მთავარი,სიახლეები

უკრაინელი ქალი, რომელიც ზაპაროჟიეს ატომურ სადგურზე მუშაობდა – დევნილობა ბათუმში

06.03.2022 • 6481
უკრაინელი ქალი, რომელიც ზაპაროჟიეს ატომურ სადგურზე მუშაობდა – დევნილობა ბათუმში

„დილით მშვიდად გავიღვიძე, არ ვიცოდი, რომ ქვეყანაში ომი დაიწყო. შემდეგ მეგობარმა დამირეკა და მითხრა, თუ მესმოდა სროლების ხმა. ვუთხარი, რომ არა. 

ის მეუბნებოდა – ჩვენთან აფეთქებებია, ომი დაიწყოო. ტელევიზორი ჩავრთე და მივხვდი, რომ ომი მართლა დაიწყო“, – ასე იხსენებს კიევიდან დევნილი ნატალია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღეს. ნატალია ჟიტომირის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა პენსიაში გასვლამდე.

„პირველი, რაც გავიფიქრე, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ უნდა გავქცეულიყავი. შემდეგ კი ვიფიქრე, რომ თუ მთელი კიევი დაიძვრებოდა, გზებზე საცობები შეიქმნებოდა და მართლაც ასე მოხდა. ხალხი მთელი დღე 5-კილომეტრიან რიგში იდგა. იმასაც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა, რადგან ტელევიზიით გვარწმუნებდნენ არ ავყოლოდით პანიკას და ადგილზე დავრჩენილიყავით“, – ამბობს უკრაინიდან დევნილი ნატალია დიხტიარი, რომელიც მეუღლესთან, ვოლოდიმირ დიხტიართან ერთად ახლახან ჩამოვიდა ბათუმში.  

ის და მისი მეუღლე პენსიონერები არიან და არ მუშაობენ. ამიტომ იმ დილით, როცა ომი დაიწყო, ქალაქში გასვლას არ აპირებდნენ, სანამ მეგობარი არ ეტყოდა, რომ ომი დაიწყო.

„როცა გარეთ გამოვედი, შევშფოთდი, რადგან ქალაქი, სადაც მუდმივად ბევრი ხალხი და მანქანა მოძრაობდა, თითქოს მკვდარი იყო. არავინ იყო ქუჩაში. 

მაინც გადავწყვიტე ქუჩაში გავლა და ამ დროს საჰაერო სიგნალი ჩაირთო. საშინელმა შიშმა შემიპყრო. მივხვდი, რომ სახლამდე ვერ მივასწრებდი, პანიკური შიში დამეწყო. პანიკა მეზობლებსაც გადაედოთ. ყვიროდნენ, რომ ახლა ქალაქის ცენტრის დაბომბვას დაიწყებდნენ რუსები, სასწრაფოდ ჩავსხდეთ მანქანებში და გავიქცეთო. მეუღლემ დამშვიდება დამიწყო. მითხრა – მოდი ჩავიდეთ სარდაფში. 

ცოტა ხანში განგაში შეწყდა, მაგრამ მივხვდი, რომ დიდხანს ასე ვერ გავუძლებდი. მერე ვნახეთ უფრო საიმედო თავშესაფარი. მეორე დღეს კი, როცა უკვე აეროპორტის დაბომბვა დაიწყეს, შვილმა გვითხრა, რომ სასწრაფოდ წავსულიყავით ქალაქიდან. ყველაფერი დავყარეთ და გამოვიქეცით. 

გაგვიმართლა იმაში, რომ საცობებში არ მოვხვდით, მაგრამ გავიგონეთ ორი აფეთქება, ორი გასროლა და ახლაც კი, უბრალო ხმაურზეც შიში მიპყრობს. განგაშის სიგნალი საშინელ განცდას იწვევს ჩემში, საშინელი მდგომარეობაა“, – გვეუბნება ნატალია დიხტიარი. 

ნატალიასა და ვოლოდიმერის შვილი კიევში დარჩა. მას სამხედრო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მოხალისეა და ადამიანებს ეხმარება. 

„ძალიან ვნერვიულობთ, რადგან ზაპოროჟიეში მეგობრები და მოხუცი მშობლები დაგვრჩა. 

მათთან ერთად ჩემი ძმაა და ამით ცოტათი თავს ვიმშვიდებ, მაგრამ, როცა გავიგეთ, რომ ზაპაროჟიესთან ატომურ ელექტროსადგურზე მიიტანეს იერიში, ძალიან ვინერვიულე. მე ამ სადგურზე 20 წელი ვიმუშავე, იმ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, რომელიც რუსებმა ააფეთქეს“, – გვითხრა ნატალიამ.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადგურია და მის სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ სპეციალისტები. 

„ჩემი მეგობრები ახლაც ამ სადგურზე მუშაობენ. მათგან ვიცი, რომ ახლა სადგურზე კონტროლირებადი სიტუაციაა, მაგრამ რუსების ხელშია და ისინი შანტაჟით არიან დაკავებული. პერსონალი უკვე ათი დღეა ვერ გამოდის იქიდან. რუსებმა დაიკავეს  ჩერნობილის ელექტროსადგურიც“. 

ნატალია დიხტიარი და მისი მეუღლე კიევიდან 24 თებერვალს გამოვიდნენ და ჟიტომირის მიმართულებით გაემგზავრნენ ავტომანქანით. 

„გზად ისმოდა სროლა. გავიარეთ ხიდი, რომელიც 5 წუთის შემდეგ ააფეთქეს. გადავწყვიტეთ სამხრეთით, ხმელნიცკის მიმართულებით გვემოძრავა ყველაზე ახლო პუნქტისკენ და იქ გავათენეთ ღამე.

მეორე დღეს გვირჩიეს, რომ ჩერნიცში დავრჩენილიყავით რამდენიმე დღით, შემდეგ კი მოლდოვაში წავედით. 

ხალხი ძალიან გვეხმარებოდა. მოჰქონდათ ხილი, საკვებს გვინაწილებდნენ. მოგვიტანეს პირველადი მოხმარების ნივთები. ყველა შოკში იყო. 

გამშვებ პუნქტზე ლოიალურად გვეპყრობოდნენ, საბუთებს არც კი ამოწმებდნენ. შემდეგ რუმინეთის მიმართულებით გავემგზავრეთ. იქ რომ მივედით, მობილური ბარათები მოგვცეს, საზღვართან ბევრი ხალხი იყო. ჩვენც წაგვიყვანეს და შეგვასახლეს ბინაში. 

მეორე დილით ისევ განვაგრძეთ გზა. თურქეთისკენ ავიღეთ გეზი, იქიდან კი საქართველოში შემოვედით. 3 500 კილომეტრი ვიარეთ და ასე მოვედით ბათუმში. 

ჩვენ ქართველი რძალი გვყავს, ამიტომ წამოვედით საქართველოში. მათ პატარა ბინა აქვთ, იქ ყველანი ვერ დავეტეოდით, ამიტომ ერთმა კარგმა ადამიანმა შეგვიფარა. 

ყველგან, სადაც კი გამოვიარეთ, ყველა კარგად გვხვდებოდა. კარგად დაგვხვდნენ საქართველოშიც. ტაქსის მძღოლები ფულსაც არ გართმევენ“, – გვეუბნება ის.

ნატალია  ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებიდან მათ ჯერ არავინ დაჰკავშირებია საქართველოში. მხოლოდ მოხალისეები ეხმარებიან. „ჩვენ აქ გვყავს ნათესავები და ჯერჯერობით არ გვჭირდება დახმარება. ავიღეთ პენსიაც, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. ალბათ დაგვეხმარება საქართველოს მთავრობა“.  

ნატალია ფიქრობს, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, საფრთხე დაემუქრება სხვებსაც. 

„მთელი მსოფლიო შანტაჟის მდგომარეობაშია. მხოლოდ უკრაინით არ დასრულდება ომი, შემდეგი იქნება ბალტიისპირეთი, საქართველო, მოლდოვა“, – ამბობს ის.

___

მთავარი ფოტო: ნატალია და ვოლოდიმირ დიხტიარები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: