მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს ევროკავშირის თანხმობა განიხილოს საქართველოს მიმართვა გაწევრიანებაზე

07.03.2022
რას ნიშნავს ევროკავშირის თანხმობა განიხილოს საქართველოს მიმართვა გაწევრიანებაზე

ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს, სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ეს, განაცხადების შემდეგ, აპლიკაციების განხილვისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯია. პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

რა პროცედურები უნდა გაიაროს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანამ? – კითხვებს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე პასუხობს.

  • ბატონო ვანო, რომ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და რა პროცედურები რჩება ამის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მისაღებად?
ბევრი პროცედურაა დარჩენილი, მაგრამ ახლა, პირველი, რაც არის გასაკეთებელი, ევროკომისია, როგორც არის პროცედურით, საქართველოს ხელისუფლებას სტანდარტულად გადმოსცემს შეფასების კითხვარს, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, რამდენიმე ათასი კითხვისგან შედგება. კითხვარი აფასებს ქვეყნის მდგომარეობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეს არის პოლიტიკური მიმართულება – განსაკუთრებული აქცენტი არის პოლიტიკურ კრიტერიუმზე აღებული.
ადამიანის უფლებები, მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ძირითადი საკითხები, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღება ექნებათ გამახვილებული. მას შემდეგ, რაც საქართველო თვითშეფასებას მოამზადებს, ამ პროცესს სკრინინგი ჰქვია, შემდეგ უკვე ევროკომისია ჩაერთვება საქმეში – გადაამოწმებს ამ ინფორმაციას და დაიდება შეფასება, რამდენად უწევს ევროკომისია რეკომენდაციას ან არ უწევს საქართველოს. ალბათ, მოლდოვაზე და უკრაინაზეც იგივე გავრცელდება.
  • პროცესი რაიმე ტიპის რეკომენდაციებს ითვალისწინებს? 
შესაძლებელია იყოს ისიც, რომ ამ კითხვარის შეფასების შემდეგ კომისიას ჰქონდეს დამატებითი კითხვები საქართველოსთვის, გადმოსცეს ეს კითხვები და ამით შეაფასოს ჩვენი სიტუაცია. უარყოფითი რეკომენდაცია ნიშნავს იმას, რომ პირობითობა ჩაიდოს –  საქართველოს უთხრან, რომ გარკვეული მიმართულებები გამოასწოროს და ამის შემდეგ შეიძლება მიეცეს მას კანდიდატის სტატუსი.
  • დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში?
თუ იქნება დადებითი რეკომენდაცია, ამას შემდეგ კენჭს უყრიან წევრი ქვეყნები და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. კანდიდატობამდე ეს გზაა გასავლელი და შემდეგ კიდევ იწყება მოლაპარაკებების პროცესი. ამ წუთას ძირითადი  მიზანი არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
  • რა ვადა შეიძლება დასჭირდეს ამ ყველაფერს?
რთული სათქმელია. შემიძლია ბოსნიის მაგალითი მოგიყვანოთ, რომელმაც განაცხადი გააკეთა 2016 წლის თებერვალში, სექტემბერში მიიღო კითხვები და ორი წელი დასჭირდა პასუხების მომზადებისთვის, შემდეგ წარადგინა პასუხები. შემდეგ იყო კომისიის შეფასება, რომელიც იყო პირობითი. ბოსნიას დაევალა, გარკვეული მიმართულებებით  პროგრესი განახორციელოს, ამის შემდეგ კიდევ დაუბრუნდებიან ამ საკითხს და შეიძლება მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.
___

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი თავდაპირველად რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. განაცხადს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

როდესაც ანალოგიური მოთხოვნები საქართველოშიც გაისმა, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ემოციური აჟიოტაჟი“ იყო შექმნილი. თუმცა მცირე ხნის შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.

იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: