46 გარდაცვლილი და 3 410 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

5 დეკემბრის დილის მონაცემებით საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსისგან 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა 3 410 ახალი შემთხვევა.

ამ დროისთვის არსებული კოვიდსტატისტიკა საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 865 293 , ბოლო 24 საათში – 3 410
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 806 596 , ბოლო 24 საათში – 4 732
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12 344 , ბოლო 24 საათში – 46
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 37 714, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 679, PCR ტესტით – 17 035
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,04%, ბოლო 14 დღის – 8,63%, ბოლო 7 დღის – 8,33%
  • სულ აცრილია – 2 234 180, დღიურად აცრილია – 7 413
  • კარანტინის რეჟიმში – 36
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 458
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 242

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა – 157, იმერეთი – 776, ქვემო ქართლი – 179, შიდა ქართლი – 210, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 245, კახეთი – 182, მცხეთა-მთიანეთი – 66, სამცხე-ჯავახეთი – 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 38 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 42 080 ადამიანი.

ამავე თემაზე:

როგორია კორონას ახალი შტამის, “ომიკრონის” სიმპტომები

პროექტი შუახეველი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

„დღეს ქალს ძალიან დიდი შრომა სჭირდება იმისთვის, რომ დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში, შექმნას სხვადასხვა სახის პროექტი, მიიღოს მასში მონაწილეობა ან კიდევ გააძლიეროს სხვა მეგობარი ქალები“, – ამბობს შუახეველი თამილა ლაბაძე, რომელიც მონაწილეობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტში – „ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ .

„ამ პროექტის დასრულების შემდეგ ვფიქრობ წარმატებულ ქალად ჩამოვყალიბდები და დავეხმარები იმ მეგობარ ქალებს, რომლებსაც სურთ მიაღწიონ წარმატებას, ჩამოშორდნენ ყოველდღიურ რუტინას და გზა გაუკვალონ თავიანთ შვილებს უკეთესი მომავლისკენ“, – ამბობს თამილა ლაბაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დაბა შუახევში ჩაატარა ტრენინგი თემაზე – „საპროექტო იდეების შედგენა“. შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში – „ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“.

ტრენინგში მონაწილეობდნენ შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები და ქალები, რომლებიც ორგანიზაციამ კონკურსით შეარჩია.

ტრენინგი დაბა შუახევში

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 30 ოქტომბრიდან ტრენინგები ტარდება როგორც ონლაინრეჟიმში [ZOOM -ის მეშვეობით], ასევე სატრენინგო სივრცეში, კოვიდრეგულაციების დაცვით.

პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, შუახევის მერიასთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – „ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება აფინანსებს. პროექტი გულისხმობს ქალებისა და ახალგაზრდების უფრო ღრმად გარკვევას თვითმმართველობის კომპეტენციებში, ჩართულობის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას მერიასთან და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დროს. აგრეთვე, პროექტების შედგენას და წარდგენას, როგორც მერიაში, ასევე დონორებთან, პეტიციების შედგენას. ვფიქრობ, ეს აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – ამბობს ჯემალ ტაკიძე, პროექტის კონსულტანტი.

მისივე თქმით, „პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განსაზღვრული გამოცდილების გაზიარება, რაც საკმაოდ შედეგიანი იქნება შუახევის მუნიციპალიტეტში“.

ტრენინგი დაბა შუახევში

„პროექტის ფარგლებში გავდივართ სხვადასხვა ტრენინგ-კურსს. ვსწავლობთ, თუ რა არის თვითმმართველობა, როგორი სახის ბიუჯეტი აქვს და როგორ ნაწილდება თვითმმართველობის ბიუჯეტი პროექტების შესაბამისად. ასევე ვსწავლობთ პროექტის სწორად წერას და იმას, თუ როგორ მოვიძიოთ დამფინანსებლები“, – ამბობს ლინდა ტარიელაძე.

პროექტის კიდევ ერთი მონაწილის, იზა ფუტკარაძის მიზანია, ისწავლოს პროექტის წერა, რითაც დაეხმარება სხვა ადამიანებსაც. „შევქმნა ისეთი პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტს, სოფლებს მისცემს მეტ წარმატებასო“.

გურამ მიქელაძე და ანრი მამულაძეც პროექტიდან მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შეეცდებიან დაწერონ პროექტები, „რითაც დაეხმარებიან თავიანთ სოფელსა და თემს განვითარებაში.“

„პროექტი შუახევში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ქალებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ მუნიციპალიტეტისა და თემის განვითარებაში, ასევე განავითარონ საკუთარი თავიც“, – ამბობს პროექტის კიდევ ერთი მონაწილე, მარიკა ქათამაძე.

ტრენინგი დაბა შუახევში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ აცხადებენ, რომ პროექტის მთავარი მიზანია „ერთი მხრივ, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააქტიურება – მათი ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში ჩართულობის და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფით, მეორე მხრივ კი, სამოქალაქო აქტივიზმის შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა და ახალგაზრდების თვითმმართველობის დონზე გააქტიურება“.

პროექტს სულ 25 მონაწილე ჰყავს. 18 წელს ასაკს გადაცილებული ქალები კონკურსის გზით შეარჩიეს. ასევე 25 მონაწილე [16-25 წლის] შეირჩა ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შორის გამოცხადებული შიდა კონკურსით და გასაუბრებით.

ახალგაზრდული ცენტრი, სადაც 14-29 წლამდე ასაკის 78 ახალგაზრდაა გაწევრიანებული, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ შუახევის სოფელ ჭვანაში ორგანიზაციის წარმომადგენლობის ბაზაზე, 2021 წლის ივლისში დააფუძნა.

წარმომადგენლობის ოფისში ციფრული კომპიუტერული ცენტრის ამოქმედებით პროექტის ბენეფიციარებსა და ახალგაზრდული ცენტრის წევრებს აქვთ შესაძლებლობა:

  • ოფისში დასაქმებული თანამშრომლების დახმარებით შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები
  • ელექტრონულ ფორმატში მოიძიონ და დაამუშაონ მათთვის სასურველი ინფორმაცია

ამასთან, გაეცნონ მუნიციპალურ და რეგიონულ პროგრამებს და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ ოფისის ტექნიკით [დაბეჭდონ დოკუმენტები], ელექტრონულ ფორმატში წარადგინონ სხვადასხვა ტიპის პროექტი და ინიციატივა, გააციფრულონ საჭირო დოკუმენტები და გადააგზავნონ ელექტრონულად, ისარგებლონ ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელებით და ა.შ.

ტრენინგის მონაწილეები / დაბა შუახევი

 


მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

„გირჩის“ პერფორმანსი აჭარის მთავრობასთან

დღეს 4 დეკემბერს, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“  აქცია-პერფორმანსი გამართა აჭარის მთავრობასთან. აქციის მიზანი, როგორც აქტივისტები ამბობდნენ, „მწვანე პასპორტებია“, რომელიც მხოლოდ იმ პირებზე გაიცემა, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინაცია აქვს გაკეთებული.

„ვაპროტესტებთ მწვანე პასპორტების შემოღებას ზოგადად, რადგან მიგვაჩნია რომ ადამიანი არ უნდა აიძულოს სახელმწიფომ გააკეთოს აცრა, ეს მოქალაქის გადასაწყვეტია“ – ამბობს მათე კონჯარია, „გირჩის“ აქტივისტი.

მისი აზრით, სახელმწიფომ შესაძლოა ადმინისტრაციულ დაწესებულებებში არ შეუშვას აუცრელი პირი, მაგრამ კერძო პირისთვის ამის დავალდებულება არასწორია.

„თუ მე ვარ ობიექტის მფლობელი, შემიძლია გადავწყვიტო შევუშვა თუ არა აუცრელი ადამიანი“ – ამბობს მათე კონჯარია.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს პანდემია თუკი არ აიცრებიან მოქალაქეები და საფრთხეს შეუქმნიან არა მარტო მათ სიცოცხლეს, არამედ სხვებსაც, მთავრობა კი არ დააწესებს რეგულაციებს, მათე კონჯარია ამბობს, რომ იძულების მექანიზმი ამ შემთხვევაში ისაა, რომ მოქალაქემ თავად გადაიხადოს მკურნალობის ხარჯები, თუკი არ აიცრება, მაგრამ დაინფიცირდება.

გამოფენა-პერფორმანსზე გამოფენილი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ფოტო წარწერით -„თორნიკე ბრექია“.

ასევე გამოფენილი იყო „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის,  პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები წარწერებით, – „ირაკლი უმიწაწყლო“ და „ირაკლი მიამიტი“ მათი ცალკეული გამონათქვამების ფრაგმენტებით.

„გირჩის“ გამოფენა აჭარის მთავრობასთან

ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ფოტოები.

შეგახსენებთ, რომ „მწვანე პასპორტები“ პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქე, რომელსაც არ აქვს მინიჭებული მწვანე სტატუსი ვერ შევა გარკვეულ ობიექტებში.

თუმცა აღნიშნულ პირებს, მწვანე პასპორტი არ მოეთხვებათ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, კვების ობიექტებში და საავადმყოფოებში.

„გირჩის“ გამოფენა

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან საქართველოში 40 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდისგან საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის იმ სახლიდან, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე  სწერდნენ, რომ სახლის მესამე სადარბაზო ავარიულ მდგომარეობაშია. კორპუსის მცხოვრებლები არჩილ ჩიქოვანს მის შესწავლას სთხოვდნენ.

ოფიციალურად, განცხადებით, ამ საკითხზე არჩილ ჩიქოვანს სახლის მესამე სადარბაზოს მაცხოვრებლებმა 2021 წლის 17 აგვისტოს მიმართეს. კორპუსის პირველი სადარბაზო 8  ოქტომბერს ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„მოგახსენებთ, რომ მესამე სადარბაზოს აივნები, განსაკუთრებით 26 მაისისა და კლდიაშვილის ქუჩების კუთხე, იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში. შესამჩნევად დაწეულია აივნების კუთხე, თავისით ვარდება ბათქაში, რომლითაც დაფარულია არმატურა და არმატურის ჟანგიანი ფენა ინტენსიურად.

გთხოვთ უმოკლეს ვადაში შეგვიფასოთ შექმნილი მდგომარეობა და დაგვეხმაროთ პრობლემის აღმოფხვრაში“,  – ვკითხულობთ წერილში.

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებთა წერილი ბათუმის მერიას. წერილი სადარბაზოს ჩამონგრევამდე 50 დღით ადრეა დაწერილი.

2021 წლის 23 აგვისტოს, ამ წერილის ავტორებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე მჟავანაძემ აცნობა, რომ მერიას შესაბამისი პროგრამა არ ჰქონდა:

„თქვენს განცხადებაზე [# 19/1421229171-14] გაცნობებთ, რომ  ა(ა)იპ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პროგრამით არ არის გათვალისწინებული საცხოვრებელ სახლებზე აივნების ან აივნების მოაჯირების სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. აღნიშნული საკითხის წარმოება წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ან ბინის მესაკუთრეების ვალდებულებას.“

 

მერიის საქალაქო სამმართველოს ინფორმაციით, რომელიც ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში გაავრცელეს, 26 მაისის №13-ში მდებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა კორპუსის ჩამოუშლელი ნაწილიც.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: „ვიზუალური კვლევით მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში, 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული შენობის ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომლის აღდგენა-გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარება არარენტაბელურია. საჭიროა განხორციელდეს შენობის დემონტაჟი სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით“.

 

გამოხმაურება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ [18:36] ბათუმის მერიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ:

 

გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას. საკითხი შეეხება 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე III სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქის განცხადებას.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებულ სტატიაში, ინფორმაცია ისეა გადმოცემული, თითქოსდა 26 მაისის #13-ში მდებარე კორპუსის III სადარბაზოდან შემოსულ წერილში დაფიქსირებული პრობლემა დაკავშირებულია I სადარბაზოში მომხდარ ტრაგედიასთან.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ III სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქე ითხოვდა აივნის რეაბილიტაციასა და შენობის მდგრადობის შემოწმებას, რისი შესწავლაც განხორციელდა მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ.

რაც შეეხება შენობის მდგრადობას, მოხდა მისი დათვალიერება, შედეგად დაფიქსირდა მხოლოდ აივნებიდან ბათქაშის ჩამოცვენა, რაც მისი სიძველიდან გამომდინარეობდა. ამას ასევე ადასტურებს უკვე არსებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები, სადაც აღნიშნულია, 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე კორპუსის ჩამონგრევის მიზეზები. კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ შემოსულ განცხადებაში დასმული საკითხი არ უკავშირდება მომხდარ ტრაგედიას.

აღნიშნულ საკითხზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

ილიაუნის პროფესორი ოზგურ ქიში, 2021 წლის ყველაზე გავლენიან მკვლევართა სიაში მოხვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის მიმართულების პროფესორი ოზგურ ქიში Clarivate-ის გავლენიან და ხშირად ციტირებად მკვლევართა (Highly Cited Researchers) 2021 წლის სიაში მოხვდა. საქართველოც, როგორც ქვეყანა წელს ამ სიაში პირველად დასახელდა.

2021 წლის სია 70-ზე მეტი ქვეყნის 6 602 მკვლევრის მონაცემებს მოიცავს და აქედან,  სიაში 24 ნობელის პრემიის ლაურეატია დასახელებული.

როგორც ილიაუნი წერს, „პროფესორი ოზგურის Clarivate-ის გავლენიან და ხშირად ციტირებად მკვლევართა სიაში მოხვედრა იმიტომაცაა სასიხარულო, რომ დღემდე საქართველოში მოღვაწე არცერთი მკვლევრის მონაცემები ამ სიაში არ ასახულა“.

სია აერთიანებს იმ მკვლევრებს, რომელთაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროებში ციტირების მაღალი ინდექსის მქონე ისეთ ნაშრომთა გამოქვეყნებით, რომლებიც Web of Science ციტირების ინდექსის მიხედვით ტოპ 1%-ში არიან დარგისა და გამოქვეყნების წლის ციტატების მიხედვით.

მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ არიან „influential” (გავლენიანი) მკვლევრები, ეყრდნობა Clarivate-ს სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის (Institute of Scientific Information) ბიბლიომეტრიული ექსპერტებისა და მონაცემების მეცნიერთა მიერ დამუშავებულ მონაცემებსა და ანალიზს.

საქართველოს გარდა, წელს ამ სიაში პირველად მოხვდნენ მკვლევარები ბანგლადეშიდან, ქუვეითიდან, მავრიკიდან და მაროკოდან.

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი 5 პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 5 პირი დააკავეს.

შსს ინფორმაციით დაკავებულები არიან:

„1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა.

1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც ბრალდებულია სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი.

1985 წელს დაბადებული ა.ე., რომელსაც თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა.

1988 წელს დაბადებული თ.ა., რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა.

1971 წელს დაბადებული ბ.ი., რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი“.

შსს ცნობით, ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, პოლიციამ 1974 წელს დაბადებული კ.ქ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა“-ამბობს შსს.

გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 4 პირიადანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო 7 დღეში კოვიდი მასწავლებლების 0.8 და მოსწავლეების 0.3 % დაუდასტურდა

კორონავირუსის გამო აჭარაში სრულად დისტანციურზე სწავლობს ერთი სკოლა ხულოში და 105 კლასი რეგიონის სხდასხვა სკოლებში.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად დისტანციურზე იმყოფება კლასები:

  • ბათუმი – 68
  • ქობულეთი -26
  • ხელვაჩაური – 9
  • შუახევი – 1
  • ხულო – 1

ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა სწავლობს დისტანციურად და ცალკეული სკოლების 369 კლასი. ასევე, რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი მუშაობს დისტანციურად.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8 და მოსწავლეების 0.3 პროცენტს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71 პროცენტი.

აჭარაში კოვიდისგან 8 ადამიანი გარდაიცვალა – 4 დეკემბერი

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კოვიდისგან 8 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლინდა ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა.

ამ დროისთვის კლინიკებში 1914 ადამიანი მკურნალობს კოვიდეზე. აქედან  534 პაციენტი კოვიდკლინიკებშია, 263 კოვიდსასტუმროში, ხოლო 1117 პაციენტი ონლაინ კლინიკაში მკურნალობს.

გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 165 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით კი კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში, 40 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მინდა დედა გავხდე და ამისთვის ფულს ვაგროვებ – ემიგრანტი ქალი | პოდკასტი

40 წლის მარიამ ჯორბენაძე ხულოდანაა. იგი 8 თვის წინ დაემშვიდობა ოჯახს და ქუთაისის აეროპორტიდან იტალიაში გაემგზავრა.

ახლა მარიამი იტალიის პატარა ქალაქში მუშაობს და ოცნებობს, რაც შეიძლება სწრაფად შეაგროვოს თანხა, რომ საქართველოში დაბრუნდეს.

მარიამის ემიგრაციაში წასვლის მიზეზი დედობის სურვილია. უშვილობის მკურნალობას ათასობით ლარი სჭირდება, რის შეგროვებასაც მარიამი ხულოში მუშაობით დიდ ხანს ვერ შეძლებდა, საქართველოში კი უშვილობის მკურნალობას სახელმწიფო არ აფინანსებს.

8 თვეა მარიამი იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა, ჯერჯერობით თანხის შეგროვება ვერ დაიწყო, ჯერ მხოლოდ ვალებს იხდის.

რას ნიშნავს ემიგრანტი ქალისთვის ოჯახისგან შორს ყოფნა? – მარიამ ჯორბენაძე „ბათუმელებთან“ ემიგრაციის მიზეზებსა და სამშობლოდან შორს ცხოვრებაზე საუბრობს.

მოუსმინეთ პოდკასტს

 

  • რატომ გავხდი ემიგრანტი – მარიამ ჯორბენაძის ნაამბობი 

ემიგრაციაში წამოსვლა დედობის სურვილმა გადამაწყვეტინა, შვილი არ მყავს და მინდა დედა გავხდე, რისთვისაც საკმაოდ ბევრი ფულია საჭირო, 12 ათასი ევრო უნდა შევაგროვო ამისთვის, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 2 წელი უნდა ვიმუშაო აქ. თუმცა ჯერ ვალები მაქვს და აქამდე არაფერი შემიგროვებია .

ჩემი დღე იწყება იმით, რომ დილის 6 საათზე ადრე ვიღვიძებ, წამალი უნდა დავალევინო ბებოს, მერე გავდივარ აივანზე, ვსვამ ყავას და ვუყურებ, როგორ თენდება, ღრმად ვსუნთქავ და წარმოვიდგენ, რომ საქართველოში ვარ.

რაც ემიგრაციაში ვარ, სულ ბავშვობა მახსენდება.

დღის განმავლობაში მხოლოდ დილით ვგრძნობ თავს შედარებით თავისუფლად.

  • ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში და არავინ გხვდება, გზა მარტო უნდა გაიკვლიო

დილის შვიდისკენ რობოტივით ვიწყებ მოვალეობის შესრულებას. ემიგრაციაში შენ შენ არ ხარ, ყველაფერი აზრს კარგავს და უფერულდება.

გტკივა, არ შეგიძლია, დაღლილი ხარ, გეძინება, გშია, გწყურია… ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით. არის დღეები, როცა შინაგან სისუსტეს გრძნობ, მაგრამ აუცილებლად უნდა ადგე და გააკეთო საქმე.

აქ „არ შემიძლია“ არ არსებობს.

ყველაზე რთული იყო, როცა მოვდიოდი და ოჯახის წევრები მაცილებდნენ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება.

სული მეწვის დედაჩემის მონატრებით, მისი მზერა გონებიდან არ ამომდის, ცრემლმორეული თვალებით რომ მაცილებდა. ალბათ ერთნაირი აზრები გვიტრიალებდა თავში, ალბათ ისიც ჩემსავით ფიქრობდა – „ვაითუ ვეღარ ვნახო“.

ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში და არავინ გხვდება, გზა მარტო უნდა გაიკვლიო, სად, როგორ, ენა არ იცი, არაფერი…. გაუსაძლისი იყო.

ძალიან შეუმზადებლად დავსაქმდი, არაფერი ვიცოდი, ვისთან უნდა შევსულიყავი, რა ხდებოდა, რა მევალებოდა. უბრალოდ, წამიყვანეს და დამტოვეს მოხუცთან, რომელსაც რა უყვარდა, რა უხაროდა, არაფერი ვიცოდი. მხოლოდ „კი“ და „არა“ ვიცოდი იტალიურად.

ოჯახებში თავიდან სხვანაირად გიყურებენ, ჰგონიათ, რომ არასდროს არაფერი გინახავს.

ერთ-ერთ ოჯახში ბებოს ტელეფონი რომ დამიტოვა შვილიშვილმა, ამიხსნა, რომ მწვანე ღილაკით ყურმილი უნდა ამეღო, წითელზე კი გათიშვისას უნდა დამეჭირა.

  •  ხშირად უთქვამთ ჩემზე – რუსიაო. მე ვყვირი: არა, არა, Georgia! საქართველო!

პატარა ქალაქ მოლფეტაში ვცხოვრობ. ხელფასი მაღალი აქვთ, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, გადასარევი კვება, გადასარევი დასვენება, უაღრესად პუნქტუალურები არიან, რაც საქართველოში იშვიათია.

ამ პატარა ქალაქშია ყველაფერი განსაცვიფრებელია და წარმომიდგენია დიდ ქალაქებში როგორ იქნება.

მარიამ ჯორბენაძე მეგობრებთან ერთად

საქართველოში კი არ ვცხოვრობთ, უფრო ვარსებობთ, რომ არ მოვკვდეთ. ყველაფრის ხალისი დაკარგული აქვთ ქართველებს იმდენად გაჭირვებულ და უსამართლო ცხოვრებაში არიან. წამხდარი აქვთ ხასიათი ახალგაზრდებს, შუა ხნის ხალხს…. სულ პრობლემებია…

ხელისუფლების ბრალია, ყველაფერი რომ გვაკლია ქართველებს. მახსოვს ბნელი 90-იანები, საქართველოს აღმშენებლობაც, როცა, როგორც იქნა, რუკაზე გვპოულობდა მსოფლიო და ახლა სად მივდივართ, არ ვიცით. ერთეულები მდიდრდებიან ჩვენს ხარჯზე. ემიგრანტების ხარჯზეც, სხვათა შორის.

ჰგონიათ, რომ საქართველო ეკუთვნის რუსეთს. ხშირად უთქვამთ ჩემზე – რუსიაო. მე ვყვირი – არა, არა! Georgia! საქართველო! ვერც კი ავხსნი, როგორ მაღიზიანებს, როცა ჰგონიათ, რომ საქართველო ეკუთვნის რუსეთს.

დიდი რესურსი აქვს საქართველოს, ასე არ უნდა გვიჭირდეს. ბოღმა მახრჩობს – ჩვენი შესაძლებლობების ქვეყნიდან მომვლელად უნდა ვმუშაობდეთ? გადმოხვეწილები… შეგვიძლია საქართველოშიც დავიხარჯოთ ჩვენი შრომით, მაგრამ სადაა ასე…

  • ვფიქრობ, აქ წამოსვლით არ დავკარგო სიყვარული და ურთიერთობები, რაც საქართველოში მქონდა

მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ადვილად შევეგუე-მეთქი. ყველა ოჯახს თავისი წესები აქვს – რა დროს ჭამონ, რა დროს მოისვენონ. სამ ოჯახში ვიმუშავე და სამივეგან სრულიად განსხვავებული დღის რეჟიმი ჰქონდათ.

ენის პრობლემა დღემდე მაქვს და ბარიერი დისკომფორტს მიქმნის. თუმცა ხალხთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, დამოუკიდებლად ვცდილობ თავი გავართვა. მაფასებენ, ვგრძნობ, რომ რაღაცას წარმოვადგენ მათთვის და ზემოდან არ მიყურებენ.

თუ კარგ ოჯახში ხარ და კარგად გექცევიან, ეს იმ სიცარიელეს ავსებს, რაც მონატრებით, სამშობლოსგან სიშორით გვაქვს და ცოტათი მაინც გვახალისებს.

ემიგრანტობა სასჯელია, ვერავის ვუსურვებ. არაფერს არ წარმოადგენ. რამდენი ევრო უნდა გადაგიხადონ, ეს სიცარიელე რომ შეგივსოს.

სულ ვფიქრობ, აქ წამოსვლით არ დავკარგო სიყვარული და ის ურთიერთობები, რაც საქართველოში მქონდა. აქ რომ ვუყურებ ხალხს, 10-15 წელი მუშაობენ – სული მეყინება და მეშინია. ჩემთვის გაჩერდება სამყარო 10 წელი აქ რომ დავრჩე.

_______________________________________________________________

როგორც იქცა შვილისთვის დამზადებული თოჯინები ბიზნესად

მარიამ შათირიშვილი ბათუმელი ფსიქოლოგია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თავისი შვილისთვის უსაფრთხო სათამაშოს შექმნა გადაწყვიტა.

იუთუბზე ნანახი ინსტრუქციის შემდეგ, ყაისნაღი მოიმარჯვა და პირველი ბაჭია თავისი ფანტაზიით შექმნა.

იმ დღეს, მისდაუნებურად, „ელის“ შექმნის იდეაც დაიბადა: 

„ეს იყო ბაჭია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კომერციული, მაგრამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ეს საქმე იქცა სტარტაპად. 

ჩემი სურვილი იყო,  რომ რაც შეიძლება უსაფრთხო და ეკომეგობრული გარემო შემექმნა ჩემი შვილისთვის, რადგან მაშინ ტყვიის შემცველი სათამაშოების რაოდენობა ბაზარზე ძალიან მაღალი იყო და შემდეგ გადავწყვიტე სხვა ბავშვებისთვისაც დამემზადებინა ასეთი, უსაფრთხო სათამაშოები.

სხვათა შორის, ბრენდს „ელი“ ჩემი შვილის სახელის შესაბამისად ჰქვია, სრული ინსპირაცია არის ელისაბედი“ – გვიამბობს მარიამი. 

მარიამის ხელნაკეთი თოჯინები. ფოტო: Elie • ელი/FB

ახლა ბრენდ „ელის“ უკვე საკუთარი გვერდიც აქვს ფეისბუქზე, სადაც მარიამი მის მიერ დამზადებულ თოჯინებს აქვეყნებს და შეკვეთებსაც იღებს. 

მარიამი ბავშვობიდან არის დაკავებულია ხელსაქმითა და ხატვით. დიზაინის კურსებიც აქვს გავლილი. 

ამბობს, რომ პანდემიისას სათამაშოების დამზადება ფსიქოლოგიურად დაეხმარა და ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ ამ საქმეში პოულობს:

„ყველაფერი მივატოვე და ჩავეშვი მთლიანად ამ საქმეში. ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა პანდემიის პერიოდში, როცა ყველაფერი ჩაკეტილი იყო.

თავიდან იყო მცირე სტარტაპის სახით, ახლა მაქსიმალურად გადართული ვარ ამ საქმეზე. სიამოვნებას ვიღებ და არასდროს არ ვიღლები, შემიძლია დღეში 20 საათი ისე ვქსოვო, რომ არ დავიღალო“ – ამბობს მარიამი. 

მისი თქმით, სათამაშოების ფერები განწყობაზეა დამოკიდებული და მათ შეხამებასა და შერჩევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება:

„სათამაშოს შექმნისას ვხატავ მოდელს, რომელიც მინდა საბოლოო ჯამში გამოვიდეს. შემდეგ ვქმნი სქემას, აქ ცოტა მათემატიკური გათვლებია საჭირო და მერე უბრალოდ ვქსოვ, ვქმნი იმ ფორმებითა და ფერებით, რომლებიც ჩემს გონებაშია.

ფერების შეხამებაც განწყობაზეა დამოკიდებული. ვცდილობ, პასტელური, ნეიტრალური ფერები იყოს ჩემს სათამაშოებში გამოყენებული, იმიტომ, რომ ადრე უფრო იყო მოთხოვნა მკვეთრ ფერებზე, თითქოს ბავშვი მათ უკეთესად აღიქვამდა, სინამდვილეში, ეს ფერები ღლის ბავშვს და უმჯობესია ნაზი ტონები“. 

მარიამის ხელნაკეთი თოჯინა. ფოტო: Elie • ელი/FB

მიზანს, რომელიც „ელის“ შექმნის დღეს დაისახა, დღემდე მიჰყვება და სათამაშოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან ამზადებს:

„თოჯინებს ვქსოვ ბამბის ძაფით, რომელიც განკუთვნილია ზუსტად ბავშვებისთვის და არის ეკომეგობრული. შიგთავსი არის ანტიალერგიული სინტიფონისგან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროდუქცია იყოს ეკოლოგიურად სუფთა“.

მარიამი ჰყვება, რომ სათამაშოს შექმნის ძირითად პრინციპად სწორ მასალასა და მჭიდროდ ქსოვას მიიჩნევს:

„ძირითადი პრინციპი სათამაშოს შექმნისას ჩემთვის ის არის, რომ სწორი მასალა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს მაქსიმალურად ვიწრო ყაისნაღით, მჭიდროდ ნაქსოვი, რომ ის სინტიფონი, რომელიც ანტიალერგიულია, არ უნდა მოძვრეს. ბავშვისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო“. 

ნაქსოვი სათამაშოს შექმნას საშუალოდ ერთი დღე სჭირდება, თუმცა ზომა და სირთულე ხშირად განმსაზღვრელია და 1 სათამაშოს შესაქმნელად ხან 2 დღეც დასჭირვებია. 

„ხშირად იმართება ფესტივალები, გამოფენებშიც ვიღებთ მონაწილეობას და აქ უკვე მზა პროდუქცია ძალიან მნიშვნელოვანია. პლუს ამას, გვაქვს დახლები რამდენიმე მაღაზიაში, ვიღებთ ონლაინ შეკვეთებს და შესაბამისად, მუდმივად მზადების პროცესში ვართ“ – ამბობს მარიამი. 

სათამაშო, რომელიც მისი შვილისთვის შექმნა, მისთვის ძალიან ძვირფასია, ამიტომ მის გაყიდვას არც განიხილავს:

„არასდროს არ გავყიდი პირველ სათამაშოს, რომელიც ჩემს შვილს მოვუქსოვე  და კიდევ რამდენიმეს, რომლებიც მისთვის გავაკეთე“. 

ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის კონკურსში – „იდეებიდან წარმატებამდე”, რომელიც UNDP-ისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, მარიამმა გრანტი მიიღო და საკუთარი სახელოსნოს მოწყობაც შეძლო:

„კონკურსში გამარჯვების შემდეგ სახელოსნო მომიწყვეს სასურველი ტექნიკითა და ინვენტარით, რამაც ძალიან გამიადვილა საქმე, ტექნიკების დახმარებით უფრო სწრაფად, უფრო მრავალფეროვანი პროდუქტის შექმნის შესაძლებლობა მომეცა“.

ახლა „ელი“ ეკომეგობრული სათამაშოების გარდა საბავშვო თეთრეულსა და საწოლის მუსიკალურ სათამაშოებსაც ამზადებს.

მარიამის ხელნაკეთი თოჯინები. ფოტო: Elie • ელი/FB

წულუკიანი ისტორიულ მეჩეთებზე: მზად ვარ, ეს უნიკალური მემკვიდრეობა აღვადგინოთ

დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტარმა ტარიელ ნაკაიძემ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებზე ისაუბრა და კულტურის მინისტრს, მათ შენახვა-რესტავრაციასთან დაკავშირებულ გეგმებზე ჰკითხა.

„თქვენ გასაოცარი ფოტოები გვაჩვენეთ, თუ თქვენთვის ეს პოლიტიკურად მისაღები იქნება, მე მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად ეს მეჩეთები მოვინახულო… მზად ვარ, რომ ეს უნიკალური ხის კულტურული მემკვიდრეობა, თუ კი ეს კიდევ შესაძლებელია და სადაც შესაძლებელია, აღვადგინოთ”, – თქვა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში ხით ნაგები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია, სპეციალისტების დეფიციტის გამო ჭირს, რის გამოც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა კრაკოვის ეთნოგრაფიულ მუზეუმთან.

„იგივე პრობლემები აქვს ქრისტიანულ ხის ნაგებობებს და ამისთვის ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი კრაკოვის ეთნოგრაფიულ მუზეუმთან. იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ჩამოვთვალე, გვჭირდება ხის ნაგებობების და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის პროფესიონალი სპეციალისტები. ამ მუზეუმთან ერთად, ჩვენ ჩვენი ხის ოსტატების და სხვა პირების კვალიფიკაციას გავზრდით და პროფესიონალიზმს შევძენთ მათ იმიტომ, რომ ეს პროფესიებიც იკარგება.

მე მოკრძალებით მოგიწოდებდით, არ გეგონოთ, რომ ეს ამ დღეშია იმიტომ, რომ მეჩეთია, ძალიან ბევრი ქართული ოდაა, რომელიც იქცევა, იმიტომ, რომ ადამიანი არ დარჩა, რომელიც შეძლებს ამას მიხედოს. პროფესიები ქრება.

ჩვენ დავიწყეთ ერთ-ერთი უნიკალური ხის ოდის აღდგენა ხიდისთავში და ასევე რაჭაში, გოგოლებში აღვწერეთ ხის ოდები, რომლებიც რაჭული ცნობილი ოსტატობითაა გაკეთებული და იქაც, თუ არ მიეხედა, იმიტომ რომ ხის ნაგებობაა, შეიძლება განადგურდეს. თქვენის ნებართვით, კატეგორიულად არ დავინახავ აქ რაიმე ტიპის ნიშანს, თუ რატომ არის აქ ასე და სხვაგან ისე, იმიტომ რომ ყველგან ერთნაირი მდგომარეობაა”, – თქვა წულუკიანმა

მთავარ ფოტოზე: 187 წლის მეჩეთ სოფელ ზვარეში

 

ზვარეში 187 წლის მეჩეთი ნადგურდება, ნაგებობას ძეგლის სტატუსი აქვს

„მხოლოდ ფურცელზე არსებული უფლება არ არის უფლება“ – შშმ პირების მსვლელობა ბათუმში

დღეს, 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში მცხოვრებმა შშმ ადამიანებმა, მათი ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა ბათუმში მსვლელობა გამართეს.

„ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც სახლებში უნდა ვისხდეთ, რომლებსაც არ უნდა გვქონდეს განათლების, დასაქმების შესაძლებლობა. ჩვენი მთავარი მიზანია, მივაღწიოთ დამოუკიდებელ ცხოვრებას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული დედაზე, მამაზე ან სხვა ვინმეზე“- ამბობს ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე, რომელიც წლებია შშმ პირთა უფლებების დასაცავად მუშაობს.

ამ მსვლელობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, ხელისუფლებას, რომ მათ აქვთ უფლება იცხოვრონ ადაპტირებულ გარემოში და ჰქონდეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობა.

შშმ პირების მსვლელობა ბათუმის ქუჩებში

„ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყოს გარემო, ბრაილის შრიფტი მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება, ჟესტური ენა – სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის და ყველა ის სიკეთე, რასაც სხვა მოქალაქეები იღებენ ამ ქვეყანაში. შშმ პირები ჩართული უნდა ვიყოთ ქვეყნის კულტურულ, შემეცნებით და პოლიტიკურ ცხოვრებაში“ – ამბობდნენ  მსვლელობაში მონაწილე პირები.

მსგავსი მსვლელობა ბათუმში პირველად გაიმართა. მსვლელობაზე შშმ ადამიანებმა ტრანსპარანტებით ყველა იმ პრობლემას გაუსვეს ხაზი, რის წინაშეც დგანან დღეს.

მსვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი მოქალაქე მიიჩნევს, რომ დღეს შშმ ადამიანებს დასაქმება უჭირთ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა შშმ ადამიანებთან მიმართებაში.

„მინდა შეიცვალოს დამსაქმებლების დამოკიდებულება, მინდა შეიცვალოს სტერეოტიპები“ – გვითხრა მან.

იურისტი რამინ მაჭარაშვილიც შშმ პირია. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ კანონების მიღება არ კმარა და პრაქტიკაში უნდა გამოჩნდეს ის ცვლილებები, რაც ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზეა ასახული.

„მხოლოდ კანონების შექმნა არ არის საკმარისი, აუცილებელია მისი აღსრულებაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ფურცელზე არსებული უფლება არ არის უფლება.

სახელმწიფომ და ზოგადად, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ხელმისაწვდომი გარემო საჭიროა არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც. ჩახერგილი ტროტუარები მარტო ჩვენთვის კი არ არის პრობლემა, მოხუცებსაც უჭირთ გადაადგილება და იმ ადამიანებს, ვინც ეტლით მიჰყავთ ბავშვები“- ამბობს რამინი.

მსვლელობის მონაწილეების თქმით, გარემოს ადაპტირების პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს ქვეყანაში და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს.

შშმ პირები ბათუმში

„როცა რაიმე გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველობა, იქნება ეს ქუჩების გაკეთება თუ სხვა რამ, ჩვენც უნდა ჩაგვრთოს პროცესში, რომ იცოდნენ, რა გვჭირდება რეალურად. ხშირადაა გადათხრილი ქუჩები, მცირედმხედველი ადამიანებისთვის არ არის ადაპტირებული გარემო და მოშლილია უსინათლოთა ბილიკები“ – გვითხრა მსვლელობის კიდევ ერთმა მონაწილემ.

მსვლელობის მონაწილეების თქმით, მათთვის ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვის სერვისები და სოციალური შემწეობაც საარსებო მინიმუმთან უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში.

შშმ ბავშვების მშობლებმა ასევე ისაუბრეს პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე.

მათი თქმით, პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გართულდა შშმ ბავშვების მდგომარეობა, რადგან ისინი, ფაქტობრივად, ორი წელია სახლი არიან ჩაკეტილი. „დღის ცენტრების გარდა სახელმწიფო სხვა არაფერს გვთავაზობს, ვფიქრობ, მეტი სერვისია საჭირო ჩვენი შვილების განვითარებისთვის“- ამბობენ მშობლები.

შშმ პირების მსვლელობა ვარდების სკვერიდან დაიწყო და ბათუმის დრამატული თეატრის წინ დასრულდა. მსვლელობა გაიმართა  ორგანიზაციების – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ინიციატივით.

„ბულვარი უნიკალური და ყველაფრის ფასად დასაცავია“ – ინტერვიუ ნორვეგიის ელჩთან

„მომავალი გვკარნახობს, რომ უნდა გამოვნახოთ ცხოვრებისა და შენების ბევრად უფრო მდგრადი გზა, რაც ალბათ ითვალისწინებს არა მრავალსართულიან შენობებს, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეებს,“ – აღნიშნა ინტერვიუს დროს ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენმა. მას სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან ერთად ვკითხეთ ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით ნორვეგიულ გამოცდილებაზე, ასევე ნიუსრუმიდან დავანახეთ ბათუმის ბულვარში მიმდინარე უკანონო მშენებლობა.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუში ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში საუბრობს ერთობლივ პროექტებზე განათლების, საზღვაო სფეროში თანამშრომლობის და გარემოს დაცვის კუთხით. ელჩს ვკითხეთ იმაზეც, რა გამოსავალს ხედავს ქართული პოლიტიკური კრიზისიდან.

  • ქალბატონო ჰელენ, პირველ რიგში, მოგვიყევით იმ პროექტების შესახებ, რომელიც საელჩოს გახსნის შემდეგ განახორციელეთ საქართველოში.

ფოკუსირებული ვართ კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე და ეფექტიან მმართველობაზე, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის გაძლიერება, განსაკუთრებით ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ინკლუზიური საზოგადოების აშენება. გვაქვს პროგრამები ინკლუზიურ განათლებაზე გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად. მხარს ვუჭერთ სხვადასხვა უმცირესობის  – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ეთნიკურ თუ სექსუალური უმცირესობის უფლებებს.

ვცდილობთ საქართველოს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ნორვეგიას აქვს. ერთ-ერთი მსგავსება ჩვენს ქვეყნებს შორის წყლის რესურსებია, რომლის მართვაშიც დიდი გამოცდილება გვაქვს, ისევე, როგორც ჰიდროენერგიის სფეროში. ჩვენ ამ გამოცდილებას მთავრობას ვუზიარებთ ნორვეგიის შესაბამისი უწყებისა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში. ამასთან, მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ მედიას, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს“ და სხვა რეგიონულ ინიციატივებს, რომლებშიც მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ყველას ჩამოსათვლელად საკმარისი დრო არ არის.

  • თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა?

მიჭირს რომელიმეს გამორჩევა, რადგან საქართველოს დემოკრატიზაციის მხარდაჭერისთვის და სოციალური განვითარებისთვის ყველა ეს კომპონენტი აუცილებელია. თუ რომელიმე უნდა გამოვყო, ალბათ, ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება – ეს ყველა სახის მდგრადი განვითარების საფუძველია.

ისე ჩანს, თითქოს ევროპის საბჭოს მუშაობა მხოლოდ კანონმდებლობას ეხება, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი მიმართულია ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ძალაუფლების გადანაწილება – რომ პარლამენტი იყოს ძლიერი და ასრულებდეს საზედამხედველო ფუნქციებს, რომ ხალხის ხმა გაიგონონ და პატივი სცენ. მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი.

  • რაც შეეხება ბათუმს, რა შეხვედრები გქონდათ აქ? 

ბათუმში ვიზიტისას მთავარი ამოცანა საზღვაო სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობის ძიება იყო. ჩვენ გავაერთიანეთ ძალები საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩთან შავი ზღვის საკითხებში, რადგან გვსურს ვნახოთ, როგორ შეუძლია თანამშრომლობა საქართველოსა და ნორვეგიას, როგორც ორ საზღვაო ქვეყანას. ვხედავ პოტენციალს სავაჭრო თანამშრომლობისა და ზღვის დაბინძურებასთან ბრძოლის მიმართულებებით – ეს უკანასკნელი მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას.

  • ნორვეგიული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება თუ განიხილება?

ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც ვმუშაობთ. შეხვედრები გვქონდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში და ფოთის საწვრთნელ ცენტრში. ვიკვლევთ, როგორ შეუძლია ნორვეგიას აღიაროს საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატი, რაც ქართველ მეზღვაურებს ნორვეგიის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე დასაქმების საშუალებას მისცემს. ასევე, ვიკვლევთ საზღვაო სფეროში საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ჩვენი საუბრის თემაა ასევე ის, თუ როგორ შეგვიძლია გავაღრმაოთ საგანმანათლებლო თანამშრომლობა თევზჭერისა და სხვა სფეროებში, როგორ გავაძლიეროთ კვლევის საკითხებში უნივერსიტეტებსა და საზღვაო აკადემიებს შორის თანამშრომლობა.

ეს სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს და ქართველებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ნორვეგიული გამოცდილებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა თევზჭერა, ზღვის რესურსების მართვა, და ა.შ.

  • რა პერსპექტივაა ზოგადად ნორვეგიაში დასაქმებაზე – ხომ არ იგეგმება სამუშაო ვიზის მიღების პროცედურის გამარტივება?

ნორვეგიაში, სფეროების უმეტესობაში უცხოელთა დასაქმების საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა გვაქვს. ეს არ არის საკითხი, რომელზეც ვმუშაობთ.

ჩვენ უფრო ფოკუსირებულები ვართ სამუშაო ადგილების შექმნაზე საქართველოში და ვითარების გამოსწორებაზე სოციალური და ადამიანის უფლებების კუთხით.

  • თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც საქართველოში არსებობს?

საკმაოდ რთული კითხვაა. ჩემი გადმოსახედიდან, საქართველო განიცდის საკმაოდ ღრმა პოლარიზაციას, რაც არაა მხოლოდ პოლიტიკური. აქ გატარებული ორი წლის განმავლობაში ვიგრძენი, რომ პოლარიზაციამ საზოგადოების ყველა ასპექტი მოიცვა. ეს გვაწუხებს.

როგორ შეიძლება ამის მოგვარება? სამწუხაროდ, ასეთი „შელოცვა“ არ მაქვს. დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა პოლიტიკური დიალოგის მხოლოდ პროტესტით და შეურაცხყოფით წარმართვის შეწყვეტა. შესაძლებელი უნდა იყოს დაჯდომა და საუბარი; ასევე, ყველას, ვინც პოლიტიკაშია ჩართული, უნდა ჰქონდეს მოსმენისა და კომპრომისის სურვილი. ეს ერთადერთი გზაა წინ.

  • „ბათუმელებს“ მარტში განუცხადეთ, რომ „მმართველმა პარტიამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“. ივლისში „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა და უარი თქვა ევროკავშირის შეღავათიან სესხზე. რას აჩვენებს ასეთი დამოკიდებულება?

ყოველთვის მჯეროდა, რომ პასუხისმგებლობის უფრო დიდი წილი მთავრობას აკისრია. მთავრობა მოსახლეობის არჩეულია, ისინი ანგარიშვალდებული არიან ხალხის წინაშე. მათ აქვთ მოსმენისა და თანამშრომლობის ვალდებულება.

რა თქმა უნდა, რთულია, თუ ოპოზიციას არ სურს კონსტრუქციული ჩართულობა – ტანგოსაც ხომ ორი ადამიანი ცეკვავს. ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, როცა „ოცნებამ“ შეთანხმება დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია ევროკავშირის წევრი არაა, ჩვენი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში დიდწილად ევროკავშირისას ჰგავს. ვფიქრობთ, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან დიდი ძალისხმევა და კომპრომისი ჩაიდო ამ შეთანხმების მიღწევაში. სამწუხაროა მისი დატოვება, ისევე როგორც ის, რომ უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ მას ხელი არ მოაწერა და ეს მხოლოდ „ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ გააკეთა. ეს, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური თამაშია.

  • ამ მოცემულობაში რა რესურსი აქვს ქვეყანას დემოკრატიის გასაძლიერებლად?

ვუბრუნდებით კითხვას ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე.

ნორვეგიის გადმოსახედიდან, ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, როგორიცაა „ბათუმელები“, რათა მოვნახოთ გზები ჩართულობისთვის და ხალხის ხმის მოსმენისთვის, ისევე როგორც ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც ზოგჯერ ფულად დახმარებას გულისხმობს ნორვეგიის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. საკმაოდ ხშირად ეს ასევე მოიაზრებს მათი საქმიანობის მიმართ სიტყვიერ მხარდაჭერისა და თანადგომას.

  • ვიცით, რომ ევროკავშირის შეღავათიანი კრედიტის გაცემა, რომელზეც ხელისუფლებამ უარი თქვა, დამოკიდებული იყო სასამართლო რეფორმებზე. სასამართლოს პროგრესის გარეშე რამდენადაა შესაძლებელი დემოკრატიული წინსვლა?

გულწრფელად გითხრათ, ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ეს იყოს შესაძლებელი. დამოუკიდებელი სასამართლო – სამართლიანი პროცესი და სასამართლოსადმი ნდობა ყველანაირი ნდობის ქვაკუთხედია, იქნება ეს ნდობა საზოგადოების, ხალხის თუ უცხოელი ინვესტორის მხრიდან.

რეალური სასამართლო რეფორმა პროგრესისთვის აუცილებელია.

  • ნორვეგიის საელჩომ საქართველოში დაიწყო პროექტი ინკლუზიურ განათლებაზე. ამ ეტაპისთვის რა გამოჩნდა? 

ინკლუზიური განათლების მიმართულებით ბოლო ათი წელია ვთანამშრომლობთ საქართველოსთან; ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ინტეგრაცია, როგორ უნდა მიიღონ მათ ხარისხიანი განათლება და მოახერხონ სრულად რეალიზება. ეს თანამშრომლობა ათი წლის წინ დაიწყო, შემდეგ იყო მცირეხნიანი პაუზა. თანამშრომლობა შარშან განახლდა, როცა ახალ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი.

გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს გადავიდეს სისტემიდან, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ერთ დაწესებულებაში განთავსებას მოიაზრებს, რათა უფრო მეტმა ბავშვმა შეძლოს საკუთარ სახლთან ახლოს სწავლა და მეგობრების შეძენა. ჩვენი მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა მშობლებში და განსაკუთრებით სხვა ბავშვების მშობლებში ცნობიერების ამაღლება, მათ შორის იმაზე, რომ  ჩვეულებრივი მოვლენაა თუ მათი შვილის კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი იქნება.

პროექტის მიზანია ისიც, რომ მასწავლებლებმა უკეთ შეძლონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთათვის განათლების მიცემა.

  • ამ პროექტის დაწყებამდე არსებული მოლოდინები შენარჩუნდა, თუ გამოჩნდა ახალი გამოწვევები?

ეს პროექტი საქართველოს განათლების სამინისტროს, კერძოდ, მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის ინიციატივით დაიწყო. მან თავად შეისწავლა ინკლუზიური სწავლების პრინციპები ნორვეგიაში, ამიტომ კარგად ესმოდა, რა პრინციპებს მივდევთ. მას ასევე ესმოდა საქართველოს განათლების სისტემის საჭიროებები. გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და ის, რომ ნორვეგიას ამ მიმართულებით ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე მეტს ვერაფერს დავამატებ.

  • როგორც ვიცი, ასევე გვაქვს თანამშრომლობის პროექტები გარემოს დაცვის კუთხით.

შემიძლია ვახსენო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა CENN-თან (კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) და გარემოს დაცვის სამინისტროსთან პლასტმასით დაბინძურების პრევენციის ეროვნულ პროგრამაზე. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა გეგმა, როგორ მოხდეს პლასტმასით დაბინძურების მართვა საქართველოში. რა თქმა უნდა, საჭიროა ამ გეგმის ყველა დონეზე განხორციელება, რადგან პლასტმასით დაბინძურება მსოფლიოს ახრჩობს. ყოველწლიურად პლასტმასის საერთო წარმოება 300 მილიარდ ტონას აღწევს. ეს მთელი კაცობრიობის საერთო წონაა. უნდა გამოვნახოთ გზა დაბინძურების მნიშვნელოვნად შესამცირებლად; უნდა გვქონდეს ნარჩენების დახარისხების, მართვისა და გადამუშავების სისტემები.

ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს ზღვის დაბინძურების პრობლემაზე. როგორც ბათუმელმა გარემოს დამცველებმა მითხრეს, შავი ზღვის პლასტმასით დაბინძურება საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამიტომ, ამ პოლიტიკის შემუშავებისა და პარლამენტის მიერ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ დაველოდებით მის განხორციელებას; მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა ქაღალდზე არ დარჩეს და ყველა მუნიციპალიტეტმა გაატაროს – მოხდეს ნარჩენების დახარისხება და დაბინძურების პრევენცია. ეს ნიშნავს, რომ დგას თანამშრომლობის საჭიროება ეროვნულ, რეგიონულ, მუნიციპალურ, ინდივიდუალურ და ბიზნესის დონეზე. იმედია, განხორციელდება პოლიტიკა: „დააბინძურე = გადაიხადე“.

  • რა გაცვლითი პროგრამები გვაქვს ამ ეტაპზე ნორვეგიასთან?

20 წელზე მეტი გრძელდება თანამშრომლობა სამედიცინო სფეროში თბილისის სახელმწიფო და თრომსოს უნივერსიტეტებს შორის. ასევე, ნორვეგია აფინანსებს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა (მათ შორის საქართველოდან) ერთი ან ორი სემესტრით სწავლას რიგაში. ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, მაგისტრანტებისთვის მოქმედებს პროგრამა ჰიდროენერგიისა და წყლის რესურსების მართვაში.

  • რატომ წყლის რესურსების მენეჯმენტი?

ორივე ქვეყანას აქვს წყლის დიდი რესურსი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი შესაბამისი მართვა. ამჟამად ნორვეგიაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 96% ჰიდროენერგიაზე მოდის. გვაქვს ეს გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია. შეგვიძლია ავუხსნათ საქართველოს მთავრობას, როგორ ვმართავთ ამ რესურსებს ნორვეგიაში, მათ შორის წყლისა და მიწის მფლობელობის საკითხებში. ამ ყველაფრის სასწავლებლად არის სამაგისტრო პროგრამა, რომელზე მოსახვედრადაც ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიებს გავცემთ.

  • რა არის მთავარი, რაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ჰესების პროექტების განხილვისას, არსებული პროექტების კრიტიკის ფონზე? რა უნდა იყოს ამ დროს მოსახლეობის მოთხოვნა – რომ არ დავზარალდეთ და სწორად ავითვისოთ წყლის რესურსი?

ჩვენ ამ სფეროში საქართველოს მთავრობას საკუთარი გამოცდილების გაზიარებას ვთავაზობთ. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ურთიერთობა ადგილობრივებთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი – რესურსების უმეტესობას ადგილობრივები ფლობენ. ამიტომ, აქ ყოველთვის ასარჩევი იქნება: ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც ტურისტებს იზიდავს და თევზჭერის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, ელექტროენერგიით ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის შესაძლებლობა. ამიტომ, მათ უნდა ჰქონდეთ საკითხის გადაწყვეტაში როლი და უნდა იყვნენ დისკუსიებში ჩართულები.

თუ გადაწყდა ჰესის აშენება, უნდა არსებობდეს ანაზღაურების სისტემა ადგილობრივებისთვის. ისინი კარგავენ რესურსს და სანაცვლოდ რაიმე უნდა მიიღონ. საჭიროა უზრუნველყოფა, რომ მათ მიეცეთ კომპენსაცია. ჩვენ ეს გაკვეთილი საკუთარი გამოცდილებიდან ვისწავლეთ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ჰესის საკუთრების მოდელი. ჩვენი გამოცდილებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ჰესი აკონტროლოს გარკვეული ხარისხით, რადგანაც საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსებზე.

გვესმის, რომ საქართველო დამოკიდებულია სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტზე, ხოლო მოთხოვნა ელექტროენერგიაზე იზრდება. გაქვთ შესაძლებლობა გამოიმუშაოთ სუფთა ენერგია, რაც კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია. მეზობელ ქვეყნებზე მწვავე დამოკიდებულების არქონა – ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ენერგიის ისეთი წყაროების განვითარება, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. საჭიროა ამ ყველაფრის ახსნა ხალხისთვის, რომ მათ გაიგონ: ეს შეიძლება ცუდი ახლა იყოს, მაგრამ სამომავლო სასარგებლო გახდეს ადგილობრივებისთვის – როგორც მოკლევადიანად (კომპენსაციის მიღება), ასევე გრძელვადიანად (ის, რომ მომავალ თაობებს ჟანგბადი ექნებათ).

  • ბოლოს ბათუმზე მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, განვითარების რა რესურსი აქვს ამ ქალაქს? 

ბათუმში მეექვსედ ვარ. პირველად დაახლოებით 12 წლის წინ ჩამოვედი. შევამჩნიე ცვლილებები ქალაქში. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ყოველთვის მომწონს ქალაქის ავთენტურობა და უნიკალურობა, მისი კულტურული მემკვიდრეობა.

მჯერა, რომ ჯანმრთელი ურბანული გარემო ქვაკუთხედია არა მხოლოდ უცხოელი ტურისტების, არამედ ადგილობრივების საჭიროებების. ვფიქრობ, ბულვარი უნიკალური და ყველაფრის ფასად დასაცავია.

  • როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მაშინ, როცა მთავრობა ამბობს, რომ ინვესტიციები და, შესაბამისად, ახალი შენობები გვჭირდება?

მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მდგრადი განვითარების მისაღწევად ქალაქი ადგილობრივებისთვის იყოს კარგი. უნდა არსებობდეს ურბანული განვითარების გეგმა, რაც არ შეზღუდავს სამუშაო ადგილების რაოდენობას სამშენებლო სფეროში და გაითვალისწინებს ადამიანებზე მორგებულ მშენებლობებს.

ჩემი აზრით, უნდა გამოვნახოთ ცხოვრებისა და შენების ბევრად უფრო მდგრადი გზა, რაც ალბათ ითვალისწინებს არა მრავალსართულიან შენობებს, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, განვითარება შეეხოს არა მარტო სანაპირო ზოლს, არამედ თანაბრად მოიცვას ზღვისპირა ზოლის მიღმა არსებული ტერიტორიებიც.

  • ჩვენი ნიუსრუმის ფანჯრიდან ვხედავთ უკანონო მშენებლობას ბათუმის ბულვარში – შეგიძლიათ გაგვიზიაროთ მწვანე სივრცეების და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გამოცდილება?

საჭიროა ხალხის ჩართულობა, ცნობიერების ამაღლება და იმის გააზრება, რომ მსოფლიო იცვლება და ჩვენ, როგორც ადამიანები, ზედმეტად დიდ ზიანს ვაყენებთ დედამიწას. დადგა დრო გადავიაზროთ ურბანული სივრცის მოწყობა.

მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობაც. თუმცა, ხალხის ჩართულობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა მათ საკითხის მნიშვნელობა ესმით. მთავრობამ უნდა მოისმინოს ხალხის ხმა და პასუხისმგებლიანად, გლობალური ვალდებულებების შესაბამისად მოიქცეს.

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ქალაქ ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1990 წელს დაბადებულ ი.ი.-ს გულმკერდის არეში დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჯ.ც. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.<

ჰურიე აბაშიძეს ხულოდან „ადამიანის უფლებათა ტიტა“ გადასცეს

სამოქალაქო აქტივისტმა ჰურიე აბაშიძემ ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო.

ჯილდო მას  2 დეკემბერს გადაეცა.  ჰურიე კონკურსში წარდგენილი იყო რონდელის ფონდის მიერ.  

ჰურიე ახალგაზრდა აქტივისტია ხულოდან. იგი თემის განვითარებაზე, მუსლიმი ქალების საჭიროებებზე მუშაობს, ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და  ახალგაზრდების სათემო მობილიზაციაზე, მათ თვითმმართველობაში აქტიურ ჩართულობაზე. ჰურიე ერთ-ერთი თანადამფუძნებელია ორგანიზაციისა – „სოლიდარობის თემი“

„ეს ჯილდო ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის, იმიტომ, რომ ადამიანების უფლებებზე ვსაუბრობთ და ამ მიმართულებით როცა გირჩევენ, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც წარმოადგენ ან ფიქრობ, რომ წარმოადგენ.

ძალიან ემოციურია, მივხვდი, რომ რასაც ვაკეთებ რეალურად უშედეგოდ არაფერი არ მიდის, თურმე ძალიან ბევრი ხედავს და სასიამოვნოა ეს ფაქტორი, ჯერ კიდევ ვერ გამოვედი ემოციებიდან. მნიშვნელოვანია არ მოვდუნდე, ეს მნიშვნელობა მიენიჭა გუშინდელ საღამოს ჩემთვის“ – გვითხრა ჰურიე აბაშიძემ. 

იგი დაჯილდოების ცერემონიალს დედასთან ერთად ესწრებოდა. 

„მინდოდა, დედაჩემს ენახა, ამ პროცესის მონაწილე ყოფილიყო. დედაჩემი იყო, ვინც პირველმა გაიზიარა ჩემი ემოციები. 

დედაჩემის დამსახურებაა აქამდე რომ მოვედი, აქტიური ვარ, სხვადასხვა პროცესში ვარ ჩართული, არ ვნებდები და ყოველდღე მეტი შემართებით გამოვდივარ სახლიდან“ – ამბობს ჰურიე. 

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში უკვე მეოთხედ მართავს ამ კონკურსს.

„სახლი დაგვეწვა“ – 10-სულიანი ოჯახი ხულოში ზამთარს უსახლკაროდ ხვდება

ხულოში, სოფელ სხალთაში, შაინიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი წელს, 21 მარტს დაიწვა. ოჯახში ათი ადამიანია, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი ბავშვი. სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე სულიკო გაბაიძე მცირედმხედველია და შშმ პირის სტატუსი აქვს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი მისი, როგორც შშმ პირის პენსია და სოციალური შემწეობაა.

ხანძარმა შაინიძეების სახლში ყველაფერი გაანადგურა. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ავეჯი.

როცა სახლი დაიწვა, ხულოს მერიამ პროგრამის ფარგლებში ოჯახს 15 ათასი ლარი გამოუყო. თუმცა როგორც სულიკო გაბაიძე გვეუბნება, ამ თანხით ცემენტი და არმატურა ძლივს იყიდეს და იძულებული გახდნენ, ბანკიდან სესხი გამოეტანათ, რომ ერთი სართულის კედლები მაინც ამოეყვანათ. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ოთახების მოწყობას ზამთრის დადგომამდე შეძლებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

ზამთარი მოვიდა, შაინიძეების ოჯახი კი ისევ უსახლკაროდაა.

„მერიაში გვითხრეს, ამის მეტი დახმარება არ იქნებაო, ამიტომ იძულებული ვიყავი 12 ათასი ლარი გამომეტანა ბანკიდან. ახლა პენსიის და სოციალური დახმარების 600 ლარი ბანკში მიდის. ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, ჩემი შვილი და იმასაც პატარა ბავშვები ჰყავს. საჭმელი და წამალი ხომ სჭირდებათ ბავშვებს. მთელი ოჯახი ერთი ადამიანი სარჩენი გავხდით, ამ დროს მასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“ – გვეუბნება სულიკო გაბაიძე.

შაინიძეებმა მერიის მიერ გაცემული კომპენსაციით მხოლოდ ერთი სართულის კედლების ამოყვანა შეძლეს

ოჯახმა ბანკიდან გამოტანილი სესხით ერთსართულიანი სახლის კედლები ამოიყვანა, თუმცა გადახურვისთვის თანხა მაინც არ ეყოთ. ახლა ქალბატონი სულიკო იმაზე წუხს, რომ თუ სახლი არ გადაიხურა, ამ ზამთარში შესაძლოა წვიმამ ისიც გააფუჭოს, რაც გაკეთდა.

იგი დარდობს, რომ პატარა ბავშვებს სიცივეში მოუწევთ ზამთრის გატარება.

სახლის დაწვის შემდეგ ათსულიანი ოჯახი იმავე სოფელში ერთ-ერთი მიტოვებულ შენობაში გადავიდა დროებით საცხოვრებლად, თუმცა როგორც სულიკო გვეუბნება, სახლში ზამთრის გატარება ძალიან რთული იქნება, რადგან ფანჯრები და კარები მორყეულია, იატაკი დაზიანებული. სახლში არც ავეჯია და არც სხვა საჭირო ნივთები.

„გადასაყრელად ვისაც ჰქონდა რაღაც მეორადები, გამოვართვით და ასე შევაკოწიწეთ საწოლები“ – ამბობს სულიკო გაბაიძე.

ათსულიან ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. „იქნებ სახურავის გადახურვაში მაინც დაგვეხმარონ“ – გვეუბნება ის.

_______________

ფოტოზე: სულიკო გაბაიძე

მე არ მომწონს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს – წულუკიანი ბულვარში „ამბასადორის” მშენებლობაზე

დღეს, 3 დეკემბერს, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბათუმის ბულვარში”ამბასადორის” მშენებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა:

„მე პირდაპირ გეტყვით, რომ ის „ამბასადორი“, რომელიც აშენდა, არა იმიტომ, რომ ცუდი სასტუმროა, არა იმიტომ, რომ ულამაზო პროექტია, არა – ლამაზი სასტუმროა, მაგრამ იქ, სადაც დგას, არის სიმახინჯე.

მე არ მომწონს, გითხარით, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს.

რომ არ მომწონს, ამაში ჩვენ ვემთხვევით. პრობლემა ის არის, რომ კანონით მე არ მექვემდებარება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ასევე, აჭარას ჰყავს თავისი მინისტრი კულტურის, შესაბამისად მე არ მიყვარს ხელის გაშვერა, მაგრამ ალბათ უნდა მაპატიოთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი არ და ვერ მექნება.

თუმცა ჩემი დამოკიდებულება არის შემდეგი: ბათუმის ბულვარის მსგავსი არ არის ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში, მას აქვს შესაბამისი სტატუსი და ამ სტატუსის საწინააღმდეგო, ხელმყოფი ნებისმიერი მშენებლობის ნებართვა ჩემთვის მოსაწონი ვერ იქნება” – თქვა წულუკიანმა.

კითხვა „ამბასადორის” შესახებ პარლამენტარმა არმაზ ახვლედიანმა დასვა:

„ბათუმში თქვენ შეგხვდათ „საზოგადოება ბათომი” და გქონდათ საუბარი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სივრცეში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე და კერძოდ, „ამბასადორთან“ დაკავშირებით.

სხვათა შორის, ეს ის თემაა, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ვერაფრით, ვერანაირად ვერ ავუხსენი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც მგონი აქ ბრძანდება ახლა და ვერ ვხვდები რა გვჭირს საქართველოში. აი, ამ შავ დღეშია კულტურა საქართველოში, პოლიტიზებული თავით ბოლომდე, საუბედუროდ“.

პასუხად თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის გაპროტესტება ადრე იყო საჭირო.

„ეს საკითხი, როგორც ბათუმელს, მაშინ უნდა გაგეპროტესტებინათ, როცა ის კონკრეტული მიწა, საინვესტიციო ვალდებულებებით, რომლის პროდუქტსაც ახალ ვხედავთ იქ აღმართულს, ნაციონალების დროს გასხვისდა. ეს მაშინდელი პრობლემა და სიმახინჯეა.

….50-სართულიანი სასტუმრო იყო დაპირებული „ნაციონალების“ მიერ, ამ პირობით გასხვისდა ის მიწა და კიდევ ბულვარს და ე.წ. ახალ ბულვარის მცხოვრებ ადამიანებს რა დამართეს და სტრასბურგში რამდენი საჩივარი იყო,  არ შეგახსენებთ… რაც ამჟამინდელმა იქაურმა ხელისუფლებამ მოახერხა, არის ის, რომ ეს 50 სართული დავიდა 17 სართულამდე.

თქვენ მეტყვით – ეს არის რითაც ამაყობო? არ ვამაყობ, მაგრამ ეს არის ფაქტი და ფაქტია ასევე ისიც, რომ აჭარის კულტურული  მემკვიდრეობის სააგენტო არ ექვემდებარება საქართველოს კულტურის მინისტრს, შესაბამისად, მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ გაგცეთ კომპეტენტური პასუხი” – თქვა წულუკიანმა.

დღეს ქობულეთში კაცი მოკლეს

დღეს, 3 დეკემბერს, დილის საათებში მკვლელობა მოხდა ქობულეთში.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 108 მუხლით – განზრახ მკვლელობა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერ დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის – დოკუმენტური ფილმი ემიგრანტ ქალებზე

„წიგნი მთავარი გმირის გარეშე, ასეთია ჩვენი ცხოვრება“, „როდის წავალ საქართველოში? ყოველდღე მინდა სახლში წავიდე, მაგრამ ჩახვალ და… ვინც ჩავიდა, ის ისევ უკან მოდის. სხვას რომ ვუყურებ, აღარ ვტოვებ სამუშაო ადგილს“, „სანამ მყარად არ დავაყენებ ჩემს შვილებს ფეხზე, ჩემს თავზე ვერ ვფიქრობ,“ – ეს ემიგრაციაში მყოფი ქალების კომენტარებია საკუთარ ცხოვრებაზე.

2000-იანი წლები სხვა ყველაფერთან ერთად შრომითი მიგრაციის დიდი ტალღითაც შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

შიმშილისგან და სიღარიბისგან ოჯახის გადამრჩენელის ტვირთი საკუთარ თავზე ქალებმა აიღეს და უცხო ქვეყნებს მიაშურეს სამუშაოდ.

ქალები ერთმანეთის და საერთო ნაცნობების დახმარებით საბერძნეთში, იტალიასა და თურქეთში მიდიოდნენ, სადაც ზრუნვით შრომაში ერთვებოდნენ. უვლიდნენ მცირეწლოვან ბავშვებს, მოხუცებს და ალაგებდნენ სახლებს.

ემიგრაციის პირველი დიდი ტალღიდან 20 წელზე მეტი გავიდა. ახალგაზრდა ქალები, რომლებმაც საკუთარი ოჯახები და მცირეწლოვანი შვილები დატოვეს საქართველოში, ახლა უკვე შუახნის არიან.

ისინი ამბობენ, რომ მათი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები მძიმე შრომაში, შვილების მუდმივ მონატრებასა და საკუთარ სახლში დაძინების სურვილში გაილია.

წლები გავიდა, შვილები გაიზარდნენ, ქალებს სახლში დაბრუნება უნდათ, მაგრამ ეს ისევ არ შეუძლიათ, რადგან არც დანაზოგი აქვთ და არც ის იციან, საქართველოში ჩამოსულებმა რა უნდა გააკეთონ.

„ბათუმელები“ ემიგრანტ ქალებს თურქეთში შეხვდა და მათი ისტორიები მოისმინა.

ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის

 

„ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის“ – ემიგრანტი ქალების ცხოვრების შესახებ ამ დოკუმენტური ფილმის მომზადება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. გადაღებები სტამბოლში მიმდინარეობდა, ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი ქალია ემიგრაციაში წასული აჭარიდან.

„შრომის გატანა თავის გასატანად“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს. ფილმის გარდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიდეო ისტორიების და  პოდკასტების მომზადება.

პროექტის მიზანია ემიგრანტ ქალთა ცხოვრების ჩვენება ფართო სპექტრით და სხვადასხვა კუთხით.

ჩემი ქმედება გამოაჩენს გაყიდული ვიყავი თუ არა – გახარია გუნდის ყოფილი წევრი ბათუმიდან

„არავის არაფერს არ ვუმტკიცებ“ – უთხრა „ბათუმელებს“ დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ. იგი დამოუკიდებელი დეპუტატია მას შემდეგ, რაც დატოვა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“.

„არც ერთი პარტიის კუთვნილება არ ვარ. თუ ჩემი ხმა იქნება გადამწყვეტი, რა ფორმით შეიქმნება უმრავლესობა, იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. არც ერთ პარტიასთან არ ვარ, დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ.

ამ ეტაპზე არც ოპოზიციას არ აქვს უმრავლესობა არც „ქართულ ოცნებას“. კონსულტაციები იქნება და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – უთხრა ირაკლი თავდგირიძემ „ბათუმელებს“.

კითხვას, მიიღო თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ დატოვებაზე გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ, ირაკლი თავდგირიძემ ასე უპასუხა:

„არც ზეწოლის, არც მოსყიდვის, ეს არის პოლიტიკური განცხადება მხოლოდ. ჯერჯერობით ვარჩევ დუმილს ამასთან დაკავშირებით. მინდა, რომ საქმე მივიყვანო ბოლომდე. ჩემი ქმედება გამოაჩენს მე გაყიდული ვიყავი, მოსყიდული ვიყავი თუ ქალაქისთვის მივიღე გადაწყვეტილება. არავის არაფერს არ ვუმტკიცებ, ეს არის პოლიტიკა, ყველას შეუძლია პოლიტიკური განცხადება გააკეთოს“.

ირაკლი თავდგირიძემ ბათუმის საკრებულოში შესვლის წინ დატოვა პარტია. ოფიციალური მიზეზი: არ სურს თანამშრომლობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ლელოსთან“.

ირაკლი თავდგირიძის პარტიიდან წასვლის შემდეგ გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“.

დღეს ბათუმის საკრებულოში პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

____

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს ბათუმის საკრებულოში 19 წევრი უნდა ჰყოლოდა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი. მას შემდეგ, რაც ირაკლი თავდგირიძემ გამოაცხადა, რომ გახარია პარტიას ტოვებს და ასევე გარდაიცვალა ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე, მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი, ენმ – 14 მანდატი, „გახარია საქართველოსთვის“ – 2 მანდატი, ლელო – 1 მანდატი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 1 მანდატი.

ბათუმის საკრებულო 35-წევრიანია. ნუგზარ ფუტკარაძის შემცვლელის ასარჩევად არჩევნები შემდეგი წლის მაისში გაიმართება.

ვინ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარეებად – ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო

დღეს, 3 დეკემბერს, ხულოში საკრებულოს თავმჯდომარედ რენარ ბოლქვაძე აირჩიეს, შუახევში – როსტომ ლორთქიფანიძე, ქედაში – ამირან ცინცაძე, ხელვაჩაურში – თენგიზ ირემაძე, ქობულეთში – დავით მჭედლიშვილი. ხუთივე საკრებულოს თავმჯდომარე „ ქართული ოცნების“ წევრია.

აჭარაში საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტში ვერ აირჩიეს. საკრებულოს სხდომა აქ კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ბათუმისგან განსხვავებით აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში ერთი საათიც კი არ დასჭირდათ თავმჯდომარეების ასარჩევად.

ამავე თემაზე: 

ბათუმში საკრებულოს პირველი სხდომა იმართება – მობილიზებულია პოლიცია

 

„დღეს სხდომა ჩემს ძმას უნდა წაეყვანა“ – ნაზი ფუტკარაძეს საკრებულოში მიკროფონი არ ჩაურთეს

„დღევანდელი სხდომა ჩემს ძმას უნდა წაეყვანა“, – ეს ერთადერთი განცხადება გააკეთა დღეს ბათუმის საკრებულოში ნაზი ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრმა ენმ-დან. ნაზი ფუტკარაძე გულისხმობდა გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც საკრებულოს წევრებს შორის უხუცესი იყო და რომ არა მისი სიკვდილი, კანონმდებლობის შესაბამისად სწორედ ის გაუძღვებოდა ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას.

ნაზი ფუტკარაძემ ეს განცხადება გამორთულ მიკროფონთან გააკეთა, პარალელურ რეჟიმში კი საუბრობდა დღევანდელი სხდომის სპიკერი ნერიმან ცინცაძე.

ნაზი ფუტკარაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, მის ძმაზე ხორციელდებოდა შანტაჟი და ზეწოლა, რამაც ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე შეიწირა.

ნაზი ფუტკარაძის განცხადების შემდეგ ემნ-მ და „ლელომ“ სხდომა დატოვეს. საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაცივალა.

___

ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა – ნაწყვეტები საუბრის ზუსტი ჩანაწერიდან

ბათუმში საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა

დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს საკრებულოს წევრებმა„ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე „ლელოს“ წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ.

საკრებულოს სხდომას არ დასწრებია გიორგი გახარიას პარტიის 2 წევრი.

დღის წესრიგის მიხედვით საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე უნდა აერჩია, ასევე თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიების თავმჯდომარეები.

ბათუმის საკრებულოში 35 წევრია, აქედან 16 წევრი „ოცნებას“ ჰყავს, 14 წევრი – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 2 – „გახარია საქართველოსთვის“, 1 – „ლელოს“ და 1 დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი.

ამ თემაზე:

ბათუმში საკრებულოს პირველი სხდომა იმართება – მობილიზებულია პოლიცია

ბათუმში პარკირების წესის დარღვევისთვის წელს 35 409 პირი დაჯარიმდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა ბათუმში, სულ 36 539 სამართალდარღვევა გამოავლინა [აქედან 35 409 პარკირების წესების დარღვევას უკავშირდება], მათ შორის:

• 28 373 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა;
• 4 166 – ტროტუარზე დგომა;
• 1 959 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა;
• 868 – მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთო მგზავრობა;
• 343 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა;
• 282 – ველობილიკზე არასწორი პარკირება;
• 262 – საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრობა;
• 136 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა;
• 125 – სანებართვო პირობების დარღვევა;
• 25 – BUSLINE ზოლში სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა/გაჩერება/დგომა.
ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

ბათუმში საკრებულოს პირველი სხდომა იმართება – მობილიზებულია პოლიცია

დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმში ახალი საკრებულოს პირველი სხდომა იმართება. საკრებულოს წევრები ბსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში შეიკრიბნენ [საკრებულოს სხდომათა დარბაზი რემონტშია]. დღევანდელი სხდომა ცნობს საკრებულოს წევრების უფლებამოსილებას, თუმცა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა პროცედურას, სავარაუდოდ, ვერ შეასრულებს. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, სხვა საკრებულოებისგან განსხვავებით, უფრო სიმბოლური ხასიათისაა.

დღის წესრიგის მიხედვით, დღეს საკრებულომ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე, მოადგილე ან მოადგილეები, კომისიების თავმჯდომარეები, რომლებიც მომავალში, კანონმდებლობის შესაბამისად, ავტომატურად ხდებიან ბიუროს წევრები.

დარბაზთან, სადაც საკრებულოს სხდომა იმართება, მობილიზებულია პოლიცია

გარდა ამისა, კონკრეტული პარტიები არეგისტრირებენ განაცხადს ფრაქციების შექმნის თაობაზე, იმავეს გაკეთება საკრებულოს სამ ან მეტ დამოუკიდებელ წევრსაც შეუძლია. ფრაქციების თავმჯდომარეებიც ბიუროს წევრები ხდებიან ავტომატურად, კანონმდებლობის შესაბამისად.

ბათუმის საკრებულოში 35 წევრია, აქედან 16 წევრი „ოცნებას“ ჰყავს, 14 წევრი – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 2 – „გახარია საქართველოსთვის“, 1 – „ლელოს“ და 1 დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში 15 წევრი ჰყავდა, თუმცა ერთი მათგანი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

დღეს ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ ესწრებიან გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები. მათ გადამწყვეტი ხმები აქვთ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, თუმცა გუშინ პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ რადგან ოპოზიციასთან და „ოცნებასთან“ მოლაპარაკება ვერ შედგა, ისინი ამ პროცესში არ ჩაერთვებიან.

დღევანდელი მოცემულობით ოპოზიციას, ჯამში, 15 ხმა აქვს, „ოცნებას“ – 16, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 1 დამოუკიდებელი დეპუტატი „ოცნებას“ დაუჭერს მხარს – 17, თუმცა „ოცნებას“ 17 ხმა არ ჰყოფნის საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად: კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს  სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ბათუმის შემთხვევაში 18 წევრი ირჩევს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბათუმის ამ მოწვევის საკრებულოს სრულფასოვნად მუშაობას მხოლოდ 35-ე წევრის არჩევის შემდეგ შეძლებს, როცა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ნაცვლად, იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ის აირჩიეს, ხელახლა ჩატარდება არჩევნები და ახალ წევრს აირჩევენ.

ეს არჩევნები, სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისში ჩატარდება.

ბავშვთა სამედიცინო და რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა – აჭარის ჯანდაცვა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის 2 276 ბენეფიციარს მიეწოდა სხვადსხვა სერვისი.

მომართვიანობის ზრდის გამო, 2022 წელს დაგეგმილია „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობისა და დაფინანსების ზრდა. მომავალი წლიდან ნაცვლად 714 ბენეფიციარისა, სერვისით ისარგებლებს 900 ბენეფიციარი და გამოიყოფა 2 376 00 ლარი.

2022 წელს ასევე გაიზრდება „ბავშვთა ადრეული განვითარების“ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა და ბიუჯეტი. ნაცვლად 300 ბენეფიციარისა, სერვისით ისარგებლებს 500 ბენეფიციარი, დაგეგმილია 912 000 ლარის გამოყოფა. აღნიშნული პროგრამის მიზანია, განვითარების დარღვევის ან რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ასევე, გაიზრდება „ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა დეფორმაციების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის” პროგრამის ბიუჯეტი და იქნება 176 000 ლარი.

ცვლილება იგეგმება სერვისებისა და ბენეფიციართა რაოდენობის მხრივ აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში. პროგრამის მიზანია აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამის შესრულების მონიტორინგისა და ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ბენეფიციართა მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურების გაფართოების საჭიროება. კერძოდ, გარდა ქცევითი თერაპიისა, ხშირ შემთხვევაში ბენეფიციარებს ესაჭიროებათ სხვა ტიპის მომსახურება. ამიტომ, 2022 წლიდან პროგრამის ფარგლებში ერთი კურსი ნაცვლად 15 სეანსისა, განისაზღვრა 20 სეანსით.

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, 2022 წელს „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში იგეგმება ციფრული სმენის აპარატების ღირებულების ლიმიტის ზრდა, ასევე, პროგრამას დაემატება პედიატრიული სმენის აპარატები და პროგრამის ბიუჯეტი გახდება 169 800 ლარი.

ასევე, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, 2022 წელს იგეგმება ცვლილება მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლების ღირებულების ლიმიტებთან მიმართებაში. კერძოდ: ნაცვლად 720 ლარისა დაფინანსდება760 ლარით, ხოლო ნაცვლად 3 850 ლარისა 5053 ლარის ოდენობით. ამასთანავე, პროგრამას ემატება პედიატრიული სავარძელ-ეტლები, რომელთა ღირებულება განსაზღვრება 2650 ლარით. პროგრამის ბიუჯეტი დაგეგმილია ბიუჯეტი – 201 730 ლარით.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს „შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების საჭიროებების კვლევას, რეაბილიტაციისა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას სადღეღამისო ცენტრში. 22 წელს ამ მიზნით გამოიყოფა 27 000 ლარი.

უცვლელად გაგრძელდება სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით. 2022 წელს „სმენადაქვეითებულ სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი იქნება 62 000 ლარი.

2022 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვთა სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად გეგმავს 3 251 400 ლარის გამოყოფას.

„სხდომას არ დავესწრებით“ – აქცია ხელვაჩაურის საკრებულოსთან

„სხდომას პროტესტის ნიშნად არ დავესწრებით. არჩევნები გააყალბეს, არჩევნები მიტაცებულია,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ თავდგირიძე. ის და „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ 6 წევრი ხელვაჩაურის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ბოიკოტს უცხადებს.

დღეს, 3 დეკემბერს, საქართველოში ახალი საკრებულოები შეიკრიბნენ.

ხელვაჩაურის საკრებულოში სულ 24 წევრია, აქედან 14 მანდატი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. მალხაზ თავდგირიძის თქმით, სხდომას ესწრება გახარიას პოლიტიკური პარტიიდან საკრებულოში შესული სამი წევრი, თუმცა ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

„აქამდე მოქმედი თავმჯდომარე იყო მინდია დიასამიძე, და, როგორც ვიცი, მას სურს ისევ თავმჯდომარე გახდეს. თორნიკე რიჟვაძე კი მხარს უჭერს თენგო ირემაძეს,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, რომელიც ხელვაჩაურში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი იყო.

„პროტესტის საგანია ასევე ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი, რომელიც ზეწოლით და შანტაჟით მოგვიკლეს… შემდეგ სხდომებზე არ ვიცით რას ვიზამთ, ჯერ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მალხაზ თავდგირიძე. ის ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იქნება.

25 წლის ბათუმელი ქალი კოვიდით გარდაიცვალა საკეისრო კვეთის შემდეგ

კორონავირუსით გარდაიცვალა 25 წლის ბათუმელი ქალი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კოვიდით ინფიცირებულ ორსულს ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდნენ, შემდეგ ის ოჯახმა თურქეთში გადაიყვანა, სადაც, საკეისრო კვეთის შემდეგ, ქალი გარდაიცვალა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალშობილი გადარჩა.

 

რა ქუჩებზე გაითიშება წყალი ბათუმში 5 დეკემბერს

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 5 დეკემბერს 01:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ბათუმში წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ მისამართებს:

  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა [№2 – №10 -მდე; №1-7 მდე]
  • შოთა რუსთაველის ქუჩა [№57 -61 მდე]
  • ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩა
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩა [№84- 111 მდე; №89 -116-მდე]
  • ფიროსმანის ქუჩა
  • ვახტანგ გორგასლის ქუჩა [№154-162-მდე; №153 -159-მდე]
  • ჯავახიშვილის ქუჩა [№2 -10-მდე; №1-9-მდე]
  • ტბელ აბუსერიძის ქუჩა [№2-46-მდე; №1 -37-მდე]
  • ლ. გუდიაშვილის ქუჩა
  • გენ. ასლან აბაშიძის შესახვევი
  • გენ. ასლან აბაშიძის ქუჩა
  • კაჭარავას ქუჩა
  • რისმაგ გორდეზიანის ქუჩა
  • მალაზონიას ქუჩა
  • ჟ. შარტავას ქუჩა [№4 -22 მდე, №1 -15 მდე]
  • ლორიას ქუჩა
  • ა. მიქელაძის ქუჩა

წყლის გათიშვის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

სილქნეტის კინოკატალოგი მომხმარებელს რეიტინგული სერიალებისა და ფილმების პრემიერებს თავაზობს

სილქნეტი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს თვალი ადევნონ მსოფლიო კინო
სიახლეებს,  ნახონ ყველა საუკეთესო სერიალისა და ფილმის ხმაურიანი პრემიერა ტელე ეკრანზე, სახლის პირობებში მოაწყონ კინოჩვენება მეგობრების წრეში,  დაგროვილ ეპიზოდებს და რჩეულ ფილმებს  ზამთრის ცივი უქმეები მიუძღვნან – SilkTV-ში კინომოყვარულებისთვის საგანგებოდ შექმნილია კინოკატალოგი Amediateka. აქ სერიალების ახალი ეპიზოდები და უახლესი ფილმები მსოფლიო პრემიერების კალენდარს მიჰყვება. 

კომპანია რამდენიმე წელია თანამშრომლობს  Amediateka-სთან. ამავე სახელწოდების კინოკატალოგი ინტეგრირებულია სილქნეტის სატელევიზიო სერვისში,  მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია  HBO, Showtime, Starz, FOX, sky, CBS, ABC Studios, Sony, BBC  პრემიერები.  

Amediateka-ს პლატფორმა კომფორტულია კინომოყვარულისთვის: ფილმები დაყოფილია ჟანრებად, მარტივად იძებნება პრემიერები, არ აქვს სარეკლამო ჭრა,  აქვს ენის ცვლის შესაძლებლობა, გააჩნია გადახვევა-დაპაუზების ფუნქცია, იმახსოვრებს ბოლოს ნანახ ეპიზოდს ან მომენტს.  მსურველს  შეუძლია გაიაქტიუროს Amediateka და  თვეში 3 ლარად თვალი ადევნოს კინოინდუსტრიების მსოფლიო პრემიერების ყველა სეზონს. 

კინოკატალოგში დიდი კოლექციაა დაგროვილი. წარმოგიდგენთ საუკეთესო ათეულს:

Chernobyl – (9,4 IMDB)

Game of Thrones (9,2 IMDB)

True Detective – (8.9 IMDB )

Succession – (8.7 IMDB )

Big Little Lies (8.5 IMDB )

Mare of Easttown – (8.5 IMDB )

Euphoria – (8,4 IMDB)

Why Women Kill – (8.3 IMDB )

The Young Pope/The New Pope – (8,1 IMDB)

Scenes from a Marriage(8,1 IMDB)

სიახლე!  კინოკატალოგი განახლდა ქართულად გახმოვანებული კონტენტით: Sex and the City ყველა სეზონი; Philip K. Dick’s Electric Dreams; Lovecraft Country; Deutschland 83; Deutschland 86; Lovecraft CountryIncorporated, Gangs of London , John Adams.

სილქნეტს, სპეციალური კონტრაქტებისა და ნებართვების საფუძველზე,  საშუალება ეძლევა ქვეყნის შიგნით საავტორო, საკუთრების თუ ინტელექტუალურ უფლებები დაიცვას და  მომხმარებელს მხოლოდ ლიცენზირებული, მაღალი ხარისხის კინო პროდუქცია მიაწოდოს.  ეს ეხება, როგორც კინოკატალოგს, ისე ვიდეოთეკას და 40-მდე კინო არხს, რომელიც ამჟამად SilkTV-ის ბადეშია. 

შემოუერთდით სილქნეტის ქსელს და ისარგებლეთ გამორჩეული შეთავაზებებით: Silk TV + ინტერნეტის ერთად შეკვეთის შემთხვევაში, ყოველთვიური სააბონენტო 120 ლარის ნაცვლად  55 ლარს შეადგენს. შეთავაზებაში შედის ბონუსები: 

100 მბ/წმ ყველაზე მაღალი ინტერნეტ სიჩქარე

Silk TV-ის სრული პაკეტი

AMEDIATEKA, YouTube, აპლიკაცია SilkGo

ინსტალაცია უფასოა!

ბათუმში ბრალდებულის სახლიდან 3 შეკვრა მეტამფეტამინი ამოიღეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული უ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება.

დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ უ.ბ.-მ სხვადასხვა დროს მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „მდმა“ და „ჰეროინი“.

პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ქალი, რომელმაც ემიგრაციაში შვილებიც წაიყვანა – VIDEO

ეთო ართმელაძე ემიგრაციაში ოჯახთან ერთად წავიდა. 2013 წელს თურქეთში სამუშაოდ ჯერ მეუღლესთან ერთად ჩავიდა, მოგვიანებით კი შვილებიც წაიყვანა. ბევრი ემიგრანტის მსგავსად ფიქრობდა, რომ მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ 8 წელი გავიდა და ისევ ემიგრანტია. ისე მოხდა, რომ მის მეუღლეს ემიგრაციიდან კიდევ ერთ ემიგრაციაში მოუწია წასვლა – უკეთესი სამუშაოს საძებნელად.

„ამდენი წელია ემიგრაციაში ვართ. ერთი წელია, რაც ჩემი მეუღლე პოლონეთში წავიდა თურქეთიდან. ეს ერთი წელი რვა წელზე მეტი აღმოჩნდა, იმდენად რთულია. მე და ჩემი შვილები ვართ ამ ქვეყანაში, მეუღლე კი არის სხვა ქვეყანაში. ეს უმძიმესი რამეა, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ,“ – ამბობს ეთო.

საქართველოდან წასვლისას ორი მიზანი ჰქონდა – ემკურნალა ქმარს, რომელსაც მძიმე დაავადება ჰქონდა და ეყიდა საკუთარი სახლი. ქმარი გადაარჩინა, ცხრა წლიანი შრომით სახლიც იყიდა, თუმცა საქართველოში ცხოვრებას ვერ ახერხებს, რადგან აქაური შემოსავლით თვიდან თვემდე თავის გატანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

მთავარი, რაც ეთოს სხვა ათასობით ემიგრანტი ქალისგან გამოარჩევს, არის ის, რომ შვილები წაიყვანა თან. წლების შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ორგვარად აფასებს – ერთის მხრივ დარდობს, რომ შვილების ემიგრაციაში წაყვანით მათი ცხოვრება დააპაუზა, მეორეს მხრივ კი უხარია, რომ ამით ოჯახის მთლიანობა შეინარჩუნა.

„მეუღლე ავად იყო და ჩემთვის მთავარი იყო, რომ ის კარგად ყოფილიყო. მეორე იყო, რომ მქონოდა სახლი. ეს შევძელი.

მარტო კედლები ხომ არ არის საკმარისი. ბავშვები ამდენი წელია ემიგრაციაში იზრდებიან, მათ მათი სჭირდებათ. ჩვენი შვილების ცხოვრება დავაპაუზეთ 2013-დან 2021 წლამდე. ეს ყველაზე მტკივნეულია. არის ცხოვრებაში ბევრი რამ, რაც წლებს თავისით მოაქვს და ეს მოზარდებისთვის არის უპირველესი. ჩემმა შვილებმა ჩემი და ჩემი მეუღლის მიზნები გადაიზიარეს. ჩვენზე მეტად ჩაერთნენ ამ მიზნების ასრულებაში.

40 წელს გადაცილებული ხალხი შეიძლება ერთი და იგივე გრაფიკში ცხოვრობდეს – მივდივართ, ვმუშაობთ, მოვდივართ, მაგრამ ეს მოზარდებისთვის არ არის ყოველდღიური ცხოვრება.

მათ სხვა თემა სჭირდებათ. სხვანაირი ცხოვრება სჭირდებათ. განვითარება სჭირდებათ. მე ვერ ვავითარებ შვილებს. არიან იმ სივრცეში, როგორც ჩამოვიყვანე.

ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს წლები ჩემს ცხოვრებაში რაღაცნაირად გაჩერებულია. ჩამოვედით, ვმუშაობთ. ყოველდღე იგივე გრძელდება.

ფულიც იმდენი არაა, რომ ამ ყველაფრად ღირდეს. საქართველოში როცა ვბრუნდები, ყოველთვის ასე მივდივარ – მორჩა, აღარ დავბრუნდები. მივდივარ, გადის ძალიან მოკლე დრო და შევდივარ ჩიხში. უკან ვბრუნდები ისევ,“ – ამბობს ეთო ართმელაძე.

ეთოს თქმით, მიუხედავად სინანულისა, იგივე გადაწყვეტილების მიღება თავიდან რომ უწევდეს, იმავენაირად მოიქცეოდა. შვილებს წაიყვანდა ემიგრაციაში.

„რაც არ უნდა ყოფილიყო, ვერ დავტოვებდი სხვაგან შვილებს. დიდი ხნით არასდროს დამიტოვებია ისინი მარტო. სულ ვმუშაობდი, სისტემატურად. ძალიან ცუდი გრაფიკი მქონდა. ღამით ზოგჯერ 12 საათზე მივდიოდი სახლში, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ვხედავდი ჩემს შვილს როგორ ეძინათ. არანაირ ანაზღაურებაზე, არაფერზე არ შეიდრება ეს.

საბედნიეროდ, არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს –  მოდი, ცოტა მეტს ავიღებ და შვილებს ფულის ხარჯზე მზრუნველობას მოვაკლებ. აქ არ არის დიდი ანაზღაურება. ბევრი შემოთავაზება მქონია, მაგალითად შემეძლო 500 დოლარის ნაცვლად 1000 ამეღო, მაგრამ ეს  ნიშნავდა, რომ ჩემს შვილებთან ვეღარ დავიძინებდი.

მაგრამ მე დავჯერდი ცოტას და ვარჩიე ოჯახის გვერდით ყოფნა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, შეიძლება გაუცხოება გვქონოდა,“ – ამბობს ეთო.

 

როცა გტაცებენ ხელს და გტენიან მანქანაში – რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას

შეიძლება პოლიციამ ქუჩაში მხოლოდ იმიტომ დაგაკავოს, რომ ხელში ტრანსპარანტი გიჭირავს; პროტესტის ნიშნად, ვთქვათ, მუსიკას რთავ სუსის ან პარლამენტის შენობასთან; პულვერიზატორით ქუჩაზე წარწერას აკეთებ; უბრალოდ, ფერად ბუშტებს უშვებ ცაში, რომელზეც რამდენიმე საპროტესტო სიტყვა აწერია.

ბოლო პერიოდში სწორედ მსგავსი მიზეზებით აკავებენ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე. ერთ ადამიანზე ათი პოლიციელიც კი მოდის. არის შემთხვევები, როცა პოლიციელები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ხელებს უგრეხენ აქტივისტებს და ისე მიჰყავთ, მათ ადგილსამყოფელს ადვოკატები და ოჯახის წევრებიც კი ვერ პოულობენ.

  • როცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას საფრთხე ემუქრება

ნოდარ რუხაძე სამოქალაქო აქტივისტია. ის 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო პროცესებში. ხშირად მიზეზიც არ სჭირდება პოლიციას მის დასაკავებლად, რადგან არაერთხელ მოუსმენია პოლიციელებისთვის ბრძანების გაცემის დროს: „რუხაძეც მიაყოლეთ!“

ნოდარ რუხაძის აზრით, პოლიციელების ქცევა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პოლიტიკურ დავალებებს იღებენ. ამბობს, რომ, მაგალითად, თუ 2018 წელს პოლიციასთან რამდენიმე საათიანიკამათის, ჩხუბისა და დაძაბულობის შემდეგ კარვებს მაინც შლიდნენ, 2021 წელს „თითქმის შეუძლებელია კარვის გაშლა, თუ ათასი ადამიანი მაინც არ დგას საპროტესტო აქციაზე“.

„ჩემი გადასახედიდან ასე ჩანს – პოლიციელებს პოლიტიკური დავალება აქვთ მიღებული, რომ არსად არ უნდა ჩანდეს პროტესტის კვალი“, – ამბობს ნოდარი.
YouTube video player

ნოდარის თქმით, ახლა აქტივისტებს პარლამენტის წინ სტენსილის გაკეთების საშუალებასაც კი არ აძლევენ. „ადეკვატურ პირობებში შესაძლოა შედგეს ოქმი, თუ სამართალდამრღვევი არ ემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას დააკავონ აქტივისტი, მაგრამ ახლა უბრალოდ მიახლოების საშუალებასაც კი არ გაძლევენ შენობასთან“, – გვეუბნება ის.

ნოდარი იხსენებს შემთხვევას, როცა მისი მეგობარი მარიამ დოლიძე აგვისტოში მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ კანცელარიის წინ ცარცით დააწერა და გააპროტესტა 16 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება.

მარიამი ამ წარწერის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს.

  • როცა 1 დემონსტრანტს 30 პოლიციელი მისდევს  

„პირდაპირ მოდიან, გტაცებენ ხელს და გტენიან მანქანაში. ეს არის მათი ფორმა. ერთ ადამიანზე 30 პოლიციელი მოდის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი უფლებები, რა არის ზღვარი, რის შემდეგაც შეიძლება მოგედავოს პოლიციელი და დაგაკავოს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი პროტესტი იყოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ამის მიუხედავად, მაინც გაკავებენ და ხშირად საერთოდ არ სჭირდებათ მიზეზი“, – გვიყვება ნოდარ რუხაძე.

საპროტესტო აქცია სუსთან

ნოდარს ხშირად აქვს მოსმენილი, როგორ აძლევდნენ პოლიციელს ბრძანებას – „ესა და ეს დააკავეთ!“ „მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებ, თუ არის პოლიტიკური დაკვეთა, რომ პროტესტი უნდა განეიტრალდეს, ამას აკეთებენ… ავტორიტარიზმზე, მიტაცებულ, ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებზე რომ ვსაუბრობთ, ამ ყველაფერს რაღაც ეტაპები აქვს. შეიძლება ადრეც ასე იყო და ვერ ვხედავდი, მაგრამ როცა 2018 წელს მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად ვხსნიდი კარვებს რუსთაველზე, ჯერ კიდევ არ მქონდა ამის განცდა.

მაშინ რომ გეკითხათ, ალბათ გეტყოდით, რომ „ყველა მოსამართლე არ არის ერთნაირი“ ან „ცუდი და კარგი მოსამართლეც არსებობს“, მაგრამ რასაც ბოლო ერთი წელია ვხედავ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა ის მოსამართლე, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძე-შენგელიას კლანის წევრად მოიაზრება, უსამართლობის წინააღმდეგ ხმას არ იღებს.

აქტივისტების დაკავება სწორედაც, რომ პოლიტიკური დაკვეთაა, პოლიტიკური დაკვეთაა მათი 14 დღით ციხეში გაშვება და დაჯარიმება, რადგან სასამართლოზე მოტანილი შსს-ს მტკიცებულებებიც კი იმას ადასტურებს, რომ აქტივისტები მართლები არიან“, – გვეუბნება ნოდარ რუხაძე.

ნოდარ რუხაძე მოსამართლემ დღემდე რამდენჯერმე დააჯარიმა, საჯარიმო თანხა 7 ათას ლარს აღწევს. ყველა ჯარიმა, როგორც ნოდარი ამბობს, ქუჩაში დგომის გამოა გამოწერილი.

ახლახან ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილების შემდეგ, პირის დაკავების ხანგრძლივობა 48 საათამდე გაიზარდა. დაკავებულები ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ან ქალაქში გადაჰყავთ. ამის მაგალითია თამარ კურატიშვილის შემთხვევა – ის ბათუმში სუსის შენობის წინ ვიდეოს გადაღების გამო დააკავეს. თამარს მცირეწლოვან შვილთან დაკავშირების უფლებაც კი არ მისცეს.

 

„სირცხვილიას“ აქტივისტებმა პოლიციელების აგრესიის შესაჩერებლად ახალი კამპანია წამოიწყეს – ეს იმას გულისხმობს, რომ აქტივისტები, უბრალოდ, „სეირნობენ“ კონკრეტულ ლოკაციებზე. მსგავს კამპანიაშია ჩართული ნოდარიც.

„მე ან რომელიმე სხვა აქტივისტი ჩადის, მაგალითად, პარლამენტის წინ და არტყამს წრეს. ხელში შეიძლება გვქონდეს კვერცხი, მაინც სიმბოლურია პროტესტის დროს, პულვერიზატორი ან უბრალოდ ტელეფონი და დავდივართ. დაგვყვება 15-20 პოლიციელი“, – ამბობს ნოდარი.

მისი აზრით, პოლიციელებიც კი ხვდებიან, რისი კეთება უწევთ. იციან, რომ 1 ადამიანის გამო 30 პოლიციელი არ უნდა იდგეს კორდონში: „ადამიანურ დონეზე მეცოდებიან კიდეც, რადგან ვხედავთ, რომ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება უწევთ. ვცდილობთ, ამით მაინც ვაჩვენოთ რამდენად არაადეკვატურ გარემოში უწევთ მუშაობა“.

ნოდარი შიშობს, რომ ეს ყველაფერი – დაჯარიმება, 48 საათით მტკიცებულებების უქონლობის მიუხედავად დაკავება, პირდაპირ ურტყამს კრიტიკულ აზრს ქვეყანაში:

„ჩვენ შეიძლება მივეჩვიეთ ასეთ გარემოში ჩვენი უფლებების დაცვას, მაგრამ მოქალაქემ, რომელიც ტელევიზორში ხედავს ამ ყველაფერს, შეიძლება შეიკავოს თავი და აღარ გამოვიდეს ქუჩაში პროტესტის გამოსახატად“.

YouTube video player

ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მათ შორისაა, ვინც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების გაუარესებაზე შიშობს. მისი აზრით, გამოხატვის თავისუფლების, როგორც მთავარი კონცეპტუალური საკითხის მიმართ იცვლება დამოკიდებულება.

ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება გადააქციოს რაღაც ქიმერად, რომელსაც თითქოს შეუძლია ქვეყანას ნორმალურ განვითარებაში შეუშალოს ხელი და ამას აჯერებს კიდეც გარკვეულ საზოგადოებას.

„ამიტომ აცხადებენ გამოხატვის თავისუფლებას დესტრუქციულ ქმედებად, აკავებენ ადამიანებს გამოხატვის გამო და აჯარიმებენ. ბევრი რამ ხდება ისეთი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ამახინჯებს, აუარესებს და პრობლემატურს ხდის.

ამის მაგალითია თუნდაც კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ დაჯარიმება 112 ათასი ლარით, რომელმაც სამოქალაქო პლატფორმის ვიდეორგოლი გაუშვა ეთერში. რა იყო მათი არგუმენტი? – რომ მედიას არ ჰქონდა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არასაარჩევნო პერიოდში.

როგორ შეიძლება ცხოვრება დავყოთ წინასაარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდად, ეს ხომ არანორმალურია“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

მისი თქმით, მოქალაქეებს, საზოგადოებრივ გაერთიანებას ან პოლიტიკურ პარტიებს ყოველთვის აქვთ აქტიურობის უფლება.

ზვიად ქორიძე

„2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ თურმე გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეზღუდო, თუ ადამიანის ფუნდამენტური უფლება იზღუდება; გამოხატვის თავისუფლების გამო შეიძლება უჩივლო მედიასაშუალებას. ეს თავისთავად სარისკო ნორმად მიმაჩნია და მსგავსი ნაღმები ბევრია შემორჩენილი.

კომუნიკაციების კომისია დადგა კონსტიტუციურ ნორმებზე მაღლა და თქვა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ასე განვმარტავო“. კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა ბექა ყორშიას სიუჟეტის გამოც, როცა მიიჩნია, რომ სიუჟეტში „უხამსად იყო ნაჩვენები ფინანსთა მინისტრი“ და ჩათვალა, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას. ეს არის საშიში პრეცედენტები. ხვალ კომუნიკაციების კომისია კი აღარ იმსჯელებს რაიმე მსგავსი ტიპის შემთხვევაზე, იტყვის, რომ როგორც მე განვმარტე ყორშიას საქმეზე, ამის საფუძველზე ვასკვნი, რომ შენმა უხამსობამ გამოიწვია ადამიანის უფლებების შელახვა და ამიტომ გაჯარიმებო. ეს არის პრობლემური“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძის განმარტებით, კომუნიკაციების კომისია კონსტიტუციური ორგანოა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, მაგრამ მას არ აქვს უფლება დაიწყოს საკუთარი მსოფლმხედველობით ნორმების ინტერპრეტაცია და ამით შექმნას საშინელი საკანონმდებლო პრაქტიკა ქვეყანაში.

საპროტესტო აქციები თბილისში

„დაახლოებით იგივე გააკეთა „სირცხვილიას“ რეკლამასთან დაკავშირებითაც. დააკვირდით, რას ეუბნება ის ტელეკომპანიას – შენ არ გქონდა რეკლამის განთავსების უფლება, რომელიც მოგიტანა სამოქალაქო ჯგუფმა, რადგან შეიცავს პოლიტიკურ ნიშნებსო. რომც ყოფილიყო პოლიტიკური პარტიის რეკლამა, რა, პარტიას არ აქვს უფლება არჩევნების შემდეგ გამოიყენოს პოლიტიკური აქტივობა?

ეს ხომ თავისთავად ნიშნავს, რომ სამოქალაქო გაერთიანება დაფიქრდეს, შეიძლება მისი რეკლამა აღარ განათავსონ ეთერში და მეორე, დაიწყონ იმაზე ფიქრი, ხომ არ სჯობს სხვანაირად გავაკეთო.

ეს არამხოლოდ მედიის ნაწილში, არამედ, ზოგადად, აუარესებს გამოხატვის თავისუფლებას, რადგან ეხება ყველას, პირველ რიგში, მოქალაქეს. როცა მოქალაქე თვითცენზურას რთავს – რაღაც არ უნდა თქვას, ან არ მოიმოქმედოს, ეს არის ზუსტად გამოხატვის თავისუფლების გაუარესება“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

YouTube video player

ზვიად ქორიძის თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის და მათი მხარდამჭერების მთავარი აქცენტი მოდის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონზე.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობი“) პარლამენტს სთხოვა შეიმუშაოს ცვლილებები „მაუწყებლობის კანონში“, რათა „ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამება გამოირიცხოს“.

ერთ-ერთი პარლამენტარი კი არასამთავრობო ორგანიზაციების „ჩარჩოებში ჩასმისკენ“ მოუწოდებს მთავრობას.

ზვიად ქორიძის თქმით, რა თემასაც არ უნდა შეეხონ, საითაც არ უნდა წავიდნენ, ბიზნესი იქნება თუ კორუფცია, საბოლოოდ მაინც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონთან მიდიან, „რომ თითქოს ეს კანონი არის თავსმოხვეული, თითქოს ვიღაცამ საიდუმლოდ ჩამოაგდო ამ ქვეყანაში და თითქოს არ არის გააზრებული ქართულ საზოგადოებაში.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი ძალიან მაღალი სტანდარტის ჩარჩო კანონია, რომელიც არ ითხოვს ცალკე მარეგულირებელ ნორმებს. ეს არის ნაყოფი იმ პროცესის, რაც მიდიოდა საქართველოში წლების განმავლობაში. პრინციპულად ითხოვდა საზოგადოება, რომ ადამიანი არ უნდა დაისაჯოს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო. დღეს კი, რომელიღაც დეპუტატი ზის პარლამენტში და იმაზე მსჯელობს, რომელიღაც მედია თურმე პროპაგანდისტულია და რომელიღაც არა. როდესაც დეპუტატის ტვინი მიმართულია აქეთკენ, ეს სახიფათოა“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ნოდარ რუხაძე საპროტესტო აქციაზე

რაც შეეხება სიძულვილის ენის „დარეგულირებას“, როგორც მმართველი პარტია საუბრობს, ეხება სოციალური მედიის კონტროლს, სადაც ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ აზრს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ციფრულ საუკუნეში დაიწყოს ადამიანების კონტროლი და გაუჩინოს ფილტრი გამოხატვაში. ამის რისკებიც რეალურია და თუკი გამწვავდება პოლიტიკური ვითარება, არ არის გამორიცხული, რაღაც კანონი ამაზეც მიიღონ“, – გვეუბნება ზვიად ქორიძე.

ასეთ შემთხვევაში საქართველო დაადგება ნაკლებად დემოკრატიული მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის და თუნდაც სომხეთის გზას, სადაც ახლახან მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ან პუბლიკაცია შეურაცხმყოფელია პირისთვის, მედიასაშუალება 10 ათასი დოლარით დაჯარიმდება.

__

ბათუმში შაბათ-კვირას უნალექო ამინდი იქნება

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 დეკემბრის 21 საათიდან 4 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 5-6 დეკემბერს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დადასტურდა კოვიდის 3397 ახალი შემთხვევა, 67 პაციენტი გარდაიცვალა

3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3397 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 31 223 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 67 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

2 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.75% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.39%.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 45 799 აქტიური შემთხვევაა  საიდანაც 6 550 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან 1 636 მძიმე პაციენტია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა, აჭარაში – 189, იმერეთში – 675, ქვემო ქართლში – 247, შიდა ქართლში – 401 გურიაში – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 302, კახეთში – 252, მცხეთა-მთიანეთში – 102, სამცხე-ჯავახეთში – 134, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 29.

 

Exit mobile version