მთავარი,სიახლეები

მერია ბათუმის დელფინარიუმთან ისტორიულ შენობას და მიწას ყიდის

20.11.2021 • 6365
მერია ბათუმის დელფინარიუმთან ისტორიულ შენობას და მიწას ყიდის

ბათუმის მერია დელფინარიუმთან ახლოს, ლერმონტოვისა და ხინიკაძის კვეთაში მდებარე შენობისა და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის პირობიანი აუქციონის წესით გაყიდვას გეგმავს. ამის თაობაზე ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტებთან ერთად მერიიდან საკრებულოში უკვე გადააგზავნეს. გასაყიდი ქონების საწყისი ფასი 6 მილიონ 870 800 ლარია.

ქონების საპრივატიზებო ნუსხაში შესატანად მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. საკრებულო ამ საკითხს 25 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.

გასაყიდად გამზადებული შენობა და მასთან დაკავშირებული ნაკვეთი ბევრი ინვესტორისთვის იქნება მიმზიდველი – ქალაქის ცენტრში ზღვასთან, ტბასთან და ცენტრალურ პარკთან ახლოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ დრომდე გასაყიდად გამზადებული შენობის ერთი ნაწილით ბათუმის საზღვაო აკადემია სარგებლობდა, თუმცა მერისთან დადებულ უზურფრუქტის ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ივლისში გაუვიდა.

გასაყიდი ნაკვეთის ფართობი 2821 კვ.მეტრია, ხოლო შენობა 3267,74 კვ.მეტრი. რა იქნება აუქციონის პირობა ჯერ არ ვიცით, რადგან დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში ეს ინფორმაცია შეტანილი არ არის.

ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გასაყიდად მომზადებული ქონების გვერდით სახელმწიფოს ეკუთვნის კიდევ რამდენიმე შენობა შიდა ეზოთი, აქედან ერთი შენობის ფასადი რუსთაველის ქუჩის მხარესაა, ხოლო მეორე გრიბოედოვის ქუჩის მხარეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ამ ქონების გასხვისებასაც გეგმავს და დაინტერესებულმა ინვესტორმა ეს იცის, ის სამომავლოდ მიიღებს კვარტალს ზღვასთან, ტბასთან და ცენტრალურ პარკთან ახლოს, რაც გასაყიდ ქონებას დამატებით ხიბლს სძენს.

გასაყიდი ქონების გვერდით ტერიტორია, გრიბოედოვის #1- რუსთაველის #53 სახელმწიფო კომპანიას, შპს „აქტივების განვითარების ფონდს ეკუთვნის“ და ჯამში მისი ფართობი 18 286 კვ.მეტრია. ტერიტორია აერთიანებს რამდენიმე შენობას, შიდა ეზოს, სპორტულ მოედანსა და აუზს – აქ ბათუმის საზღვაო აკადემია ფუნციონირებს უკვე მრავალი წელია.

___

მთავარი ფოტო: შენობა, რომელიც გასაყიდ მიწის ნაკვეთზე დგას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: