მთავარი,სიახლეები

გახარიას პარტიის წევრები ხვალ ბათუმის ახალი საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ

02.12.2021 • 1704
გახარიას პარტიის წევრები ხვალ ბათუმის ახალი საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ

„არ ვაპირებთ არავის სცენარში მონაწილეობას“ –  ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ ხვალ, 3 დეკემბერს, ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე არ მივლენ.

ამის მიზეზად ისინი  როგორც ოპოზიციასთან, ასევე „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების არარსებობას ასახელებენ:

„გვაქვს გადამწყვეტი ხმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები.  ჩვენ ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც დაგვაკისრა საქართველოს მოსახლეობამ… შევთავაზეთ, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „ოცნებას“ დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და მიგვეღო ერთობლივი გადაწყვეტილებები.

იმისათვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო, მზად ვიყავით უარი გვეთქვა ყველა თანამდებობაზე, რაც არის ბათუმის საკრებულოში.

სამწუხაროდ, უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღმოჩნდა ამისთვის მზად, რადგან მათთვის მიუღებელი იყო ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა, რომ საკრებულოში კომისიები გადანაწილებულიყო თანაბრად.

სამწუხაროდ, ორივე პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა ამაზე, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ ისინი აპირებენ ინდივიდუალურად მუშაობას ოპოზიციონერ დეპუტატებზე. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ როგორ მოახერხეს თუნდაც ჩვენი პარტიის ერთი წევრის გადაბირება“  –  განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი მიქელაძემ, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ირაკლი მიქელაძის თქმით, პარტია გეგმავდა ასევე საკუთარი კანდიდატების დასახელებას იმ პირობით, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იქნებოდნენ მოადგილეები და დაეხმარებოდნენ, რითაც საკრებულოში ბალანსის დაცვას მიაღწევდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: