მთავარი,სიახლეები

ბოლო 24 საათში უკრაინა 118 ათასმა ადამიანმა დატოვა, 11 ათასი კი დაბრუნდა

05.03.2022
ბოლო 24 საათში უკრაინა 118 ათასმა ადამიანმა დატოვა, 11 ათასი კი დაბრუნდა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 მარტს უკრაინა 118 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ამავე დღეს კი, უკრაინაში დაბრუნდა 11 ათასზე მეტი უკრაინელი.

„მადლობა იმ თანამემამულეებს, ვინც სამშობლოს მძიმე დროს დაუბრუნდა“ – აცხადებს უკრაინის შსს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის საზღვარი 13.5 ათასზე მეტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა.

მგზავრთა უმეტესობა პოლონეთის ტერიტორიაზე გადადის.

„ჩვენ ვაწარმოებთ უნგრეთთან საზღვარზე არსებული კვეთის პუნქტების გამოყენებას უფრო სწრაფი საზღვრის კვეთისთვის, ამჟამად ისინი ყველაზე ნაკლებად დატვირთულია (თითქმის ცარიელი), ასევე სლოვაკეთთან და მოლდოვასთან. დასავლეთ საზღვარზე ყველა საკონტროლო პუნქტი მუშაობს 24/7 რეჟიმში“ – აცხადებს უკრაინის შსს.

ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის საზღვარზე / ფოტო: უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი

„უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გადამზიდავი მანქანების გავლა გამარტივებული წესით ხდება. მესაზღვრეები, სხვა საკონტროლო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ასეთ საქონელზე შემოწმების ოპერაციები რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.

24 თებერვლიდან, ომის დაწყებიდან, 5 მარტამდე პერიოდში დასავლეთის სამხარეო ადმინისტრაციის მესაზღვრეებმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ნება დართო 834 ავტომანქანას და 19 სარკინიგზო ვაგონს. ტვირთი შემოდის არა მხოლოდ მეზობელი პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და უნგრეთიდან, არამედ გერმანიიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ეს ტვირთები განკუთვნილია უკრაინელი სამხედროების საჭიროებებისთვის, რომლებიც იცავენ სამშობლოს რუსი ოკუპანტებისაგან, ასევე ქალების, ბავშვებისა და მოხუცების საჭიროებებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან თავშესაფარი ეძებონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო რეგიონებში“ – აცხადებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უცხოეთიდან ქვეყნის დასაცავად 66 224 უკრაინელი დაბრუნდა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: