მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

პატიმრის დედა: ის, რაც შეიძლება სხვა პატიმრისთვის, არ შეიძლება ჩემი შვილისთვის?!

23.11.2021 • 17903
პატიმრის დედა: ის, რაც შეიძლება სხვა პატიმრისთვის, არ შეიძლება ჩემი შვილისთვის?!

ავტორი: ცირა გოდერძიშვილი, პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედა

__

მოგმართავთ თხოვნით, რათა გაასაჯაროოთ ინფორმაცია პატიმრობაში მყოფი ჩემი შვილის შესახებ: მის, ანუ პაციენტ გიორგი ოქროპირიძის უფლებებს მუდმივად არღვევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, თამთა დემურიშვილი – მას არ უწევენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას.

სამედიცინო დაუხმარებლობა პაციენტისთვის/მით უფრო პატიმრისთვის, რომელსაც აქვს გადატანილი მძიმე ოპერაციები ღვიძლზე, ფილტვზე და ორი ძირითადი ორგანო აქვს დაზიანებული, არის არასათანადო მოპყრობა. წამებაა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. შესაბამისად, ირღვევა პაციენტ/პატიმრის ფუნდამენტური უფლებები, როგორც შიდა კანონმდებლობა (პაციენტის უფლებების შესახებ კანონი და ჯანმრთელობის შესახებ კანონი), ასევე  ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი.

გიორგი ოქროპირიძის საქმეები არის ევროპულ სასამართლოში და დასრულებულია მათზე კომუნიკაცია. სავარაუდოდ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მის მიმართ სამედიცინო დეპარტამენტის მხრიდან რეპრესიული მიდგომების, რაც წამების ტოლფასია.

გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – 2012 წლის მაისში, სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის მიერ, პეჰატოლოგიურ კლინიკა “ჰეპაში” ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, აქვს ღვიძლის ფიბროზის -2 სტადის F-2… 2021 წლის აპრილსა და მაისში ჩატარებული რენტგენოგრაფიისა და ულტრაბგერითი გამოკვლევებით, ნაოპერაციევი ღვიძლის მარჯვენა წილის 24 მმ გადიდება დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ ღვიძლის ამ ზომით გადიდება სახიფათოა გიორგის ჯანმრთელობისთვის, თანაც ციხის პირობებში. ასევე ნაოპერაციევ ფილტვზე დაუდგინდა სისხლძარღვოვანი სურათი – ჰილუსები გაძლიერებული, უსტრუქტურო, ფიბროზული, ასევე გულის ჩრდილის საზღვრები მცირედ გადიდებული. ეს ყველაფერი დოკუმენტურად დასტურდება.

უყურადღებობამ და არასწორმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის დამძიმება. პენიტენციურ სისტემაში არ არის ისეთი დანადგარი, რომლითაც შეიძლება ღვიძლის შრეობრივი გამოკვლევა, რის შემდგომაც გიორგის პირადი ექიმი, რომელიც მას ჰყავს ქალაქის ტიპის კლინიკაში, დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას. ეს ექიმი მასთან შედიოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ფრანგული აპარატი-ელასტოგრაფი არის მხოლოდ ფრანგულ კლინიკა „ჰეპაში“.

მე ეს ერთი შვილი მყავს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუზიანა წლების წინ 45 დღით შიმშილობამ და მოშიმშილის მიმართ არაადეკვატურმა, არასათანადო სამედიცინო დახმარებამ.

2021 წლის 12 აგვისტოს მივმართე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსს და ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს თამთა დემურიშვილს. ვითხოვდი გადაყვანაზე ნებართვის გაცემის, რათა პაციენტ/პატიმრის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახის სახსრებით სასწრაფო და აუცილებელი ელასტოგრაფია და სხვა ეფექტური გამოკვლევები ჩაგვეტარებინა ქართულ-ფრანგულ ჰეპატოლოგიურ კლინიკა „ჰეპაში“.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პენიტენციურმა სამედიცინო დეპარტამენტმა – სახელმწიფომ თავისი ხარჯით უნდა მოახდინოს პატიმრის ეტაპირება ქალაქის კლინიკაში აუცილებელ გამოკვლევაზე ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით. თუმცა, ჩვენი სახსრებითაც კი არ მოგვცა ამის უფლება თამთა დემურიშვილმა, რითაც დაარღვია პაციენტის უფლებები.

თუ შეიძლებოდა 2010-2012 წლებში გ.ოქროპირიძის აუცილებელი და გადაუდებელი გამოკვლევების ჩატარება, რატომ არ შეიძლება დღეს – 2021 წელს? რაზე გვეუბნება თამთა დემურიშვილი უარს?! ნუთუ სტრასბურგში ჩივილის გამო ახდენს ზეწოლას?! ის, რაც შეიძლება სხვა პატიმრებისთვის – რატომ არ შეიძლება ჩემი გიორგისთვის???? არასათანადო, არაადამიანურ საპატიმრო პირობებში პაციენტის  მოთავსება, რამდენად ადეკვატურია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს? სახელმწიფოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს პაციენტის ადეკვატური  სამედიცინო მომსახურება მის მიერ არჩეულ პროფილურ კლინიკაში მის მიერ არჩეული ექიმთან!

2021 წლის 18 აგვისტოს მივიღე თ.დემურიშვილისგან პასუხი, რომ თურმე განიხილავს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს გადაყვანას… რას თვლის საჭიროებად უცნობია, არ მომეცა უფლება ჩემი ხარჯით ჩამეტარებინა კვლევები, რათა ჩემი შვილის პირად ექიმს დროულად დაენიშნა მკურნალობის კურსი.

არა – ეს უფრო უარის წერილია:

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში N01/228062 წერილით შემოსული, თქვენი 2021 წლის 12 აგვისტოს განცხადების პასუხად  გაცნობებთ, რომ  მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში მის ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენი წერილი რეფერალის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციის მიზნით, ეგზავნება N6 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მთავარ ექიმს. ამასთან, სამედიცინო მომსახურება გაეწევა რიგითობის შესაბამისად.“

ეს  ბლანკეტური წერილია და არ ემსახურებოდა პაციენტის უფლებების დაცვას, ამიტომ 15 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, თამთა დემურიშვილს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს განმეორებით მოვთხოვე, ჩემი შვილისთვის ქალაქის ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში, სახელმწიფოს ხარჯებით ჩაეტარებინათ აუცილებელი სასწრაფო და სამედიცინო გამოკვლევები – ღვიძლის გადიდების გამო მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ). ფილტვის დაზიანების, ტკივილის გამო, ასევე მოვითხოვე სახელმწიფოსგან ქართულ-ფრანგულ ჰეპატოლოგიურ კლინიკა „ჰეპაში“ ფიბროსკანით ელასტოგრაფიის ჩატარება შემდგომი მკურნალობისთვის.

2021 წლის 22 ოქტომბერს პენიტენციური სამედიცინო სამსახურის უფროსისგან მივიღე ცინიკური, ბლანკეტური პასუხი, რომ რატომ არ ვითხოვ კტ-ს (გულმკერდის და მუხლის ღრუს კომპიუტერული გამოკვლევის) საკუთარი ხარჯით ჩატარებას, ანუ მითხრა ჩვენ არ ჩაგიტარებთ სახელმწიფოს ხარჯით არაფერსო!

გამოდის, რომ პატიმარ/პაციენტს, რომელსაც აქვს ღვიძლის მძიმე დიაგნოზი, ფილტვის დაზიანების პრობლემები, სახელმწიფო თურმე არ არის ვალდებული ჩაუტაროს ქალაქის ტიპის კლინიკაში ადეკვატური გამოკვლევები, რათა ამ დიაგნოზების საფუძველზე პაციენტის პირადმა ექიმმა შეეძლოს მისთვის მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა!

მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 31 აგვისტოს, პაციენტი/პატიმრის მიმართ სამედიცინო დაუხმარებლობის, არასათანადო მოპყრობის, პაციენტის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო მივმართე სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას. 15 ოქტომბერს გაიგზავნა წერილი თ.დემურიშვილთან.

დრო მიდის და შესაძლოა დროულმა დაუხმარებლობამ მძიმე შედეგები გამოიწვიოს…

 

ჩემი ავადმყოფი შვილი არასათანადო პირობებშია განთავსებული – ნუთუ ეს საწოლია ევროპული სტანდარტების ციხის შეესაბამება, პატიმარს არ აქვს არც კარადა პირადი ნივთებისთვის, ნუთუ ხანგრძლივი დროით შესაძლებელია ბეტონის იატაკზე ცხოვრება, როცა პაციენტ/პატიმარს აქვს დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა? ამ საწოლზე, თუ ამას საწოლი ჰქვია – შეიძლება იწვეს ღვიძლის და ფილტვის დაზიანებით პაციენტ-პატიმარი?! ეს არასათანადო მოპყრობაა!

ნუთუ მხოლოდ ევროპულ სასამართლოში ჩივილის გზით არის შესაძლებელი პატიმარ/პაციენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების რეალიზება?! დრო მიდის, ვითხოვ სახელმწიფოსგან ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ქალაქის ტიპის კლინიკებში მითითებული კვლევების ჩატარებას, დასკვნების CD  დისკზე ჩაწერასა და გადმოცემას!

დამეხმარეთ – ადამიანის უფლებების დამცველებო, არასამთავრობოებო, დროული რეაგირებაა საჭირო! ნუთუ ამდენი წამება სტრასბურგში ჩივილის გამო?! ის, რაც შეიძლება სხვა პატიმრისთვის, არ შეიძლება ჩემი შვილისთვის?! რისთვის იწერება პაციენტის უფლებების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონები?!

___

მთავარი ფოტო: 2016 წელი. გიორგი ოქროპირიძის საკანი. ის ამ დროისთვის სხვა საკანში ჰყავთ გადაყვანილი

___

https://netgazeti.ge/law/202542/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: