მთავარი,სიახლეები

ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის – დოკუმენტური ფილმი ემიგრანტ ქალებზე

03.12.2021 •
ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის – დოკუმენტური ფილმი ემიგრანტ ქალებზე

„წიგნი მთავარი გმირის გარეშე, ასეთია ჩვენი ცხოვრება“, „როდის წავალ საქართველოში? ყოველდღე მინდა სახლში წავიდე, მაგრამ ჩახვალ და… ვინც ჩავიდა, ის ისევ უკან მოდის. სხვას რომ ვუყურებ, აღარ ვტოვებ სამუშაო ადგილს“, „სანამ მყარად არ დავაყენებ ჩემს შვილებს ფეხზე, ჩემს თავზე ვერ ვფიქრობ,“ – ეს ემიგრაციაში მყოფი ქალების კომენტარებია საკუთარ ცხოვრებაზე.

2000-იანი წლები სხვა ყველაფერთან ერთად შრომითი მიგრაციის დიდი ტალღითაც შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

შიმშილისგან და სიღარიბისგან ოჯახის გადამრჩენელის ტვირთი საკუთარ თავზე ქალებმა აიღეს და უცხო ქვეყნებს მიაშურეს სამუშაოდ.

ქალები ერთმანეთის და საერთო ნაცნობების დახმარებით საბერძნეთში, იტალიასა და თურქეთში მიდიოდნენ, სადაც ზრუნვით შრომაში ერთვებოდნენ. უვლიდნენ მცირეწლოვან ბავშვებს, მოხუცებს და ალაგებდნენ სახლებს.

ემიგრაციის პირველი დიდი ტალღიდან 20 წელზე მეტი გავიდა. ახალგაზრდა ქალები, რომლებმაც საკუთარი ოჯახები და მცირეწლოვანი შვილები დატოვეს საქართველოში, ახლა უკვე შუახნის არიან.

ისინი ამბობენ, რომ მათი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები მძიმე შრომაში, შვილების მუდმივ მონატრებასა და საკუთარ სახლში დაძინების სურვილში გაილია.

წლები გავიდა, შვილები გაიზარდნენ, ქალებს სახლში დაბრუნება უნდათ, მაგრამ ეს ისევ არ შეუძლიათ, რადგან არც დანაზოგი აქვთ და არც ის იციან, საქართველოში ჩამოსულებმა რა უნდა გააკეთონ.

„ბათუმელები“ ემიგრანტ ქალებს თურქეთში შეხვდა და მათი ისტორიები მოისმინა.

 

„ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის“ – ემიგრანტი ქალების ცხოვრების შესახებ ამ დოკუმენტური ფილმის მომზადება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. გადაღებები სტამბოლში მიმდინარეობდა, ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი ქალია ემიგრაციაში წასული აჭარიდან.

„შრომის გატანა თავის გასატანად“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს. ფილმის გარდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიდეო ისტორიების და  პოდკასტების მომზადება.

პროექტის მიზანია ემიგრანტ ქალთა ცხოვრების ჩვენება ფართო სპექტრით და სხვადასხვა კუთხით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: