მთავარი,სიახლეები

როგორც იქცა შვილისთვის დამზადებული თოჯინები ბიზნესად

03.12.2021 • 4489
როგორც იქცა შვილისთვის დამზადებული თოჯინები ბიზნესად

მარიამ შათირიშვილი ბათუმელი ფსიქოლოგია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თავისი შვილისთვის უსაფრთხო სათამაშოს შექმნა გადაწყვიტა.

იუთუბზე ნანახი ინსტრუქციის შემდეგ, ყაისნაღი მოიმარჯვა და პირველი ბაჭია თავისი ფანტაზიით შექმნა.

იმ დღეს, მისდაუნებურად, „ელის“ შექმნის იდეაც დაიბადა: 

„ეს იყო ბაჭია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კომერციული, მაგრამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ეს საქმე იქცა სტარტაპად. 

ჩემი სურვილი იყო,  რომ რაც შეიძლება უსაფრთხო და ეკომეგობრული გარემო შემექმნა ჩემი შვილისთვის, რადგან მაშინ ტყვიის შემცველი სათამაშოების რაოდენობა ბაზარზე ძალიან მაღალი იყო და შემდეგ გადავწყვიტე სხვა ბავშვებისთვისაც დამემზადებინა ასეთი, უსაფრთხო სათამაშოები.

სხვათა შორის, ბრენდს „ელი“ ჩემი შვილის სახელის შესაბამისად ჰქვია, სრული ინსპირაცია არის ელისაბედი“ – გვიამბობს მარიამი. 

მარიამის ხელნაკეთი თოჯინები. ფოტო: Elie • ელი/FB

ახლა ბრენდ „ელის“ უკვე საკუთარი გვერდიც აქვს ფეისბუქზე, სადაც მარიამი მის მიერ დამზადებულ თოჯინებს აქვეყნებს და შეკვეთებსაც იღებს. 

მარიამი ბავშვობიდან არის დაკავებულია ხელსაქმითა და ხატვით. დიზაინის კურსებიც აქვს გავლილი. 

ამბობს, რომ პანდემიისას სათამაშოების დამზადება ფსიქოლოგიურად დაეხმარა და ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ ამ საქმეში პოულობს:

„ყველაფერი მივატოვე და ჩავეშვი მთლიანად ამ საქმეში. ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა პანდემიის პერიოდში, როცა ყველაფერი ჩაკეტილი იყო.

თავიდან იყო მცირე სტარტაპის სახით, ახლა მაქსიმალურად გადართული ვარ ამ საქმეზე. სიამოვნებას ვიღებ და არასდროს არ ვიღლები, შემიძლია დღეში 20 საათი ისე ვქსოვო, რომ არ დავიღალო“ – ამბობს მარიამი. 

მისი თქმით, სათამაშოების ფერები განწყობაზეა დამოკიდებული და მათ შეხამებასა და შერჩევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება:

„სათამაშოს შექმნისას ვხატავ მოდელს, რომელიც მინდა საბოლოო ჯამში გამოვიდეს. შემდეგ ვქმნი სქემას, აქ ცოტა მათემატიკური გათვლებია საჭირო და მერე უბრალოდ ვქსოვ, ვქმნი იმ ფორმებითა და ფერებით, რომლებიც ჩემს გონებაშია.

ფერების შეხამებაც განწყობაზეა დამოკიდებული. ვცდილობ, პასტელური, ნეიტრალური ფერები იყოს ჩემს სათამაშოებში გამოყენებული, იმიტომ, რომ ადრე უფრო იყო მოთხოვნა მკვეთრ ფერებზე, თითქოს ბავშვი მათ უკეთესად აღიქვამდა, სინამდვილეში, ეს ფერები ღლის ბავშვს და უმჯობესია ნაზი ტონები“. 

მარიამის ხელნაკეთი თოჯინა. ფოტო: Elie • ელი/FB

მიზანს, რომელიც „ელის“ შექმნის დღეს დაისახა, დღემდე მიჰყვება და სათამაშოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან ამზადებს:

„თოჯინებს ვქსოვ ბამბის ძაფით, რომელიც განკუთვნილია ზუსტად ბავშვებისთვის და არის ეკომეგობრული. შიგთავსი არის ანტიალერგიული სინტიფონისგან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროდუქცია იყოს ეკოლოგიურად სუფთა“.

მარიამი ჰყვება, რომ სათამაშოს შექმნის ძირითად პრინციპად სწორ მასალასა და მჭიდროდ ქსოვას მიიჩნევს:

„ძირითადი პრინციპი სათამაშოს შექმნისას ჩემთვის ის არის, რომ სწორი მასალა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს მაქსიმალურად ვიწრო ყაისნაღით, მჭიდროდ ნაქსოვი, რომ ის სინტიფონი, რომელიც ანტიალერგიულია, არ უნდა მოძვრეს. ბავშვისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო“. 

ნაქსოვი სათამაშოს შექმნას საშუალოდ ერთი დღე სჭირდება, თუმცა ზომა და სირთულე ხშირად განმსაზღვრელია და 1 სათამაშოს შესაქმნელად ხან 2 დღეც დასჭირვებია. 

„ხშირად იმართება ფესტივალები, გამოფენებშიც ვიღებთ მონაწილეობას და აქ უკვე მზა პროდუქცია ძალიან მნიშვნელოვანია. პლუს ამას, გვაქვს დახლები რამდენიმე მაღაზიაში, ვიღებთ ონლაინ შეკვეთებს და შესაბამისად, მუდმივად მზადების პროცესში ვართ“ – ამბობს მარიამი. 

სათამაშო, რომელიც მისი შვილისთვის შექმნა, მისთვის ძალიან ძვირფასია, ამიტომ მის გაყიდვას არც განიხილავს:

„არასდროს არ გავყიდი პირველ სათამაშოს, რომელიც ჩემს შვილს მოვუქსოვე  და კიდევ რამდენიმეს, რომლებიც მისთვის გავაკეთე“. 

ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის კონკურსში – „იდეებიდან წარმატებამდე”, რომელიც UNDP-ისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, მარიამმა გრანტი მიიღო და საკუთარი სახელოსნოს მოწყობაც შეძლო:

„კონკურსში გამარჯვების შემდეგ სახელოსნო მომიწყვეს სასურველი ტექნიკითა და ინვენტარით, რამაც ძალიან გამიადვილა საქმე, ტექნიკების დახმარებით უფრო სწრაფად, უფრო მრავალფეროვანი პროდუქტის შექმნის შესაძლებლობა მომეცა“.

ახლა „ელი“ ეკომეგობრული სათამაშოების გარდა საბავშვო თეთრეულსა და საწოლის მუსიკალურ სათამაშოებსაც ამზადებს.

მარიამის ხელნაკეთი თოჯინები. ფოტო: Elie • ელი/FB

გადაბეჭდვის წესი


ასევე: