მთავარი,სიახლეები

„ბულვარი უნიკალური და ყველაფრის ფასად დასაცავია“ – ინტერვიუ ნორვეგიის ელჩთან

03.12.2021 • 1538
„ბულვარი უნიკალური და ყველაფრის ფასად დასაცავია“ – ინტერვიუ ნორვეგიის ელჩთან

„მომავალი გვკარნახობს, რომ უნდა გამოვნახოთ ცხოვრებისა და შენების ბევრად უფრო მდგრადი გზა, რაც ალბათ ითვალისწინებს არა მრავალსართულიან შენობებს, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეებს,“ – აღნიშნა ინტერვიუს დროს ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენმა. მას სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან ერთად ვკითხეთ ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით ნორვეგიულ გამოცდილებაზე, ასევე ნიუსრუმიდან დავანახეთ ბათუმის ბულვარში მიმდინარე უკანონო მშენებლობა.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუში ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში საუბრობს ერთობლივ პროექტებზე განათლების, საზღვაო სფეროში თანამშრომლობის და გარემოს დაცვის კუთხით. ელჩს ვკითხეთ იმაზეც, რა გამოსავალს ხედავს ქართული პოლიტიკური კრიზისიდან.

  • ქალბატონო ჰელენ, პირველ რიგში, მოგვიყევით იმ პროექტების შესახებ, რომელიც საელჩოს გახსნის შემდეგ განახორციელეთ საქართველოში.

ფოკუსირებული ვართ კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე და ეფექტიან მმართველობაზე, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის გაძლიერება, განსაკუთრებით ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ინკლუზიური საზოგადოების აშენება. გვაქვს პროგრამები ინკლუზიურ განათლებაზე გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად. მხარს ვუჭერთ სხვადასხვა უმცირესობის  – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ეთნიკურ თუ სექსუალური უმცირესობის უფლებებს.

ვცდილობთ საქართველოს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ნორვეგიას აქვს. ერთ-ერთი მსგავსება ჩვენს ქვეყნებს შორის წყლის რესურსებია, რომლის მართვაშიც დიდი გამოცდილება გვაქვს, ისევე, როგორც ჰიდროენერგიის სფეროში. ჩვენ ამ გამოცდილებას მთავრობას ვუზიარებთ ნორვეგიის შესაბამისი უწყებისა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში. ამასთან, მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ მედიას, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს“ და სხვა რეგიონულ ინიციატივებს, რომლებშიც მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ყველას ჩამოსათვლელად საკმარისი დრო არ არის.

  • თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა?

მიჭირს რომელიმეს გამორჩევა, რადგან საქართველოს დემოკრატიზაციის მხარდაჭერისთვის და სოციალური განვითარებისთვის ყველა ეს კომპონენტი აუცილებელია. თუ რომელიმე უნდა გამოვყო, ალბათ, ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება – ეს ყველა სახის მდგრადი განვითარების საფუძველია.

ისე ჩანს, თითქოს ევროპის საბჭოს მუშაობა მხოლოდ კანონმდებლობას ეხება, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი მიმართულია ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ძალაუფლების გადანაწილება – რომ პარლამენტი იყოს ძლიერი და ასრულებდეს საზედამხედველო ფუნქციებს, რომ ხალხის ხმა გაიგონონ და პატივი სცენ. მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი.

  • რაც შეეხება ბათუმს, რა შეხვედრები გქონდათ აქ? 

ბათუმში ვიზიტისას მთავარი ამოცანა საზღვაო სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობის ძიება იყო. ჩვენ გავაერთიანეთ ძალები საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩთან შავი ზღვის საკითხებში, რადგან გვსურს ვნახოთ, როგორ შეუძლია თანამშრომლობა საქართველოსა და ნორვეგიას, როგორც ორ საზღვაო ქვეყანას. ვხედავ პოტენციალს სავაჭრო თანამშრომლობისა და ზღვის დაბინძურებასთან ბრძოლის მიმართულებებით – ეს უკანასკნელი მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას.

  • ნორვეგიული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება თუ განიხილება?

ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც ვმუშაობთ. შეხვედრები გვქონდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში და ფოთის საწვრთნელ ცენტრში. ვიკვლევთ, როგორ შეუძლია ნორვეგიას აღიაროს საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატი, რაც ქართველ მეზღვაურებს ნორვეგიის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე დასაქმების საშუალებას მისცემს. ასევე, ვიკვლევთ საზღვაო სფეროში საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ჩვენი საუბრის თემაა ასევე ის, თუ როგორ შეგვიძლია გავაღრმაოთ საგანმანათლებლო თანამშრომლობა თევზჭერისა და სხვა სფეროებში, როგორ გავაძლიეროთ კვლევის საკითხებში უნივერსიტეტებსა და საზღვაო აკადემიებს შორის თანამშრომლობა.

ეს სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს და ქართველებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ნორვეგიული გამოცდილებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა თევზჭერა, ზღვის რესურსების მართვა, და ა.შ.

  • რა პერსპექტივაა ზოგადად ნორვეგიაში დასაქმებაზე – ხომ არ იგეგმება სამუშაო ვიზის მიღების პროცედურის გამარტივება?

ნორვეგიაში, სფეროების უმეტესობაში უცხოელთა დასაქმების საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა გვაქვს. ეს არ არის საკითხი, რომელზეც ვმუშაობთ.

ჩვენ უფრო ფოკუსირებულები ვართ სამუშაო ადგილების შექმნაზე საქართველოში და ვითარების გამოსწორებაზე სოციალური და ადამიანის უფლებების კუთხით.

  • თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც საქართველოში არსებობს?

საკმაოდ რთული კითხვაა. ჩემი გადმოსახედიდან, საქართველო განიცდის საკმაოდ ღრმა პოლარიზაციას, რაც არაა მხოლოდ პოლიტიკური. აქ გატარებული ორი წლის განმავლობაში ვიგრძენი, რომ პოლარიზაციამ საზოგადოების ყველა ასპექტი მოიცვა. ეს გვაწუხებს.

როგორ შეიძლება ამის მოგვარება? სამწუხაროდ, ასეთი „შელოცვა“ არ მაქვს. დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა პოლიტიკური დიალოგის მხოლოდ პროტესტით და შეურაცხყოფით წარმართვის შეწყვეტა. შესაძლებელი უნდა იყოს დაჯდომა და საუბარი; ასევე, ყველას, ვინც პოლიტიკაშია ჩართული, უნდა ჰქონდეს მოსმენისა და კომპრომისის სურვილი. ეს ერთადერთი გზაა წინ.

  • „ბათუმელებს“ მარტში განუცხადეთ, რომ „მმართველმა პარტიამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“. ივლისში „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა და უარი თქვა ევროკავშირის შეღავათიან სესხზე. რას აჩვენებს ასეთი დამოკიდებულება?

ყოველთვის მჯეროდა, რომ პასუხისმგებლობის უფრო დიდი წილი მთავრობას აკისრია. მთავრობა მოსახლეობის არჩეულია, ისინი ანგარიშვალდებული არიან ხალხის წინაშე. მათ აქვთ მოსმენისა და თანამშრომლობის ვალდებულება.

რა თქმა უნდა, რთულია, თუ ოპოზიციას არ სურს კონსტრუქციული ჩართულობა – ტანგოსაც ხომ ორი ადამიანი ცეკვავს. ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, როცა „ოცნებამ“ შეთანხმება დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია ევროკავშირის წევრი არაა, ჩვენი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში დიდწილად ევროკავშირისას ჰგავს. ვფიქრობთ, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან დიდი ძალისხმევა და კომპრომისი ჩაიდო ამ შეთანხმების მიღწევაში. სამწუხაროა მისი დატოვება, ისევე როგორც ის, რომ უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ მას ხელი არ მოაწერა და ეს მხოლოდ „ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ გააკეთა. ეს, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური თამაშია.

  • ამ მოცემულობაში რა რესურსი აქვს ქვეყანას დემოკრატიის გასაძლიერებლად?

ვუბრუნდებით კითხვას ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე.

ნორვეგიის გადმოსახედიდან, ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, როგორიცაა „ბათუმელები“, რათა მოვნახოთ გზები ჩართულობისთვის და ხალხის ხმის მოსმენისთვის, ისევე როგორც ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც ზოგჯერ ფულად დახმარებას გულისხმობს ნორვეგიის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. საკმაოდ ხშირად ეს ასევე მოიაზრებს მათი საქმიანობის მიმართ სიტყვიერ მხარდაჭერისა და თანადგომას.

  • ვიცით, რომ ევროკავშირის შეღავათიანი კრედიტის გაცემა, რომელზეც ხელისუფლებამ უარი თქვა, დამოკიდებული იყო სასამართლო რეფორმებზე. სასამართლოს პროგრესის გარეშე რამდენადაა შესაძლებელი დემოკრატიული წინსვლა?

გულწრფელად გითხრათ, ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ეს იყოს შესაძლებელი. დამოუკიდებელი სასამართლო – სამართლიანი პროცესი და სასამართლოსადმი ნდობა ყველანაირი ნდობის ქვაკუთხედია, იქნება ეს ნდობა საზოგადოების, ხალხის თუ უცხოელი ინვესტორის მხრიდან.

რეალური სასამართლო რეფორმა პროგრესისთვის აუცილებელია.

  • ნორვეგიის საელჩომ საქართველოში დაიწყო პროექტი ინკლუზიურ განათლებაზე. ამ ეტაპისთვის რა გამოჩნდა? 

ინკლუზიური განათლების მიმართულებით ბოლო ათი წელია ვთანამშრომლობთ საქართველოსთან; ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ინტეგრაცია, როგორ უნდა მიიღონ მათ ხარისხიანი განათლება და მოახერხონ სრულად რეალიზება. ეს თანამშრომლობა ათი წლის წინ დაიწყო, შემდეგ იყო მცირეხნიანი პაუზა. თანამშრომლობა შარშან განახლდა, როცა ახალ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი.

გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს გადავიდეს სისტემიდან, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ერთ დაწესებულებაში განთავსებას მოიაზრებს, რათა უფრო მეტმა ბავშვმა შეძლოს საკუთარ სახლთან ახლოს სწავლა და მეგობრების შეძენა. ჩვენი მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა მშობლებში და განსაკუთრებით სხვა ბავშვების მშობლებში ცნობიერების ამაღლება, მათ შორის იმაზე, რომ  ჩვეულებრივი მოვლენაა თუ მათი შვილის კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი იქნება.

პროექტის მიზანია ისიც, რომ მასწავლებლებმა უკეთ შეძლონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთათვის განათლების მიცემა.

  • ამ პროექტის დაწყებამდე არსებული მოლოდინები შენარჩუნდა, თუ გამოჩნდა ახალი გამოწვევები?

ეს პროექტი საქართველოს განათლების სამინისტროს, კერძოდ, მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის ინიციატივით დაიწყო. მან თავად შეისწავლა ინკლუზიური სწავლების პრინციპები ნორვეგიაში, ამიტომ კარგად ესმოდა, რა პრინციპებს მივდევთ. მას ასევე ესმოდა საქართველოს განათლების სისტემის საჭიროებები. გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და ის, რომ ნორვეგიას ამ მიმართულებით ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე მეტს ვერაფერს დავამატებ.

  • როგორც ვიცი, ასევე გვაქვს თანამშრომლობის პროექტები გარემოს დაცვის კუთხით.

შემიძლია ვახსენო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა CENN-თან (კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) და გარემოს დაცვის სამინისტროსთან პლასტმასით დაბინძურების პრევენციის ეროვნულ პროგრამაზე. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა გეგმა, როგორ მოხდეს პლასტმასით დაბინძურების მართვა საქართველოში. რა თქმა უნდა, საჭიროა ამ გეგმის ყველა დონეზე განხორციელება, რადგან პლასტმასით დაბინძურება მსოფლიოს ახრჩობს. ყოველწლიურად პლასტმასის საერთო წარმოება 300 მილიარდ ტონას აღწევს. ეს მთელი კაცობრიობის საერთო წონაა. უნდა გამოვნახოთ გზა დაბინძურების მნიშვნელოვნად შესამცირებლად; უნდა გვქონდეს ნარჩენების დახარისხების, მართვისა და გადამუშავების სისტემები.

ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს ზღვის დაბინძურების პრობლემაზე. როგორც ბათუმელმა გარემოს დამცველებმა მითხრეს, შავი ზღვის პლასტმასით დაბინძურება საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამიტომ, ამ პოლიტიკის შემუშავებისა და პარლამენტის მიერ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ დაველოდებით მის განხორციელებას; მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა ქაღალდზე არ დარჩეს და ყველა მუნიციპალიტეტმა გაატაროს – მოხდეს ნარჩენების დახარისხება და დაბინძურების პრევენცია. ეს ნიშნავს, რომ დგას თანამშრომლობის საჭიროება ეროვნულ, რეგიონულ, მუნიციპალურ, ინდივიდუალურ და ბიზნესის დონეზე. იმედია, განხორციელდება პოლიტიკა: „დააბინძურე = გადაიხადე“.

  • რა გაცვლითი პროგრამები გვაქვს ამ ეტაპზე ნორვეგიასთან?

20 წელზე მეტი გრძელდება თანამშრომლობა სამედიცინო სფეროში თბილისის სახელმწიფო და თრომსოს უნივერსიტეტებს შორის. ასევე, ნორვეგია აფინანსებს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა (მათ შორის საქართველოდან) ერთი ან ორი სემესტრით სწავლას რიგაში. ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, მაგისტრანტებისთვის მოქმედებს პროგრამა ჰიდროენერგიისა და წყლის რესურსების მართვაში.

  • რატომ წყლის რესურსების მენეჯმენტი?

ორივე ქვეყანას აქვს წყლის დიდი რესურსი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი შესაბამისი მართვა. ამჟამად ნორვეგიაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 96% ჰიდროენერგიაზე მოდის. გვაქვს ეს გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია. შეგვიძლია ავუხსნათ საქართველოს მთავრობას, როგორ ვმართავთ ამ რესურსებს ნორვეგიაში, მათ შორის წყლისა და მიწის მფლობელობის საკითხებში. ამ ყველაფრის სასწავლებლად არის სამაგისტრო პროგრამა, რომელზე მოსახვედრადაც ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიებს გავცემთ.

  • რა არის მთავარი, რაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ჰესების პროექტების განხილვისას, არსებული პროექტების კრიტიკის ფონზე? რა უნდა იყოს ამ დროს მოსახლეობის მოთხოვნა – რომ არ დავზარალდეთ და სწორად ავითვისოთ წყლის რესურსი?

ჩვენ ამ სფეროში საქართველოს მთავრობას საკუთარი გამოცდილების გაზიარებას ვთავაზობთ. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ურთიერთობა ადგილობრივებთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი – რესურსების უმეტესობას ადგილობრივები ფლობენ. ამიტომ, აქ ყოველთვის ასარჩევი იქნება: ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც ტურისტებს იზიდავს და თევზჭერის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, ელექტროენერგიით ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის შესაძლებლობა. ამიტომ, მათ უნდა ჰქონდეთ საკითხის გადაწყვეტაში როლი და უნდა იყვნენ დისკუსიებში ჩართულები.

თუ გადაწყდა ჰესის აშენება, უნდა არსებობდეს ანაზღაურების სისტემა ადგილობრივებისთვის. ისინი კარგავენ რესურსს და სანაცვლოდ რაიმე უნდა მიიღონ. საჭიროა უზრუნველყოფა, რომ მათ მიეცეთ კომპენსაცია. ჩვენ ეს გაკვეთილი საკუთარი გამოცდილებიდან ვისწავლეთ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ჰესის საკუთრების მოდელი. ჩვენი გამოცდილებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ჰესი აკონტროლოს გარკვეული ხარისხით, რადგანაც საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსებზე.

გვესმის, რომ საქართველო დამოკიდებულია სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტზე, ხოლო მოთხოვნა ელექტროენერგიაზე იზრდება. გაქვთ შესაძლებლობა გამოიმუშაოთ სუფთა ენერგია, რაც კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია. მეზობელ ქვეყნებზე მწვავე დამოკიდებულების არქონა – ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ენერგიის ისეთი წყაროების განვითარება, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. საჭიროა ამ ყველაფრის ახსნა ხალხისთვის, რომ მათ გაიგონ: ეს შეიძლება ცუდი ახლა იყოს, მაგრამ სამომავლო სასარგებლო გახდეს ადგილობრივებისთვის – როგორც მოკლევადიანად (კომპენსაციის მიღება), ასევე გრძელვადიანად (ის, რომ მომავალ თაობებს ჟანგბადი ექნებათ).

  • ბოლოს ბათუმზე მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, განვითარების რა რესურსი აქვს ამ ქალაქს? 

ბათუმში მეექვსედ ვარ. პირველად დაახლოებით 12 წლის წინ ჩამოვედი. შევამჩნიე ცვლილებები ქალაქში. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ყოველთვის მომწონს ქალაქის ავთენტურობა და უნიკალურობა, მისი კულტურული მემკვიდრეობა.

მჯერა, რომ ჯანმრთელი ურბანული გარემო ქვაკუთხედია არა მხოლოდ უცხოელი ტურისტების, არამედ ადგილობრივების საჭიროებების. ვფიქრობ, ბულვარი უნიკალური და ყველაფრის ფასად დასაცავია.

  • როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მაშინ, როცა მთავრობა ამბობს, რომ ინვესტიციები და, შესაბამისად, ახალი შენობები გვჭირდება?

მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მდგრადი განვითარების მისაღწევად ქალაქი ადგილობრივებისთვის იყოს კარგი. უნდა არსებობდეს ურბანული განვითარების გეგმა, რაც არ შეზღუდავს სამუშაო ადგილების რაოდენობას სამშენებლო სფეროში და გაითვალისწინებს ადამიანებზე მორგებულ მშენებლობებს.

ჩემი აზრით, უნდა გამოვნახოთ ცხოვრებისა და შენების ბევრად უფრო მდგრადი გზა, რაც ალბათ ითვალისწინებს არა მრავალსართულიან შენობებს, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, განვითარება შეეხოს არა მარტო სანაპირო ზოლს, არამედ თანაბრად მოიცვას ზღვისპირა ზოლის მიღმა არსებული ტერიტორიებიც.

  • ჩვენი ნიუსრუმის ფანჯრიდან ვხედავთ უკანონო მშენებლობას ბათუმის ბულვარში – შეგიძლიათ გაგვიზიაროთ მწვანე სივრცეების და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გამოცდილება?

საჭიროა ხალხის ჩართულობა, ცნობიერების ამაღლება და იმის გააზრება, რომ მსოფლიო იცვლება და ჩვენ, როგორც ადამიანები, ზედმეტად დიდ ზიანს ვაყენებთ დედამიწას. დადგა დრო გადავიაზროთ ურბანული სივრცის მოწყობა.

მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობაც. თუმცა, ხალხის ჩართულობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა მათ საკითხის მნიშვნელობა ესმით. მთავრობამ უნდა მოისმინოს ხალხის ხმა და პასუხისმგებლიანად, გლობალური ვალდებულებების შესაბამისად მოიქცეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: