კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

როგორ ნადგურდება აკვარიუმის შენობა ბათუმში – კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც მერიამ თავი ვერ მოაბა [ფოტო]

13.05.2026
როგორ ნადგურდება აკვარიუმის შენობა ბათუმში – კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც მერიამ თავი ვერ მოაბა [ფოტო]

ბათუმის აკვარიუმის შენობა ისევ სავალალო მდგომარეობაშია, 2024 წელს დაანონსებული განახლების პროექტი ჩავარდა.

რუსთაველის ქუჩაზე, #51-ში მდებარე ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოების შესასრულებლად ბათუმის მერიამ 2 წლის წინ 6 მილიონ  700 000 ლარი გამოყო.

შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. უშედეგოდ. იმის გამო, რომ  არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო, ტენდერი ჩაიშალა და განმეორებით აღარ გამოუცხადებიათ.

მაშინ მერიაში ამბობდნენ, რომ შენობა დაზიანებული იყო და რეაბილიტაცია  სჭირდებოდა.

ბათუმი, რუსთაველის #51

გაცილებით ადრე, 2018 წელს, იმავეს წერდა მერიის მიერ დაქირავებული კომპანია შპს „გეოგრაფიკი“, რომელსაც აღებული ვალდებულების ფარგლებში ბათუმის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა-გამოვლენა ევალებოდა. თუმცა ამ დრომდე შენობაში არაფერი გაუკეთებიათ, თუ გამოვრიცხავთ იმას, რომ რამდენიმე ადგილი, მათ შორის ჭერი, პლასტმასის ფირფიტებით არის დაფარული.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას სახელმწიფო სტრუქტურებს ავალდებულებს. ასეთი სტრუქტურა აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოა.

იგივე ვალდებულება აქვს მერიას, თუმცა ფაქტია, რომ წლებია მათ ძეგლის გადასარჩენად არაფერი გააკეთეს, უშედეგო მცდელობის გარდა.

შენობის უკანა მხარე

დაზიანებულია შენობის ფასადი, მთავარი შესასვლელიდან მეორე სართულზე ასვლას ვერ შეძლებთ. აქ დაგხვდებათ სპეციალური მინიშნება, რომ ასვლა არ შეიძლება. პირველი სართულის ჩაბნელებულ დერეფანში გავლა გაგიჭირდებათ, ოთახები სავსეა ძველი ნივთებით.

აკვარიუმი

ამ შენობაში აკვარიუმის გარდა მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალის ადმინისტრაციაც იყო განთავსებული. ადგილზე გვითხრეს, რომ სხვაგან გადავიდნენ, ფუნქციურია მხოლოდ აკვარიუმის ერთი დარბაზი, ბილეთის ფასი 5 ლარია.

შენობაზე არის ასევე მინიშნება, რომ აქ სივრცეს ახალგაზრდული ცენტრიც იყენებს.

ბათუმის მერიას ვკითხეთ, რა ბედი ეწია აკვარიუმის რეაბილიტაციის პროექტს და იგეგმება თუ არა რაიმე სამუშაოები ამ შენობის, როგორც ძეგლის გადასარჩენად. თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

აკვარიუმის შენობა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: