მთავარი,სიახლეები

ბათუმში საკრებულოს პირველი სხდომა იმართება – მობილიზებულია პოლიცია

03.12.2021 • 1611
ბათუმში საკრებულოს პირველი სხდომა იმართება – მობილიზებულია პოლიცია

დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმში ახალი საკრებულოს პირველი სხდომა იმართება. საკრებულოს წევრები ბსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში შეიკრიბნენ [საკრებულოს სხდომათა დარბაზი რემონტშია]. დღევანდელი სხდომა ცნობს საკრებულოს წევრების უფლებამოსილებას, თუმცა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა პროცედურას, სავარაუდოდ, ვერ შეასრულებს. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, სხვა საკრებულოებისგან განსხვავებით, უფრო სიმბოლური ხასიათისაა.

დღის წესრიგის მიხედვით, დღეს საკრებულომ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე, მოადგილე ან მოადგილეები, კომისიების თავმჯდომარეები, რომლებიც მომავალში, კანონმდებლობის შესაბამისად, ავტომატურად ხდებიან ბიუროს წევრები.

დარბაზთან, სადაც საკრებულოს სხდომა იმართება, მობილიზებულია პოლიცია

გარდა ამისა, კონკრეტული პარტიები არეგისტრირებენ განაცხადს ფრაქციების შექმნის თაობაზე, იმავეს გაკეთება საკრებულოს სამ ან მეტ დამოუკიდებელ წევრსაც შეუძლია. ფრაქციების თავმჯდომარეებიც ბიუროს წევრები ხდებიან ავტომატურად, კანონმდებლობის შესაბამისად.

ბათუმის საკრებულოში 35 წევრია, აქედან 16 წევრი „ოცნებას“ ჰყავს, 14 წევრი – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 2 – „გახარია საქართველოსთვის“, 1 – „ლელოს“ და 1 დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში 15 წევრი ჰყავდა, თუმცა ერთი მათგანი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

დღეს ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ ესწრებიან გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები. მათ გადამწყვეტი ხმები აქვთ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, თუმცა გუშინ პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ რადგან ოპოზიციასთან და „ოცნებასთან“ მოლაპარაკება ვერ შედგა, ისინი ამ პროცესში არ ჩაერთვებიან.

დღევანდელი მოცემულობით ოპოზიციას, ჯამში, 15 ხმა აქვს, „ოცნებას“ – 16, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 1 დამოუკიდებელი დეპუტატი „ოცნებას“ დაუჭერს მხარს – 17, თუმცა „ოცნებას“ 17 ხმა არ ჰყოფნის საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად: კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს  სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ბათუმის შემთხვევაში 18 წევრი ირჩევს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბათუმის ამ მოწვევის საკრებულოს სრულფასოვნად მუშაობას მხოლოდ 35-ე წევრის არჩევის შემდეგ შეძლებს, როცა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ნაცვლად, იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ის აირჩიეს, ხელახლა ჩატარდება არჩევნები და ახალ წევრს აირჩევენ.

ეს არჩევნები, სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისში ჩატარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: