მთავარი,სიახლეები

ქალი, რომელმაც ემიგრაციაში შვილებიც წაიყვანა – VIDEO

03.12.2021 • 25395
ქალი, რომელმაც ემიგრაციაში შვილებიც წაიყვანა – VIDEO

ეთო ართმელაძე ემიგრაციაში ოჯახთან ერთად წავიდა. 2013 წელს თურქეთში სამუშაოდ ჯერ მეუღლესთან ერთად ჩავიდა, მოგვიანებით კი შვილებიც წაიყვანა. ბევრი ემიგრანტის მსგავსად ფიქრობდა, რომ მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ 8 წელი გავიდა და ისევ ემიგრანტია. ისე მოხდა, რომ მის მეუღლეს ემიგრაციიდან კიდევ ერთ ემიგრაციაში მოუწია წასვლა – უკეთესი სამუშაოს საძებნელად.

„ამდენი წელია ემიგრაციაში ვართ. ერთი წელია, რაც ჩემი მეუღლე პოლონეთში წავიდა თურქეთიდან. ეს ერთი წელი რვა წელზე მეტი აღმოჩნდა, იმდენად რთულია. მე და ჩემი შვილები ვართ ამ ქვეყანაში, მეუღლე კი არის სხვა ქვეყანაში. ეს უმძიმესი რამეა, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ,“ – ამბობს ეთო.

საქართველოდან წასვლისას ორი მიზანი ჰქონდა – ემკურნალა ქმარს, რომელსაც მძიმე დაავადება ჰქონდა და ეყიდა საკუთარი სახლი. ქმარი გადაარჩინა, ცხრა წლიანი შრომით სახლიც იყიდა, თუმცა საქართველოში ცხოვრებას ვერ ახერხებს, რადგან აქაური შემოსავლით თვიდან თვემდე თავის გატანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

მთავარი, რაც ეთოს სხვა ათასობით ემიგრანტი ქალისგან გამოარჩევს, არის ის, რომ შვილები წაიყვანა თან. წლების შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ორგვარად აფასებს – ერთის მხრივ დარდობს, რომ შვილების ემიგრაციაში წაყვანით მათი ცხოვრება დააპაუზა, მეორეს მხრივ კი უხარია, რომ ამით ოჯახის მთლიანობა შეინარჩუნა.

„მეუღლე ავად იყო და ჩემთვის მთავარი იყო, რომ ის კარგად ყოფილიყო. მეორე იყო, რომ მქონოდა სახლი. ეს შევძელი.

მარტო კედლები ხომ არ არის საკმარისი. ბავშვები ამდენი წელია ემიგრაციაში იზრდებიან, მათ მათი სჭირდებათ. ჩვენი შვილების ცხოვრება დავაპაუზეთ 2013-დან 2021 წლამდე. ეს ყველაზე მტკივნეულია. არის ცხოვრებაში ბევრი რამ, რაც წლებს თავისით მოაქვს და ეს მოზარდებისთვის არის უპირველესი. ჩემმა შვილებმა ჩემი და ჩემი მეუღლის მიზნები გადაიზიარეს. ჩვენზე მეტად ჩაერთნენ ამ მიზნების ასრულებაში.

40 წელს გადაცილებული ხალხი შეიძლება ერთი და იგივე გრაფიკში ცხოვრობდეს – მივდივართ, ვმუშაობთ, მოვდივართ, მაგრამ ეს მოზარდებისთვის არ არის ყოველდღიური ცხოვრება.

მათ სხვა თემა სჭირდებათ. სხვანაირი ცხოვრება სჭირდებათ. განვითარება სჭირდებათ. მე ვერ ვავითარებ შვილებს. არიან იმ სივრცეში, როგორც ჩამოვიყვანე.

ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს წლები ჩემს ცხოვრებაში რაღაცნაირად გაჩერებულია. ჩამოვედით, ვმუშაობთ. ყოველდღე იგივე გრძელდება.

ფულიც იმდენი არაა, რომ ამ ყველაფრად ღირდეს. საქართველოში როცა ვბრუნდები, ყოველთვის ასე მივდივარ – მორჩა, აღარ დავბრუნდები. მივდივარ, გადის ძალიან მოკლე დრო და შევდივარ ჩიხში. უკან ვბრუნდები ისევ,“ – ამბობს ეთო ართმელაძე.

ეთოს თქმით, მიუხედავად სინანულისა, იგივე გადაწყვეტილების მიღება თავიდან რომ უწევდეს, იმავენაირად მოიქცეოდა. შვილებს წაიყვანდა ემიგრაციაში.

„რაც არ უნდა ყოფილიყო, ვერ დავტოვებდი სხვაგან შვილებს. დიდი ხნით არასდროს დამიტოვებია ისინი მარტო. სულ ვმუშაობდი, სისტემატურად. ძალიან ცუდი გრაფიკი მქონდა. ღამით ზოგჯერ 12 საათზე მივდიოდი სახლში, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ვხედავდი ჩემს შვილს როგორ ეძინათ. არანაირ ანაზღაურებაზე, არაფერზე არ შეიდრება ეს.

საბედნიეროდ, არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს –  მოდი, ცოტა მეტს ავიღებ და შვილებს ფულის ხარჯზე მზრუნველობას მოვაკლებ. აქ არ არის დიდი ანაზღაურება. ბევრი შემოთავაზება მქონია, მაგალითად შემეძლო 500 დოლარის ნაცვლად 1000 ამეღო, მაგრამ ეს  ნიშნავდა, რომ ჩემს შვილებთან ვეღარ დავიძინებდი.

მაგრამ მე დავჯერდი ცოტას და ვარჩიე ოჯახის გვერდით ყოფნა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, შეიძლება გაუცხოება გვქონოდა,“ – ამბობს ეთო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: