მთავარი,სიახლეები

84 წლის ლია ახეჯაკოვა: უკრაინელები ამას არ გვაპატიებენ

07.03.2022 • 2168
84 წლის ლია ახეჯაკოვა: უკრაინელები ამას არ გვაპატიებენ

რუსეთის სახალხო არტისტმა, ლია ახეჯაკოვამ, იუთუბზე, გადაცემაში„უთხარი გორდეევას“, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ომზე ისაუბრა. 6 მარტს გამოქვეყნებულ გადაცემაში 84 წლის მსახიობმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე ომის გამო რუსეთის დატოვებას აპირებს და უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად 10 000 დოლარი გადარიცხა.

ლია ახეჯაკოვა დიდი ხანია კრემლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ხმამაღალ კრიტიკოსებს შორისაა. ამის გამო რუსული ნაციონალისტური ჯგუფის – SERB-ის წევრები მას არაერთხელ დაემუქრნენ. „ბათუმელები“ გთავაზობთ მსახიობთან ჩაწერილი ინტერვიუს მნიშვნელოვანი მონაკვეთების თარგმანს.

„დღეს ხმას არ იღებენ ის რუსი მსახიობები, რომლებიც კიევსა და ხარკოვში სპექტაკლებს თამაშობდნენ, რომლებსაც ფილმებში იღებდნენ. ზოგი მათგანი გააზრებულად ფიქრობს, რომ ახლა ხელისუფლება უნდა დაიცვას. ვიცით, ვინც არიან ეს ადამიანები, მათი სახელები ვიცით. მათ მივმართავ, ხმა უნდა ამოიღონ არა ხელისუფლების დასაცავად, რომელიც ამ მსახიობებს რაღაც პრეფერენციებს ანიჭებს და რომელიც ასე შეუყვარდათ, არამედ უკრაინის დასაცავად. ჩვენ ყველას გვყავს იქ მეგობარი, ახლობელი და ახლა, როცა გვაჩვენებენ, როგორ გადაბუგეს ხარკოვი, ააფეთქეს სამშობიარო სახლი, შენობის სარდაფში ქალები მშობიარობენ, რაღაც საშინელ სარდაფში. როგორ შეიძლება ეს კადრები სინამდვილე არ იყოს.

დეკემბრის ბოლოს გამოვიდა ჟირინოვსკი (ახლა ძალიან ცუდადაა) და თქვა, რომ პირველ იანვარს, ღამის 4 საათზე, უნდა დავესხათ თავს [უკრაინას], ვიდრე სძინავთ და არ გამოფხიზლებულანო. ვიფიქრე, ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია?! მერე ვნახე ის საზარელი ტანკები, მთელი სამხედრო ტექნიკა ბელარუსიისკენ და დონბასისკენ მიმავალი. მერე დაიწყო ის, რასაც ესენი სამხედრო სწავლებას ეძახიან. დიდი ხანია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ბევრჯერ მინახავს ტელევიზიით ასეთი სწავლებები, მაგრამ თავიდანვე შეეტყოთ, რომ ამჯერად საქმე სწავლებით არ დასრულდებოდა.

მერე მოვისმინეთ ჩვენი „გარანტის“ (პუტინის) სიტყვა, მოხვდა ლენინს, ელცინსაც, ვნახე ნირწამხდარი, შეშინებული უშიშროების საბჭოს წევრები, ის სიტყვებიც კი დამამახსოვრდა, რომ თურმე „ნაცისტების, ნარკომანებისა და ბენდერას მხარდამჭერების ატანა უკვე შეუძლებელია“; რომ დონეცკსა და ლუჰანსკს დამოუკიდებლობა უნდა მიანიჭონ…

ამ ადამიანებს ამბიციები აქვთ, იყვნენ ხელისუფლებაში. აი, ჩვენ რომ გვქონდეს ნამდვილი და არა ფსევდოარჩევნები, იქ ეგ ადამიანები აღარ იქნებოდნენ. მაგრამ ახლა ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ფულს, პრეფერენციებს, იახტებს, ზოგჯერ კერძო თვითმფრინავებს… არ უნდათ ამ ყველაფრის დაკარგვა იმის თქმით, რომ არ უნდა დავსხმოდით თავს უკრაინას. როგორც კი პუტინს არ დაემორჩილებიან, დაკარგავენ ამ სიმდიდრეს, უფრო მეტიც, სასამართლოს წინაშე წარდგებიან იმის ბრალდებებით, თუ როგორ დააგროვეს ამხელა ქონება, იყიდეს ვილები, იახტები თვეში 100 ათასი რუბლის შრომის გასამრჯელოს პირობებში. ამიტომ არ შეუძლიათ წინააღმდეგობა, დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან სისხლის სამართლის დანაშაულით.

„საოცრად“ გონებამახვილური რამე თქვა (პუტინმა): დასავლეთი, რომელიც უკრაინას ეხმარება, სიცრუის იმპერიააო. გონებამახვილურია იმიტომ, რომ მისი ნათქვამი დასავლეთს კი არა, ჩვენ შეგვეფერება. იტყუებიან გაუჩერებლად. უფრო მეტიც „როსპოტრებნადზორი“ კონაშენკოვის (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი – რედ. შენიშვნა) გარდა, სხვის დაჯერებას გვიკრძალავს.

გამოვიდნენ დუმაში და „არდლო“ (ОРДЛО – Отдельные районы Донецкой и Луганской областей (ОРДЛО, ОРДИЛО) – დონეცკისა და ლუჰანსკის ცალკეული რაიონები – რედაქციის შენიშვნა) დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადეს და თურმე ახლა ის ჩვენი მშობლიური, ახლო სახელმწიფოა ისევე, როგორც აფხაზეთი საქართველოსთან ომის შემდეგ. საქართველო განუზომლად მიყვარს, აგერ რეზო გაბრიაძესთან, ჩემს მეგობართან, ფოტო მაქვს (კედელზე). რა აფხაზეთი? რა „არდლო”?.. საშინელებაა. არ ვიცი, ჩემი პოზიცია რამეს შეცვლის თუ არა ან დააკვირდით კოსმონავტებივით ჩაცმულ, მუზარადდახურულ პოლიციელებს, ხანდაზმულებს რომ მიწაზე ათრევენ ქვეყნის ყველა ქალაქში.

ზოგადად, ქვეყანაში ცუდად გვაქვს საქმე დანაშაულის შეგრძნებასთან დაკავშირებით: არავინ გრძნობს დანაშაულს არჩევნების გამო, რომელიც უბრალოდ ხელიდან გავუშვით – დიდი ხანია, არჩევნებზე აღარ დავდივარ – არასდროს აურჩევიათ ის კანდიდატი, რომლისთვისაც ხმა მიმიცია, არასდროს… ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე, მხოლოდ ჩვენ – არ ვიცი, როდის გავატანეთ დროს ცვლილების ბოლო შესაძლებლობა… ახლა, 21-ე საუკუნეში, ბირთვული იარაღით მუქარა, სრული არაადეკვატურობაა, ამით მუქარა საბოლოო წერტილია. არასდროს მეგონა, რომ ამას მოვესწრებოდი…

ვიცი, რაც არის მშვიდობა ომის მერე – ჭინჭრის სუპს ვჭამდით ბევრი თვე (მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ), კიდურებმოწყვეტილი ადამიანები გორგოლაჭებიანი ფიცრულით დადიოდნენ და მოწყალებას ითხოვდნენ, სხვებიც იყვნენ – „სამოვარებს“ ეძახდნენ – არც ხელები ჰქონდათ და არც ფეხები. შიმშილი, ხალხის სრული გაძვალტყავება. აი, ეს გველოდება, აი, ეს ხდება ომის შემდეგ.

მე უნდა ვისაუბრო, შეიძლება რაღაცას არც ისე გამართულად ვამბობ, მაგრამ უნდა ვილაპარაკო… რისთვის მოკვდა მანდელშტამი? ლექსების გამო:

ვარსებობთ ისე, რომ ქვეყანა ვეღარ გვიგრძნია.

ათ ნაბიჯს იქით ხმის გაწვდენა არ შეგვიძლია.

ხოლო თუ სადმე თქმა უჩუმრად არ არის ძნელი,

ისხენიება უსათუოდ კრემლის მთიელი.

(ნინო დარბაისელის თარგმანი. კრემლის მთიელში პოეტმა სტალინი იგულისხმა – რედაქციის შენიშვნა).

მან ხომ დაწერა ეს, რასაც მოჰყვა საშინელი სასჯელი – გულაგი…

უკრაინელები ამას არ გვაპატიებენ, არც მე ვაპატიებ…“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: