„ბათუმელები“ რუსეთში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა ყოფილ მედიამენეჯერს პეტერბურგიდან. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, მან გვთხოვა არ გამოვიყენოთ მისი ნამდვილი სახელი და გვარი. მასთან შეთანხმებით, სტატიაში გამოვიყენებთ პირობით სახელს – გრიშა. გრიშას შვილი ომის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს და რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც გრიშა ამბობს, ეს ახალი კანონის შემოღებამდე მოხდა და შედარებით მარტივად გადარჩნენ. ახლა ვითარება ბევრად სახიფათოა და ადამიანი შეიძლება 15 წლით დააპატიმრონ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „ომს“ თუ უწოდებს.
მკაცრად ისჯება სხვა უმნიშვნელო პროტესტიც – რუსეთის სახელმწიფო დუმამ 4 მარტს მიიღო კანონი, რომელიც „რუსული არმიის შესახებ ფეიკინფორმაციის გავრცელებისთვის“ რუსეთის მოქალაქეებს 15-წლიანი პატიმრობით ემუქრება.
- როგორც ვიცით, ომის მოწინააღმდეგეები ცდილობენ საპროტესტო აქციები გამართონ პეტერბურგსა და რუსეთის დიდ ქალაქებში, რა ვითარებაა ახლა?
დიახ, აქციებია, მაგრამ მე არ წავედი. მივიჩნიე, რომ ზედმეტად სახიფათო იქნებოდა. რაც ფოტოებიდან ჩანს, ხალხი გამოვიდა, შეიძლება თქვა, ასობით, მაგალითად, ათასზე მეტი, მაგრამ ვერ ვიტყოდი ათასობით. ახლა ყველა შეშინებულია.
ადამიანების უმრავლესობა შოკშია. რა თქმა უნდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით პოზიციები გაყოფილია. ჩემ ირგვლივ ადამიანების უმრავლესობა ეწინააღმდეგება და გაბრაზებულია რუსეთის ქმდებებზე, მაგრამ ასევე ვიცი ადამიანები, რომლებიც ემხრობიან [ომს]. ასე, რომ საზოგადოების დამოკიდებულებები ამ საკითხზე გაყოფილია. ადამიანები სიტყვიერად ებრძვიან ერთმანეთს ამ საკითხზე.
- ვრცელდება ინფორმაცია თითქოს რუსეთში ხალხმა არც კი იცის, რომ რუსული არმია კიევს ბომბავს. რამდენად მართალია ეს?
სრულიად მართალია. მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს სამთავრობო მედიაში, ხოლო კრიტიკული მედია, რომელიც ამაზე საუბრობდა, ახალი კანონის მიღების შემდეგ ან აკრძალულია, ან მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას დაწერონ და გააშუქონ ამ საკითხზე მთავრობის პოზიციისგან განსხვავებული ნებისმიერი რამ.
სიმართლის თქმისთვის ადამიანებსა და ორგანიზაციებს ემუქრება უზარმაზარი ჯარიმები ან უარესი – პატიმრობა.
ახლა რუსეთში ყოფნა უსაფრთხოა თუ ჩუმად იქნები. თუ ხმას ამოიღებ და საჯაროდ იტყვი რამეს, რაც თუნდაც ცოტათი განსხვავდება ხელისუფლების ხედვისგან, ეს უკვე ძალიან სახიფათოა ახალი კანონიდან გამომდინარე.
- რამდენად რეალურია, რომ რუსები მასობრივად მიდიან ფინეთში, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში?
რეალურია. ბევრი ჩემი ნაცნობი მსჯელობს, როგორ დატოვონ ქვეყანა. განიხილება სხვადასხვა მიმართულება – საქართველო, სომხეთი, პორტუგალია, ფინეთი… ნებისმიერი შესაძლებლობა განიხილება. ხალხი და მათ შორის მეც, ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა განწირულია მრავალი წლით მორალის, ბიზნესის, ეკონომიკის და ბევრი სხვა მიმართულებით.

წარწერა პეტერბუგის სუპერმარკეტებში, სხვადასხვა პროდუქტზე
- ვინ ცდილობს ქვეყნის დატოვებას – ვინც ომს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ უსაფრთხო არაა რუსეთში ყოფნა, თუ ისინიც, ვინც სანქციებსა და მოსალოდნელ სიღარიბეს გაურბიან?
ორივე. ეს მიზეზები შეიძლება ერთდროულადაც ჰქონდეთ. მაგალითად, მედიაორგანიზაციებისთვის სრულიად სახიფათოა აქ დარჩენა და მათ აქვთ წმინდად უსაფრთხოების მიზეზები ქვეყნის დასატოვებლად. მაგალითად, „დოჟდი“ და „ეხო მასკვა“ – ამ ორგანიზაციების ჟურნალისტები გარბიან, მათთვის აქ დარჩენა სახიფათოა.
- მოიაზრებენ თუ არა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად ადამიანები, რომლებიც უსაფრხოების მიზეზებით ცდილობენ ქვეყნის დატოვებას?
დიახ. ისინი მიიცნევენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნაა, სადაც შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობაც.
- როგორც ვიცით, რიგი სოციალური ქსელები დაიბლოკა რუსეთში. საიდან იღებთ და ცვლით კრიტიკულ ინფორმაციას?
დიახ, დაბლოკილია, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი. ასევე შეფერხებით მუშაობს იუთუბი. პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ვიღებთ ტელეგრამის სხვადასხვა არხის მეშვეობით. რა თქმა უნდა, ამ არხებს მართავენ ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან რუსეთში და არიან, მაგალითად, უკრაინაში, ევროპაში ან სხვაგან. ჯერ კიდევ შეგვიძლია წვდომა გვქონდეს ფეისბუქზე VPN-ის გამოყენებით. მაგალითად, მე მაქვს ეს აპლიკაცია, რომლის ტექნოლოგიაც შესაძლებელს ხდის რუსეთში აკრძალულ ქსელებზე შესვლას. შესაბამისად, მე ვიგებ სიახლეებს ფეისბუქიდანაც. ასევე აპლიკაციების გამოყენებაც შეიძლება, მაგალითად, BBC-ის და სხვა დაბლოკილი მედიების აპლიკაციები ჯერ კიდევ მუშაობს VPN-ის გამოყენებით.
- გავრცელდა ფოტოები, რომ სუპერმარკეტებში სასურსათო და სხვა პროდუქტებზე ლიმიტებია დაწესებული. რამდენად შეესაბამება ეს სიმართელს?
დიახ, სიმართლეა. დიდი სუპერმარკეტების ქსელებში დაწესებულია ლიმიტები სხვადასხვა ტიპის პროდუქტზე – პამპერსები, მაკარონი, შაქარი, მარილი… ასობით დასახელების პროდუქტზეა ლიმიტები. სალაროსთან გიმოწმებენ, რომ ერთმა ადამიანმა არ შეიძინოს დაწესებულ ლიმიტზე დიდი ოდენობით ესა თუ ის პროდუქტი. ეს ადამიანზე ვრცელდება და ჯერჯერობით შესაძლებელია, რომ მაგალითად ოჯახიდან რამდენიმე წავიდეს საყიდლებზე, ან ერთმა ადამიანმა სხვადასხვა სუპერმარკეტში იყიდოს ესა თუ ის პროდუქტი, ან თუნდაც გავიდეს და რამდენიმე წუთის შემდეგ თავიდან იყიდოს იმავე სუპერმარკეტში.
- რაც შეეხება ნაღდ ფულს, რამდენადაა შესაძლებელი თანხის განაღდება?
ფულის განაღდება ძალიან გართულდა. ბანკომატებთან უზარმაზარ რიგში გიწევს დგომა. ზოგ ბანკს ლიმიტები აქვს – თანხის რაოდენობაზე, განაღდების სიხშირესა და ვადებზე. ასე, რომ ძალიან გართულდა.
- რა ინფორმაცია ვრცელდება რუსული არმიის დანაკარგებზე?
თითქმის არანაირი. როგორც გითხარით, მედია სრულიად კონტროლდება, რასაც სამთავრობო მედია წერს ომის… არა, ომს არ ეძახიან, რა თქმა უნდა, სპეცოპერაციის თანმდევი მსხვერპლია 500 და ხანდახან ვრცელდება ინდივიდუალური ცნობები ამა თუ იმ სამხედროს გარდაცვალებაზე სხვადსხვა რეგიონში. რასაკვირველია ნამდვილი დანაკარგები არის ბევრად მეტი, უზარმაზარი.
- საერთაშორისო მოგზაურობაზე ხომ არ არის რამე შეზღვუდვები?
სახელმწიფოს მხრიდან არა, მაგრამ შეზღუდვები ბუნებრივად ხდება, რადგან, მაგალითად, რუსულ თვითმფრინავებს აღარ შეუძლიათ საზღვარგარეთ გაფრენა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იმოგზაუროთ უცხოური ავიახაზებით, მაგრამ მათი თვითმფრინავების ნაწილიც გაჩერებულია – უმრავლესობა ეკუთვნის ამა თუ იმ რუსულ კომპნაიას და საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში შეიძლება დაყადაღება შეეხოთ. შეზღუდვა გამოიხატება იმაში, რომ საზღვარგარეთ წასვლის გზები შემცირდა და თვითმფრინავის ბილეთის ფასები კატასტროფულად გაიზარდა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღარაა ხელმისაწვდომი.
ხმელეთითაც შესაძლებელია გადაადგილება, მაგალითად, ფინეთი პეტერბურგთან ახლოსაა ავტომანქანით გადასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ვიზაც მაქვს, ასე მარტივი არაა საზღვრის კვეთა – მიზეზი გჭირდება. უბრალოდ რომ თქვა, ტურისტულად მინდა გადმოსვლაო, ეგ აღარ ხდება. ახლა უნდა წარმოადგინო საბუთი, რომელიც ამტკიცებს, რომ იქ ოჯახის ან ნათესავების მოსანახულებლად მიდიხარ, ან სასწრაფო ბიზნესშეხვედრა გაქვს, ან ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით.
- თქვენი აზრით, რამ შეიძლება გაზარდოს რუსეთში პროტესტი?
უკიდურესად რთული შეკითხვაა. ახალი კანონის შემდეგ ყველაზე მოკრძალებული გზით პოზიციის გამოხატვაც კი შეიძლება ნიშნავდეს 15-წლიან პატიმრობას. არ ვიცი, რას შეუძლია დაეხმაროს ხალხს ხმის ამღებაში.
- თქვენ ან თქვენს ოჯახს ხომ არ შეხებია დაკავებები ან მსგავსი ზომა?
24 თებერვალს ჩემი უფროსი შვილი დააკავეს დემონსტრაციაზე. 11 საათი ჰყავდათ დაკითხვაზე. მაგრამ ეს ახალ კანონამდე იყო, ახალა არ გირჩევდით მსგავს დემოსტრაციაზე გასვლას.
- ქვეყნის დატოვებას განიხილავთ?
ახლა არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, განვიხილავ. საკუთარი თავის სანქცირება მიწევს, წავშალო ქსელებიდან რაღაცები, არ გავაკეთო და არ ვთქვა, რასაც ვფიქრობ. ასე ცხოვრება არ მინდა.
- ჩვენ ვხედავთ რუსეთში იმართება ფლეშმობები და აქციები რუსეთის მოქმედებების მხარდასაჭერად, როგორ წერენ ასო Z-ს ადამიანები ეზოებსა და პარკებში. ეს ხშირია? რამდენად ბევრია ასეთი ადამიანების რიცხვი – „საბრძოლო სულისკვეთება“ იზრდება?
პირადად მე ჯერ ვერ ვხედავ, რომ ამის მასშტაბები დიდია. მაგრამ, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მხარს უჭერენ რუსეთის მოქმედებებს და მოსწონთ ეს. მსგავსი აქციები წახალისებულია ხელისუფლების მიერ, ამიტომ მოსალოდნელია მასშტაბების გაზრდა. ჩემთვის ეს სრული საზიზღრობაა.
- თქვენი აზრით, რა იქნება შემდეგი?
შემიძლია დავინახო, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში და ყოველი მარცხით გაბრაზებული ხელისუფლება საკუთარ ენერგიას რუსი ხალხისკენ მომართავს, დაიწყებს იმათ დასჯას, ვინც არ დაუჭირა მხარი ან უარესი – ეწინააღმდეგებოდა. ასევე გაჭირვება და გამოწვეული შედეგები მოსახლეობას შეაწუხებს, ხალხი დაიტანჯება და ამაზე ლაპარაკს დაიწყებენ, ხელისუფლებას კი მოუწევს მათი დადუმება, ამიტომ მოველი, რომ რუსეთში რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება.
- არის რამე, რისი დამატებაც გსურთ?
სიტყვებს ვერ ვპოულობ. ათი დღის წინ ვერ წარმოვიდგენდი, ეს თუ მოხდებოდა. საშინლად სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქვეყნის ლიდერი ათობით მილიონი ადამიანის ტანჯვის მიზეზია უკრაინაში, რუსეთსა და მთელ მსოფლიოში. ეს ომი ყველას შეეხება. საშინელი განცდაა.
___
მთავარი ფოტო: წარწერა – „მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია შეხვდეს ყველას“. ამ შინაარსის წარწერა, პეტერბურგის ყველა სავაჭრო ობიექტში იმ პროდუქტებზეა გამოკრული, რომლებიც ლიმიტირებულია






