მთავარი,სიახლეები

„სახლი დაგვეწვა“ – 10-სულიანი ოჯახი ხულოში ზამთარს უსახლკაროდ ხვდება

03.12.2021
„სახლი დაგვეწვა“ – 10-სულიანი ოჯახი ხულოში ზამთარს უსახლკაროდ ხვდება

ხულოში, სოფელ სხალთაში, შაინიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი წელს, 21 მარტს დაიწვა. ოჯახში ათი ადამიანია, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი ბავშვი. სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე სულიკო გაბაიძე მცირედმხედველია და შშმ პირის სტატუსი აქვს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი მისი, როგორც შშმ პირის პენსია და სოციალური შემწეობაა.

ხანძარმა შაინიძეების სახლში ყველაფერი გაანადგურა. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ავეჯი.

როცა სახლი დაიწვა, ხულოს მერიამ პროგრამის ფარგლებში ოჯახს 15 ათასი ლარი გამოუყო. თუმცა როგორც სულიკო გაბაიძე გვეუბნება, ამ თანხით ცემენტი და არმატურა ძლივს იყიდეს და იძულებული გახდნენ, ბანკიდან სესხი გამოეტანათ, რომ ერთი სართულის კედლები მაინც ამოეყვანათ. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ოთახების მოწყობას ზამთრის დადგომამდე შეძლებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

ზამთარი მოვიდა, შაინიძეების ოჯახი კი ისევ უსახლკაროდაა.

„მერიაში გვითხრეს, ამის მეტი დახმარება არ იქნებაო, ამიტომ იძულებული ვიყავი 12 ათასი ლარი გამომეტანა ბანკიდან. ახლა პენსიის და სოციალური დახმარების 600 ლარი ბანკში მიდის. ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, ჩემი შვილი და იმასაც პატარა ბავშვები ჰყავს. საჭმელი და წამალი ხომ სჭირდებათ ბავშვებს. მთელი ოჯახი ერთი ადამიანი სარჩენი გავხდით, ამ დროს მასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“ – გვეუბნება სულიკო გაბაიძე.

შაინიძეებმა მერიის მიერ გაცემული კომპენსაციით მხოლოდ ერთი სართულის კედლების ამოყვანა შეძლეს

ოჯახმა ბანკიდან გამოტანილი სესხით ერთსართულიანი სახლის კედლები ამოიყვანა, თუმცა გადახურვისთვის თანხა მაინც არ ეყოთ. ახლა ქალბატონი სულიკო იმაზე წუხს, რომ თუ სახლი არ გადაიხურა, ამ ზამთარში შესაძლოა წვიმამ ისიც გააფუჭოს, რაც გაკეთდა.

იგი დარდობს, რომ პატარა ბავშვებს სიცივეში მოუწევთ ზამთრის გატარება.

სახლის დაწვის შემდეგ ათსულიანი ოჯახი იმავე სოფელში ერთ-ერთი მიტოვებულ შენობაში გადავიდა დროებით საცხოვრებლად, თუმცა როგორც სულიკო გვეუბნება, სახლში ზამთრის გატარება ძალიან რთული იქნება, რადგან ფანჯრები და კარები მორყეულია, იატაკი დაზიანებული. სახლში არც ავეჯია და არც სხვა საჭირო ნივთები.

„გადასაყრელად ვისაც ჰქონდა რაღაც მეორადები, გამოვართვით და ასე შევაკოწიწეთ საწოლები“ – ამბობს სულიკო გაბაიძე.

ათსულიან ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. „იქნებ სახურავის გადახურვაში მაინც დაგვეხმარონ“ – გვეუბნება ის.

_______________

ფოტოზე: სულიკო გაბაიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: