განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წიგნების დროში – პაატა შამუგია

22.11.2021 • 1858
წიგნების დროში – პაატა შამუგია

ავტორი: პაატა შამუგია, პოეტი

______________

ერთადერთი, რაზეც პანდემიას ვემადლიერები, დროის შეგრძნების გამახვილებაა. მთელი ეს კოვიდწლები დრო თითქოს შენელდა. ამ ბოლო ხანს, საერთოდაც, შედედდა და რომ არ მეზარებოდეს, ხელითაც შევეხებოდი. ასე მგონია. და მაინც არაფრის დრო არ მრჩება. აი, ახლაც მთხოვეს, წიგნებზე დაწერეო და ავფორიაქდი. მოკლედ დავწერ, თორემ ვერ ვასწრებ, დედლაინების ბარიკადებიდან თავი ვერ ამომიწევია-მეთქი.

დროით დავიწყე და ამითვე გავაგრძელებ, მივაბამ წიგნებს, ასე ვთქვათ. ან რა მიბმა უნდა, უმაგისოდ რომელი წიგნია? თუმცა რაკი ბლოგია და არა სამეცნიერო ნაშრომი, ვეცდები, უბრალოდ, მაგალითები მოვიყვანო და ფუნდამენტურ ანალიზზე თავი არ ავიტკივო. თანაც, შორიდან უნდა დავიწყო, ჰომეროსის ოდებიდან.

ამ 34 ოდიდან (რომლებიც ჰომეროსს კი მიეწერება, მაგრამ კაცმა არ იცის რეალური ავტორი), ერთია ჩემი საყვარელი – მეხუთე ოდა. ჯერ ერთი, აფროდიტეს, ესე იგი მთლად სიყვარულს ეძღვნება და მეორეც: ჩემს საყვარელ თემას – უკვდავებას – ეხება.

ამ ოდაში აღწერილია ეოსის თხოვნა ზევსისადმი, რომ, გინდა თუ არა, უკვდავება მიანიჭოს მის შეყვარებულს, ტიტანს. უდავოდ დასაფასებელი თხოვნაა და შეუსრულა კიდეც ზევსმა, მაგრამ ფრიალა ეოსს დაავიწყდა მთავარი: მარადიული ახალგაზრდობა, რის გარეშეც უკვდავება სასჯელად იქცევა ხოლმე. ასეც მოხდა და ტიტანმა მართლაც მარადიულად იცხოვრა, ოღონდ თან ბერდებოდა – წელკავი, კატარაქტა, ოსტეოქონდროზი, ყველაფერი, ყველაფერი ემართებოდა; სიკვდილი უნდოდა, მაგრამ რას მოკვდებოდა?! იწვა და შეყვარებულს და თავბედს ერთდროულად იწყევლიდა.

ეს ამბავი ჯეიმს მეთიუ ბარიმ თავის რომანში რევერსულად ასახა და მიიღო ისეთი გადასარევი პერსონაჟი, როგორიცაა პიტერ პენი. მის უკვდავებაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ რაკი მუდმივად ახალგაზრდაა და არასოდეს ბერდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც მოკვდება (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს).

და პეპი? ძვირფასი ასტრიდის პეპი გრძელიწინდაც ხომ ტიტანის მითოსის შებრუნებული ვერსიაა, მაგრამ პიტერ პენისგან (და მით უმეტეს, ტიტანისგან) განსხვავებით, ის და მისი რამდენიმე მეგობარი აბებს სვამენ, რომ არ გაიზარდონ და სულ ბავშვები იყვნენ. არგუმენტიც მშვენიერი აქვთ: დიდებს სიხარული არ აქვთ, სამაგიეროდ, აქვთ ვირული სამუშაო, უგემოვნებო ტანსაცმელი აცვიათ და გადასახადების გადახდა უწევთო.

მართალია ადამიანი, ვერ შეედავები.

ტიტანის მითოსი ამელი ნოტომის „მკვლელის ჰიგიენაშიც“ რევერსულად გრძელდება და არსებითად, პიტერ პენის და კიდევ უფრო, პეპის იდეალს აირეკლავს. მთავარი გმირი პრეტექსტატ ტაში და მისი თანატოლი, 14 წლის ბიძაშვილი გადაწყვეტენ, აღარ გაიზარდონ, რადგან მიიჩნევენ, რომ მოწიფულობა უდიდესი ბოროტებაა. ფიცსაც დადებენ, სასიკვდილო ფიცს: ვინც მას დაარღვევდა (ანუ გაიზრდებოდა), მას მეორე მოკლავდა. დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ნოტომის პერსონაჟებს ეს ამბავი არ გამოუვიდათ, მათგან განსხვავებით, გიუნტერ გრასის „თუნუქის დოლის“ გმირი მართლაც შეწყვეტს ზრდას საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე და პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას.

ზემოთ დასახელებულებმა გადასარევმა გოგო-ბიჭებმა გააჩერეს თავიანთი პერსონალური დრო. გააჩერეს თავიანთი ყოფნა დროში. მაგრამ არის ერთი კარგი წიგნი, რომლის პერსონაჟები, არც მეტი, არც ნაკლები, თავად დროს ამუხრუჭებენ – მართალია, წარმოსახვითად, მაგრამ მაინც. დაგლას კაუპლენდის “თაობა X”-ის პერსონაჟები იგონებენ ქვეყანას, სახელად ტექსლაჰომა. ამ ქვეყანაში მუდმივად 1974 წელია. ცოტა არ იყოს, საქართველოსავითაა – აქ ხომ 2012 წლის შემდეგ სულ 2012 წელია.

თითქოს დავამთავრე ჩემი სახელდახელო მოგონებები წიგნებისა და დროის შესახებ, რომ „დორიან გრეის პორტრეტი“ გამახსენდა. მაგის ხსენების გარეშე არაფერი იქნება, რადგან, თუ რამეზეა, სწორედ დროის გაჩერების აუტანელ სურვილზეა ეს ტექსტიც.

რასაკვირველია, სხვაც ბევრია ისეთი წიგნი, რომელიც დროის ინტერპერსონალურ აღქმას ეხება (ვთქვათ, ფოლკნერი. კვენტინი რომ საათს დაამტვრევს, მარტო ეგ ღირს ერთ რამედ), მაგრამ ზოგი რამე არ გამახსენდა, ზოგიც პატარა ბლოგისთვის მებევრა, ზოგი კიდევ დროის კარგვაა. თუმცა, პრუსტი, ალბათ, არ დამეთანხმებოდა, ხელოვნების ნაწარმოები, ზოგადად, დაკარგული დროის აღდგენის ერთადერთი საშუალებააო, ასე ფიქრობდა.

დიდი შანსია, პრუსტი უფრო მართალი იყოს, ვიდრე მე. თანაც, თუ ერთ ადამიანს მაინც გავუჩინე ჩამოთვლილ წიგნებთან მიბრუნების (ან მათი ხელახლა აღმოჩენის) სურვილი, კიდევ უფრო მართალი ყოფილა.

მოკლედ, ვენდოთ პრუსტს.

ფოტო: პაატა შამუგიას FB გვერდი.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: