საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ორგანიზებაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 399 548 ლარს დახარჯავს ტენდერის გარეშე.
ფორუმი [GIMF 2026] ბათუმში 2026 წლის 7 და 8 სექტემბერს გაიმართება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
„ღონისძიებას სახელმწიფო მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი ხელს უწყობს ქვეყნის სატრანსპორტო და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებას, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის, საერთაშორისო როლის გაძლიერებას, უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას, ასევე საზღვაო სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და მიღწეული შედეგების საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობას… ფორუმი მიზნად ისახავს რეგიონში საქართველოს ლიდერ რეფორმატორ სახელმწიფოდ წარმოჩენას საზღვაო ტრანსპორტის დარგში“, – აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით:
„ფორუმის ოფიციალურ მხარდამჭერად გვევლინება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია [IMO], რომელიც ფორუმის ფარგლებში გამართავს სემინარს ინტეგრირებული საზღვაო პოლიტიკისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის [MSW] თემაზე.
2024 წლის 1 ოქტომბრიდან MSW სისტემის წყალობით, საქართველოში სრულად გაციფროვნდა მატერიალურ დოკუმენტაციაზე დაფუძნებული სანავსადგურე პროცესები, შემცირდა ადმინისტრაციული მოთხოვნები და ბიუროკრატიული ბარიერები, გაუმჯობესდა სანავსადგურე და ლოგისტიკური პროცესების მართვა, გაიზრდა ავტომატიზაცია, უწყებათაშორისი კოორდინაცია და მნიშვნელოვნად შემცირდა ნავსადგურში გემის დაყოვნების დრო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია IMO-ს მიერ რეგიონალური სამუშაო შეხვედრის ჩატარება საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის საკითხზე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების საზღვაო, საბაჟო და ნავსადგურის წარმომადგენლები, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, საერთაშორისო და რეგიონალური დონეზე წარმოაჩინოს საზღვაო ადმინისტრირების სფეროში განხორციელებული რეფორმები და გამოცდილება“.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ასევე აცხადებს, რომ „საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ჩატარების ზოგადი პერიოდი წინასწარ იყო ცნობილი, თუმცა ღონისძიების საბოლოო ფორმატისა და, შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მოცულობის განსაზღვრა ობიექტურად შეუძლებელი იყო მანამ, სანამ არ დასრულდებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია და არ დადასტურდებოდა მაღალი დონის მონაწილეთა ჩართულობა. ფორუმის მასშტაბიდან და საერთაშორისო ხასიათიდან გამომდინარე, მოწვეულ სტუმართა შემადგენლობა ეტაპობრივად ყალიბდებოდა“.
სააგენტოს განაცხადის მიხედვით, „შესყიდვის ობიექტის სრულყოფილი და ზუსტი განსაზღვრა, რაც სახელმწიფო შესყიდვის სტანდარტული [ანუ ტენდერის – ავტ.] პროცედურის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა, შესაძლებელი გახდა მხოლოდ ღონისძიების მომზადების გვიან ეტაპზე“, რის გამოც ვერ მოახერხეს ტენდერის გამოცხადება.
სააგენტოს შესყიდვების პორტალზე ატვირთული აქვს შპს „მოზაიკა პლიუსისგან“ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვის ფურცელი – „საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის [GIMF 2026] ორგანიზების, კოორდინაციისა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე“. დიდი ალბათობით ხელშეკრულებაც ამავე კომპანიასთან გაფორმდება.
„შესყიდვა მოიცავს ღონისძიების სივრცეების მოწყობას, შესასვლელი [Welcome] სივრცის მოწყობას, მედია სივრცის მოწყობას, ფოტო და ვიდეო მომსახურებას, წამყვანის მომსახურებას, საორგანიზაციო პერსონალით უზრუნველყოფას, პროექტის მართვასა და კოორდინაციას, ასევე სინქრონული თარგმნის თარჯიმნის მომსახურებას. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულებაა – 399 548 ლარი დღგ-ის ჩათვლით. ღირებულება განისაზღვრა ბაზრის კვლევის შედეგების საფუძველზე“ – წერს სააგენტო.
საჯარო რეესტრის მიხედვით „მოზაიკა პლიუსი“ თბილისში 2008 წელს რეგისტრირებული კომპანიაა და მის წილებს ფლობენ: სალომე კობალაძე [40%], ანა ჩოდრიშვილი [40%] და ქეთევან ჟორჟოლიანი [20%].
კომპანიის დირექტორი სალომე კობალაძეა.
ორი თვის წინ, 2026 წლის ივნისში, ამავე შპს „მოზაიკა პლიუსს“ ტენდერის გარეშე გაუფორმეს ხელშეკრულება და გადაუხადეს თანხა: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ – 384 294 ლარი, ხოლო ბათუმის საზღვაო აკადემიამ – 141 611 ლარი.
ამ ფულით „ოცნების“ მთავრობამ ბათუმში მაშინ მეზღვაურთა დღე აღნიშნა.
ამ თემაზე ვრცლად:
ბათუმში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება






