მთავარი,სიახლეები

ვინ იქნება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – რა თქვა დღეს გახარიას პარტიამ და რას ამბობს ენმ

22.11.2021 • 3877
ვინ იქნება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – რა თქვა დღეს გახარიას პარტიამ და რას ამბობს ენმ

„ოცნება“, რომელიც ახლა ჩიხშია მოქცეული, იტყვის, რომ თავმჯდომარე ოპოზიციიდან აირჩიეს, ნახეთ, როგორი დემოკრატიულია საკრებულოო,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან რეზო ხარაზი გახარიას პარტიის დღევანდელ განაცხადზე, რომლის მიხედვით საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა არავის აქვს და ე.წ. გადამწყვეტი ხმა „გახარიას საქართველოსთვის“ ეკუთვნის,  საკრებულოს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ.

იგივე ვითარებაა ბათუმის საკრებულოში – ახალი მოწვევის საკრებულოში  უმრავლესობა ოპოზიციას ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთი დეპუტატის გარდაცვალების შემდეგ, უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ აქვს

ენმ-ს დეპუტატი რეზო ხარაზი ფიქრობს, რომ გახარიას კანდიდატურას საკრებულოში „ოცნება“ დაუჭერს მხარს და „ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“.

არჩევნების შედეგები შეჯამებულია, გამოცემულია შემაჯამებელი ოქმიც, ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ცნობილია, თუმცა ცესკო ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებას ჯერ არ ჩქარობს. ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასაც წინა მოწვევის საკრებულო აპირებს, სადაც უმრავლესობა „ოცნებას“ აქვს.

„სახელებს არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნებების განხილვამდე არ დავდივართ… გამოუვალი სიტუაციაა და სხვა ალტერნატივა არ არის,“ – მიიჩნევს აკაკი გვიანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. ის დარწმუნებულია, რომ საკრებულო მას დაუჭერს მხარს, ან მისსავე თანაგუნდელს – ნინო ბაციაშვილს, რადგან სხვა შემთხვევაში კრიზისი შეიქმნება და ხელახლა არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო.

ამავე პარტიიდან საკრებულოში შესულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია უკვე დატოვა და თქვა, რომ „კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობა“. ნინო ბაციაშვილის თქმით, მას საკრებულოს თავმჯდომარეობის გამოცდილება არ აქვს. აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა, თავად აპირებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარეობას.

„კანდიდატურა უნდა წარადგინოს საკრებულოს სამმა წევრმა, საინტერესოა, ვინ იქნება მესამე წევრი, ვინც კანდიდატს დაასახელებს,“ – აღნიშნავს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან.

რეზო ხარაზი არ გამორიცხავს, რომ ისე არ განვითარდეს მოვლენები, როგორც დღეს ეს გახარიას პარტიამ დააანონსა და რაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. ამ შემთხვევაში ადრე თუ გვიან რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

„ნათლად გამოჩნდა ამ არჩევნებზე ყველასთვის, რომ ამ ქალაქში საზოგადოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციას. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციიდან. გახარიას პარტიამ ღიად უნდა თქვას, მხარს უჭერენ ოპოზიციას თუ არა. ეს განაცხადი [გახარიას პარტიის განაცხადი] ჰგავს ვაჭრობას და სავაჭროდ არ გვაქვს საქმე. ჩემი აზრით, ღიად უნდა თქვან, რა მიმართულებით მიდიან,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

„რეალურად ჩვენ ვცადეთ კონსენსუსის მიღწევა და ვაცხადებდით, რომ თანამდებობა არ გვინდა, ჩვენთვის მთავარი იყო და არის ბალანსის მიღწევა… რადგან ეს არ გამოვიდა, დღეს ჩვენ ისევ კომპრომისულ ვარიანტს ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს: გამოუვალი სიტუაციაა, ფაქტია, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეთანხმდებიან,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე.

რეზო ხარაზი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რეალურად საქმე განცხადებებს მიღმა არ წასულა და არავითარი კონსულტაციები პარტიებს შორის არ გამართულა.

„ხომ უნდა დაგველაპარაკა ამ საკითხებზე, არ ისურვეს ჩვენთან ერთად ლაპარაკი,“ – გვიპასუხა რეზო ხარაზმა, როცა მას ვკითხეთ, შესაძლოა თუ არა გახარიას პარტიის წარმომადგენელს დაუჭიროს მხარი.

გახარიას პარტიის წარმომადგენელი ამჯერად უკვე ღიად აფიქსირებს იმას, რომ „ლელოს“ წარმომადგენელს არ დაუჭერს მხარს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. ამ დრომდე „ნაცმოძრაობა“ ამბობდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ირაკლი კუპრაძეს უჭერს მხარს.

„არ გამოვა მხარი დავუჭიროთ კუპრაძეს და საკრებულო გახდეს მთლიანად „ნაცური“, ან „ოცნების“… „ლელოს“ შეთანხმებული კანდიდატები ჰყავდა „ნაცმოძრაობასთან“ არჩევნებზე.

ჩვენი მიზანია ბალანსის შექმნა, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდეს ერთპარტიული ძალაუფლება,“ – განმარტავს აკაკი გვიანიძე.

„არ ვარ გარკვეული ამ საკითხებში, არც გახარიას პარტიის განაცხადი მომისმენია,“ – გვიპასუხა ასლან ბალაძემ, რომელიც ბათუმის ახალი საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“ და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. მისი თქმით, ამ საკითხებზე წინასწარ, საკრებულოს შეკრებამდე ვერ ისაუბრებს.

„შეიკრიბება საკრებულო და მერე ვნახავთ ერთად ყველაფერს,“ – გვითხრა ასლან ბალაძემ.

___

დაზუსტება: სტატიის თავდაპირველ ვერსაში მოცემული იყო აკაკი გვიანიძის ციტატა ამ სახით: „არ გამოვა ირაკლი კუპრაძე ავირჩიოთ, რადგან შეთანხმებული კანდიდატები ჰყავდათ „ნაცმოძრაობასთან“ არჩევნებზე… ჩვენი მიზანია ბალანსის შექმნა, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდეს ერთპარტიული ძალაუფლება,“ – განმარტავს აკაკი გვიანიძე.

სტატიაში ამჟამად მოცემულია ციტატა სრულად, რადგან აკაკი გვიანიძემ მიიჩნია, რომ პირველადი ვერსიით მკითხველს შეექმნებოდა აღქმა, თითქოს ირაკლი კუპრაძის მხარდაჭერა პიროვნულად არის მიუღებელი გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: