მთავარი,სიახლეები

მოხუცებში გამძაფრდა მარტოობის და გარიყულობის შეგრძნება – კოვიდის ზეგავლენა

22.11.2021 • 1660
მოხუცებში გამძაფრდა მარტოობის და გარიყულობის შეგრძნება – კოვიდის ზეგავლენა

პანდემიის პირობებში მოხუცებულებს კომუნიკაციის ნაკლებობა, შიში, სტრესი აქვთ და ემოციურად განსაკუთრებულად უჭირთ. მსგავს მდგომარეობას კი, ზოგიერთი ხანდაზმულის შემთხვევაში, მათ მიმართ ფიზიკური ძალადობაც (14%) ემატება. ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალ კვლევაში წერია, რომელშიც განხილულია საქართველოში მცხოვრებ (მათ შორის, ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში მყოფ) ხანდაზმულებზე კოვიდ პანდემიის ზეგავლენა.

ხანდაზმულების, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციარების, ემოციური მდგომარეობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ უფრო დამძიმდა – ამოქმედდა მნახველების დაშვების შეზღუდვა, რამაც შიშისა და სტრესის ფაქტორი უფრო გაამძაფრა. გადაადგილების შეზღუდვა, რასაკვირველია, უარყოფითად აისახება ბენეფიციარების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გამძაფრდა მარტოობის, შფოთვისა და გარიყულობის შეგრძნებები, იმატა სტრესმა.

აღინიშნა, რომ ხანდაზმულების ერთ ნაწილში, ჩაკეტილობის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობა დამძიმდა, გამძაფრდა სიკვდილის შიში – „ზოგიერთს აქვს პანიკური შიში სიკვდილის. სულ ითხოვენ სასწრაფოს გამოძახებას, არადა არაფერი სჭირთ“ (ქალი, ქუთაისის პანსიონის ბენეფიციარი).

ხანდაზმულების მცირე ნაწილის აზრით, იზოლაციის პირობებში ცხოვრების რიტმის შენელება ნაკლებ ფიზიკურ აქტივობაშიც გამოიხატება. ეს მათი წუხილის მიზეზია – „მოძრაობა ჯანმრთელობაა, კაცმა 1 კილომეტრი მაინც უნდა გაიაროს დღეში, აქ მარტო ეზოში თუ გახვალ“ (კაცი, ქარელის 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულების ბენეფიციარი).

24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში აქტივობების მრავალფეროვნება, პანდემიის პირობებში, შემცირდა. გაუქმდა ყველა ტიპის გასვლითი ღონისძიება (მაგალითად, ექსკურსიები), ღონისძიებები აღარც ადგილზე ტარდება (მაგალითად, კონცერტები, სპექტაკლები). ბენეფიციარებს აღარ აქვთ შესაძლებლობა უშუალოდ შეხვდნენ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს. შეზღუდვების პირობებში აქტივობები ერთფეროვანია, რაც გამოიხატება ტელევიზიით საინფორმაციო, გასართობი გადაცემებისა და სერიალების ყურებაში, ასევე წიგნებისა და პრესის კითხვაში.

„პანდემიამდე ძალიან ადრე ვდგებოდი. ახლა გვიან ვდგებით, აღარ ვიწუხებ თავს, რადგან ქალაქში ვეღარ გავდივართ. მთელი დღე ვარ ოთახში, ვუყურებ რამეს, საკვებს ვამზადებ და ასე. ჩვენთან არავინ მოდის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ შემოქმედება, ვერც ჩვენ ვდგამთ სპექტაკლებს, ვართ იზოლირებული ყველანაირად“ (ქუთაისის პანსიონის ბენეფიციარი).

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც სპეციალისტებმა შეიმუშავეს, მუნიციპალიტეტების/ხელისუფლების მიერ მარტოხელა ხანდაზმულების საჭიროებების შესწავლას ეხება. კიდევ ერთი რეკომენდაციაა, ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში სრულფასოვნად ამოქმედდეს ბენეფიციარებისთვის პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება. გარდა ამისა, ზრუნვის დაწესებულებებში საჭიროა ისეთი ტრენინგების ორგანიზება, რომლებიც პერსონალს დაეხმარება როგორც საკუთარი, ისე ბენეფიციარების სტრესის მართვაში.

„ბენეფიციარების სტრესს ხელი შეუწყო ტელევიზიამ, პრესამ, პროპაგანდამ, სადაც ამბობდნენ, რომ ამა და ამ სახელმწიფოში პერსონალმა მიატოვა ბენეფიციარები და შემდეგ გარდაცვლილები იპოვეს და ა.შ. ჩვენს ბენეფიციარებსაც ჰქონდათ მსგავსი შიშები, რომ ანალოგიური მოხდებოდა ჩვენთანაც“ (თბილისის პანსიონატის წარმომადგენელი).

ზრუნვის დაწესებულებების წარმომადგენლებში გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ყოველდღიურად, საათობით უწევდათ ბენეფიციარებისთვის იმის ახსნა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდათ და მათ არავინ მიატოვებდა.

კვლევაში წერია, რომ ხანდაზმულების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობისა და მათ სოციალური ინტეგრაციის გარდა, კოვიდი უარყოფითად აისახა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც, რადგან საქართველოში ხანდაზმულების უმრავლესობა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გაცემულ პენსიაზეა დამოკიდებული, ნაწილი კი – სოციალურ და დევნილთა შემწეობაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: