მთავარი,სიახლეები

„თავისუფლება სააკაშვილს“ – ენმ აჭარაში „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავს აღნიშნავს

23.11.2021 • 1210
„თავისუფლება სააკაშვილს“ – ენმ აჭარაში „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავს აღნიშნავს

დღეს, 23 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ბანერი გამოფინეს წარწერით – #FREESAAKASHVILI – „თავისუფლება სააკაშვილს“.

„ჩვენ დღეს სიმბოლურად გადმოვფინეთ ბანერი, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და ხუთ საათზე ბათუმში, ვარდების სკვერში, ვიკრიბებით, სადაც ღონისძიება გაგრძელდება“ – განაცხადა ფეისბუქზე პირდაპირ ჩართვაში ბონდო თედორაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

მან აღნიშნა, რომ 23 ნოემბერს, როგორც „ვარდების რევოლუციის“ თარიღს, ვერ წაშლიან:

„ჩვენ მიშას თაობა ვართ წარმოდგენილი და ყველაფერი კარგად გვახსოვს, სად ვცხოვრობდით და შემდეგ სად ვიცხოვრეთ. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში კი არა, ქართველ ხალხთან ერთად უნდა იბრძოდეს ქვეყნის ისევ უკეთესი მომავლისკენ.

ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა კი არ დააპაუზა, უკან წაიყვანა, ისევ საბჭოთა კავშირისკენ. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული“ – ამბობს ბონდო თედორაძე.

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავი აქცია გაიმართა გორში, სადაც მოქალაქეებმა ფურცლები მიიტანეს, წარწერით – „მადლობა“. მათ ასევე წითელი და თეთრი ბუშტები გაუშვეს და ქოლგები წარწერით – FreeMisha გაშალეს.

დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვით აქციას გამართავენ „ვარდების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: