მთავარი,სიახლეები

ბათუმის ახალმა მერმა მუშაობა დაიწყო – როგორ აპირებს ჩიქოვანი ენმ-სთან თანამშრომლობას

22.11.2021 • 1802
ბათუმის ახალმა მერმა მუშაობა დაიწყო – როგორ აპირებს ჩიქოვანი ენმ-სთან თანამშრომლობას

„მომავალი წლის ბიუჯეტი კანონმდებლობის და რეგლამენტის სრული დაცვით იქნება მიღებული ისეთი სახით, როგორსაც ამას მხარს უჭერს ჩვენი ქალაქის უმრავლესობა და მოსახლეობა,“ – აღნიშნა დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან. ის დღეს შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას, როგორც არჩეული მერი.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს იმაზეც, რომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას წინა მოწვევის საკრებულო აპირებს.

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში  უმრავლესობა ოპოზიციას ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთი დეპუტატის გარდაცვალების შემდეგ უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ აქვს.

არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან გამართავს, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუმცა მან თავი აარიდა კითხვას: რატომ უნდა დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეულია?

„ახლა დროა ყველა ერთად კონსტრუქციულ რეჟიმში, ჩვენი ქალაქის მომავალი 4 წლის პერსპექტივის და გეგმების შეჯამების თვალსაზრისით, დავსხდეთ, ეს კონსულტაციები, იცით თქვენ და არაერთგზის გვითქვამს, რომ არის დაწყებული.

დარწმუნებული ვარ, ბათუმის საკრებულო ამ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც მას ნდობა გამოუცხადა ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ძალიან ღირსეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ძალიან ეფექტური იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში,“ – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.

ბათუმის ახლად არჩეული მერი გამორიცხავს ზეწოლას მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან, გადაბირების მიზნით, საკრებულოს ოპოზიციის წევრებზე.

„ბუნებრივია, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ.  გამორიცხულია, „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი ტიპის რაიმე ჩარევა,“ – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: