლებში გამოკითხული ქალებიდან ყოველმა მეხუთემ განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია, ხო­­ლო გამოკითხულთა 4%-ს – ადევნება.

„იდენტობა იუსის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, აქტივისტი მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ სექსუალურ შევიწროებაზე ქალების დუმილს კონკრეტული მიზეზი აქვს:

„ის, რაც ქალებს არამარტო სექსუალური შევიწროების, არამედ სხვა, მტკივნეული და შემაწუხებელი მოვლენების დროსაც აჩუმებს ხოლმე, პატრიარქატი და სექსისტური კულტურაა, რომელიც ხასიათდება ტენდენციით, ქალებს თავსდამტყდარი ცუდი ამბები ისევ ქალებს დააბრალოს, კაცების დანაშაულზე კი თვალი დახუჭოს, აპატიოს ან „კაცობაში“ ჩაუთვალოს.

როდესაც ქალი სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ხმას ვერ იმაღლებს, მას შეიძლება ეშინოდეს იმის, რომ საზოგადოება ისევ მას გაკიცხვას – „ალბათ შენ მისცემდი საბაბს“; თუკი შევიწროება სამსახურში ხდება, შეიძლება ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის; ან, რადგანაც ქალები მალავენ ასეთ ამბებს, შეიძლება მიიჩნიოს, რომ ეს მხოლოდ მას დაემართა და რცხვენია, ამ დროს კი სექსუალური შევიწროების შემთხვევები კატასტროფულად მაღალია“.

42 წლის მერი ხულოს მუნიციპალიტეტიდან სექსუალური შევიწროების სხვა შემთხვევებსაც იხსენებს, რომელთა შესახებაც დღემდე მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანისთვის მოუყოლია. „ეს ამბები უკვე დიდობაში გავუზიარე რამდენიმე ადამიანს, ვისთანაც მოყოლა შეიძლებოდა. მეზობელს, ნათესავს და კლასელს ვერ მოვუყვებოდი, ყველა გამცემდა, შემომხედავდნენ ცუდი თვალით. ვერანაირად ვერ მოვყვებოდი“, – ამბობს მერი.

Newspaper Batumelebi · სექსუალური შევიწროება სოფლად – Მერი, 42 წლის, Ხულოდან

სექსუალური შევიწროება საქართველოში დასჯადი 2019 წლის 10 მაისიდან გახდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა. იმავე წელს, სექსუალური შევიწროების 19, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 24 ფაქტი იქნა იდენტიფიცირებული.

2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლებიც განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

___________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: