40 წლის მარიამ ჯორბენაძე ხულოდანაა. იგი 8 თვის წინ დაემშვიდობა ოჯახს და ქუთაისის აეროპორტიდან იტალიაში გაემგზავრა.
ახლა მარიამი იტალიის პატარა ქალაქში მუშაობს და ოცნებობს, რაც შეიძლება სწრაფად შეაგროვოს თანხა, რომ საქართველოში დაბრუნდეს.
მარიამის ემიგრაციაში წასვლის მიზეზი დედობის სურვილია. უშვილობის მკურნალობას ათასობით ლარი სჭირდება, რის შეგროვებასაც მარიამი ხულოში მუშაობით დიდ ხანს ვერ შეძლებდა, საქართველოში კი უშვილობის მკურნალობას სახელმწიფო არ აფინანსებს.
8 თვეა მარიამი იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა, ჯერჯერობით თანხის შეგროვება ვერ დაიწყო, ჯერ მხოლოდ ვალებს იხდის.
რას ნიშნავს ემიგრანტი ქალისთვის ოჯახისგან შორს ყოფნა? – მარიამ ჯორბენაძე „ბათუმელებთან“ ემიგრაციის მიზეზებსა და სამშობლოდან შორს ცხოვრებაზე საუბრობს.
მოუსმინეთ პოდკასტს
- რატომ გავხდი ემიგრანტი – მარიამ ჯორბენაძის ნაამბობი
ემიგრაციაში წამოსვლა დედობის სურვილმა გადამაწყვეტინა, შვილი არ მყავს და მინდა დედა გავხდე, რისთვისაც საკმაოდ ბევრი ფულია საჭირო, 12 ათასი ევრო უნდა შევაგროვო ამისთვის, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 2 წელი უნდა ვიმუშაო აქ. თუმცა ჯერ ვალები მაქვს და აქამდე არაფერი შემიგროვებია .
ჩემი დღე იწყება იმით, რომ დილის 6 საათზე ადრე ვიღვიძებ, წამალი უნდა დავალევინო ბებოს, მერე გავდივარ აივანზე, ვსვამ ყავას და ვუყურებ, როგორ თენდება, ღრმად ვსუნთქავ და წარმოვიდგენ, რომ საქართველოში ვარ.
რაც ემიგრაციაში ვარ, სულ ბავშვობა მახსენდება.
დღის განმავლობაში მხოლოდ დილით ვგრძნობ თავს შედარებით თავისუფლად.
- ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში და არავინ გხვდება, გზა მარტო უნდა გაიკვლიო
დილის შვიდისკენ რობოტივით ვიწყებ მოვალეობის შესრულებას. ემიგრაციაში შენ შენ არ ხარ, ყველაფერი აზრს კარგავს და უფერულდება.
გტკივა, არ შეგიძლია, დაღლილი ხარ, გეძინება, გშია, გწყურია… ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით. არის დღეები, როცა შინაგან სისუსტეს გრძნობ, მაგრამ აუცილებლად უნდა ადგე და გააკეთო საქმე.
აქ „არ შემიძლია“ არ არსებობს.
ყველაზე რთული იყო, როცა მოვდიოდი და ოჯახის წევრები მაცილებდნენ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება.
სული მეწვის დედაჩემის მონატრებით, მისი მზერა გონებიდან არ ამომდის, ცრემლმორეული თვალებით რომ მაცილებდა. ალბათ ერთნაირი აზრები გვიტრიალებდა თავში, ალბათ ისიც ჩემსავით ფიქრობდა – „ვაითუ ვეღარ ვნახო“.
ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში და არავინ გხვდება, გზა მარტო უნდა გაიკვლიო, სად, როგორ, ენა არ იცი, არაფერი…. გაუსაძლისი იყო.
ძალიან შეუმზადებლად დავსაქმდი, არაფერი ვიცოდი, ვისთან უნდა შევსულიყავი, რა ხდებოდა, რა მევალებოდა. უბრალოდ, წამიყვანეს და დამტოვეს მოხუცთან, რომელსაც რა უყვარდა, რა უხაროდა, არაფერი ვიცოდი. მხოლოდ „კი“ და „არა“ ვიცოდი იტალიურად.
ოჯახებში თავიდან სხვანაირად გიყურებენ, ჰგონიათ, რომ არასდროს არაფერი გინახავს.
ერთ-ერთ ოჯახში ბებოს ტელეფონი რომ დამიტოვა შვილიშვილმა, ამიხსნა, რომ მწვანე ღილაკით ყურმილი უნდა ამეღო, წითელზე კი გათიშვისას უნდა დამეჭირა.
- ხშირად უთქვამთ ჩემზე – რუსიაო. მე ვყვირი: არა, არა, Georgia! საქართველო!
პატარა ქალაქ მოლფეტაში ვცხოვრობ. ხელფასი მაღალი აქვთ, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, გადასარევი კვება, გადასარევი დასვენება, უაღრესად პუნქტუალურები არიან, რაც საქართველოში იშვიათია.
ამ პატარა ქალაქშია ყველაფერი განსაცვიფრებელია და წარმომიდგენია დიდ ქალაქებში როგორ იქნება.
საქართველოში კი არ ვცხოვრობთ, უფრო ვარსებობთ, რომ არ მოვკვდეთ. ყველაფრის ხალისი დაკარგული აქვთ ქართველებს იმდენად გაჭირვებულ და უსამართლო ცხოვრებაში არიან. წამხდარი აქვთ ხასიათი ახალგაზრდებს, შუა ხნის ხალხს…. სულ პრობლემებია…
ხელისუფლების ბრალია, ყველაფერი რომ გვაკლია ქართველებს. მახსოვს ბნელი 90-იანები, საქართველოს აღმშენებლობაც, როცა, როგორც იქნა, რუკაზე გვპოულობდა მსოფლიო და ახლა სად მივდივართ, არ ვიცით. ერთეულები მდიდრდებიან ჩვენს ხარჯზე. ემიგრანტების ხარჯზეც, სხვათა შორის.
ჰგონიათ, რომ საქართველო ეკუთვნის რუსეთს. ხშირად უთქვამთ ჩემზე – რუსიაო. მე ვყვირი – არა, არა! Georgia! საქართველო! ვერც კი ავხსნი, როგორ მაღიზიანებს, როცა ჰგონიათ, რომ საქართველო ეკუთვნის რუსეთს.
დიდი რესურსი აქვს საქართველოს, ასე არ უნდა გვიჭირდეს. ბოღმა მახრჩობს – ჩვენი შესაძლებლობების ქვეყნიდან მომვლელად უნდა ვმუშაობდეთ? გადმოხვეწილები… შეგვიძლია საქართველოშიც დავიხარჯოთ ჩვენი შრომით, მაგრამ სადაა ასე…
- ვფიქრობ, აქ წამოსვლით არ დავკარგო სიყვარული და ურთიერთობები, რაც საქართველოში მქონდა
მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ადვილად შევეგუე-მეთქი. ყველა ოჯახს თავისი წესები აქვს – რა დროს ჭამონ, რა დროს მოისვენონ. სამ ოჯახში ვიმუშავე და სამივეგან სრულიად განსხვავებული დღის რეჟიმი ჰქონდათ.
ენის პრობლემა დღემდე მაქვს და ბარიერი დისკომფორტს მიქმნის. თუმცა ხალხთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, დამოუკიდებლად ვცდილობ თავი გავართვა. მაფასებენ, ვგრძნობ, რომ რაღაცას წარმოვადგენ მათთვის და ზემოდან არ მიყურებენ.
თუ კარგ ოჯახში ხარ და კარგად გექცევიან, ეს იმ სიცარიელეს ავსებს, რაც მონატრებით, სამშობლოსგან სიშორით გვაქვს და ცოტათი მაინც გვახალისებს.
ემიგრანტობა სასჯელია, ვერავის ვუსურვებ. არაფერს არ წარმოადგენ. რამდენი ევრო უნდა გადაგიხადონ, ეს სიცარიელე რომ შეგივსოს.
სულ ვფიქრობ, აქ წამოსვლით არ დავკარგო სიყვარული და ის ურთიერთობები, რაც საქართველოში მქონდა. აქ რომ ვუყურებ ხალხს, 10-15 წელი მუშაობენ – სული მეყინება და მეშინია. ჩემთვის გაჩერდება სამყარო 10 წელი აქ რომ დავრჩე.
_______________________________________________________________