რომელ სოფელში როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია – გრაფიკი

მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2022 წლის ივლის-აგვისტოში ხუთი მუნიციპალიტეტის 12 თემში და მათში შემავალ სოფლებში უნდა დაიწყოს.

2022 წლის ივლისში საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება:

  • დანდალოში, წონიარისში [ქედა]
  • დღვანში, უჩამბასა და ჭვანაში [შუახევი]
  • ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო]

2022 წლის აგვისტოში კი:

  • ბობოყვათსა და დაგვაში [ქობულეთი]
  • ახალშენში [ხელვაჩაური]

საკადასტრო აზომვითი სამუშაოები აჭარის სხვა თემებში/ სოფლებში 2023-2024 წლებში დაიწყება.

მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისთვის მიწის დარეგისტრირება უფასო იქნება, 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აჭარის ადმინისტრაციულ ერთეულებში
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების დრო

[highlight color=”red”]ქობულეთი[/highlight]

[highlight color=”red”]ხელვაჩაური[/highlight]

[highlight color=”red”]ქედა[/highlight]

[highlight color=”red”]შუახევი[/highlight]

[highlight color=”red”]ხულო[/highlight]

[checklist]

  • ქვეყნის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების დრო შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

[/checklist]

სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება საჯარო რეესტრს მიწის რეგისტრაციის მიზნით მიმართოს, თუმცა ამ შემთხვევაში რეგისტრაცია 2022 წლის იანვრიდან უკვე ფასიანია.

ამავე თემაზე:

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – მინისტრის ბრძანება

 

 

რას ნიშნავს ევროკავშირის თანხმობა განიხილოს საქართველოს მიმართვა გაწევრიანებაზე

ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს, სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ეს, განაცხადების შემდეგ, აპლიკაციების განხილვისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯია. პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

რა პროცედურები უნდა გაიაროს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანამ? – კითხვებს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე პასუხობს.

  • ბატონო ვანო, რომ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და რა პროცედურები რჩება ამის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მისაღებად?
ბევრი პროცედურაა დარჩენილი, მაგრამ ახლა, პირველი, რაც არის გასაკეთებელი, ევროკომისია, როგორც არის პროცედურით, საქართველოს ხელისუფლებას სტანდარტულად გადმოსცემს შეფასების კითხვარს, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, რამდენიმე ათასი კითხვისგან შედგება. კითხვარი აფასებს ქვეყნის მდგომარეობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეს არის პოლიტიკური მიმართულება – განსაკუთრებული აქცენტი არის პოლიტიკურ კრიტერიუმზე აღებული.
ადამიანის უფლებები, მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ძირითადი საკითხები, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღება ექნებათ გამახვილებული. მას შემდეგ, რაც საქართველო თვითშეფასებას მოამზადებს, ამ პროცესს სკრინინგი ჰქვია, შემდეგ უკვე ევროკომისია ჩაერთვება საქმეში – გადაამოწმებს ამ ინფორმაციას და დაიდება შეფასება, რამდენად უწევს ევროკომისია რეკომენდაციას ან არ უწევს საქართველოს. ალბათ, მოლდოვაზე და უკრაინაზეც იგივე გავრცელდება.
  • პროცესი რაიმე ტიპის რეკომენდაციებს ითვალისწინებს? 
შესაძლებელია იყოს ისიც, რომ ამ კითხვარის შეფასების შემდეგ კომისიას ჰქონდეს დამატებითი კითხვები საქართველოსთვის, გადმოსცეს ეს კითხვები და ამით შეაფასოს ჩვენი სიტუაცია. უარყოფითი რეკომენდაცია ნიშნავს იმას, რომ პირობითობა ჩაიდოს –  საქართველოს უთხრან, რომ გარკვეული მიმართულებები გამოასწოროს და ამის შემდეგ შეიძლება მიეცეს მას კანდიდატის სტატუსი.
  • დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში?
თუ იქნება დადებითი რეკომენდაცია, ამას შემდეგ კენჭს უყრიან წევრი ქვეყნები და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. კანდიდატობამდე ეს გზაა გასავლელი და შემდეგ კიდევ იწყება მოლაპარაკებების პროცესი. ამ წუთას ძირითადი  მიზანი არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
  • რა ვადა შეიძლება დასჭირდეს ამ ყველაფერს?
რთული სათქმელია. შემიძლია ბოსნიის მაგალითი მოგიყვანოთ, რომელმაც განაცხადი გააკეთა 2016 წლის თებერვალში, სექტემბერში მიიღო კითხვები და ორი წელი დასჭირდა პასუხების მომზადებისთვის, შემდეგ წარადგინა პასუხები. შემდეგ იყო კომისიის შეფასება, რომელიც იყო პირობითი. ბოსნიას დაევალა, გარკვეული მიმართულებებით  პროგრესი განახორციელოს, ამის შემდეგ კიდევ დაუბრუნდებიან ამ საკითხს და შეიძლება მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.
___

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი თავდაპირველად რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. განაცხადს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

როდესაც ანალოგიური მოთხოვნები საქართველოშიც გაისმა, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ემოციური აჟიოტაჟი“ იყო შექმნილი. თუმცა მცირე ხნის შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.

იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

საწყისი შენატანი 25 მილიონი დოლარი – სოროსი უკრაინის დემოკრატიის ფონდს ქმნის

„ღია საზოგადოების ფონდმა“ უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად „უკრაინის დემოკრატიის ფონდი“ დააფუძნა და საწყის შენატანად 25 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო.

„მოვუწოდებთ სხვა დამფინანსებლებს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დემოკრატიაზე თავდასხმის საპასუხოდ, შემოგვიერთდით უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.

ეს ინიციატივა ეფუძნება „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებულ საქმიანობას უფლებადამცველი ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფების მხარდასაჭერად.

ფონდის მიზანია მიმდინარე კრიზისისა და მისი გარდაუვალი ხანგრძლივი შედეგების გამო კერძო ფონდებთან, მსხვილ და წვრილ ფილანთროპებსა და კერძო სექტორთან ერთად შეაგროვოს 100 მილიონი ამერიკული დოლარი.

„ჩვენ გვაქვს ერთი მარტივი გზავნილი: არასდროს მივატოვებთ უკრაინას,“ – თქვა „ღია საზოგადოების ფონდის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ალექს სოროსმა. – სანამ პუტინი ცდილობს რუკიდან გააქროს ქვეყანა (უკრაინა), ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც უკრაინელი ხალხისთვის შეგვიძლია. მოვუწოდებთ სხვებს, გადმოდგან ნაბიჯი და შემოგვიერთდნენ “.

„ეს ღია საზოგადოებებისთვის გადამწყვეტი მომენტია. რასაც არ უნდა ამბობდეს კრემლი, ცხადია, რომ ის, რისიც პუტინს ეშინია, არის არა ნატო ან ბირთვული იარაღი, არამედ თავისუფალი და აყვავებული დემოკრატია მის კართან,“ – აღნიშნავს ფონდის პრეზიდენტი, მარკ მალოქ-ბრაუნი.

ფონდი მოემსახურება სამ მიზანს:

  • უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა: 1990 წლიდან დამოუკიდებელმა უკრაინულმა ორგანიზაციებმა ითამაშეს სასიცოცხლო როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში – კორუფციასთან ბრძოლით დაწყებული, დამოუკიდებელი მედიისა და მოქალაქეების უფლებების დაცვამდე. ეს ჯგუფები ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის საყრდენია. მიმდინარე კონფლიქტისა და მის შემდგომ პერიოდში ფონდი გააგრძელებს ამ საქმიანობის მხარდაჭერას, რომელიც ახლა უფრო კრიტიკულია, ვიდრე ოდესმე.
  • საერთაშორისო სოლიდარობა უკრაინას: ფონდი გაიღებს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ომის დანაშაულის შესახებ სანდო დოკუმენტების მოძიების მეშვებოთ საერთაშორისო პასუხისმგებლობის გასაძლიერებლად. ეს მოიცავს რესურსებს გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, ხელოვანებისა და მეცნიერებისთვის, ასევე, კვლევებსა და ადვოკატირებას იმ  ჯგუფებისთვის, რომლებიც საუბრობენ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე რეგიონში.
  • ადამიანური ღირსების დაცვა: დღეის მდგომარეობით, მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა უკრაინა. კიდევ უფრო მეტი იძულებული გახდა მიეტოვებინა საცხოვრებელი და გადაადგილებულიყო ქვეყნის შიგნით. მშვიდობიან მოსახლეობას წინ კიდევ დამატებითი გაუთვალისწინებელი საფრთხეები ელის. ფონდი მხარს დაუჭერს ჰუმანიტარულ დახმარებას მათთვის, ვინც სხვა დახმარების მიღმა აღმოჩნდა, ასევე გააძლიერებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაობას, ლტოლვილების დაცვასა და მიღებას. საბოლოოდ კი, ხელს შეუწყობს პოსტკონფლიქტურ რეკონსტრუქციას.

„ეს იყო საშინელებათა დრო უკრაინაში.“ – თქვა ოლექსანდრ სუშკომ, კიევში დაფუძნებული „საერთაშორისო რენესანსის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორიმა. – „ამავდროულად, მე ვგრძნობ დიდ სიამაყეს, როდესაც ვხედავ, როგორ დგას უკრაინა, ევროპა და მსოფლიოს დიდი ნაწილი პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის საფუძვლების დაცვას აქ და მთელ მსოფლიოში.”

ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული „ღია საზოგადოების ფონდი“ არის სამართლიანობისთვის, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებებისთვის მომუშავე დამოუკიდებელი ჯგუფების ყველაზე მსხვილი კერძო დამფინანსებელი მსოფლიოში. „ღია საზოგადოების ფონდი“ უკრაინაში 1990 წლიდან მუშაობს „საერთაშორისო რენესანსის ფონდის“ მეშვეობით.

ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის შექმნილი რუსული დაჯგუფების 30% განადგურებულია

„ახლა რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოიპოვოს და უკრაინა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაათავისუფლოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ცოტა მძლავრად დასხდნენ,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. ის ჯერჯერობით ომის დასრულებას არ ელის, პირიქით, რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფაზას ელოდება.

ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი იყო ორჯერ. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვებით, ვის სასარგებლოდ მუშაობს დროის გაჭიანურება ომში? 

დრო ცალსახად მუშაობს უკრაინელების სასარგებლოდ. ხალხი იღუპება, უბედურდება, მაგრამ ეს შედეგის მომტანია უკრაინისთვის. რუსეთი ამ დიდ ომში აუცილებლად ნახავს დანაკარგს და ამაზეა დამოკიდებული, რა დანაკარგს მიიღებს რუსეთი. ხომ გახსოვთ ავღანეთში რა მოხდა: ჯარისკაცების დედების მოძრაობა და ასე შემდეგ. იქ იყო 10 წელიწადში სულ 15 ათასამდე დაღუპული ჯარისკაცი, აქ კი, 12 დღეში იმის ნახევარი მაინცაა, რაც დასახელდა.

  • ოფიციალური კიევის ინფორმაციით, 7 მარტის დილამდე, რუსეთის არმიის 11 ათასი მოსამსახურე დაიღუპა უკრაინაში. 

ციფრები ომის დროს, როგორც წესი, სანდო არ არის. ეს ზუსტი მონაცემები არ არის, ხშირად ხდება მორალური ფაქტორების გამოყენებაც და ასე შემდეგ. ნუ ვიტყვით 11 ათასს და სულ ცოტა 7 ათასი ვთქვათ, ეს ხომ უდიდესი დანაკარგია? უცხოელი ექსპერტები, რომლებიც უფრო დეტალურად ითვლიან თითოეულ ჯავშანტექნიკას და ასე შემდეგ, აღნიშნავენ, რომ განადგურებულია რუსული სამხედრო დაჯგუფების 30 პროცენტი, რომელიც სპეციალურად უკრაინისთვის შეიქმნა.

  • წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ რუსებს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს. ბოლო მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში ასევე დაკარგა 290 ტანკი და 46 სამხედრო ვერტმფრენი. რაზეა ახლა დამოკიდებული, თქვენი აზრით, რუსეთის შეჩერება? 

რუსეთი არ აპირებს უკან დახევას, რადგან ახლა პუტინისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება წარუმატებლობა ამ ომში, დამარცხებაზე არ არის ლაპარაკი. ამ დროს კი, უკრაინისთვის ამ ომში არდამარცხება ნიშნავს გამარჯვებას.

შესაბამისად, ახლა ხდება გადაჯგუფება. პირველი ფაზა, შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა და ახლა იწყება მეორე ფაზა, იწყება რეზერვების აქტიური შემოყვანა ომში. ამასაც უნდა გაუძლოს უკრაინამ და მერე ალბათ შეიძლება უკვე მყარი მოლაპარაკებების წარმოება.

  • ანუ რას ელოდებით მეორე ფაზაში? 

როგორც იცით, რუსეთმა ჩართო სამი სამხედრო ოლქი და შესაძლოა ჩართოს მეოთხე ოლქიც. ამჯერად შესაძლებელია გარკვეული ძალის გადმოსროლა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, როგორიცაა აფხაზეთი და ცხინვალი, ასევე ჯავშანტექნიკის გაძლიერება. რასაც ვუყურებ, ისეთი არასამხედრო ტრანსპორტით შეჰყავთ ტექნიკა და იმდენად ძველია, როგორც ჩანს, რუსებს აშკარად დაეტყოთ რესურსის პრობლემა…

იგივე საწვავის მიწოდებაც პრობლემაა, რადგან ამას სჭირდება გამართული ლოჯისტიკა, ჯავშანმომსახურება, ევაკუაციის საშუალებები. 200 ლიტრი საწვავი სჭირდება ტანკს დაახლოებით 100 კილომეტრის გავლისას და უკრაინელები დარტყმას ახორციელებენ ლოჯისტიკურ შემადგენელზე. ასეთია, როგორც საარტილერიო დარტყმები, ასევე საჰაერო, სპეცოპერაციის ძალების მოქმედებაც აქეთკენ არის მიმართული. ეს სტაციონარული სამიზნე ხშირად არის ხოლმე იდეალური დასარტყმელი.

  • ფიქრობთ, რომ ცვლის ტაქტიკას რუსეთი? 

რუსულ არმიას აქვს გარკვეულ მიმართულებებზე ლოკალური წარმატება, შეიძლება ითქვას, რომ მან უახლოესი ამოცანები შეასრულა, მაგრამ ძალიან დიდი დანაკარგების ფასად, მას მოუწია პირველი და მეორე ეშელონების შეყვანა უკრაინაში, რომ ეს უახლესი ამოცანები შეესრულებინა. ტაქტიკა უკვე შეცვალა რუსეთმა, როცა სირიული გამოცდილება გადმოიტანა უკრაინაში. ალეპოს ქმნიან ყველა ქალაქში, მიწასთან ასწორებენ, უმოწყალოდ ბომბავენ და ყველა იარაღიდან ურტყამენ, როგორც მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს, ასევე ქალაქებს, რომ შემდეგ ნანგრევებმა არ შეასრულონ გარკვეული სამხედრო ფუნქცია.

რუსეთს მოუწევს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება, ან წვევამდელები უნდა გაიწვიოს აქტიურად, თუმცა, როგორც გავრცელებული ვიდეომასალებიდან ჩანს, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

  • ვიდეოებში ვხედავთ რუსულ გაჩერებულ კოლონებსაც. რატომ ვერ უხსნიან მას ცეცხლს? 

რუსებიც არ არიან ძალიან იდიოტები. კოლონა შესაძლებელია გაჩერებულია, მაგრამ მას თავისი დაცვა აქვს, საჰაერო დაცვის მექანიზმებია, პატრულირება… უკრაინელებს რაზეც მიუწვდებოდათ ხელი, ის ნამდვილად გაანადგურეს.

  • რამდენად გაიზარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები? 

რა თქმა უნდა, უკრაინას მიაწოდეს გადასატანი საშუალებები პარტნიორი ქვეყნებიდან, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დროინდელი წარმოების სამხედრო საფრენი აპარატები, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე აპარატებს სჭირდება შესაბამისი გადამზადების მქონე ოპერატორები. როცა ტექნიკას უგზავნი, თან ოპერატორიც შევიდეს, გამოდის, რომ ომში ერთვება ქვეყანა. ეს არ არის მარტივი სისტემები, ათვისება სჭირდება. ასე უბრალოდ გადასცე ქვეყანას და გაგინადგურონ, არ ვიცი, ეს რამდენად მიზანშეწონილი იქნება.

ჩემი აზრით, აუცილებლად გაიზრდება ეს რესურსი. ასევე გაიზრდება გამანადგურებლების მიწოდება, რომელზეც მომზადებული ჰყავს მფრინავები უკრაინას.

  • თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება „საერთაშორისო ლეგიონის“ მონაწილეობა ამ ომში? 

ეს არის დამატებითი რესურსი. რა ინფორმაციაც მაქვს, მოხალისეების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩავიდა უკრაინაში. ჯერ ერთი, ეს უდიდესი მორალური მხარდაჭერაა. ზოგადად, ამ პერიოდში საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდნენ ახალგაზრდა ვეტერანები, რომლებსაც ერაყიდან დაწყებული, ავღანეთით დასრულებული, დიდი სამხედრო გამოცდილება დაუგროვდათ და თან ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მათ ბრძოლა შეუძლიათ. ეს არაა პატარა ძალა. როგორც ვიცი, ორი ბატალიონია უკვე ჩამოყალიბებული მხოლოდ მოხალისეებით, ბრიტანელები მიდიან კიდევ.

  • ის, რომ უკრაინა ამ დრომდე ახერხებს თავდაცვას, თქვენი აზრით, ეს რამდენად ზრდის მოლაპარაკების საჭიროებას? 

უდავოდ უკრაინას აქვს თავდაცვის საშუალება. ვერ გეტყვით, რამდენია ადამიანური დანაკარგი, რადგან უკრაინა არ ამბობს ამას და რუსეთისგანაც ასევე არ ისმის ჭკუასთან ახლოს მისული ფაქტები.

ზოგადად, დაცვაში მყოფი ნაკლებ დანაკარგს იღებს, ვიდრე ის, ვინც შეტევაზე გადადის. ოპერატიულ გათვლებით შეტევაში მყოფი წყვეტს შეტევას, როცა მისი დანაკარგი აღწევს 30 პროცენტს, ხოლო დაცვაში მყოფი მაშინ, როცა მისი დანაკარგი აღწევს 50 პროცენტს. ლვოვი, კარპატები, ეს რეგიონები ჯერ კიდევ არ ჩართულან ამ ბრძოლებში. ასე რომ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს უკრაინას, 130 ათასი მომზადებული რეზერვისტი ჰყავს 5 წლის განმავლობაში, 200 ათასი ჰყავდა შეიარაღებულ ძალებში.

  • ანუ ომის დასრულების წინაპირობა ჯერ არ ჩანს? 

ამ ომმა მიიღო გაჭიანურებული ხასიათი თავისთავად. ახლა რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოიპოვოს და უკრაინა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაათავისუფლოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ცოტა მძლავრად დასხდნენ, ძლიერი საწყისი პოზიციები ჰქონდეთ. ორივე მხარე ამას ცდილობს ახლა.

როგორც იცით, უკრაინამ გააჟღერა პირობად ის, რომ შესაძლოა დაიწყოს მოლაპარაკებები არა ზოგადად ნატოზე, არამედ გარანტიების შექმნაზე, მაგრამ ის პრინციპულად არაა თანახმა ყირიმის დათმობაზე. რუსეთი ამბობს, ყირიმი დაივიწყეთო, ასევე ლუგანსკი და დონეცკიც ჩვენიაო. ამას თუ დაუმატეს კიდევ აზოვის ზღვიდან კორიდორის გაკეთებას, გამოდის, აზოვის ზღვასაც კარგავს უკრაინა და აწყობს ეს უკრაინას? ასე ვთქვათ: სახე რომ შეინარჩუნოს პუტინმა, შესაძლოა თქვას უკრაინამ, რომ აი, ნატოზე უარს ამბობს, მაგრამ ისეთი პირობები აქვს წამოყენებული რუსებს, ძნელად წარმომიდგენია, უკრაინა მოლაპარაკებაზე წავიდეს, თუ რუსეთმა არ დაწია თავისი მოთხოვნები.

თუმცა ყველაფერი სწრაფად იცვლება. ფაქტია, რომ თვითონ რუსეთშიც შესაძლოა ბევრი უკმაყოფილო იყოს პუტინის საქმიანობით. შესაძლოა, ასევე რუსეთის შიგნიდან მოხდეს ცვლილებები.

„ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ოკუპანტზე დამოკიდებულება შეამცირო“ – ინტერვიუ

რის ფასად ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა მშვიდობას და სად იქნება საქართველოს ადგილი ომის დასრულების შემდეგ? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი, თენგიზ ფხალაძე საუბრობს.

  • ბატონო თენგიზ, BBC-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სამყარო აღარასოდეს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ ომის რუსეთისთვის იმ შედეგით დასრულების შემთხვევაში, რაზეც მას გათვლა არ ჰქონდა, საქართველოს ადგილი სად იქნება?

რუსეთ-უკრაინის ომი ნამდვილად არ დასრულდება იმ შედეგით, რისი გათვლაც ჰქონდა პუტინს და კრემლის დღევანდელ ხელისუფლებას. დასრულდება სხვანაირად და ეს იქნება რუსეთის დღევანდელი რეჟიმის დასასრული. ეს პროცესი უკვე შეუქცევადია, პუტინის რეჟიმი დიდხანს ვერ იარსებებს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთში უცებ მოხდება დემოკრატიული რევოლუცია და ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ნორმალურ სახელმწიფოში. ამის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ პუტინის რეჟიმის დასასრული ნამდვილად არის.

ამის შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ მართლაც განსხვავებულ მსოფლიოს, სხვა რეალობას, რაც თავისთავად აისახება არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ შავი ზღვის რეგიონზეც. საქართველოც იქნება იქ, რისთვისაც ვიბრძოლეთ.

  •  ევროკავშირს გულისხმობთ?

მართლაც დგება ის მომენტი, რაზედაც დიდი ხანია ვლაპარაკობდით, ახლა მართლაც შეიძლება დადგეს ეს „შესაძლებლობების ფანჯარა“, ოღონდ ხარ თუ არა მზად ამ შესაძლებლობების ფანჯრისთვის და გამოიყენებ თუ არა, ეს არის მეორე თემა.

იმისათვის, რომ არ აღმოვჩნდეთ სხვაგან და აღმოვჩნდეთ იქ, სადაც უნდა ვიყოთ და სადაც არის ჩვენი ისტორიული ადგილი, ევროპულ სახელმწიფოთა რიცხვში, თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიცხვში, უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ქვეყნის შიგნით აქტიურობა გულისხმობს იმას, რომ რეალურად საქმით დავამტკიცოთ, რომ გვეკუთვნის ყოფნა იქ, სადაც გვინდა და ეს არის დემოკრატიის გაძლიერება და არა უკან სვლა.

მეორე – საგარეო ასპარეზზე იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ცხადყოფს ჩვენს ერთგულებას ევროპული ოჯახის მიმართ და იმას, რომ კრიტიკულ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მართლაც გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლითაც გავაძლიერებთ ჩვენს და რეგიონის უსაფრთხოებასაც.

  • დღეს ბათუმში შემოვიდა რუსული გემი მაშინ, როცა გაერთიანებული სამეფო თუ საფრანგეთ რუსულ გემებს აღარ უშვებენ თავიანთ პორტებში. უკრაინის ხელისუფლება კითხულობს „რძეზე შეზღუდვების მოხსნა ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად?!“ ამის პასუხად კი პრემიერი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს მთელ რეგიონში და ევროპაშიც“. ეს განცხადებები რას აჩვენებს, რას ეუბნება პრემიერი ამით უკრაინას და ასევე ევროპას?

სანქციებთან არმიერთებას არანაირი რაციონალური ახსნა არ აქვს. ჯერ ერთი, გვინდა თუ არა ამ სანქციების ნაწილი ისედაც ვართ, რადგან ჩართული ვართ თუნდაც საერთაშორისო საბანკო სისტემაში. ხშირად ვსვამთ კითხვებს, მივუერთდეთ თუ არა სანქციებს, დაგვაზარალებს თუ არა ეს და ასე შემდეგ, ამ კითხვებზე სწორი პასუხი რომ მივიღოთ, უნდა ჩავიხედოთ სანქციების შინაარსში. ამ სანქციებში არის ის, რომ უკრაინაში ომიც რომ არ იყოს, მაინც ასე უნდა გააკეთო ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში.

ლაპარაკია იმაზე, რომ შეზღუდო მოწინააღმდეგის დეზინფორმაციის საშუალებები, რომლის მიზანია სახელმწიფოს დასუსტება და ხალხის დეზორიენტაცია. ეს სანქციები ეხება, მათ შორის, იმ ბიზნესმენებს და კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომლებიც აფინანსებენ იმ საოკუპაციო ძალებს, რომლებიც ათასგვარ დანაშაულს სჩადიან საქართველოს ტერიტორიაზე. იგულისხმება ადამიანების გატაცება, წამება, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და ასე შემდეგ. ასევე, იმ პირების შემოსვლა, რომლებიც არასასურველია საქართველოსთვის და რომლებიც აღვივებენ რუსულ იმპერიალიზმს.

ეს, უკრაინაში ომიც რომ არ იყოს, მაინც უნდა გააკეთო, თუკი ლაპარაკობ ეროვნულ ინტერესებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რადგან ესაა აუცილებელი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

რაც შეეხება რუსულ გემებს და რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებულ შემოსვლას საქართველოში, ესეც არის ძალიან საშიში ჩვენთვის. აქ ძალიან ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, რომ ეროვნებით რუსს საქართველოში არავინ ერჩის, საუბარია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე.

ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, რომ რუსეთს ლტოლვილი არ ჰყავს, რადგან იქ ომი არ არის. ლტოლვილები ჰყავს უკრაინას, რომელიც იბომბება რუსეთის მიერ. თუ ვლაპარაკობთ პოლიტიკური ნიშნით დევნილებზე, ასეთი ძალიან ცოტაა და მათ მიმართ სხვა რეჟიმი უნდა მოქმედებდეს, მაგრამ როდესაც ადამიანს დღეს გაახსენდა რუსეთის წამოსვლა, იმიტომ, რომ SWIFT-იდან გათიშეს, საბანკო ბარათები გაუთიშეს, მისი ბიზნესი სანქციების ქვეშ მოხვდა და ახლა ცდილობს სანქციებიდან თავის არიდებას და ამისთვის საქართველოში მოდის და აქ ცდილობს უძრავი ქონების შეძენას და დამკვიდრებას, რომ ხვალ აქ ნაშოვნი ფულით ისევ დააფინანსოს ოპერაციები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ასეთი ადამიანი არ უნდა შემოუშვა და ასევე აქსიომაა ის, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე ეკონომიკური დამოკიდებულება უნდა შეამცირო.

ახლა რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების ანა-ბანა და ძალიან ცუდია, რომ ამაზე გვიწევს კამათი.

  • მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე ხელისუფლება ამბობს, რომ „პრობლემას ვერ ხედავს“,  საქართველოში არ შემოუშვეს „დოჟდის“ ჟურნალისტი, რომელსაც შესაძლოა ემუქრება რეჟიმისგან საფრთხე. სიძულვილის ენა გაჩნდა არახამიასთან მიმართებაში და მინიშნებები გაკეთდა მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე. თქვენი აზრით, ეს რას ნიშნავს, რომ საქართველო ორმაგ თამაშს თამაშობს თუ უბრალოდ, ცუდ თამაშს თამაშობს?

ეს არის არაადეკვატურობა იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც სადღაც შორს კი არ არის, არამედ რომელიც გვემუქრება და თუ ყურადღება არ მივაქციეთ, კიდევ და კიდევ გაიზრდება.

ეს არ არის თეორიული დისკურსი, ეს არის საკითხი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი და რომელიც სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ საჭიროებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შეზღუდავს ოკუპანტის აქტივობას ამ ქვეყანაში.

  • ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციებზე უარის თქმით ის შეინარჩუნებს მშვიდობას. როგორ ფიქრობთ, რისი დათმობის ფასად მოგვიწევს ამ „მშვიდობის“ შენარჩუნება?

მე არ ვიცი, ვინ რას ეძახის მშვიდობას, მაგრამ მოდი ვთქვათ, რა არის ამ ქვეყნის მთავარი მიზანი – ამ ქვეყნის არსებობა თუ მშვიდობა? მე მშვიდობას ვერ დავუძახებ იმას, როდესაც მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, როცა მე არ მაქვს უფლება ჩემივე ტერიტორიაზე გადავიდე, როდესაც იტაცებენ ხალხს, როდესაც დევნიან ხალხს, იმიტომ, რომ ქართველები არიან. მე ვერც იმას დავარქმევ მშვიდობას, როგორც საქართველო ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში. კი, თავს არავინ გვესხმოდა, რადგან უკვე ვიყავით ოკუპირებული.

საქართველოს ეროვნული ინტერესი ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამ ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს არსებობა.

ამისთვის სწირავდნენ თავს თაობები და ამისთვის ვიბრძვით დღესაც. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, კი, უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი ნაბიჯების გადადგმას.

სწორედ სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის, საქართველოს არდაზიანებისთვის არის აუცილებელი შეზღუდო ქვეყანა, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მის ინტერესებში არ შედის შენი სახელმწიფოს არსებობა. ამას ღიად აცხადებს პუტინი, ლავროვიც და კრემლის სხვა იდეოლოგებიც.

ის, რომ ესენი შეზღუდო, არ უნდა შემოუშვა და ყველაირად უნდა ეცადო, რომ ოკუპანტზე დამოკიდებულება შეაჩერო, სწორედ ეს არის სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯები და პრემიერი მშვიდობას რას ეძახის, არ ვიცი.

  • დღეს გამოაქვეყნა რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია, სადაც არ გვხვდება არც საქართველო და არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები კავკასიიდან. ჩვენ უკვე „მეგობრებად“ განგვიხილავს რუსეთი?

მაგას ვერ ვიტყვი, რომ მეგობრად განგვიხილავს, რადგან ამ სიაში ვერც თურქეთი ვნახე, რომელიც უდიდეს დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, სამხედრო დახმარებას. ამ სიაში ჩვენ ძირითადად ვხედავთ იმას, რომ დასავლეთი რუსეთის მტერია.

მაგრამ საქმე ის კი არ არის, რუსეთი რად მიგიჩნევს, მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ. ამიტომ ვუსვამ ხაზს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას, რადგან ეს დამოკიდებულია ოკუპანტი ქვეყნის მაქსიმალურ შეზღუდვაზე.

აბსურდი იყო მაშინაც, როცა მიიღეს გადაწყვეტილება და აბსურდი და ნონსენსია დღესაც, როცა ოკუპანტ სახელმწიფოსთან გაქვს ცალმხრივად უვიზო რეჟიმი. მეტი სითამამე გვჭირდება სანქციებთან და სხვა ნაბიჯებთანაც დაკავშირებით.

  • დღეს ვირუსულად ვრცელდება ამერიკაში გაქცეული რუსული კგბს ყოფილი თანამშრომლის ვიდეო, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველო ფარულ მოლაპარაკებებშია ჩართული რუსეთთან და სომხეთი და აზერბაიჯანიც უერთდება ფარულ სქემას, რომელიც გადაფუთული რუსული პროდუქციის ბაზარზე გატანას ითვალისწინებს. რამდენად უშვებთ თქვენ ამის შესაძლებლობას?

არ ვიცი, არ მინახავს ეს ინფორმაცია, არც ის ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი, შეიძლება პროვოკატორია, ვინც ამაზე საუბრობს, ამიტომ გამიჭირდება საუბარი.

  • ქართველ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა – „აი, ფაქტმა“ დათვალა, რომ 1-4 მარტის ჩათვლით საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება სულ 201-მა რუსეთის მოქალაქემ მოისურვა და ეს ფაქტიც ბევრ კითხვას აჩენს ამ სქემაზე.

მე ვერ ვისაუბრებ ამ სქემაზე, რადგან არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეებს რაც შეეხება, იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ რუს პოლიტიკოსებს არ აქვთ პასუხისმგებლობა და „რიგითმა მოქალაქეებმა რა ქნან?“ – ასე ვერ განვიხილავთ საკითხს, რადგან სწორედ ამ რიგითი მოქალაქეების შვილები, ძმები, მშობლები იბრძვიან, ბომბავენ, კლავენ, აწამებენ, ასახიჩრებენ ადამიანებს საქართველოშიც და უკრაინაშიც, უბრალო მოქალაქეები არიან ისინიც, რომლებიც სწევენ საოკუპაციო ხაზს.

უბრალო მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ფულით ხორციელდება ეს ომები და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და სწორედ რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებმაც აირჩიეს პუტინი და ეს რეჟიმი და თუ შევხედავთ პუტინის რეიტინგს, სწორედ ომის შემდეგ აიწია რუსეთში.

მხოლოდ ახლა შეექმნათ რუსეთის ამ მოქალაქეებს პრობლემები, იმიტომ, რომ სერიოზული კომპანიები გავიდნენ რუსეთის ბაზრიდან, იმიტომ, რომ მათი ვიზა ბარათი ბანკომატიდან ფულს აღარ იძლევა. რუსეთის მოქალაქეები ახლა ცდილობენ, რომ ამ სანქციებიდან დაიძვრინონ თავი და ეძებენ მსოფლიოში ადგილებს, სად შეიძლება უვნებლად იგრძნონ თავი. მათ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ზიდონ.

კიდევ ერთი. ძალიან ბევრს ხომ ჰქონდა ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, ა, ბატონო, აღადგინა პუტინმა „საბჭოთა კავშირი“, იმ გაგებით, რომ დასავლეთთან მიმოსვლა აღარ აქვთ, დასავლურ საფინანსო სისტემებში ჩართულები აღარ არიან, დასავლური ბრენდები გადის რუსეთიდან, მალე ტალონებსაც შემოიღებენ და ვისაც ძალიან მოენატრა საბჭოთა კავშირი, აიღოს ბილეთი და იცხოვროს რუსეთში.

  • როგორ ფიქრობთ, ომის დასრულების შემდეგ მოგვიწევს უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენაზე მუშაობა? რამდენად დიდია ბზარი, რომელიც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგად გაჩნდა ჩვენს ქვეყნებს შორის?

კითხვებს ვაჩენთ ჩვენ თვითონ და ვაჩენთ ჩვენი წინდაუხედავი ნაბიჯებით. ზოგ შემთხვევაში გაურკვეველი ნაბიჯებით. საქართველოს, ერთი მხრივ, გაწეული აქვს იმაზე მეტი დახმარება უკრაინისთვის, ვიდრე სხვა ქვეყნებს და ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული დახმარებაც. იმას, რაშიც გვერდში ვუდგავართ უკრაინას, ნებისმიერი ქვეყანა გამოიყენებდა სწორად, მათ შორის, მხარდაჭერას გაეროში, ევროსაბჭოში, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ვდგავართ სწორ მხარეს.

მაგრამ ჩვენ ერთი ხელით ვაკეთებთ ამას, რაც უნდა გავაკეთოთ, მეორე მხრივ კი, ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ჩვენივე გაკეთებულს აყენებს ჩრდილს და აუფასურებს იმ მართლაც სერიოზულ ძალისხმევას, რასაც ვიღებთ.

აი, ეს არის პარადოქსი. მე ამას რაციონალური ახსნა ვერ მოვუძებნე.

კაფე ბათუმში, სადაც უსახსროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის „ჩაის“ ტოვებენ

ტკბილი დღე / Sweet Day – ასე ჰქვია კაფეს ბათუმში, სადაც როცა რამეს შეუკვეთავთ, შეგიძლიათ დამატებით 1, 2, 5 ლარი ან მეტი დატოვოთ იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ახლა უსახსროდ არიან დარჩენილი ბათუმში და ვისაც შემდეგ თქვენგან დატოვებული ზედმეტი თანხის სანაცვლოდ უსასყიდლოდ გაუმასპინძლდებიან.

კაფე ჭავჭავაძის №72-ში მდებარეობს.

პატარა კაფეში, სადაც მხოლოდ 4 მაგიდა დგას, საღამოობით უკრაინის მოქალაქეები იკრიბებიან ხშირად. კაფეში ანტისაომარი პოსტერებია გაკრული, იქვე დიდი დაფაა, სადაც სიტყვიერი გზავნილების დატოვებაც შეგიძლიათ.

კაფეს მეპატრონეს ლია ჰქვია. გვიყვება, როგორ ჩაერთო უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად პატარა აქციაში:

„რამდენიმე დღის წინ უკრაინის 2 მოქალაქე შემოვიდა კაფეში, ყოველ დილას აქ მოდიოდნენ ხოლმე და საუზმობდნენ. ერთმა მეორეს უთხრა, შეუკვეთე რაც გინდა, ამასობაში ბანკომატიდან ფულს გამოვიტან და მოვალო, თუმცა მალევე მობრუნდა და მეორეს უთხრა: აღარ შეუკვეთო, აღარ გვქონია ანგარიშზე თანხაო. ძალიან დაირცხვინეს. უზომოდ შევწუხდი და ორთავეს ვუთხარი, რომ ყოველდღე, ნებისმიერ დროს, შეუძლიათ ჩემს კაფეში მოსვლა საუზმესა და ვახშამზე უსასყიდლოდ მანამ, სანამ პრობლემები არ მოუგვარდებათ.

ლია, კაფე ,,ტკბილი დღის” მეპატრონე
კაფე „ტკბილი დღე” ჭავჭავაძის №72-ში

მერე გადავწყვიტე ასეთი აქცია გამეკეთებინა კაფეში: „დატოვე რამე უკრაინელებისთვის“. ჩვენთან შემოსულ სტუმარს შეუძლია დატოვოს დამატებით თანხა, რამდენიც ექნება, უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ახლა ბათუმში არიან და დახმარება სჭირდებათ. ამ თანხით ჩვენ მათ უსასყიდლოდ გავუმასპინძლდებით. ჩაისა და ყავას ჩვენს კაფეში ისეც უფასოდ ვთავაზობთ სტუმრებს“, – ამბობს ლია.

პაველ კალესნიკოვს მეუღლესთან ერთად ამ კაფეში შევხვდით. ისინი ყოველდღე აქ საუზმობენ. უკრაინაში ვეღარ ბრუნდებიან და ბათუმში ბინის ქირაობა დასჭირდათ, ღამის გასათევი რომ ჰქონოდათ:

უკრაინის მოქალაქეები, პაველ კალესნიკოვი და მისი მეუღლე, საქართველოში 2 კვირის წინ ჩამოვიდნენ სტუმრად და ომის გამო უკან ვეღარ ბრუნდებიან

„საქართველოში 2 კვირის წინ ჩამოვედით, უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. უკან ვეღარ ვბრუნდებით ომის გამო. მოგვიწია ბათუმში ბინის დაქირავება. თუ ომი გაგრძელდება, საქართველოში მოგვიწევს დარჩენა, მაგრამ იმედია ომი მალე დასრულდება და დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც ახლა ჩემი ძმები და მშობლები არიან ჩარჩენილები.

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პატარა დახმარებები ხალხისგან, პატარა კაფეებისგან, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, – ამბობს პაველ კალესნიკოვი.

ზეთისა და რძის პროდუქტების ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია – FAO

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, თებერვალში სურსათზე მსოფლიოში ფასები კვლავ გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ყველაზე მნიშვნელოვნად მცენარეული ზეთებისა და რძის პროდუქტების ფასებია გაზრდილი.

FAO-ს თანახმად, ყველაზე მეტად გაიზარდა მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი, ის წინა თვესთან შედარებით 8,5 პროცენტით არის მომატებული, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. FAO-ს ცნობით, ეს ძირითადად განპირობებულია პალმის, სოიას და მზესუმზირის ზეთებზე გაზრდილი ფასით.

FAO-ს ცნობით ზეთის ფასის ინდექსის მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი ზრდა დიდწილად განპირობებულია იმპორტის გლობალური მოთხოვნით შემცირებული მიწოდების ფონზე, კერძოდ, ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა პალმის ზეთის მიწოდების შემცირება ინდონეზიიდან [მსოფლიოს მთავარი ექსპორტიორი], სოიას მოსავლის პერსპექტივის გაუარესება სამხრეთ ამერიკაში და შეშფოთებები მზესუმზირის ზეთის ექსპორტის შესაძლო შემცირების შესახებ, შავი ზღვის რეგიონში არსებული შეფერხებების გამო.

რაც შეეხება რძის პროდუქტების ფასების ინდექსს, FAO-ს თანახმად ეს მაჩვენებელი თებერვალში საშუალოდ 6,4 პროცენტით მაღალი იყო, ვიდრე იანვარში, რაც განპირობებულია მოსალოდნელზე ნაკლები რძის მარაგით, ასევე, იმპორტის მუდმივი მოთხოვნით, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც გამოწვეულია მსხვილ მარცვლეულზე ფასის მაღალი კვოტირებით, კერძოდ, ხორბლის მსოფლიო ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით, რაც დაკავშირებულია სამხრეთ ამერიკაში ნათესების არახელსაყრელ პირობებთან, უკრაინიდან სიმინდის ექსპორტთან დაკავშირებულ გაურკვევლობებსა და ხორბლის საექსპორტო ფასების ზრდასთან.

FAO-ს მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში ხორბლის მსოფლიო ფასი 2,1 პროცენტით გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც ძირითადად შავი ზღვის პორტებიდან საერთაშორისო ბაზრებზე მარაგების მოწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობაა.

საანგარიშო პერიოდში FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, ინდოეთსა და ტაილანდში წარმოების ზრდის გამო, 1,9 პროცენტით დაეცა, ხორცის ფასის ინდექსი კი 1,1 პროცენტით გაიზარდა.

 

რუსეთში დააჯარიმეს პირველი მოქალაქე რუსული არმიის „დისკრიმინაციისთვის“

რუსეთში დააჯარიმეს პირველი მოქალაქე რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრიმინაციის მუხლით.

ქალაქ კოსტრომის სასამართლომ 21 წლის რუს აქტივისტს, ირინა შუმილოვას, რომელიც 5 მარტს ერთკაციანი აქციით, პლაკატით აპროტესტებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სასამართლომ ჯარიმის სახით 30 000 რუბლის [დაახლოებით 220 დოლარი] გადახდა დააკისრა.

შუმილოვა ინსტაგრამზე წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ახალი კანონი,  რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის 10 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს, რუსეთში 4 მარტს მიიღეს. კანონის თანახმად, „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოქმედების შესახებ ყალბი მონაცემების გავრცელება“ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან 15 წლამდე.

ახალი კანონის მიღების შემდეგ რუსეთში მუშაობა შეაჩერეს: BBC-მ, CNN-მა, CBC-მ, Bloomberg-მა და ა.შ.
__________________
ფოტოზე: ირინა შუმილოვა პლაკატით. ფოტო: svoboda.org 

 

ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? – თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას არ უპასუხა

დღეს, 7 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში.

რიჟვაძემ  ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ადასტურებს უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას, თუმცა არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთის აგრესია უკრაინაში.

„მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და უკრაინელ ხალხს ვუსურვო ამ ომის, ამ ტრაგედიის ძალიან მალე დასრულება. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ პოლიტიკას, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის, საერთაშორისო არენაზეც, რომ სრული პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას.

ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რამდენად მშვიდად და უსაფრთხოდ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას ამ საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური პრობლემიდან.

საგარეო კურსი არის შეუქცევადი და ჩვენი დეკლარირებული გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ამას მოწმობს.“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა?“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ეს კითხვა „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა დაუსვა.

„ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს“ – ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას.

ჟურნალისტმა რიჟვაძეს უთხრა, რომ კითხვას მას უსვამდა, როგორც „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრსა და მაღალი თანამდებობის პირს, თუმცა რიჟვაძემ მეორედაც აარიდა თავი პასუხს:

„მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას“ – თქვა მან.

„ვინ დაიწყო ომი ახლა? რუსეთმა თუ უკრაინამ?“ – კიდევ ერთხელ გაუმეორა მას შეკითხვა ჟურნალისტმა.

„საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ“ – ასე უპასუხა მას თორნიკე რიჟვაძემ და ტერიტორია დატოვა.

უკრაინაში რუსეთის  შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ორჯერ გამოეხმაურა ფეისბუქზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. 25 თებერვალს მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, 28 თებერვალს კი ფეისბუქზე დაწერა, რომ აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებსა და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

არც ერთ პოსტში თორნიკე რიჟვაძეს არ უხსენებია რუსეთი.

84 წლის ლია ახეჯაკოვა: უკრაინელები ამას არ გვაპატიებენ

რუსეთის სახალხო არტისტმა, ლია ახეჯაკოვამ, იუთუბზე, გადაცემაში„უთხარი გორდეევას“, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ომზე ისაუბრა. 6 მარტს გამოქვეყნებულ გადაცემაში 84 წლის მსახიობმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე ომის გამო რუსეთის დატოვებას აპირებს და უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად 10 000 დოლარი გადარიცხა.

ლია ახეჯაკოვა დიდი ხანია კრემლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ხმამაღალ კრიტიკოსებს შორისაა. ამის გამო რუსული ნაციონალისტური ჯგუფის – SERB-ის წევრები მას არაერთხელ დაემუქრნენ. „ბათუმელები“ გთავაზობთ მსახიობთან ჩაწერილი ინტერვიუს მნიშვნელოვანი მონაკვეთების თარგმანს.

„დღეს ხმას არ იღებენ ის რუსი მსახიობები, რომლებიც კიევსა და ხარკოვში სპექტაკლებს თამაშობდნენ, რომლებსაც ფილმებში იღებდნენ. ზოგი მათგანი გააზრებულად ფიქრობს, რომ ახლა ხელისუფლება უნდა დაიცვას. ვიცით, ვინც არიან ეს ადამიანები, მათი სახელები ვიცით. მათ მივმართავ, ხმა უნდა ამოიღონ არა ხელისუფლების დასაცავად, რომელიც ამ მსახიობებს რაღაც პრეფერენციებს ანიჭებს და რომელიც ასე შეუყვარდათ, არამედ უკრაინის დასაცავად. ჩვენ ყველას გვყავს იქ მეგობარი, ახლობელი და ახლა, როცა გვაჩვენებენ, როგორ გადაბუგეს ხარკოვი, ააფეთქეს სამშობიარო სახლი, შენობის სარდაფში ქალები მშობიარობენ, რაღაც საშინელ სარდაფში. როგორ შეიძლება ეს კადრები სინამდვილე არ იყოს.

დეკემბრის ბოლოს გამოვიდა ჟირინოვსკი (ახლა ძალიან ცუდადაა) და თქვა, რომ პირველ იანვარს, ღამის 4 საათზე, უნდა დავესხათ თავს [უკრაინას], ვიდრე სძინავთ და არ გამოფხიზლებულანო. ვიფიქრე, ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია?! მერე ვნახე ის საზარელი ტანკები, მთელი სამხედრო ტექნიკა ბელარუსიისკენ და დონბასისკენ მიმავალი. მერე დაიწყო ის, რასაც ესენი სამხედრო სწავლებას ეძახიან. დიდი ხანია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ბევრჯერ მინახავს ტელევიზიით ასეთი სწავლებები, მაგრამ თავიდანვე შეეტყოთ, რომ ამჯერად საქმე სწავლებით არ დასრულდებოდა.

მერე მოვისმინეთ ჩვენი „გარანტის“ (პუტინის) სიტყვა, მოხვდა ლენინს, ელცინსაც, ვნახე ნირწამხდარი, შეშინებული უშიშროების საბჭოს წევრები, ის სიტყვებიც კი დამამახსოვრდა, რომ თურმე „ნაცისტების, ნარკომანებისა და ბენდერას მხარდამჭერების ატანა უკვე შეუძლებელია“; რომ დონეცკსა და ლუჰანსკს დამოუკიდებლობა უნდა მიანიჭონ…

ამ ადამიანებს ამბიციები აქვთ, იყვნენ ხელისუფლებაში. აი, ჩვენ რომ გვქონდეს ნამდვილი და არა ფსევდოარჩევნები, იქ ეგ ადამიანები აღარ იქნებოდნენ. მაგრამ ახლა ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ფულს, პრეფერენციებს, იახტებს, ზოგჯერ კერძო თვითმფრინავებს… არ უნდათ ამ ყველაფრის დაკარგვა იმის თქმით, რომ არ უნდა დავსხმოდით თავს უკრაინას. როგორც კი პუტინს არ დაემორჩილებიან, დაკარგავენ ამ სიმდიდრეს, უფრო მეტიც, სასამართლოს წინაშე წარდგებიან იმის ბრალდებებით, თუ როგორ დააგროვეს ამხელა ქონება, იყიდეს ვილები, იახტები თვეში 100 ათასი რუბლის შრომის გასამრჯელოს პირობებში. ამიტომ არ შეუძლიათ წინააღმდეგობა, დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან სისხლის სამართლის დანაშაულით.

„საოცრად“ გონებამახვილური რამე თქვა (პუტინმა): დასავლეთი, რომელიც უკრაინას ეხმარება, სიცრუის იმპერიააო. გონებამახვილურია იმიტომ, რომ მისი ნათქვამი დასავლეთს კი არა, ჩვენ შეგვეფერება. იტყუებიან გაუჩერებლად. უფრო მეტიც „როსპოტრებნადზორი“ კონაშენკოვის (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი – რედ. შენიშვნა) გარდა, სხვის დაჯერებას გვიკრძალავს.

გამოვიდნენ დუმაში და „არდლო“ (ОРДЛО – Отдельные районы Донецкой и Луганской областей (ОРДЛО, ОРДИЛО) – დონეცკისა და ლუჰანსკის ცალკეული რაიონები – რედაქციის შენიშვნა) დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადეს და თურმე ახლა ის ჩვენი მშობლიური, ახლო სახელმწიფოა ისევე, როგორც აფხაზეთი საქართველოსთან ომის შემდეგ. საქართველო განუზომლად მიყვარს, აგერ რეზო გაბრიაძესთან, ჩემს მეგობართან, ფოტო მაქვს (კედელზე). რა აფხაზეთი? რა „არდლო”?.. საშინელებაა. არ ვიცი, ჩემი პოზიცია რამეს შეცვლის თუ არა ან დააკვირდით კოსმონავტებივით ჩაცმულ, მუზარადდახურულ პოლიციელებს, ხანდაზმულებს რომ მიწაზე ათრევენ ქვეყნის ყველა ქალაქში.

ზოგადად, ქვეყანაში ცუდად გვაქვს საქმე დანაშაულის შეგრძნებასთან დაკავშირებით: არავინ გრძნობს დანაშაულს არჩევნების გამო, რომელიც უბრალოდ ხელიდან გავუშვით – დიდი ხანია, არჩევნებზე აღარ დავდივარ – არასდროს აურჩევიათ ის კანდიდატი, რომლისთვისაც ხმა მიმიცია, არასდროს… ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე, მხოლოდ ჩვენ – არ ვიცი, როდის გავატანეთ დროს ცვლილების ბოლო შესაძლებლობა… ახლა, 21-ე საუკუნეში, ბირთვული იარაღით მუქარა, სრული არაადეკვატურობაა, ამით მუქარა საბოლოო წერტილია. არასდროს მეგონა, რომ ამას მოვესწრებოდი…

ვიცი, რაც არის მშვიდობა ომის მერე – ჭინჭრის სუპს ვჭამდით ბევრი თვე (მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ), კიდურებმოწყვეტილი ადამიანები გორგოლაჭებიანი ფიცრულით დადიოდნენ და მოწყალებას ითხოვდნენ, სხვებიც იყვნენ – „სამოვარებს“ ეძახდნენ – არც ხელები ჰქონდათ და არც ფეხები. შიმშილი, ხალხის სრული გაძვალტყავება. აი, ეს გველოდება, აი, ეს ხდება ომის შემდეგ.

მე უნდა ვისაუბრო, შეიძლება რაღაცას არც ისე გამართულად ვამბობ, მაგრამ უნდა ვილაპარაკო… რისთვის მოკვდა მანდელშტამი? ლექსების გამო:

ვარსებობთ ისე, რომ ქვეყანა ვეღარ გვიგრძნია.

ათ ნაბიჯს იქით ხმის გაწვდენა არ შეგვიძლია.

ხოლო თუ სადმე თქმა უჩუმრად არ არის ძნელი,

ისხენიება უსათუოდ კრემლის მთიელი.

(ნინო დარბაისელის თარგმანი. კრემლის მთიელში პოეტმა სტალინი იგულისხმა – რედაქციის შენიშვნა).

მან ხომ დაწერა ეს, რასაც მოჰყვა საშინელი სასჯელი – გულაგი…

უკრაინელები ამას არ გვაპატიებენ, არც მე ვაპატიებ…“

რუსეთში მოსახლეობა წამლებს იმარაგებს – მედია

რუსული მედია წერს, რომ რუსეთში, აფთიაქებში, წამლებზე „აჟიოტაჟური მოთხოვნაა“.

მიუხედავად რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებისა, რომ უცხოური ფარმაცევტული კომპანიები აგრძელებენ რუსეთისთვის მედიკამენტების მიწოდებას, მოსახლეობა მედიკამენტებს იმარაგებს – „იღებენ პირდაპირ ხუთ-ათ შეფუთვას” – წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“.

გამოცემის ცნობით, ევროპული წარმოების ინსულინი და ნაწლავის ანთებითი დაავადების სამკურნალო აბები ზოგიერთ ქალაქში აღარ არის ხელმისაწვდომი.

„ფარმაცევტები ამბობენ, რომ საწყობებში ყველაფერია, მაგრამ საქონლის გადმოტვირთვისა და შეკვეთების შეგროვებისთვის მათ დრო არ რჩებათ.“ – წერს სააგენტო.

რამდენიმე დღის წინ  წამლების დასავლელმა მწარმოებლებმა და სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათი გეგმები, გააგრძელონ პროდუქციის რუსეთში გაყიდვა, შესაძლოა გართულდეს დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო.

შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ევროპისა და კანადის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ ვრცელდება მედიცინასა და სამედიცინო აღჭურვილობაზე, მაგრამ სანქციებმა, რომლებმაც მოწყვიტეს რუსული ბანკები საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, ისევე როგორც მსხვილი გადამზიდავი კომპანიების გადაწყვეტილებებმა ქვეყნისთვის სერვისის შეჩერების შესახებ, შეიძლება შეაფერხოს ქვეყნისთვის სამედიცინო მარაგების მიწოდება.

„საბანკო გადარიცხვების გაყინვამ შეიძლება მართლაც იქონიოს გავლენა სამედიცინო მოწყობილობების ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტზე. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს და ვნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“, – თქვა სამედიცინო მოწყობილობების კომპანიების ევროპული ლობის ჯგუფის MedTechEurope-ის წარმომადგენელმა.

ფინური კომპანია „ვალიო“ რუსეთში მუშაობას წყვეტს

რძის პროდუქტების მწარმოებელი ფინური კომპანია Valio და ყავის მწარმოებელი Paulig-ი რუსეთში მუშაობას წყვეტენ. 

ამის შესახებ კოპმანიებმა დღეს, 7 მარტს, განაცხადეს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. Valio-ს არ აქვს ეთიკური წინაპირობები რუსეთის ფედერაციაში მოქმედების გასაგრძელებლად და, შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ მუშაობას რუსეთში”, – თქვა Valio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანიკა ჰურმემ.

„ვალიოს“ აქვს ქარხანა რუსეთში. კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა რუსეთში დაახლოებით 400 ადამიანია.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ყავის მწარმოებელმა კომპანია – Paulig-მაც.

„პაულიგი ტოვებს რუსეთს“, – აცხადებს კომპანია.

Paulig-ს აქვს ქარხანა რუსეთში, ტვერის რეგიონში. რუსულ სააგენტო „ტასის“ ცნობით, აქ დაახლოებით 200-მდე ადამიანია დასაქმებული. 

ორივე კომპანია აცხადებს, რომ რუსეთის ბაზრიდან გასვლის პროცესს დაუყოვნებლივ დაიწყებენ.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ უკრაინას და საპასუხოდ ევროკავშირმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა, რუსეთში მუშაობა შეაჩერა ასზე მეტმა ცნობილმა კომპანიამ.

______________

ფოტოზე: „ვალიოს“ ქარხანა რუსეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEI ILNITSKY

რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკაზე გავლენის ანალიზი – თიბისი კაპიტალის განახლება

თიბისი კაპიტალმა რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის განახლებული ანალიზი გამოაქვეყნა. უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარება გრძელდება და თიბისი კაპიტალის წინა პუბლიკაციაში განხილული სწრაფი გადაწყვეტის სცენარი არ ვითარდება. ასეთ ემოციურ ფონზე ეკონომიკური სცენარების განხილვა საკმაოდ რთულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ისეთი მკაცრი მაინც არაა, როგორც ეს თიბისი კაპიტალის გადავადებული გადაწყვეტის სცენარით იყო დაშვებული. გრძელდება ენერგო-რესურსების ექსპორტი, უფრო მაღალი ფასებით და ასევე საგადახდო სისტემების მხრივ შეფერხება მხოლოდ ნაწილობრივია. ამდენად, საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენაც შედარებით ნაკლებია.

რუბლში გადარიცხვებში მნიშვნელოვანი შეფერხება არ იკვეთება და ასევე, რუბლი კონვერტირებადია. უფრო მეტიც, შესაძლოა რუბლის გაუფასურებამ უკვე მიაღწია თავის მაქსიმუმს, ვინაიდან მთლიანობაში დაწესებული სანქციები და რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები ნეგატიურად უფრო რუსეთიდან ვალუტის გადინებაზე მოქმედებს, ვიდრე მის მიღებაზე. სავარაუდოა, რომ რუსეთის მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი სალდო კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რადგანაც საქონლის ექსპორტის შემცირების მოლოდინი არ არის და ამავდროულად, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების კლებაა მოსალოდნელი. ასევე ნაკლები იქნება რუსეთიდან კაპიტალის გადინებაც, რაც შემოდინებას ყოველთვის აჭარბებდა. ამდენად, მართალია გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უფრო პირველი სცენარით გათვალისწინებულ 3.5-4.0%-თანაა ახლოს, ვიდრე მეორე სცენარში არსებულ ნეგატიურ 1.5% – პოზიტიურ 0.5%-ის მაჩვენებლებთან. ამ შეფასებას ასევე აძლიერებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე პერიოდში, საქართველოში არარეზიდენტების ჩამოსვლის, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან, მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება. თიბისი კაპიტალის დღეს არსებული შეფასებით, წლიურ ჭრილში ეს დაახლოებით 100 მლნ ან მეტი აშშ დოლარის დამატებითი სავალუტო შემოდინების ტოლფასია. ტურიზმისა და უძრავი ქონების ბაზრის უფრო დეტალური მიმოხილვა თიბისი კაპიტალის სექტორულ კვლევებში იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე აღსანიშნავია, რომ საუბარია საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის შესაძლო ზრდაზე, ვინაიდან ჩრდილოეთის მარშრუტი უფრო რისკიანი გახდა. ეკონომიკის ფაქტობრივი ზრდის მხრივ, ჯერჯერობით მხოლოდ იანვრის მაჩვენებელია ხელმისაწვდომი, რომლის მიხედვითაც ზრდა როგორც წლიურ ჭრილში, ასევე პანდემიის ეფექტის გამორიცხვითაც მოსალოდნელზე მაღალი იყო.

მართალია მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, მაგრამ შედარებით ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ლარის ასევე ნაკლებ გაუფასურებაში უნდა აისახოს. მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარი დოლართან, ნეგატიური მოლოდინების გამო, მნიშვნელოვნად გაუფასურდა. არაა გამორიცხული, რომ გაუფასურებამ უკვე პიკს მიაღწია. ტრადიციულად, ლარის კურსი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ფასდება:

1. სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი;

2. ლარის საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან

3. ინფლაციის პროგნოზი

ერთი კვირის წინ, თიბისი კაპიტალის დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარში, 2022 წელს წმინდა სავალუტო შემოდინებების დანაკლისი დაახლოებით 550 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, რაც ძირითადად საქონლით სავაჭრო ბრუნვის, ტურიზმის, გზავნილებისა და ასევე დეპოზიტების უფრო მეტად ვალუტაში განთავსების და სესხების უფრო მეტად ლარში აღების შეფასების შედეგს წარმოადგენდა, ვინაიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ აქტივობა ისედაც დაბალ დონეზე იყო მოსალოდნელი. ასევე, ვალების გადახდის მხრივ, რაიმე მნიშვნელოვანი საჭიროება თუ პრობლემა სახეზე არ იყო და სადღეისოდაც არ არის. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ ეს დანაკლისი ლარის მხოლოდ 3.15-მდე ან მცირედით უფრო მეტად გაუფასურებას გულისხმობდა. ახლა, მხოლოდ შედარებით, მაგრამ მაინც უკეთესი მაკროეკონომიკური სცენარისა და ლარის კურსის 3.35 ნიშნულის გათვალისწინებით, რაც იმპორტს, თუმცა ასევე თიბისი კაპიტალის აზრით, ეკონომიკის ზრდას ამცირებს, დანაკლისი როგორც ჩანს სულ მცირე განახევრებულია და ეროვნული ბანკისა და მთავრობისათვის გაცილებით უფრო მართვად ოდენობას შეადგენს. ამდენად, ამ არგუმენტის გათვალისწინებით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი. ასევე, ლარის საშუალო კურსის მხრივ, თურქული ლირის გარეშე, მისი გამყარება არ იკვეთება და თიბისი კაპიტალის აზრით, კონკურენტუნარიანობის – საქართველოს კონტექსტში ზოგადად სუსტი არგუმენტი – ძალაში არ არის. ინფლაციის მხრივ კი, რისკები ცალსახად მკვეთრადაა გაზრდილი.

ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების გამო ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაღალი ყოველთვიური ინფლაცია უკვე თებერვალში დაფიქსირდა. ბუნებრივია, ამას დაემატება ლარის კურსის გაუფასურების ეფექტიც. თიბისი კაპიტალი შორსაა იმ აზრისგან, რომ თუ საერთაშორისო მასშტაბით ინფლაცია მაღალი იქნება, წელს 3%-იან ნიშნულთან ახლო ინფლაციის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ამასთან, განსაკუთრებით წინა წლის 13.9%-იანი ინფლაციის შემდეგ, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, სამიზნე მაჩვენებლის კვლავ ძალზედ მაღალი გადაცილების აპეტიტი შედარებით ნაკლებია. ამდენად, არსებული მაკროეკონომიკური სცენარის გათვალიწინებით, ლარის კიდევ უფრო მეტი გაუფასურება ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ მისი არსებული დონე უკვე ზედმეტად გაუფასურებულად შეფასდეს და ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციებს, ლარში საპროცენტო განაკვეთების აწევას, საჯარო კომუნიკაციასა და ლარის კურსის მხარდამჭერი სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას ჰქონდეს ადგილი.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 7 მარტის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

რუსმა ოკუპანტებმა 3 ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების გაცემისას მოკლეს – მედია

უკრაინაში, კიევთან ახლოს მდებარე დასახლების, გოსტომელის თემის თავმჯდომარე იური პრილიპკო და მისი ორი თანმხლები პირი ჰუმანიტარული დახმარების გავრცელებისას მოკლეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს გოსტომელის საკრებულოს განცხადებაზე დაყრდნობით.

დღეს, 7 მარტს, ამის შესახებ კიევის მერმა, კლიჩკომაც ისაუბრა ვიდეომიმართვაში. მან განაცხადა, რომ პრილიპკო მოკლეს, როცა ის მოსახლეობას საკვებსა და წამალს ურიგებდა.

გოსტომელი, დასახლება კიევის გარეუბანში, ცნობილი გახდა სამხედრო აეროდრომთან გამართული რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ.

გუშინ, 6 მარტს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გოსტომელს „გმირი ქალაქის“ სტატუსი მიანიჭა.

 

უკრაინამ დაიბრუნა ჩერნობაევკას აეროდრომი – ქვეითთა ​​სარდლობა

დღეს, 7 მარტს, უკრაინის საზღვაო ქვეითთა ​​სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინამ კონტროლი აღადგინა ქალაქ ხერსონთან ახლოს მდებარე ჩერნობაევკას აეროდრომზე.

ინფორმაცია აეროდრომის აღების შესახებ 27 თებერვალს გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

დღეს უკრაინის საზღვაო ქვეითთა ​​სარდლობამ განაცხადა, რომ აეროდრომზე რუსი ოკუპანტების 30-მდე რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს.

სილქფესტი საგაზაფხულო პაკეტებს საუკეთესო პირობით გვთავაზობს

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ 7 და 8 მარტს შეარჩიონ და ჩაირთონ სილქფესტის პაკეტებიდან სასურველი პირობა.

 კომბინაციით *202# მსურველი გაიაქტიურებს:

  • 30 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 15 ლარად
  • 10 GB + ულიმიტო სასაუბროს  – 18 ლარად
  • ულიმიტო სასაუბროს + ულიმიტო ინტერნეტს- 25 ლარად

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

სილქფესტის აქციები განკუთვნილია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის და საუკეთესო შეთავაზებაა მომხმარებლისთვის, მინიმალურ ფასად მაქსიმალურად მეტი სერვისი მიიღოს.

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

ბათუმის პორტში რუსული სატვირთო გემი შემოვიდა

ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი „ლეონიდ პესტრიკოვი“ შემოვიდა. მშრალი ტვირთის გადამზიდი გემი მანამდე  სტამბოლის პორტში იმყოფებოდა.

ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან, როცა ბათუმის პორტში რუსული გემი შემოვიდა.

ბათუმის პორტში განაცხადეს, რომ ეს „საქართველოსთვის განკუთვნილი ტვირთია“ – ლამინირებული ხე-ტყე, რომლითაც ავეჯს ამზადებენ.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები რუსეთს. სანქციები ვრცელდება რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზეც.

მაგალითად, რუსული გემები ვეღარ შედიან ბრიტანულ პორტებში. 26 თებერვალს კი საფრანგეთმა ლა-მანშის სრუტეში დააკავა რუსული სატვირთო გემი.

290 ტანკი, 46 თვითმფრინავი – უკრაინამ მტრის დანაკარგებზე მონაცემები განაახლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მტრის დანაკარგების შესახებ მონაცემები განაახლა. გენშტაბის ინფორმაციით, 7 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგები ამ დროისთვის ასეთია:

  • პერსონალი – 11 ათასზე მეტი ადამიანი
  • ტანკი – 290 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა – 999 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 117 ერთეული
  • MLRS – 50 ერთეული
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 23 ერთეული
  • თვითმფრინავი – 46 ერთეული
  • ვერტმფრენი – 68 ერთეული
  • საავტომობილო აღჭურვილობა – 454 ერთეული
  • გემი / ნავი – 3 ერთეული
  • საწვავის ავზი – 60
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე – 7

გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

[crosslist]

[/crosslist]


მე-12 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

ამ თემაზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, „გავიდა გმირული წინააღმდეგობის თერთმეტი დღე“ და უცხოეთიდან უკრაინაში საბრძოლველად უკვე 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა. ისინი უკრაინის დასაცავად თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ:

ევროპიდან 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა ქვეყნის დასაცავად – თავდაცვის მინისტრი

გამოცხადდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – მონაწილეობა სტატუსშეჩერებულებსაც შეუძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 7 მარტს დაიწყება და 4 აპრილამდე გაგრძელდება.

საგრანტო კონკურსით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიუმჯობესონ ან მოიპოვონ სწავლის დაფინანსება.

გამოცდების ცენტრის თქმით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც შეწყვეტილი აქვთ სტუდენტის სტატუსი და სურთ სწავლის დაფინანსების მოპოვება.

ცენტრის თქმით, თუ მონაწილე ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რაც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა.

ევროპიდან 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა ქვეყნის დასაცავად – თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, „გავიდა გმირული წინააღმდეგობის თერთმეტი დღე“ და უცხოეთიდან უკრაინაში საბრძოლველად უკვე 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა. ისინი უკრაინის დასაცავად თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.

რეზნიკოვის თქმით, უკვე 20 000-ზე მეტი უცხოელიც მზად არის ჩავიდეს უკრაინაში და „დაიცვას მსოფლიო უკრაინის ფრონტზე რუსი ნაცისტებისგან, კრემლის ბოროტება რომ არ გავრცელდეს“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ კომენტარს არ გააკეთებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე – „ეს დელიკატური საკითხია“. „ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინაში შემოვიდა 50 000-ზე მეტი ჩაფხუტი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი.

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში დახმარების მიღებაზე“. – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში წამლები გაიაფდა

„უმეტეს შემთხვევაში, 60-დან 80 პროცენტამდე არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე, როგორც მინიმუმ განახევრებულია ფასები“ – განაცხადა დღეს, 7 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო მანამდე 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მას არ დაუსახელებია კონკრეტულად რომელ მედიკამენტს გულისხმობდა, თუმცა ასევე თქვა, რომ შეუძლია მოიყვანოს წამლის გაიაფების „რამდენიმე მაგალითი“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგია წამლების გაიაფება საქართველოში.

„ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ მაღალი სტანდარტის წამლები შემოვიდოდა. მინდა ახლა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ წამლები უკვე შემოსულია საქართველოში, ხელმისაწვდომია  და აფთიაქებში იყიდება,“ – დასძინა ღარიბაშვილმა.

გასულ წელს პრემიერმა საჯაროდ 4-ჯერ ისაუბრა  წამლების სიძვირეზე.

დადასტურდა 910 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

დღეს, 7 მარტს, საქართველოში კორონავირუსის 910 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, აჭარაში კოვიდის 45 ახალი შემთხვევაა. სულ ჩატარდა 6 685 ტესტი კორონავირუსზე.

პირველი მარტიდან საქართველოში უფასო აღარ არის PCR ტესტირება, რაც აისახა ჩატარებული კვლევებისა და დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობაზე.

გასულ 24 საათში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში 13,61 პროცენტია.

 

მატარებლების მოძრაობა შეჩერდა – სადგურ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 7 მარტს, გამთენიისას,  რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან, მეწყერი ჩამოწვა. შედეგად სარკინიგზო გზის თავზე გადებული საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა.საქართველოს რკინიგზის განმარტებით, მომხდარის გამო დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, ასევე  დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი.„ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა“, – განაცხადა საქართველოს რკინიგზა.

ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა.

ჩამონგრეული ხიდი და დაზიანებული ლიანდაგი სადგურ მარელისთან
ფოტო: საქართველოს რკინიგზა
 

ბევრი მსჯელობს როგორ დატოვოს ქვეყანა, ის განწირულია – ინტერვიუ პეტერბურგელ ბიზნესმენთან

„ბათუმელები“ რუსეთში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა ყოფილ მედიამენეჯერს პეტერბურგიდან. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, მან გვთხოვა არ გამოვიყენოთ მისი ნამდვილი სახელი და გვარი. მასთან შეთანხმებით, სტატიაში გამოვიყენებთ პირობით სახელს – გრიშა. გრიშას შვილი ომის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს და რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც გრიშა ამბობს, ეს ახალი კანონის შემოღებამდე მოხდა და შედარებით მარტივად გადარჩნენ. ახლა ვითარება ბევრად სახიფათოა და ადამიანი შეიძლება 15 წლით დააპატიმრონ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „ომს“ თუ უწოდებს.

მკაცრად ისჯება სხვა უმნიშვნელო პროტესტიც – რუსეთის სახელმწიფო დუმამ 4 მარტს მიიღო კანონი, რომელიც „რუსული არმიის შესახებ ფეიკინფორმაციის გავრცელებისთვის“ რუსეთის მოქალაქეებს 15-წლიანი პატიმრობით ემუქრება.

  • როგორც ვიცით, ომის მოწინააღმდეგეები ცდილობენ საპროტესტო აქციები გამართონ პეტერბურგსა და რუსეთის დიდ ქალაქებში, რა ვითარებაა ახლა? 

დიახ, აქციებია, მაგრამ მე არ წავედი. მივიჩნიე, რომ ზედმეტად სახიფათო იქნებოდა. რაც ფოტოებიდან ჩანს, ხალხი გამოვიდა, შეიძლება თქვა, ასობით, მაგალითად, ათასზე მეტი, მაგრამ ვერ ვიტყოდი ათასობით. ახლა ყველა შეშინებულია.

ადამიანების უმრავლესობა შოკშია. რა თქმა უნდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით პოზიციები გაყოფილია. ჩემ ირგვლივ ადამიანების უმრავლესობა ეწინააღმდეგება და გაბრაზებულია რუსეთის ქმდებებზე, მაგრამ ასევე ვიცი ადამიანები, რომლებიც ემხრობიან [ომს]. ასე, რომ საზოგადოების დამოკიდებულებები ამ საკითხზე გაყოფილია. ადამიანები სიტყვიერად ებრძვიან ერთმანეთს ამ საკითხზე.

  • ვრცელდება ინფორმაცია თითქოს რუსეთში ხალხმა არც კი იცის, რომ რუსული არმია კიევს ბომბავს. რამდენად მართალია ეს? 

სრულიად მართალია. მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს სამთავრობო მედიაში, ხოლო კრიტიკული მედია, რომელიც ამაზე საუბრობდა, ახალი კანონის მიღების შემდეგ ან აკრძალულია, ან მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას დაწერონ და გააშუქონ ამ საკითხზე მთავრობის პოზიციისგან განსხვავებული ნებისმიერი რამ.

სიმართლის თქმისთვის ადამიანებსა და ორგანიზაციებს ემუქრება უზარმაზარი ჯარიმები ან უარესი – პატიმრობა.

ახლა რუსეთში ყოფნა უსაფრთხოა თუ ჩუმად იქნები. თუ ხმას ამოიღებ და საჯაროდ იტყვი რამეს, რაც თუნდაც ცოტათი განსხვავდება ხელისუფლების ხედვისგან, ეს უკვე ძალიან სახიფათოა ახალი კანონიდან გამომდინარე.

  • რამდენად რეალურია, რომ რუსები მასობრივად მიდიან ფინეთში, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში? 

რეალურია. ბევრი ჩემი ნაცნობი მსჯელობს, როგორ დატოვონ ქვეყანა. განიხილება სხვადასხვა მიმართულება – საქართველო, სომხეთი, პორტუგალია, ფინეთი… ნებისმიერი შესაძლებლობა განიხილება. ხალხი და მათ შორის მეც, ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა განწირულია მრავალი წლით მორალის, ბიზნესის, ეკონომიკის და ბევრი სხვა მიმართულებით.

წარწერა პეტერბუგის სუპერმარკეტებში, სხვადასხვა პროდუქტზე
  • ვინ ცდილობს ქვეყნის დატოვებას – ვინც ომს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ უსაფრთხო არაა რუსეთში ყოფნა, თუ ისინიც, ვინც სანქციებსა და მოსალოდნელ სიღარიბეს გაურბიან? 

ორივე. ეს მიზეზები შეიძლება ერთდროულადაც ჰქონდეთ. მაგალითად, მედიაორგანიზაციებისთვის სრულიად სახიფათოა აქ დარჩენა და მათ აქვთ წმინდად უსაფრთხოების მიზეზები ქვეყნის დასატოვებლად. მაგალითად, „დოჟდი“ და „ეხო მასკვა“ – ამ ორგანიზაციების ჟურნალისტები გარბიან, მათთვის აქ დარჩენა სახიფათოა.

  • მოიაზრებენ თუ არა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად ადამიანები, რომლებიც უსაფრხოების მიზეზებით ცდილობენ ქვეყნის დატოვებას? 

დიახ. ისინი მიიცნევენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნაა, სადაც შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობაც.

  • როგორც ვიცით, რიგი სოციალური ქსელები დაიბლოკა რუსეთში. საიდან იღებთ და ცვლით კრიტიკულ ინფორმაციას? 

დიახ, დაბლოკილია, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი. ასევე შეფერხებით მუშაობს იუთუბი. პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ვიღებთ ტელეგრამის სხვადასხვა არხის მეშვეობით. რა თქმა უნდა, ამ არხებს მართავენ ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან რუსეთში და არიან, მაგალითად, უკრაინაში, ევროპაში ან სხვაგან. ჯერ კიდევ შეგვიძლია წვდომა გვქონდეს ფეისბუქზე VPN-ის გამოყენებით. მაგალითად, მე მაქვს ეს აპლიკაცია, რომლის ტექნოლოგიაც შესაძლებელს ხდის რუსეთში აკრძალულ ქსელებზე შესვლას. შესაბამისად, მე ვიგებ სიახლეებს ფეისბუქიდანაც. ასევე აპლიკაციების გამოყენებაც შეიძლება, მაგალითად, BBC-ის და სხვა დაბლოკილი მედიების აპლიკაციები ჯერ კიდევ მუშაობს VPN-ის გამოყენებით.

  • გავრცელდა ფოტოები, რომ სუპერმარკეტებში სასურსათო და სხვა პროდუქტებზე ლიმიტებია დაწესებული. რამდენად შეესაბამება ეს სიმართელს?

დიახ, სიმართლეა. დიდი სუპერმარკეტების ქსელებში დაწესებულია ლიმიტები სხვადასხვა ტიპის პროდუქტზე – პამპერსები, მაკარონი, შაქარი, მარილი… ასობით დასახელების პროდუქტზეა ლიმიტები. სალაროსთან გიმოწმებენ, რომ ერთმა ადამიანმა არ შეიძინოს დაწესებულ ლიმიტზე დიდი ოდენობით ესა თუ ის პროდუქტი. ეს ადამიანზე ვრცელდება და ჯერჯერობით შესაძლებელია, რომ მაგალითად ოჯახიდან რამდენიმე წავიდეს საყიდლებზე, ან ერთმა ადამიანმა სხვადასხვა სუპერმარკეტში იყიდოს ესა თუ ის პროდუქტი, ან თუნდაც გავიდეს და რამდენიმე წუთის შემდეგ თავიდან იყიდოს იმავე სუპერმარკეტში.

  • რაც შეეხება ნაღდ ფულს, რამდენადაა შესაძლებელი თანხის განაღდება?

ფულის განაღდება ძალიან გართულდა. ბანკომატებთან უზარმაზარ რიგში გიწევს დგომა. ზოგ ბანკს ლიმიტები აქვს – თანხის რაოდენობაზე, განაღდების სიხშირესა და ვადებზე. ასე, რომ ძალიან გართულდა.

  • რა ინფორმაცია ვრცელდება რუსული არმიის დანაკარგებზე? 

თითქმის არანაირი. როგორც გითხარით, მედია სრულიად კონტროლდება, რასაც სამთავრობო მედია წერს ომის… არა, ომს არ ეძახიან, რა თქმა უნდა,  სპეცოპერაციის თანმდევი მსხვერპლია 500 და ხანდახან ვრცელდება ინდივიდუალური ცნობები ამა თუ იმ სამხედროს გარდაცვალებაზე სხვადსხვა რეგიონში. რასაკვირველია ნამდვილი დანაკარგები არის ბევრად მეტი, უზარმაზარი.

  • საერთაშორისო მოგზაურობაზე ხომ არ არის რამე შეზღვუდვები? 

სახელმწიფოს მხრიდან არა, მაგრამ შეზღუდვები ბუნებრივად ხდება, რადგან, მაგალითად, რუსულ თვითმფრინავებს აღარ შეუძლიათ საზღვარგარეთ გაფრენა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იმოგზაუროთ უცხოური ავიახაზებით, მაგრამ მათი თვითმფრინავების ნაწილიც გაჩერებულია – უმრავლესობა ეკუთვნის ამა თუ იმ რუსულ კომპნაიას და საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში შეიძლება დაყადაღება შეეხოთ. შეზღუდვა გამოიხატება იმაში, რომ საზღვარგარეთ წასვლის გზები შემცირდა და თვითმფრინავის ბილეთის ფასები კატასტროფულად გაიზარდა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღარაა ხელმისაწვდომი.

ხმელეთითაც შესაძლებელია გადაადგილება, მაგალითად, ფინეთი პეტერბურგთან ახლოსაა ავტომანქანით გადასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ვიზაც მაქვს, ასე მარტივი არაა საზღვრის კვეთა – მიზეზი გჭირდება. უბრალოდ რომ თქვა, ტურისტულად მინდა გადმოსვლაო, ეგ აღარ ხდება. ახლა უნდა წარმოადგინო საბუთი, რომელიც ამტკიცებს, რომ იქ ოჯახის ან ნათესავების მოსანახულებლად მიდიხარ, ან სასწრაფო ბიზნესშეხვედრა გაქვს, ან ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით.

  • თქვენი აზრით, რამ შეიძლება გაზარდოს რუსეთში პროტესტი? 

უკიდურესად რთული შეკითხვაა. ახალი კანონის შემდეგ ყველაზე მოკრძალებული გზით პოზიციის გამოხატვაც კი შეიძლება ნიშნავდეს 15-წლიან პატიმრობას. არ ვიცი, რას შეუძლია დაეხმაროს ხალხს ხმის ამღებაში.

  • თქვენ ან თქვენს ოჯახს ხომ არ შეხებია დაკავებები ან მსგავსი ზომა? 

24 თებერვალს ჩემი უფროსი შვილი დააკავეს დემონსტრაციაზე. 11 საათი ჰყავდათ დაკითხვაზე. მაგრამ ეს ახალ კანონამდე იყო, ახალა არ გირჩევდით მსგავს დემოსტრაციაზე გასვლას.

  • ქვეყნის დატოვებას განიხილავთ? 

ახლა არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, განვიხილავ. საკუთარი თავის სანქცირება მიწევს, წავშალო ქსელებიდან რაღაცები, არ გავაკეთო და არ ვთქვა, რასაც ვფიქრობ. ასე ცხოვრება არ მინდა.

  • ჩვენ ვხედავთ რუსეთში იმართება ფლეშმობები და აქციები რუსეთის მოქმედებების მხარდასაჭერად, როგორ წერენ ასო Z-ს ადამიანები ეზოებსა და პარკებში. ეს ხშირია? რამდენად ბევრია ასეთი ადამიანების რიცხვი – „საბრძოლო სულისკვეთება“ იზრდება? 

პირადად მე ჯერ ვერ ვხედავ, რომ ამის მასშტაბები დიდია. მაგრამ, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მხარს უჭერენ რუსეთის მოქმედებებს და მოსწონთ ეს. მსგავსი აქციები წახალისებულია ხელისუფლების მიერ, ამიტომ მოსალოდნელია მასშტაბების გაზრდა. ჩემთვის ეს სრული საზიზღრობაა.

  • თქვენი აზრით, რა იქნება შემდეგი?

შემიძლია დავინახო, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში და ყოველი მარცხით გაბრაზებული ხელისუფლება საკუთარ ენერგიას რუსი ხალხისკენ მომართავს, დაიწყებს იმათ დასჯას, ვინც არ დაუჭირა მხარი ან უარესი – ეწინააღმდეგებოდა. ასევე გაჭირვება და გამოწვეული შედეგები მოსახლეობას შეაწუხებს, ხალხი დაიტანჯება და ამაზე ლაპარაკს დაიწყებენ, ხელისუფლებას კი მოუწევს მათი დადუმება, ამიტომ მოველი, რომ რუსეთში რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

  • არის რამე, რისი დამატებაც გსურთ?  

სიტყვებს ვერ ვპოულობ. ათი დღის წინ ვერ წარმოვიდგენდი,  ეს თუ მოხდებოდა. საშინლად სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქვეყნის ლიდერი ათობით მილიონი ადამიანის ტანჯვის მიზეზია უკრაინაში, რუსეთსა და მთელ მსოფლიოში. ეს ომი ყველას შეეხება. საშინელი განცდაა.

___

მთავარი ფოტო: წარწერა – „მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია შეხვდეს ყველას“. ამ შინაარსის წარწერა, პეტერბურგის ყველა სავაჭრო ობიექტში იმ პროდუქტებზეა გამოკრული, რომლებიც ლიმიტირებულია

უკრაინელი ქალი, რომელიც ზაპაროჟიეს ატომურ სადგურზე მუშაობდა – დევნილობა ბათუმში

„დილით მშვიდად გავიღვიძე, არ ვიცოდი, რომ ქვეყანაში ომი დაიწყო. შემდეგ მეგობარმა დამირეკა და მითხრა, თუ მესმოდა სროლების ხმა. ვუთხარი, რომ არა. 

ის მეუბნებოდა – ჩვენთან აფეთქებებია, ომი დაიწყოო. ტელევიზორი ჩავრთე და მივხვდი, რომ ომი მართლა დაიწყო“, – ასე იხსენებს კიევიდან დევნილი ნატალია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღეს. ნატალია ჟიტომირის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა პენსიაში გასვლამდე.

„პირველი, რაც გავიფიქრე, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ უნდა გავქცეულიყავი. შემდეგ კი ვიფიქრე, რომ თუ მთელი კიევი დაიძვრებოდა, გზებზე საცობები შეიქმნებოდა და მართლაც ასე მოხდა. ხალხი მთელი დღე 5-კილომეტრიან რიგში იდგა. იმასაც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა, რადგან ტელევიზიით გვარწმუნებდნენ არ ავყოლოდით პანიკას და ადგილზე დავრჩენილიყავით“, – ამბობს უკრაინიდან დევნილი ნატალია დიხტიარი, რომელიც მეუღლესთან, ვოლოდიმირ დიხტიართან ერთად ახლახან ჩამოვიდა ბათუმში.  

ის და მისი მეუღლე პენსიონერები არიან და არ მუშაობენ. ამიტომ იმ დილით, როცა ომი დაიწყო, ქალაქში გასვლას არ აპირებდნენ, სანამ მეგობარი არ ეტყოდა, რომ ომი დაიწყო.

„როცა გარეთ გამოვედი, შევშფოთდი, რადგან ქალაქი, სადაც მუდმივად ბევრი ხალხი და მანქანა მოძრაობდა, თითქოს მკვდარი იყო. არავინ იყო ქუჩაში. 

მაინც გადავწყვიტე ქუჩაში გავლა და ამ დროს საჰაერო სიგნალი ჩაირთო. საშინელმა შიშმა შემიპყრო. მივხვდი, რომ სახლამდე ვერ მივასწრებდი, პანიკური შიში დამეწყო. პანიკა მეზობლებსაც გადაედოთ. ყვიროდნენ, რომ ახლა ქალაქის ცენტრის დაბომბვას დაიწყებდნენ რუსები, სასწრაფოდ ჩავსხდეთ მანქანებში და გავიქცეთო. მეუღლემ დამშვიდება დამიწყო. მითხრა – მოდი ჩავიდეთ სარდაფში. 

ცოტა ხანში განგაში შეწყდა, მაგრამ მივხვდი, რომ დიდხანს ასე ვერ გავუძლებდი. მერე ვნახეთ უფრო საიმედო თავშესაფარი. მეორე დღეს კი, როცა უკვე აეროპორტის დაბომბვა დაიწყეს, შვილმა გვითხრა, რომ სასწრაფოდ წავსულიყავით ქალაქიდან. ყველაფერი დავყარეთ და გამოვიქეცით. 

გაგვიმართლა იმაში, რომ საცობებში არ მოვხვდით, მაგრამ გავიგონეთ ორი აფეთქება, ორი გასროლა და ახლაც კი, უბრალო ხმაურზეც შიში მიპყრობს. განგაშის სიგნალი საშინელ განცდას იწვევს ჩემში, საშინელი მდგომარეობაა“, – გვეუბნება ნატალია დიხტიარი. 

ნატალიასა და ვოლოდიმერის შვილი კიევში დარჩა. მას სამხედრო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მოხალისეა და ადამიანებს ეხმარება. 

„ძალიან ვნერვიულობთ, რადგან ზაპოროჟიეში მეგობრები და მოხუცი მშობლები დაგვრჩა. 

მათთან ერთად ჩემი ძმაა და ამით ცოტათი თავს ვიმშვიდებ, მაგრამ, როცა გავიგეთ, რომ ზაპაროჟიესთან ატომურ ელექტროსადგურზე მიიტანეს იერიში, ძალიან ვინერვიულე. მე ამ სადგურზე 20 წელი ვიმუშავე, იმ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, რომელიც რუსებმა ააფეთქეს“, – გვითხრა ნატალიამ.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადგურია და მის სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ სპეციალისტები. 

„ჩემი მეგობრები ახლაც ამ სადგურზე მუშაობენ. მათგან ვიცი, რომ ახლა სადგურზე კონტროლირებადი სიტუაციაა, მაგრამ რუსების ხელშია და ისინი შანტაჟით არიან დაკავებული. პერსონალი უკვე ათი დღეა ვერ გამოდის იქიდან. რუსებმა დაიკავეს  ჩერნობილის ელექტროსადგურიც“. 

ნატალია დიხტიარი და მისი მეუღლე კიევიდან 24 თებერვალს გამოვიდნენ და ჟიტომირის მიმართულებით გაემგზავრნენ ავტომანქანით. 

„გზად ისმოდა სროლა. გავიარეთ ხიდი, რომელიც 5 წუთის შემდეგ ააფეთქეს. გადავწყვიტეთ სამხრეთით, ხმელნიცკის მიმართულებით გვემოძრავა ყველაზე ახლო პუნქტისკენ და იქ გავათენეთ ღამე.

მეორე დღეს გვირჩიეს, რომ ჩერნიცში დავრჩენილიყავით რამდენიმე დღით, შემდეგ კი მოლდოვაში წავედით. 

ხალხი ძალიან გვეხმარებოდა. მოჰქონდათ ხილი, საკვებს გვინაწილებდნენ. მოგვიტანეს პირველადი მოხმარების ნივთები. ყველა შოკში იყო. 

გამშვებ პუნქტზე ლოიალურად გვეპყრობოდნენ, საბუთებს არც კი ამოწმებდნენ. შემდეგ რუმინეთის მიმართულებით გავემგზავრეთ. იქ რომ მივედით, მობილური ბარათები მოგვცეს, საზღვართან ბევრი ხალხი იყო. ჩვენც წაგვიყვანეს და შეგვასახლეს ბინაში. 

მეორე დილით ისევ განვაგრძეთ გზა. თურქეთისკენ ავიღეთ გეზი, იქიდან კი საქართველოში შემოვედით. 3 500 კილომეტრი ვიარეთ და ასე მოვედით ბათუმში. 

ჩვენ ქართველი რძალი გვყავს, ამიტომ წამოვედით საქართველოში. მათ პატარა ბინა აქვთ, იქ ყველანი ვერ დავეტეოდით, ამიტომ ერთმა კარგმა ადამიანმა შეგვიფარა. 

ყველგან, სადაც კი გამოვიარეთ, ყველა კარგად გვხვდებოდა. კარგად დაგვხვდნენ საქართველოშიც. ტაქსის მძღოლები ფულსაც არ გართმევენ“, – გვეუბნება ის.

ნატალია  ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებიდან მათ ჯერ არავინ დაჰკავშირებია საქართველოში. მხოლოდ მოხალისეები ეხმარებიან. „ჩვენ აქ გვყავს ნათესავები და ჯერჯერობით არ გვჭირდება დახმარება. ავიღეთ პენსიაც, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. ალბათ დაგვეხმარება საქართველოს მთავრობა“.  

ნატალია ფიქრობს, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, საფრთხე დაემუქრება სხვებსაც. 

„მთელი მსოფლიო შანტაჟის მდგომარეობაშია. მხოლოდ უკრაინით არ დასრულდება ომი, შემდეგი იქნება ბალტიისპირეთი, საქართველო, მოლდოვა“, – ამბობს ის.

___

მთავარი ფოტო: ნატალია და ვოლოდიმირ დიხტიარები

ქართული ბიზნესი რუსეთში რძის პროდუქტების გატანას არ აპირებს – რას ამბობენ კომპანიებში

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) აცხადებს, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავს“. „ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოში ყველაზე მსხვილ რამდენიმე მწარმოებელს და ჰკითხა – შეიტანენ თუ არა რუსეთში თავიანთ პროდუქციას.

შპს „ქართული რძის პროდუქტებში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე რუსეთში პროდუქციის გატანას არ გეგმავენ.

„პროდუქციის გატანას სჭირდება გარკვეული პროცედურები. რუსეთმა ამჯერად დაუშვა მხოლოდ სერტიფიცირება. თუმცა არც ამ პროცედურის გავლას ვაპირებთ. ამ ეტაპზე რუსეთში პროდუქციის იმპორტს კატეგორიულად ვეუბნებით არას“, – გვითხრა „ქართული რძის პროდუქტების“ დირექტორმა, გიორგი ლიპარტელიანმა.

რუსეთში პროდუქციის გატანაზე უარს ამბობს შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებიც“.

„ვეხმაურებით აქტუალურ თემას, რომელიც ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხება. „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს… ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იგივე პოზიცია აქვთ კომპანია „საამოშიც“.

„არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მიუღებელია პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. ჩვენ არც ვგეგმავდით და არც ვაპირებთ სამომავლოდ რუსეთში პროდუქციის გატანას. მით უმეტეს, იქ რძის პროდუქტები ჩვენთან შედარებით ისედაც იაფია. ძვირიც რომ იყოს, ასეთ ვითარებაში ექსპორტი გამორიცხულია“, – გვითხრა კომპანია „საამოს“ [ნამდვილი პროდუქტები] დირექტორმა კოტე შარვაშიძემ.

„რუსეთში ექსპორტს რაც შეეხება, ჯერ მაგის რესურსი არ გვაქვს და არც ბაზარი მაქვს იქ შესწავლილი – რა ბაზარია, მე როგორი დატვირთვა მჭირდება. სიმართლე გითხრათ, ჯერ არც მიფიქრია რუსეთში პროდუქციის გატანაზე. თან რძის პროდუქტები ისეთი ვადით არის, რომ 35 დასახელების პროდუქტიდან ალბათ 5 თუ გაუძლებს ამ ექსპორტს. მაგალითად, მაწონს ერთკვირიანი ვადა აქვს და რა რაოდენობით უნდა წავიდეს, რომ ამ გზას და ვადებს გაუძლოს. სხვები რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება რუსულ რძის პროდუქტებთან ეს კიდევ საკითხავია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ შპს „რესპუბლიკას“ [მალკო] დირექტორი დავით ფინთურია.

კომპანიას რომ რესურსი ჰქონდეს, დღეს არსებულ სიტუაციაში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაიტანდა თუ არა პროდუქციას რუსეთში? – დავით ფინთურია ამბობს: „ბორჯომი“ გადის, ღვინო გადის და პოლიტიკა მანდ ნაკლებად მაინტერესებს ზოგადად; ექსპორტზე უკრაინაშიც გავიტან სიამოვნებით და რუსეთშიც გავიტანდი“.

„არანაირ ექსპორტს რუსეთში არ ვგეგმავთ, ჯერ ერთი, მაგ დონის სიმძლავრეები ჩვენ არ გვაქვს – ამ კუთხიდან თუ გადავხედავთ, და რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. გარკვეული კი არა, მე თუ მკითხავთ, მადომინირებელი“, – ამბობს დავით კვეზერელი, შპს „რძის ლაბორატორიის“ თანადამფუძნებელი.


5 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა ქართულ კომპანიებს რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის ნება დართო.

რძის პროდუქტების მწარმოებლების თქმით, რამდენიმე თვის წინ მათ შესთავაზეს – ხომ არ გააკეთებდნენ განაცხადს რუსეთში პროდუქციის შეტანაზე და მსხვილი კომპანიები მაშინ ამას დათანხმდნენ. განაცხადიც გაკეთდა და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო ჩართული.

უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის მიერ ქართული რძის კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის უფლების მინიჭების გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.

„მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, დისტანცირდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებისგან, რომლის ლიდერებიც არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობასა და ჩადიან სამხედრო დანაშაულს უკრაინაში.“ – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს, 6 მარტს, განაცხადა, რომ ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად „2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსულ მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში.“

სააგენტო რუსეთში ქართული რძის პროდუქტების შეტანაზე – მოლაპარაკება 2020 წელს დაიწყო 

რატომ დაიშლება პუტინის რუსეთი – ინტერვიუ ბორის აკუნინთან 

რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროპაში ემიგრირებული მწერალი, ბორის აკუნინი [გრიგორი ჩხარტიშვილი] რუს ჟურნალისტთან, იური დუდთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის დაშლა პუტინის მმართველობის შედეგად შეუქცევადი პროცესია. ინტერვიუ დუდის youtube არხზე 5 მარტს გამოქვეყნდა.

 მწერალი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყებით პუტინმა საკუთარი მმართველობის დასასრული მაქსიმალურად დააჩქარა.

„პუტინის მმართველობის შედეგად რუსეთის დაშლა შეუქცევადია… ეს უზარმაზარი ქვეყანა შეიძლება იმართოს მხოლოდ ორი გზით: პირველი, როცა ძალაუფლება მკაცრად ვერტიკალურია და ყველაფერი ცენტრიდან იმართება, რეგიონებში კი თუ რამე ხდება, ეგრევე ძალადობრივი პოლიციური ძალები იგზავნება, მეორე გზა კი შეერთებული შტატების მოდელია, როცა ადგილობრივი მოსახლეობა წყვეტს, როგორ უნდა იცხოვრონ, ცენტრი კი განაგებს თავდაცვის, უსაფრთხოების, საფინანსო და მსხვილი ნაციონალური პროექტების საკითხებს.

სულ ეს ორი გზაა, ნებისმიერ სხვა რამეს კი ქვეყნის დაშლამდე მივყავართ. იყო ელცინი ხელისუფლებაში და ქვეყანამ დაშლა დაიწყო, რადგან შიში უკვე აღარ არსებობდა, გაჩნდნენ ადგილობრივი მმართველები, სეპარატისტული მოძრაობები და ცხადია, გაჩნდა სურვილი, რომ მოსკოვს ყველაფერი დაელაგებინა. შედეგად დაიწყო ჩეჩნეთის ომი. როცა ლიბერალურმა პრესამ დაიწყო ხელისუფლების დადანაშაულება ხელისუფლების სისხლით გასვრაზე, ცხადია, ხელისუფლება მართლაც სისხლში იყო გასვრილი, ამის აღსაკვეთად მიადგნენ პრესას და გააჩუმეს. მერე მიყვა სხვა თავისუფლებების აღკვეთა და ძალაუფლება ისევ ვერტიკალზე აეწყო, დიქტატურა ან მონარქია საამისოდ საუკეთესო გზაა – რუსეთში სწორედ ეს მოხდა.

როცა პუტინი აღარ იქნება (მან საკუთარი დასასრული უკრაინაში ავანტიურით ძალიან დააახლოვა), ეს ყველაფერი ჩამოიშლება. ეს შეუქცევადია. რუსეთი ისევ უნდა შევაკოწიწოთ, როგორც ნამდვილი ფედერალური სახელმწიფო, სადაც წესები საერთო იქნება, მაგრამ ყველა თავისებურად იცხოვრებს – არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ ფედერაციაში შემავალი ზოგი სუბიექტი თუ სახელმწიფო სხვაზე ნაკლებად დემოკრატიული იქნება, რომელიღაც უფრო დემოკრატიული იქნება, ვიღაცას შეიძლება შარიათის კანონებით ცხოვრება მოუნდეს და დაე, იცხოვროს, თუ მას ასე მოუნდება. ასეთ შემთხვევაში გაერთიანებული რუსეთი შეიძლება იყოს დემოკრატიული”.

კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში, ჩხარტიშვილი ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებს ასახელებს: “ობიექტური მიზეზები, ანუ ის, თუ რატომ აღარ არის რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფო და დიქტატურაში გადაეშვა, ჩემთვის გასაგებია. შემდეგ უკვე სუბიექტური ფაქტორი იწყება – პიროვნების როლი ისტორიაში. როცა რომელიღაც დიდი ქვეყანა ერთი ადამიანის განუყოფელი ძალაუფლების ხელში მოექცევა და ეს ადამიანი ძალაუფლებაში ძალიან დიდი ხანია, ის რეალობას შორდება და სიმაღლიდან იყურება. ის სამყაროს აღქმის თავისებურ სურათს ქმნის, საკუთარი გარემოცვის დამსახურებით, ექმნება წარმოდგენა, რომ უცოდველია, არ ცდება და ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის.

მეორე – მას ბედისწერასთან, ღმერთთან სხვა ტიპის ურთიერთობა ეწყობა, მირონცხებულად მიაჩნია თავი. ფაქტია, რომ (პუტინი) გარემოცვის მძევალი ხდება თითქოს, სინამდვილეში მას მართავენ ისინი, ვინც ინფორმაციას აწვდიან, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი პუტინია, რომელიც ცხოვრობს მე-20 საუკუნეში და ინტერნეტითაც კი არ სარგებლობს, ბრეჟნევისა და ჩერნენკოს მსგავსად, ინფორმაციას საქაღალდეებიდან იღებს, ამ საქაღალდეებს კი ის ადამიანები ადგენენ, რომელთაც საკუთარი ინტერესები აქვთ და თან იციან, უფროსს რა მოეწონება და რა – არა.

საბოლოო ჯამში კი, მმართველი რაღაც გამოგონილ სამყაროში ამოყოფს თავს, ასეთ სამყაროში უკრაინა წარმოუდგენია ქვეყნად, რომელიც გაჭირვებით იტანს ნეონაცისტებითა და ნარკომანებით დაკომპლექტებულ მთავრობას; სადაც უკრაინული არმია სასაცილოა და არაფრად ღირს; სადაც დასავლეთი სუსტია და ეგრევე დალპება, როგორც კი ნამდვილ ძალას იგრძნობს.

თუ ისტორიულ პარალელებს გავიხსენებთ, ყველა მმართველი ებმება ერთ ტრადიციულ მახეში – ამ მახეს “პატარა ომში გამარჯვება” ჰქვია. რუსეთის ისტორიაში ხშირად მომხდარა, როცა ქვეყანაში იწყებოდა სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, მმართველის მხარდამჭერების რიცხვი იკლებდა და ა.შ. მმართველს უჩნდებოდა ცდუნება, წამოეწყო მოკლეხნიანი, გამარჯვების მომტანი ომი. (ეგონათ), გამარჯვების შემდეგ ყველაფერი დალაგდებოდა: მტრები მოკეტავდნენ, ხალხი ტაშს შემოკრავდა: „კი, გაჭირვებულად ვცხოვრობთ, მაგრამ სამაგიეროდ დიდი ქვეყანა გვაქვს, რომელიც ყველას ამარცხებს”.

ასე მოხდა ზუსტად ნიკოლოზ მეორის დროს 1904 წელს, როცა გააცნობიერა, რომ რაღაც ვერ მიდიოდა კარგად, იწყებოდა რევოლუციური მოძრაობები და უთხრეს, რომ აგერ პატარა და სუსტი იაპონიაა და მოდი, ომი გამოვუცხადოთ. მერე, დამარცხების შემდეგ კი აცნობიერებ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გადააფასე, მოწინააღმდეგის კი სათანადო ვერ შეაფასე“.

აკუნინის აზრით, უკრაინასთან ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას მოსახლეობის განწყობების მართვას მხოლოდ პროპაგანდით ვეღარ შეძლებს, პუტინი გააღრმავეს დაშინებისა და რეპრესიების პოლიტიკას: „ყველა ვაცნობიერებთ, რომ უფულოდ დარჩენილი პუტინი, რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რეპრესიები სულ უფრო მძიმე ხასიათს მიიღებს“.

ინტერვიუში მწერალი ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობის საკითხსაც ეხება. იხსენებს, რომ 2016 წელს, საქართველოში ყოფნისას, ძალიან კარგად მიიღეს, თუმცა გოგონამ, რომელიც მწერლის მასპინძელი ღონისძიების ორგანიზატორებს ეხმარებოდა, უარი უთხრა რუსულად საუბარზე, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო: „ეს კიდევ უფრო მეტად გართულდება“, – აღნიშნა მწერალმა. 

შემოუშვით შევიწროებული რუსი ჟურნალისტები – კოალიციის მიმართვა ხელისუფლებას 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყანაში შემოუშვას პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებული რუსი ჟურნალისტები.

კოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი. ის ამ დრომდე კომენტარის და იდენტიფიცირებისგან თავს იკავებდა რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო.

დღეს, 2022 წლის 6 მარტს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ფიშმანის ოჯახი საქართველოშია, ჟურნალისტს კი არ ეძლევა შესაძლებლობა გადმოკვეთოს საზღვარი და ისევ ელოდება პასუხს საქართველოს სახელმწიფოსგან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა.

ახლახან რუსეთის ხელისუფლებამ რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას გაურთულა ომის გაშუქება. ინფორმაციის – რომელსაც კრემლი “ყალბად” მიიჩნევს – გავრცელებისთვის, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მაღალი ჯარიმით ან პატიმრობით. აღნიშნულის ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი. რუსეთში შეწყვიტეს მაუწყებლობა სხვა მედიასაშუალებებმაც, მათ შორის CNN-მა, დაიხურა Deutsche Welle-ს რუსული ბიურო. ამიტომაც, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დახმარება დასჭირდებათ სხვა რუსს ჟურნალისტებსაც.

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა მსგავსს დაბრკოლებებს რუსეთიდან ერევნის გავლით შემოსული სხვა პირები არ აწყდებიან. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა განმარტოს, თუ რა გახდა მიხეილ ფიშმანის არ შემოშვების მიზეზი.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს. განუხრელად შეასრულოს “საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ შელახოს კრიტიკული ჟურნალისტების და მათთან ერთად მყოფი პირების უფლებები“.

არა ომს – უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში [ფოტო]

უკრაინის სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს ბათუმში, ევროპის მოედანზე.

აქცია – ერთად გავაპროტესტოთ ომი უკრაინაში – დღეს, 6 მარტს, ბათუმში მცხოვრები უკრაინელებისა და ბელორუსების ორგანიზებით იმართება.

ბათუმში აქციები ომის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად 24 თებერვლიდან ყოველდღე იმართება.

უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში / 6.03.2022
უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში / 6.03.2022
უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში / 6.03.2022
უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში / 6.03.2022
უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში / 6.03.2022
უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში / 6.03.2022
უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში / 6.03.2022

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს, 6 მარტს, ვინიცას სამხედრო აეროპორტზე განხორციელდა 8 სარაკეტო თავდასხმა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.

ზელენსკის თქმით, ვინიცას აეროპორტზე სარეკეტო თავდასხმა განხორციელდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლახან [12:30] ვინიცას სამხედრო აეროპორტზე განხორციელდა 8 სარაკეტო თავდასხმა.

პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტი იქცევა სასტიკად და ცინიკურად – სრულიად განადგურებულია აეროპორტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისევ მოუწოდა პარტნიორებს დაკეტო უკრაინის საჰაერო სივრცე, რადგან ისინი ხოცავენ „ჩვენს მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს“.

___

მთავარი ფოტო: დაბომბილი აეროპორტი

ომის მოწინააღმდეგეები დღეს რუსეთში საპროტესტო აქციებს გეგმავენ

რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ომის წინააღმდეგ აქციას აორგანიზებენ. „მომისმინე. ეს არ არის ჩემი ომი. ეს პუტინისაა. ეს არ არის ჩემი რუსეთი – პუტინისაა. მე არა ვარ პუტინი… აი, ჩემი რუსეთი – არა ომს. აი ჩემი რუსები – პატიოსანი, თავისუფალი. გამოდით ომის წინააღმდეგ“, – ამ შინაარსის ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელ ტელეგრამში ვრცელდება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, „რუსეთში დღეს უკრაინის მხარდასაჭერად დიდი აქცია გაიმართება. ხალხმა უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ომს ვეწინააღმდეგებით. მთავარი აქცია მოსკოვში მანეჟის მოედანზე გაიმართება“.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია გაიმართება პეტერბურგში და ასევე ყველა სხვა დიდ ქალაქში – ქალაქების ცენტრალურ მოედანზე.

გეგმის მიხედვით აქცია უნდა დაიწყოს მოსკოვის დროით 14:00 საათზე.

პარალელურად რუსეთში გრძელდება იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც ომს აპროტესტებენ. მაგალითად, დღეს ქალაქ ომსკში რუსულმა გვარდიამ უკვე დაშალეს აქცია, რომლის მონაწილეებიც უკრაინაში ომს აპროტესტებდნენ.

მილიცია სასტიკად უსწორდება ცალკეულ ადამიანებსაც – დღეს ათზე მეტმა მილიციელმა ჯერ თოვლში დამარხა ერთი კაცი, შემდეგ კი ხელკეტებით სცემეს და წაიყვანეს.

ორგანიზატორები ითხოვენ, რომ აქციის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გაუგზავნონ მეგობრებს რუსეთში. მათი თქმით, „ეს არის ბოლო შანსი ომის შესაჩერებლად“.

ბოლო დღეებში რუსეთის დუმამ არაერთი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინასთან მიმართებაში სიტყვა „ომის“ ხსენებაც კი დასჯადი გახდა კანონმდებლობით.

ჩვენ გავუძელით და უკვე ვიცით, როგორ ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას თავიდან – ზელენსკი

„11 დღეა ვიბრძვით. თავისუფლებისთვის. სახელმწიფოსთვის. ჩვენ გავუძელით. უკვე ვიცით, როგორ ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას თავიდან”, – განაცხადა დღეს, 6 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს, 6 მარტს, უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომელიც საოკუპაციო ძალების ალყაშია, დროებითი, ე.წ. ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდა. ზავი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შევიდა ძალაში და 21:00 საათამდე გასტანს. ამ დროის განმავლობაში, მოქალაქეები შეძლებენ ქალაქის დატოვებას.

მსგავსი ზავი უნდა ამოქმედებულიყო გუშინაც, თუმცა უკრაინული მხარის თანახმად, მოწინააღმდეგემ იგი დაარღვია და ის მიმართულებები დაბომბა, რომლითაც მოსახლეობას ქალაქი უნდა დაეტოვებინა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა შეიმუშავა 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანიც რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

ამ თემაზე:

ბოლო 24 საათში უკრაინა 118 ათასმა ადამიანმა დატოვა, 11 ათასი კი დაბრუნდა

სააგენტო რუსეთში ქართული რძის პროდუქტების შეტანაზე – მოლაპარაკება 2020 წელს დაიწყო 

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად „2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში.“

5 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავს“.

„ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ცხოველური წარმოშობის პროდუქციითვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული“, – აცხადებს სააგენტო.


რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში  და მასობრივი, სასტიკი ომი წამოიწყო.

მალევე აგრესიაზე პასუხად არაერთმა სახელმწიფომ – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე ევროკავშირმა – სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის ფედერაციას მძიმე ეკონომიკური სანქციები დააკისრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალსვე განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და თქვა, რომ ეს „მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას“.

რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო პარტნიორია (2021 წელს რუსეთი მე-2 ადგილს იკავებდა როგორც საექსპორტო, ასევე საიმპორტო პარტნიორებს შორის).

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყველა პარტნიორს მოუწოდებს, შეუერთდეს სანქციების რეჟიმს.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მარტის 21 საათიდან 7 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 5-10დმ(2-3ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსი.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზის მიხედვით, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში 8 მარტს ღამით და დილით მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო ორ დღეს [9 და 10 მარტს] კი, დროგამოშვებით წვიმა; მაღალ მთაში თოვა.

 

განადგურებულია მტრის 285 ტანკი და 44 თვითმფრინავი – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული ინფორმაციით, 6 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგებია:

  • პერსონალი – 11 ათასზე მეტი ადამიანი,
  • ტანკები – 285 ერთეული,
  • BBM – 985 ერთეული,
  • საარტილერიო სისტემები – 109 ერთეული,
  • MLRS -50 ერთეული,
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 21 ერთეული,
  • თვითმფრინავი – 44 ერთეული,
  • ვერტმფრენები – 48 ერთეული,
  • საავტომობილო აღჭურვილობა – 447 ერთეული,
  • მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები – 2 ერთეული,
  • საწვავის ავზები – 60,
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე – 4.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები მუდმივად იცვლება.

რუსეთმა, თავის მხრივ, გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისთვის მიყენებულ ზიანზე, რომლის მიხედვითაც, გაანადგურეს 2200-ზე მეტი სამხედრო ობიექტი, 69 მოიერიშე მიწაზე და 24 — ჰაერში, ასევე, ასეულობით ტანკი და სამხედრო მანქანა. რუსეთს ჯერ არ განუახლებია მონაცემები თავისი დაღუპული ჯარისკაცების შესახებ. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ოფიციალური ცნობების მიხედვით, უკრაინაში დაწყებულ ომს 500-მე რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ამავე თემაზე:

ბოლო 24 საათში უკრაინა 118 ათასმა ადამიანმა დატოვა, 11 ათასი კი დაბრუნდა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი

გასულ დღე-ღამეში კოვიდის 1 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

6 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 28 პაციენტი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 17,7 პროცენტია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 204, ქვემო ქართლი – 74, შიდა ქართლი – 85, გურია – 105, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 90, კახეთი – 129, მცხეთა-მთიანეთი – 26, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

  • ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაa 54 447 საიდანაც, 2 459 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 938, აჭარაში – 221, იმერეთში – 510.
  • ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 638 პირი, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 75, იმერეთში – 122.
  • 51 988 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 6 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ- 1 625 372 , ბოლო 24 საათში – 1 700
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 554 533 , ბოლო 24 საათში – 7 002
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 366 , ბოლო 24 საათში – 28
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9 572, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 738, PCR ტესტით – 2 834
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 17,76%, ბოლო 14 დღის – 20,84%, ბოლო 7 დღის – 17,49%
  • სულ აცრილია – 2 825 833, დღიურად აცრილია – 550
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 459
Exit mobile version