მთავარი,სიახლეები

აუდიტის შეფასებით, აჭარის მთავრობა საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს

20.11.2021 • 2160
აუდიტის შეფასებით, აჭარის მთავრობა საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საბიუჯეტო  ორგანიზაციების ხარჯები შეისწავლა, ანგარიში გუშინ, 19 ნოემბერს გამოქვეყნდა და ასახავს გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მონაცემებს.

ანგარიშის ერთი ნაწილი საბიუჯეტო ორგანიზაციების სამივლინებო ხარჯებს ეხება და საკმაოდ კრიტიკულია.

2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ 208 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეულია 1 მილიონ 185 349 ლარის ხარჯი. შერჩევის საფუძველზე აუდიტს 129 ერთეულის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის გაწეული ხარჯი  შეუსწავლია. ეს ხარჯი 809 707 ლარია, საიდანაც 424 902 ლარი საწვავზეა დახარჯული.

აუდიტორის ინფორმაციით, 11 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 63 შემთხვევაში,
ცალკეული უწყების შესაბამისი უფლებამოსილი პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ფარგლებს გარეთ და დახარჯულია ჯამში 2 864 ლიტრი – 6 465 ლარის ღირებულების საწვავი.

ანგარიშის მიხედვით ამ შემთხვევებზე, შესაბამისმა უწყებებმა აუდიტორს დოკუმენტური დადასტურება ვერ წარუდგინეს სამსახურებრივი ავტომანქანების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

ანგარიშში ვკითხულობთ ასევე, რომ 2020 წელს გზების დეპარტამენტის მიერ პლასტიკური ბარათებით (VIP ბარათები) ჯამში გახარჯულია 1168 ლიტრი – 2656 ლარის ღირებულების საწვავი. დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ 1 314 ლარის ღირებულების [535 ლიტრი] საწვავის ხარჯვაზე არ არის წარმოდგენილი სამსახურებრივი საჭიროებისთვის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, ორ შემთხვევაში ბარათით საწვავის ჩასხმა დასტურდება აჭარის ფარგლებს გარეთ.

აუდიტის შეფასებით, ეს გარემოებები მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯვის პროცესში
არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს და წარმოშობს არასამსახურებრივი დანიშნულებით საწვავის გამოყენების რისკებს.

„ამასთან, მნიშვნელოვანია ანგარიშში იდენტიფიცირებულ ხარვეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მხარჯავ დაწესებულებებში ისეთი კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად, ეკონომიურად და მიზნობრივად ხარჯვას“, – ნათქვამია ანგარიშში.

სამივლინებო ხარჯვის კონტროლის გაძლიერებაზე აუდიტი ადრეც წერდა:

მივლინების თანხა კულტურის მუშაკებს, რომლებიც მივლინებაში არ ყოფილან – აუდიტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: