მთავარი,სიახლეები

„გირჩის“ პერფორმანსი აჭარის მთავრობასთან

04.12.2021 • 1660
„გირჩის“ პერფორმანსი აჭარის მთავრობასთან

დღეს 4 დეკემბერს, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“  აქცია-პერფორმანსი გამართა აჭარის მთავრობასთან. აქციის მიზანი, როგორც აქტივისტები ამბობდნენ, „მწვანე პასპორტებია“, რომელიც მხოლოდ იმ პირებზე გაიცემა, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინაცია აქვს გაკეთებული.

„ვაპროტესტებთ მწვანე პასპორტების შემოღებას ზოგადად, რადგან მიგვაჩნია რომ ადამიანი არ უნდა აიძულოს სახელმწიფომ გააკეთოს აცრა, ეს მოქალაქის გადასაწყვეტია“ – ამბობს მათე კონჯარია, „გირჩის“ აქტივისტი.

მისი აზრით, სახელმწიფომ შესაძლოა ადმინისტრაციულ დაწესებულებებში არ შეუშვას აუცრელი პირი, მაგრამ კერძო პირისთვის ამის დავალდებულება არასწორია.

„თუ მე ვარ ობიექტის მფლობელი, შემიძლია გადავწყვიტო შევუშვა თუ არა აუცრელი ადამიანი“ – ამბობს მათე კონჯარია.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს პანდემია თუკი არ აიცრებიან მოქალაქეები და საფრთხეს შეუქმნიან არა მარტო მათ სიცოცხლეს, არამედ სხვებსაც, მთავრობა კი არ დააწესებს რეგულაციებს, მათე კონჯარია ამბობს, რომ იძულების მექანიზმი ამ შემთხვევაში ისაა, რომ მოქალაქემ თავად გადაიხადოს მკურნალობის ხარჯები, თუკი არ აიცრება, მაგრამ დაინფიცირდება.

გამოფენა-პერფორმანსზე გამოფენილი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ფოტო წარწერით -„თორნიკე ბრექია“.

ასევე გამოფენილი იყო „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის,  პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები წარწერებით, – „ირაკლი უმიწაწყლო“ და „ირაკლი მიამიტი“ მათი ცალკეული გამონათქვამების ფრაგმენტებით.

„გირჩის“ გამოფენა აჭარის მთავრობასთან

ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ფოტოები.

შეგახსენებთ, რომ „მწვანე პასპორტები“ პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქე, რომელსაც არ აქვს მინიჭებული მწვანე სტატუსი ვერ შევა გარკვეულ ობიექტებში.

თუმცა აღნიშნულ პირებს, მწვანე პასპორტი არ მოეთხვებათ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, კვების ობიექტებში და საავადმყოფოებში.

„გირჩის“ გამოფენა

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან საქართველოში 40 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდისგან საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: