მთავარი,სიახლეები

რას ამბობს გერმანიის ელჩი BILD-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე

23.11.2021 • 1293
რას ამბობს გერმანიის ელჩი BILD-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს გერმანულ გამოცემა BILD-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც საუბარია ელჩის საქართველოში საქმიანობასა და მისი მეუღლის თანამშრომლობაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.

„ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო  და საზოგადოებრივი აქტიურობით“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულ გამოცემაში დაბეჭდილ სტატიაში ქნირში პროსახელისუფლებო განწყობების მქონე დიპლომატად არის მოხსენებული. ასევე ხაზგასმულია, რომ მისი მეუღლე „ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტში მუშაობს, რაც დიპლომატს მის პროფესიულ საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტს უქმნის.

სტატიას გამოეხმაურა გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ევა მარია ქნირშის კონტრაქტი ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტთან, მის ქმარს, ჰუბერტ ქნირშს, რომელიც გერმანიის ელჩია საქართველოში, ინტერესთა კონფლიქტს უქმნის.

______________

გადაბეჭდვის წესი