რუსული მედიის ცნობით, 2026 წლის ივნისში რუსეთმა ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა.
„ვედომოსტი“ ფასების ინდექსის ცენტრის (PIC) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 1-დან 25 ივნისის ჩათვლით ბელარუსიდან რუსეთში 141 000 ტონა საწვავი იმპორტირება მოხდა, რაც მთელი მაისის განმავლობაში მიწოდებულ მოცულობაზე 2.4-ჯერ მეტია. 2025 წლის ივნისში ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი მხოლოდ 1000 ტონას შეადგენდა.
PIC-ის მონაცემებით, ბელარუსმა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი საწვავი რუსეთში გადაამისამართა.
თუმცა ეს სრულად ვერ დაფარავს ბენზინის დეფიციტს რუსეთში.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, რუსეთი იძულებულია სხვა ქვეყნებიდან მეტი საწვავი შეიძინოს. რუსულ მედიაში წერენ, რომ ქვეყანამ ინდოეთიდან ბენზინის იმპორტი დაიწყო და ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს ყაზახეთთან.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები შესრულდება თელ-ავივიდან.
ფრენებს ავიაკომპანია Oneclick Airways-ი შეასრულებს Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით.
„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, თელ-ავივივიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა უკვე განხორციელდა. ასევე, მომდევნო კვირიდან, Oneclick Airways-ი თელ-ავივის მიმართულებით იფრენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.
რაც შეეხება ფასებს, ავიაკომპანიის ვებგვერდის თანახმად, თელ-ავივიდან ბათუმამდე ფრენის ფასი 260-300 აშს დოლარია, ხოლო თელ-ავივიდან თბილისამდე – 150-240 აშშ დოლარი.
ავიაკომპანია ბათუმში კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს ავიარეისებს, ხოლო თბილისიდან – ორშაბათს და პარასკევს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ, სხვადასხვა დროს, თურქეთის – ერთი და ისრაელის 3 მოქალაქე დააკავა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით.
შს-ს ცნობით, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მდმა“, „მარიხუანა“ „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და, ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა, ზოგან – ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 7 ივლისს მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 409 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 081ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 24 878 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 45 388 ერთეული [+63]
MLRS – 1 916 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 470 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 390 738 ერთეული [+1 628]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 821 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 116 106 ერთეული [+462]
სპეცტექნიკა – 4 385 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 847 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში სამხედრო-საზღვაო აკადემიის დაარსებას აანონსებს.
ამის შესახებ მან უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენი საზღვაო ძალებისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, გადავწყვიტე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარება – ჩვენი ოდესის განვითარება – ოდესაში ჩვენი საკუთარი ძლიერი, ახალი სამხედრო-საზღვაო აკადემიის შექმნა.
ვიცი, რომ ჩვენს საზღვაო ძალებს აქვთ ასეთი საჭიროება, პოტენციალი და, რაც მთავარია, ჩვენი კურსანტების, ჩვენი ახალგაზრდების სურვილი, ემსახურონ და დაიცვან უკრაინა“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გააკეთეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა:
რუსეთმა წააგო შავი ზღვა და კუნძულ ზმეინისგათავისუფლებიდან დაწყებული, რუსული ფლოტის, პორტებისა და საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ჩვენს ყირიმში მიმდინარე ოპერაციებით გაგრძელებული, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შავი და აზოვის ზღვების სივრცე რუსეთისთვის ნამდვილად არ იქნება მშვიდი ადგილი“.
_______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO
„განათლება, როგორც სოციალური უფლება და საზოგადოებრივი სიკეთე სამართლიანი აწმყოსა და მომავლისთვის“ – ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს, 4 ივლისს, ბათუმში, ფორუმი განათლების პოლიტიკის შესახებ, რომლის ორგანიზატორიცაა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის.
ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიები თემებზე: განათლების გამოწვევები ბათუმსა და აჭარაში; სად დგას დღეს განათლების სისტემა საქართველოში და რა საფრთხეს უქმნის მას „ოცნების“ პოლიტიკას; როგორი უნდა იყოს განათლება საქართველოში და ა.შ.
დისკუსიის მომხსენებლები და მონაწილეები არიან მასწავლებლები, ლექტორები, განათლების მკვლევრები და ჟურნალისტები. ფორუმი ღიაიყო ყველა დაინტერესებული პირისათვის.
„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ 2025 წლის 17 თებერვალს დაარსდა. ეს მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიაა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, ლევან ურიდია, გაბრიელა კვაჭანტირაძე და სალომე გეგეშიძე მაუწყებელს სასამართლოში უჩივიან და გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ – წერს „მედია ჩექერი“.
აჭარის მაუწყებლიდან ჟურნალისტები ერთი თვის წინ გაათავისუფლეს – 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათი სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია გახდა.
ჟურნალისტებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელებით უკვე მიმართეს. მათ ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლო და დაუსაბუთებელი უწოდა.
„…გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება“ – ნათქვამი ქარტიის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ 2 ივნისს გაავრცელა.
დღეს, 4 ივლისს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობტერმინალზე მიიტანეს იერიში.
სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბეგლოვმა, მოსახლეობას ურთია სახლში დარჩენა მანამ, სანამ დრონების საფრთხე არ მოიხსნება. ასევე, მან მოსახლეობა მობილური ინტერნეტის შესაძლო შეფერხების შესახებ გააფრთხილა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე 72 დრონი ჩამოაგდეს.
ამავე დროს, ტელეგრამზე ვრცელდება სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი ნავთობტერმინალის მახლობლად გაჩენილი მასშტაბური ხანძრის კადრები.
თავდასხმა დაადასტურა ოფიციალურმა კიევმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუქზე წერს, რომ ამჯერად დარტყმები საზღვრიდან 850 კილომეტრზე მეტ მანძილზე განხორციელდა.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა პორტის ნავთობის ინფრასტრუქტურა დაბომბეს, საიდანაც რუსული ომისთვის ფული იშოვება. ასევე, დარტყმები განხორციელდა კრონშტადტზე – მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეზე“ – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელებში და თავდასხმის ვიდეოს ავრცელებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი პირის მიმართ) წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 408 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 074 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 869 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 45 325 ერთეული [+100]
MLRS – 1 913 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 469 ერთეული [+6]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 389 110 ერთეული [+1 768]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 815 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 115 644 ერთეული [+407]
სპეცტექნიკა – 4 385 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 847 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
მოქალაქეების ცემაში ბრალდებული 3 პოლიციელიდან სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთი – მიხეილ ჯინჭარაძე დაესწრო, ისიც დისტანციურად, ირაკლი კაციტაძემ და ბექა კუხალაშვილმა კი, მოსამართლეს აცნობეს, რომ პროცესზე დასწრების სურვილი არ აქვთ.
3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მოძალადე პოლიციელების საქმეზე“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ ისეთი შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმის განხილვა შემდეგ სხდომაზე დასრულდება, თუ მანამდე საპროცესო შეთანხმება არ შედგა.
საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“ – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.
პროკურატურის ვერსიით, „2022 წლის 2 ივლისს შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები – პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.“
3 ივლისს სხდომა დაგვიანებით დაიწყო – ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ დაიგვიანა.
„მაპატიეთ დაგვიანება, მაგრამ მანქანა ვერსად გავაჩერე, მერე მომადგა პატრული, მთელი ამბავი იყო,“ – მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს დარბაზში შემოსვლისთანავე ნახევრად ირონიით მიმართა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ.
„ორმა ბრალდებულმა სხდომაზე დასწრება არ ისურვა, წარმოდგენილია ოქმები,“ – ამ დროს მოსამართლეს ოქმები გადააწოდა სხდომის მდივანმა.
„ვიყენებ ჩემს უფლებას, არ გამოვცხადდე სასამართლოში…“ – დაპატიმრებული პოლიციელის, ირაკლი კაციტაძის ოქმი სრულად ჩაიკითხა მოსამართლემ და იქვე აღნიშნა, მეორე ბრალდებულს, ბექა კუხალაშვილს ახსნა-განმარტების გარეშე უთქვამს უარიო.
„თქვენ ხომ კარგად გესმით ჩვენი ხმა?“ – დარბაზში დისტანციური ჩართვისთვის განკუთვნილ ეკრანს გახედა მოსამართლემ.
„დიახ, მესმის,“ – თქვა ბრალდებულმა მიხეილ ჯინჭარაძემ. მოსამართლემ მას ბრალი გააცნო და განუმარტა, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გელითო.
„დუმილის უფლებას ვიყენებ, პატივცემულო მოსამართლევ,“ – გაისმა ბრალდებულების პოზიცია, როცა მას მოსამართლემ ჰკითხა, თავს თუ ცნობდა დამნაშავედ.
სამივე ბრალდებული რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. პროცესზე მიხეილ ჯინჭარაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ სტუდენტია. იგი 29 წლისაა.
ბრალდებული ბექა კუხალაშვილი კი, რომელიც ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, როცა ქობულეთის პოლიციის შენობაში მივლინებით მყოფმა სავარაუდოდ მოქალაქეები აწამა, ზუსტად 20 წლის ყოფილა დანაშაულის ჩადენის დროს – 2022 წელს.
მოსამართლე დაინტერესდა, განიხილება თუ არა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება. არაო, მოკლედ უპასუხა მოსამართლეს პროკურორმა აკაკი მოქერიამ და მერე შესავალი სიტყვა თქვა.
პროკურორის თქმით, ამ ფაქტის შესახებ დანაშაულის ჩადენიდან 3 წლის შემდეგ გახდა ცნობილი შსს-ს გენინსპექციისთვის, გამომძიებელს დისკი მიაწოდეს ჩანაწერებითო. პროკურორმა დეტალურად აღწერა ის, რაც ვიდეოში ვნახეთ: „თავი მიარტყმევინა კედელს“, „მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში“, „ფეხები ურტყეს“…
პროკურორის თქმითვე, პოლიციელები თავად იღებდნენ ძალადობის ამ შემთხვევას მობილური ტელეფონით.
ადვოკატმა დავით ბრეგვაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი კაციტაძე და ბექა კუხალაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობენ. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდება ეფუძნება მხოლოდ „გაურკვეველი წარმოშობის ვიდეო ჩანაწერს“. ამიტომა, იგი ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.
საუბარია ექსპერტიზაზე, რომლითაც უნდა დადგინდეს: ნამდვილად არიან თუ არა ბრალდებულები ის პირები, რომლებიც ძალადობის ამსახველ ვიდეოში ვნახეთ.
„გაურკვეველია, საიდან მოვიდა ეს ჩანაწერი. მეც იგივე პოზიცია მაქვს,“ – პროკურორს გამოხედა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ. იგი მიხეილ ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს.
შესავალი სიტყვების შემდეგ ადვოკატმა დავით ბრეგვაძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა: უდავოდ მივიჩნიოთ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უმრავლესობა, მათ შორის, დაზარალებულების ჩვენებებიო. ადვოკატებმა მოითხოვეს, ამ საქმეზე მხოლოდ გენინსპექციის თანამშრომელი დაიკითხოს, ვიდეო ჩანაწერი გამოიკვლიონ და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჯერ მზად არ არის.
„ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა არ მოხდება, მოწმეებს ვეღარ დავკითხავთ“, – მოსამართლემ დისტანციურად სხდომაზე ჩართულ ბრალდებულს განუმარტა, რა ხდება ამ დროს, როცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მხარეები უდავოდ მიიჩნევენ.
ბრალდებული ადვოკატს დაეთანხმა.
პროკურორი აკაკი მოქერია და ადვოკატი ირაკლი ფაღავა
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ განიხილა აღკვეთი ღონისძიების საკითხიც, თუმცა მოსამართლემ სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. აქ ბრალდებულმა მიხეილ ჯინჭარაძემ დუმილი დაარღვია და მოსამართლეს უთხრა: „დაზარალებულებს პრეტენზია არ აქვთ…“
„ეს შემდეგ გამოვიყენოთ“, – ხმამაღალი შეძახილით შეაჩერა ბრალდებული ადვოკატმა, ირაკლი ფაღავამ.
დაზარალებულების პრეტენზიის არქონის დადასტურებას ადვოკატები ძირითადად იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ბრალდებულები ბრალის აღიარებას აპირებენ და შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების მიღწევას.
„არ ვიცით, ბრალდების მხარე თუ წამოვა საპროცესოზე. ვფიქრობ, მისაღებია საპროცესო შეთანხმება, მაგრამ ამ ეტაპზე ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე არ საუბრობს,“ – გვითხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ფაღავამ.
ანუ ბრალდებულები ბრალის აღიარებას აპირებენ? – ვკითხეთ ადვოკატს.
„აღირებენ, რა თქმა უნდა, თუ ამას ექსპერტიზა დაადასტურებს. ჩემი სტრატეგია არის საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ეს ჩემი პოზიციაა, როგორც ადვოკატის, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ვნახოთ, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებენ, შემდგომში გვიჩვენებს პროცესი,“ – დასძინა ირაკლი ფაღავამ.
როცა პროკურატურა ადასტურებს იმას, რომ პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით სცემეს მოქალაქეებს, რა სამართლებრივი ლოგიკით მიიჩნია პროკურატურამ, რომ საქმე გვაქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ძალადობით და არა წამებასთან? – კითხვები დავუსვით პროკურორ აკაკი მოქერიას პროცესის შემდეგ.
„ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებით, მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულებისგან მოწოდებული ინფორმაციით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი, ხანგრძლივობა, ინტენსივობა არ იძლეოდა წამების, არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაციის შესაძლებლობას. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ძალადობით,“ – აღნიშნა პროკურორმა.
მას პროცესზე ნათქვამი მისივე სიტყვები გავახსენეთ, მაგალითად, როცა თავად გააჟღერა, როგორ არტყმევინეს მოქალაქეს პოლიციელებმა თავი კედელზე, მუშტები ჩაარტყეს მუცელსა და თავში, ფეხები ურტყეს…
„ამ დროს სილის გაწვნა არის აჭარის პროკურატურისთვის პოლიციელზე თავდასხმა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ეს ქმედებები არაა წამება?“ – ვკითხეთ პროკურორს.
„დაზარალებულები განმარტავენ, რომ მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მიუღიათ დაზიანებები, არ მიუმართავთ სამედიცინო დაწესებულებებისთვის. მათ სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ იყო. ამბობენ, რომ მხოლოდ მათ მიიღეს ფიზიკური ტკივილი,“ – ასეთია პროკურორ აკაკი მოქერიას პასუხი.
პროკურატურის ლოგიკით რანაირად გვაქვს საქმე უფლებამოსილების გადამეტებასთან, როცა ამ პოლიციელებს არანაირი უფლებამოსილება არ ჰქონიათ ძარცვის მუხლით 2022 წელს დაწყებულ გამოძიებაში? – პროკურორ აკაკი მოქერიას თქმით, უბნის ინსპექტორების ფუნქცია იყო „პიროვნების დადგენა“ და ამიტომ აღმოჩნდნენ ისინი დაზარალებულებთან.
„მათი ფუნქცია იყო ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება. იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ძარცვის დანაშაულის ჩამდენის პირების დადგენა და შემდგომში მათი დაკავება,“ – ამბობს პროკურორი აკაკი მოქერია.
პროკურატურისვე თქმით, მოქალაქეებს, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს, საბოლოოდ, არ მიუციათ აღიარებითი ჩვენება და 2022 წლის ძარცვის საქმეზე სრულიად სხვა პირი მიეცა პასუხისგებაში.
სამი პოლიციელიდან ორს გამოძიების დაწყების შემდეგ – 2026 წლის 5 და 6 თებერვალს დაუტოვებია პოლიცია თავისივე სურვილით, ერთს კი, 2024 წელს.
მთავარ ფოტოზე: კადრები მოქალაქეებზე პოლიციელების ძალადობის ამსახველი ვიდეომასალიდან.
დღეს, 3 ივლისს, 2026 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში გადასული მასწავლებლები დასახელდნენ.
ათეულის წევრები არიან:
ცოტნე გვაჯაია – ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის კომპიტერული ტექნოლოგიების პედაგოგი;
არჩილ თოდუა – ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
მარიამ კვაჭაძე – დუშეთის სოფელ შუაფხოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დავით მალაზონია – თანამედროვე განათლების აკადემიის, ისტორიის მასწავლებელი;
მაგდა მიქაბერიძე – თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელი;
ეკატერინე ჩიქოვანი – თბილისის საერთაშორისო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მადონა წერედიანი – მესტიის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დავით ჯანდიერი – თბილისის, ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის, მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს-სკოლის ბიზნესისა და სამოქალაქოს მასწავლებელი;
ირინა ჯვარშეიშვილი – თბილისის 182-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
ლაურა ჯიმშელეიშვილი – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
ხუთეული, ანუ ფინალისტები სექტემბერში გამოვლინდებიან, 5 ოქტომბერს კი, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, დასახელდება ერთი გამარჯვებული.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. დასაჩუქრდებიან ფინალისტებიც.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან არსებობს. ჯილდოს დაწესების მიზანი შემოქმედებითი და პროფესიონალი მასწავლებლების გამოვლენაა. ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაც.
ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
სკოლის ფორმები, რომელსაც წელს საქართველოს საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ჩააცმევენ, პოლიესტერისგან იქნება შეკერილი. ამის შესახებ „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა 1 ივლისს.
მისი თქმით, პოლიესტერი საერთაშორისო პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება, უნარჩუნებს ფორმას მოქნილობას, მის ცვეთას ამცირებს და ამავე დროს – ყველა ფორმას აქვს ანტიალერგიული სარჩული.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფორმა არ იქნება მხოლოდ პოლიესტერისგან, „იქ არის სხვადასხვა კონცენტრაციები ბუნებრივ მასალებთან ერთად“ და ეს არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი.
გივი მიქანაძის თქმით, ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს, რომელმაც პირველი ნიმუშები წარმოადგინა უკვე, ხოლო ფორმების ხარისხს საქართველოში შეამოწმებენ.
გივი მიქანაძემ ასევე თქვა, რომ ოჯახები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავთ პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლე შვილი/შვილები, ფორმას უფასოდ მიიღებენ.
რაც შეეხება სკოლის ფორმების ფასს, მიქანაძის თქმით, ფორმის ფასი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და იქნება კერძო სკოლების ფორმებზე იაფი.
გივი მიქანაძემ თქვა, რომ აპირებენ სკოლის ყველა საფეხური მოიცვან, ეტაპობრივად.
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს.
საჯარო რეესტრის მიხედვით შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე და დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია.
„საგანმანათლებლო რესურსებს“ ფორმების შესაძენად 45 658 840 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მისცა.
1 ივლისს, თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა, რომელმაც 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა და ტექნოლოგიური კომპანიები, ინოვატორები, ტექ პროფესიონალები და ბიზნეს ლიდერები გააერთიანა.
კონფერენციის მთავარი თემა იყო – „Big Tech. Global Legends. One Future“ და ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI), კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიტიკის (Data & Analytics), ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (Cloud Technologies), ინფრასტრუქტურის, DevOps-სა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს.
მთავარი სცენა, ტექნოლოგიური სცენა და სამუშაო სესიების სცენა – ასეთმა მრავალფორმატიანმა პროგრამამ მონაწილეებს საშუალება მისცა, ინტერესებისა და პროფესიული საჭიროებების შესაბამისად აერჩიათ როგორც სტრატეგიულ და ბიზნეს საკითხებზე ფოკუსირებული გამოსვლები, ისე – სიღრმისეული ტექნიკური სესიები და პრაქტიკული ვორკშოპები.
მთავარი სცენიდან, თიბისისტექპროფესიონალებმა – გიორგივარამიშვილმა, შოთაიორამაშვილმა, ჯუბოფალელაშვილმადანიკაჟორდანიამ აუდიტორიას გაუზიარეს თუ როგორ იქმნება ინოვაციები თიბისიში და როგორ პასუხობს დიდი კომპანია სხვადასხვა ტექნოლოგიურ გამოწვევებს.
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების – NVIDIA, Google, Amazon, Microsoft, Google Cloud, AWS წარმომადგენლებმა კი, დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარეს.
თიბისი, როგორცყველაზეტექნოლოგიურიბანკიცენტრალურდააღმოსავლეთევროპაში, მუდმივად უწყობს ხელს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას.
Change Inspire-ის მხარდაჭერა თიბისისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მხარი დაუჭიროს იმ პროფესიული საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალს ქმნის.
„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელად ალექსანდრე ქაჯაია დანიშნეს.
ის 2 ივლისს წარადგინეს ამ სამსახურში.
ქაჯაიას შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში მხოლოდ ის წერია, რომ ამ პოსტზე დანიშვნამდე ალექსანდრე ქაჯაია „სხვადასხვა საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებდა“, თუმცა არ აკონკრეტებენ სად, რომელ უწყებებში.
თუმცა არც Google-ის საძიებო სისტემაში იძებნება მის შესახებ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ერთადერთი უწყება, რომელიც ამ რელიზშია მითითებული, საქართველოს პარლამენტია. სადაც ქაჯაია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ყოფილა.
„ახალგაზრდობის სააგენტო რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. თავდაპირველად ის კულტურის სამინისტროს ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებდა, 2023 წელს კი განათლების სამინისტროს შეუერთეს.
სააგენტო პერიოდულად კონკურსებს სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სხვადასხვა აქტივობებისთვის, თუმცა ვინ დააფინანსეს და რისთვის, ამის შესახებ ორგანიზაციას ინფორმაცია 2022 წლის შემდეგ არ განუახლებია.
2026 წელს სულ რაღაც 7 ამბავი აქვთ სიახლეებში ატვირთული და აქედან ერთ-ერთი, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაა.
„ოცნების“ მთავრობა მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის საკითხს კვლავ დაუბრუნდა. ჭოროხზე ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.
ამჯერად „ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის/მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი 5,5 მილიონი ლარით გამოაცხადა.
საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით:
„პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში არსებული ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის განახლება/მოწყობა და მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა, რომელიც უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს სივრცეების ფუნქციონირებასა და გამოყენებას წლის ყველა სეზონზე, რაც უზრუნველყოფს დასვენებისა და ტურისტული მომსახურების ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ინფრასტრუქტურის შექმნას.“
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „დავალების მიზანია საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება ტერიტორიისთვის, რომელიც აერთიანებს ქალაქ ბათუმის ძველ ბულვარს – კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ახალ ბულვარს და მდინარე ჭოროხის მიმდებარე სარეკრეაციო სივრცეებს.
საპროექტო სამუშაოები ითვალისწინებს ტერიტორიის სივრცით დაგეგმარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირებას, მათ შორის როგორც ახალი შენობა-ნაგებობების დაგეგმვას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
პროექტი უნდა მოიცავდეს გამწვანების, გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების, აგრეთვე უნივერსალური დიზაინის პრინციპების სრულყოფილ ინტეგრაციას. საპროექტო გადაწყვეტები უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამშენებლო სამუშაოების, როგორც ეტაპობრივი, ისე პარალელური განხორციელების შესაძლებლობა, პროექტის ეფექტიანი და უწყვეტი შესრულების მიზნით.“
საკონკურსო დავალების მიხედვით პროექტირება [დაგეგმარება/რეაბილიტაცია] შეეხება მთლიანად ბულვარს [პრომინადს, ველობილიკს, გამწვანებას, ბულვარში არსებულ ობიექტებსა და განთავსებულ ინვენტარს და ა.შ.]
აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარს უკვე აქვს გენგეგმა და ადგილობრივი ხელისუფლება და სამსახურები აცხადებენ, რომ ბულვარში სხვადასხვა ობიექტების დემონტაჟი სწორედ გენგეგმის საფუძველზე განახორციელეს.
საკონკურსო დავალებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტირების ეტაპზე გასათვალისწინებელია შემდეგი ახალი სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო ობიექტები [მაგრამ არშემოიფარგლება]:
„ახალი შენობა-ნაგებობები [I კლასი] [სავაჭრო ჯიხურები და სხვა საზოგადოებრივიდანიშნულების]; არქიტექტურული ობიექტები [მაგ.საინფორმაციო ცენტრი, ოფისი, პერგოლები და სხვა];
საზოგადოებრივი სან.კვანძები [ქალებისათვის და მამაკაცებისათვის ინდივიდუალური კაბინებით, ადაპტირებული]; ღია საშხაპეები;
კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის ოფისის გათავსება [ტექნიკის ანგარით]; არსებული კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის ოფისის ფუნქციის ცვლილება ბულვარის მუზეუმად;
ავტოპარკინგი; სახლ-მანქანების ავტოპარკინგი [ადმინისტრაცია, სან.კვანძები საშხაპეებით და სხვა];
ერთიანი იერსახის მქონე გასაქირავებელი ობიექტები, შეზლონგებისა და საჩრდილობელი ქოლგებისთვის.
ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი“.
მდინარე ჭოროხზე ბათუმისა და გონიოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა. ხიდის მშენებლობაზე საუბარი გაგრძელდა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, თუმცა სხვადასხვა კონცეფციის შემუშავებისა თუ ესკიზების არსებობისა, ხიდი არ აშენებულა.
მდინარე ჭოროხის შესართავი. წითელი წერტილებით აღნიშნულია ახალი ბულვარის გაგრძელება/ართმელაძის ქუჩის ბოლო [მარცხნივ] და გონიოს პლაჟის დასასრული [მარჯვნივ].ახალი ბულვარის გაგრძელება დღეს დავით ართმელაძის ქუჩაა, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლის ბოლოში [ანწუხელიძისა და კაჩინსკების კვეთაში არსებული წრიულიდან] იწყება და მდინარე ჭოროხის კალაპოტთან წყდება.
ეს გზა გონიოს მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო და ჭოროხზე ახალი ხიდის აშენებით გონიოს პლაჟს უნდა დაჰკავშირებოდა, თუმცა ეს პროექტი აღარ განხორციელებულა.
იყო საუბარი იმაზეც, რომ ჭოროხის დელტა „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშია, რაც სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვდა.
„მდინარე ჭოროხის შესართავთან არსებული ზურმუხტის ქსელის საზღვრებში ხიდის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემული არ არის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი საქმიანობებისთვის [მათ შორის, ხიდის მშენებლობა] გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გადაწყვეტილება/დასკვნა მიიღება კოდექსით დადგენილი შესაბამისი პროცედურის [სკრინინგის/სკოპინგის/გზშ] განხორციელებით“, – მოგვწერეს 2025 წელს გარემოს დაცვის სამინისტროდან.
მდინარე ჭოროხის მიმდებარედ არსებულ ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობამ არაბული „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაც დააანონსა. „იგლ ჰილსის“ რენდერების მიხედვით კი, ჭოროხის შესართავთან ხელოვნური ყურეს და იახტკლუბის მოწყობაც იგეგმება.
შესაბამისად, გაურკვეველია საფეხმავლო ხიდი როგორ დააკავშირებს უშუალოდ ბათუმის და გონიოს ბულვარს ერთმანეთთან, თუ აქ იახტკლუბიც უნდა განთავსდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივლისის 21 საათიდან 4 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს შესაძლებელია ზოგან ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სასტუმრო „შერატონის“ მომიჯნავედ კაფე „ნეოკას“ ადგილს ახალი მოიჯარე, შპს „ორლა 21“ დაიკავებს. კომპანიამ ელექტრონული ვაჭრობისას ამ ქონების საწყისი ფასი თითქმის გააოთხმაგა, 361 600 ლარიდან 1 მილიონ 211 800 ლარამდე გაზარდა და ასე მოიშორა კონკურენტები.
შპს „ორლა 21“ 2026 წლის 8 ივნისს არის დაფუძნებული და მას ლარისა სოლომონიძე ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცმებით, ის ასევე ფლობს რესტორან „ფიროსმანს“, „რუსთაველს“, „ბორჯღალო ჯგუფს“, შპს „კანიბას“ და არის შპს „ჯი ემ ელექტრონიქსის“ დირექტორი.
ბათუმში ვაჟა-ფშაველასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე მუნიციპალური ქონება, 1430 კვ.მეტრი ტერიტორია და მასზე დამაგრებული შენობა – 440კვ.მეტრი, ბათუმის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად 19 მაისს გაიტანა. 28 მაისს მაღალი კონკურენციის პირობებში, ხუთი წლის ვადით გაასხვისა.
ქონების საწყისი ფასი 361 600 ლარი იყო, ბიჯი – 10 900 ლარი. ელექტრონული ვაჭრობისას ერთმანეთს სამი მომხმარებელი უწევდა კონკურენციას, მათ ბიჯი 78-ჯერ დადეს, რითაც ქონების წლიური ღირებულება 1 მილიონ 211 800 ლარამდე გაზარდეს, რაც თვეში 100 ათასი ლარია. საბოლოოდ გამარჯვება შპს „ორლა 21“-ს დარჩა.
აუქციონზე დაფიქსირებული ღირებულება ქონებით სარგებლობის წლიური საფასურია.
წითელი ფერით მონიშნულია ადგილი, სადაც კაფე „ნეოკა“ იყო განთავსებულიკაფე „ნეოკა“
რესტორანი „რუსთაველი“ ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #42-ში, განთავსებულია შენობაში, რომელიც შპს „ნიკალამ“ უკანონოდ, მერიის ნებართვის გარეშე ააშენა. მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები „ბათუმელებმა“ ჯერ კიდევ მშენებლობის დროს მერიიდან ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა ვერ მოგვაწოდეს.
მაშინ მერიიდან ოფიციალურად მოგვწერეს, რომ მსგავსი დოკუმენტი მერიაში არ იძებნებოდა, მუნიციპალურ ინსპექციაში კი გვითხრეს, რომ დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება ინფორმაციის მოკვლევის მიზნით.
ერთ-ერთი პასუხი, რომელიც მერიიდან 2022 წელს მივიღეთ ამ საკითხზე
ნუკრი დეკანაძე, რომელიც დოკუმენტს ხელს აწერს, მაშინ მერიის ადმინისტრაციის უფროსი იყო, შემდეგ ვიცე-მერი გახდა, ახლა კი მერის მოადგილეა. მან დანართის სახით ასევე გამოგვიგზავნა წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის სამსახურს პასუხი „ბათუმელებისთვის“ გამოსაგზავნად ოფიციალურად მოსთხოვა.
რესტორან „რუსთაველის“ შენობის უკანონოდ აშენება წინა მოწვევის საკრებულოში კორუფციის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა საკრებულოს ოპოზიციამ, როცა „ოცნების“ უმრავლესობამ იკითხა – კორუფციაზე რომ ლაპარაკობთ, მაგალითი დაასახელეთო.
მაშინ ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარემ თქვა, რომ შუა ქალაქში მიმდინარე ამ უკანონო მშენებლობაზე მერიამ რეაგირება ვერ შეძლო, რადგან ეს კონკრეტული ბიზნესი სუს-ის ყოფილ თანამშრომელს ეკუთვნისო.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დასახელებული პირი არის ლარისა სოლომონიძის მეუღლე, გიორგი ჯიმშერაძე, მეტსახელად „ლისი“. მისი ბიზნესპარტნიორები კი არიან ოჯახის წევრები: ნელი მელაძე – გიორგი ჯიმშერაძის დედა, ხოლო გურამ ჯიმშერაძე – მამა.
იგივე კომპანია, შპს „ნიკალა“ ასევე უკანონოდ აწყობდა პარკინგს ამ შენობის მომიჯნავედ არსებული საბავშვო ბაღის წინ, რის აღკვეთაც მერიამ შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი არაერთხელ გაშუქდა და მუნიციპალური ინსპექციაც იყო ინფორმირებული კომპანიის მიერ უკანონო მშენებლობის წარმოებაზე, მერიის ზედამხედველმა ორგანომ სათანადო რეაგირება ვერ შეძლო.
შპს „ნიკალამ“ 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაასრულა, გახსნა რესტორანი და სასტუმროს გახსნასაც გეგმავს, შენობა საჯარო რეესტრშია დარეგისტრირებული.
ამ შენობაში რესტორანი „რუსთაველი“ 2023 წელს გახსნეს
შპს „ნიკალა“ გურამ ჯიმშერაძეს ეკუთვნის.
„ნიკალა“ 2017 წელს ნელი მელაძეს დაუფუძნებია და თავად ფლობდა კომპანიის ასივე პროცენტს, ნელი მელაძე იყო ამ კომპანიის დირექტორიც. თუმცა მალევე მონაცემები შეიცვალა, ნელი მელაძე დარჩა დირექტორად, კომპანიის ასივე პროცენტი კი გურამ ჯიმშერაძემ დაირეგისტრირა.
2020 წელს გურამ ჯიმშერაძე ფლობდა ასევე შპს „გეო მშენის“ 20 პროცენტს. წილების გასხვისების დოკუმენტებში წერია, რომ კომპანიას მერიასთან შეთანხმებული ჰქონდა არქიტექტორული პროექტი ბათუმში, გრიგოლ ელიავას ქუჩაზე #32 -ში მდებარე 1039 კვ.მეტრზე.
ნელი მელაძე რესტორან „ფიროსმანის“ დირექტორად ფიქსირდებოდა 2011-2012 წლებში, მაშინაც და ახლაც შპს „ფიროსმანის“ მფლობელი ლარისა სოლომონიძე იყო, გიორგი ჯიმშერაძის მეუღლე.
ნელი მელაძე ფლობს ასევე შპს „მარგარიტას“, ეს კომპანია ნიკა ჯიმშერაძეს დაუფუძნებია 2019 წელს, ახლა ნელი მელაძის საკუთრებაა, ის იყო ასევე შპს „ნი-ნი-კა“-ს დირექტორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.
„დაკავებული, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.
„საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. მან ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა“ – წერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.
მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები“. – წერს საგამოძიებო სამსახური.
საგამოძიებოს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 407 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 073 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 24 863 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 45 225 ერთეული [+57]
MLRS – 1 912 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 463 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 387 342 ერთეული [+2 152]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 809 ერთეული [+18]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 115 237 ერთეული [+385]
სპეცტექნიკა – 4 380 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 846 ერთეული [+48]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ხვალ, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა სამი პოლიციელის საქმეზე, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეები სავარაუდოდ აწამეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“.
2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“ – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.
„ბათუმელებმა“ ამ საქმის თაობაზე შეკითხვებით მიმართა პროკურატურას. პროკურატურა მოკლე პასუხით შემოიფარგლა, თუმცა ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელსაც პროკურატურის პასუხების გაანალიზება ვთხოვეთ, ამბობს, რომ „ამავე წერილში თავისი თავი გათქვა პროკურატურამ“.
„ეს სამი პოლიციელი საპროცესო ფიგურაც კი არ არის – გამომძიებელიც კი არ არის,“ – რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გვესაუბრება ადვოკატი და თბილისი ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი, რაც პროკურატურიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა:
„ფორმალურად იმასაც კი ვერ ამბობს პროკურატურა, რომ აი, გამომძიებელი დაკითხვას აწარმოებდა და თან შემოარტყა ხელი, დაკითხვისას გადასცდა თავის უფლებამოსილებას. ეს პოლიციელები გამომძიებლები ცალსახად არ არიან და სხვა რა არიან, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ანუ საქმესთან პროცესუალური შემხებლობა ამ სამ პოლიციელს არ აქვს. ეს სამართლებრივი პრობლემა გამოჩნდა პროკურატურის პასუხიდან. უფლებამოსილების გადამეტება როგორ არის, როდესაც მათ უფლებამოსილება საერთოდ არ ჰქონდათ იმ მომენტში? ისინი დაკითხვას ვერ აწარმოებდნენ, მათ თუ არ შეუძლიათ დაკითხონ, არ შეუძლიათ მიიღონ აღიარებითი ჩვენება. როგორ გადაამეტეს უფლებამოსილებას?
ამ სამ ადამიანს არავითარი ფუნქცია არ აქვს, როგორც აღმოჩნდა, მათი ფუნქცია რა იყო – ადამიანს ამზადებდნენ დასაკითხად, ანუ ადამიანს სცემენ წინასწარ, შემდეგ რომ მივა პროცესის განმახორციელებელ პირთან, ანუ გამომძიებელთან, იქ უკვე მოჰყვეს შესაბამისად.
ეს არის სამართლებრივი ანაბანა. აი, ესაა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი – განგებ არასწორი კვალიფიკაციას აკეთებს სახელმწიფო ბრალდება,“ – პროკურატურას იქეთ ადანაშაულებს ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი. მისი შეფასებით, მსგავსი მიდგომებით პროკურატურა ახალისებს პოლიციელების მხრიდან ძალადობას.
რა ვკითხეთ და რა გვიპასუხა პროკურატურამ?
„ბათუმელებმა“ 2026 წლის 16 ივნისს რამდენიმე კითხვით და წერილობით მიმართ საქართველოს პროკურატურას. პროკურატურამ, მართალია, პასუხი დაგვიბრუნა, თუმცა შეკითხვების დიდი ნაწილი პრაქტიკულად უპასუხოდ დატოვა, მათ შორის, ეს შეკითხვები:
გთხოვთ მოგვცეთ განმარტება, თუ რატომ არ მიიჩნია სახელმწიფო ბრალდებამ, რომ გავრცელებულ კადრებში ასახული ძალადობა შეფასებულიყო სსკ-ის 144-ე პრიმა ერთი ან 144-ე ტერცია მუხლებით, რამეთუ კადრებში აშკარად ისმის, რომ პოლიციის შენობაში განხორციელებული ძალადობა ემსახურება დაზარალებულებისაგან ინფორმაციის მიღების და დასჯის ამოცანას. ძალადობის ხასიათის და ინტენსივობის გათვალისწინებით კი სახეზეა მძიმე ფიზიკური ძალადობა, რაც აშკარად გამოიწვევდა მძიმე ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას.
გამოძიების საგანი იყო თუ არა თავად ამ ვიდეოკადრების წარმოშობა? თუ დაადგინა გამოძიებამ, ვინ გადაიღო გავრცელებული 3 ვიდეოკადრი ან რატომ გადაიღეს ეს ვიდეოკადრები?
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია ადამიანებზე ძალადობის 3 ეპიზოდი, თუმცა ცნობილი არ არის ძალადობის ეს ეპიზოდები უკავშირდება ერთ თუ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეს. რა პერიოდულობით განხორციელდა ძალადობის ეპიზოდები ქობულეთის პოლიციის შენობაში და დღე-ღამის რა მონაკვეთში?
როდის დაითხოვეს ბრალდებული პოლიციელები შს სამინისტროდან, რა იყო დათხოვნის საფუძველი, როდის მიეცნენ პასუხისგებაში ბრალდებულის სახით?
აი, რა გვიპასუხა პროკურატურამ? – პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხი სრულად ასეთია:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 2026 წლის 5 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2022 წლის 2 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები, პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში.
პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ქობულეთის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა დანაშაულის ჩამდენი სხვა პირი და მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 23 თებერვალს პოლიციის სამი თანამშრომელი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა. 2026 წლის 11 მაისს სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაიგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
გამოძიების მიმდინარეობისას ბრალდებულებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ხოლო დაზარალებულად ცნობილი პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ძალადობაში მხოლოდ ზემოაღნიშნული 3 პოლიციელი მონაწილეობდა, რომლებიც პარალელურად ახდენდნენ ძალადობის მიმდინარეობის ვიდეო გადაღებას და მათ გარდა ადგილზე სხვა პირი არ იმყოფებოდა.
სატელევიზიო სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, საგამოძიებო ორგანოსათვის არ იყო ცნობილი, რომ რესპონდენტის შვილმა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით და მის კუთვნილ კომპიუტერში ინახებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. ასევე, არ იყო ცნობილი, რომ რესპონდენტი ან მისი შვილი ფლობდნენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.
ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით პოლიციის სამივე თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან,“ – მოგვწერეს პროკურატურიდან.
„ამავე წერილში თავისი თავი გათქვა პროკურატურამ – მიუთითა, რომ ცემის მიზეზი იყო აღიარებითი ჩვენების მიღება. თუ პოლიციის დაწესებულებაში ადამიანის ცემის მიზეზი და მიზანი არის აღიარებითი ჩვენების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს წამებად.
ძალადობისთვის ყველაზე მთავარი მაკვალიფიცირებელი არის მიზანი: რისთვის სცემენ ადამიანს, რა უნდათ? როგორც კი მიზანი არის აღიარების მიღება, ჩვენების მიღება, ანგარიშსწორება რაღაცისთვის, მაშინვე ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს წამებად, ან არაადამიანურ მოპყრობად – ძალადობის სიმძიმის ხარისხი განასხვავებს ამ ორ მუხლს მხოლოდ ერთმანეთისგან.
ამ შემთხვევაში პროკურატურამ გითხრათ, რომ სპეციალური მიზანი არსებობდა: აღიარებითი ჩვენება უნდა მიეღოთო, მაგრამ არ აგიხსნათ, რატომ არ დააკვალიფიცირა ამ პირობებში ქმედება წამების ან არაადამიანური მოპყრობის მუხლებით.
საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება, წამების აკრძალვის შესახებ კონვენცია ასე განმარტავს წამებას და მთელი ცივილიზებული სამყარო ამ კრიტერიუმებით განსაზღვრავს წამებას, რომ ეს უნდა იყოს მძიმე ფიზიკური ტკივილის მიმყენებელი მოქმედება, ეს უნდა იწვევდეს მორალურ ტანჯვას, ამას უნდა ჩადიოდეს სახელმწიფო მოხელე და უმრავლეს შემთხვევაში ესენი არიან პოლიციელები… სცემეს ერთი, სცემეს მეორე, სცემეს მესამე. ესე იგი, გამოდის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ აღიარებს, მთავარია აღიაროს.
მთავარია, სავარაუდოდ, ეს რეგისტრირებული დანაშაული ყოფილიყო და გაუხსნელი არ დარჩენილიყო სტატისტიკას,“ – გვიყვება ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
მაია მწარიაშვილი
მაია მწარიაშვილის შეფასებით, კვალიფიკაციის გარდა, პროკურატურიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში კიდევ რამდენიმე დეტალი აჩენს ახალი კითხვებს:
პროკურატურის წერილის მიხედვით, საქმეზე გამოძიება დაიწყო 2026 წლის 5 თებერვალს, მაგრამ ბრალდებულები დააკავეს 23 თებერვალს. რა ხდება ამ შუალედში? „ეს პოლიციელები სად არიან ამ დროს? დაკავებაზე განჩინება რატომ არ აიღეს, სასამართლოს რატომ არ მიმართეს? ეს აჩვენებს იმას, რომ რაღაც ვაჭრობა მიდის ამ პერიოდში“, – ამბობს ყოფილი პროკურორი.
როდის გათავისუფლდნენ პოლიციელები? პროკურატურა აცხადებს, რომ სამივე თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა შსს-დან, მაგრამ არ პასუხობს შეკითხვას – როდის? „5 თებერვალს რომ დაიწყო გამოძიება, წინა დღით გათავისუფლდა? თუ 23-ში რომ დააკავეს, 22-ში გათავისუფლდა? ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მანიპულირება ხდება. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ საქმის გამოძიების კვალდაკვალ, მიმდინარეობს ფარული მორიგება-გარიგებები. სწორედ ამიტომ არ იყო ღია და საჯარო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე. ამიტომაც არ გიპასუხათ თქვენ სახელმწიფო ბრალდებამ,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
ადვოკატი მაია მწარიაშვილი პარალელს ავლებს „მზია ამაღლობელის საქმესთან“: „სილა თუ იწვევს ტკივილს და ეს აჭარის პროკურატურისთვის იყო თავდასხმა, ადამიანის წიხლებით ცემა რომ უფრო მეტ ტკივილს იწვევს, ეს ხომ უდავოა? იგივე პროკურატურა როგორ არ აფასებს ადამიანების წიხლქვეშ გაგდებას იმ ტიპის ტკივილის გამომწვევ მოქმედებად, რომელიც მძიმე ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევდა?
კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი სიმახინჯე პროკურატურის პასუხისმგებლობაა. ამით პროკურატურა ახალისებს საპოლიციო ძალადობას. ეს მუხლი – უფლებამოსილების გადამეტება იძლევა არაერთ სამართლებრივი შეღავათის განხორციელების საშუალებას. წამება – არაადამინაური მოპყრობა ამის საშუალებას არ იძლევა,“ – გვითხრა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სხვა მნიშვნელოვანი კითხვებიც დატოვა უპასუხოდ პროკურატურამ, მაგალითად, რატომ იღებენ პოლიციელები ამ ვიდეოს? თუ მიმდინარეობს გამოძიება ამ მიმართულებით?
„პროკურატურამ გიპასუხათ, რომ ეს ჩვენ ახლა შევიტყვეთ, რომ თურმე რაღაც კომპიუტერული სისტემის გატეხის გზით მოუპოვებია ეს ვიდეოკადრები იმ სატელევიზიო სიუჟეტში მითითებულ ადამიანს. ეს სახელმწიფო ბრალდებისთვის ვითომ ცნობილი არ იყო, მაგრამ სახელმწიფო ბრალდება თქვენ არ გეუბნებათ, დაიწყო თუ არა გამოძიება, ან ამავე საქმეში რომ ჩანს იღებს ეს ადამიანი, ეს როგორ შეფასდა სამართლებრივად – რატომ იღებს და რისთვის? ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ერთმანეთს უღებენ.
ეს გადაღება, როგორც წესი, იწვევს მორალურ ტანჯვას, როდესაც ადამიანს სცემ და თან აფიქსირებ ამას. რატომ იღებდნენ, ამ კითხვაზე თქვენ პროკურატურამ არ გიპასუხათ. საქმეში არის ეს ვიდეოკადრები, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს? როგორ შეიძლება, ეს არ აინტერესებდეს პროკურატურას.
ამ ადამიანების [დაზარალებულები] სტატუსთან დაკავშირებითაც ეკითხებით თქვენ პროკურატურას: რა სტატუსით იყვნენ მიყვანილები პოლიციაში, ვინ იყვნენ, მოწმეები იყვნენ? დაკითხეს სინამდვილეში? დაიბრალეს ამ ადამიანებმა დანაშაული თუ არ დაიბრალეს? არაფერზე სახელმწიფო ბრალდება არ იძლევა პასუხს.
სწორედ ეს აჩვენებს იმას, რომ დიახ, ამ საქმეში სამწუხაროდ ბევრი რამ დაფარულია – საპოლიციო უკანონობა, რასაც წარმატებით ათეთრებს პროკურატურა,“ – მიიჩნევს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
ვინ განიხილავს სამი პოლიციელის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო წამების საქმეს?
ბრალდებული პოლიციელების საქმეს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პრაქტიკულად დაცვის უფლების გარეშე დატოვა. მან წინასასამართლო სხდომაზე, 2025 წლის 4 მარტს საქმიდან ამორიცხა მტკიცებულებების დიდი ნაწილი – 17 მოწმე, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი, არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. ვიქტორ მეტრეველი „მზია ამაღლობელის საქმის“ გამო ლიეტუვამ 2025 წლის ივლისში დაასანქცირა.
ბრალდებული პოლიციელების ადვოკატ ირაკლი ფაღავას ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურს. დუმილის უფლებით სარგებლობენ ბრალდებულები.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულები აპირებენ ბრალის აღიარებას და საუბარი იყო საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ხელახლა გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 2026 წლის 9 ივლისს დასრულდება. წინა აუქციონი, რომელიც 2026 წლის აპრილში დასრულდა, არ შედგა.
აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება ამჯერადაც 1 750 000 ლარი, ხოლო აუქციონის ბიჯი კვლავ 43 800 ლარია.
„აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება ბათუმის საფეხბურთო სტადიონისათვის სახელის დარქმევის უფლება და შედეგად, განისაზღვრება სტადიონის ახალი სახელწოდება;
სტადიონისათვის სახელის დარქმევის მიზნით შერჩეული სახელის ფორმულირება უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას, უნდა მოიცავდეს სიტყვა „არენა“-ს და საბოლოო დამტკიცებისათვის უნდა წარედგინოს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“.
სურვილის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულმა, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასთან“ შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სტადიონის ახალი სახელწოდების მოცულობითი ასოებით განთავსება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე პერიმეტრზე; ან/და ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შენობის სახურავზე [ზედხედზე] საკუთარი ხარჯებით დაიტანოს სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა;
სტადიონის გარე ფასადი, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასთან“ შეთანხმებული პერიოდულობითა და ხანგრძლივობით (არაუმეტეს კვირაში 7 საათისა) განათდება აუქციონში გამარჯვებულის კორპორატიულ ფერში. ამავე კორპორატიულ განათებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში განხორციელდება სტადიონის ახალი სახელწოდების ან/და აუქციონში გამარჯვებულის ლოგოს გამოსახვაც (დამოკიდებულია წარწერის სირთულესა და ლოგოს დიზაინზე);
„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ აუქციონში გამარჯვებულს, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, სარგებლობის უფლებით გადასცემს ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მდებარე ერთ ბიზნეს-ბოქსსა და 5 საპარკინგე ადგილს;
აუქციონში გამარჯვებულს მიეცემა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შიდა პერიმეტრზე რეკლამის ან/და სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი ბანერების განთავსების უფლება, არაუმეტეს 3 ბანერისა;
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გასამართი ღონისძიებების (მათ შორის სპორტული, კულტურული და ა.შ.) ბილეთებზე, ღონისძიების ჩატარების ადგილად მიეთითება სტადიონის ახალი სახელწოდება;
„აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ მიერ განხორციელებული მასობრივი კომუნიკაციისას, სტადიონი მოხსენებული იქნება ახალი სახელწოდებით;
ზემოაღნიშნულის გარდა, სხვა დამატებითი აქტივობები დასაშვებია შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასთან“ შეთანხმებით (სხვადასხვა სახის სარეკლამო-საიმიჯო აქტივობები/კამპანიები და მისთ.).
აუქციონის შედეგების გათვალისწინებით ხელშეკრულება ძალაში შევა არაუადრეს 2026 წლის 23 ივლისისა და მოქმედი იქნება 5 წლის განმავლობაში.“
„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის 100 პროცენტი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.
სვეტიცხოვლის ტაძარზე სხვადასხვა სახის სამუშაოების „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 5 მილიონი ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს.
„ჩასატარებელი ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის – დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირების, ჰოლისტიკური კონსერვაციის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, მონიტორინგის, მართვისა და პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებების, ასევე ტაძრის ფიზიკური კონსერვაცია-რესტავრაციისა და რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებას“ – წერს სააგენტო.
გამარტივებული წესით შესყიდვების განხორციელების ნებართვისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორი განაცხადით უკვე მიმართა.
პირველი განაცხადის მიხედვით: „ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ტაძრის ფიზიკური მდგომარეობის კომპლექსური შესწავლა, არსებული და პოტენციური რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ისტორიულ-საარქივო, არქიტექტურული, საინჟინრო, გეოლოგიური, გეოტექნიკური, სეისმური, კლიმატური, მასალათმცოდნეობითი და სხვა კვლევების ჩატარება, ჰოლისტიკური კონსერვაციის დოკუმენტის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა მართვის საშუალებების მომზადება/უზრუნველყოფა“.
ამ სამუშაოებისთვის მაქსიმუმ 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
მეორე განაცხადის მიხედვით: „იგეგმება ტაძარზე გადაუდებელი და ეტაპობრივი ფიზიკური ჩარევები, მათ შორის: ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაცია; წყლის მართვისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა; სამშენებლო უბნის მომზადება, ხარაჩოებისა და დროებითი დამცავი კონსტრუქციების მოწყობა და სხვა“.
ამ სამუშაოებისთვის კი 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„2026-2027 წლების პერიოდისა და შესყიდვის ღირებულებად ჯამურად არაუმეტეს 5 000 000 ლარის განსაზღვრა განპირობებულია არა ერთჯერადად თანხის გამოყოფის ან სრული მოცულობით დაუყოვნებელი ვალდებულების აღების საჭიროებით, არამედ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან დაკავშირებული ღონისძიებების მრავალწლიანი, ეტაპობრივი და კვლევაზე დამოკიდებული ხასიათით.
აღნიშნული თანხა წარმოადგენს შესყიდვების სავარაუდო ჯამურ ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებში კონკრეტული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, შესაბამისი საჭიროების დადგომისას, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
განსახორციელებელი ღონისძიებები არ წარმოადგენს ერთჯერად შესყიდვას. პროცესი მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპებს…“ – წერს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ ამავე სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა.
მაშინ სააგენტო აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ტაძარში წყლის ჩადინების საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, საჭიროა გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა/ახლით ჩანაცვლება“. წინააღმდეგ შემთხვევაში „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე… ძეგლზე ამჟამად შექმნილი ვითარებისა და წინა წლებში ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით, აუცილებელია დაიწყოს სვეტიცხოვლის ტაძრის სრული, კომპლექსური რეაბილიტაცია.“
იმავე წელს „ოცნების“ მთავრობა დათანხმდა მომზადებულიყო სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო პროექტირებისთვის საჭირო სამუშაოები [ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა, ინტერიერში და ექსტერიერზე ხარაჩოს მოწყობა] კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეესყიდა.
მანუჩარ მიქელაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის „4 ოქტომბრის საქმეზე“ ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელმაც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა. მას 2026 წლის 24 ივნისს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„მოგესალმები ჩემო უცნობო მეგობარო.
მე კარგად ვარ, იმედი მაქვს თქვენც კარგად ხართ. მხნედ ვარ, ძლიერად ვარ, მჯერა გამარჯვების, მჯერა სიმართლის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილების მომავლისთვის მზად ვარ ყველაფრისთვის.
ჩემი აქ ყოფნა სანერვიულო არ არის, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია, რომელიც უკვე დიდი საფრთხის წინაშეა ქოცნახირის ხელში. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა ვიყოთ თანამონაწილეები ამ დანაშაულის. უნდა ვესაუბროთ იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით, არ აინტერესებთ და უპასუხისმგებლოდ უყურებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი შვილების მომავლის მკვლელობას.
ეს დანაშაულია, ეს სამარცხვინოა. მოვა დრო, როდესაც შერცხვება ყველას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს ან უმოქმედობით თანამონაწილეობს.
ვინც იბრძვის და ეწინააღმდეგება ამ უსამართლობას, ყველას მადლობა. ყველა მიყვარხართ, ყველა ღირსეულები ხართ, ყველა სამაგალითოები ხართ. ყველას მადლობა, რომ გვკითხულობთ და არ გავიწყდებით. ყველა მოიკითხეთ ჩემგან, გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულებიდან # E-67 კამერა. თქვენი და ჩვენი ქვეყნის მონა მორჩილი მანუჩარ მიქელაძე, დაბადებული აჭარა, შუახევის რაიონის სოფელი ბუთურაული.
ერთი და მთავარი სურვილი მაქვს: ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე! ეს გამარჯვება იქნება ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის ისტორიული გამარჯვება. ეს გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების საწინდარი, რითაც ყველა ვიამაყებთ, ვისაც წვლილი გვექნება ამ ყველაფერში.
დაგემშვიდობებით. დროებით ჩემო ღირსეულო და პატრიოტიზმით აღსავსე ქართველო გოგო-ბიჭებო. ჩემი თანასაკნელი სერგო ქიმერიძე გიცხადებთ სოლიდარობას და გკითხულობთ ყველას და გაძლევთ რჩევას – მთავარი ის არ არის ვინ და რა სიძლიერისაა მოწინააღმდეგე, მთავარია ვინ არის შენი თანამებრძოლი.
ამ და სხვა თემებზე ვრცლად შემდგომში მოგწერთ. თქვენგან ველი წერილებს თუ არ დაგეზარებათ.“
მანუჩარ მიქელაძე
მანუჩარ მიქელაძეს გამოძიება ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს საქმე ჯერ არ განუხილავს სააპელაციო სასამართლოს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ გურამიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე რამდენიმე ბრალდებულისგან თავდაპირველად იყო თანხმობა, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ესაუბრნენ, შემდეგ კი, პროკურატურასთან შეთანხმების ოქმს მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა მოაწერა ხელი.
პროკურორი არ აკონკრეტებს, ბრალდებულებიდან რამდენმა განუცხადა პროკურატურას თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე. დღევანდელ პროცესზე 15 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა ერთად.
„ასე არ გამოვა, პროკურორს მარტივად უნდა საქმის მოგვარება. მოსალოდნელი მძიმე სასჯელის შიშით პროკურორს სურს ბრალდებულები დაითანხმოს საპროცესოზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს ბრალის აღიარებას, მას „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებიან,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
ბრალდებულების ოჯახის ახლობლებმა კი, „ბათუმელებს“ გასაუბრების დროს უთხრეს: ვიღაცებს უნდათ საპროცესო, ამას აპირებენ კიდეც, მაგრამ დანაშაულს ვიღაც აღიარებს, ვიღაც – არა. ასე არ გამოვა, აქ ყველა ერთმანეთის ახლობლები ვართო.
შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – თქვა „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა გელა გელაძემ 2026 წლის 17 მარტს.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი. ქალი ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. კიდევ 5 პირს ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი – თამარ მიქელაძე. ის ერთ-ერთი ბრალდებულის დედაა, შარაბიძეების დასახლებაში ცხოვრობს, სადაც ეს სპეცოპერაცია ჩატარდა და ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.
დღევანდელი პროცესის გადადება პროკურორმა თემურ გურამიშვილმა ითხოვა. მისი თქმით, საპროცესო მოლაპარაკებები გრძელდება და ამიტომაც, პროცესზე მოწმეები არ წარმოუდგენია.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მხარეებს გადახედა და განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება მათი უფლებაა, მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, ამით ხელი არ უნდა შეეშალოს სასამართლოში საქმის განხილვას. მოსამართლემ სხდომა 10 ივლისამდე იმ პირობით გადადო, რომ თუ ამ დრომდე საპროცესო ვერ შედგება, მოწმეების დაკითხვა დაიწყება.
საპროცესო შეთანხმების აუცილებელი პირობა ბრალის აღიარებაა. ამ დროს სასამართლო კანონიერად გაფორმებულ შეთანხმებას ადასტურებს და საქმის არსებითი განხილვა წყდება. პროკურატურა საპროცესოს სთავაზობს ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებსაც, რომელთა საქმეს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს.
როგორც „ბათუმელებს“ ადვოკატებმა უთხრეს, პროკურატურა სთავაზობს 3.6 წლიან რეალურ სასჯელს და 3.6 წლიან პირობით მსჯავრს იმ ბრალდებულებს, რომლებსაც გამოძიება „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას ედავება.
„ქურდული სამყაროს“ წევრებს პროკურატურა სთავაზობს, რომ 3.6 წლით ჩასვამს ციხეში და ამდენივე ვადით პირობითს გაუფორმებს. თუ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, მაშინ ის პატიმრობაში 4 წელი დარჩება. „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებისთვის კი, 6 თვეა რეალური სასჯელი, 1 წელი – პირობითი მსჯავრი.
როგორც სხდომაზე გაირკვა, ბრალდებულების ნაწილმა საპროცესოზე თანხმობა განაცხადა, თუმცა პროკურორს საბოლოო ოქმებზე ხელი არ მოუწერეს.
„შემდეგ პროცესზე მოგცემთ კომენტარს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – გვითხრა პროკურორმა თემურ გურამიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
რატომ არ მიმართა პროკურორმა შუამდგომლობით მოსამართლეს, გაფორმებულიყო ერთი ბრალდებულის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება, რომელმაც შეთანხმების ოქმს ხელი უკვე მოაწერა? – პროკურორმა ჩვენთან განმარტა, რომ ბრალდებულს ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ოქმზე ხელმოწერის შემდეგაც შეიძლება უთხრას მოსამართლეს, რომ აღარ სურს საპროცესო.
დღევანდელ პროცესზე ასევე იმსჯელეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე: ამ ეტაპზე 15 ბრალდებული პატიმრობაში რჩება. პროკურორის თქმით, არ არსებობს ახალი გარემოება, რის გამოც შეიძლება პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს, ადვოკატებმა კი, ცალ-ცალკე მოსამართლეს მიმართეს, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით შერჩეული პატიმრობა უნდა გაუქმდეს, ან ბრალდებულები გირაოთი უნდა გათავისუფლდნენ.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. „ახალი ფაქტი არ მომისმენია,“ – თქვა მან და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
ირანის მოკლული ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთიდან ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაესწრება.
ამის შესახებ დღეს, 2 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ რუსულმა გამოცემა „მედუზამ“ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ მედვედევი ისევ ვერ მოხვდა პუტინის პარტიის, „ედინაია რასიას“ საარჩევნო სიაში, იმის მიუხედავად, რომ მედვედევი ამ პარტიის თავმჯდომარეა.
ცნობილია, რომ საქართველოდან აიათოლა ალი ხამეინის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილი დაესწრება, „ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი.
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია ირანში 3 ივლისს, თეირანში დაიწყება და 9 ივლისს, მის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში დასრულდება.
აიათოლა ალი ხამენეი თებერვალში აშშ-ისა და ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.
2026 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება უნდა აკრძალულიყო, თუმცა, „ოცნების“ მთავრობამ თარიღი გადაავადა.
„სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაში 2026 წლის პირველ ივლისს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
„2031 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალოს საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით.“
ამ დანართის მიხედვით კი, აკრძალვა ეხება შემდეგ სასმელებს:
დადგენილების დანართი
აკრძალვა არ ვრცელდება 3 ლიტრისა და მეტი მოცულობის სასმელ წყალსა და 20 ლიტრისა და მეტი მოცულობის სხვა სასმელებზე, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალშია.
ამავე დადგენილებით, 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო „პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული, ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსებაც“.
თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში ეს თარიღიც გადაავადეს და აკრძალვა, ამ შემთხვევაშიც, 2031 წლის 1-ლი თებერვლიდან შევა ძალაში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები ორ სესიად ჩატარდება.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი და ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით.
„დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“- წერს სამინისტრო.
5 ივლისიდან დაიწყება მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდები, 17 ივლისს – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.
ცენტრის ინფორმაციით, მთლიანობაში, გამოცდებზე 83 000-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული.
მოსახლეობა წუხს, რომ ბათუმთან ახლოს, ავგიას დასახლების გზას არაფერი ეშველა – დაიწყეს და ვერ დაასრულეს.
ამ უბნიდან ქალი ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვისაყვედურა: „როდის გაგრძელდება ჩვენი გზის მოწესრიგება, ეს მაინც მოგვიკითხეთ, ჟურნალისტები ხომ ხართო“.
მოვიკითხეთ, შევისწავლეთ დოკუმენტები და გავარკვიეთ, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავგიას გზის რეაბილიტაცია და ასფალტ- ბეტონით მოპირკეთება 2021 წელს დაგეგმა, 2023 წელს სამუშაოები შეისყიდა, თუმცა გზები არ გაუკეთებიათ, მხოლოდ საყრდენი ხელოვნური ნაგებობები მოაწყვეს, რაშიც 944 ათასი ლარი დაიხარჯა.
2024 წელს, სამუშაოების დაწყების შემდეგ გამოარკვიეს, რომ აქ ბათუმის მერიის სამსახური – „ბათუმის წყალი“ მიწისქვეშა სამუშაოს შესრულებას გეგმავდა, რის გამოც ახალდაგებული ასფალტის ამოყრა გარდაუვალი იყო. ამ მიზეზით ჯერ სამუშაოები შეაჩერეს, 2026 წლის მარტში კი გადაწყვიტეს, რომ შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტონ.
მილიონობით ლარი იხარჯება ყოველ წელს ბათუმის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტიც, ყოველ ახალ წელს, სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. თუმცა ავგიას დასახლებაში ამბობენ, რომ წლებია მათი გზა ამ პრიორიტეტებში არ მოხვდა. სინამდვილეში ტენდერიც კი იყო გამოცხადებული, მაგრამ, როგორც ბევრ სხვა პროექტს, თავი ვერც ამას მოაბეს.
ავგიას გზის სარეაბილიტაციო დოკუმენტების შესწავლით შეიძლება დაასკვნა – სახელმწიფო უწყებამ ისე დაგეგმა და დაიწყო სამუშაოები, რომ ადგილზე ვითარება სრულყოფილად არ შეუსწავლია.
აქ მცხოვრებლებმა არც ის იციან, რომ ამ ამბის გაჭიანურება მხოლოდ „ბათუმის წყალს“ არ დაჰბრალებია და აქ მათი, მოსახლეობის როლიც გამოკვეთეს.
ამ ამბის შესწავლის შემდეგ ის მაინც უნდა გახდეს გასაგები, რომ სავალდებულოა ორმა სახელმწიფო უწყებამ ინფორმაცია გაცვალოს, ერთმა უწყებამ კონკრეტულ გზაზე ასფალტის დაგება, მეორემ კი იმავე გზაზე ისეთი სამუშაო რომ არ დაგეგმოს, რომელიც ახალდაგებული ასფალტის დაზიანების გარეშე ვერ შესრულდება.
ავგიას დასახლება იურიდიულად ბათუმს ეკუთვნის, თუმცა იმის გამო, რომ ადრე სოფლის სტატუსი ჰქონდა, ადგილობრივები დასახლებას ისევ სოფლად მოიხსენიებენ:
„დიახ, ქალაქს ვექვემდებარებით. ამოდი და შეხედე, რა არის აქ ქალაქის – ჩვენი გზა რა დღეშია, მარტო სახელის დარქმევა შველის? კანალიზაციაც კი არ გვაქვს“, – გვითხრა ქალმა სატელეფონო საუბარში, რომელმაც ამ უბნის პრობლემების გაშუქება გვთხოვა, უფრო სწორად მოგვთხოვა.
კიდევ ერთმა მოქალაქემ კი შეგვატყობინა, ავგიას დანგრეული გზა წვიმის დროს როგორი გაუვალია და ამის დასტურად ვიდეო კადრები გამოგვიგზავნა.
„ადგილზე სამუშაოები წლების წინ დაიწყეს, სანიაღვრეები გააფუჭეს და წავიდნენ, აღარ გამოჩენილან“, – თქვა ქალმა.
ადგილზე მართლაც რთული ვითარება დაგვხვდა.
გზები უსწორმასწოროა, ძველი ასფალტის კვალს ვერსად ნახავთ, მანქანებს გადაადგილება უჭირთსანიაღვრე არხები ისეა დაზიანებული, რომ ფაქტობრივად არ მუშაობს
ავგია სოფლის ტიპის დასახლებაა პატარა სახლებით და გამწვანებული ეზოებით, ისევე როგორც ეზოებიდან, სამანქანე გზიდან ჩანს ქალაქისა და ზღვის ხედები, ამ გზით ხშირად სარგებლობენ ტურისტებიც, ვისაც გონიოს მთიდან სურს ქალაქის ხედების ნახვა და სამშენებლო კომპანიებიც, რომლებსაც მთაზე, ნაკლებად დასახლებულ ადგილზე ახალი პროექტები აქვთ დაწყებული.
ქალაქის ხედი ავგიას დასახლებიდან
ბათუმის მერიას ვკითხეთ, რატომ არ დასრულდა ავგიას გზაზე დაწყებული სამუშაოები, გვიპასუხეს, რომ ამ გზის რეაბილიტაციაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობდა, შემდეგ კი მერიას გადააბარეს. მერია ავგიას გზის მოსაწესრიგებლად შესაბამისი მომსახურების შესყიდვას წელს გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ავგიაში ახალი გზა 2026 წელს არ ექნებათ და შესაძლოა არც მომავალ წელს ჰქონდეთ, რადგან შესყიდვის პროცედურას თავისი ვადები აქვს.
რატომ ვერ დაასრულაგზების დეპარტამენტმა დაწყებული სამუშაო – რა მოხდა?
აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავგიას გზაზე ასფალტ-ბეტონის დასაგებად 2023 წელს გააფორმეს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, თუმცა მოგვიანებით ხელშეკრულება შეწყვიტეს:
„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალისოფელი-ავგიას საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ. კომპანიამ, ხელშეკრულების ფარგლებში, 2023-2024 წლებში, ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები განახორციელა.
სამუშაოების დასრულების ვადად, ხელშეკრულების შესაბამისად, 2024 წელი განისაზღვრა. სამშენებლო სამუშაოების პროცესში, ტერიტორიაზე, შპს „ბათუმის წყლის“ მიერ სასმელი წყლის, მოგვიანებით კი ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოების დაგეგმვის თანახმად, კომპანიასთან ურთიერთშეთანხმებით, გაფორმებული ხელშეკრულება შეჩერდა და შეწყდა. ამ ეტაპზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოები გადაცემულია ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის. მერიის მიერ მიმდინარეობს ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის და საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტირება“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აჭარის გზების დეპარტამენტს ავგიას გზის მოსაწყობად 2 მილიონ 944 890 ლარი უნდა დაეხარჯა. ტენდერი შპს „ზიმო 7“-მა მოიგო 2023 წელს.
2026 წლის მარტამდე ხელშეკრულება 13-ჯერ შეიცვალა. ბოლო ცვლილების მიხედვით, 2026 წლის 26 მარტს კი, ავგიას გზასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
ოქმის მიხედვით, გზების დეპარტამენტის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი შესყიდვების კომისიას უყვება, რომ ავგიას გზის მოწესრიგების პროექტი ჯერ „ბათუმის წყლის“ განხორციელებული სამუშაოების გამო შეფერხდა. გარდა ამისა, სამუშაოების პროცესში აღმოაჩინეს, რომ გზას მიჰყვება კანალიზაციის ქსელი, რომელიც ეკუთვნის სასტუმრო შპს „ბათუმი პანორამას“, სადაც საკანალიზაციო ჭები და შესაბამისად მილები მოწყობილია გზის ზედაპირიდან 30-35 სმ-ის სიღრმეზე და დაზიანებულია.
„აღნიშნულის გამო, 2025 წელს შესასრულებელი მე-4 ეტაპის სამუშაოები, 1 მილიონ 747 376 ლარის ღირებულებით, გახდა გარდამავალი და მისი შესრულება შპს „ზიმო 7“-ს დაევალა 2026 წელს პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ პერიოდში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ „ბათუმის წყალს“ თავისი გეგმა 2025 წელს უნდა დაესრულებინა, რის შემდეგაც „ზიმო 7“ გააგრძელებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. თუმცა სხვა პრობლემებიც გამოჩნდა.
გზების დეპარტამენტის პროექტების მართვის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, „ახალისოფელი-ავგიას“ საავტომობილო გზის გვერდულზე და გზის სავალ ნაწილზე შპს „ბათუმი პანორამამ“ კანალიზაციის მილი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად არასტანდარტულად მოაწყო.
„არასტანდარტულად არის მოწყობილი კანალიზაციის მილები და საკანალიზაციო ჭები. საკანალიზაციო ქსელი დაზიანებულია ბევრ ლოკაციაზე და ამორტიზებულია, მათ შორის, დაზიანებულია ცენტრალური მილიც. ასევე, არასტანდარტულად არის მოწყობილი საკანალიზაციო ჭები, რომლებზეც ადგილობრივ მოსახლეობას დაერთებული აქვთ კანალიზაციის მილები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაზიანებულია და გზის სავალ ნაწილზე იღვრება საკანალიზაციო მასა, ბინძურდება გარემო. დეპარტამენტის არაერთი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, შპს „ბათუმი პანორამა“ აღნიშნულზე არ რეაგირებს და პრობლემა რჩება მოუგვარებელი.“
„პანორამა ბათუმი“ და მასთან მისასვლელი გზა
„ბათუმის წყლის“ გარდა პროექტის შეფერხებაში მოსახლეობის წვლილსაც გაუსვეს ხაზი:
„მიუხედავად დეპარტამენტის წარმომადგენლების არაერთგზის მოსახლეობასთან შეხვედრისა, კატეგორიული წინააღმდეგი არიან მათ მიერ საკანალიზაციოებზე დაერთებული მილების დემონტაჟზე, რამაც ასევე შექმნა დამატებით პრობლემა გზის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების განახლებაზე.“
პროექტების მართვის განყოფილების უფროსმა დაასკვნა, რომ პრობლემის მოგვარება დეპარტამენტის ძალებს აღემატება, რადგან ე.წ. საკანალიზაციო მილის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი გზის მთელს სიგრძეზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხით შეუძლებელი იქნებოდა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამ საქმეს ბათუმის მერია გადაიბარებს:
„ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე ადგილზე შესაბამისი კომუნიკაციების და გზის სავალი ნაწილის და თანმდევი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, კერძო საცხოვრებელი ზონის უფრო მეტად განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის და რაც მთავარია, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად და ეფექტურად გამოყენების გათვალისწინებითო“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის წერილში, რომელიც 2026 წლის 18 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის და ბათუმის მერიისთვის გაუგზავნია.
ამ წერილების მიხედვით, „ახალისოფელი-ავგიას“ საავტომობილო გზაზე ცენტრალიზებული საკანალიზაციო ქსელი არ არსებობს, ხოლო კერძოდ მოწყობილი საკანალიზაციო ქსელის ექსპლუატაცია ვერ ხერხდება:
„გზის მიმდებარედ მიმდინარეობს ინტენსიური განაშენიანება, ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის ტიპის დასახლებას და პერსპექტივაში აქვს ურბანული განვითარების პოტენციალი, რისთვისაც საჭიროა ადგილზე მოეწყოს საქალაქო ინფრასტრუქტურის შესაბამისი კომუნიკაციები, მათ შორის აუცილებლობას წარმოადგენს საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის გამართვა.“
ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ გაფუჭებულის გასწორება მერიამ საკუთარ თავზე აიღო, ეს მერმა გიორგი ცინცაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წერილობით დაუდასტურა. როგორ გამოასწორებს, ამ პროცესს „ბათუმელები“ დააკვირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. უცხო ქვეყნის კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა – ერთ-ერთს დაუსწრებლად, ერთს კი პენიტენციურ დაწესებულებაში.
„გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს.
ბრალდებულები აჭარის რეგიონში, მშენებლობა-რემონტით დაინტერესებულ პირებს შესაბამისი სამუშაოების შესრულებას მოტყუებით, ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით სთავაზობდნენ, დაზარალებულებისგან თანხებს წინასწარ იღებდნენ, თუმცა ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 428 250 აშშ დოლარი, 10 100 ლარი და 400 000 სომხური დრამი.“ – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2 ივლისის ღამეს კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ასამდე პირი.
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე შეტევა პირველ ივლისს, ღამით დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იყო კომბინირებული შეტევა დრონებითა და რაკეტებით.
2 ივლისის დილის 7:00 საათის მონაცემებით, რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევის ყველა რაიონში, 30-ზე მეტ ადგილას დაზიანება და ნგრევა დაფიქსირდა.
მაშველებს ნანგრევებიდან ადამიანები ისევ გამოჰყავთ.
მედიის ცნობით, კიევზე შესაძლო შეტევის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 1 ივლისს განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევს „შორი მოქმედების, მაღალი სიზუსტის იარაღით“ დაარტყა რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე „ტერორისტული თავდასხმების“ საპასუხოდ.
დღეიდან, თიბისის მობაილბანკში„საგანძურისმარათონი“დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ყოველდღიურობა თამაშად აქციონ, მონეტები დააგროვონ, საკუთარ გუნდს დაეხმარონ და სოლიდური საპრიზო ფონდისთვის იბრძოლონ.
„საგანძურის მარათონის“ დასაწყისში, მომხმარებელი გაივლის გამანაწილებელ ქვიზს, რომლის მიხედვითაც სპეციალური ჯადოსნური ბუ მის ფინანსურ ჩვევებს გამოავლენს და ოთხისაგვარეულოდან ერთ–ერთში გაანაწილებს: ბარათიშვილი, ანაბარიძე, ხარჯიანიდადოვლათია.
მარათონის მთავარი ძალა გუნდურობაა – მონაწილეების მიერ დაგროვილიმონეტებიგავლენასახდენსროგორცპირადშედეგებზე, ისესაკუთარისაგვარეულოსწარმატებაზე.საბოლოოდ, ფინალშიმხოლოდგამარჯვებულისაგვარეულოგადავა და მისი წევრები გააგრძელებენ ბრძოლას50 000 ლარისთვის.
მონეტებისდაგროვებამონაწილეებსსხვადასხვამისიისშესრულებითშეეძლებათ. ყოველდღიური და ყოველკვირეული მისიები მოიცავს მარტივ ფინანსურ აქტივობებს მობაილბანკში – მაგალითად, თანხის გადარიცხვას, ელ ფოსტის ვერიფიკაციას და სხვა ყოველდღიურ მოქმედებებს. მარათონის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მეგობრების მოწვევით დამატებითი მონეტები გამოიმუშაონ. გარდა ამისა, ყოველდღიურად მომხმარებლებს მინი–თამაში გაეხსნებათ, სადაც მონეტების დაგროვება იქნება შესაძლებელი.
„საგანძურისმარათონში“ გამარჯვებულებიგამოვლინდებიანყოველდღიურად, ყოველკვირეულადდაყოველთვიურად და შესაბამისად, დაჯილდოვდებიან 100, 2000 ან 10 000 ლარით. თითოეულ საგვარეულოს ეყოლება ერთი ლიდერი გამარჯვებული; შესაბამისად, დღის, კვირისა და თვის პრიზებს ოთხი მონაწილე მიიღებს.
მარათონის დასრულების შემდეგ, ფინალში გადასული საგვარეულოს წევრებისთვის სპეციალური 24-საათიანი სპრინტ მარათონი გაიმართება. დასკვნით ეტაპზე, დამატებითი ინფორმაცია ფინალის მოახლოებასთან ერთად გახდება ცნობილი.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული გამოცდილება მხოლოდ მარტივი და სწრაფი კი არა, სასიამოვნო და საინტერესო პროცესიც იყოს. სწორედ ამიტომ, „საგანძურისმარათონით“ მობაილბანკშიახალითავგადასავალიიწყება – თამაში, რომელიც დაგეხმარება აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, გაიმარტივო ყოველდღიური ფინანსური ცხოვრება და მოიპოვო შანსი ფულადი პრიზების მოსაგებად.
შსს-ს გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა არასრულწლოვანი შვილები სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირეს და 2025 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ.
კერძოდ, შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები ბათუმში არასრულწლოვან შვილებს, ქუჩაში და კაფე-რესტორნებში მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას ავალებდნენ, ბავშვების მიერ შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„ბრალდებულები ყოველდღიურად უწესებდნენ არასრულწლოვანებს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე კი, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ“ – წერს პროკურატურა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანით ვაჭრობა -ტრეფიკინგი, არასრულწლოვანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი: ორი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.