მთავარი,სიახლეები

„მხოლოდ ფურცელზე არსებული უფლება არ არის უფლება“ – შშმ პირების მსვლელობა ბათუმში

03.12.2021 • 1289
„მხოლოდ ფურცელზე არსებული უფლება არ არის უფლება“ –  შშმ პირების მსვლელობა ბათუმში

დღეს, 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში მცხოვრებმა შშმ ადამიანებმა, მათი ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა ბათუმში მსვლელობა გამართეს.

„ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც სახლებში უნდა ვისხდეთ, რომლებსაც არ უნდა გვქონდეს განათლების, დასაქმების შესაძლებლობა. ჩვენი მთავარი მიზანია, მივაღწიოთ დამოუკიდებელ ცხოვრებას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული დედაზე, მამაზე ან სხვა ვინმეზე“- ამბობს ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე, რომელიც წლებია შშმ პირთა უფლებების დასაცავად მუშაობს.

ამ მსვლელობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, ხელისუფლებას, რომ მათ აქვთ უფლება იცხოვრონ ადაპტირებულ გარემოში და ჰქონდეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობა.

შშმ პირების მსვლელობა ბათუმის ქუჩებში

„ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყოს გარემო, ბრაილის შრიფტი მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება, ჟესტური ენა – სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის და ყველა ის სიკეთე, რასაც სხვა მოქალაქეები იღებენ ამ ქვეყანაში. შშმ პირები ჩართული უნდა ვიყოთ ქვეყნის კულტურულ, შემეცნებით და პოლიტიკურ ცხოვრებაში“ – ამბობდნენ  მსვლელობაში მონაწილე პირები.

მსგავსი მსვლელობა ბათუმში პირველად გაიმართა. მსვლელობაზე შშმ ადამიანებმა ტრანსპარანტებით ყველა იმ პრობლემას გაუსვეს ხაზი, რის წინაშეც დგანან დღეს.

მსვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი მოქალაქე მიიჩნევს, რომ დღეს შშმ ადამიანებს დასაქმება უჭირთ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა შშმ ადამიანებთან მიმართებაში.

„მინდა შეიცვალოს დამსაქმებლების დამოკიდებულება, მინდა შეიცვალოს სტერეოტიპები“ – გვითხრა მან.

იურისტი რამინ მაჭარაშვილიც შშმ პირია. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ კანონების მიღება არ კმარა და პრაქტიკაში უნდა გამოჩნდეს ის ცვლილებები, რაც ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზეა ასახული.

„მხოლოდ კანონების შექმნა არ არის საკმარისი, აუცილებელია მისი აღსრულებაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ფურცელზე არსებული უფლება არ არის უფლება.

სახელმწიფომ და ზოგადად, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ხელმისაწვდომი გარემო საჭიროა არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც. ჩახერგილი ტროტუარები მარტო ჩვენთვის კი არ არის პრობლემა, მოხუცებსაც უჭირთ გადაადგილება და იმ ადამიანებს, ვინც ეტლით მიჰყავთ ბავშვები“- ამბობს რამინი.

მსვლელობის მონაწილეების თქმით, გარემოს ადაპტირების პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს ქვეყანაში და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს.

შშმ პირები ბათუმში

„როცა რაიმე გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველობა, იქნება ეს ქუჩების გაკეთება თუ სხვა რამ, ჩვენც უნდა ჩაგვრთოს პროცესში, რომ იცოდნენ, რა გვჭირდება რეალურად. ხშირადაა გადათხრილი ქუჩები, მცირედმხედველი ადამიანებისთვის არ არის ადაპტირებული გარემო და მოშლილია უსინათლოთა ბილიკები“ – გვითხრა მსვლელობის კიდევ ერთმა მონაწილემ.

მსვლელობის მონაწილეების თქმით, მათთვის ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვის სერვისები და სოციალური შემწეობაც საარსებო მინიმუმთან უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში.

შშმ ბავშვების მშობლებმა ასევე ისაუბრეს პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე.

მათი თქმით, პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გართულდა შშმ ბავშვების მდგომარეობა, რადგან ისინი, ფაქტობრივად, ორი წელია სახლი არიან ჩაკეტილი. „დღის ცენტრების გარდა სახელმწიფო სხვა არაფერს გვთავაზობს, ვფიქრობ, მეტი სერვისია საჭირო ჩვენი შვილების განვითარებისთვის“- ამბობენ მშობლები.

შშმ პირების მსვლელობა ვარდების სკვერიდან დაიწყო და ბათუმის დრამატული თეატრის წინ დასრულდა. მსვლელობა გაიმართა  ორგანიზაციების – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ინიციატივით.

გადაბეჭდვის წესი