Batumelebi | „გეფიცებით თოხებით მივუვარდებით მერს, თუ აქ ვინმეს რამე მოუვა“ – აგარაში 11 ოჯახს ზვავის ეშინია „გეფიცებით თოხებით მივუვარდებით მერს, თუ აქ ვინმეს რამე მოუვა“ – აგარაში 11 ოჯახს ზვავის ეშინია – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„გეფიცებით თოხებით მივუვარდებით მერს, თუ აქ ვინმეს რამე მოუვა“ – აგარაში 11 ოჯახს ზვავის ეშინია

ქედაში, სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ სოფელში 11 ოჯახი ზვავსაშიშ ზონაში. აქ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზა და არც ელექტროენერგია მიეწოდებათ. „აქ სახლები მეწყრული პროცესების გამოც დაბზარულია და ყოველდღე შეიძლება მოვლენები ცუდად განვითარდეს“, – მოსწერეს „ბათუმელებს“ სოფლიდან.

სოფელში გვიყვებიან, რომ ზვავსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსი 3 წლის წინ ააშენეს, თუმცა მთავრობა ოჯახების გადაყვანა ამ დრომდე ვერ უზრუნველყო.

აქ მცხოვრებთა თქმით, სოფელში ორმეტრზე დიდი თოვლია. მათივე ინფორმაციით, სოფლის მეწყერსაშიშროების მაღალ რისკზე 6 წელია გეოლოგიური დასკვნაც არსებობს, სწორედ ამის საფუძველზე 3 წლის წინ აშენდა კორპუსი სოფლის დასაწყისში.

„ირაკლი ღარიბაშვილი პირველად რომ პრემიერად დაინიშნა, იმ წელს მოხდა მეწყერი და თვითონაც ჩამოსული იყო აქ. შემდეგ დაიწყო საცხოვრისის მშენებლობა. სამი წელია, რაც დასრულდა შენობა. ჯერ გვითხრეს, რომ წყალი არ არისო. ჩვენ, მოსახლეობამ გავაკეთეთ ჭაბურღილი და ჩვენი ხარჯებით მოვიყვანეთ. ამის მიუხედავად, შენობა მაინც ცარიელი დგას და არ გვიშვებენ“, – გვეუბნება სოფლის მკვიდრი რაულ თებიძე.

მისი თქმით, საცხოვრებელი ბინები გარემონტებულია, თუმცა ოჯახები მაინც საშიშ ზონაში დატოვეს.

„სამი წელია ბინების გადმოცემას ვითხოვთ. ხალხი რეკავს მერიაში, დახმარებას ითხოვს, სახლებს საძირკველი დახეთქილი აქვს, არ იცხოვრება.

თოვლის გამო ერთი კვირაა გზა ჩაკეტილია, წამლები სჭირდებათ ჩემი ოჯახის წევრებს და სოფელში ვერ ავედი. შვიდი კილომეტრია შემოსავლელი გზა – ერთი სოფლიდან მეორეში უნდა გადახვიდე და იქაც არ არის გზა.

გასულ წელს საშინელი გზების გამო ახალგაზრდა მასწავლებელი გადავარდა და დაიღუპა. თავის დროზე რომ გადმოეცათ ბინები, ცუდ გზაზე არ მოუწევდა გავლა და სიცოცხლეც გადარჩებოდა“, – ამბობს რაულ თებიძე.

ის ქედის მერს, როლანდ ბერიძესაც შეხვდა ამ საკითხზე.

„აქ რომ რომელიმე მოსახლეს რამე მოუვიდეს, გეფიცებით თოხებით თუ არ მიუვარდეთ მაგას (მერს). პრობლემის მოგვარებაში არ გვეხმარება, არ ვიცი რა უნდა. იძახის მოკვლევა უნდაო. რა უნდა მოიკვლიოს, ყველა მოკვლევა და დასკვნა დევს.

შვიდი წელი შენდებოდა ეს საცხოვრებელი და მაშინ ვერ იკვლიეს რამე თუ იყო მოსაკვლევი? 11 ოჯახი ვართ საშიშ ზონაში, სახლები არის დაბზარული. არ შეიძლება იქ ცხოვრება.

6 ათასი ლარი მარტო ჭაბურღილის გაკეთება დაგვიჯდა. ვეუბნებით, რომ არაფერს ვითხოვთ, რაც გასაკეთებელი იქნება, ისევ ჩვენ გავაკეთებთ, ოღონდ დროულად გადმოგვცენ საცხოვრებელი“, – ამბობს რაულ თებიძე.

„ბათუმელები“ ამ სოფელში კიდევ ერთ მოქალაქეს, აბესალომ თებიძესაც ესაუბა. „2020 წლისთვის უნდა ჩაბარებულიყო ეს საცხოვრისი, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი, როდის გადაგვიყვანენ კორპუსში. წყალი ჩვენი ხარჯით მოვიყვანეთ, ყოფილმა მერმა კარგი საქმე გაგიკეთებიათო – გვითხრა, მაგრამ არჩევნებამდე რომ დაგირიგოთ, მოსყიდვაში ჩაგვეთვლება და არჩევნების შემდეგ გადაგიყვანთო. დამთავრდა არჩევნები და არც ახლა გვაქცევენ ყურადღებას“, – გვეუბნება აბესალომ თებიძე.

მისი თქმით, სახლი სადაც ცხოვრობს, დაბზარულია და საცხოვრებლად სახიფათო.

„საშიშია აქ ცხოვრება. არავინ იცის, როდის შეიძლება ჩამოიშალოს. საძირკველს ბზარები აქვს, შიგნით შენობაშიც კედლები დაბზარულია. ოთხი ადამიანი ვცხოვრობთ. თუ ისევ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, ღარიბაშვილთან ჩავალთ“, – ამბობს თებიძე.

„ბათუმელებმა“ ქედის მერს, რონალდ ბერიძეს ჰკითხა, რატომ ვერ მოხერხდა მეწყერსაშიში ზონიდან მოსახლეობის ახალ საცხოვრისში გადაყვანა.

მერის თქმით, ბინებთან დაკავშირებით კომისიამ 2021 წლის მაისში დაიწყო მუშაობა, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

„20 ბინაა კორპუსში სულ, 18 ოჯახი უკვე შერჩეულია, დარჩა ორი ოჯახი შესარჩევი. ნაწილობრივ არ ვაპირებთ ოჯახების შეყვანას. მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და 20-ივე ოჯახს ბინა გადაეცემა ერთობლივად“.

კითხვაზე, დაახლოებით რა დროში მოხდება ეს, მერი ამბობს, რომ თოვლი რომ არ მოსულიყო, ბინების გადაცემა დასრულებული იქნებოდა.

„თოვლმა შეგვიშალა ხელი, თორემ აქამდეც შეკრებილი ვიქნებოდით. ახლა მთელი ძალები გადართულია თოვლის გაწმენდაზე. იმედს ვიტოვებ, რომ თვის ბოლომდე კომისია მუშაობას დაასრულებს. შენობა დასრულებულია და ჩაბარებული“, – გვითხრა მერმა.

რაც შეეხება გზებს, მერის თქმით, სოფელ აგარას შიდა სასოფლო გზა გაწმენდილი არ არის, რადგან ჯერ ცენტრალურ გზებს წმენდენ თოვლისგან. „თუ გადაუდებელი მდგომარეობა აქვს ადამიანს ან სხვა პრობლემა, შევდივართ და გამოგვყავს“, – გვეუბნება მერი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com