ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

პროექტი შუახეველი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

04.12.2021 • 1891
პროექტი შუახეველი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

„დღეს ქალს ძალიან დიდი შრომა სჭირდება იმისთვის, რომ დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში, შექმნას სხვადასხვა სახის პროექტი, მიიღოს მასში მონაწილეობა ან კიდევ გააძლიეროს სხვა მეგობარი ქალები“, – ამბობს შუახეველი თამილა ლაბაძე, რომელიც მონაწილეობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტში – „ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ .

„ამ პროექტის დასრულების შემდეგ ვფიქრობ წარმატებულ ქალად ჩამოვყალიბდები და დავეხმარები იმ მეგობარ ქალებს, რომლებსაც სურთ მიაღწიონ წარმატებას, ჩამოშორდნენ ყოველდღიურ რუტინას და გზა გაუკვალონ თავიანთ შვილებს უკეთესი მომავლისკენ“, – ამბობს თამილა ლაბაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დაბა შუახევში ჩაატარა ტრენინგი თემაზე – „საპროექტო იდეების შედგენა“. შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში – „ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“.

ტრენინგში მონაწილეობდნენ შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები და ქალები, რომლებიც ორგანიზაციამ კონკურსით შეარჩია.

ტრენინგი დაბა შუახევში

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 30 ოქტომბრიდან ტრენინგები ტარდება როგორც ონლაინრეჟიმში [ZOOM -ის მეშვეობით], ასევე სატრენინგო სივრცეში, კოვიდრეგულაციების დაცვით.

პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, შუახევის მერიასთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – „ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება აფინანსებს. პროექტი გულისხმობს ქალებისა და ახალგაზრდების უფრო ღრმად გარკვევას თვითმმართველობის კომპეტენციებში, ჩართულობის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას მერიასთან და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დროს. აგრეთვე, პროექტების შედგენას და წარდგენას, როგორც მერიაში, ასევე დონორებთან, პეტიციების შედგენას. ვფიქრობ, ეს აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – ამბობს ჯემალ ტაკიძე, პროექტის კონსულტანტი.

მისივე თქმით, „პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განსაზღვრული გამოცდილების გაზიარება, რაც საკმაოდ შედეგიანი იქნება შუახევის მუნიციპალიტეტში“.

ტრენინგი დაბა შუახევში

„პროექტის ფარგლებში გავდივართ სხვადასხვა ტრენინგ-კურსს. ვსწავლობთ, თუ რა არის თვითმმართველობა, როგორი სახის ბიუჯეტი აქვს და როგორ ნაწილდება თვითმმართველობის ბიუჯეტი პროექტების შესაბამისად. ასევე ვსწავლობთ პროექტის სწორად წერას და იმას, თუ როგორ მოვიძიოთ დამფინანსებლები“, – ამბობს ლინდა ტარიელაძე.

პროექტის კიდევ ერთი მონაწილის, იზა ფუტკარაძის მიზანია, ისწავლოს პროექტის წერა, რითაც დაეხმარება სხვა ადამიანებსაც. „შევქმნა ისეთი პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტს, სოფლებს მისცემს მეტ წარმატებასო“.

გურამ მიქელაძე და ანრი მამულაძეც პროექტიდან მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შეეცდებიან დაწერონ პროექტები, „რითაც დაეხმარებიან თავიანთ სოფელსა და თემს განვითარებაში.“

„პროექტი შუახევში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ქალებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ მუნიციპალიტეტისა და თემის განვითარებაში, ასევე განავითარონ საკუთარი თავიც“, – ამბობს პროექტის კიდევ ერთი მონაწილე, მარიკა ქათამაძე.

ტრენინგი დაბა შუახევში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ აცხადებენ, რომ პროექტის მთავარი მიზანია „ერთი მხრივ, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააქტიურება – მათი ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში ჩართულობის და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფით, მეორე მხრივ კი, სამოქალაქო აქტივიზმის შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა და ახალგაზრდების თვითმმართველობის დონზე გააქტიურება“.

პროექტს სულ 25 მონაწილე ჰყავს. 18 წელს ასაკს გადაცილებული ქალები კონკურსის გზით შეარჩიეს. ასევე 25 მონაწილე [16-25 წლის] შეირჩა ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შორის გამოცხადებული შიდა კონკურსით და გასაუბრებით.

ახალგაზრდული ცენტრი, სადაც 14-29 წლამდე ასაკის 78 ახალგაზრდაა გაწევრიანებული, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ შუახევის სოფელ ჭვანაში ორგანიზაციის წარმომადგენლობის ბაზაზე, 2021 წლის ივლისში დააფუძნა.

წარმომადგენლობის ოფისში ციფრული კომპიუტერული ცენტრის ამოქმედებით პროექტის ბენეფიციარებსა და ახალგაზრდული ცენტრის წევრებს აქვთ შესაძლებლობა:

  • ოფისში დასაქმებული თანამშრომლების დახმარებით შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები
  • ელექტრონულ ფორმატში მოიძიონ და დაამუშაონ მათთვის სასურველი ინფორმაცია

ამასთან, გაეცნონ მუნიციპალურ და რეგიონულ პროგრამებს და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ ოფისის ტექნიკით [დაბეჭდონ დოკუმენტები], ელექტრონულ ფორმატში წარადგინონ სხვადასხვა ტიპის პროექტი და ინიციატივა, გააციფრულონ საჭირო დოკუმენტები და გადააგზავნონ ელექტრონულად, ისარგებლონ ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელებით და ა.შ.

ტრენინგის მონაწილეები / დაბა შუახევი

 


მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: