მთავარი,სიახლეები

20 წლის გოგო, რომელიც ლოკომოტივის მართვას სწავლობს

22.11.2021 • 1926
20 წლის გოგო, რომელიც ლოკომოტივის მართვას სწავლობს

20 წლის მარიამ გვეტაძე პროფესიულ კოლეჯში ლოკომოტივის მართვის პროგრამაზე სწავლობს.

მატარებლით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა, იმ დღიდან, როცა გრძელ ლიანდაგზე მოსრიალე ვაგონები დაინახა. მოეწონა მწყობრში ჩამდგარი ბორბლების მონოტონური ჟღერადობაც. მარიამი ამბობს, რომ მას შემდეგ სულ მემანქანეობაზე ფიქრობს.

იყო პერიოდი, როცა მხატვრობაზე ან არქიტექტორობაზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ბავშვობის შთაბეჭდილებებმა სძლია.

ამბობს, რომ მისი არჩევანი ოჯახში გაუკვირდათ.

„არ მოეწონათ, ეს პროფესია რომ ავირჩიე. დედა ახლაც წინააღმდეგია, არ უნდა, რომ ამ პროფესიას მივყვე, მაგრამ… თავისი შვილი ექიმად წარმოედგინა და აღარ მოეწონა, მემანქანის პროფესია რომ ავირჩიე“ – გვეუბნება მარიამი.

მისი აზრით, მშობლების დამოკიდებულებას სტერეოტიპები განსაზღვრავს: „მიაჩნიათ, რომ ეს არ არის ქალის პროფესია.“ .

მშობლები ეკონომისტები ჰყავს, არც ნათესავები ჰყოლია ამ პროფესიის, ასე რომ მარიამი პირველი მემანქანე იქნება ოჯახში.

„როგორც ვიცი, ადრე, დაახლოებით 30-იან წლებში, საქართველოში გვყავდა ქალი მემანქანეები, რომლებიც ორთქლმავლებს მართავდნენ, მაგრამ მას შემდეგ ქალი ამ პროფესიაში არ გვყოლია. ამიტომ ხშირად მეუბნებიან, რომ პირველი ქალი ვარ, ვინც ლოკომოტივის წამყვანი პროფესია ავირჩიე“- გვეუბნება მარიამი.

მარიამი პრაქტიკულ მეცადინეობაზე

ყველაზე მეტად მეგობრები უჭერენ მხარს, დარწმუნებული არიან, რომ მარიამი თავს კარგად გაართმევს არჩეულ პროფესიას.

პირველ წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა და აქაც ტრანსპორტი და სარკინიგზო საქმე აირჩია. მშობლებთან არც ეს არჩევანი შეუთანხმებია. „სანამ ეროვნული გამოცდების შედეგები არ ვნახე, მანამდე არ მითქვამს“ – ამბობს მარიამი.

მეორე წელს კი, პარალელურად, პროფესიულ კოლეჯში, ლოკომოტივის მართვის პროგრამაზეც მოხვდა.

პირველ წელს თეორიული კურსი გაიარა, ახლა კი პრაქტიკულ ნაწილს გადის.

„უნივერსიტეტის ლექციებზე დასწრების პრობლემა არ მაქვს, ორივე საქმეს ვახერხებ, რადგან სწავლა ონლაინ არის. კოლეჯში დილით მოვდივარ და დაახლოებით 3-4 საათი პრაქტიკულ სასწავლო პროცესს გავდივარ.

მინიმუმ ორიდან ათ წლამდე შეიძლება მოგიწიოს თანაშემწედ მუშაობა, პირდაპირ მემანქანედ არავინ დაგსვამს, კარგადაც რომ მართავდე. პრაქტიკა და გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია“ – გვეუბნება ის.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მარიამი მემანქანის პროფესიის გაგრძელებას აპირებს.

მარიამი მართვის პულტთან

„როცა დეპოში მივედი, მეგონა, რომ აქაც სტერეოტიპულად დამხვდებოდნენ და მეტყოდნენ, ეს ქალის საქმე არ არის, მაგრამ პირიქით მოხდა. ძალიან გაუხარდათ, კეთილგანწყობილნი არიან და ძალიან მეხმარებიან ყველაფერში,“ – ამბობს მარიამი.

მემანქანე დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყოს. ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი ლიანდაგებს, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას, რამე არ გამოვიდეს მწყობრიდან.

„თუნდაც ადამიანმა ან რაიმე ცხოველმა არ გადაგირბინოს წინ. ასეთ შემთხვევაში სიგნალი უნდა მისცე, თუ ვერ გაიგონა, დამუხრუჭება გიწევს, რაც საკმაოდ სახიფათოა. მთელი დაძრული შემადგენლობა უცებ უნდა გააჩერო. თუ ეს ვერ მოხერხდა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა,“ – ამბობს მარიამი.

შთაბეჭდილებების მიუხედავად, მატარებელი არასდროს დაუხატავს, არც სათამაშო მატარებელი ჰქონია ბავშვობაში, თუმცა ახლა ყოველდღე ხვდება ბავშვობის ოცნებას და ელოდება იმ დროს, როცა თანაშემწის სავარძლიდან მემანქანის სავარძელზე გადაინაცვლებს.

მარიამი პროფესიულ განათლებაში წლის სტუდენტად დასახელდა

მარიამი თავისი არჩევანის გამო პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებულიც გახდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: