კოვიდის 1 136 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 4 პაციენტი – 23 იანვარი

23 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1 136 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში ვირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში ამ დროისთვის:

  • 625 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
  • მძიმე პაციენტია – 137,
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 53.

აჭარის კოვიდსასტუმროებში 672 ადამიანია მოთავსებული.

23 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დაფიქსირდა ვირუსის 9 696 ახალი შემთხვევა:

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 9 696 ახალი შემთხვევა

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 9 696 ახალი შემთხვევა

23 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დაფიქსირდა ვირუსის 9 696 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 051 445 , ბოლო 24 საათში – 9 696
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 962 035 , ბოლო 24 საათში – 5 408
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 701 , ბოლო 24 საათში – 28
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 47 803, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 793, PCR ტესტით – 21 010
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 20,28%, ბოლო 14 დღის – 12,56%, ბოლო 7 დღის – 15,66%
  • სულ აცრილია – 2 656 703, დღიურად აცრილია – 4 685
  • კარანტინის რეჟიმში – 39
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 557
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 981

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 5 646 შემთხვევა, აჭარა – 1 136, იმერეთი – 1 074, ქვემო ქართლი – 386, შიდა ქართლი – 311, გურია – 182, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 362, კახეთი -287, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 74 683 საიდანაც:
• 4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 973, აჭარაში – 625, იმერეთში – 851.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 999 პირი, მათ შორის, თბილისში – 425, აჭარაში – 137, იმერეთში – 245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი,  მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 53, იმერეთში – 23.
• 1 981 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 122 – თბილისში, 672 – აჭარაში.
• 68 145 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – 6.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

არარეგისტრირებულ ქორწინებაში 16 877 ბავშვი დაიბადა – 2020 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში 46 520 ბავშვი დაიბადა.

  • ბიჭი – 24 289
  • გოგო – 22 231

2020 წელს საქართველოში 15-19 წლის ასაკის 1 000 ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ შეადგინა 27.3 კოეფიციენტი, ხოლო 20-24 წლის ასაკის ქალებისათვის – 103.3. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა.

2020 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში 16 877 ბავშვი დაიბადა, რაც ცოცხლად დაბადებულების 36.3 პროცენტს შეადგენს.

რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შობადობის რეგისტრაციის სტატუსი ორი სახისაა: დაბადებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ა) მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბ) მხოლოდ დედის განცხადებით.

ქორწინების გარეშე მხოლოდ დედის განცხადებით რეგისტრირებული დაბადებულების წილი მცირეა და არ აღემატება 7.6 პროცენტს.

სტატისტიკის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით 2020 წლისთვის შემცირებულია მკვდრადშობილთა რაოდენობაც.

2020 წელს სულ 410 მკვდრადშობილი დაიბადა, მათ შორის, 227 ბიჭი და 183 გოგო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია 2021 წლის მონაცემები.

მინდა ჩემს ქვეყანაში მისამართი მქონდეს – როცა 38 წლის ქალი 5 შვილთან ერთად უსახლკაროდაა

38 წლის თამარ ხაჯიშვილი 5 შვილის დედაა. მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლანჩხუთში ბინადრობს. ოჯახს არ აქვს სახლი და ქირით ცხოვრობს. თამარი ეძებს გზებს საქართველოდან წასასვლელად, რომელიმე ქვეყანაში ოჯახთან ერთად ლტოლვილად რომ ჩაბარდეს. მან ქალების ჯგუფს მიმართა დასახმარებლად და იმის გასაგებად, თუ სად და როგორ შეძლებს ევროპის რომელიმე ქვეყანას თავი შეაფაროს.

თამარ ხაჯიშვილი:

ჩემი ყველა შვილი არასრულწლოვანია. 3 ბიჭი მყავს და 2 გოგო, 14 წლის ბიჭი, 12 წლის ბიჭი, 7 წლის გოგონა და გოგო-ბიჭი ტყუპები – 3 წლის.

დიდი ხანია მაფიქრებს რა იქნება ხვალ, ზეგ…

დავიწყებ იმით, რომ ჩვენს ოჯახს არ აქვს სახლი, აქამდე ბათუმში ხან ვინ გვიფარებდა და ხან ვინ, ახლა ქირით ვცხოვრობთ ლანჩხუთში.

სახლი რატომ არ გვაქვს? ჩემი მეუღლე ქობულეთიდანაა. ბებია-ბაბუამ გაზარდა, დედის მშობლებმა, ჩემი მეუღლის მშობლები კი დაშორდნენ ერთმანეთს და თავთავისი გზით წავიდნენ. ბებია-ბაბუას სახლი ჩემს მეუღლეს არ ეკუთვნოდა, რახან გოგოსგან იყო შვილიშვილი. ბებია-ბაბუა გარდაიცვალა და დარჩა მარტო, უსახლკაროდ. იმ სახლში მისი ნათესავები ცხოვრობენ.

15 წელია ცოლ-ქმარი ვართ და მთელი ეს წლები ერთსა და იმავეზე ვფიქრობთ, ვოცნებობთ თუნდაც რამე პატარა ეზოს, მიწის ნაკვეთს ერქვას „ჩვენი”, ერთოთახიანი ქოხი მაინც რომ ჩაგვედგა. ამის საშუალება სახელმწიფომ არა და არ მოგვცა. წლებია დავდივარ ლანჩხუთის სოციალურ სამსახურში, მერიაში და ერთი და იგივე პასუხია სულ: რომ მე არ ვარ ამ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მათ არ აქვთ უფლება რამით დამეხმარონ.

ლანჩხუთში უამრავი ახლობელი მყავს, მაგრამ ჩაწერა პრობლემაა, ერთი ახლობელი თანახმა იყო ჩავეწერე თავისთან, განაცხადიც გავაკეთეთ იუსტიციის სახლში, მაგრამ უარი მომივიდა განმარტების გარეშე. ჰაერში ვარ, ასე გამოდის.

მარტო ვერ გავზრდიდი 5 შვილს რომ არა მეგობრები და კეთილი ადამიანები. ტანსაცმელიც კი, რომელიც გვაცვია რომ გავთბეთ, მეგობრების გამონაცვალია.

ლუკმა პურის მიტანას შვილებისთვის როგორმე მოვახერხებთ მე და ჩემი ქმარი, მაგრამ ხუთშვილიან ოჯახს სახლი არ გაქვს, მეშინია მომავლის 5 შვილით.

ათასობით ჩემნაირი ჰყავს სახელმწიფოს. ვიცი, მაგრამ რა ვქნა. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ჩავბარდე ლტოლვილად რომელიმე ქვეყანას ჩემი შვილებით. ვეძებ გზებს, გამოსავალს…

ვიცი, რომ ბევრმა ქალმა ოჯახი დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, ყველას წინაშე ქედს ვიხრი, ისინი ძალიან ძლიერები აღმოჩნდნენ. მე ვერ შევძელი 5 შვილი, მეუღლე დამეტოვებინა და სადმე წავსულიყავი.

სტაბილური სამსახური არ მაქვს. რომ მქონდეს არ შემეშინდებოდა. დღეს ერთგან ვალაგებ სახლს, ხვალ სხვაგან. ჩემმა მეუღლემაც ვიღაცას ეზო გაუცელა, ვიღაცას შეშა დაუხერხა და ასე გაგვაქვს თავი.

ეს ყოველდღიური პურის ფულია. დღეს გაზი გათიშული გვქონდა, ამ წამს შემოვედი, ვისესხე ფული და გადავიხადე. ესაა ჩემი ყოფა: ხვალინდელი დღის შიში, რომ გათენდება და ჩემს შვილებს რაღაც არ ექნებათ, ამ შიშით ცხოვრება საშინელებაა, მინდა ელემენტარული გარანტიები მქონდეს მრავალშვილიან დედას, ეს ელემენტარული გარანტიები მაინც მინდა რომ გავუჩინო მათ: ჭერი, სითბო და საჭმელი.

არ ვაგრძნობინებ ბავშვებს რომ გვიჭირს, მაგრამ მე ხომ ვხვდები, რაც გვჭირს. 38 წლის ვარ.

ბათუმში გვაცხოვრა ერთმა ღვთისნიერმა მეგობარმა 6 წელი ქირის გარეშე, თავისი მეორე ბინა დაგვითმო. მეორე ოჯახმა სამი წლით მოგვცა ბინა და ასე ვცხოვრობდით მომთაბარედ. ახლა ქირით ვცხოვრობთ ლანჩხუთში, როგორც გითხარით.

გვაქვს სოციალური დახმარება 880 ლარი, მაგრამ ქირა, გადასახადები, საჭმელი…

დიდი თანხა ჩანს, მაგრამ კვირაში 3, 4 დღე ვმუშაობ – ბავშვებთანვე ვტოვებ ბავშვებს, რომ ვიმუშაო, მაგრამ ეს მაინც საშინელი, სულის გასატანად ცხოვრებაა, მრავალშვილიანის დახმარებას ვერ ვიღებ, არ აქვს ლანჩხუთს ეს.

თავად მე წალენჯიხაში დავიბადე. სახლიდან ამოწერილი ვარ, ჰაერში ვარ, მაგრამ ხომ ვარ საქართველოს მოქალაქე. მაშინ მითხრას საქართველომ, რომ არ ვარ მისი მოქალაქე და არ აქვს ჩემზე, როგორც მრავალშვილიან დედაზე არანაირი ვალდებულება.

კულინარიის რამდენიმეთვიანი კურსები მაქვს ბათუმში გავლილი, ვარ კარგი მცხობელი, მაგრამ ლანჩხუთში ვერსად დავსაქმდი , აქ დიდი გასაქანი არ არის მცხობლისთვის, ვერც ვერაფერი მოგვყავს – ბინაში ვცხოვრობთ ქირით. დაქორწინებამდე ვსწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მეოთხე კურსი ვერ დავასრულე და ვერც დიპლომი ავიღე. უცოდინარი არ მეთქმის… მაგრამ სამსახურს ვერ ვპოულობ.

ჩემს მეუღლეს სამშენებლო სამუშაოების შესრულება შეუძლია, ლესვა, ღებვა და ა.შ. ფეხი ფეხზე გადადებული არ არის, გამოვიტანეთ განვადებით მოტობლოკი, საცელი აპარატი, სახერხი და შეშას უხერხავდა ხალხს, უხნავდა მიწას ამ მოტობლოკით, ბალახს უცელავდა, არაფერს თაკილობდა, მაგრამ შეიძინა ხალხმა ეს ყველაფერი და აღარავის სჭირდება შენი დახმარება, გაქრა სამუშაო.

შევიტანე განცხადება ყველგან – ლანჩხუთის მერიში, სოციალურ სამსახურში, იქნებ დააწყებინოთ მუშაობა ახალგაზრდა ბიჭია, 5 შვილით-მეთქი. ჩვენ ხომ არ ვთაკილობთ არანაირ სამსახურს, თუნდაც დამლაგებლისას, მაგრამ არაფერი გამოჩნდა, არსად გვასაქმებენ.

იანვრის თვეში სოციალური დახმარების 880 ლარიდან გადავიხადე ბინის ქირა 200 ლარი, 250 ლარით მაღაზიის ნისიები გადავიხადე, 100 ლარით გაზი, წყალი და შუქი გადავიხადე. 100 ლარი ფქვილში მივეცი, ხილი ვიყიდე ბავშვებისთვის და დამრჩა ორასრაღაცა ლარი თავის გასატანად.

რამდენი რვეული, რამდენი პასტა, ფეხსაცმელი, რამდენი სხვა რამ სჭირდებათ ბავშვებს…

რამდენ ბავშვს გადავუნაწილო ეს 200 ლარი, მეყოფა? ისევ ნისიად ავიღებ… ეს არის ჩვენი ცხოვრება… ამიტომ ვერ ამოვისუნთქებ ვერასდროს და ამიტომ ვეძებ ქვეყანას, რომელსაც ლტოლვილად ჩავბარდები.

განა მინდა აქედან წასვლა. შვილებს კარგად ვზრდი, ცრემლები მდის ამის წარმოდგენაზეც კი. ბავშვები ნიჭიერები არიან და მტკივა ყველაფერი საქართველოდან წასვლაზე რომ  ვსაუბრობ, მაგრამ იმაში მაინც რომ წამომწეოდა სახელმწიფო, რომ  როგორც ლტოლვილებს მისცეს ჭერი, ასე მოეცათ ხუთშვილიანი ოჯახისთვისაც, რა მოხდებოდა…

ვოცნებობთ მიწა მაინც გვქონდეს ჩვენი, ნათესავებს დავიხმარებდით: ხეს მოვატანინებდით, ქოხს მაინც ავაშენებდით ჩვენი რომ რქმეოდა, ერთ ქოხს როგორ ვერ დავდგამდი, არ მინდა სიმდიდრე, ჭერი მინდა, მინდა სადღაც მისამართი მქონდეს ჩემს ქვეყანაში, რომ ვიცოდე: აი, აქ არიან ჩემი შვილები, ჩემთან ერთად. მინდა ჩემს ქვეყანაში მისამართი მქონდეს და 5 შვილით არ მჭირდებოდეს ლტოლვილად ჩაბარება“.

როგორ ხსნიან ბათუმში გახარიას პარტიიდან 14 წევრის წასვლას – „ოცნების“ ხელწერა უცვლელია“ 

14 წევრის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვებაზე, კომენტარი დღეს 22 იანვარს გააკეთა გიორგი გახარიას რეგიონულმა ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ. „ბათუმელებს“ ირაკლი მიქელაძემ უთხრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პარტიის დატოვებაზე განაცხადეს, დიდი ხანია პარტიის წევრები აღარ არიან.

„ოცნების“ ხელწერა უცვლელია. ეს იყო მათი დაგეგმილი და ამ ადამიანების ბრალდებებიც იმ კამპანიის გაგრძელება იყო, რაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გუშინ. ის, რომ მათი ბრიფინგი „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას. ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაცები ვერ უძლებენ ხელისუფლების ზეწოლას“, – ამბობს ირაკლი მიქელაძე.

მისი თქმით, ბრიფინგზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პარტიის დამფუძნებლების რაოდენობაზეც.

„გახარიას პარტიას აჭარაში არა 25 დამფუძნებელი, არამედ 300-მდე დამფუძნებელი ჰყავს. 14 ადამიანი წავიდა და აქედან ყველა არც იყო დამფუძნებელი. ტარიელ ქათამაძე, მისი შვილი – დავით ქათამაძე და ასევე რამდენიმე მათი მეგობარი იყო, ვინც თქვა, რომ პარტიას ტოვებენ. ეს ადამიანები არჩევნების შემდეგ ჩამოშორებული არიან პარტიულ საქმიანობას“.

ყოფილი თანაპარტიელები ირაკლი მიქელაძეს ბრალს სდებენ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში, რასაც მიქელაძე არ იზიარებს. მისი თქმით, პარტიაში გადაწყვეტილებები შიდა დადგენილი წესდების მიხედვით მიიღება.

„როგორც შიდა წესდებით არის განსაზღვრული, ყველაფერი ისე ხდება. აჭარის ორგანიზაციაში არსებობს ბორდი, ბორდში არსებობს სხვადასხვა თანამდებობა, ყველას აქვს თავისი გაწერილი ფუნქცია-მოვალეობა და აღარ მინდა ამ პოლემიკაში შევიდე. ეს არის „ოცნების“ და ძალოვანი ორგანოების მიერ ერთობლივად დადგმული თეატრი, ეს ადამიანები კი ცუდი მსახიობები არიან.

პრობლემა ის არის, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან ეშინიათ გიორგი გახარიასი და ჩვენი პარტიის“, – ამბობს ირაკლი მიქელაძე.

გახარიას პარტიის მოლაპარაკებებს თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაზეც ყოფილი წევრები საუბრობდნენ, ირაკლი მიქელაძე სიცრუეს უწოდებს.

_______________

ამ თემაზე:

რატომ დატოვა გახარიას პარტია ბათუმში 14-მა წევრმა

 

სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე

დღეს 22 იანვარს, ბათუმში ევროპის მოედანზე ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ორივე ქვეყანა რუსეთის ღია აგრესიის პირისპირ დგას.

სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედამზე უკრაინის მხარდასაჭერად.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„დღეს უკრაინა ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როგორც ჩვენ ვიმყოფებოდით 2008 წლის ზაფხულში. ძალიან ახლოს ომთან. ამიტომ ასეთ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა უკრაინელებისადმი. 2008 წელს, ომის დროს, ძალიან რთულ ვითარებაში უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში და მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს მთელმა უკრაინამ. ამიტომ, როცა ახლა ისინი არიან ძალიან ცუდ დღეში, ქართველმა ხალხმა უნდა გამოხატოს სოლიდარობა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიღვიძოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და მიხვდეს რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაც ასევე აუცილებელი და მნიშვნელოავნია“-ამბობს გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც სხვა მოქალაქეების მსგავსად სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდა.

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს – აქცია ევროპის მოედანზე.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი. აქ ამიტომ ვდგავარ, რომ უკრაინელებიც ისეთივე საფრთხის წინაშე დგანან რუსული აგრესიის გამო, როგორც ჩვენ, ქართველი ხალხი. გვინდა, რომ დაგვანებოს თავი რუსეთმა და მოგვშორდეს.  ბევრი ქართველი დღემდე ვერ ხვდება რომ რუსეთი აგრესორია, შეიწუხონ თავი, გამოვიდნენ და დადგნენ უკრაინელების გვერდით, რადგან საქართველოსაც იგივე ელოდება“-ამბობს მადონა დოლიძე.

„რუსეთი არის აგრესორი“- ამბობნს მადონა დოლიძე.

„პირველ რიგში აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ჩვენ ერთი უბედურება გვაერთიანებს, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდის. ჩემთვის მიუღებელია აგრესია სხვა ქვეყნის მიმართ. ამიტომ, აქ მცხოვრები რუსები და ბელორუსებიც სოლიდარობას ვუცხადებთ უკარინელებს“-ამბობს  ვიტალი ივანოვი.

„რეალურად ჩვენ და უკარიანს ერთი ისტორია გვაქვს, რადგან რაც ჩვენმა ქვეყანმა გადაიტანა 2008 წელს იგივე მეორდება უკრაინაში. ჩვენი მთავრობა კი დამუნჯებული და დაყრუებული, კგბ-ს ოფისებში ზის და არაფერს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად.

რეალურად, დღეს საქართველოს მთავრობა უკრაინაში უნდა იყოს და მხარდაჭერას უცხადებდეს, რადგან თუ ხვალ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იგივე გველოდება ჩვენც. უკრაინის ოკუპაცია, საქართველოს სრულ ოკუპაციას ნიშნავს და საგანგაშო მდგომარეობაა დღეს რეალურად.

მარტო სოლიდარულები კი არ უნდა ვიყოთ უკრაინის მიმართ, ეს რეალურად ჩვენი მომავალიც არის, რადგან თუ რუსეთი უკრაინაში მიაღწევს იმას რაც სურს, მაშინ ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ჩაბარდება რუსეთს.

ამიტომ, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ამოვიღოთ ხმა და ვთქვათ რომ ჩვენ ვიბრძოლებთ უკრაინელებთან ერთად პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ივანიშვილის ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ამიტომ ხალხმა უნდა ამოვიღოთ ხმა და ვიბრძოლოთ არა მარტო იარაღით“-ამბობს რეზო ხარაზი.

უკრაინელების მხარდასაჭერი აქცია ევროპის მოედანზე ბათუმში

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა და სამხედრო მობილიზებას დღემდე განაგრძობს.  უკრაინა ომის მოლოდინშია. უკრაინელები ღელავენ, თუმცა ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ცივი ომის შემდგომ წესრიგს.

მოსწავლეებს კვლავ შეუძლიათ სწავლის ფორმატი აირჩიონ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8 -ს და მოსწავლეების 0,1 %-ს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი ქვეყნის მასშტაბით.  „სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა“.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5 პროცენტი.

ამავე წყაროს ცნობით, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევათ საშუალებას, არჩევანი გააკეთონ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლე დისტანციური სწავლების ფორატს აირჩევს, მან რეგისტრაცია წინასწარ emis.ge-ზე უნდა გაიაროს. რეგისტრაციის გაუქმებაც ამავე გვერდზეა შესაძლებელი.

რატომ უნდათ ბსუ-ს სტუდენტებს საზღვარგარეთ წასვლა? – 5 მოსაზრება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობისა და ასაკის სტუდენტები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, წასვლის სურვილის ძირითად მიზეზად განათლებას ასახელებენ.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ საქართველოში და მათ შორის ბსუ-შიც, განათლების დონე არ არის მაღალი და სწავლის პერიოდში მათ არ ეძლევათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანისა და გამოყენების შესაძლებლობა. 

ეს სტუდენტები საზღვარგარეთ წასასვლელად უკვე ემზადებიან და უცხო ენაში დამატებით მეცადინეობენ

„უნივერსიტეტში არ არის დისკუსიები. ვიღებთ ნიშნებს და მორჩა“

ცირა კახაძემ ბსუ-ში 100-პროცენტიანი გრანტით ჩააბარა ინგლისურ ფილოლოგიაზე. ცირა 20 წლისაა, უკვე მესამე  კურსზე სწავლობს და სახელმწიფო სტიპენდიას პირველი კურსიდან დღემდე ინარჩუნებს.

ცირა კახაძე

ცირას საზღვარგარეთ წასვლის სურვილი ჯერ კიდევ სკოლის დამამთავრებელ კლასებში გაუჩნდა. 

„სწავლის ხარისხი საქართველოში დაბალია. ამაზე მეტყველებს რეიტინგში ჩვენი უნივერსიტეტების ადგილი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის. ვფიქრობ,  ამას ის იწვევს, რომ საზღვარგარეთ მეტად ზრუნავენ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.  არ არიან, ასე ვთქვათ, „ნიშნებზე ჩაციკლული“, როგორც სტუდენტები, ისე ლექტორები და ყურადღებით ეკიდებიან მათ საქმეს, რომელსაც მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით არ აკეთებენ. 

უნივერსიტეტში არ არის დისკუსიები. უბრალოდ შევდივართ სემინარზე, ვაბარებთ რაც გვაქვს წაკითხული, ვიღებთ ნიშნებს და მორჩა. არ ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, არ ვმართავთ დებატებს. 

ერთადერთხელ მახსოვს, პირველ კურსზე გვქონდა დებატები. მას შემდეგ აღარ გვქონია დებატების შესაძლებლობა. სილაბუსში ეს ყველაფერი გაწერილია, თუმცა ნაკლებად მივყვებით სილაბუსს. არ ვამბობ, რომ ეს ან მხოლოდ ლექტორების ბრალია, ან სტუდენტების. ორივე მხრიდან მონდომებაა მთავარი. 

სტუდენტების გაერთიანებაა ცვლილებისთვის საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, ნაკლებად აქვთ სტუდენტებს ცვლილებების სურვილი, რადგან ეს მათთვის პირდაპირ ასოცირდება სწავლის პროცესის გართულებასთან და უმრავლესობას ურჩევნია მარტივად ისწავლოს. 

ყველა საგანს თავისი სპეციფიკა გააჩნია და თავის მიდგომას საჭიროებს. აი, მაგალითად, ძალიან უკმაყოფილო ვარ – ერთი წელი ვსწავლობდი საგანს – „დასავლეთ-ამერიკული და ევროპული ლიტერატურის ისტორია“, სადაც მხოლოდ მასალის ახსნა და თეორიის ჩაბარება ხდებოდა. ამ საგნის ფარგლებში პარალელურად ვკითხულობდით წიგნებს. დამაკლდა, რომ  სათანადოდ არ განვიხილავდით წაკითხულ წიგნებს და არ გვეძლეოდა შესაძლებლობა, გაგვევლო პარალელი წიგნის შინაარსსა და მისი შექმნის პერიოდს შორის. ვსწავლობდით  განცალკევებით, რაც უნდა ყოფილიყო ერთად და ერთმანეთთან მიმართებაში. 

შესაძლოა, სტუდენტს გაუჭირდეს ამ კავშირის დაჭერა და სწორედ იმისთვისაა ეს საგანი, რომ გზა მოგცეს. ვფიქრობდი კიდეც მაგისტრატურაში ლიტერატურა ჩამებარებინა, თუმცა ამ დანაკლისის გამო გადაწყვეტილების შეცვლას ვაპირებ“, – ამბობს ცირა. 

ცირა გერმანულსაც სწავლობს. იგი რამდენიმე წლით გეგმავს წასვლას უცხოეთში. ამბობს, რომ უნდა, სხვა ქვეყანაში შეძენილი ცოდნა, უნარ-ჩვევები, გამოცდილება საქართველოს მოახმაროს. 

ცირა უნივერსიტეტში პრაქტიკული ნაწილის ნაკლებობაზეც საუბრობს: 

„ინგლისური ენის მომავალი სპეციალისტი ვარ. მესამე კურსზე გადავედი და ჯერ არ მქონია უნივერსიტეტში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, ტრენინგ კურსი, საჩვენებელი გაკვეთილები ან რამე სხვა, რაც დამეხმარებოდა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ CV-ში მიმეთითებინა, რომ მაქვს პრაქტიკული გამოცდილება და შემიძლია ბავშვებთან მუშაობა. 

შესაძლოა დამამთავრებელ კურსზე იყოს რაღაც პრაქტიკული ნაწილი, მაგრამ ვფიქრობ, ეს უნდა იყოს, I, II, III კურსებზეც, რადგან არ ვსაუბრობთ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც შესაძლებელია მარტივად შეიძინოს ადამიანმა. შესაძლოა საერთოდაც არ არის მასწავლებლობა ჩემი მოწოდება და მეოთხე კურსზე რატომ უნდა ვიგებდე ამას?! 

რამდენიმე პროექტში ვცადე მონაწილეობა და არ ვაპირებ დანებებას. ვაკვირდები პროგრამებს, რათა ვიპოვო ჩემზე მორგებული პროგრამა. წავიდე საზღვარგარეთ იმიტომ, რომ საქართველოს საზღვრებს გადავაბიჯო – მხოლოდ ასე არ არის. 

მინდა რეალური  ცოდნა მივიღო. ვაკვირდები მოთხოვნებს, საქართველოში ვცდილობ დავესწრო ტრენინგებს, აქტივობებში, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩავერთო, რათა ჩემი აპლიკაცია განხილვისას შესამჩნევი გახდეს“, – ამბობს ცირა. 

„ბათუმელებთან“ საუბრისას ცირა დასაქმების ბაზარსაც ეხება. მისი თქმით, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საზღვარგარეთ უნდა წასვლა.იგი ამბობს, რომ ბევრი სტუდენტი იცის, რომლებიც მუშაობენ, რის გამოც ვერ ესწრებიან ლექციებს, სემინარებს და ჩამორჩენები აქვთ. 

„შენი მიმართულებით რომ დასაქმდე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ძალიან იშვიათია, თუნდაც სტაჟირების პროგრამების პოვნა, რომ პროფესიაზე, რომელსაც ვსწავლობთ, რაღაც მეტი გავიგოთ და შევიმეცნოთ“, – ამბობს ცირა კახაძე. 

„განათლება ურთიერთობაა და არა მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ რაღაცები წაგიკითხოს“

საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს ბსუ-ს III კურსის სტუდენტი ანდრო თავართქილაძე, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. 

ანდრო თავართქილაძე

„ქვეყანაში არ გვაქვს დამაკმაყოფილებელი სოციალური გარემო და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. 

კარგი განათლება უკეთესი სოციალური გარემოსთვის გვჭირდება, სადაც ყველასთვის ღირებული საქმის კეთებას შეძლებ. განათლებას იღებ, რომ მეტ-ნაკლებად ეკონომიკური უზრუნველყოფას მიაღწიო. 

საზღვარგარეთ წასვლა მას შემდეგ მინდა, რაც გავიაზრე, რომ საქართველოში არაფერი გამოვიდოდა. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე დავიწყე ამაზე ფიქრი და როცა გავიგე რა მდგომარეობაც იყო ქართულ უნივერსიტეტებში, მას შემდეგ უკვე მიზნად დავისახე. 

საზღვარგარეთ მინიმუმ პროფესიული გამოცდილების მიღება მაინც უნდა მოვახერხო.

ბსუ-ში ბევრი ლექტორია, რომლებიც ვეღარ ერგებიან თანამედროვე ტემპს. ცხოვრების წესი იცვლება, განათლება ურთიერთობაა და არა მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ რაღაცები წაგიკითხოს. ეს არ არის ბსუ-ში. 

ახალგაზრდა ლექტორებმა იციან როგორ მიუდგნენ სტუდენტებს, მაგრამ მათთან ცოდნის პრობლემაა, ურთიერთობა შეუძლიათ, მაგრამ ცოდნა არ აქვთ. ჩიხში ვარ, სტუდენტები ბედის ანაბარა ვართ დარჩენილები, ქვეყანა – ჩვენს ანაბარა და ღმერთმა იცის, სადამდე მივალთ“, – ამბობს ანდრო თავართქილაძე. 

ანდრო უკვე 2 წელია რაც საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს და ქვეყნებიც შერჩეული აქვს, სადაც სურს წასვლა – დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტის თქმით, სტუდენტებს არ აქვთ ბათუმში დისკუსიის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხებზე, რაზეც ძალიან წუხს.

ანდრო დასაქმების პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში არ არის ბევრი სამუშაო ადგილი და შესაბამისი ანაზღაურება. იგი ამბობს, რომ რამდენიმე მისი მეგობარი სამსახურიდან სწორედ ამ პრობლემების გამო წამოვიდა. 

„ბათუმში არ არის სამუშაო ადგილები, სადაც სტუდენტები დასაქმდებიან, არც კი გვისმენენ. ყველგან ნაცნობია საჭირო. აი, მაგალითად ჩემი მეგობარი სადაც მუშაობს, თანამშრომლებს ახალი უფროსი ათავისუფლებს მხოლოდ იმიტომ, რომ თავის ნათესავებს ასაქმებს. 

ბათუმში არ არის ახალგაზრდაზე მორგებული გარემო, ძალიან კომპლექსურია ყველაფერი. როცა ვუყურებ სხვა ქვეყანაში როგორ ცხოვრობენ ჩემი ასაკის ადამიანები და ჩვენი და მათი ყოფის სურათებს ერთმანეთს ვადარებ, ვხვდები, რომ ჩვენ საერთოდ არ ვცხოვრობთ”,- ამბობს ანდრო.

იგი დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ აუცილებლად წავა. ამბობს, რომ ჯერ არ იცის, საცხოვრებლად დარჩება უცხოეთში თუ დაბრუნდება, მაგრამ ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება, დარჩენას საზღვარგარეთ ამჯობინებს. 

ანდრო ახლა ინგლისურ ენას გაძლიერებულად სწავლობს და სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს ეცნობა.

„ნაკლებად მრავალფეროვანი საგნები ისწავლება უნივერსიტეტში“

ბსუ-ს კომპიუტერული მეცნიერების III კურსის სტუდენტი ედგარ აბასო ამბობს, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პროფესიის არჩევაზე სერიოზულად დაიწყო ფიქრი. 

ედგარ აბასო

„საზღვარგარეთ იმიტომ მინდა წავიდე, რომ ჩემთვის საინტერესო პროფესია ბსუ-ში არ ისწავლება. ხელოვნური ინტელექტი, როგორც ასეთი, ახლა შემოვიდა, ლაბორატორიაც ახლა შეიქმნა ბსუ-ში, რომელიც ჯერ-ჯერობით არ გამოიყენება. 

ბსუ ვერ მაძლევს გარანტიას, რომ მე ჩემი პროფესიით დავსაქმდები. მე ვთვლი, რომ საზღვარგარეთ შეძენილი გამოცდილება მომცემს მყარ ცოდნას, რომლის დადასტურებასაც ნებისმიერ სიტუაციაში შევძლებ. 

ჩემი აზრით, ბსუ-ში ადმინისტრაციული უწესრიგობაა. ამის პირველი მიზეზი ის არის ჩემთვის, რომ საგნების არჩევის უფლება არ გვაქვს. თუ 15 სტუდენტი არ აგროვდება ერთ საგანზე, ამ საგანს ვერ გავდივართ, ვგულისხმობ, მაინორისა და სპეციალობის არჩევის პროგრამებს. ნაკლებად მრავალფეროვანი საგნები ისწავლება უნივერსიტეტში“, – ამბობს ედგარი. 

ედგარის შეფასებით ბსუ-ს ჰყავს კვალიფიციური კადრებიც, მაგრამ მათი ნაკლებობა შესამჩნევია და ამ ყველაფერს ემატება ის გარემოება, რომ პროგრამა “კომპიუტერული მეცნიერებები” თანამედროვე მიდგომებს ითხოვს, რადგან ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება.

ახლა ედგარ აბასო აქტიურად ეძებს გაცვლით პროგრამებს, რაც დასახული მიზნის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. აქამდეც ბევრგან გააგზავნა მონაცემები, რამდენჯერმე არ გაუმართლა, თუმცა მცდელობა არ დააკლო და სულ მალე პოლონეთში გაემგზავრება ერთი სასწავლო სემესტრის გასავლელად. 

„ველოდები, რომ საზღვარგარეთ ერთი სემესტრის გავლა უფრო მრავალფეროვან ცოდნას მომცემს. 

მინდა ვნახო, როგორ მუშაობს ხალხი პროგრამირების მიმართულებით, რისი შესაძლებლობაც აქ არ მაქვს. ამასთან, შევძლებ მონაწილეობა მივიღო საინტერესო ჰაკათონებში, რაც ძალიან მაინტერესებს და ვფიქრობ, თუ საქართველოშიც მომრავლდება ამ სახის აქტივობები, ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, მათი უნარების გამოკვეთისთვის.

სტუდენტური, დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობაა ეს ჩემთვის. მინდა სხვა ქვეყნის ახალგაზრდები და მათი ცხოვრების წესი გავიცნო, თუმცა საზღვარგარეთ წასვლის მთავარი მიზეზი ჩემთვის განათლებაა“, – ამბობს 20 წლის ედგარი.

„წასვლა რთულია, მაგრამ რთულია დარჩენაც“

ბსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის კიდევ ერთი სტუდენტის, ნინო ყაჭეიშვილის მიზანი აშშ-ში წასვლაა. 

ნინო ყაჭეიშვილი

ნინო ინგლისური ფილოლოგიის  III კურსის სტუდენტია. იგი ამბობს, რომ სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტში ჩაბარება ბევრისთვის სტრესულია. მისი თქმით, ახლა რომ ამთავრებდეს სკოლას, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ერთი წელი შეისვენებდა და იფიქრებდა, თუ რისი კეთება უნდა სამომავლოდ. 

„ბავშვობიდან მინდოდა განათლება საზღვარგარეთ მიმეღო.  ხარისხიანი განათლება, რომელიც ყველგან დამიფასდება და შევძლებ პროფესიაში განვითარებას.

უნივერსიტეტში 18 წლის ბავშვები ვაბარებთ, გვიწევს პროფესიის არჩევა, რომელსაც ბევრი ირჩევს. ინგლისურ ფილოლოგიაზე რომ ჩავაბარე, აბსოლუტურად სხვა რაღაცები მაინტერესებდა, მაგრამ ჩემი ინტერესების მიმართულებით ფართო და დიდი არჩევანი არ გვაქვს საქართველოში და სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე ალტერნატიული გზების მოძიება დავიწყე. 

გარდამტეხი პერიოდები ყოველთვის არის. ამა თუ იმ სპეციალობაზე ჩაბარებამდე უბრალოდ წარმოდგენით იცი, რომ, აი, მაგალითად, მე თუ ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩავაბარებ, მეცოდინება ინგლისური კარგად, მაგრამ რეალურად ბევრი ნიუანსია, რომელიც აუცილებელი,  რომ  ფილოლოგმა კარგად იცოდეს. მერე ვხვდებით, რეალურად რა გვინდა“, – ამბობს ნინო. 

ნინოს თქმით, უნივერსიტეტში ჩაბარებისას სულ სხვა წარმოდგენები ჰქონდა სწავლის პროცესზე, მაგრამ არსებული სურათი სხვაგვარი აღმოჩნდა.  

„ჩემი შეფასებით, საქართველოში სწავლის დონე საშუალოზე უფრო დაბალია.  

უცხოეთში დარწმუნებული ხარ, რომ შენი შრომა რასაც უნივერსიტეტში, სწავლის პროცესში დებ, აუცილებლად დაფასდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა იცი, რომ შენი პროფესიით შეგიძლია დასაქმება და სწავლის დასრულების შემდეგ არ აღმოჩნდები სხვაგან. ჩემი შეფასებით საქართველოში არ ფასდება შრომა რომელსაც სწევ. 

საზღვარგარეთ წასვლა, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ რთული ყველაფერია.  საქართველოში დარჩენაც რთულია, რაღაც უნდა გააკეთო, რომ იარსებო“.  

ახლა ნინო Ringling College of art and design-ში გადის ფოტოგრაფიის 2 წლიან პროგრამას ონლაინ  და იმედი აქვს, რომ მალე მოახერხებს საზღვარგარეთ წასვლას.

„სწავლისას პრაქტიკული ნაწილი გვაკლია“

ქეთო ქონდარიძე ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების III კურსის სტუდენტია. იმისთვის, რომ ქეთომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა შეძლოს უნივერსიტეტის გაცვლითი, Erasmus + პროგრამით, ინგლისურში დამატებით დაიწყო მეცადინეობა რეპეტიტორთან. მისი თქმით, საზღვარგარეთ წასვლა საკმაოდ რთულია, რადგან ძალიან ბევრი სტუდენტი ცდილობს წასვლას და მაღალი კონკურენცია.

„ვფიქრობ, რომ ჩვენს განათლების სისტემაში პრობლემებია. ამ სისტემით არ უნდა ხდებოდეს განათლების მიცემა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

პრაქტიკული ნაწილი გვაკლია. ბევრ თეორიას ვიღებთ, ხანდახან ისეთ თეორიებს, რომელიც სრულიად გამოუყენებელია, პრაქტიკულ ნაწილში კი გაჩერებულები ვართ.

ასევე, სკოლის დამამთავრებელ კლასებში გამოცდების გაუქმება არასწორი მგონია“, – ამბობს ქეთო ქონდარიძე. 

აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 13-18 წლის გოგოებისთვის უფასო გახდა

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ამიერიდან, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13-18 წლის გოგოებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

აქამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა მხოლოდ 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია ღირებულების გადახდის შემთხვევაში, თუმცა მისი ფასი საკმაოდ მაღალი – დაახლოებით 400 ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის გოგოებს, პაპილომავირუსზე აცრა ხვალვე შეუძლიათ გაიკეთონ.

  • ქალბატონო ნანა, სად შეიძლება აცრის გაკეთება აჭარაში?

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოდ ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში, ანუ პოლიკლინიკებში, სადაც გეგმური აცრები ტარდება. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სქემა პოლიკლინიკებმა უკვე იციან, თუმცა ჩვენ დამატებით მაინც ჩავუტარებთ ინსტრუქციას დოზირებისა და დოზებს შორის ინტერვალების შესახებ. აცრისთვის რეგისტრაციის გავლა არ არის საჭირო.

NCDC: ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ვირუსთა ჯგუფია, რომელიც ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია.  HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს. სწორედ ამ რისკებისგან იცავს ადამიანს ვაქცინაცია.

  • როგორ მოცვას ელით, მოთხოვნა მაღალია?

დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნებიან მსურველები. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ პაპილომავირუსის აცრასთან დაკავშირებით ყველაზე დაბალი მოცვა, პროცენტული მაჩვენებელი, სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში – 8-12 წლის გოგოებში გვაქვს. აცრას დეზინფორმაციის გამო სკეპტიკურად უყურებენ მშობლები. მშობლების ჯგუფებში იწერება უამრავი მცდარი ინფორმაცია. როგორც კოვიდ ვაქცინაზე მოხდა. ეს აცრა საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, შედეგს რაც შეეხება, 8-12 წლის გოგონებში შედეგი არ გამოჩნდება, საშვილოსნოს ყელის კიბო მაჩვენებელი იზრდება 20-40 წლის ქალებში, ამიტომ შედეგის დანახვაზე 8-12 წლის გოგონებთან ვერ ვისაუბრებთ.

რა თქმა უნდა, პირველ 5 წელთან შედარებით ცოტა მოიმატა მომართვიანობამ, მაგრამ სხვა ვაქცინებთან შედარებით მაინც დაბალია კონკრეტულად პაპილომავირუსზე აცრის მაჩვენებელი.

  •  რა წარმოშობისაა პაპილომავირუსის ვაქცინა?

ეს საკმაოდ ძვირადღირებული ვაქცინაა, მისი ერთი დოზა 400 ლარი ღირს, 15 წლის ზემოთ 3 დოზაა საჭირო, თუ სრულწლოვანია ორი დოზა. მას არ აქვს არანაირ უკუჩვენება, ეს არ არის ცოცხალი ვაქცინა (ანუ არ შეიცავს ცოცხალ, დასუსტებულ მიკრობ(ებ)ს). არანაირად არ შეიძლება ამ ვაქცინამ იმოქმედოს შვილოსნობის ფუნქციაზე ან რომელიმე ორგანოზე.

უშუალოდ ვაქცინა ევროპული, კერძოდ ბელგიური წარმოშობისაა და ევროპის ქვეყნებიც სწორედ ამ ვაქცინას იყენებენ.

————————-

პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით მოხდება:

  • 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
  • 15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.
  • პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

რაც შეეხება 10-11-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.

ამავე თემაზე:

როგორ დავიცვათ თავი საშიში პაპილომა ვირუსებისგან

ბათუმი წელს 46,4 მილიონს გადაუხდის KfW-ს და EBRD-ს სესხის ძირსა და პროცენტში

ბათუმის ბიუჯეტიდან სესხის ძირი თანხისა და პროცენტის დასაფარად 2022 წლის განმავლობაში 46 446 900 ლარი დაიხარჯება. ამ თანხას მერია ორ ნაწილად გადაიხდის – ივნისსა და დეკემბერში.

მერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხების მომსახურებას ფარავს.

აღნიშნული 46,4 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ ვალის ნაშთი 2022 წლის ბოლოსთვის 301 554 100 ლარი იქნება [ვინაიდან ვალი აღებული არის ევროში, ამ შემთხვევაში საპროგნოზოდ გამოყენებულია ევრო/ლარის სავარაუდო კურსი 1/3.89].

ქალაქი წელს 43 123 100 ლარს – KfW-ს, ხოლო 3 323 800 ლარს – EBRD-ის სესხის მომსახურების დასაფარად გადაიხდის.

სესხის მომსახურების პირობები შესაბამისი სასესხო ხელშეკრულებით განისაზღვრება:

[checklist]

  • ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის I ფაზა (KfW) – სესხის ვადა 40 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი – 10 წელი. ძირითადი თანხის გადახდა დაიწყო 2017 წლიდან. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 0.75%. საპროცენტო განაკვეთი აუთვისებელ თანხაზე – წლიური 0.25%. გადახდა ხორციელდება წელიწადში ორჯერ;
  • II ფაზა (KfW) – სესხის ვადა 20 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 5 წელი. ძირითადი თანხის გადახდა დაიწყო 2014 წლიდან. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 2%. საპროცენტო განაკვეთი აუთვისებელ თანხაზე – წლიური 0.25%. გადახდა ხორციელდება წელიწადში ორჯერ;
  • III ფაზა (KfW) – სესხის ვადა 11 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3 წელი. ძირითადი თანხის გადახდა დაიწყო 2015 წლიდან. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 4.2%. საპროცენტო განაკვეთი აუთვისებელ თანხაზე – წლიური 0.25%. გადახდა ხორციელდება წელიწადში ორჯერ;
  • III ფაზა – სანიაღვრე (KfW) – სესხის ვადა 41 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 10 წელი. ძირითადი თანხის გადახდა დაიწყება 2022 წლიდან. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 0.75% (298 8339 ევრო) და 4.2% (4 000 000 ევრო). საპროცენტო განაკვეთი აუთვისებელ თანხაზე – წლიური 0.25%. გადახდა ხორციელდება წელიწადში ორჯერ;
  • IV ფაზა (KfW) – სესხის ვადა 15 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი. ძირითადი თანხის გადახდა დაიწყო 2020 წლიდან. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 1.65%. საპროცენტო განაკვეთი აუთვისებელ თანხაზე – წლიური 0.25%. გადახდა ხორციელდება წელიწადში ორჯერ.

[/checklist]

2022 წელს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული სესხების საპროცენტო ხარჯების დასაფარად 12 502 800 ლარი, ხოლო სესხის ძირი თანხის დაფარვისთვის 30 620 300 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება EBRD-ისგან მიღებულ სესხებს – საპროცენტო ხარჯების დასაფარად 259 500 ლარი, ხოლო სესხების ძირი თანხის დასაფარად 3 064 300 ლარი დაიხარჯება.

[checklist]

  • EBRD-ის სესხის ფარგლებში ხორციელდება ბათუმის ავტობუსების პროექტის დაფინანსება. სესხის ვადა 10 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3 წელი. საპროცენტო განაკვეთი – Euribor+1%. სესხის აუთვისებელ ნაწილზე გადასახადი – წლიური 0.5%. გადახდა ხორციელდება წელიწადში ორჯერ.

[/checklist]

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სესხის [ძირი და პროცენტი] დაფარვისთვის საჭირო თანხების საპროგნოზო მაჩვენებელი მომდევნო წლებისთვის ასეთია:

  • 2023 წელს – 51 963 000 ლარი
  • 2024 წელს – 34 496 000 ლარი
  • 2025 წელს – 34 496 000 ლარი

კანონით, ბათუმის მერია სესხს მხოლოდ საქართველოს მთავრობის [ფინანსთა სამინისტროს] თანხმობით იღებს. ანუ მსესხებელი არის სახელმწიფო, გადამხდელი კი – მერია.

ბათუმს 2020 წელს დამატებით 60 მილიონი ევრო სესხი უნდა აეღო [დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად], რაზედაც ხელშეკრულება გაფორმებული იყო, თუმცა KfW-თან დადებული ეს სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ გააუქმა.

ბათუმის მერიას, გასული წლის იანვრის მონაცემებით, 87 მილიონი ევრო საგარეო ვალი ჰქონდა. 2022 წლის ბოლოსთვის კი, ვალის ოდენობა ჯამში დაახლოებით 77,5 მილიონ ევრომდე შემცირდება.

ამავე თემაზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

ფერიის ბავშვთა პანსიონი სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ფერიის პანსიონი სამართალდამრღვევად ცნო. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ფერიის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლებებს იცავს, პანსიონში ყოფნის დროს მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო.

„როდესაც 2021 წლის 16 სექტემბერს ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა  ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდს (ფერიის პანსიონი) და ითხოვა ყოფილი აღსაზრდელის შესახებ მათთან დაცული დოკუმენტაციის გადაცემა, ხოლო პანსიონმა მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა, PHR-მა 2021 წლის 19 ოქტომბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა და პანსიონის მხრიდან ყოფილი აღსაზრდელის ინფორმირების უფლების დარღვევაზე რეაგირება მოითხოვა.

2021 წლის 11 ნოემბერს,  მხოლოდ მას შემდეგ რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აღნიშნულ საკითხზე წარმოება დაიწყო, პანსიონმა შეგვატყობინა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია აღარ ინახებოდა პანსიონში.

იმავე დღეს ორგანიზაციამ ფერიის პანსიონს დამაზუსტებელი განცხადებით მივმართეთ და მოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, სად ინახებოდა ყოფილი აღსაზრდელის პერსონალური ინფორმაცია; ასევე, მოვითხოვეთ შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

პანსიონს არც აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მოუწოდებია ინფორმაცია“-აცხადებს PHR-ი.

PHR-ის თქმით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი იცავს ადამიანის ინფორმირებისა და პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უფლებას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს, ამ შემთხვევაში ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდს (ფერიის პანსიონი), ავალდებულებს 10 დღის ვადაში მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სუბიექტს და გადასცეს მის შესახებ არსებული დოკუმენტაციის ასლები.

სახელმწიფო ინსპექტორის  სამსახურის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა გაფრთხილება. ფონდს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განმცხადებელს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

ინსპექტორი განმარტავს, რომ „მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლება წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას. მონაცემთა სუბიექტს ეძლევა შესაძლებლობა და უფლება გაეცნოს მისი მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციას, მოიპოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები და გამოარკვიოს რა კონტექსტში და რა ფორმით ხდება მისი მონაცემების დამუშავება“ – აცხადებს PHR-ი.

ორგანიზაცია განაგრძობს ფერიის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის ინტერესების დაცვას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2021 წლის ბოლოს გააუქმა საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით.  კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

გაერომ სახელმწიფო სამსახურის გაუქმების ფაქტს „საშიში გზავნილი“ უწოდა.

ფოტოზე: ფერიის პანსიონი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

________________________

ამავე თემაზე:

ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ხელვაჩაურის სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო – PHR

„გეფიცებით თოხებით მივუვარდებით მერს, თუ აქ ვინმეს რამე მოუვა“ – აგარაში 11 ოჯახს ზვავის ეშინია

ქედაში, სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ სოფელში 11 ოჯახი ზვავსაშიშ ზონაში. აქ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზა და არც ელექტროენერგია მიეწოდებათ. „აქ სახლები მეწყრული პროცესების გამოც დაბზარულია და ყოველდღე შეიძლება მოვლენები ცუდად განვითარდეს“, – მოსწერეს „ბათუმელებს“ სოფლიდან.

სოფელში გვიყვებიან, რომ ზვავსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსი 3 წლის წინ ააშენეს, თუმცა მთავრობა ოჯახების გადაყვანა ამ დრომდე ვერ უზრუნველყო.

აქ მცხოვრებთა თქმით, სოფელში ორმეტრზე დიდი თოვლია. მათივე ინფორმაციით, სოფლის მეწყერსაშიშროების მაღალ რისკზე 6 წელია გეოლოგიური დასკვნაც არსებობს, სწორედ ამის საფუძველზე 3 წლის წინ აშენდა კორპუსი სოფლის დასაწყისში.

„ირაკლი ღარიბაშვილი პირველად რომ პრემიერად დაინიშნა, იმ წელს მოხდა მეწყერი და თვითონაც ჩამოსული იყო აქ. შემდეგ დაიწყო საცხოვრისის მშენებლობა. სამი წელია, რაც დასრულდა შენობა. ჯერ გვითხრეს, რომ წყალი არ არისო. ჩვენ, მოსახლეობამ გავაკეთეთ ჭაბურღილი და ჩვენი ხარჯებით მოვიყვანეთ. ამის მიუხედავად, შენობა მაინც ცარიელი დგას და არ გვიშვებენ“, – გვეუბნება სოფლის მკვიდრი რაულ თებიძე.

მისი თქმით, საცხოვრებელი ბინები გარემონტებულია, თუმცა ოჯახები მაინც საშიშ ზონაში დატოვეს.

„სამი წელია ბინების გადმოცემას ვითხოვთ. ხალხი რეკავს მერიაში, დახმარებას ითხოვს, სახლებს საძირკველი დახეთქილი აქვს, არ იცხოვრება.

თოვლის გამო ერთი კვირაა გზა ჩაკეტილია, წამლები სჭირდებათ ჩემი ოჯახის წევრებს და სოფელში ვერ ავედი. შვიდი კილომეტრია შემოსავლელი გზა – ერთი სოფლიდან მეორეში უნდა გადახვიდე და იქაც არ არის გზა.

გასულ წელს საშინელი გზების გამო ახალგაზრდა მასწავლებელი გადავარდა და დაიღუპა. თავის დროზე რომ გადმოეცათ ბინები, ცუდ გზაზე არ მოუწევდა გავლა და სიცოცხლეც გადარჩებოდა“, – ამბობს რაულ თებიძე.

ის ქედის მერს, როლანდ ბერიძესაც შეხვდა ამ საკითხზე.

„აქ რომ რომელიმე მოსახლეს რამე მოუვიდეს, გეფიცებით თოხებით თუ არ მიუვარდეთ მაგას (მერს). პრობლემის მოგვარებაში არ გვეხმარება, არ ვიცი რა უნდა. იძახის მოკვლევა უნდაო. რა უნდა მოიკვლიოს, ყველა მოკვლევა და დასკვნა დევს.

შვიდი წელი შენდებოდა ეს საცხოვრებელი და მაშინ ვერ იკვლიეს რამე თუ იყო მოსაკვლევი? 11 ოჯახი ვართ საშიშ ზონაში, სახლები არის დაბზარული. არ შეიძლება იქ ცხოვრება.

6 ათასი ლარი მარტო ჭაბურღილის გაკეთება დაგვიჯდა. ვეუბნებით, რომ არაფერს ვითხოვთ, რაც გასაკეთებელი იქნება, ისევ ჩვენ გავაკეთებთ, ოღონდ დროულად გადმოგვცენ საცხოვრებელი“, – ამბობს რაულ თებიძე.

„ბათუმელები“ ამ სოფელში კიდევ ერთ მოქალაქეს, აბესალომ თებიძესაც ესაუბა. „2020 წლისთვის უნდა ჩაბარებულიყო ეს საცხოვრისი, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი, როდის გადაგვიყვანენ კორპუსში. წყალი ჩვენი ხარჯით მოვიყვანეთ, ყოფილმა მერმა კარგი საქმე გაგიკეთებიათო – გვითხრა, მაგრამ არჩევნებამდე რომ დაგირიგოთ, მოსყიდვაში ჩაგვეთვლება და არჩევნების შემდეგ გადაგიყვანთო. დამთავრდა არჩევნები და არც ახლა გვაქცევენ ყურადღებას“, – გვეუბნება აბესალომ თებიძე.

მისი თქმით, სახლი სადაც ცხოვრობს, დაბზარულია და საცხოვრებლად სახიფათო.

„საშიშია აქ ცხოვრება. არავინ იცის, როდის შეიძლება ჩამოიშალოს. საძირკველს ბზარები აქვს, შიგნით შენობაშიც კედლები დაბზარულია. ოთხი ადამიანი ვცხოვრობთ. თუ ისევ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, ღარიბაშვილთან ჩავალთ“, – ამბობს თებიძე.

„ბათუმელებმა“ ქედის მერს, რონალდ ბერიძეს ჰკითხა, რატომ ვერ მოხერხდა მეწყერსაშიში ზონიდან მოსახლეობის ახალ საცხოვრისში გადაყვანა.

მერის თქმით, ბინებთან დაკავშირებით კომისიამ 2021 წლის მაისში დაიწყო მუშაობა, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

„20 ბინაა კორპუსში სულ, 18 ოჯახი უკვე შერჩეულია, დარჩა ორი ოჯახი შესარჩევი. ნაწილობრივ არ ვაპირებთ ოჯახების შეყვანას. მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და 20-ივე ოჯახს ბინა გადაეცემა ერთობლივად“.

კითხვაზე, დაახლოებით რა დროში მოხდება ეს, მერი ამბობს, რომ თოვლი რომ არ მოსულიყო, ბინების გადაცემა დასრულებული იქნებოდა.

„თოვლმა შეგვიშალა ხელი, თორემ აქამდეც შეკრებილი ვიქნებოდით. ახლა მთელი ძალები გადართულია თოვლის გაწმენდაზე. იმედს ვიტოვებ, რომ თვის ბოლომდე კომისია მუშაობას დაასრულებს. შენობა დასრულებულია და ჩაბარებული“, – გვითხრა მერმა.

რაც შეეხება გზებს, მერის თქმით, სოფელ აგარას შიდა სასოფლო გზა გაწმენდილი არ არის, რადგან ჯერ ცენტრალურ გზებს წმენდენ თოვლისგან. „თუ გადაუდებელი მდგომარეობა აქვს ადამიანს ან სხვა პრობლემა, შევდივართ და გამოგვყავს“, – გვეუბნება მერი.

რატომ დატოვა გახარიას პარტია ბათუმში 14-მა წევრმა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია – „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის 14-მა წევრმა დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მათ დღეს, 21 იანვარს განაცხადეს. პარტიის წევრებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე პარტიაში განხილვის გარეშე, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებში და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

გადაწყვეტილების შესახებ პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა განცხადებაც გაავრცელეს.

პარტიის ყოფილი წევრები ირწმუნებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე პარტიასთან შეუთანხმებლად აწარმოებდა გარიგებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის – თამილა ფაღავასთვის ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღო. ამის შემდეგ ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ბათუმის ვიცე-მერობა, რაზედაც მიიღო თანხმობა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება. ასევე არჩევნების შემდგომ ის საკრებულოს დარჩენილი ორი წევრით მუდმივად მანიპულირებდა და თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას“, – წერია მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრები განმარტავენ, რომ ამ უკმაყოფილების შესახებ მიზანმიმართულად არ გაავრცელეს წინასაარჩევნოდ ინფორმაცია.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა ასევე ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი თავდგირიძემ. გადაწყვეტილების მიზეზად საკრებულოს წევრმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა დაასახელა. პარტიაში კი მისი გადაწყვეტილება ასე შეაფასეს: „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“.

„ბათუმელებს“ პარტია „საქართველოსთვის“აჭარის ორგანიზაციაში უთხრეს, რომ განცხადებას და პარტიის პოზიციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სავარაუდოდ ხვალ გაავრცელებენ.

სუსის უფროსის, ლილუაშვილის ხელფასი თვეში 9 350 ლარი იქნება, გაიზარდა მოადგილეების ანაზღაურებაც

მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ხელმძღვანელობის და სხვა თანამშრომლების ხელფასები 2022 წლის იანვრიდან გაიზარდა.

850 ლარით გაიზარდა სუსის უფროსის ხელფასი. შესაბამისად, სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, 2022 წლის იანვრიდან ხელფასი 9 350 ლარი დაერიცხება, 8 500 ლარის ნაცვლად.

750 და 725 ლარით გაეზარდათ ხელფასები სუსის უფროსის მოადგილეებსაც: პირველი მოადგილის ხელფასი 7 500 ლარის ნაცვლად იქნება 8 250 ლარი

ალექსი ბატიაშვილი, სუსის უფროსის პირველი მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სამი მოადგილე ჰყავს. მოადგილის ხელფასი იქნება 7 975 ლარი, 7 250 ლარის ნაცვლად. სუსის უფროსის მოადგილეები არიან: შენგელი ფიცხელაური, გიგა ნიკოლეიშვილი, ლევან ახობაძე.

სხვადასხვა ოდენობით გაიზარდა სუსის სხვა თანამშრომლების ხელფასებიც. მაგალითად:

  • ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსის ხელფასი განისაზღვრა 6 600 ლარით, [6 000 ლარის ნაცვლად], ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსის პირველი მოადგილის – 6 050 ლარით [იყო 5 500], წამყვანი სპეციალისტი, ინსპექტორის ხელფასი – 1 470 ლარით [იყო 1 335 ლარი];
  • იურიდიული მთავარი სამმართველოს უფროსის ხელფასი იქნება 4 675 ლარი [იყო 4 250], გენერალური ინსპექციის უფროსის (დეპარტამენტის დირექტორის) ხელფასი განისაზღვრა 6 600 ლარით [იყო 6 000];
  • კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის ხელფასი იქნება 4 125 ლარი [იყო 3 750 ლარი].

შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 2022 წლის 18 იანვარს მიიღო და ის დღეს, 21 იანვარს ამოქმედდა.

სუსის უფროსის ხელფასი 2015 წლის აგვისტოდან 3 540 ლარი იყო, 2018 წლის იანვრიდან დღემდე კი – 8 500 ლარი.

ამავე თემაზე:

9 თანამდებობის პირი, რომელთა ხელფასიც თვეში მინიმუმ 12 000 ლარია

 

რეგულირების სააგენტო – პრეპარატი მაგნევისტის რეალიზაცია და გამოყენება შეჩერდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იუწყება, რომ ფარმაცევტული პროდუქტი “მაგნევისტის” რეალიზაცია და გამოყენება დროებით შეჩერებულია.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) გამოაქვეყნა განცხადება გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენების შეზღუდვასა და შეჩერების შესახებ.

EMA-ს სამეცნიერო დასკვნაზე დაყრდნობით ეს მედიკამენტები იწვევენ თავის ტვინსა და სხვა ქსოვილებში გადოლინიუმის დეპოზიტების განვითარებას სხეულის სკანირების დროს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიისას.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გასცა რეკომენდაცია ევროპის ეკონომიკურ ზონაში გადოპენტეტიკის მჟავის (Gadopentetic acid) შემცველი პროდუქტების შეჩერების შესახებ.

საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, შეჩერდა ფარმაცევტული პროდუქტის Magnevist®, 469,01მგ/მლ 20მლ ი.ვ. საკონტრასტო ხსნარი ფლაკონი №10 რეგისტრაცია (სარეგისტრაციო ნომერი რ-025971).

ამ ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს დაევალათ, მოახდინონ მათი რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან გამოთხოვა და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარდგენა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.

ბაზრიდან გამოთხოვილი ფარმაცევტული პროდუქტების შემდგომი განკარგვის შესახებ, სააგენტო იმსჯელებს EMA-დან დამატებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა სიკვდილიანობის წამყვან მიზეზებს შორისაა – კვლევა

წამლისადმი ბაქტერიების რეზისტენტობა მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოჩნდა. ამ დასკვნამდე მივიდნენ სამეცნიერო ჟურნალში Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის მიკროორგანიზმის უნარი, გადარჩეს და წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიმიკრობული პრეპარატების ზემოქმედებას, რაც აძნელებს ინფექციის მკურნალობას.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ანტიმიკრობული საშუალება, რომლებიც მოქმედებენ სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმის წინააღმდეგ. მაგალითად, ანტიმიკრობული მედიკამენტები ან ანტიბიოტიკები მოქმედებენ ბაქტერიების წინააღმდეგ, ანტივირუსული საშუალებები – ვირუსების წინააღმდეგ, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები – სოკოს წინააღმდეგ და ა.შ.

მკვლევრებმა გააანალიზეს მონაცემები ასზე მეტი ინფექციის განვითარების შესახებ მსოფლიოს 204 ქვეყნიდან. მათი გათვლებით, სულ მცირე 1,27 მილიონი სიკვდილი 2019 წელს პირდაპირ გამოწვეული იყო მიკროორგანიზმებით, რომლებიც არ რეაგირებენ ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე.

რეზისტენტობასთან დაკავშირებულია კიდევ 3 მილიონზე მეტი გარდაცვალება. ეს კი ნიშნავს, რომ წამლისადმი რეზისტენტობა უნდა შევიდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარდაცვალების სამ მთავარ მიზეზს შორის – გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის პარალელურად.

კვლევა: 2019 წელს დაავადებათა გლობალურ ტვირთში, გარდაცვალების ყველა ძირითად მიზეზთან შედარებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობა იქნებოდა მესამე მიზეზი სიკვდილიანობის… მხოლოდ გულის იშემიურმა დაავადებამ და ინსულტმა გამოიწვია მეტი სიკვდილი 2019 წელს… 

2019 წელს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევებში, ნაწლავის ჩხირი იყო პასუხისმგებელი ყველაზე მეტ სიკვდილზე, რასაც მოჰყვა პნევმონიის კლებსიელა, ოქროსფერი სტაფილოკოკი, აცინობაქტერია, პნევმოკოკი და ტუბერკულოზის მიკრობაქტერია.

ჯანმოს ცნობით, მსოფლიოში ფიქსირდება ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციების, მათ შორის, საშარდე გზების ინფექციების, სეფსისის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და დიარეის ზოგიერთი ფორმის მკურნალობისთვის ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკების წინააღმდეგ რეზისტენტობის მაღალი მაჩვენებლები. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობას უმთავრდება ეფექტური ანტიბიოტიკები.

ჯანმოს განმარტებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობა ბუნებრივად წარმოიშობა დროთა განმავლობაში, როგორც წესი, გენეტიკური ცვლილებების შედეგად. ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტული ორგანიზმები გვხვდება ადამიანებში, ცხოველებში, საკვებში, მცენარეებსა და გარემოში (წყალში, ნიადაგში და ჰაერში).

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს

სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან  სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ:

  • 300 წუთი – 5 ₾
  • 5 GB + 100 წუთი – 7 ₾
  • 700 წუთი – 9 ₾
  • 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 10 ₾
  • 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 12 ₾

მომხმარებელი არ იქნება შეზღუდული აირჩიოს ერთზე მეტი პაკეტი.  

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, აბონენტები ისარგებლებენ ინტერნეტ ტარიფით 1MB = 15 თეთრი; 

რა უნდა ვიცოდეთ სილქფესტის შესახებ ნახე აქ.

„ავადმყოფი 2 კილომეტრი ხელით ვატარეთ“ – ხალა წყლის, გაზის, შუქისა და გზის გარეშე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიდან, რომელიც ზღვის დონიდან მხოლოდ 160 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ავადმყოფი სოფლის ცენტრამდე მოსახლეობამ ხელით გადაიყვანა. სოფლის შიდა გზები ამ დრომდე გაწმენდილი არ არის, ამიტომაც სასწრაფო დახმარების ჯგუფის მანქანამ მხოლოდ სოფლის ცენტრამდე მისვლა შეძლო. სოფლის ცენტრამდე მოსახლეობამ ავადმყოფი 2 კილომეტრი ხელით ატარა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შიდა სასოფლო გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია, რადგან გზა მხოლოდ სოფლის ცენტრამდე გაწმინდეს, მიზეზად კი არასაკმარისი  ტექნიკა დაასახელეს.

გარდა ამისა, სოფელში აქვთ სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა, მეორე დღეა არც ელექტროენერგია მიეწოდებათ.

„შიდა გზებს თავი დავანებოთ, არც ცენტრალური გზაა გაწმენდილი, ცენტრს ზემოთ მანქანით გადაადგილება შეუძლებელია, სასწრაფო გამოიძახეს და ვერ ავიდა, ავადმყოფი ხელით ჩამოვიყვანეთ, ცუდადაა ქალი. გვითხრეს, რომ ტექნიკის უკმარისობის გამო ვერ გაწმინდეს შიდა გზები. შუახევიდან ველოდებით ტრაქტორსო და იმით აპირებენ ცენტრალური გზების გაწმენდას. შიდა გზებს რა ეშველება, არ ვიცი, მეორე დღეა შუქი არ არის, გაზი თავისთავად არ გვაქვს, გაყვანილობა არის და არავინ იცის როდის ჩართავენ, უკვე ამორტიზებულია რამდენიმე მონაკვეთი“, – ამბობს მალხაზ ფარტენაძე, ამ სოფლის მცხოვრები.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაადგილების პრობლემის გამო მაშველების დახმარება ქობულეთის სოფლებში ოცამდე ოჯახს დასჭირდა. დაზუსტებით არ ვიცით აქედან რამდენ შემთხვევაში ჰქონდათ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობა.

მთავარი ფოტო: ქობულეთის მერია

___

ამავე თემაზე:

ბოლო დღეების განმავლობაში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი სოფლებიდან ავადმყოფის ხელით გადაყვანის სხვა შემთხვევებიც დაფიქსირდა. მაშველებს არც ერთხელ არ გამოუყენებიათ ვერტმფრენი.

შუახევში პაციენტი 3 კილომეტრი ხელით ატარეს, გადმოსაყვანია კიდევ 1 პაციენტი

გერმანიას სურს 400 000 კვალიფიციური მუშაკი მიიზიდოს უცხოეთიდან ყოველწლიურად

გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას სურს, ყოველწლიურად 400 000 კვალიფიციური მუშაკი მიიზიდოს უცხოეთიდან დემოგრაფიული პრობლემებისა და სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოსაფხვრელად – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს გერმანიის მმართველი პარტიის – „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ლიდერის, კრისტიან დურის განცხადებაზე დაყრდნობით.

დურმა ამ საკითხზე გერმანულ გამოცემასთან, WirtschaftsWoche-თან ისაუბრა.

„კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც შეაფერხებს ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია მხოლოდ თანამედროვე საერთაშორისო საემიგრაციო პოლიტიკით. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივაღწიოთ 400 000 კვალიფიციური მუშაკის ჩამოყვანის ნიშნულს უცხოეთიდან“, – განაცხადა დურმა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, მმართველ კოალიციაში შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სპეციალისტების მოსაზიდად, მინიმალური ანაზღაურება  საათში 12 ევრომდე იყოს.

გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის შეფასებით, გერმანიაში სამუშაო ძალა წელს 300 000 ადამიანით შემცირდება, რადგან შრომის ბაზარზე პენსიაზე გასული ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა ჭარბობს ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელს. მიიჩნევა, რომ 2030 წელს გერმანიის შრომის ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი 5 მილიონს მიაღწევს.

_____________

ფოტო: pexels

პრობლემა გაქვთ? – მიაკითხეთ ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციას, გელოდებიან

თუ ქალაქში პრობლემა შეგექმნათ, ხელისუფლებას ხმა ვერ მიაწვდინეთ და დახმარება გჭირდებათ, ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციას მიმართეთ. „ფრაქციაში“ აცხადებენ, რომ მუშაობენ, მოსახლეობას ხვდებიან, პრობლემებს განიხილავენ და აგვარებენ. ამასთან დაკავშირებით ფრაქციამ საკრებულოს „ფეისბუქგვერდზე“ საგანგებო განცხადებაც გამოაქვეყნა.

ფრაქციის წევრებთან შესახვედრად საკრებულოს შენობაში შეგიძლიათ მიხვიდეთ 12 საათიდან 16 საათამდე.  ფრაქციის თავმჯდომარეა თენგიზ აფხაზავა. მისი მოადგილეები არიან: ზურა ნაკაიძე, გოჩა მგელაძე, ნერიმან ცინცაძე, მინდია გოგუაძე, რიჩარდ სირაბიძე.

ფრაქციის წევრები არიან: ასლან ბალაძე, როსტომ ხალვაში, ნატალია ზოიძე, ლევან ცხოიძე, დავით მახარაძე, ნინო ცხვარაძე, ლევან ბერიძე, თეონა ბერიძე, ლევან დოლიძე, გიორგი ლომთათიძე.

საკრებულოს შენობის მისამართია: ბათუმი, ლუკა ასათიანის #25.  შენობაში შესვლა დაცვასთან გასაუბრებით მოგიწევთ. თუ დეპუტატი მიღებაზე  უარს გეტყვით, ამის შესახებ „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე მოგვწერეთ.

„ოცნების“ ფრაქცია ერთადერთია, რომლის შექმნაც ბათუმის საკრებულოში მოახერხეს. საკრებულოს არ ჰყავს თავმჯდომარე, მოადგილეები და ასევე, ამ დრომდე არ არის დაკომპლექტებული კომისიები.

ოპოზიცია ისევ სხდომას ითხოვს, „ოცნება“ ამბობს, რომ არ გამოვა – ბათუმის საკრებულო

 

მიწის უფასო რეგისტრაციაზე დამატებით 300 ამზომველი იმუშავებს – სააგენტო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრში დამატებით 300 ამზომველი დასაქმდება.

„მიწის ნაკვეთების ამზომველთა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ფაზაში კანდიდატები უკვე შეირჩა. მოხდება მათი პროფესიული გადამზადება და სერტიფიცირება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საკადასტრო აგეგმვითი სამუშაოების გასამარტივებლად, ამზომველებს უახლესი გეოდეზიური აპარატურით უზრუნველყოფს, რაც მონაცემთა მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს განაპირობებს“, – აცხადებენ სააგენტოში.

ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში სულ 465 სერტიფიცირებული ამზომველი იქნება ჩართული. მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისთვის მიწის დარეგისტრირება უფასო იქნება, 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

სად დაიწყება რეგისტრაცია 2022 წელს და რამდენ მუნიციპალიტეტში, ჯერ განსაზღვრული არ არის.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში 2022 წელს შესაძლოა არ დაიწყოს. სავარაუდოდ, მიწის სისტემური რეგისტრაცია აღმოსავლეთ საქართველოდან დაიწყება და პირველ ეტაპზე ოცამდე მუნიციპალიტეტს მოიცავს. კონკრეტული გეგმა-გრაფიკი სააგენტოში თებერვლის თვეში ექნებათ.

სისტემური წესით სააგენტომ მთელი ქვეყნის ტერიტორიის მესამედი, დაახლოებით, 1,2 მილიონი ჰექტარი ფართობი უნდა დაარეგისტრიროს – ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების [თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი] გარდა.

მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ განახორციელებს.

ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში მიწის უფასო რეგისტრაციის 2022 წლის იანვრიდან დაწყება და პროცესის 2024 წელში დასრულება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა. თუმცა კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტში და როდის დაიწყება/დასრულდება საველე და საკადასტრო აზომვითი სამუშაოები, ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ უნდა განსაზღვროს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
• მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები
• უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია
• გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება
• სანოტარო მედიაცია
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება
• ფაქტების კონსტატაცია
• მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია

სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეს უფლება აქვს, მიწა სპორადული წესით დაირეგისტრიროს.
ამ შემთხვევაში რეგისტრაცია მოქალაქეებისთვის ფასიანია.

ამავე თემაზე:

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – მინისტრის ბრძანება

 

ბათუმში, თამარის დასახლებაში, წყალი საღამომდე შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 21 იანვარს, 12:00-დან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება თამარ მეფის გამზირსა და დასახლებაში.

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

სოფელ ლეღვაში სახლი ჩამოინგრა – დიდთოვლობა ქობულეთში

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. სახლში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, სახლის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზი თოვლია.

„ამ დროისთვის ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. პირველი ეტაპისთვის მერია დაზარალებულ ოჯახს ბინის ქირას გადაუხდის, შემდეგ კი სახლის მდგომარეობას კომისია შეისწავლის“, – ამბობენ მერიაში.

სოფელს ამ დროისთვის არც ელექტროენერგია მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ლეღვა-ქაქუთის და ციხისძირის ნაწილს.

„დილიდან კომპანიის ტექნიკური სამსახური მუშაობს ავარიულ შემთხვევებზე, რადგან თოვლმა დააზიანა ინფრასტრუქტურა“, – გვითხრეს კომპანიაში.

___

მთავარი ფოტო: ქობულეთის მერია, დიდთოვლობა ქობულეთში

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 იანვრის 21 საათიდან 22 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით – 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით 5 – 10 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი
  • ღამით: 10  – 15  გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.

კვირას, 23 იანვარს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

24-25 იანვარს კი – დროგამოშვებით ნალექი, მთაში თოვა.

 

აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, 21 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 612 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 131 ადამიანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 50.

კოვიდსასტუმროებშია 563, საკარანტინე სივრცეშია – 6 პაციენტი.

როცა ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირები ხელფასს იღებენ, მაგრამ არ მუშაობენ

2021 წლის დეკემბერში ბათუმის საკრებულოს ორი სხდომა ჩაიშალა, ქვორუმი არ შედგა. ამ ორიდან: პირველ სხდომაზე „ქართული ოცნების“ ფრაქციის 16 და ერთი დამოუკიდებელი წევრი, ასევე, გახარიას პარტიის 2 წევრი არ გამოცხადდა. შესაბამისად, ქვორუმისთვის საჭირო 18 წევრი ვერ შეიკრიბა.

მეორე სხდომაც იმავე მიზეზით ჩაიშალა, ამჯერად სხდომაზე დასასწრებად გახარიის პარტიის ერთი წევრი მივიდა, თუმცა  ქვორუმის ვერმიღწევის გამო სხდომა ისევ არ შედგა.

საკრებულოს უმრავლესობა სხდომის მოწვევას ისევ ითხოვს, თუმცა დიდი ალბათობით, ეს სხდომაც ჩაიშლება.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ასე ექვსი თვე გაგრძელდა? – თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ ის ექვსი თვის განმავლობაში არ ესწრება სხდომებს და არ მონაწილეობს საკრებულოს საქმიანობაში.

პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სხდომა ბათუმის საკრებულომ 3 დეკემბერს ჩაატარა. თუმცა მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციამ დატოვა, ეს სხდომაც ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ამ სხდომაზე ვერ შეძლეს თავმჯდომარის, მოადგილეებისა და კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

ამის შემდეგ „ოცნების“ ფრაქციის წევრებს სხდომის ჩანიშვნა არ მოუთხოვიათ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით ჩანიშნულ სხდომას დასწრებიან. ისინი აცხადებენ, რომ „ოპოზოცია შოუს დგამს – დესტრუქციულად იქცევა“ და ისინი ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

რა მოხდება, თუ „ოცნების“ მიერ სხდომის მოწვევის შემთხვევაში ოპოზიციაც იმავეს გააკეთებს, ანუ სხდომას არ დაესწრება? – თუ ექვსი თვის განმავლობაში საკრებულოს წევრები თავიანთი მოვალეობის შესრულებას ვერ შეძლებენ, კოდექსით, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში.

„ოცნება“, ერთი მხრივ, ირწმუნება, რომ მუშაობს, ხვდება ამომრჩეველს, ინიშნავს პრობლემებს და განიხილავს მათ, თუმცა მეორე მხრივ, გუშინ, 20 იანვარს, „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თენგიზ აფხაზავამ, საკრებულოს კრიზისის შეფასებისას ირიბად აღიარა, რომ საკრებულო ვერ მუშაობს.

თენგიზ აფხაზავას თქმით, „იმისთვის, რომ საკრებულომ ნორმალურად იმუშაოს, საჭიროა არჩეულ იქნას თავმჯდომარე, მოადგილეები, კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, რათა შეიკრიბოს ბიურო, მოხდეს ამა თუ იმ საკითხის ინიცირება და სხდომაზე გატანა.“

აფხაზავა აპელირებს იმაზეც, რომ 2022 წლის ბიუჯეტი მიღებული და პროგრამები მოქმედია.

ამ დროისთვის ბათუმის საკრებულოში დანიშნულია მხოლოდ ექვსი თანამდებობის პირი – „ოცნების“ ფრაქციას ჰყავს თავმჯდომარე და ხუთი მოადგილე, რომლებიც საკრებულოში არსებული კრიზისის მიუხედავად ხელფასს იღებენ. ფრაქციების თავმჯდომარის ანაზღაურება 2900 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი 2000 ლარით განსაზღვრეს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი ხუთი მოადგილის ხელფასებზე ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 12 900 ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, ფრაქციას ეკუთვნის სახელმწიფო ავტომანქანა, მძღოლის მომსახურება, საწვავი, სატელეფონო და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯი.

თუმცა, საკრებულოს რიგითი წევრები უფლებამოსილების განხორციელების ხარჯს – 600 ლარსაც ვერ იღებენ.

საკრებულოში ამის მიზეზად ისევ თავმჯდომარის ვერ არჩევა დაგვისახელეს, რადგან უფლებამოსილების ხარჯი ოფიციალური ხელფასი არ არის, თავმჯდომარეს ევალება მერიის ბუღალტერიაში გააგზავნოს მოთხოვნა შესაბამისი თანხის საკრებულოს წევრებისთვის დარიცხვის თაობაზე.

იმის ხაზგასასმელად, რომ ამომრჩეველს ხვდება და მუშაობს, „ოცნების“ ფრაქციამ გუშინ, 20 იანვარს, ბათუმის საკრებულოს „ფეისბუქის“ გვერდზე სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა:

კანონმდებლობით, 2022 წლის მაისში უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ მაჟორიტარულ ოლქში, საიდანაც საკრებულოს წევრი გამოაკლდა – ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. „ოცნებას“ იმედი აქვს, რომ განმეორებით არჩევნებზე ამ ოლქს მოიგებს, რის შემდეგაც საკრებულოში 17 წევრი ეყოლება, ერთი დამოკიდებელი წევრის დახმარებით კი, რომელმაც გახარიას პარტია დატოვა, აირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს და სხვა, მისთვის სასურველ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს.

 

____

ოპოზიცია ისევ სხდომას ითხოვს, „ოცნება“ ამბობს, რომ არ გამოვა – ბათუმის საკრებულო

49 გარდაცვლილი და კოვიდის 8767 ახალი შემთხვევა – 21 იანვარი

21 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 8767 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 49 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარაში – 851, იმერეთში – 861, ქვემო ქართლში – 351, შიდა ქართლში – 538, გურიაში – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 334, კახეთში -277, მცხეთა-მთიანეთში – 176, სამცხე-ჯავახეთში – 165, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -43.

20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.76%.

როგორ მკურნალობენ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს – „მაღალი ხარისხის წამლები არ შემოდის“

„ის ხშირად მიმეორებს: შენ რომ მოგკლავ, მაშინ მოვრჩებიო… არადა, კარგი ადამიანია. ზოგჯერ ასეა. მართლაც რომ დამარტყას? მერე დაიწყებენ გამოძიებას, არა? რა მნიშვნელობა აქვს, რა მუხლით დაიწყება გამოძიება, ან საერთოდ გამოიძიებენ თუ არა რამეს?“- კითხულობს ნანა გ. მის ქმარს დაახლოებით 15 წელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. ნანამ არ იცის, როგორ იმოქმედოს ისე, რომ მას და გარშემომყოფებს საფრთხის განცდა აღარ ჰქონდეთ და იმავდროულად არც მისი ქმრის უფლება დაირღვეს.

„განსაკუთრებით წინააღმდეგია სტაციონარში გადაყვანაზე, ვერ დაარწმუნებ. ჩვენც არ გვინდა საავადმყოფოში გადავიყვანოთ, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ვხდებით,“ – ამბობს ნანა.

ნანამ მას შემდეგ გადაწყვიტა ჩვენთვის მოეწერა, როცა გასული წლის დეკემბერში ზედიზედ ორი ტრაგედიის შესახებ შეიტყო – ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. რამდენიმე დღეში თბილისში კაცმა ფეხმძიმე ცოლი გამოასალმა სიცოცხლეს. გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები. არც ისაა ცნობილი, რა მომსახურებას იღებდნენ ისინი, თუკი ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებდათ. ორივე შემთხვევაში ბრალდებულების ახლობლებმა მედიაში თქვეს, რომ მათ ფსიქიკური ხასიათის პრობლემა ჰქონდათ.

უკვე ხუთი წელია, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს, რომლებსაც სტაციონარში მოთავსება არ სჭირდებათ [როცა მდგომარეობა მწვავე არ არის], მობილური გუნდები მათ ადგილზე – ამბულატორიაში, ან ბინაზე ემსახურებიან. ეს სერვისი ითვალისწინებს ადგილზე ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, ექთნის და სოციალური მუშაკის მომსახურებას, მდგომარეობის თვეში მინიმუმ 3-ჯერ შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას, ასევე საჭირო მედიკამენტებით მომარაგებას.

თუმცა რასაც ნანა გ. გვიყვება, აჩვენებს მინიმუმ კომუნიკაციის პრობლემას მოცემულობაში, როცა პაციენტი წლებია პერიოდულად სტაციონარულ მომსახურებას იღებს.

„…როცა სტაციონარში ვაწვენთ, მალევე კარგად ხდება და ორი კვირის შემდეგ წერენ, მისი უფლება დაირღვევა, კიდევ აქ რომ გავაჩეროთო,“ – განაგრძობს ნანა გ. ის ირწმუნება, ამ მობილური გუნდების და ბინაზე მომსახურების შესახებ პირველად „ბათუმელებისგან“ გაიგო.

„ბოლოს ჩემი ქმრის ექიმს 3 იანვარს მივწერე სოციალური ქსელით. სტამბოლში ვმუშაობ პერიოდულად, ახლაც აქეთ ვარ და ვწერდი, ეს თურქული მედიკამენტი ხომ არ იქნება უკეთესი ჩავანაცვლოთ-მეთქი, პასუხი არ გაუცია ამ დრომდე. მუდმივად ვითხოვ ექიმისგან ყურადღებას, რადგან ჩემს ქმარს ყველაზე მეტად ექიმის სჯერა. ექიმი თუ ეტყვის, რომ ნემსი უნდა გაიკეთოს, გაიკეთებს.

ის ხშირად წამლების მიღებაზეც უარს ამბობს. ექიმები ჩემთან მოდიან კი არა, ტელეფონითაც არ რეკავენ. როცა მივმართავ დასახმარებლად, მპასუხობენ, რომ მათი ვალდებულება არაა პაციენტს რამე უთხრან. მპასუხობენ, რომ თუკი აგრესიულია, პატრულს მივმართო და სასწრაფო მიიყვანს საავადმყოფოში,“ – გვიყვება ნანა გ.

„პაციენტი თუ უარს ამბობს, ჩვენ არ გვაქვს დაძალების უფლება. ეს არის ნებაყოფლობითი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკა ზოიძე, BMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ის ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდა იმაზე, თუ რატომ არ არის ჩართული მობილური გუნდებით უზრუნველყოფის პროგრამაში კაცი, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. აჭარის რეგიონში ამ კლინიკას აქვს ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების სერვისი, როგორც სტაციონარის, ასევე მობილური ჯგუფების დონეზე.

ეკა ზოიძე განმარტავს, რომ მობილურმა გუნდმა სხვადასხვა ფორმით, აქტიურად უნდა სცადოს ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვა,  თუმცა ზოგჯერ ეს შეუძლებელია – ბოლო მონაცემებით, აჭარის რეგიონში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის აქტიური შემთხვევაა 3 ათასი [რაც აღრიცხულია]. ეკა ზოიძე ამბობს, რომ აქტიური შემთხვევების დაახლოებით 1 პროცენტია ამ დროისთვის სერვისის მიღმა, ანუ 30 ადამიანი.

„ამიტომაც გვყავს ფსიქოლოგი, რომ მან იმუშაოს დარწმუნების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების პოზიცია. ხშირად ისინიც ხელს გვიშლიან იმაში, რომ ბენეფიციარი პროგრამაში ჩავრთოთ… აქტიური უნდა იყვნენ თვითონაც, ჩვენ ვერ შევვარდებით ოჯახში, ამის უფლება არ გვაქვს,“ – გვითხრა ეკა ზოიძემ.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 33 მობილური გუნდი მუშაობს, მათ შორის, 8 აჭარაში. BMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ თითოეული გუნდი 50 პაციენტს ემსახურება. სამი გუნდი ბათუმში მუშაობს, დანარჩენები კი, მუნიციპალიტეტებში.

თითოეული გუნდის ბიუჯეტი თვეში 7800 ლარია. ამ თანხის 35 პროცენტი პაციენტების მედიკამენტებზე იხარჯება, დანარჩენი – პერსონალის ხელფასებისთვის, ტრანსპორტის უზრუნველყოფისთვის, სხვა ხარჯებისთვის.

„ეს თანხა არაა საკმარისი, მით უფრო იმ ფონზე, როცა წამლები ძალიან გაძვირდა. ხელფასი ექიმს გამოსდის დაახლოებით 800 ლარი, ისიც გამოწერით,“ – რეალობას აღწერს „ფსიქიატრთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი ეკა ჭყონია, რომელიც თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობს და მობილურ გუნდებს ხელმძღვანელობს.

ეკა ჭყონია რამდენიმე პრობლემას გამოყოფს, რაც მისი დაკვირვებით ხელს უშლის პროგრამის ეფექტურობას:

„ეს უკავშირდება ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტების დეფიციტსაც… ძირითადად ეს ექიმები მუშაობენ სტაციონარშიც. წარმოიდგინეთ მინიმუმ 40 პაციენტთან სტაციონარს გარეთ ურთიერთობა და თვეში მინიმუმ სამჯერ მონახულება.

ამ დრომდე არ გვაქვს კრიზისული მართვის ცენტრი, ანუ როცა სტაციონარში ადგილი არ არის, ან სხვა სირთულეა და გადაგყავს პაციენტი უსაფრთხო ადგილზე.

ეს პაციენტებიც, რომლებსაც მობილური გუნდები ემსახურებიან, რეალურად მძიმე პაციენტები არიან. ფაქტობრივად, გუნდი უნდა აკვირდებოდეს, ხომ არ მძიმდება ვითარება. ასეთ შემთხვევაში მობილურმა გუნდმა უნდა მოახდინოს პაციენტის სტაციონარში გადაყვანის ორგანიზება,“ – გვიმარტავს ეკა ჭყონია.

BMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეკა ზოიძე მიიჩნევს, რომ დაფინანსება და ადამიანური რესურსი მხოლოდ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების შემთხვევაში არაა საკმარისი. ის ასევე ელოდება ქობულეთში მობილური გუნდის დამატებას.

„არის ამის საჭიროება, ანუ, მაგალითად, ბენეფიციარი ამბულატორიაში ცხადდება, იღებს მედიკამენტს, მაგრამ ტრანსპორტირების გამო ვერ მოდის ზოგჯერ, ან უდროობის გამო… ზოგს ურჩევნია, არ მივიდეს ამბულატორიაში არსებული სტიგმების გამო, ურჩევნია ოჯახში, ან ცალკე შეხვდეს სპეციალისტებს. უყურადღებოდ არ არიან ისინი, მაგრამ უმჯობესი იქნება, რომ ჩავრთოთ ისინიც მობილური გუნდების პროგრამაში,“ – აღნიშნა ეკა ზოიძემ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ 2021 წელს მომზადებულ კვლევაში „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ აღნიშნულია, რომ „სერვისებთან ერთად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო მწვავედ განიცდის ადამიანური რესურსების ნაკლებობას. ფსიქიატრების რაოდენობა ევროპულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია, რაც აბსოლუტურ ციფრებში, ქვეყნის მასშტაბით, გამოიხატება სულ მცირე 250 ფსიქიატრის დეფიციტით.“

ექიმი-ფსიქიატრები ამ პრობლემას ადასტურებენ, თუმცა, მაგალითად, ეკა ზოიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში ბათუმი გამონაკლისია, სადაც ახალი თაობა სამუშაო სფეროდ ფსიქიატრიას ირჩევს.

„ჩვენს ამბულატორიაში 9 ფსიქიატრი ვართ, აქედან 5 ექიმი 40 წელს ქვემოთაა,“ – დასძინა ეკა ზოიძემ.

უფლებადამცველები შენიშნავენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით კანონში პრობლემა არ გვაქვს და ამოსავალი პაციენტის სურვილია – ნების გარეშე პაციენტის ჩართვა მკურნალობაში, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ არსებობს.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირს მხარდამჭერი პირი უნდა დაუნიშნონ, თუმცა ისიც მოკლებულია შესაძლებლობას, მაგალითად, პაციენტს მედიკამენტი იძულებით მიაღებინოს.

„ხარისხიანი მომსახურების საცხოვრებელთან ახლოს მიწოდება,“ – ეს საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ სამოქმედო სტრატეგიაში წერია. სპეციალისტები წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ იმას, რომ სტრატეგიაში გაიწერა მონიტორინგიც – მთავრობა უკვე ვალდებულია შეამოწმოს რამდენად ეფექტურად მუშაობენ მობილური გუნდები.

ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია გვიზიარებს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ფრანგ სპეციალისტებთან, რომლებიც საქართველოს ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარნენ.

„მაგალითად უკვირდათ ის, რომ ორიგინალი ფსიქოტროპული მედიკამენტები საფრანგეთში ღირს უფრო იაფი, ვიდრე აქ ჯენერიკები. ჩვენთან ჯერ კიდევ ძველი თაობის პრეპარატებია ბაზარზე. ზოგი მედიკამენტი საერთოდ არ იშოვება. მე ვერ გავიგე მიზეზი, რატომ არ იშოვება,“ – აღნიშნა ეკა ჭყონიამ. ის გვიმხელს, რომ რეალურად მაღალი ხარისხის მედიკამენტები ძალიან ძვირია და მისი შეძენა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვერ ხერხდება.

შესაბამისად, მწვავე პრობლემაა ხარისხიანი ფსიქოტროპული მედიკამენტიც.

„მაგალითად, რისპერიდონის პროლონგი, რომელიც ახალიც არ არის, 25 წელია, რაც არის უკვე ბაზარზე, ერთი თვის დოზა ჯდება 200 დოლარამდე. ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გადაიხდის, ოჯახებსაც ამის შეძენა უჭირთ… ჩვენს სააფთიაქო ქსელში მაღალი ხარისხის ფსიქოტროპული მედიკამენტები საერთოდ არ შემოდის,“ – გვითხრა ეკა ჭყონიამ

„თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კადრების დეფიციტსა და არასაკმარის კვალიფიკაციას, გარკვეულ კითხვებს იწვევს, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობენ გუნდები; რამდენად პასუხობს პირის ფსიქო-სოციალურ საჭიროებებს, რამდენად კოორდინირებული და ინტეგრირებულია სხვა მომსახურებასთან და რამდენად დაკმაყოფილებულია პერსონალის
პროფესიული გადამზადების საჭიროებები. პროფესიონალთა აზრით, გუნდების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით რეკომენდებულ რაოდენობასთან თანხვედრაშია და შემდგომ ეტაპზე მომსახურების ხარისხისა და გუნდების პროფესიონალიზმის ამაღლებას უნდა დაეთმოს ყურადღება,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ კვლევაში „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“.

კიდევ ერთი რეკომენდაცია ამ კვლევიდან:

„მკაფიო პოლიტიკური ხედვის არარსებობისა და მწირი დაფინანსების შედეგია, რომ ქვეყანაში დღის ცენტრების, კლუბების, პროფესიული გადამზადების ცენტრების, სოციალური საწარმოების მწვავე დეფიციტია და არც შესაბამისი
პროფესიონალები არსებობენ. მრავალ ქვეყანაში მსგავსი ცენტრები ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც საშუალებას იძლევა, რომ გამოინახოს დამატებითი სახსრები და სერვისები ლოკალურ საჭიროებებს მოერგოს,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

ოპოზიცია ისევ სხდომას ითხოვს, „ოცნება“ ამბობს, რომ არ გამოვა – ბათუმის საკრებულო

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის ჩანიშვნას ისევ ითხოვს, „ოცნება“ კი ისევ ამბობს, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, „სხდომის ჩანიშვნის აზრს ვერ ვხედავთ“, ვიდრე მოლაპარაკებები და გარკვეული შეთანხმება არ მოხერხდება.

სხდომის ჩანიშვნას ამჯერად გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით დღეს საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შესაბამისი მოთხოვნა საკრებულოში უკვე დაარეგისტრირა.

აკაკი გვიანიძის თქმით, მოლაპარაკებების დაწყებას საკრებულოს დასაკომპლექტებლად დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

აკაკი გვიანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი

საკრებულოს სხდომის გამართვას კვორუმი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ სხდომას მინიმუმ საკრებულოს 18 წევრი უნდა დაესწროს. ჩაიშალა წინა ორი სხდომა, რომლის მოწვევაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა – სხდომაზე საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ არ მივიდნენ.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნება“ არ გამოცხადდა

„ჩვენ დესტრუქციულ ძალებთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ. იმისთვის, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს საკრებულომ, საჭიროა ავირჩიოთ თავმჯდომარე, მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეები, შეიკრიბოს ბიურო და დაიწყოს საკითხების ინიციირება და სხდომაზე გატანა. თავმჯდომარედ ოპოზიციის კანდიდატს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, ჩვენს გარეშე მაინც ვერ მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, დღეს ჩვენმა ხელმძღვანელებმა განაცხადა, რომ ალიანსი შედგა ნაციონალურ მოძრაობასა და გახარიას პარტიას შორის, არცერთი მათგანი ჩვენთან თანამშრომლობაზე არ მოდის. შესაბამისად, თუ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა წინასწარ არ იქნა შეთანხმებული, სხდომის ჩატარებას არანაირი აზრი არ ექნება“, – განაცხადა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თენგიზ აფხაზავამ ბრიფინგის შემდეგ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მათ წევრზე მოსყიდვის მიზნით ზეწოლა განხორციელდა. საუბარია ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდნენ – ენმ

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე ბათუმის ახალ საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. მისი გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში 14 წევრი ჰყავს, „ლელოს“ – ერთი, გახარიას პარტიას – ორი. საკრებულოში ერთი დამოუკიდებელი წევრია – გახარიას პარტიის მესამე წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ, არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.

„ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, რაც საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი არ არის. მიუხედავად ამისა, დღეს თენგიზ აფხაზავამ განაცხადა, რომ ოპოზიცია „ოცნების“ გარეშე საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევს. თეორიულად ეს შესაძლებელია ოპოზიციისა და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატის გაერთიანების შემთხვევაში. ვიცით, რომ ირაკლი თავდგირიძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არ სურს, მაგრამ როგორი იქნება მისი პოზიცია, თუ თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრს, ირაკლი კუპრაძეს დაასახელებენ?

თუ ირაკლი კუპრაძის კანდიდატურას დამოუკიდებელი წევრი მხარს დაუჭერს, მაშინ ოპოზიცია თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო 18 ხმის შეგროვებას შეძლებს.

ირაკლი თავდგირიძემ არ უპასუხა „ბათუმელების“ კითხავს, დაუჭერს თუ არა მხარს ირაკლი კუპრაძეს საკრებულოს თავმჯდომარედ. „ეს გამოჩნდება, ვნახოთ“, – გვითხრა მან საკრებულოს პირველ სხდომაზე, გასული წლის 3 დეკემბერს.

ოპოზიცია მას განიხილავს, როგორც „ოცნების“ მხარდამჭერს, მისი ყოფილი თანაპარტიელები კი აცხადებენ, რომ ის გაიყიდა.

„გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ – გახარიას პარტია ბათუმში გუნდის ყოფილ წევრზე

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საკრებულო სხდომებს ვერ მართავს, ქართული ოცნების ფრაქციის თანამდებობის პირები – თავმჯდომარე და მისი 5 მოადგილე ხელფასებს იღებენ.

შავი ზღვის ორაგული აჭარაში „ხელვაჩაური 1“ ჰესის გამო გაქრა – რა ელის სხვა სახეობებს

შავი ზღვის ორაგული მხოლოდ შავი ზღვის აუზში გავრცელებული თევზის ენდემური სახეობაა, მსოფლიო იქთიოლოგებმა ის დამოუკიდებელ სახეობად გამოყვეს და მისი ლათინური სახელწოდებაა Salmo labrax. შავი ზღვის აუზის გარდა სხვაგან არსად გვხვდება თევზის ეს სახეობა. საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში შავი ზღვის ორაგული აფხაზეთის გარდა ყველგან გაქრა.

მისი წონა 16, 20 კილოგრამს აღწევს და ძვირფას თევზად მიიჩნევა. შავი ზღვის ორაგული დღეისათვის შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის მიერ წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.

შესულია ასევე საქართველოს წითელ ნუსხაშიც.

იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის ორაგულის გავრცელების ისტორიულ არეალზე, ამ სახეობის თავისებურებებზე, საქართველოში, აჭარისწყლის აუზში, მისი გაქრობის ძირითად მიზეზებზე საუბრობს.

  • საქართველოს გარდა შავი ზღვის რომელ ქვეყნებში ბინადრობს შავი ზღვის ორაგული?

ისტორიულად ეს სახეობა გავრცელებული იყო შავი ზღვის ყველა ქვეყანაში, გვხვდებოდა რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთსა და საქართველოში, მაგრამ მისი გავრცელების ძირითადი არეალი იყო შავი ზღვის კავკასიის სანაპირო, რუსეთის ფედერაციის ნაწილი და ყირიმის ნახევარკუნძული, ეს იყო მისი ძირითადი გავრცელების არეალი, თუმცა შედიოდა დუნაიში, ბულგარეთისა და თურქეთის მდინარეებში.

შავი ზღვის ორაგულის მნიშვნელოვანი სატოფო და საქვირითო მდინარეები  იყო საქართველოს მდინარეები, კერძოდ, კოდორი – სადაც შემორჩენილი იყო ყველაზე დიდი პოპულაცია მთელ შავ ზღვაში, შემდგომ იყო ბზიფი და რუსეთის კავკასიის მდინარეები, როგორიცაა: ბზითა და ფსოუ – მოსაზღვრე მდინარე საქართველოს და რუსეთს შორის.

ამ მდინარეების შემდეგ შავი ზღვის ორაგულის გავრცელების ყველაზე დიდი არეალი იყო აჭარის მდინარეები – აჭარისწყლის აუზი, მაჭახელა და კინტრიში, ასევე ენგურის ერთ-ერთი შენაკადი, თურქეთის მდინარეები. დიდი პოპულაცია იყო წარმოდგენილი ასევე კოდორში.

30-იან წლებში და უფრო ადრეც რამდენიმე ტონა ორაგულს მოიპოვებდნენ მხოლოდ საზღვაო რეწვით. შემდეგ ვითარება შეიცვალა და სახეობის რაოდენობა შემცირდა არაკანონიერი რეწვისა და მდინარეთა სახეცვლილებების გამო.

  • როგორია თევზის ამ სახეობის ახლანდელი მდგომარეობა, სად გვხვდება და სად აღარ?

ამ სახეობის გავრცელების არეალი ახლა მხოლოდ კავკასიის ნაპირებთანაა შემორჩენილი. ყირიმში, რუმინეთში, ბულგარეთში აღარ გვხვდება. თურქეთის ნაპირებთანაც ძალიან გაიშვიათებულია.

ბუნებრივი პოპულაცია, სუფთა ხაზის შავი ზღვის ორაგული, რომელიც მიგრირებს მდინარეებში და იქვე ქვირითობს, შემორჩენილია მხოლოდ საქართველოს ნაპირებთან, აფხაზეთში: მდინარე კოდორსა და ბზიფში.

ასევე შემორჩენილი იყო სხვა მდინარეებშიც: მაჭახელში, კინტრიშსა და ენგურის შენაკად მაგანაში. სხვაგანაც ერთეული ეგზემპლარები გვხვდებოდა, მაგრამ ძირითადი საქვირითეები იყო საქართველოს ზემოთ ხსენებულ სამ მდინარეში. მცირე რაოდენობით იყო შავი ზღვის ორაგული გუბაზოულში, აჭისწყალში, ხობში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მდინარეში, გარდა აფხაზეთის მდინარეებისა, შავი ზღვის ორაგული დავკარგეთ, გეტყვით როგორ:

მაგანაში შავი ზღვის ორაგული დაიკარგა ენგურჰესის აგების შემდეგ, რადგან ენგურის წყლის 90% და მეტი სადერივაციოდ გამოიყენეს. მდინარე ენგურის ქვედა წელი გაუწყლოებულია და სანამ მაგანის შესართავამდე მივა, შავი ზღვის ორაგულმა ორი წყლის გამანაწილებელი დამბა უნდა გადალახოს. ეს შეუძლებელია.

მდინარე კინტრიშში ძალიან უცნაურად გაქრა თევზის ეს სახეობა. კინტრიში ზღვას უერთდება ჭალანდრის შენაკადის მეშვეობით. მან პირდაპირი კონტაქტი ზღვასთან დაკარგა, რამაც თევზს გზა გაურთულა. 10 წელზე მეტია ვეღარ შედის თავის საქვირითე მდინარეში შავი ზღვის ორაგული და კინტრიშში შესაბამისად აღარაა ეს სახეობა.

შავი ზღვის ორაგულზე ბოლო კვლევა სწორედ მდინარე კინტრიშზე გვქონდა 2016-2017 წლებში. დიდი სამუშაო ჩავატარეთ, მაგრამ ამ სახეობის სუფთა ხაზის ვერცერთი ეგზემპლარი ვერ ვიპოვეთ.

მდინარე მაჭახელაზეც სამწუხარო რამ მოხდა: აშენდა მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგური „ხელვაჩაური 1“ , ე.წ. ერგეს კაშხალი. თევზსავალი ამ კაშხალს არ აქვს. სამინისტრომ მათ ექსპლუატაციის ნება დართო თევზსავალის გარეშე, რაც უდიდესი შეცდომა იყო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) გაცნობის გარეშეც ვიზუალურად ჩანს, რომ ამ კაშხალს არ აქვს თევზსავალი. კვლევაც არაა საჭირო, ნახავთ, რომ იქ წყალი არ გადმოდის არსაიდან. უნდა იყოს კაშხალზე მოწყობილი კიბისებური არხი და ამ არხზე უნდა გადმოდიოდეს წყალი, რომელიც უნდა უერთდებოდეს მდინარეს – თევზმა იქ ასვლა უნდა შეძლოს. სამინისტრომ არაკომპეტენტური დასკვნა გასცა და მისცა ჰესს ექსპლუატაციაში შესვლის უფლება თევზსავალის გარეშე, ეს მავნებლობაა.

არც „ხელვაჩაურიჰესი 2“-ს არ აქვს თევზსავალი. ეს ჰესები აწარმოებენ თითქოს მონიტორინგს მაჭახელას აუზში და მათი კვლევებით თითქოს არც ყოფილა ორაგული ამ მდინარეში არასდროს, შესაბამისად, არ არის საჭირო თევზსავალიო. სხვა გამსვლელი თევზებიც გვყავდა ჩვენ, მაგრამ დავივიწყეთ. ამ ჰესების გაყალბებული მონიტორინგი აჩვენებს, რომ თითქოს ჰესს არანაირი გავლენა არ აქვს გარემოზე და ყველაფერი კარგად არის.

ეს ჰესი აგრძელებს მონიტორინგის გაყალბებას. ის, რომ დღეს მაჭახელში დაიკარგა შავი ზღვის ორაგული, მთლიანად ამ ჰესის მეპატრონეების და იმ ჩინოვნიკების პასუხისმგებლობაა, ვინც ინვესტორებს ამგვარი მავნებლობის ნება დართო. დარწმუნებული ვარ, ქვეყანას რომ სწორი დამოკიდებულება ჰქონოდა ბიომრავალფეროვნების მიმართ და ეს პრიორიტეტი ყოფილიყო,  ინვესტორი დაჰყვებოდა სახელმწიფოს მითითებებს და რეკომენდაციებს.

  • წლების წინ, როცა ამ ჰესზე თევზსავალის გარეშე აშენების ნებართვა გაიცა, აფრთხილებდნენ თუ არა იქთიოლოგები სამინისტროს სახეობის გადაშენების საფრთხის შესახებ?  

აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ საკითხის განხილვას წლების წინ რემდენჯერმე დავესწარი. 2012, 2013 და 2014  წლებში, მიმიწვიეს როგორც ექსპერტი – სპეციალისტი, იქთიოლოგი და ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ თავმჯდომარე. ძალიან მწვავე კამათი გვქონდა, ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა საქმე გზშ-ების განხილვისას.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ დროს ავთო ბერიძე იყო. კატეგორიულად მოვითხოვდით ჩაეწერათ გზშ-ში, რომ თევზსავალის არსებობა გარდაუვალი აუცილებლობა იყო. ჩემი პოზიცია იყო მკვეთრი და მწვავე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჰესის მშენებლობის ნებართვა გაიცა ისე, რომ თევზსავალის მოწყობა მათთვის არავის დაუვალებია.

  • თევზის კიდევ რა სახეობებია გავრცელებული აჭარისწყლის აუზში, რასაც ჰესზე თევზსავალის არარსებობა უშლის ხელს?

მაგალითად, ბათუმური შამაია, რიგი მტკნარი წყლის თევზები, რომლებსაც აქვთ ლოკალური ტრანსლოკაციები. რაღაც პერიოდში ეს თევზები მდინარის ქვემო წელისკენ მიისწრაფვიან, მერე კი მიემართებიან ზევით, რადგან კობრისებრთა სატოფოები ყოველთვის მდინარის შუა და ზემო წელშია.

ამ ჰესის ბლოკირებით მთლიანად მოხდა თევზების საარსებო არეალის ფრაგმენტაცია და იქ კობრისებრთა თევზებმაც დაკარგეს საქვირითო გრუნტები. ეს მათ პოპულაციურ სტატუსზე ძალიან ნეგატიურად აისახება და უკვე აისახა კიდეც.

იქ იყო არაერთი სახეობა: კეფალისებრი თევზები, ღორჯოსებრები, ბათუმური შამაია ქედამდე ადიოდა და მახუნცეთამდეც კი აღწევდა. დაიკარგა ეს ყველაფერი.

უნდა აღვნიშნოთ, ასევე, რომ 50-იან წლებში აშენდა აჭარისწყლის ჰესი მახუნცეთთან – აწჰესი და არც ამ ჰესს აქვს თევზსავალი. ამანაც მოახდინა ნეგატიური გავლენა შავი ზღვის ორაგულის სტატუსის გაუარესებაში. ეს ნიშნავს, რომ ზემო აჭარაში საერთოდ გაქრა.

2013-2014 წელს ჩავატარეთ დიდი, კომპლექსური კვლევა აჭარისწყლის მთელ აუზში, ყველა შენაკადში ვიყავით, მხოლოდ რამდენიმე შავი ზღვის ორაგული ვიპოვეთ ამ 10 წლის განმავლობაში. ერთეული შემთხვევები, როცა ამ სახეობის დაჭერა მოხერხდა, დაკავშირებული იყო შემთხვევითობასთან: წყალმოვარდნების დროს ჰესებზე წყალი გადადის და ორაგული ამ დროს უიშვიათესად ახერხებს აღმართის დაძლევას, მაგრამ „ხელვაჩაური 1“ ჰესის აშენების შემდეგ ესეც შეუძლებელია, ჰესმა გზა ჩაკეტა.

შავი ზღვის ორაგულისთვის განსაკუთრებული მდინარე იყო მაჭახელი. დღეს აქ ორაგული არ ქვირითობს. 2000-იანი წლების დასაწყისში აქ ჩატარდა რამდენიმე კვლევა. ამ კვლევებში მეც ვმონაწილეობდი და მაშინ აღვრიცხავდით ორაგულის ბორცვებს, იგივე სატოპოებს. ეს თევზი თხრის ქვიშას, აკეთებს ბუდეებს, ყრის შიგ ქვირითს და შემდეგ განაყოფიერებულ ქვირითს ასევე ქვიშით ფარავს. წარმოიქმნება მცირე ზომის ბორცვები, რაც შავი ზღვის ორაგულის ბუდეა.

ასეთ ბორცვებს აღვნუსხავდით მდინარე მაჭახელში და ჭერის არაერთი შემთხვევა იყო, ჩვენც სამეცნიერო ჭერის ფარგლებში არაერთი დავიჭირეთ, მოვამზადეთ ფოტომასალაც. დღეს აღარ ვხვდებით ამ სახეობას, რადგან მათთვის გადაულახავ ბარიერად დგას „ხელვაჩაური 1“ ჰესი. არც „ხელვაჩაური 2“  ჰესი არ არის თევზსავალით აღჭურვილი. ამ ჰესმა შავი ზღვის ორაგულის ბიოკონსერვაციული სტატუსი  მთლიანად გაანულა.

  • ქვიშა-ხრეშის მოპოვება რა გავლენას ახდენს თევზის სხვადასხვა სახეობაზე?

ძალიან ცუდად მოქმედებს იქთიოფაუნაზე. ტრაქტორს ფსკერიდან ამოაქვს ქვიშა-ხრეში. მდინარის ფსკერი კი ძალიან მნიშვნელოვანი ბიოტოპია. იქ არის უამრავი ფსკერული მაკრო და მიკროუხერხემლოები, პერიფიტონი, ესაა წყალმცენარეები და იქ შექმნილი მცირე ზომის ბიოტოპები, თევზის ქვირითი, თევზის ახალმოზარდები, ლავრები, ლიფსიტები და ა.შ.

ფსკერი მდინარისთვის არის მთავარი ბიოცენოზი, ქვიშა-ხრეშის მოპოვებისას ამ ყველაფრის განადგურება პირდაპირი წესით ხდება. იქმნება ხმაურის ფარდა, წყალში ეს ხმაური უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ხმელეთზე, რაც ზღუდავს თევზების ტოფობას, გადაადგილებას, აკუსტიკურ ფონს თევზები განერიდებიან, მათთვის ეს საფრთხის სიგნალია.

მდინარის ნაპირებზე არის სამტვრევები, ეს დამღუპველია თევზებისთვის, რეკომენდაციით ამის შესუნთქვაც არ შეიძლება, ეს არის წახნაგოვანი მიკრონაწილაკები. თუ ეს ილექება ფსკერზე ან ჩაედინება მდინარეში, ნეგატიური გავლენა აქვს იქთიოფაუნაზე, რისი მასშტაბები არც კი არის შესწავლილი. ეს აზიანებს ქვირითს, თევზების მხედველობას, სუნთქვის ორგანოებს, ლაყუჩებს და დანაკარგიც დიდია.

მასშტაბები რომ განსაზღვროთ, საკმარისია გაიაროთ ბათუმიდან შუახევამდე გზა და ნახოთ, რამდენი კარიერია მოწყობილი, რა რაოდენობით ინერტულ მასალას იღებენ ფსკერიდან, რამდენი სამსხვრევია მდინარეზე. წესით, სამსხვრევი მდინარისგან მაქსიმალურად უნდა იყოს დაშორებული, უნდა იყოს მოწყობილი სადრენაჟე არხი, ტრანშეა და აქ უნდა ილექებოდეს მსხვრევის შედეგად წარმოქმნილი მტვერი.

იზრდება და იზრდება ქვიშა-ხრეშის მდინარიდან ამომღებთა რიცხვი.

  • თუ იყო შემთხვევები, როცა, ვთქვათ, ჰესს არ ჰქონდა თევზსავალი და მერე გაუკეთეს?

გასულ წელს ვატარებდით „აჭარისწყალი ჯორჯიას” თევზსავალის მონიტორინგს. ეს იყო ჩირუხის დამბა, ჩავიტანეთ აპარატურა, დავიწყეთ კვლევა, ვიჭერდით თევზებს, ვღებავდით აკრილით, რომ შეგვესწავლა თევზის მოძრაობა.

აღმოჩნდა, რომ  ჩვენგან მაღლა არის ჩირუხის ანალიაჰესი, ზუსტად 50 მეტრში, რომელსაც თევზსავალი არ აქვს. ანუ ჩირუხზე თევზი ადიოდა, მაგრამ იმის იქეთ ვეღარ გადადიოდა. მერე ანალიაჰესზე დაიწყეს თევზსავალის გაკეთება – პროექტი იყო გამოცხადებული ამაზე და მუშაობდნენ. გააკეთეს თუ არა, ჯერჯერობით არ ვიცი.

  • რატომ არიდებენ თავს ჰესები თევზსავალის გაკეთებას, ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული?

არა, მარტივი კონსტრუქციაა და ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ თევზსავალში უნდა იმოძრაოს წყალმა, რომ თევზი გადაადგილდეს, წყალი გენერაციის წყაროა, ტურბინა წყლით ბრუნავს და ჰესის მეპატრონე თევზსავალის ნაცვლად ამ წყალს ტურბინაში უშვებს მოგების გაზრდის მიზნით. თევზსავალზე გადასული წყალი ტურბინას ვეღარ გაივლის და ენერგიის გამოსამუშავებლად ვეღარ გამოიყენება. არადა, წყლის ეს რაოდენობა წარმადობის დიდ ზრდას არ იწვევს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავი ზღვის უნიკალური ორაგული, ისტორიული ქართული სახეობა, რომელმაც ეთნოგრაფიაშიც კი შეაღწია, იკონურ, საქართველოსთვის სიმბოლურ სახეობადაც კი იქცა, შეეწირა მერკანტილურ მოგებას.

  • შავი ზღვის ორაგულის აჭარისწყლის ხეობაში დაბრუნების მცირე შესაძლებლობა მაინც არსებობს?  

საქართველოში ყველგან გაქრა გარდა აფხაზეთისა. თუ შეიცვლება გარემოსდაცვითი დამოკიდებულებები და იქნება ეს პრიორიტეტი, იქნებ ჩატარდეს მაჭახლის ხეობაში ობიექტური კვლევა, რომელიც გამოავლენს, რომ აქ ორაგული მოძრაობს და აუცილებელია თევზსავალის მოწყობა – რომ მერე აჭარისწყლის მთელ აუზში დაბრუნდეს სახეობა.

შეიძლება ჰესის მეპატრონეებიც დაფიქრდნენ ამაზე და თევზსავალი გააკეთონ, მაგრამ რამდენად რეალურია საკმაოდ დიდ მოქმედ ჰესზე თევზსავალის გაკეთება, ტექნიკოსების გადასაწყვეტია. ამას ინჟინრების შეფასება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ჰესს ოდესმე მოსთხოვს საქართველოს სახელმწიფო თევზსავალის გაკეთებას, დარწმუნებული ვარ, ეს დრო მოვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან კომპეტენცია აკლია და ვერ აანალიზებს ზიანს, ან თვალებს ხუჭავს ამ ყველაფერზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ახდენს სამინისტრო, ეკოლოგიური ექსპერტიზის შეფასებას იძლევა სამინისტრო, სამინისტროს შეუძლია ნებისმიერი მოთხოვნა ჩაუწეროს ეკოლოგიური ექსპერიზის დასკვნაში ინვესტორს და დააავალდებულოს, რომ სახეობის დაცვის მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, სამინისტროს ამის ბერკეტი აქვს.

თუ სადმე ვხვდებით ორაგულს შავ ზღვაში, ეს არ არის სუფთა ხაზის შავი ზღვის ორაგული. ეს არის ან ფერმებიდან გაპარული სხვადასხვა ფორმა, ან მდინარიდან შესული კალმახი, რომელიც ზღვაში გაორაგულდა. სუფთა ხაზის შავი ზღვის ორაგული აფხაზეთის გარდა საქართველოში აღარსად გვხვდება.

___

მთავარი ფოტო: 2010 წელი. არჩილი გუჩმანიძეს თევზის ბაზრობიდან აცნობეს, რომ დაიჭირეს შავი ზღვის ორაგული. გადამოწმების შედეგად გაირკვა, თევზი ნამდვილად შავი ზღვის ორაგული იყო.

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩის ნაწილი 2 თვეა ჩაბნელებულია – რას ამბობენ მერიაში

დაახლოებით ორი თვეა, რაც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის უმეტეს ნაწილზე გარეგანათება არ მუშაობს. ღამით ჩაბნელებულ ქუჩაზე გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური გახდა უამინდობის დროს, როგორც მძღოლებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში გარეგანათებების დაზიანებული ნათურებისა თუ სხვა ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამიტომ ზუსტი თარიღი, თუ როდის აღდგება ლერმონტოვის ქუჩაზე განათება, უცნობია.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი – 2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გარეგანათების მოვლაზე – 2021 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 2022 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და 6 იანვარს დასრულდა.

იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გარეგანათების მოვლისთვის ბათუმის მერიას ნახევარი მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აჭარგანათებაა“. წესით, კომპანიას თანხა ფაქტობრივად გაწეული სამუშაოს მიხედვით უნდა გადაუხადონ.

„აჭარგანათებასთან“ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გამოდარების შემდეგ შეუდგება.

„როგორც კი ამინდი საშუალებას მოგვცემს, რომ შრომის უსაფრთხოების წესები დავიცვათ და ისე ვიმუშაოთ, იმ წამსვე დავიწყებთ ქალაქის მასშტაბით ყველა გათიშული და დაზიანებული ქუჩის განათების აღდგენას. ცხადია, რაც შედის ჩვენს კომპეტენციაში და გათვალისწინებულია ხელშეკრულებით“ – გვითხრეს  კომპანიაში.

„აჭარგანათებაში“ ასევე გვითხრეს, რომ ლერმონტოვის ქუჩის დიდ მონაკვეთზე გარეგანათების ხანგრძლივი გათიშვის მიზეზი ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა.

ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთი

ვრცლად ამ თემაზე: ბათუმის გარეგანათებისთვის 29 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი 6 წლით

თოვლიანი ბათუმი | ფოტორეპორტაჟი

დღეს, 20 იანვარს, ბათუმში დილიდან თოვს. თოვლიანი ამინდი ბათუმში კიდევ ერთ დღეს შენარჩუნდება, შაბათ-კვირას კი გამოიდარებს.

თოვლიანი ბათუმი, 20 იანვარი. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
დათოვლილი „მედეა“ ევროპის მოედანზე. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
მემედ აბაშიძის ქუჩა თოვლის დროს. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
ძაღლი თოვლიან პლაჟზე ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
ყვავები თოვლში. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
დათოვლილი პლაჟი. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
„ბათუმური ყავა“ და თოვლი.
თოვლიანი სანაოსნო. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
ტურისტები თოვლიან ბათუმში
მემედ აბაშიძის ქუჩაზე დათოვლილი ციტრუსის ხეები. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
თოვლის ბაბუა დათოვლილ ბულვარში

ქობულეთის შემოვლით გზაზე შეზღუდვებია

ქობულეთის შემოვლით გზაზე თოვლის გამო პერიოდულად საცობები იქმნება. გზაზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვებია დაწესებული.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  ქობულეთის შემოვლით  საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“

ქობულეთის შემოვლითი გზა / 20.01.2022
ქობულეთის შემოვლითი გზა / 20.01.2022

აჭარის სანაპირო ზოლში დღეს, 20 იანვარს, დილიდან ინტენსიურად თოვს:

როგორი ამინდი იქნება ბათუმში დღეს და ხვალ

 

რაში დახარჯავს 12 მილიონ ლარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით“ 2022 წელს სხვადასხვა აქტივობას გეგმავს, რაშიც 12 მილიონამდე ლარს, ტენდერის გარეშე დახარჯავს.

ადმინისტრაციის განცხადებით, ძირითადი პრიორიტეტი საერთაშორისო ბაზრებსა და შიდა ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა იქნება.

„ადმინისტრაცია გეგმავს საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებას, საქართველოს კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებას, მიზნობრივ ქვეყნებში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას, პრეზენტაციების გამართვასა და, ზოგადად, სხვადახვა სახის საპრომოციო/საინფორმაციო აქტივობების განხორციელებას; ყოველივე ზემოაღნიშნული მოითხოვს სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შეძენას, კერძოდ:

  • საერთაშორისო გამოფენები – 800 000 ლარი
  • სატრენინგო მომსახურება – 300 000 ლარი
  • ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება – 16 000 ლარი
  • მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში – 34 000 ლარი
  • სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები – 375 000 ლარი
  • სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება – 100 000 ლარი
  • საქართველოს საპრომოციო სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (ინტერნეტ რეკლამა, რადიო, კინოთეატრები, ბეჭდვითი რეკლამა, გარე რეკლამა და სხვა) – 4 880 000 ლარი;
  • ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება – 5 000 ლარი
  • სახელოვნებო მომსახურებები მიზნობრივ ბაზრებზე – 57 200 ლარი
  • სარეკლამო კლიპების გადაღება – 300 000 ლარი;
  • მარკეტინგულ და პიარ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები – 5 000 000 ლარი;
  • ტვირთის გადაზიდვა – 50 000 ლარი
  • სასერვერო მომსახურების შეძენა/ინტერნეტ დამხმარე პროდუქტების ან სერვისების შეძენა, CDN ინფორმაციის მიწოდების ქსელის მომსახურება – 20 000 ლარი
  • ადმინისტრაციული მომსახურების შესყიდვა – 50 000 ლარი“.
საერთაშორისო გამოფენები 2022 წელს, რომლებზეც საქართველო იქნება წარმოდგენილი / წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს, რომლის სავარაუდო ჯამური ღირებულება 11 987 200 ლარია, ტენდერის გარეშე შეისყიდიან, ვინაიდან, როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია აცხადებს:

  • „მსოფლიში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დინამიკურად ცვალებადი ეპიდვითარების პირობებში, საქართველოს შესახებ კომპლექსური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების და კვლევის განხორციელებისათვის აუცილებელი საქონელისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების ვადები და მოცულობა წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს ატარებს;
  • აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო კომპანიებს, საკუთარი, ერთმანეთისაგან განსხვავებული და მკაცრად გაწერილი რეგულაციები გააჩნიათ და ისინი ძირითად შემთხვევაში თავად განსაზღვრავენ რეკლამის/პრომოციის დროს, ტექნიკურ თუ ვიზუალურ მოთხოვნებს, მათ შორის ანგარიშსწორების პირობებსა და ვადებს, რაც ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციისათვის ცნობილი ხდება უშუალოდ ზემოხსენებული სარეკლამო და მარკეტინგული კაპანიების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე.
  • ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნების ფარგლებში, უცხოური კომპანიებისთვის გართულებულია ტენდერში მონაწილეობა.
  • ამასთანავე, ბევრ ბარიერსა და სირთულეს უკავშირდება იმ სახის მომსახურებების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება, რომლებიც მოიცავს კრეატიულ და ინტელექტუალურ კონტრიბუციას.
  • ასევე, რიგ შემთხვევებში, მიმწოდებელები, მათ შორის უცხოური მიმწოდებელი კომპანიები და ფიზიკური პირები წინასწარ ითხოვენ მომსახურების საფასურის ჩარიცხვას, მათი მხრიდან კი საბანკო გარანტიის წარდგენა გრძელვადიან პროცედურასთან არის დაკავშირებული“.

მიუხედავად ამისა „გამარტივებული შესყიდვის კონკურენტული წესით განხორციელების მიზნით ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც 100 000 ლარის და მის ზემოთ ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, მიმწოდებლის არჩევისას თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდებს ისეთ მონაცემებს როგორიცაა დაბალი ფასი, მიმწოდებლის რეპუტაცია, ხარისხი, იდეა, ინოვაცია, გამოცდილება და ა.შ.“- აცხადებს ადმინისტრაცია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მანძილზე კონკრეტულად სოციალურ ქსელ Facebook-ზე განთავსებული პოსტების რეკლამირებისთვის [დასპონსორებაში] 300 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს:

ტურიზმის ადმინისტრაცია Facebook-ზე რეკლამაში წელს 300 ათას ლარს დახარჯავს

როგორი ამინდი იქნება ბათუმში დღეს და ხვალ

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 20 იანვარს, ბათუმში თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, მცირე თოვაა მოსალოდნელი ღამითაც.

ხვალ, 21 იანვარს, ბათუმში ძირითადად მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით – 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით 5 – 10 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10  – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში შაბათ-კვირას, 22-23 იანვარს, გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

აჭარაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, 20 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 612 პაციენტი, მათ შორის, 133 მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 48 პაციენტი.

აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 554 პაციენტი, საკარანტინე სივრცეშია 6 ადამიანი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი/20.01.2022
Exit mobile version